A bad dream

                                                                                           

წამლის კოლოფიდან რამდენიმე აბი გადმოვყარე და გადავყლაპე. მერე წყალი პირდაპირ ონკანიდან დავაყოლე და სარკეში მივაშტერდი ჩემ თავს. ბოლო რაც მახსოვდა ფსიქიატრიულის თეთრი კედლები და ის აუტანელი ბრაზის გრძნობა იყო, რომელიც ვერაფრით დავიმორჩილე. ყველაფერი იწვოდა. თეთრი კედლები შავ ფერფლად იქცა. მესმოდა ისტერიული კივილი, მაგრამ ხელები ყურზე მქონდა აფარებული და ოთახის კუთხეში ვიჯექი. არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებდი. მერე ვიღაცამ ხელი დამტაცა და იქიდან გამომათრია. მეტი აღარაფერი მახსოვდა…
საძინებელში რომ გავედი, ჩემი ქმარი დავინახე, რომელიც საწოლზე იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია. მეც უხმოდ ავწიე საბანი და დავწექი. თვალები დავხუჭე. ამ ბოლო დროს ისედაც დიდი პრობლემები გვქონდა ურთიერთობაში, ახლა ხომ საერთოდ. ჩვენს შორის უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. უჩვეულოდ დაღლილი ვიყავი. გვერდზე გადავბრუნდი და მაშინვე ჩამეძინა.

* * *

დიდი, ბნელი შენობის წინ ვიდექი. ჭიშკარი ღია იყო. ვიცოდი, რომ უნდა შევსულიყავი, მაგრამ შესვლა არ მინდოდა. წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი, ამიტომ მორჩილად ავედი კიბეებზე. ოდნავ ელავდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ნახევრად ჩამტვრეულ კიბეებს რამდენიმე წამით ანათებდა. მოჩუქურთმებული კედლებიდან ირონიული სახეებით იყურებოდნენ ანგელოზები. შორიდან ზარების რეკვის ხმა ისმოდა. ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
გაოცებულმა მიმოვიხედე. ირგვლივ არც ეკლესია ჩანდა და არც სამრეკლო. ამას მნიშვნელობა არ აქვს – გავიფიქრე და კიბეებზე ბოლომდე ავედი. ხის, მძიმე კარები ბოლომდე იყო გაღებული. ფეხები მე აღარ მემორჩილებოდა.
შორიდან თითქოს ქვითინის ხმაც ჩამესმა, მაგრამ არ გავჩერებულვარ, გზა განვაგრძე. ვიცოდი სადაც მივდიოდი. ის იქ მელოდებოდა. მეორე სართულზე, თავის ოთახში. ოთახში, სადაც თეთრი კედლები და სისხლის ნაკადულები იყო.
კიბეებზე ასვლა ცოტა გამიჭირდა, რადგან რამდენიმე ასული გველი ერთად მიიკლაკნებოდა. ზიზღით ვაბიჯებდი მათ სლიპინა სხეულებს. ფეხი მიცურავდა, მაგრამ არ ვჩერდებოდა და წინ მივიწევდი.
როგორც იქნა მოვრჩი კიბეებს და გრძელ დერეფანს გავუყევი. ყველა პალატის კარები ჩაკეტილი იყო, მაგრამ პაციენტებს კედლებიდან თავი ჰქონდათ გამოყოფილი და ინტერესით აღსავსე თვალებით იყურებოდნენ. საშინელი სანახავები იყვნენ კედელიდან გამოზრდილი ცარიელი თავები.
აი ისიც. მისი პალატა. მოვედი. არ მინდოდა მასთან შესვლა, მაგრამ გაქცევა გამოსავალი არ იყო. ეს უნდა გამეკეთებინა. ჭრიალის ხმა შემომესმა ყურებთან, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, კარს ხელი ვკარი და შევედი.
ის ზურგით იჯდა ფანჯარასთან, სავარძელში. გრძელი, შავი თმები უკან ჰქონდა ჩამოშლილი. მელოდებოდა, ვიცოდი. გაბრაზებული რომ იყო ისეც ვიცოდი და შიშით ვკანკალებდი.
კაბაზე დავიხედე. გრძელი, თეთრი კაბა მეცვა. კაბას ლამაზი, ხელით ნაქარგი ორნამენტები ჰქონდა. ეს ჩემი კაბა არ იყო. მხუთავდა და მახრჩობდა. მინდოდა ზედ შემომეხია, მაგრამ ნაჭერი ცოცხალი ადამიანივით მეკრობოდა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.
_ ჩემია _ დაიჩურჩულა იმან და შემობრუნდა. თვალების ფოსოები ცარიელი ჰქონდა და იქიდან პატარა, წვრილი გველები მოსრიალებდნენ.
_ გაიხადე, ჩემია – იკივლა საშინელი ხმით და ხელები ჩემსკენ გამოიშვირა. საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი და მეც ვიკივლე.

nightmare07

* * *
ოფლში გაწურულს გამომეღვიძა. ჰაერი არ მყოფნიდა. გვერდზე გადმოვბრუნდი და ოფლი ხელისგულით მოვიწმინდე. გული ისევ მიცემდა.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს პირველად არ მინახავს. თითქოს გაწყვეტილი სერიის მეორე ნაწილს ვუყურებდი. ყველაფერი ისე უცნაურად მეცნობოდა…
ძილს ვეღარ გავაგრძელებდი. ავდექი და გარეთ გავედი. ისევ უჰაერობას ვგრძნობდი. არადა სასიამოვნო, ღამის გრილი ნიავი ქროდა.
ჩემ ქმარს ჩვენს საძინებელში ეძინა. ჩუმად შევაღე კარები, საბანი ავწიე და მივეხუტე. უცნაურად შეკრთა, მაგრამ არ გაუღვიძია, ღრმად ამოისუნთქა და თავი ჩემსკენ გადმოაბრუნა. სახეზე ფრთხილად მოვეფერე. არ მინდოდა გაეღვიძა. ისედაც ბევრი ინერვიულა ამ ბოლო დროს.
სააბაზანოში რომ გავედი, უკვე ის კაბა მეცვა. სუნთქვა შემეკრა. ონკანი მოვუშვი და სახეზე წყალი შევისხი. ისევ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში. ან წამლების ბრალია. საიდან მაქვს ეს კაბა? როდის ჩავიცვი? ალბათ ფსიქიატრიულიდან გამომყვა, ან იქ ჩამაცვა ვინმემ, ჯანდაბა, რატომ არ მახსოვს?
ასეთი შემთხვევა ადრეც მქონია, მაგრამ მაშინ სახლიდან გავიპარე და დიდი რაოდენობით დავლიე აბები, დილით კი სახლიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში გამეღვიძა პარკში. თავზე ბაიკერის ჩაფხუტი მეკეთა და დახეული ტყავის ქურთუკი მეცვა. მერე დავასკვენი, რომ ვინმე წვერებიან ბაიკერს წავყევი მოტოციკლით სამოგზაუროდ.
მაგრამ ეს წარსულში, ახლა ასეთი რამ არ მოხდებოდა. ამოვიოხრე და ისევ დასაძინებლად დავწექი. კოშმარები ახალი არ იყო ჩემთვის. ხანდახან ვერც კი ვხვდებოდი, როდის მეძინა და როდის მეღვიძა, ამასაც გადავიტანდი.

* * *

უზარმაზარი სარკის წინ ვიდექი. ისევ ის თეთრი კაბა მეცვა უცნაური სიმბოლოებით. თმები ძველებურ სტილზე მქონდა შეკრული. ოთახი ყვავილებით იყო სავსე. ეს ქორწილი იყო, ოღონდ ჩემი არა, კარგად მახსოვდა, ჩემს ქორწილში თანამედროვე, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, და არა ეს, წინა საუკუნის.
მაინც კმაყოფილებით აღსავსე ვტრიალებდი სარკის წინ, თმებს ვისწორებდი და საკუთარი გამოსახულებით ვტკბებოდი, სანამ სარკის ზედაპირი არ გაშავდა და იქიდან გველებმა არ დაიწყეს გადმოცოცება. უკან დავიწიე და ვიკივლე. სარკეში ის გამოჩნდა.
_ დამიბრუნე _ დაიჩურჩულა ხრინწიანი ხმით და ხელი გამომიწოდა _ ჩემია, ჩემი ქორწილი, ჩემი კაბა, ჩემი ცხოვრება…
გამწარებული ვცდილობდი კაბა გამეხადა და მისთვის მიმეგდო, მაგრამ სუნთქვა მეკროდა და ვეღარ ვინძრეოდი. საშინელი გრძნობა იყო, უმწეობის, უიმედობის და ყინულივით ცივი შიშის…
– უნდა გავიღვიძო – ვუმეორებდი ჩემს თავს. ის უკვე კაბის ბოლოზე მექაჩებოდა სისხლიანი ხელებით და ლაქებს ამჩნევდა. ცოტაც და მეც იქ შემათრევდა, სადაც თვითონ იყო. ბოლოჯერ გავიბრძოლე და ამჯერად გამოვფხიზლდი.
ზარების რეკვის ხმა ისევ ყურში ჩამესმოდა, ოღონდ ვიცოდი, რომ სიზმრიდან იყო გადმოყოლილი.
_ უნდა ვკითხო _ ვთქვი ხმამაღლა და კაბაზე დავიხედე. ის კაბა იყო, ამდენი ხანი სიზმარში რომ მტანჯავდა, თეთრი, ლამაზი, მაგრამ ძველებური – უნდა ვკითხო, ეცოდინება.
საძინებლის კარები ფრთხილად შევაღე. ჩემ ქმარს ისევ ეძინა, ოღონდ კედლის მხარეს იყო გადაბრუნებული. დილამდე ვეღარ მოვიცდიდი, უნდა მეკითხა.
_ გაიღვიძე _ ფრთხილად შევავლე ხელი მხარზე. ვიცოდი ასე ადვილად არ გაიღვიძებდა. დილით მაღვიძარის ხმა არასდროს აღვიძებდა, სანამ მე არ დავუყვირებდი, ადექი ბოლო-ბოლო თქო.
_ საქმე მაქვს, გაიღვიძე – ვუთხარი ალერსიანად. არ მინდოდა შეშინებოდა. ჩემი ქმარი გადმობრუნდა. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა.
_ გისმენ _ მითხრა ნამძინარევი ხმით.
_ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ უნდა გკითხო… ეს კაბა საიდან მაქვს? არ მახსოვს, ვერაფრით ვერ ვიხსენებ, რატომ მაცვია? ოღონდ არ მკითხო წამლებს თუ სვამო… რა თქმა უნდა ვსვამ.
ამჯერად ჩემმა ქმარმა თვალები გაახილა და მომაშტერდა, მერე იდაყვებზე წამოიწია და საშინელი ხმით დაიყვირა. შევხტი და საძინებლიდან გამოვვარდი. სააბაზანოში შევვარდი და სარკეში ჩავიხედე. რა მომივიდა? რა დაინახა? ასე მაშინ ყვიროდა ორივე ვენა რომ გადავიჭერი და სისხლისგან ვიცლებოდი. მაგრამ მაშინ ხომ გადამარჩინა, ახლა რისი ეშინია?
ჩემი თავი შევათვალიერე. არაფერიც არ მჭირდა. ეს მაგან უნდა დალიოს წამლები, მე ყველაფერი რიგზე მაქვს.
სახეზე რაღაც ამაცოცდა. ხელი მოვისვი. არაფერი იყო.

* * *
კლაუსტროფობია არასდროს მქონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩაკეტილი სივრცე არ მსიამოვნებდა, ვიგრძენი. ხალხის ხმაურიც მაღიზიანებდა. მინდოდა ყურებზე ხელი მომეჭირა და ისე ვწოლილიყავი. ასეთი პრობლემები გარდატეხის ასაკში დამეწყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი მაზოხისტს მეძახდა, როცა ხედავდა როგორ მსიამოვნებდა ჩემი თავისთვის ტკივილის მიყენება, მაგრამ მაზოხისტი არ ვიყავი. მიყვარდა ის პატარ-პატარა შრამები და ნაკაწრები, ჩემი იყო, ჩემი შემადგენელი ნაწილი. დროთა განმავლობაში პრობლემებმა იმატა. იმატა წამლების რაოდენობამაც ჩემს თაროზე, მაგრამ…
ოთახის ბნელი კუთხეებიდან, ფანჯრებიდან, ყველა წერტილიდან გველები მოცოცავდნენ და კაბაზე მეხვეოდნენ. ცოტა ხანში უსიამოვნო სუნიც ვიგრძენი. მთელი ოთახები დავიარე, ყველა კუთხე-კუნჭული შევამოწმე, სანამ არ მივხვდი, რომ ეს სუნი ჩემგან მოდიოდა და მერე უცებ ყველაფერს მივხვდი.

* * *

რამდენიმე ღამის შემდეგ ისევ შევედი საძინებელში, უკვე ძალიან დაღლილი და გამოუძინებელი. ჩემი ქმარი უხეშად შევაჯანჯღარე.
_ ვისი კაბა მაცვია? _ ვუყვირე გაბრაზებულმა. ის შეხტა და სახეზე ხელები აიფარა, მერე ტირილი დაიწყო.
_ ვისი კაბა მაცვია? _ გავუმეორე უფრო მშვიდად.
_ ხანძრის დროს ყველაფერი დაიწვა… შენი ყველა ნივთი და ტანსაცმელი… ეგ კაბა დამკრძალავ ბიუროში ჩაგაცვეს… _ მითხრა გაბზარული ხმით და საბანი თავზე მოიხვია.
_ ეს კაბა დამკრძალავი ბიუროს უფროსის ცოლს თავის ქორწილში ეცვა. იცი რაც უნდა ქნა _ ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი. ის აღარ მითქვამს, რომ მოუვიდა იმ ქალს თავის ქორწილში, თორემ საწყალი ჩემი ქმარი სულ დაკარგავდა გონებას.
* * *

ვწევარ ახლა ისევ ჩემს ოთხკუთხედ, ბნელ საწოლში და ველოდები ჩემს ქმარს, რომელიც აუცილებლად მოვა ნიჩბით ხელში, ამ საშინელ კაბას გამხდის და იმ რამდენიმე გველსაც ნახავს, აქ რომ შემოძვრნენ და კომფორტულად მოკალათდნენ ჩემს დამწვარ სხეულზე. მერე კოშმარებიც დასრულდება.
დასასრული