კინოს ვარსკვლავები, რომლებსაც უბრალოდ ვერ ვიტან

ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს გარეგნობას თუ პიროვნებისგან წამოსულ ემოციებს, მაგრამ პირადად ჩემთვის არის რამდენიმე მსახიობი, რომელსაც უბრალოდ ვერ ვიტან და შეიძლება მათ გამო ფილმის ყურებასაც მოვერიდო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ცუდ მსახიობებად ვთვლი, უბრალოდ ჩემთვის უინტერესოები არიან.

სელმა ბლერი

რა დამიშავა? არც არაფერი, უბრალოდ ყველა კინოში მოდებილო გოგოს როლი აქვს.

ჯორჯ კლუნი.

George-Clooney-george-clooney-28761400-1280-1024

ჯორჯი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად ითვლება, მაგრამ მომკალით და ვერ აღვიქვამ ამ კაცის ჭაღარანარევ სექსუალურობას. არ მომწონს და მორჩა.

ჯულია სტაილზი.

Julia_Stiles_by_David_Shankbone

ცივი და გაყინული სახის გოგო, უმეტყველო სახით. სულ მგონია რომ ეს გოგო მუდმივად დაღლილია.

ორლანდო ბლუმი.

sneak03aug5_1

მომკალით და ამ ბიჭს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. სულ მინდა კაბაში გამოვპრანჭო და კიკინები გავუკეთო, როგორც უფროსი დ ები ერთობიან ხოლმე პატარა ძმებით.

ასეთი მსახიობები კიდევ ბევრია, მაგრამ ახლა მხოლოდ  ესენი მახსენდება.

გოგონა მეზობელ სახლში

რა არის ტკივილი? ყველას სხვადასხვანაირი პასუხი აქვს ამ კითხვაზე, ტკივილი ყველასთვის განსხვავებული მოვლენაა, მაგრამ იშვიათად ადამიანმა იცოდეს რა არის ნამდვილი ტკივილი.

წუხელ ნანახმა ფილმა ისე იმოქმედა ჩემზე, ემოციებით სავსემ და უფრო მეტად კი სიბრაზემ თითქმის მთელი ღამე არ დამაძინა. არ ვიცი რატომ ავირჩიე ღამე საყურებლად რამდენიმე რომანტიული კომედიიდან და მელოდრამებიდან ეს ფილმი, მაგრამ მისი ყურების განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდა გაოცება, გაბრაზება, ფილმის ბოლოს კი ნერვებისგან ვტიროდი, რადგან დასასრულმა შურისძიების წყურვილი არ დამიკმაყოფილა.

ფილმს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი,  რომელიც ინდიანაპოლისში მოხდა 1965 წელს. ჯეკ კეტჩამმა დაწერა რომანი 1989 წელს “გოგონა მეზობელ სახლში”‘, რომლის შესახებაც უკვე 2007 წელს გრეგორი ვილსონმა გადაიღო ფილმი.

მოქმედება ხდება სამოციან წლებში, მაგრამ დასაწყისში ამ ამბის მონაწილე დევიდი წლების მერე იხსენებს მომხდარ მოვლენებს. ის ამბობს, რომ მისი მეორე ცოლი ბავშვობაში ველურმა კატებმა დაკაწრეს. მას მთელი სხეული ჭრილობებით ჰქონდა დაკაწრული და რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურით იწვა.  მისი სიტყვებით სწორედ ეს იყო ტკივილი, მაგრამ… არავინ არ იცოდა რა იყო ტკივილი ისე როგორც დევიდმა.

დევიდი 12-13 წლის იყო, როცა მის მეზობელ ჩენდლერებთან ორი უდედმამოდ დარჩენილი და გადმოვიდა დეიდასთან საცხოვრებლად – მეგი და სუზი. დეიდა – რუთი, უცნაური ქალი იყო, სხვა მშობლებს არ ჰგავდა. ის თავის სამ მცირეწლოვან ბიჭებს უფლებას აძლევდა დაელიათ ლუდი და ესაუბრათ სექსუალურ თემებზე. დევიდი მათთან ხშირი სტუმარი იყო.

მეგი თავიდანვე მოეწონა დევიდს, განსხვავებული გოგო იყო, ლამაზი, სიცოცხლით სავსე. მშობლების დაკარგვას ძალიან განიცდიდა.

რუთი თავიდანვე განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა მეგს, გარეთ გვიანობამდე არ უშვებდა, აიძლებდა ნაკლები ეჭამა, სულ უმეორებდა რომ მსუქანი იყო, მაგრამ კოშმარი მხოლოდ ახლა იწყებოდა.

ერთხელ ღამით მეზობლებთან დარჩენილი დევიდი საშინელ სცენას შეესწრო. ოჯახს მეგი სარდაფში ჰყავდათ ჩაყვანილი, ხელებით ჩამოკიდებული და პირახვეული. რუთი სიამოვნებით ეწეოდა სიგარეტს და შვილებს მითითებებს აძლევდა, რა შეურაცხჰყოფა მიეყენებინათ გოგონასთვის. ბიჭებმა ტანზე გახადეს და შიშველი მეგი მთელი ღამე ეკიდა ხელებით სარდაფში.

დევიდს უნდოდა ეს ყველაფერი მშობლებისთვის მოეყოლა, მაგრამ რუთის შიშით ვერ ბედავდა. იმის მერე მეგი სადრაფიდან არ გამოუშვიათ, ნაცემი და სისხლიანი ეგდო იატაკზე. რამდენჯერმე ბიჭებმა რამდენიმე მეზობელი თინეიჯერის თანდასწრებით მეგი გააუპატიურეს, რუთი კი იმეორებდა, რომ ის მხოლოდ ამისთვის იყო გამოსადეგარი.

ბოლო წვეთი იყო ის, რომ რუთმა გადაწყვიტა მომავალში მეგს სექსუალური ლტოლვა რომ არ გასჩენოდა,  მისთვის გარკვეული ორგანოები უნდა მოეშორებინა. ამის მერე მეგმა გონება დაკარგა.

მსახიობები ძალიან კარგად არიან შერჩეულები, განსაკუთრებით მეგი და რუთი. ეს ამბავი ნამდვილ ამბავზე რომ არ ყოფილიყო დაყრდნობილი, ალბათ ჩემზე ასე არ იმოქმედებდა.

download – the girl next door

პარფიუმერი – ერთი მკვლელის ისტორია

ფილმის გამოსვლისთანავე ხალხის რეაქცია ორ ნაწილად გაიყო. ზუსკინდის ცნობილი ბესტსელერის ეკრანიზაცია დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა კრიტიკოსების ნაწილმა ის მოიწონა.

მათთვის, ვისაც წიგნი წაკითხული აქვს, ფილმი ზედმეტად ჰოლივუდური და მშრალი აღმოჩნდა. ხოლო ვისაც არ ჰქონდა წაკითხული, იმათ უფრო დადებითი შეფასებები მისცეს. მე მეორე ჯგუფში აღმოვჩნდი, თავი შევიკავე წიგნის წაკითხვისგან და ვუყურე ფილმს. (მართალია 5 წლით დავიგვიანე, ფილმი 2006–ში გამოვიდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს)

ტომ ტიკვერის ნამუშევარი, რომლის ფილმზე ადრეც ვისაუბრე, გადაღებული ოთხ ქვეყანაში – გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები.

მეთვრამეტე საუკუნის პარიზი, ბინძურ, საშინელ გარემოში, თევზით მოვაჭრე ქალი პირდაპირ დახლის ქვეშ, ტალახში და თევზების შიგნეულობაში აჩენს ბავშვს, რომელიც როგორც წინაზე გაჩენილი ბავშები მკვდარი ჰგონია, მაგრამ ბავშვი თვალს ახელს და ტირილს იწყებს.

ჟანს მაშინვე ეტყობა თანდაყოლილი უცნაური უნარი – ყნოსვა. შეუძლია მისგან მოშორებით ჭაობში ჩამალული ბაყაყის სუნიც კი ამოიცნოს. რამდენიმე მძიმე სამუშაოს შეცვლის მერე ჟანი პერფიუმერთან იწყებს მუშაობას, რომელსაც წარუმატებელი პერიოდი უდგას.

ახალგაზრდა პერფიუმერი ცოტა ხანში შეპყრობილი აღმოჩნდება იდეალური სუნამოს შექმნის მანიით, ყველგან უნიკალურ არომატს ეძებს და მიხვდება, რომ ახალგაზრდა და ლამაზ ქალიშვილებს ყველაზე სასიამოვნო სურნელი აქვთ, თანდაყოლილი, რომელიც მათი კანიდან უნდა აიღოს და შექმნას ისეთი სუნამო, რომელიც ხალხის სიყვარულს მოუპოვებს, რადგან მათგან სიძულვილის მეტს არაფერს გრძნობს.

ფილმი თითქმის ერთ ტემპში მიდის, ვერ ვიტყვით, რომ სუპერ–დაძაბულია ან ტრილერისთვის დამახასიათებელი ექშენი მიდის, მაგრამ ინერციით მიყვები და 2 საათი მალე გადის.

მთავარი როლის შემსრულებელმა ბენ ვიშოუმ ძალიან მომხიბლა. ბენი კრიტიკამ თავისი თაობის ერთ–ერთ უნიჭიერეს მსახიობად დაასახელა. ეს ფილმი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან საშუალება მიეცა გამოეჩინა თავისი სამსახიობო ოსტატობა სულ სხვა კუთხით. შექმნა ჟან–ბატისტ გრენოუს სახე, თავისი ბინძური და ჭუჭყიანი რეალობით.

ფილმში წითური გოგონები ჭარბობენ. განსაკუთრებით მომხიბლავია რეიჩელ ჰართ–ვუდი:

და კიდევ ეს:

დასტინ ჰოფმანი და ალან რიკმანიც არიან ქასთში, თუმცა არა მთავარ როლებზე.

მომეწონა ფერები, ლამაზი ფერების ფილმია. დასასრულმა ხომ საერთოდ, ცუდად გამხადა.

ახლა აუცილებლად წავიკითხავ წიგნს და პარალელებს გავავლებ 🙂

ვისაც დაგაინტერესათ ლინკი – Perfume. The Story of a Murderer

ტრაილერი:

 

პლანეტა მელანქოლია – სიკვდილის ცეკვა

რატომღაც ძალიან მიყვარს ფილმები სამყაროს აღსასრულზე. ასეთი ფილმები როგორც წესი  მაღალიუჯეტიანი და საინტერესოა. მაგრამ არა ამ მიზეზით ველოდი ამ ფილმს, ვიცოდი რომ ტიპიური ჰოლივუდური ტრილერი არ იქნებოდა და არც შევცდი.

ლარს ვონ ტრიერის დრამა, რომლის ორი ნამუშევარი მაქვს ნანახი- დოგვილი და ანტიქრისტე. საკმაოდ შთამბეჭდავი ქასტით – კირსტენ დანსტი, კიფერ საზერლენდი, ჩემი ვამპირი ალექსანდრე სკარსგარდი თავისი მამითურთ, სტელან სკარსგარდი, შარლოტა რემპლინგი და შარლოტა გეინსბურგი. ფილმი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირელი ნაწილი ერთ დაზეა – ჯასტინა, რომელსაც ქორწილი აქვს. მეორე ნაწილი მეორე დაზე – კლერი. პატარა პლანეტა, სახელად მელანქოლია დედამიწას უახლოვდება. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ პლანეტა დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუვლის, ნაწილი კი ამტკიცებს რომ დაეჯახება. პლანეტა მელანქოლია სიკვდილის ცეკვას ასრულებს დედამიწასთან – ხან უახლოვდება, ხან შორდება.

სიუჟეტი განსაკუთრებით მეორე ნაწილში იძაბება, როცა მელანქოლია ძალიან ახლოს მოდის დედამიწასთან. კლერი, ჯასტინა და კლერის პატარა შვილი განცალკევებული რანჩოდან აკვირდებიან მოვლენების განვითარებას მას შემდეგ რაც ჯასტინა ქორწილს ჩაშლის და დასთან გადმოვა.

არასდროს არც ერთ ფილმს სამყაროს აღსასრულზე ასე არ დავუძაბივარ, მუსიკალური გაფორმება არის უძლიერესი, ერთი კინოდ ჯერ მარტო მუსიკა ღირს. ძალიან მძიმე და შთამბეჭდავია.

ამის მეასედი ემოციაც არ გამოუწვევია არც 2012-ს და არც სხვა ამ ტიპის ფილმს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 7 მილიონი დოლარია. ისე განვიცადე ყველაფერი, თითქოს მეც იქ ვიყავი და მელანქოლია მეც მეჯახებოდა. ფილმი რომ დამთავრდა გული ისე მქონდა დამძიმებული, თითქოს მართლა მთავრებოდა ცხოვრება დედამიწაზე.

აი ლინკიც

რა მოხდება მომავალში

მომავლის ყველას სხვადასხვანაირი ვერსია აქვს და თანამედროვე ტექნოლოგიებმა რეჟისორებს მისცათ შესაძლებლობა ეს ყველაფერი კინოეკრანებზე გადმოეტანათ.

შვიდი ფანტასტიკურ–სამეცნიერო ჟანრის მაღალბიუჯეტიანი ფილმი, სადაც მოქმედება მომავალში ხდება.

7. Sunshine (2007)

მოქმედება ხდება 50 წლის მერე. მზე ნელ–ნელა ქრება და დედამიწაზე ყველაფერი იყინება. ასტრონავტების ჯგუფი მიდის მზეზე, რომ ატომური აფეთქების შედეგად დაუბრუნონ სინათლე.

როლებში – კრის ევანსი, კილიან მერფი და როუზ ბირნი.

გადმოწერა

6. I, Robot

2035 წელი, რობოტები ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გახდნენ. პოლიციელი იძიებს დანაშაულს, რომელიც რობოტის მიერაა ჩადენილი, მაგრამ ამ საქმის უკან სხვა საიდუმლოებებს წააწყდება.

ფილმი ნომინირებულია ოსკარზე.

მთავარ როლში უილ სმიტი.

გადმოწერა

5. Equilibrium

ფუტურისტული სამყარო, სადაც ადამიანებს გრძნობების გამოვლენა ეკრძალებათ. ისინი ინექციას იკეთებენ იმისთვის, რომ ჩაკლან ადამიანური ემოციები. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი შეეწინააღმდეგება.

როლებში – კრისტიან ბეილი, შონ ბინი, ემილი ვოტსონი.

გადმოწერა

4. Mr. Nobody

2092 წელი, 118 წლის ნემო უკანასკნელი მოკვდავი ადამიანია პლანეტაზე. ის თავისი ცხოვრების ისტორიას ჰყვება და იხსენებს წარსულს. ალტერნატიული რეალობები და სამ ნაწილად გაყოფილი ცხოვრება.

ძალიან ძლიერი და ემოციური ფილმია და ჩემი უსაყვარლესი მომღერალი და ყოფილი ქრაში, ჯარედ ლეტო ასრულებს მთავარ როლს და ძალიან წარმატებითაც, უნდა ვაღიარო, რომ ეს კაცი ბევრად უკეთესი მსახიობია, ვიდრე მომღერალი. ერთი სიტყვით ვისაც არ გაქვთ ნანახი გირჩევთ.

გადმოწერა

3.  V for Vendetta

ალტერნატიული მომავალი, თავისუფლებისთვის მებრძოლი, ასევე ცნობილი როგორც “ვ” ირჩევს ტერორისტულ ტაქტიკას და ებრძვის ტოტალიტარულ რეჟიმს.

მთავარ როლებში – ჰუგო ვევინგი და ნატალი პორტმანი.

ჰო და ეს “V” ძალიან მეცნო ავატარზე 🙂

გადმოწერა

2. I Am Legend

ისევ და ისევ პოსტაპოკალიფსური მომავალი, სადაც მთელი პლანეტა საშინელმა ვირუსმა გაანადგურა და ზომბებად აქცია. რობერტ ნევილი მარტო ცხოვრბს ცარიელ ნიუ–იორკში და ცდილობს იპოვნოს ანტიდოტი, რომელიც ამ ვირუსს გაუმკლავდება.

მთავარ როლში – უილ სმიტი.

გადმოწერა

1. The Island

2019 წელი, უტოპიური საზოგადოება, რომლებიც დახურულ სივრცეში ცხოვრობენ მიწისქვეშ და ჰგონიათ, რომ სამყარო განადგურებულია.  ხანდახან თამაშდება ლატარეა, სადაც მოგებული მშვენიერ კუნძულზე მიდის დასასვენებლად, რომელიც ასე მაცდურად ჩანს ფანჯრებიდან. სინამდვილეში კი მათ სულ სხვა მიზნებით აგზავნიან.

როლებში – ევან მაკგრეგორი და სკარლეტ იოჰანსონი

გადმოწერა

დასაწყისი, მეხუთე ელემენტი, მატრიცა, ხელოვნური ინტელექტი, მაიმუნების პლანეტა, ავატარი და სხვა აღარ მივამატე,  ისედაც ყველამ იცის 🙂

აგვისტოს 5 დღე – ამერიკული პრემიერა და კრიტიკა

19 აგვისტოს გაიმართა ომის 5 დღის ამერიკული პრემიერა და კინოთეატრებში დაიწყო ფილმის ჩვენება.

როგორც ჩვენმა ტელევიზიამ გვაუწყა, ხალხი აღფრთოვანებული დარჩა ფილმით, ცრემლმორეულები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ეს ყველაფერი ხომ რეალობა იყო, სწორედ ამიტომ გამოიწვია ამხელა ემოციაო. რენე კი სხვადასხვა ტოქშოუებში საუბრობდა საქართველოს შესახებ და იმაზე, რომ ამერიკას სურდა ეს ქვეყანა წარმოეჩინა მსოფლიო ასპარეზზე.

ჩემი დამოკიდებულება ამ ფილმის მიმართ იცით, არც აღფრთოვანებული დავრჩენილვარ და არც ძალიან იმედგაცრუებული, მაგრამ ქართულ არხებზე რა თქმა უნდა კარგის მეტი არაფერი ახსენეს, ამიტომ ვნახოთ ცნობილ გაზეთებში როგორი მიმოხილვა გაუკეთეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა.

Lou Lumenick ნიუ–იორკ პოსტიდან წერს:

რენე ჰარლინის ფილმი ტანკებით, თვითმფრინავებით და სამხედროებით 12 მილიონიანი პროპაგანდაა რუსეთის წინააღმდეგ. ფილმში გაუგებარია რატომ უერთდება რუსეთი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს.

ჰარლინი მიმართავს ბანალურ სიუჟეტს, სადაც ამერიკელ ჟურნალისტს, რომლის როლსაც ბრიტანელი რუპერტ ფრენდი თამაშობს და მის ოპერატორს ხელში უვარდებათ მასალა რუსების წინააღმდეგ.

ფილმი მოეწონებათ იმათ, ვისაც უშინაარსო ექშენის ყურება უყვარს, და არა იმათ, ვისაც ძირითადი შინაარსი დააინტერესებთ.

New York Daily News
Joe Neumaier

რენე ჰარლინი დამარცხდა როგორც დრამის (ჟურნალისტი, რომელიც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება და მრავალ სისასტიკეს ხედავს) ასევე ომის თემაში (საქართველო–რუსეთს შორის). ემანუელა შრიკი საერთოდ ამოვარდნილია როლიდან, რენემ საწყალ კილმერსაც კი აიძულა იმაზე უარესი ყოფილიყო, რაც არის.

The New York Times
Stephen Holden

რენე ჰარლინმა საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ საომარი ფილმების შინაარსს მიმართა. აქ არ არის არაფერი ახალი. გადმოგვცემს საქართველო–რუსეთს ხანმოკლე ომს.

სცენარი გასული საუკუნეების საომარი ფილმის სცენარს მოგვაგონებს. ამ ფილმში შენ ან გმირი ხარ (ჯონათან შაეხი) ან ცუდი ბიჭი (მიკო ნოსიაენი).
NPR
Mark Jenkins

რენე ჰარლინის დაბალბიუჯტიანი ფილმი არც ინოვაციური და არც გულში ჩამწვდომი, მაგრამ ინტუიციური და მოძრავია.

ფილმის ყურებისას შეუძლებელია გააკეთო ბალანსი ან რომანტიულ ხაზზე, ან ბრძოლაზე, ყველაფერი ზედმეტადაა არეული ერთმანეთზე. ფილმის შემქმნელების სიმპათია რომ საქართველოს მხარესაა, ესეც აშკარად იგრძნობა.

ამათ გარდა გადავიკითხე ბევრი მიმოხილვები და კომენტარები. ბევრი კრიტიკის თუ დაწუნების გარდა თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ camera work-ი ძალიან კარგია, მუდმივად მოვლენების ცენტში გამყოფებს და ძალიან რეალურად გადმოსცემს გადაღებულ მასალას.

ასე რომ, ქართულო ტელევიზიებო, უფრო კონკრეტულად კი რუსთავი 2–ო, გარდა ქებისა და აცრემლებული ხალხისა, ცოტა კრიტიკაც მოგვაწოდე ამ ფილმის შესახებ, კრიტიკა სულაც არაა ცუდი, თანაც ვიცით, რომ ეს არ არის იდეალური და ძალიან კარგი ფილმი.

მსგავსი თემები:
აგვისტოს 5 დღე – მიმოხილვა + ფოტოები
აგვისტოს 5 დღე

სუპერგმირები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ამ თემაზე გადაღებული ფილმები როგორც წესი ძალიან პოპულარულია და ჰოლივუდიც უხვად სარგებლობს კომიქსების გმირებით თუ უბრალოდ სუპერგმირებით.

მათ შორის ყველაზე პოპულარული სუპერგმირები არიან:

Continue reading

ბოლოს ნანახი სამი საშინელებათა ფილმი

თუ ჩემსავით მოიწყინეთ და გიყვართ ეს ჟანრი, მაშინ წარმოგიდგენთ რამდენიმე საშინელებათა ფილმს, რომელსაც ბოლოს ვუყურე და რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილები და დიდი შანსია ნანახი არ გქონდეთ.

The Reaping (2007)

ჰილაკი სვონკის გმირი იძებს რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებულ უცნაურ მოვლენებს და ყველაფერს თავის ახსნას უძებნის. ერთ დღეს მას მოაკითხავს ახალგაზრდა მამაკაცი და ეტყვის, რომ მათ პატარა სოფელში მდინარე სისხლად იქცა და მალე ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს, ამაში ბრალს კი პატარა გოგოს სდებენ და მოკვლას უპირებენ.

download

Creep 2004

ბრიტანული ფილმი, რომლის მოქმედებაც ლონდონში მიმდინარეობს. კეიტი წვეულებიდან მიდის და მეტროში ხვდება. მატარებლის ლოდინში რამდენიმე წუთი ჩაეძინება და როცა გაიღვიძებს, მთელი მეტრო ცარიელია, გასასვლელი კი ჩაკეტილი. კეიტი აღმოაჩენს, რომ მეტროს ბნელ გვირაბებში საშინელი არსება დადის, შორეულ კუთხეებში კი ქირურგიული ოთახებია განლაგებული, სადაც ადრე ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

download

The Hole 2001

ლიზი კოლეჯის მოსწავლეა, რომელიც ძალიან არის შეყვარებული თავის კლასელ მაიკზე, მაგრამ ის პოპულარული ბიჭია სკოლაში და ყურადღებას არ აქცევს. დასვენებებზე ის და თავისი მეგობარი გადაწყვეტენ წავიდნენ ტყეში ომისდროინდელ ბუნკერში, სადაც წვეულების მოწყობას შეძლებენ და მშობლებიც ვერ მიაგნებენ. ლიზს რა თქმა უნდა ეს იდეა მოსწონს.

კოშმარი მაშინ იწყება, როცა კარები იკეტება და მის გაღებას ვერ ახერხებენ, ბუნკერში კი საჭმელიც მთავრდება და წყალიც…

ტორა ბირჩი, კირა ნაითლი და დესმონდ ჰარინგტონი (დექსტერში დეტექტივი ქვინი)

გადმოწერა

აგვისტოს 5 დღე – მიმოხილვა + ფოტოები

სანამ ტექსტის კითხვას დაიწყებდეთ, ვისაც ფილმი არ გაქვთ ნანახი, არ არის რეკომენდირებული, შეიცავს უამრავ სპოილერს + ფოტოებს ფილმიდან.
Continue reading

აგვისტოს 5 დღე

ფილმი არ მინახავს, აქედან გამომდინარე რივიუსაც ვერ გავაკეთებ, მაგრამ ამ პოსტში სხვა რაღაცის თქმა მინდა.

პრემიერას მოუთმენლად ველოდებოდი, იმიტომ რომ ამ ფილმის ქასთში ჩემი ფავორიტი მსახიობები მოხვდნენ და აქ არ ვგულისხმობ არც რუპერტ ფრენდს და არც ენდი გარსიას.

ჰოდა ველოდებოდი ჯონათან შაეხის და დინ ქეინის საქართველოში ვიზიტს, მათ ინტერვიუებს და შთაბეჭდილებებს ფილმის თუ ქვეყნის შესახებ, რა წარმოდგენა დარჩათ ჩვენს ქვეყანაზე, და საერთოდ, მათ გამოჩენას.

მთავარი როლის შემსრულებლები, რუპერტი და ემანუელა არ გამოჩენილან, სამაგიეროდ შერონ სტოუნი ჩამოვიდა და მთელი ყურადღება მიიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სტუმრის სტატუსით იყო.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აგვისტოს 5 დღეში მარტო ენდი მონაწილეობდა. ენდი და რენე, რენე და ენდი, დაუსრულებლად.

რეპორტაჟებიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ არც ჯონათანი და არც დინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ჯონათანის ტვიტერის სურათები შევამოწმე.

რა თქმა უნდა ჯონათანი იყო პრემიერაზე და ჩამოსვლამდეც ძალიან აღფრთოვანებული ტოვებდა შემდეგნაირ ტვიტებს:

“შერონ სტოუნი ხვალ თბილისის პრემიერაზე მოდის, წარმოდგენა არ მაქვს რატომ, ის ფილმში არ იღებდა მონაწილეობას”

“ახლახანს გავიგე, რომ თბილისში გადატვირთუlი რეჟიმი გველის, მაგრამ არ მეშინია, სუპერმენთან ერთად ვარ” (დინ ქეინი, “ლუისი და კლარკი”)

“გერმანელებმა ჩემი ტყვია მოიპარეს, რომელსაც ფილმის გადაღების მერე გულზე დაკიდებულს ვატარებდი”

“ახლახანს ჩავფრინდი საქართველოში. ეს ღონისძება იმაზე დიდია, ვიდრე წარმომედგინა, ფილმი ხომ თავისუფლებას ეხება…” (ოხ ჯონათან)

“ჩვენ ახლა მზის ამოსვლას ვუყურებთ თბილისში – მთვრალები და სულელები”

“ჩვენ იმდენი ჭაჭა დავლიეთ… ენდი გარსია ჩემს გვერდითაა”

“ასეთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება… მადლობელი ვარ ამისთვის, ეს ერი ძალიან მიყვარს…”

“შერონ სტოუნს თავიდან ქართველი მსახიობი ვეგონე და მერე მიხვდა მე რომ ვიყავი”

ერთი სიტყვით გაგიჟებული და გადარეულია საქართველოთი და ჩვენ ისიც კი არ ვიცით ვინაა ჯონათან შაეხი.

ჯონათანის ანგარიშზე 60–მდე ფილმია. მისი პირველი ცნობილი როლი გვინეტ პელტროუსთან და ჯესიკა ლანჟთან იყო ფილმში “Hush”, სადაც ცოლად მოჰყავს გვინეტის პერსონაჟი, მაგრამ დედას მათი დაშორება სურს და ამისთვის სულს ეშმაკსაც კი მიყიდის. *უხვი ეროტიული სცენებით გვინეტთან*

საშინელებათა ტრილერში “გამოსაშვები საღამო” ჯონათანმა მკვლელის როლი შეასრულა, რაზეც ემტივი მუვი ევარდზე საუკეთესო ბოროტი როლი შემსრულებლის წოდება დაიმსახურა. ბოლოს კი ფილმში takers ჰეიდენ კრისტენსენთან, მეტ დილანთან და ზოი სალდანასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. რენე ჰარლინის ფილმში კაპიტანი რეზო ავალიანის როლს ასრულებს.

ესეც მისი სურათები და გული მწყდება ქართველ ჟურნალისტებს ასეთი მსახიობი რომ გამორჩათ და ერთხელაც კი არ ახსენეს.