უბრალოდ ზედმეტად ბევრი მსგავსება უცხოურ “ნიჭიერისა” და ქართულ “ნიჭიერის” ნომრებს შორის.
some magic!
Collins Key – Americas Got Talent
ქართული ნიჭიერი. ლექსო გიგაური
america’s got talent, attraction.
ქართული ნიჭიერი, დენს არტი
Spelbound – Britain’s Got Talent 2010
ნიჭიერი, აკროსტაილი
Fighting Gravity – America’s Got Talent 2010
ნიჭიერი მატრიცული პანტომიმა
გავუსვათ ხაზი იმას, რომ ჯერ უცხოური ნომრები იდგმებოდა, მერე ქართული. მესმის, რომ ყველაფერში უნიკალური და ერთადერთი ვერ იქნები, მაგრამ როცა დეტალებიც კი საეჭვოდ მიმიგავს იუთუბზე ძალიან პოპულარულ და ამავე ფორმატის შოუს ნომრებს, მგონი არ უნდა იყოს კარგი. მით უმეტეს, რომ რაღაც ნაწილს მაინც, ვინც უყურებს ამერიკულ და ბრიტანულ “ნიჭიერს”, მისი ქართული ანალოგების შემდეგ რეაქცია აღარ აქვთ, როგორც მე არ მქონდა ამ ნომრებზე. არადა პირველად რომ მენახა, ავღფრთოვანდებოდი.
ჯერ ყველა ეპიზოდი არ გასულა და ალბათ კიდევ ბევრი იქნება შესადარებელი, მაგრამ ვერ მოვითმინე 🙂
ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, კარგად იცის, რა დამოკიდებულება მაქვს სერიალების მიმართ (ამერიკულ და ბრიტანულ ტელე შოუებს ვგულისხმობ). ამჟამად “breaking bad”ის მეხუთე სეზონს ვამთავრებ და აღფრთოვანებული ვარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდანვე “ჩემი ცოლის დაქალებს” კარგი თვალით შევხედე. პირველი სეზონი რაღაცით “სექსი დიდ ქალაქში”ს მივამსგავსე. ყოველი სერიის დამთავრების მერე ვამბობდი “რაღაცა გამოუვიდათ ეს სერიალი”, ჩემი ქმარი უკვე დამცინოდა კიდეc.
ფაქტი სახეზეა, არც ერთ ამ ჟანრის ქართულ სერიალს არ გაუჭაჭანია ტელე–სივრცეში ამდენი სეზონი. არის “რაღაცა”, რაც სერიალს რეიტინგს უნარჩუნებს. მიუხედავად ამისა შემდეგ სეზონებში სერიალმა განვითარება ვერ ჰპოვა და თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა. ახალი, მეოთხე სეზონი სასტიკად არ მომწონს. რამდენიმე მონაკვეთში კი დრამატულად დაახლოებულმა კადრებმა საერთოდ გამაგიჟა. ნამდვილი “telemundo presenta” იყო.
დავიწყოთ თანმიმდევრობით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი ყველა ამ აზრს იზიარებდეთ. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით მსახიობებშია, თუმცა აქაც არის ნათელი წერტილები.
დათო – სხვათაშორის ძალიან ბუნებრივად და კარგად ასრულებს ეს კაცი თავის როლს. არანაირი სიყალბე, განსაკუთრებით სიმთვრალე გამოსდის კარგად.
ნინა _ ნინაც მომწონს როგორც მსახიობი, სიყალბე არც მისგან არ მოდის. ბუნებრივი და როლზე მორგებულია.
თინა _ თვითონ პერსონაჟის იდეა მომწონს. ირონიული, ფემინისტი, ძლიერი ქალი. მაგრამ მსახიობი ალაგ–ალაგ ძალიან ყალბია და მაღიზიანებს.
კატო _ რა ვთქვა არც ვიცი… იმ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, წინა მსახიობის წასვლით აღშფოთებულები რომ ლანძღავენ ახლანდელს, უბრალოდ მთლიანად შეიცვალა კატოს პერსონაჟი. ადრე უფრო ჭკვიანი და ემოციური იყო, ახლა კი საერთოდ გადაუსვეს ხაზი და ერთ შტერ და ინფანტილურ გოგოდ აქციეს. ლელა ძალიან ყალბია, აქვს საშინელი სცენარი, მოძრაობები, ერთი სიტყვით სასტიკად არ მომწონს.
ნატაშკა _ ამ გოგოს პირველივე დანახვიდან აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ნიჭიერია, ბუნებრივი, რასაც აკეთებს ყველაფერი მჯერა. ფიზიკურადაც ძალიან კარგად გამოიყურება.
ყველა მსახიობს ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი. დიტოს ტიპაჟი ჩემთვის ამაზრზენია, თუ ეს კაცი ცხოვრებაში არ ლაპარაკობს ისე, როგორ სერიალში, მაშინ უდავოდ ნიჭიერი მსახიობი ყოფილა. თეატრის მსახიობებს აშკარად ეტყობათ ხოლმე თეატრის დაღი, ზედმეტად დრამატულები და ყალბები არიან ეკრანზე. საერთოდ ქართულ ტელე–სივრცეში, არამარტო ამ სერიალში ქართველი მსახიობების უმრავლესობა ამ სინდრომით იტანჯება. ჟღერენ ძალიან ყალბად და თამაშობენ გადაჭარბებული თეატრალიზმით.
რა აკლია სერიალს: აკლია ძალიან ბევრი რამე.
ფანტაზია
მაგალითად ახალი სეზონის საწყის სერიებში, როცა კატოს და მის ჯგუფს სპეცსამსახურის თანამშრომლებისთვის ივენთი უნდა გაეკეთებიანთ, მასკარადი. წარმოვიდგინე ელეგანტური წვეულება სექსუალური ნიღბებით, ლამაზ კაბებში, მამაკაცები სმოკინგებში, ჩაბნელებული ლოკაცია, აი რაღაც ასეთი:
ან ასეთი:
რა იყო სინამდვილეში? შრეკის, ჯამბაზის, ზოროს და სხვა საბავშო კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცების ყანწების ტრიალი. საშინლად გამიცრუვდა იმედები.
სექსუალური დაძაბულობა
ასეთი ცხოვრებისეული სერიალი წარმოუდგენელია სექსუალური კადრების გარეშე. სცენარისტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შექმნას ისეთი სცენები, რაზეც პირი გაგიშრება. მარტო სექსის სცენას არ ვგულისხმობ. არსადაა სექსუალური დაძაბულობა, რაღაც ისეთი, რაც გაგაფიქრებინებს “it’s so hot”. მარტო დათოს და ნათიას უღიმღამო კოცნა შორს ვერ წაიყვანს სერიალს. აი მაგალითად:
ინტრიგა
უნდა იყოს ისეთი სიუჟეტი, რომლის კვანძის გახსნასაც მოუთმენლად დაელოდები. მესმის, რომ ეს მსუბუქი მელოდრამა/კომედიაა, მაგრამ გაიხსენეთ სასოწარკვეთილი დიასახლისები. ყოველ სეზონს ისეთი საიდუმლო და ინტრიგა ახლდა, რომლის გამოც ღირდა თუმდაც მთელი სეზონის ყურება.
სექსუალური გოგო–ბიჭები.
ალბათ იტყვით რა წაიღე ტვინი ამ სექსუალურობითო, მაგრამ მეგობრებო, ეს ხომ რეიტინგული სერიალის მთავარი ფაქტორია! ვამპირების დღიურების პოპულარობა ხომ იან ზომერჰელდერის პრესზეა აგებული.
6 pack
აი თუნდაც, მეოთხე სეზონში, სადაც კატო გაიცნობს მილიარდელ ბიზნესმენს. ხომ შეიძლებოდა ასაკოვანი და ნაბდიანი ბიძის მაგივრად იდუმალი, ძალიან სიმპათიური და მიმზიდველი მდიდარი მამაკაცი გაეცნო, აი როგორიცაა კრისტიან გრეი “50 shades of grey”–დან. სერიალს ხომ მეტი რეიტინგი ექნებოდა? მეტი ინტრიგა? რა თქმა უნდა.
სერიალში უნდა იყვნენ ისეთი ფიზიკური მონაცემების მქონე მსახიობები, ვიზეც გოგოებიც და ბიჭებიც გაგიჟდებიან, მაგრამ რა ვიცი რა ვიცი, მე ჯერ კარგი ტანის მქონე ქართველი მსახიობი არ მინახავს.
და ბოლოს: მიეცით ფანტაზიას გასაქანი, გააფართოვეთ ლოკაციების არეალი, შემოიყვანეთ ახალი მსახიობები, იქნება და ამართლებენ მოლოდინს, ჩახლართეთ სიუჟეტი, დაივიწყეთ ბრაზილიური მოტივები (ეს საყვარლის და ცოლის ერთდროული ორსულობა ხომ ბრაზილიური სერიალების კლასიკაა) და დარწმუნებული ვარ ეს სერიალი ბევრად უკეთესი გამოვა, ვიდრე ახლა არის.
რაღა დასამალია და ამ “მეგა-შოუს” ყველა ეპიზოდს ვუყურე. ვუყურე ცნობისმოყვარეობის და უფრო მეტად იმ უამრავ ხარვეზზე დასაკვირვებლად, რომლითაც სავსეა პროექტი.
არ ვიცი რატომ გამოვიდა ასეთი დაბნეული, გაურკვეველი, არეულ-დარეული და დაბალი დონის შოუ, თუმცა იმედია უკვე დაგეგმილ მეორე სეზონს გააუმჯობესებენ, გუშინ კი პროექტის ფინალი შედგა.
პირველ ნაწილში იცეკვა თითქმის ყველა მონაწილემ თავისი საუკეთესო ცეკვა და ეს ძალიან დამღლელი იყო. ჯერ ერთი უკვე ნანახი გვქონდა და ეფექტი აღარ ჰქონდა, მეორეც ძალიან გაიწელა. საერთოდ ფინალში ორი ან სამი საუკეთესო ნომერი უნდა წარადგინონ და არა ყველა. კიდევ ერთი – უდამღლელესია ამხელა ბონუსების ყურება, ცეკვაზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი ქრონომეტრაჟის ვიდეო გადის ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარი და უინტერესო კადრებით. სანამ მონაწილეები გამოვლენ, უკვე დაიღლები.
წამყვანები როგორც წესი ყოველ ორ სიტყვაში შეცდომებს უშვებდნენ და იმის მაგივრად რომ არ შეემჩნიათ, რუსკამ “ღმერთო ჩემო, რა მჭირსო” გაიკვირვა გაწელილი ინტონაციით. კაბუ საშინლად ბლუყუნებს და ჩლიფინებს, გასაგებია პრობლემები აქვს, მაგრამ მაშინ დაჯექი სახლში და ნუ წაიყვან ამხელა “მეგა-შოუს”…
მეორე ნაწილში გვეღირსა და ვიხილეთ მონაწილეები ცეკვის ორი ჟანრით “ფოქსტროტი” და “პასო დობლე”. ფოქსტროტი მართლა ძალიან რთული საცეკვია, ტყუილად არ წუწუნებდნენ, მაგრამ იმდენად ნელი იყო ორივე ფოქსტროტი, რომ ის მთავარი სირთულე, რაც ჩქარ ნაბიჯებში და მოძრაობაში დევს, დაიკარგა. მე ისეთი ფოქსტროტები მაქვს ნანახი, ამათზე ნამდვილად ჩამომეძინა.
აი მაგალითად SYTYCD-ის მეხუთე სეზონი, სადაც ქეითი და თვიჩი ცეკვავენ ფოქსტროტს. განსხვავებით ამ პროექტისა, იქ არც ერთი არაა პროფესიონალი მოცეკვავე, თვიჩი ჰიპ ჰოპს ცეკვავს და არასდროს არ ჰქონია შეხება სამეჯლისო ცეკვებთან. მიუხედავად ამისა ცეკვა ძალიან ლამაზი გამოვიდა.
რაც შეეხება პასო დობლეს, ეს არის ჩემი უსაყვარლესი ცეკვა, რომელსაც ჩვენმა მონაწილეებმა ცოტა ხასიათი შეუცვალეს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცუდად იცეკვეს. მე უბრალოდ ისეთი შესრულებები მაქვს ნანახი, რომ ამათი ცეკვა აღარ მეჩვენება კარგად და საინტერესოდ. ხაზს გავუსმევ – ცუდი არ იყო, მაგრამ არც გადასარევი.
ჰეიდი და ტრევისი, მეორე სეზონის ფინალისტები, ცეცხლოვანი პასო დობლე.
კიდევ ერთი პასო დობლე, სეზონის გამარჯვებული საბრას და ნილის მონაწილეობით, რომელიც ყველაზე სექსუალური ბიჭია ყველა სეზონში და ძალიან, ძალიან ნიჭიერი მოცეკვავე.
მოძრაობას, რომელსაც ნილი აკეთებს ამ ცეკვაში, ძალიან იშვიათად ასრულებენ მოცეკვავეები.
კარგი, შევეშვათ იმათ, დავუბრუნდეთ ქართულ “მეგა-შოუს” (რამდენჯერმე ვიფიქრე ყური ხომ არ მატყუებს-თქო, მაგრამ მართლა ასე აცხადებენ იმედზე). მეორე ნაწილიც გაიწელა, ჟიურის კომენტარები, უჩანეიშვილის ახალი ჩვევა სათითაოდ ჩამოფურცლოს ქულები სანამ აჩვენებს და ა.შ.
რეკლამებზე აღარაფერს ვამბობ, რეკლამების დროს შეგიძლია წახვიდე პარიზში სამოგზაუროდ, გზად შეიარო ლუვრში, აცოცდე ეიფელის კოშკზე და ჩამოცოცდე და მერე მშვიდად უკან დაბრუნდე.
მესამე ნაწილმა ჩემდა გასაკვირად მალე გაიარა. გამოაცხადეს გამარჯვებული, რომელიც ისედაც ყველამ იცოდა ვინც იქნებოდა, დაარიგეს ვაუჩერები და სილამაზის სალონების აბონიმეტები და ანრის უკვდავი ვოკალის ფონზე ეს დიდებული პროექტიც დამთავრდა…
მეორე სეზონამდე შეგვიძლია ვუყუროთ იმედის სერიალებს, ქალურ ლოგიკას და სხვა მეგა-პროექტებს.
სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალი ქართული პოექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები”. ვინც არ იცის გეტყვით, რომ ეს არის ცნობილი საცეკვაო შოუს, ამერიკული “dancing witht he stars”-ის ქართული ანალოგი. ორიგინალი პროექტი ეკუთვნის ბიბისის, რომლის სახელწოდებაც იყო “Strictly Come Dancing” და რომლის კოპირებაც 40-მდე ქვეყანამ მოახდინა, თანაც საკმაოდ წარმატებითაც.
სიმართლე ითქვას ცეკვის კონკურსებიდან ყველაზე ნაკლებად ამ პროექტის ვწყალობდი, არის კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი შოუ, მაგალითად “so you think you can dance” საიდანაც ხშირად ვდებ ხოლმე ბლოგზე ვიდეოებს და “step it up and dance”.
“ცეკვავენ ვარსკვლავები” ამ პროექტებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ მონაწილეობას უკვე ცნობილი ადამიანები იღებენ, წინა ორ შოუში კი უცნობი ადამიანები მიდიან, ზოგს საერთოდ გამოცდილებაც არ აქვს.
ახლა რაც შეეხება ქართულ პროექტს. პილოტს, ანუ პირველ გადაცემას არ შევეხები, გასაგებია, რომ პირველი იყო, ამიტომ განვიხილავ მეორე გადაცემას.
რითი დავიწყო არც ვიცი. მოდით დავიწყოთ ვარსკვლავებით. ამ 12 წყვილიდან რამდენია აქედან ვარსკვლავი, რა თქმა უნდა ესეც საკითხავია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სავარაუდოდ ბევრი არ დათანხმდა ამ პროექტში მონაწილეობაზე.
წამყვანები: კახა კინწურაშვილის მიმართ ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი და პრინციპში წამყვანის ამპლუაშიც არა უშავს. კაბუ საერთოდ ერთი დიდი გაუგებრობაა, ლაპარაკობს საშინელი დაყენებული ხმით, თითქოს რობოტი იყოს, ხშირად ეშლება ტექსტი და იბნევა, რამდენიმეჯერ იმეორებს ერთი და იგივე სიტყვას პაუზის დასაფარად. რუსკასგან უკეთესს მოველოდი რატომღაც, მაგრამ ძალიან თეატრალურია, ტუჩებს ზედმეტად მანჭავს და მასაც ხშირად ერევა ტექსტი.
ზოგადად ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხები ძალიან მოუმზადებელია, როცა უნდათ, რომ ეკრანზე გამოჩნდეს რეიტინგის ტაბლო, არაფერიც არ ჩანს, წამყვანები უხერხულად ახველებენ და უარესად იბნევიან. რეკლამაზე გასვლისას, როცა ჰგონიათ, რომ უკვე გასულები არიან, ისმის მათი რეპლიკები “ეს მომაშორე” ან მსგავსი.
გადავიდეთ ოპერატორის ნამუშევარზე. ეს არის სრული კატასტროფა. საშინელი მბრუნავი და აყირავებადი კადრები, კისერი მომეღრიცა, თვალები მეტკინა, ნერვები მომეშალა და ა.შ თუმცა რამდენიმე პატარა ვიზუალური ეფექტი მომეწონა, როგორიც იყო ზევიდან ფანტელების ჩამოცვენა, ე.წ ბრჭყვიალა ქაღალდების ჩამოყრა და ა.შ
ბენდზე და ცოცხალ მუსიკაზეც რომ არ ვთქვა ორიოდე სიტყვა უბრალოდ არ შემიძლია. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ 90% შესრულებების სასტიკად არ მომეწონა, ზოგი კი ისე, რომ ცეკვას ვეღარ ვაქცევდი უკვე ყურადღებას. მგონი ჯობდა ისევ ცოცხალი შესრულების გარეშე ეცეკვათ, ალბათ მათთვისაც ასე უფრო ადვილი იქნებოდა.
ერთი სიტყვით, თუ არ გაქვთ ნანახი, უყურეთ ჩანაწერს და თვითონ განსაჯეთ, შეიძლება ზედმეტად ბევრს ვითხოვ, მაგრამ მინდა ყველაფერი ძალიან კარგი იყოს.
ეს ჩემო ყველა დროის ფავორიტი შესრულებაა შოუდან ” “so you think you can dance”, რომელმაც ემის ჯილდო მოუტანა პროექტს.
დავიწყოთ იმით, რაც ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან – ძალიან მიყვარს ყველანაირი ტალანტ და რეალითი შოუ. ბრიტანული და შემდეგ უკვე ამერიკული “got talent”-ის ყველა სეზონის ყველა ეპიზოდი მაქვს ნანახი, აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობ მის სპეციფიკას და ყველა დეტალს.
ქართულიო “ნიჭიერი” როგორც მოგეხსენებათ სწორედ ამ პროექტის ვერსიაა, რომლის ყველა სეზონი დიდი რეიტინგებით მიმდინარეობს და გამონაკლისი არც მესამე იქნება. აქტიურად ვუყურებდი წინა ორ სეზონს, თუმცა არ გამჩენია სურვილი პოსტი დამეწერა მათ შესახებ.
სანამ პირველი გადაცემის მიმოხილვაზე გადავალ, მინდა რამდენიმე საკითხზე ვისაუბრო, რამდენიმე პუნქტი, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი და ისიც, რაც ჩემი აზრით უკვე გამოსწორდა.
1. ჟიური.
ყველაზე კრიტიკული ჟიურის მიმართ ვარ ხოლმე, ვერ ავიტან სიყალბეს ჟიურის მიერ, ვერ ავიტან ხელოვნურ მოქცევას, ბევრ რამეს ვერ ავიტან, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბოლო ორი წელია ჟიურით კმაყოფილი ვარ, სოფო გაცილებით გახნილი მეჩვენება ამ წელს, რაც მთავარია ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეუძლია “არა”-ს თქმა, ვანოს კომენტარები ყოველთვის თავის ადგილზეა და არ არის ყალბი, რაც შეეხება გეგას, ის ამ სამი ადამიანიდან ყველაზე მკაცრი ჟიურის როლს ითავსებს, თუმცა სულაც არაა ძალიან მკაცრი, ეს უბრალოდ შოუს ნაწილია, ყველა პროექტში ასეა, ერთ-ერთმა ჟიურიმ თავის თავზე უნდა აიღოს სიმკაცრე, როგორც ეს იყო ბრიტანულ got talent-ში, სანამ საიმონი წავიდოდა, პირსი არ იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ საიმონის მერე დევიდ ჰესელჰოფი მოვიდა, რომელსაც ყველა და ყველაფერი მოსწონდა, ამიტომ პირსმა თავის თავზე აიღო მკაცრი ჟიურის როლი და ცოტა ზედმეტი მოუვიდა კიდეც 🙂
კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ვისურვებდი ნახევარ-ფინალებში და ფინალში ესაა ჟიურის გამოსვლა, რომელიც შოუს ნაწილია. ჩვენ მაყურებლებს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის, ყოველთვის გვაინტერესებს როგორ გამოიყურება ჟიური, რა აცვია, როგორი ვარცხნილობა აქვს. ამ შემთხვევაში ჟიურიში მხოლოდ ერთი ქალია, ამიტომ სოფომ თავის თავზე უნდა აიღოს ყველაფერი. ყოველდღიური ჩაცმულობა მისაღებია ქასთინგებისთვის, მაგრამ როცა დაიწყება ნახევარ-ფინალები და შოუს უფრო საზეიმო ელფერი მიეცემა, ჩაცმულობა და გამოსვლაც უნდა შეიცვალოს. Got Talent-ის ერთადერთ მდედრობითი სქესის ჟიურის,ამანდა ჰოლდემს ყოველი გადაცემისთვის ცნობილი დიზაინერები უკერავდენ კაბებს და მის გარეგნობაზე და ვარცხნილობაზე ქვეყნის საუკეთესო სტილისტები ზრუნავდნენ.
დარბაზში შემოსვლა კარგია ქასთინგებზე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ნახევარ-ფინალებზე ჟიური პირდაპირ სცენაზე გამოსულიყო, როგორც ეს ხდება ყველა Got Talent-ში. არ ვიცი სცენა რამდენად მისცემთ იმის საშუალებას, რომ გაიხსნას, ან აიხადოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ასეთი შემოსვლა უფრო ეფექტურია, შესაძლებლობა გაქვს კარგად შეათვალიერო ჟიურის წევრი, გასაგებია, რომ ეს არაა მთავარი, მაგრამ ესეც შოუს ნაწილია.
2. წამყვანები.
აი აქ ალბათ ძალიან ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემი მთავარი პრობლემა წამყვანებია. უფრო სწორად ის ქრონომეტრაჟი, რომელიც მათ ეთმობათ. ყველაფერი გასაგებია, აუცილებელია მათი ხშირი ჩვენება, მათი კომენტარები, მათი ცეკვა, მათი ტირილი, მაგრამ ამას გადაცემის ქრონომეტრაჟის იმხელა ნაწილი უკავია, რომ უკვე აღიზიანებს ადამიანს. მონაწილის გასვლის მომენტიდან ყოველ ათ წამში მათ გვიჩვენებენ, გულით რომ გინდოდეს თავიდან ბოლომდე უყურო გამოსვლას, ვერ მოახერხებ.
წამყვანებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ შოუში, მაგალითად ამერიკის got talent-ი ვერ წარმომიდგენია ნიკ ქენონის გარეშე, მაგრამ იქ არ აჭარბებენ, ყველაფერს თავისი დრო და ზომა აქვს.
სხვა მხრივ კი რამდენიმე ხუმრობაზე გულიანად გამეცინა, თიკა და ვანიკოს წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულები მეჩვენებიან.
ეს რაც შეეხებოდა ტექნიკურ დეტალებს და კრიტიკას, ახლა თვითონ ქასთინგები და მონაწილეები.
მეც ისე, როგორც მაყურებლების უმრავლესობა თითოეული სეზონის განმავლობაში ირჩევს თავის ფავორიტს და გულშემატკივრობს მას პროექტის განმავლობაში, მაგრამ პირველ გადაცემაში ფავორიტი არ მყოლია, დამამახსოვრდა რამდენიმე მონაწილე, მაგალითად ჰარი პოტერი, რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ჯადოქარი და ილოზიონისტი და ცეკვა შეგვისრულა, მეგობრების ტრიო, რომლებმაც პოპური შემოგვთავაზეს საკმაოდ ორიგინალურად გაკეთებული და ნიკ მალფოის თავიდან ჩავარდნილი, მაგრამ ბოლოს “ამოქაჩული” ნომერი.
ასეთი სტილის გადაცემების ქასტინგები როგორც ყოველთვის ერთი განსხვავებული მონაწილით მთავრდება ხოლმე, ხშირად ამ მონაწილეს საინტერესო ან სევდიანი ისტორია აქვს, ან ისეთი ნიჭის პატრონია, რომ მთელს დარბაზს აოცებს, ერთი სიტყვით უბრალო რიგითი მონაწილით არასდროს ამთავრებენ გადაცემას.
ანა ქაშიბაძე, ლექსის მხატრული წაკითხვის გარდა იმით გამოირჩეოდა, რომ ძალიან თბილად იყო განწყობილი თიკას და სოფოს მიმართ, ერთი სიტყვით იყო ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზი ბავშვი. მაყურებლების და ჟიურის რეაქცია იყო ასეთი:
ერთი სიტყვით ისევ დაველოდები შემდეგ ორშაბათს და გამოვხატავ ჩემს სიხარულს იმის მიმართ, რომ შევძელით გაგვეკეთებინა უცხოური პროექტის იდენტური გადაცემა, რომელიც ძალიან რეიტინგულია, საინტერესო და გემოვნებიანი.
უამრავ მიმდინარე შოუს ვუყურებ, მაგრამ თითო სერიების გამოსვლაზე მაწყდება ნერვები და ახლა გადავწყვიტე სანამ რამდენიმე მათგანის სეზონიც მაინც არ დამთავრდება არაფერს ვუყურო. მე და ბადრი მოვრჩით ფრენდსის ათ სეზონს და მიუხედავად იმისა, რომ იქამდე ნანახი მქონდა “როგორ შევხვდი დედაშენს”, ბიგ ბენგ თეორია და მოდერნ ფემილი, მაინც ვაღიარებ, რომ საუკეთესო სიტკომია სიტკომებს შორის. ამაში დაგემოწმებათ ჩვენი ზედა ან ქვედა მეზობელი, რომელსაც ალბათ ხშირად ღვიძებდა ჩვენი ხარხარი შუაღამისას.
ჩემი დამოკიდებულება ესპანურის მიმართ ალბათ იცით. ინტერნეტში რამდენიმე კურსი დავხურე და ვეძებდი რამე ესპანურ ენოვან საინტერესო ფაილებს, როცა წავაწყდი ლაგუნა ნეგრას და ბუქმარქებში ჩავინიშნე, მაგრამ მერე აღარც გამხსენებია.
რამდენიმე დღის წინ ლიკამ მითხრა ესპანურ სერიალს ვუყურებ და ძალიან მომწონსო და მაშინვე ვიცანი ეს სერიალია. ვინაიდან დასრულებულმა შვიდმა სეზონმა სულზე მომისწრო, ბევრი აღარ მიფიქრია და გადმოვიწერე. უცნაური ისაა, რომ შემთხვევით ბადრი შემომიერთდა ყურებისას და იმის მერე სამი ღამეა 6 საათზე ვიძინებთ, კიდევ ერთი ჩავრთოთ, კიდევ ერთი – იძახის, არადა თითო სერია საათნახევრიანია. ეს ის ბადრია, ასეთი ჟანრით ვერასდროს რომ ვერ დააინტერესებ, ისტორიული ფილმები რომ უყვარს და მისტიკას და საშინელებათას უაზროს რომ ეძახის.
ერთი სიტყვით ჩაგვითრია და მერე როგორ ჩაგვითრია.
ამ სერიალში იმდენი ინტრიგაა ჩახლართული, რომ ლოსთი მომაგონა. ყოფილი ობოლთა თავშესაფარი ახლა პრესტიჟულ პანსიონადაა ქცეული. ხუთი მოსწავლე უცნაურ და არც ისე სასიამოვნო ინტრიგებში აღმოჩნდება გახვეული, როგორც ჩანს ამ პანსიონში ადრე საშინელი ამბები ხდებოდა.
ყველა პერსონაჟს თავისი საიდუმლო და ბნელი წარსული აქვს. საიდუმლო გვირაბები, 30 მილიონად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები, ტყეში მოსიარულე არსებები წლების წინ მომხდარი საიდუმლო ექსპერიმენტები, რომლებიც ახლაც გრძელდება. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესოა.
ჩემი აღმოჩენა და ამ ბოლო დროის ქრაში – ვონ გონსალესი
ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ლინკი ნახოთ აქ – და აარჩიოთ სეზონი და ხარისხი. არის რუსულად გახმოვანებული. laguna negra
დავიწყე ბრიტანული გოთ ტალენტის მეხუთე სეზონის ყურება, წინა 4 ნანახი მაქვს. უკვე დამთავრებულია, მაგრამ თავს არ ვისპოილერებ და არ ვნახულობ ვინ გახდა გამარჯვებული.
ამერიკული ვარიანტიც ძალიან მომწონს, მაგრამ რატომღაც ბრიტანული მირჩევნია, რაღაც სხვა მუხტი აქვს თითქოს.
ძალიან საინტერესო ქასთინგები იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც გამოირჩეოდა რამდენიმე მონაწილე.
რუმინელი მონაწილე, რაზი გოგონეა, რომელიც მატრიცას დიდი თაყვანისმცემელია:
მაიკლ კოლინზი, რომელიც მივიდა ნარინჯისფერ სპორტულ ქურთუკში და საშინაო შარვალში, მისგან ბევრ არავინ არ ელოდა, თუმცა მოახერხა ხალხის გაოცება.
მაიკლ მორალი, 21 წლის ფრანგი მოცეკვავე, რომელიც სპეციალურად ამ ქასთინგისთვის ჩამოვიდა საფრანგეთიდან:
12 წლის ბიჭი ძლიერი ხმით, რონან პარკე:
და ჯეი მაკდაუელი, რომელიც რატომღაც ძალიან მესიმპათიურება:
ივნისის დასაწყისია და ყველა ონგოუინგი სერიალი დასრულდა, რასაც მე ვუყურებდი, ალბათ დაახლოებით ათი მაინც. ჰოდა შემოდგომამდე დავემშვიდობე ჩემს საყვარელ სერიალებს და შევუდექი ახლების ძებნას.
სანამ ახალი სერიების ბუმი დაიწყება, მოწყენილობის ჟამი დამიდგა. ახლახანს მოვრჩი სუპერნატურალის ფინალს, გლის, გოსიფ გერლს, სმოლვილის ორსაათიანი ფინალი დამრჩა სანახავი. ჩემი ტექსტ დოკუმენტის უზარმაზარი სიიდან ყველა მიმავალი სერიალი წაიშალა ფემილი გაის გარდა, ბოლო სერიას ველოდები.
წუხელ მოვრჩი უსაყვარლეს how I met your mother–ის მეექვსე სეზონს და დავემშვიდობე ასევე სექტემბრამდე და თავს კარგად ვერ ვგრძნობ, ნოსტალგია მაქვს 🙂 ერთი ერიკ მაკორმაკზე მიკვირდა უილ და გრეისში, ნატურალი კაცი 8 სეზონი გეის როლს ბრწყინვალედ ასრულებდა და მეორე ნეილ პატრიკის მიკვირს, გეი ნატურალის და თან როგორი მექალთანე ნატურალის როლს როგორ გენიალურად, არა, ლეგენდარულად ასრულებს.
ასე რომ ვეძებ რაღაც ახალს, დასრულებულს, ბევრი სეზონებით, რომელიც ზაფხულში გამართობს და დროს გამაყვანინებს, მაგრამ ძებნისას აღმოვაჩინე, რომ უამრავი, ძალიან ბევრი სერიალი მქონია ნანახი.
ესეც ჩემი მოკრძალებული სია, და რამე საჩემო თუ გამომრჩა ძალიან გთხოვთ მირჩიეთ, თორემ ცოტა ხანში ტელევიზორთან და ბრაზილიურ სერიალებთან გადავინაცვლებ 🙂
ჰოდა მე დავბრუნდი და ეს ორი დღე ლამის გავგიჟდი უინტერნეტოდ. დღეს ორი მხიარული ბიჭი მოვიდა და ჩამირთეს ინტერნეტი.
რა თქმა უნდა გული არ გამიძლებს ევროვიზიას არ შევეხო, ეს ერთადერთი მუსიკალური კონკურსია, რომელსაც არასდროს არ ვტოვებ, მიუხედავად იმისა რომ აქ პოლიტიკაა ჩარეული და ბლა ბლა ბლა მაინც ძალიან მიყვარს.
თანაც სხვა წლებისგან განსხვავებით აქ კარგად ვიცნობ კონკურსანტებს და მათ სიმღერებს, ჩემი ფავორიტებიც მყავს საქართველოს გარდა რა თქმა უნდა.
გახდა 11 საათი, რომელსაც მოუთმენლად ველოდებოდი და მე და ლიკა შევუდექით ყურებას სინქრონული რეჟიმით ტელეფონზე, მარწყვის ნაყინის თანხლებით.
დავიწყოთ იმით, რომ დარბაზმა და სცენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მილიონობით ევროს ახარჯავენ ევროვიზიის სცენის მოწყობას, მაგრამ გერმანიამ საოცრება გააკეთა.
რაც შეეხებათ მონაწილეებს… უნდა ითქვას რომ საკამოდ სუსტი ჯგუფი იყო, ჩემი ფავორიტების უმეტესობა მეორე ნახევარფინალში მოხვდა. უმეტესობა არ ვარგოდა, უმელოდიო, უაზრო სიმღერები – სან მარინო, მალტა, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია – არაფრად ვარგოდა, შესაბამისად ვერც მოხვდნენ ფინალში.
სომხეთს საშინელი დეტონაციები ჰქონდა, ხმა ცუდად ისმოდა, სიმღერაც ძალიან ზედაპირული და მარტივი. თურქეთისგან მეტ ველოდი, ცუდი არ იყო, მაგრამ არც გადასარევი, არადა როგორც წესი კარგ კონკურსანტს უშვებენ ძირითადად როკის ჟანრში.
აზერბაიჯანმა იმედები გამიცრუა, ჩანაწერში სიმღერა ცუდად არ ჟღერს, მაგრამ ლაივში ცუდად ისმოდა. თანაც ამ გოგოს დაყენებული მანერები მაღიზიანებდა.
რუსეთის ვერც თავი გავიგე ვერც ბოლო, რაღაც თინეიჯერული სიმღერა იყო. ნორვეგია თავისი ცნობილი ჰაბა ჰაბა–თი, რომელიც რატომღაც მეგონა გავიდოდა, მაგრამ დარჩა გაღიმებული.
ახლა შედარებით ძლიერ კონკურსანტებს რაც შეეხებათ – უნგრეთი, რომელსაც გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებენ, სულ რომ არ ემღერა ისეთი შოუ დაუდგეს, თვალები დამიბრმავდა, ლუჯრი შუქებით და საოცარი ეფექტებით, თუმცა უნდა ვაღიარო არ არის ცუდი სიმღერა და ქალიც კარგად მღერის.
ყველას მოეწონა ლიტვა ჩემს გარდა. გოგო კარგად მღერის, მაგრამ ზედმეტად მოსაწყენი ბალადაა, ჩამეძინა, მელოდიაც ვერ დავიმახსოვრე.
საყვარელი ისლანდიელი კაცები, რომლებიც გარდაცვლილი მეგობრის საპატივცემულოდ გამოდიან, კარგი სიმღერით, მაგრამ ასევე ცოტა მოსაწყენი, თუმცა გული არ დამწყვეტია, ფინალში რომ მოხვდნენ, იმსახურებდნენ.
სერბეთს არაფრით არ ველოდი ფინალში, ჭრელ კაბაში ჩაცმული ქერა გოგო უაზრო სიმღერით, რომლის მელოდიაც ასევე ვერ დავიმახსოვრე.
ჰო, ახლა ჩემი ორი ფავორიტი – ფინეთი და საბერძნეთი.
საბერძნეთის წარმომადგენელი, ლუკას იორკასი და სტერეო მაიკი უცნაური მიქსით, რომელიც ძალიან ბევრს არ მოეწონა და საერთოდ ისეთი სიმღერაა, ან უნდა მოგეწონოს, ან შეგზიზღდეს და მე ძალიან მომეწონა.
ლუკა ბერძნული იქს–ფაქტორის გამარჯვებულია, დედაჩემი ხშირად მიყვება ხოლმე, ის აქ არც ერთ კონკურს არ ტოვებს. ძალიან ნიჭიერი და კარგი ვოკალის მქონე, თავმდაბალი და მორიდებული ბიჭი.
სიმღერა ბერძნულ–ინგლისურია, თავიდან სტერეო მაიკი რეპავს და მერე ლუკა აგრძელებს პატრიოტული სულისკვეთების სიმღერით, თითქოს ძალიან შეუსაბამოა, მაგრამ კარგად ერთდება, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომეწონა. ლუკას ხმა კარგად ისმოდა, სხვებისგან განსხვავებით.
ფინეთის საყვარელი პერედაიზ ოსკარი, რომელიც პლანეტის გადარჩენაზე მღერის, საყვარელი და წყნარი სიმღერა, ოსკარი მარტო ასრულებს ამ სიმღერას, ყოველგვარი ბექ ვოკალების და შოუს გარეშე, ვარსკვლავების ფონზე.
და ბოლოს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საქართველო…
უნდა ითქვას, რომ სასიამოვნოდ დავრჩი გაოცებული, მე–9 ნომრად გამოვიდა ელდრაინი და წინა კონკურსანტებს ათასჯერ სჯობდა, ყველაფერი თავის ადგილზე იყო, ხმა, ინსტუმენტები, გაფორმება.
სოფოს კაბას ბევრი უარყოფითი შეფასება მოყვა, ადარებდნენ უცხოპლანეტელს, მორტალ კომბატს, ლედი გაგას, სიმართლე ითქვას არც მე მომეწონა კაბა, უკეთესი შეიძლებოდა, არც ცოტა წვეტიანმა ჩექმებმა მომხიბლა, მაგრამ ბიჭებს მოუხდათ მწვანე და შავის ნაზავი. კიდევ კარგი, ერთხელ მაინც ვნახე ქართული ჯგუფი, მიუხედავად იმისა რა ჟანრს მღეროდნენ, რომ ჭრელი საროჩკები და ნაკეციანი შარვლები არ ეცვათ, მადლობა ღმერთს!
მომეწონა გიტარისტის მეიქაფი და ვარცხნილობა 🙂 ნუ პრინციპში შუა ნაწილის რეპსაც არა უშავდა, აიტანა სიმღერამ, გიტარისტის რამდენიმე ჩახავლებაც მესიამოვნა, კარგად ჩაჯდა.
სოფოს რაც შეეხება, სტარ აკადემიდან მოყოლებული რატომღაც გულზე არ მეხატება ეგ გოგო, მაგრამ ვაღიარებ რომ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და ბოლომდე დაიხარჯა, ვოკალი ბევრად იყო გამოსწორებული ბოლო თვის მანძილზე, თორემ ვანოს შოუში რომ იმღერა, იქ სერიოზულად შემეშინდა.
და კიდევ სულ მეშინოდა რეპის ეპიზოდზე სიტყვები არ დავიწყებოდა გიტარისტს და იმდენი ვიმეორე არ დაგავიწყდეს არ დაგავიწყდეს –თქო სანამ ლიკამ არ მაგინა 🙂
მომეწონა ტყავის ელემენტები ბიჭების ტანსაცმელში , რა თქმა უნდა იტყოდნენ “ბიჭი რომ თვალებს შეიღებავს” და მსგავს ქართულ სიბრძნეებს, მაგრამ ვაღიაროთ – რაც იყო კარგი იყო.
სიმღერა რომ ძალიან მომწონს ამას დიდი ხანია ვამბობ, მომწონდა თაკოს დროსაც და მომწონს ახლაც, ამ ჟანრის მიმართ გულგრილი ვერასდროს დავრCები, ალტერნატივა და პანკ–როკი ჩემი სისუსტეა. ვფიქრობ მეტის გაკეთება შეიძებოდა სცენაზე გაფორმების მხრივ, სხვებს აუფეთქეს სცენა და ცეცხლები და ფეიერვერკები უყარეს.
ესეც სურათები სცენიდან:
ესეც ნახევარფინალის ყველაზე კარგი ხარისხის ვიდეო რაც ვნახე:
ესეც შედეგები ეკრანზე, ჩანს მეხუთე ნომრად საქართველო.
დღევანდელ ნახევარფინალსაც მოუთმენლად ველოდები, დანია, რომელსაც ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობ საქართველოს მერე, დღეს გამოდის.