A bad dream

                                                                                           

წამლის კოლოფიდან რამდენიმე აბი გადმოვყარე და გადავყლაპე. მერე წყალი პირდაპირ ონკანიდან დავაყოლე და სარკეში მივაშტერდი ჩემ თავს. ბოლო რაც მახსოვდა ფსიქიატრიულის თეთრი კედლები და ის აუტანელი ბრაზის გრძნობა იყო, რომელიც ვერაფრით დავიმორჩილე. ყველაფერი იწვოდა. თეთრი კედლები შავ ფერფლად იქცა. მესმოდა ისტერიული კივილი, მაგრამ ხელები ყურზე მქონდა აფარებული და ოთახის კუთხეში ვიჯექი. არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებდი. მერე ვიღაცამ ხელი დამტაცა და იქიდან გამომათრია. მეტი აღარაფერი მახსოვდა…
საძინებელში რომ გავედი, ჩემი ქმარი დავინახე, რომელიც საწოლზე იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია. მეც უხმოდ ავწიე საბანი და დავწექი. თვალები დავხუჭე. ამ ბოლო დროს ისედაც დიდი პრობლემები გვქონდა ურთიერთობაში, ახლა ხომ საერთოდ. ჩვენს შორის უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. უჩვეულოდ დაღლილი ვიყავი. გვერდზე გადავბრუნდი და მაშინვე ჩამეძინა.

* * *

დიდი, ბნელი შენობის წინ ვიდექი. ჭიშკარი ღია იყო. ვიცოდი, რომ უნდა შევსულიყავი, მაგრამ შესვლა არ მინდოდა. წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი, ამიტომ მორჩილად ავედი კიბეებზე. ოდნავ ელავდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ნახევრად ჩამტვრეულ კიბეებს რამდენიმე წამით ანათებდა. მოჩუქურთმებული კედლებიდან ირონიული სახეებით იყურებოდნენ ანგელოზები. შორიდან ზარების რეკვის ხმა ისმოდა. ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
გაოცებულმა მიმოვიხედე. ირგვლივ არც ეკლესია ჩანდა და არც სამრეკლო. ამას მნიშვნელობა არ აქვს – გავიფიქრე და კიბეებზე ბოლომდე ავედი. ხის, მძიმე კარები ბოლომდე იყო გაღებული. ფეხები მე აღარ მემორჩილებოდა.
შორიდან თითქოს ქვითინის ხმაც ჩამესმა, მაგრამ არ გავჩერებულვარ, გზა განვაგრძე. ვიცოდი სადაც მივდიოდი. ის იქ მელოდებოდა. მეორე სართულზე, თავის ოთახში. ოთახში, სადაც თეთრი კედლები და სისხლის ნაკადულები იყო.
კიბეებზე ასვლა ცოტა გამიჭირდა, რადგან რამდენიმე ასული გველი ერთად მიიკლაკნებოდა. ზიზღით ვაბიჯებდი მათ სლიპინა სხეულებს. ფეხი მიცურავდა, მაგრამ არ ვჩერდებოდა და წინ მივიწევდი.
როგორც იქნა მოვრჩი კიბეებს და გრძელ დერეფანს გავუყევი. ყველა პალატის კარები ჩაკეტილი იყო, მაგრამ პაციენტებს კედლებიდან თავი ჰქონდათ გამოყოფილი და ინტერესით აღსავსე თვალებით იყურებოდნენ. საშინელი სანახავები იყვნენ კედელიდან გამოზრდილი ცარიელი თავები.
აი ისიც. მისი პალატა. მოვედი. არ მინდოდა მასთან შესვლა, მაგრამ გაქცევა გამოსავალი არ იყო. ეს უნდა გამეკეთებინა. ჭრიალის ხმა შემომესმა ყურებთან, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, კარს ხელი ვკარი და შევედი.
ის ზურგით იჯდა ფანჯარასთან, სავარძელში. გრძელი, შავი თმები უკან ჰქონდა ჩამოშლილი. მელოდებოდა, ვიცოდი. გაბრაზებული რომ იყო ისეც ვიცოდი და შიშით ვკანკალებდი.
კაბაზე დავიხედე. გრძელი, თეთრი კაბა მეცვა. კაბას ლამაზი, ხელით ნაქარგი ორნამენტები ჰქონდა. ეს ჩემი კაბა არ იყო. მხუთავდა და მახრჩობდა. მინდოდა ზედ შემომეხია, მაგრამ ნაჭერი ცოცხალი ადამიანივით მეკრობოდა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
_ ჩემია _ დაიჩურჩულა იმან და შემობრუნდა. თვალების ფოსოები ცარიელი ჰქონდა და იქიდან პატარა, წვრილი გველები მოსრიალებდნენ.
_ გაიხადე, ჩემია – იკივლა საშინელი ხმით და ხელები ჩემსკენ გამოიშვირა. საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი და მეც ვიკივლე.

nightmare07

* * *
ოფლში გაწურულს გამომეღვიძა. ჰაერი არ მყოფნიდა. გვერდზე გადმოვბრუნდი და ოფლი ხელისგულით მოვიწმინდე. გული ისევ მიცემდა.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს პირველად არ მინახავს. თითქოს გაწყვეტილი სერიის მეორე ნაწილს ვუყურებდი. ყველაფერი ისე უცნაურად მეცნობოდა…
ძილს ვეღარ გავაგრძელებდი. ავდექი და გარეთ გავედი. ისევ უჰაერობას ვგრძნობდი. არადა სასიამოვნო, ღამის გრილი ნიავი ქროდა.
ჩემ ქმარს ჩვენს საძინებელში ეძინა. ჩუმად შევაღე კარები, საბანი ავწიე და მივეხუტე. უცნაურად შეკრთა, მაგრამ არ გაუღვიძია, ღრმად ამოისუნთქა და თავი ჩემსკენ გადმოაბრუნა. სახეზე ფრთხილად მოვეფერე. არ მინდოდა გაეღვიძა. ისედაც ბევრი ინერვიულა ამ ბოლო დროს.
სააბაზანოში რომ გავედი, უკვე ის კაბა მეცვა. სუნთქვა შემეკრა. ონკანი მოვუშვი და სახეზე წყალი შევისხი. ისევ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში. ან წამლების ბრალია. საიდან მაქვს ეს კაბა? როდის ჩავიცვი? ალბათ ფსიქიატრიულიდან გამომყვა, ან იქ ჩამაცვა ვინმემ, ჯანდაბა, რატომ არ მახსოვს?
ასეთი შემთხვევა ადრეც მქონია, მაგრამ მაშინ სახლიდან გავიპარე და დიდი რაოდენობით დავლიე აბები, დილით კი სახლიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში გამეღვიძა პარკში. თავზე ბაიკერის ჩაფხუტი მეკეთა და დახეული ტყავის ქურთუკი მეცვა. მერე დავასკვენი, რომ ვინმე წვერებიან ბაიკერს წავყევი მოტოციკლით სამოგზაუროდ.
მაგრამ ეს წარსულში, ახლა ასეთი რამ არ მოხდებოდა. ამოვიოხრე და ისევ დასაძინებლად დავწექი. კოშმარები ახალი არ იყო ჩემთვის. ხანდახან ვერც კი ვხვდებოდი, როდის მეძინა და როდის მეღვიძა, ამასაც გადავიტანდი.

* * *

უზარმაზარი სარკის წინ ვიდექი. ისევ ის თეთრი კაბა მეცვა უცნაური სიმბოლოებით. თმები ძველებურ სტილზე მქონდა შეკრული. ოთახი ყვავილებით იყო სავსე. ეს ქორწილი იყო, ოღონდ ჩემი არა, კარგად მახსოვდა, ჩემს ქორწილში თანამედროვე, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, და არა ეს, წინა საუკუნის.
მაინც კმაყოფილებით აღსავსე ვტრიალებდი სარკის წინ, თმებს ვისწორებდი და საკუთარი გამოსახულებით ვტკბებოდი, სანამ სარკის ზედაპირი არ გაშავდა და იქიდან გველებმა არ დაიწყეს გადმოცოცება. უკან დავიწიე და ვიკივლე. სარკეში ის გამოჩნდა.
_ დამიბრუნე _ დაიჩურჩულა ხრინწიანი ხმით და ხელი გამომიწოდა _ ჩემია, ჩემი ქორწილი, ჩემი კაბა, ჩემი ცხოვრება…
გამწარებული ვცდილობდი კაბა გამეხადა და მისთვის მიმეგდო, მაგრამ სუნთქვა მეკროდა და ვეღარ ვინძრეოდი. საშინელი გრძნობა იყო, უმწეობის, უიმედობის და ყინულივით ცივი შიშის…
– უნდა გავიღვიძო – ვუმეორებდი ჩემს თავს. ის უკვე კაბის ბოლოზე მექაჩებოდა სისხლიანი ხელებით და ლაქებს ამჩნევდა. ცოტაც და მეც იქ შემათრევდა, სადაც თვითონ იყო. ბოლოჯერ გავიბრძოლე და ამჯერად გამოვფხიზლდი.
ზარების რეკვის ხმა ისევ ყურში ჩამესმოდა, ოღონდ ვიცოდი, რომ სიზმრიდან იყო გადმოყოლილი.
_ უნდა ვკითხო _ ვთქვი ხმამაღლა და კაბაზე დავიხედე. ის კაბა იყო, ამდენი ხანი სიზმარში რომ მტანჯავდა, თეთრი, ლამაზი, მაგრამ ძველებური – უნდა ვკითხო, ეცოდინება.
საძინებლის კარები ფრთხილად შევაღე. ჩემ ქმარს ისევ ეძინა, ოღონდ კედლის მხარეს იყო გადაბრუნებული. დილამდე ვეღარ მოვიცდიდი, უნდა მეკითხა.
_ გაიღვიძე _ ფრთხილად შევავლე ხელი მხარზე. ვიცოდი ასე ადვილად არ გაიღვიძებდა. დილით მაღვიძარის ხმა არასდროს აღვიძებდა, სანამ მე არ დავუყვირებდი, ადექი ბოლო-ბოლო თქო.
_ საქმე მაქვს, გაიღვიძე – ვუთხარი ალერსიანად. არ მინდოდა შეშინებოდა. ჩემი ქმარი გადმობრუნდა. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა.
_ გისმენ _ მითხრა ნამძინარევი ხმით.
_ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ უნდა გკითხო… ეს კაბა საიდან მაქვს? არ მახსოვს, ვერაფრით ვერ ვიხსენებ, რატომ მაცვია? ოღონდ არ მკითხო წამლებს თუ სვამო… რა თქმა უნდა ვსვამ.
ამჯერად ჩემმა ქმარმა თვალები გაახილა და მომაშტერდა, მერე იდაყვებზე წამოიწია და საშინელი ხმით დაიყვირა. შევხტი და საძინებლიდან გამოვვარდი. სააბაზანოში შევვარდი და სარკეში ჩავიხედე. რა მომივიდა? რა დაინახა? ასე მაშინ ყვიროდა ორივე ვენა რომ გადავიჭერი და სისხლისგან ვიცლებოდი. მაგრამ მაშინ ხომ გადამარჩინა, ახლა რისი ეშინია?
ჩემი თავი შევათვალიერე. არაფერიც არ მჭირდა. ეს მაგან უნდა დალიოს წამლები, მე ყველაფერი რიგზე მაქვს.
სახეზე რაღაც ამაცოცდა. ხელი მოვისვი. არაფერი იყო.

* * *
კლაუსტროფობია არასდროს მქონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩაკეტილი სივრცე არ მსიამოვნებდა, ვიგრძენი. ხალხის ხმაურიც მაღიზიანებდა. მინდოდა ყურებზე ხელი მომეჭირა და ისე ვწოლილიყავი. ასეთი პრობლემები გარდატეხის ასაკში დამეწყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი მაზოხისტს მეძახდა, როცა ხედავდა როგორ მსიამოვნებდა ჩემი თავისთვის ტკივილის მიყენება, მაგრამ მაზოხისტი არ ვიყავი. მიყვარდა ის პატარ-პატარა შრამები და ნაკაწრები, ჩემი იყო, ჩემი შემადგენელი ნაწილი. დროთა განმავლობაში პრობლემებმა იმატა. იმატა წამლების რაოდენობამაც ჩემს თაროზე, მაგრამ…
ოთახის ბნელი კუთხეებიდან, ფანჯრებიდან, ყველა წერტილიდან გველები მოცოცავდნენ და კაბაზე მეხვეოდნენ. ცოტა ხანში უსიამოვნო სუნიც ვიგრძენი. მთელი ოთახები დავიარე, ყველა კუთხე-კუნჭული შევამოწმე, სანამ არ მივხვდი, რომ ეს სუნი ჩემგან მოდიოდა და მერე უცებ ყველაფერს მივხვდი.

* * *

რამდენიმე ღამის შემდეგ ისევ შევედი საძინებელში, უკვე ძალიან დაღლილი და გამოუძინებელი. ჩემი ქმარი უხეშად შევაჯანჯღარე.
_ ვისი კაბა მაცვია? _ ვუყვირე გაბრაზებულმა. ის შეხტა და სახეზე ხელები აიფარა, მერე ტირილი დაიწყო.
_ ვისი კაბა მაცვია? _ გავუმეორე უფრო მშვიდად.
_ ხანძრის დროს ყველაფერი დაიწვა… შენი ყველა ნივთი და ტანსაცმელი… ეგ კაბა დამკრძალავ ბიუროში ჩაგაცვეს… _ მითხრა გაბზარული ხმით და საბანი თავზე მოიხვია.
_ ეს კაბა დამკრძალავი ბიუროს უფროსის ცოლს თავის ქორწილში ეცვა. იცი რაც უნდა ქნა _ ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი. ის აღარ მითქვამს, რომ მოუვიდა იმ ქალს თავის ქორწილში, თორემ საწყალი ჩემი ქმარი სულ დაკარგავდა გონებას.
* * *

ვწევარ ახლა ისევ ჩემს ოთხკუთხედ, ბნელ საწოლში და ველოდები ჩემს ქმარს, რომელიც აუცილებლად მოვა ნიჩბით ხელში, ამ საშინელ კაბას გამხდის და იმ რამდენიმე გველსაც ნახავს, აქ რომ შემოძვრნენ და კომფორტულად მოკალათდნენ ჩემს დამწვარ სხეულზე. მერე კოშმარებიც დასრულდება.
დასასრული

ნიღბების ქალაქი და ქამელეონი

სამ წელზე მეტია რაც ეს ბლოგი მაქვს, მაგრამ აქამდე არასდროს მიხსენებია ჩემი სამი, დასრულებული რომანის შესახებ. აქედან ერთი დაბეჭდილია, მეორეს დღის სინათლე არ უნახავს, მესამე კი სულ რაღაც ერთი კვირის წინ დავამთავრეთ და ელექტრონული ვერსია დავდეთ საბას ელექტრონული წიგნების სახლში.

მიზეზი იმისა, რატომ არასდროს მიხსენებია, რამდენიმეა. ჯერ ერთი ის, რომ თავს შეუმდგარ და წარუმატებელ მწერლად მივიჩნევდი. მეორეც ცოტა არ იყოს და უხერხულია საკუთარ შემოქმედებაზე ლაპარაკი. კიდევ ცოტ–ცოტა შიში იმისა, ხალხი როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს.

ზოგს სიმღერის ნიჭი აქვს, ზოგს ცეკვის, ზოგს ხატვის. ერთადერთი რაც მეხერხება ეს წერაა. მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჩემი თანაავტორია პირველ კლასში შევხვდით ერთმანეთს. სულ მალე აღმოვაჩნეთ, რომ თურმე ორივეს მოგვწონს ფანტასტიკა, მისტიკა და ჩვენი თავგადასავალიც დაიწყო. პირველი ჩვენი მოთხრობა იყო “მოჩვენება მიტოვებულ სარდაფში” (სადღაც უნდა მქონდეს შენახული) , მეხუთე – მეექვსე კლასელების დაწერილი, მერე რომ წავიკითხეთ, ვკვდებოდით სიცილით. ყველაფერმა სერიოზული სახე მეათე კლასში მიიღო, როცა “ჰელიქსის” იდეა გაგვიჩნდა. ჰელიქსში ჩვენი პირველი ფენტეზი რომანია, 400 გვერდამდე, რომელსაც ჯერ დღის სინათლე არ უნახავს, მაგრამ აუცილებლად ნახავს.

hellx poster copy

იყო ბევრი იმედგაცრუება და გამომცემლობიდან გამობრუნებები, ისე რომ რომანი არც კი გადაუშლიათ.

მერე დავწერეთ ქამელეონი.

yda 3

ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, ადამიანის გაორებაზე. დავბეჭდეთ ჩვენი სახსრებით, მაგრამ რედაქტორმა ძალიან შეცვალა წერის სტილი, ცოტა ძველმოდური ქალი იყო, გვაგიჟებდა, ხან “პეწენიკად” გადადებულ კაბას წერდა და ხან ძაღლი “თოხარიკით” მიდიოდაო.

მესამე რომანი “ნიღბების ქალაქი” მისტიკური ჟანრის ნაწარმოებია. მოქმედება ხდება ერთ პატარა, პროვინციულ დაბაში, სადაც, როგორც აღმოჩნდება, მოსახლეობა დიდ საიდუმლოს ინახავს. მთავარი მოქმედი გმირი ახალგაზრდა პათანატომი მამაკაცია, რომელიც ნელ–ნელა არკვევს რა მოხდა სინამდვილეში წლების წინ. დაბაში ერთი უცნაური ოჯახი ჩამოდის საცხოვრებლად, რომლებიც ყველაფერს შეცვლიან.

სამწუხაროდ ყდის გაკეთებაში არავინ დაგვეხმარა და მე მომიწია სამოყვარულო ქოვერის გაკეთება.

25

ის, რომ რომანი ორი სხვადასხვა ადამიანის დაწერილია, ვერაფრით ვერ მიხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ თავები გაყოფილი გვქონდა და ისე ვწერით. იმდენად ერთნაირად ვვაზროვნებთ მე და ლიკა, რომ რომანიც ერთიანი გამოვიდა.

თუ დაინტერესდებით მოინახულეთ საბას საიტზე ჩვენი წიგნი და წაიკითხეთ უფასო ნაწილი.

ნიღბების ქალაქი

უფრო დიდი მოწყენილობა ოლიმპოს მთაზე

ჰერას უკვე დაემთავრებინა წინდების ქსოვა და ახლა კენტავრს თბილ კაშნეს უქსოვდა. ზევსი და პოსეიდონი ნარდს თამაშობდნენ. ჰადესი ცხვირის ნესტოებიდან კვამლს უშვებდა და ჰერმესს აიძულებდა ვიდეო გადაეღო იუთუბისთვის. არტემიდე მოწყენილი იჯდა და ცალ მკერდს ზეითუნის ზეთით იზელდა.

– რა ხდება დედამიწაზე? – იკითხა ზევსმა და პოსეიდონს ქვა მოუკლა. არესი შუბის გაპრიალებას მორჩა და ტახტზე წამოგორდა, თან აფროდიტეს ემესიჯებოდა.

– როგორც ყოველთვის. ომობენ, კინოებს იღებენ, სიმღერებს წერენ.

აპოლონი სელფიებს იღებდა ტუჩებდაპრუწული, მაგრამ არც ერთი არ მოსწონდა და ყველას შლიდა. დარბაზში ჰეფესტოსი და აფროდიტე შემოვიდნენ. ჰეფესტოსი ეჩხუბებოდა, რა მოკლე კაბა გაცვია, პეგასი მთელი გზა მუხლებზე გაშტერდებოდაო.

– ერთი ამას უყურე – შეჰყვირა აპოლონმა და თითები გაატკაცუნა – ნარცისმა დამიკომენტარა, კარგი ხარ, მაგრამ მე გჯობივარო. ამას თავი ვინ ჰგონია?

– აეეე, წავიდა ფართი, ვცეკვავთ ყველაა – შემოვარდა დიონისე სამ ნიმფასთან ერთად და ხელები გაშალა.

– აუ, ამისმა პროვინციალიზმა ხომ დამღალა რაა  – ნაზად თქვა აპოლონმა, ლეპტოპი დახურა და სოლარიუმში წავიდა გასარუჯად. ჰადესს ამასობაში დაედო ვიდეო იუთუბზე და მილიონი ნახვაც მოეგროვებინა. პერსეფონეს კომენტარი დაეტოვებინა, ჯობია დაბრუნდე და გაყრის საბუთებს ხელი მოაწეროო.

ზევსმა ბოლო ხელიც მოუგო პოსეიდონს და წაგებულის ჩაბარებაც ითხოვა. პოსეიდონი სავარძელში მხვრინავ კრონოსთან მიიპარა და დიდი მარკერით ულვაშები მიახატა. დიონისე ჯაკუზში ჩაწოლილიყო შიშველ ნიმფებთან ერთად და შამპანიურს მიირთმევდა.

– ახლა რა გავაკეთოთ? – იკითხა ზევსმა.

– უი, დღეს ტელევიზორში “ცეკვავენ ვარსკვლავები” გადის, ხომ არ ვუყუროთ? – იკითხა ჰებემ. ამ კითხვის შემდეგ ის არავის უნახავს.

– ისრები გამითავდა – კუპიდონი ფანჯრიდან შემოფრინდა და ბუხარს მიეფიცხა – დიდი ხანი უნდა ვიფრინო ტანგით? მცივა – შესჩივლა ზევსს. ზევსმა მხრები აიჩეჩა და ფარულად კუპიდონის ფუმფულა ფიგურა შეათვალიერა.

აპოლონი სოლარიუმიდან დაბრუნდა და სელფი–ების სერია გააგრძელა.  ოლიმპოზე სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ სურათების ჩხაკა ჩხუკის და ჰადესის სევდიანი ღიღინის ხმა ისმოდა, რომელიც გულგატეხილი მღეროდა სიყვარულზე.

მოწყენილობა ოლიმპოს მთაზე

საეჭვო მსგავსებები ქართულ “ნიჭიერსა” და უცხოურს შორის

უბრალოდ ზედმეტად ბევრი მსგავსება უცხოურ “ნიჭიერისა” და ქართულ “ნიჭიერის” ნომრებს შორის.

some magic!

Collins Key – Americas Got Talent

ქართული ნიჭიერი. ლექსო გიგაური

america’s got talent, attraction.

ქართული ნიჭიერი, დენს არტი

Spelbound – Britain’s Got Talent 2010

ნიჭიერი,  აკროსტაილი

Fighting Gravity – America’s Got Talent 2010

ნიჭიერი მატრიცული პანტომიმა

გავუსვათ ხაზი იმას, რომ ჯერ უცხოური ნომრები იდგმებოდა, მერე ქართული. მესმის, რომ ყველაფერში უნიკალური და ერთადერთი ვერ იქნები, მაგრამ როცა დეტალებიც კი საეჭვოდ მიმიგავს იუთუბზე ძალიან პოპულარულ და ამავე ფორმატის შოუს ნომრებს, მგონი არ უნდა იყოს კარგი. მით უმეტეს, რომ რაღაც ნაწილს მაინც, ვინც უყურებს ამერიკულ და ბრიტანულ “ნიჭიერს”, მისი ქართული ანალოგების შემდეგ რეაქცია აღარ აქვთ, როგორც მე არ მქონდა ამ ნომრებზე. არადა პირველად რომ მენახა, ავღფრთოვანდებოდი.

ჯერ ყველა ეპიზოდი არ გასულა და ალბათ კიდევ ბევრი იქნება შესადარებელი, მაგრამ ვერ მოვითმინე 🙂

რეკომენდაციები “ჩემი ცოლის დაქალების” შემქმნელებს

ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, კარგად იცის, რა დამოკიდებულება მაქვს სერიალების მიმართ (ამერიკულ და ბრიტანულ ტელე შოუებს ვგულისხმობ). ამჟამად “breaking bad”ის მეხუთე სეზონს ვამთავრებ და აღფრთოვანებული ვარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდანვე “ჩემი ცოლის დაქალებს” კარგი თვალით შევხედე. პირველი სეზონი რაღაცით “სექსი დიდ ქალაქში”ს მივამსგავსე. ყოველი სერიის დამთავრების მერე ვამბობდი “რაღაცა გამოუვიდათ ეს სერიალი”, ჩემი ქმარი უკვე დამცინოდა კიდეc.

ფაქტი სახეზეა, არც ერთ ამ ჟანრის ქართულ სერიალს არ გაუჭაჭანია ტელე–სივრცეში ამდენი სეზონი. არის “რაღაცა”, რაც სერიალს რეიტინგს უნარჩუნებს. მიუხედავად ამისა შემდეგ სეზონებში სერიალმა განვითარება ვერ ჰპოვა და თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა. ახალი, მეოთხე სეზონი სასტიკად არ მომწონს. რამდენიმე მონაკვეთში კი დრამატულად დაახლოებულმა კადრებმა საერთოდ გამაგიჟა. ნამდვილი “telemundo presenta” იყო.

დავიწყოთ თანმიმდევრობით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი ყველა ამ აზრს იზიარებდეთ. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით მსახიობებშია, თუმცა აქაც არის ნათელი წერტილები.

დათო – სხვათაშორის ძალიან ბუნებრივად და კარგად ასრულებს ეს კაცი თავის როლს. არანაირი სიყალბე, განსაკუთრებით სიმთვრალე გამოსდის კარგად.

ნინა _ ნინაც მომწონს როგორც მსახიობი, სიყალბე არც მისგან არ მოდის. ბუნებრივი და როლზე მორგებულია.

თინა _ თვითონ პერსონაჟის იდეა მომწონს. ირონიული, ფემინისტი, ძლიერი ქალი. მაგრამ მსახიობი ალაგ–ალაგ ძალიან ყალბია და მაღიზიანებს.

კატო _ რა ვთქვა არც ვიცი… იმ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, წინა მსახიობის წასვლით აღშფოთებულები რომ ლანძღავენ ახლანდელს, უბრალოდ მთლიანად შეიცვალა კატოს პერსონაჟი. ადრე უფრო ჭკვიანი და ემოციური იყო, ახლა კი საერთოდ გადაუსვეს ხაზი და ერთ შტერ და ინფანტილურ გოგოდ აქციეს. ლელა ძალიან ყალბია, აქვს საშინელი სცენარი, მოძრაობები, ერთი სიტყვით სასტიკად არ მომწონს.

ნატაშკა _ ამ გოგოს პირველივე დანახვიდან აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ნიჭიერია, ბუნებრივი, რასაც აკეთებს ყველაფერი მჯერა. ფიზიკურადაც ძალიან კარგად გამოიყურება.

ყველა მსახიობს ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი. დიტოს ტიპაჟი ჩემთვის ამაზრზენია, თუ ეს კაცი ცხოვრებაში არ ლაპარაკობს ისე, როგორ სერიალში, მაშინ უდავოდ ნიჭიერი მსახიობი ყოფილა. თეატრის მსახიობებს აშკარად ეტყობათ ხოლმე თეატრის დაღი, ზედმეტად დრამატულები და ყალბები არიან ეკრანზე. საერთოდ ქართულ ტელე–სივრცეში, არამარტო ამ სერიალში ქართველი მსახიობების უმრავლესობა ამ სინდრომით იტანჯება. ჟღერენ ძალიან ყალბად და თამაშობენ გადაჭარბებული თეატრალიზმით.

რა აკლია სერიალს: აკლია ძალიან ბევრი რამე.

ფანტაზია

მაგალითად ახალი სეზონის საწყის სერიებში, როცა კატოს და მის ჯგუფს სპეცსამსახურის თანამშრომლებისთვის ივენთი უნდა გაეკეთებიანთ, მასკარადი. წარმოვიდგინე ელეგანტური წვეულება სექსუალური ნიღბებით, ლამაზ კაბებში, მამაკაცები სმოკინგებში, ჩაბნელებული ლოკაცია, აი რაღაც ასეთი:

ან ასეთი:

რა იყო სინამდვილეში? შრეკის, ჯამბაზის, ზოროს და სხვა საბავშო კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცების ყანწების ტრიალი. საშინლად გამიცრუვდა იმედები.

სექსუალური დაძაბულობა

ასეთი ცხოვრებისეული სერიალი წარმოუდგენელია სექსუალური კადრების გარეშე. სცენარისტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შექმნას ისეთი სცენები, რაზეც პირი გაგიშრება. მარტო სექსის სცენას არ ვგულისხმობ. არსადაა სექსუალური დაძაბულობა, რაღაც ისეთი, რაც გაგაფიქრებინებს “it’s so hot”. მარტო დათოს და ნათიას უღიმღამო კოცნა შორს ვერ წაიყვანს სერიალს. აი მაგალითად:

ინტრიგა

უნდა იყოს ისეთი სიუჟეტი, რომლის კვანძის გახსნასაც მოუთმენლად დაელოდები. მესმის, რომ ეს მსუბუქი მელოდრამა/კომედიაა, მაგრამ გაიხსენეთ სასოწარკვეთილი დიასახლისები. ყოველ სეზონს ისეთი საიდუმლო და ინტრიგა ახლდა, რომლის გამოც ღირდა თუმდაც მთელი სეზონის ყურება.

სექსუალური გოგო–ბიჭები.

ალბათ იტყვით რა წაიღე ტვინი ამ სექსუალურობითო, მაგრამ მეგობრებო, ეს ხომ რეიტინგული სერიალის მთავარი ფაქტორია! ვამპირების დღიურების პოპულარობა ხომ იან ზომერჰელდერის პრესზეა აგებული.

6 pack

აი თუნდაც, მეოთხე სეზონში, სადაც კატო გაიცნობს მილიარდელ ბიზნესმენს. ხომ შეიძლებოდა ასაკოვანი და ნაბდიანი ბიძის მაგივრად იდუმალი, ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი მდიდარი მამაკაცი გაეცნო, აი როგორიცაა კრისტიან გრეი “50 shades of grey”–დან. სერიალს ხომ მეტი რეიტინგი ექნებოდა? მეტი ინტრიგა? რა თქმა უნდა.

სერიალში უნდა იყვნენ ისეთი ფიზიკური მონაცემების მქონე მსახიობები, ვიზეც გოგოებიც და ბიჭებიც გაგიჟდებიან, მაგრამ რა ვიცი რა ვიცი, მე ჯერ კარგი ტანის მქონე ქართველი მსახიობი არ მინახავს.

და ბოლოს: მიეცით ფანტაზიას გასაქანი, გააფართოვეთ ლოკაციების არეალი, შემოიყვანეთ ახალი მსახიობები, იქნება და ამართლებენ მოლოდინს, ჩახლართეთ სიუჟეტი, დაივიწყეთ ბრაზილიური მოტივები (ეს საყვარლის და ცოლის ერთდროული ორსულობა ხომ ბრაზილიური სერიალების კლასიკაა) და დარწმუნებული ვარ ეს სერიალი ბევრად უკეთესი გამოვა, ვიდრე ახლა არის.

მე და ლამაზი პრესის საიდუმლო

ზედმეტ წონას არასდროს შევუწუხებივარ, პირიქით, ხშირად რამდენიმე კილოც მომატებაც მჭირდება ხოლმე, მაგრამ ვარჯიშის მიმართ გულგრილი არასდროს ვყოფილვარ, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაღაც პერიოდები ყოველთვის ვვარჯიშობდი. მქონდა ჩავარდნები, ხანდახან ერთ წლიანიც კი, მაგრამ მერე ისევ ვუბრუნდებოდი. სახლის პირობებში, სტანდარტული ვარჯიშები, პრესი და ა.შ

შთამომავლობით გადმომეცა ცოტა არ იყოს და ფუმფულა მუცელი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვებრძვი და შეძლებისდაგვარად ვაკონტროლებ. ორსულობაზე დიდი მუცელი არ მქონია, საკეისროდან ათი დღის მერე სურათიც კი დავდე ფეისბუქზე,

საკეისროდან ათ დღეში

საკეისროდან ათ დღეში

მაგრამ ვისაც საკეისრო აქვს გაკეთებული, იცის, რომ ნაკერის გამო მაინც რჩება ე.გ “კიბე” მუცელი. კანი ქვემოთ იჭიმება, კიბეც ძალაუნებურად რჩება.

საკეისროდან 4 თვის მერე დავიწყე ვარჯიში, მაგრამ მალევე შევწყვიტე. ერთი თვის წინ კი მკაცრი გადაწყვეტილებით ამოვბეჭდე პროგრამა, გავაკარი ლილეს საწოლთან და დავიწყე. არ დამირღვევია.

1239928_718907384802079_787499117_n

მინდა ვთქვა, რომ სქუათების (ბუქნი) შედეგს ერთ თვეში ნამდვილად მიიღებთ ამ პროგრამას თუ მიყვებით, მაგრამ აი პრესი ცოტა რთული რამეა, მარტო ვარჯიშით ვერაფერს გახდებით სწორი კვება და სხვა საშუალებებიც არ მიამატეთ, მე ასე ვარ ყოველ შემთხვევაში.

რა უნდა მივიღოთ, რომ ცხიმების წვა გაგვიადვილდეს (ჩვენს პირობებში ადვილად მოსაპოვებელი ნივთიერებები)

1. მწვანე ჩაი

2. ზეთისხილი, უმჯობესია მწვანე

3. ზეითუნის ზეთი.

4. ორაგულის ფილე

5. ქათმის ხორცი

სწორ კვებას თუ დავუმატებთ ვარჯიშს, მივიღებთ სასურველ შედეგს. კიდევ ერთი ქალური ეშმაკობა – vichy-s ანტი ცელულიტის კრემი, რომელიც ძალიან ეფექტურია, მაგრამ მარტო მისი წასმა არაფერს უშველის, თუ ვარჯიშიც არ დაახმარეთ.

71h-UV3FXML._SL1500_

ასე გამოვიყურები ახლა, ერთი თვის ვარჯიშის მერე.

Fotor01021203838

სამუშაო კიდევ ძალიან ბევრი მაქვს, რაც მთავარია დიდი შემართებით ვაგრძელებ ვარჯიშს და გაზაფხულზე ცურვაზეც მინდა მისვლა, მით უმეტეს, რომ საცურაო აუზი პირდაპირ სახლთან მაქვს, ასე რომ keep it calm and work out!!!

რეისი #97

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა 16–17  წლის ვიყავი.  სკოლიდან მოსული უსაქმურობის გამო მამაჩემის ავტოფარეხში ძველ ნივთებში ვიქექებოდი და რამე საინტერესოს ვეძებდი. მამა ყოფილი პილოტი იყო და ავტოფარეხში რას აღარ ნახავდით – ძველ გადამცემებს, რადიოს, ათასგვარ მექანიზმს თუ გამოუსადეგარ ნივთს.

ჩემი ყურადღება ძველმა რაციამ მიიქცია. მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვერთობოდით ხოლმე რაციებით. ის გვერდითა სახლში ცხოვრობდა და როცა ღამით დასალევად გვინდოდა ხოლმე გაპარვა, ამით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს.

რაცია ძალიან ძველი იყო, დაჟანგული. ღილაკს თითი დავაჭირე და ყურთან მივიტანე. ჩემდა გასაკვირად იქიდან შიშინი და ხრიალი მოისმა. დაკვირვებით შევათვალიერე და ისევ დავაჭირე თითი. შიშინი გაძლიერდა და ბოლოს ყურისწამღებ ხმაურად იქცა.  შეშინებულმა ხელი გავუშვი და გამოვედი.

გავიდა რამდენიმე დღე. მამამ ხელსაწყოების ამოტანა მთხოვა ავტოფარეხიდან. შუქი არ იყო და სანამ მე ფანრით ხელსაწყოების ყუთს ვთხოვდი, რაცია თავისით ჩაირთო. გაისმა კაცის ხმა.

“დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ, უკვე გვირაბში შევდივართ”

არ გამკვირვებია, ალბათ რომელიმე რადიოს სიხშირე დაიჭირა–თქო გავიფიქრე. რაცია ისევ ახრიალდა.

სახლში ასულმა მამას ვუთხარი, რაცია ჩართულია და ვიღაც კაცი ლაპარაკობს თქო. მამამ თქვა ეს შეუძლებელია, რადგან რაცია დაახლოებით 20 წელია აღარ მუშაობდა და ვერც რადიოს სიხშირეებს ვერ დაიჭერდა. მერე კი ისეთი რაღაც თქვა, რამაც ძარღვებში სისხლი გამიყინა.

” ეს რაცია რეის #97–ს ეკუთვნოდა, რომელმაც 20 წლის წინ კატასტროფა განიცადა. ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ გადარჩენილა”

იმ დღის მერე დაწყევლილ რაციას ახლოსაც არ გავკარებივარ.

,

7 კაბა

გუშინ კარადას ვალაგებდი და ჩამოკიდებულ კაბებს რომ შევხედე, ფილმი “27 კაბა” გამახსენდა, სადაც კეტრინ ჰეილის გმირი მეჯვარის 27 კაბას აგროვებს თავისი ცხოვრების მანძილზე. ყველა კაბას თავისი ისტორია და თავისი მოგონებები აქვს, მით უმეტეს, თუ ის მხოლოდ ერთხელ გეცვა და განსაკუთრებულ დღეს. 27 კაბა ნამდვილად არ მაქვს, ჩემს კარადაში მხოლოდ 7 განსაკუთრებული კაბა დავთვალე.

1. ჩემი ქორწილის კაბა.

323517_293040404055448_1733752307_o

არასდროს არ მიოცნებია დიდ და ფუშფუშა კაბაზე, ყოველთვის მინდოდა მოკლე თეთრი კაბა მცმოდა ამ დღეს და შევასრულე კიდეც. ვიცი, რომ ამ კაბას მეტჯერ აღარ ჩავიცმევ, მაგრამ მაინც ჩამოკიდებული მაქვს კარადაში, რამდენი დავინახავ, იმდენი მახსენდება და მეღიმება. მართლა კარგი დღე იყო, უაზრო ქართული ტრადიციებისგან განსხვავებული და განსაკუთრებული.

2. ნიშნობის კაბა.

210446_218732861486203_1191054_o

ამ კაბაზე პირველი ის მახსენდება რამდენი ვიარეთ მე და ლიკამ ასარჩევად და როცა არაფერი არ მომეწონა, ჯანდაბას იყოს – პრინციპით ვიყიდე. ესეც ძალიან კარგი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცარიელ რესტორანში ვიყავით, მაინც კარგი დრო გავატარეთ. იასამნისფერი ჩემი ფერია, თმაზეც დამდევს ეს ფერი. არც ამ კაბას ჩავიცმევ როდესმე, იმიტომ რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემს ნიშნობას მახსენებს და ამითაა განსაკუთრებული.

3. მეჯვარის კაბა.

417562_507308065962013_2089177995_n

კეტრინის გმირისგან განსხვავებით მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი მეჯვარე, ისიც 9 თვის ორსული. ყველაფერი სპონტანურად დაიგეგმა, ჩემმა მეზობლებმა ქორწინების ათი წლის თავზე დაიწერეს ჯვარი და სწორედ აქ შევასრულე მეჯვარის მოვალეობა. კაბის ძებნა დავიწყე დილით, ვინაიდან მუცელზე არაფერი არ მეტეოდა. ეს კაბა რაც მაცვია არ მომწონდა, თითქოს რაღაც დეტალი აკლდა. დილიდან წავედით მე და ბადრი კაბის საყიდლად, მაგრამ არაფერი არ მომერგო, ამიტომ ვიყიდეთ თეთრი ქამარი, რომელიც ამ კაბას მოვარგე. მართლა განსაკუთრებული და კარგი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვერ ვმოძრაობდი, ეს კაბაც კარგ მოგონებებს მიღვიძებს 🙂

4. ახალი წლის კაბა.

392334_357843774241777_38413977_n

ჩემი პირველი ახალი წელი ახალ სახლში – ეს ახალი წელი არასდროს არ დამავიწყდება. ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩამოვიდა რუსეთიდან და ყველანი ერთად შევხვდით. ბევრი დავლიეთ, ვიცინეთ,  ვიმხიარულეთ, კარნავალიც კი მოვაწყეთ, ერთი სიტყვით საუკეთესო ახალი წელი იყო.

5. ბანკეტის კაბა

38773_142764122416411_5464049_n

უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავად მოწყობილი საღამო ჩვენი, პოლიტიკური მეცნიერების კურსდამთავრებულთათვის. ესეც სუპერ–დღე იყო, ძალიან გავერთეთ, ლექტორები, სტუდენტები, იმ საღამოს მერე ჩემი კურსელების უმრავლესობა აღარც მინახავს.

6. ქორწილის კაბა #1

56193_165956113430545_692430_o

ჩემი უსაყვარლესი კაბა, ალბათ იმიტომ რომ ჩემი ხელით მაქვს შეკერილი, ძალიან ძალიან მიყვარდა, ფერიც ჩემია, სტილიც, ნაჭრის სტრუქტურაც. დღეც არაჩვეულებრივი იყო,

7. ქორწილის კაბა #2

792229_700452476647570_1933808132_o

ეს ყველაზე ბოლო საღამო იყო სადაც ვიყავი. კაბის გაფორმება და მხრების დიზაინი მე მეკუთვნის, უბრალო შავი სადა კაბა ჩემი გემოვნებით მოვრთე. ვერ ვიტყვი დაუვიწყარი დრო ვატარე თქო, ამ დროს უკვე მყავდა ლილე და ეკლებზე ვიჯექი (აი დედობის ტვირთი) ხშირად ვრეკავდი დედაჩემთან ამბის გასაგებად, თუმცა რამდენიმე ცეკვა ჩემს ქმართან და ცოტა ხნით განტვირთვა ნამდვილად ღირდა ამად.

ეს არის ის 7 კაბა, რომელიც ჩემთვის მარტო ნაჭერი არ არის და სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. ისინი არ არიან ძვირადღირებულები და ცნობილი დიზაინერების შექმნილები, თუმცა მე ისინი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძვირფასს და ღირებულ მოგონებებს ინახავენ.

რატომ არ ამართლებს ინტერნეტ მაღაზიები საქართველოში

ცოტა ხნის წინ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ინტერნეტ მაღაზიის პლატფორმაზე.  ჩავატარე მცირე ექსპერიმენტი, რადგან უცხოური ინტერნეტ მაღაზიები სულ უფრო და უფრო პოპლარული ხდებიან და მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება, მაინტერესებდა, საქართველოში როგორ იმუშავებდა მსგავსი ტიპის მაღაზია. ავიღე 15 დღიანი ბეტა ვერსია ინტერნეტ მაღაზიის, ვიყიდე დომეინი: geoshop.be, გამოვიწერე მცირე რაოდენობა სამკაულების და ტანსაცმლის და საიტი გავუშვი.

თავიდან ყველაფერი კარგად წავიდა. ვიზიტორების რაოდენობამ პირველ დღეს 1000 გადააჭარბა. ყველაფერი დეტალებში ავხსენი, როგორ უნდა მომხდარიყო შეკვეთა, ნაბიჯ–ნაბიჯ, პლიუს, არც დარეგისტრირება არ იყო საჭირო, მხოლოდ იმეილი, მისამართი, სახელი გვარი და შიპინგის მეთოდი.

აი აქ დაიწყო სირთულეები. მირეკავდნენ, ფეისბუქზე მეკონტაქტებოდნენ, როგორ ხდება შეკვეთაო. მე ისევ და ისევ ვუხსნიდი მაგრამ მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა შეკვეთის განხორცილებას და მთხოვდნენ ფეისბუქით მიმეღო შეკვეთა.

ვინც ხშირად იწერთ ინტერნეტ–მაღაზიებიდან, ალბათ დამეთანხმებით, როგორ აბსურდული იქნება, რომ მე დავუკავშირდე ფ21–ის, ან ამაზონის ადმინისტრაციას და ვუთხრა – მე მოვალ, მოვისინჯავ, ვნახავ პროდუქციას, და თუ მომეწონა მერე ვიყიდი. თავს არც ფ21ს ვადარებ და არც ამაზონს, მაგრამ ინტერნეტ მაღაზიის პრინციპი ხომ ერთი და იგივეა? ნახავ სურათზე, იწერ, იღებ შეფუთულს. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი მაღაზია, სადაც მიხვალ და მოიზომავ. ეს არის ინტერნეტ მაღაზია. გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ აქ ფასი ჩვეულებრივ მაღაზიაზე ბევრად იაფია, თანაც დეფექტის შემთხვევაში უკან დაბრუნებაც შეგიძლია.

კარგი, ჯანდაბას, რამდენიმე გამონაკლისი დავუშვი და მყიდველს ვანახე პროდუქცია. ეს არ უნდა გამეკეთებინა. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ თავი ძალიან დამცირებულად ვიგძენი.

კაბა, რომელიც ღირს 35 ლარი, რომელიც ისე გამოიყურება როგორც სურათზე, მაგრამ მაინც ხდება ხანგრძლივი ბჭობის, თვალიერების, დაწუნების, ვაჭრობის და სხვა ათასი მაქინაციის მიზეზი. ერთხელ მამა–შვილი მოვიდნენ, ათვალიერეს ამრეზილი სახეებით კაბა, ყოველი ძაფი და დეტალი შეამოწმეს, მერე ამ კაცმა მითხრა, ბოლო ფასი რა არისო. ფასს რომ ფეხი არ მოვუცვალე (35 ლარი საღამოს კაბა), ჩამიგდო პარკში კაბა და ისე გაბრუნდნენ უკან, არც მადლობა უთქვამთ და არც ნახვამდის. თავს როგორ ვიგრძნობდი ხომ წარმოგიდგენიათ. ჩემი აზრით ინტერნეტ მაღაზიას ვხნიდი და ეს ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი გამოვიდა, რომ ხელზე ვყიდიდი ვაჭრობის პერსპექტივით და ისიც უტაქტო და უზრდელ კლიენტებთან.

geoshop.be დავხურე ტრიალ ვერსიის დასრულებამდე, აზრი არ ჰქონდა, ორი თუ სამი შეკვეთა მივიღე, დანარჩენი ყველამ გააუქმა ან აბსურდული მონაცემები ჰქონდათ შეყვანილი, გადავედი ჩემს მუდმივ დომეინზე iyidet.com, მაგრამ ერთი რამე ვიცი, ჩემი ფეხი ამ კოლექციის გაყიდვის მერე ამ ბიზნესში არ იქნება, რადგან კიდევ დიდ ხანს, სანამ ქართველი მყიდველი კულტურას არ ისწავლის, ინტერნეტ მაღაზია ამ ქვეყანაში არ გაამართლებს.

რატომ არ არიან ქართველი ბიჭები სექსუალურები

მოდით თავიდანვე ვთქვათ, სანამ გაბრაზებული მამრების რისხვა დამატყდება თავს – ეს ჩემი მოსაზრება აბსოლუტურ უმრავლესობას არ ეხება. გამონაკლისია ალბათ 20%. დანარჩენებმა კი თუ თავი იმ 80%ში ამოიცანით, მაშინ დროა იმოქმედოთ და რამე შეცვალოთ.

ქართველი ბიჭების ეს პროცენტი რამდენიმე ნაწილად იყოფა.

1.  “ღიპიანი” და “გამხდარი” სეგმენტი.

ქართველ ბიჭებს მაგრად კიდიათ ვარჯიში. მერე რა რომ ლუდის სმით ღიპები დაიდეს, მერე რა რომ ერთი კუნთიც არ აღენიშნებათ მთელს სხეულზე. სექსუალურობა შიგნიდან უნდა მოდიოდეს, და არა გარედან. მიუხედავად ამისა კარგ ტანზე მყოფი გოგოები უნდათ ლამაზი პრესებით. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ლაივში (ზღვაზე, აუზზე, თუნდაც ქალაქში) კარგ ტანზე მყოფი ქართველი ბიჭი არ მინახავს.  ან მოხდენილად გამობზეკილი ღიპები ადევთ, ან წელში მოხრილი, გამხდრები და ამით ძალიან კმაყოფილები არიან. ცხოვრებაში არ ურბენიათ და პრესის ვარჯიშები არ უკეთებიათ. რატომ? იმიტომ რომ მოსწონთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან. სულაც არ არის საკუთარ თავზე შრომა საჭირო შედეგის მისაღწევად. ან უბრალოდ ეზარებათ და ამ მოსაზრებით ნიღბავენ.

ბიჭებო, დამიჯერეთ, მართალია მარტო დაკუნთული სხეული არაფერს ნიშნავს, თუ თავში არაფერი გიყრია, მაგრამ ჯობია ცოტა ამოძრავდეთ, ივარჯიშოთ, ეს უმოძრაობა უკვე მასიური გახდა, ჯანმრთელ სხეულში კი მოგეხსენებათ ჯანმრთელი სულია.

ნუ თვლით, რომ ადამიანმა არაფერი არ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სექსუალური და სასურველი გახდეს. მე ვიცნობდი ერთ ბიჭს, რომელსაც დიდი ფუმფულა ღიპი ჰქონდა და ხშირად ირტყამდა ზედ ხელს ტექსტით “იფ, ცოლი რომ მეყოლება ზედ გადაგორდება და გადმოგორდება”–ო. აი ეს არ არის სექსუალური.

როგორია?

2. “ადნაკლასნიკების თაობა”

მოდი ყველა შევთანმხდეთ, რომ ადნაკლასნიკები საიტი კი არა, რაღაც ფენომენია. განა იმიტომ, რომ მოდური გახდა იქიდან ფეისბუქზე გადმობარგება და მერე იმათი ლანძღვა, არა, მართლა, თავისი პროფილის სურათებით, სტატუსებით, სახელებით, გაცნობის ტექსტებით. როგორ შეიძლება გაგიჩნდეს იმ ბიჭის გაცნობის სურვილი, ვიღაც სტატუსად უწერია “იფ რუსის ქალებს რა ჯობია” პროფილზე ძერსკი სახით გადაღებული სურათი უყენია, სადაც ან მანქანაზე მიყრდნობილი გადაჯვარედინებული ფეხებით, ან რამე მსგავსი, და გწერს “პრივეტ კრასავიცა გავიცნოოოთ?” .  არანაირი კრეატივი, არანაირი ფანტაზია, მხოლოდ ადნაკლასნიკები. It sucks.

ერთი სიტყვით, არავის დამცირება არ მინდა, ვიცი, რომ ბიჭებსაც ბევრი პრეტეზია აქვთ ქართველი გოგოების მიმართ, და ეს პრეტენზიები ბიჭმა ბლოგერებმა შეგიძლიათ პოსტად ჩამოაყალიბოთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, უნდა შეიცვალოთ, თუ გინდათ, რომ სექსუალურებათ ჩაგთვალოთ 🙂