მომნატრებია ჩემი ბლოგი… არ მინდოდა ნაძალადევი პოსტი დამეწერა, არადა სურვილი დღევანდელ დღემდე არ გამჩენია. არადა რომ დავიწყე დღეში 4–5 პოსტს ვაქვეყნებდი, მაგრამ ყველაფერმა იცის მობეზრება, მათ შორის ბლოგზე წერამ.
დავანებოთ წუწუნს თავი, მე დავბრუნდი, უფრო მეტი ენერგიით ვიდრე ოდესმე, მიუხედავად იმისა, რომ დღეში სულ რამდენიმე საათი მაქვს თავისუფალი, რომ ამ რამდენიმე საათშიც სხვა საქმეებიც მაქვს გასაკეთებელი, მაინც დავწერ.
აგვისტოს დასაწყისში ჩემმა ქმარმა ბარგი ჩამალაგებინა და ბავშვთან და დედასთან ერთად თავის მშობლიურ კუთხეში გამიშვა დასასვენებლად მიუხედავად ჩემი დიდი წინააღმდეგობისა. ერთადერთი ის მიხარებდა გულს, რომ იქ წყალი იქნებოდა, სადაც ცურვას შევძლებდი. ჰოდა მორჩილად დავყევი მის ნებას.
წავედით სიონში და პატარა ოჯახურ სასტუმროში დავბინავდით. საკმაოდ სოლიდური თანხის საფასურად კი მხოლოდ ოთახი მივიღეთ, დანარჩენი ყველაფერი კი თვითმომსახურებას ექვემდებარებოდა. ისიც პირველი ოთახი სადაც მოვხვდით, პირდაპირ ვერანდაზე იყო, პლიუს გამჭვირვალე ფარდებით, სადაც ყველაფერი ჩანდა და ისმოდა. ბავშვების წივილ–კივილი, ყავაზე და სიგარეტზე გამოსული დამსვენებლები და ა.შ. ამიტომ მეორე საღამოს გადავბარგდით ბოლო ოთახში, რომელიც გაცილებით უფრო მყუდრო იყო და არანაირი ხმა არ აღწევდა.
ჩვენი სახლი პირდაპირ საბანაოს წინ იდგა. სიონის წყალსაცავი, რომელიც ყოფილი დამბაა, საკმაოდ ლამაზი შესახედია. მთლიანად ტყეში ჩაფლული, რომელიც ბოლოს თითქოს ღრუბლებში იკარგება, ტყიდან ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. თან ზღვაზე ხარ, თან მთაში. სწორედ ეს იზიდავს უამრავ დამსვენებლს, სხვა იქ განსაკუთრებული არაფერია, ერთი ჩვეულებრივი სოფელიa ძროხების ფუნებით და ტალახებით.
დამბის ირგვლივ პატარა პლიაჟია მოწყობილი, ადგილი ძალიან დახრილია, ვითომ წამოსაწოლად უფრო მოსახერხებელი უნდა იყოს, მაგრამ ალაგ–ალაგ ისეთი დაქანებაა, რამდენიმე დამსვენებელმა გახდაც ვერ მოასწრო ისე ჩაგორდა წყალში. თუ მოახერხე და კარგად მოკალათდი ბეტონის ფილებზე, მაშინ არანაირი შეზლონგი არ დაგჭირდება. პრინციპში ვერც დადგამ შეზლონგს. იქ შეყრილია უამრავი ჯურის ხალხი სხვადასხვა ფერის საცურაო კოსტიუმებით. და ბავშვები, უამრავი ბავშვი.
წყალი ძალიან ცივია. შესვლისას სუნთქვა შეგეკვრება, მაგრამ იქ ყველამ იცოდა, რომ ნელ–ნელა კი არ უნდა შესულიყავი, ერთბაშად უნდა გადამხტარიყავი, ასე უფრო ადვილი იყო. მერე ეჩვევი წყალს და ასეთი ცივი აღარ გეჩვენება.
რაც შეეხება მზეს… ისეთი მზეა განადგურებს. გწვავს. არასდროს ზღვაზე არ დავმწვარვარ, სულ სიამაყით ვამბობდი, რომ პირდაპირ ფერს ვიღებ და ასეც იყო, მაგრამ ამ მზემ ისე დამწვა, ორი დღე ძლივს დავდიოდი.
საღამოს და დილით ისე ცივა სიონში, რომ შეიძლება იქიდან გამოქცევა მოგინდეს. არასასიამოვნო სიცივეა. მთელი 7 დღე ამ სიცივით ვიტანჯებოდით და ისევ რუსთავის სიცხეს ვნატრობდით. მე პირადად სანამ მზე დააჭერდა საბანშემოხვეული ვიჯექი და კბილებს ვაკრაჭუნებდი. საშინელება იყო.
გართობა – არანაირი. შენ თვითონ უნდა გაგერთო შენი თავი. ერთი ცენტრალური ქუჩა იყო, სადაც ყველაფერი ერთად იყიდებოდა – ხაჭაპურები, ბოსტნეული, ჭაჭა, ბუზების სახოცი, სულო და გულო, რას აღარ ნახავდი. ჩემი პატარა ძმიშვილი დამდევდა და ფოტოაპარატით ერთობოდა, პაპარაცები რომ იღებენ ხოლმე ისეთი სურათებია 🙂
საღამოობით, ბავშებს რომ ვაძინებდით, მე და ჩემი რძალი ლუდს ვყიდულობდით და სახლის პირდაპირ, საბანაოს ჩასასვლელთან ვჯდებოდით, ლუდს ვწრუპავდით და ჩიპსებს ვახრამუნებდით. ერთადერთი ამით თუ შეგვეძლო თავი გაგვერთო, ისიც იყო ხოლმე უშედეგო და უნიჭო მცდელობები მამრების მხრიდან, რაღაც ამის მსგავსი ” რამე ხომ არ დაგველია?” კიდევ უფრო საინტერესო “რამეს ხომ არ მოწევდით” და ასე შემდეგ, მაგრამ უარის მერე მორჩილად მიდიოდნენ.


ყველაზე საშინელი ერთი დღე იყო, როცა გადაუღებლად წვიმდა და ვერსად ვერ გავედით. ტალახები, სიცივე, მოწყენილობა, ყველაზე გრძელი დღე იყო მთელი კვირის მანძილზე.
როგორც იქნა გავიდა ეს ერთი კვირაც, ყველაზე ძალიან გარუჯვა გვიხაროდა, თანაც ისეთი, ზღვაზე რომ არასდროს მიგვიღია. ბადრიმ რუსთავში რომ ჩამოგვიყვანა და სითბო ვიგრძენით, შვებით ამოვისუნთქეთ.
აი ასეთი იყო ჩემი სიონური ვოიაჟი. და კიდევ, დრამატული მუსიკის თანხლებით:
I am baCk