ჩემი სპინალური საკეისრო

ჯერ ერთი კვირაც არ გასულა რაც საკეისრო გავიკეთე და ლილე დაიბადა. ხან მთელი კვირა ისე გაივლის ხოლმე, რომ მოწყენილობით ვკვდები და საინტერესო არაფერი ხდება, ახლა კი ლამის მთელი საუკუნე ჩაეტია ერთ კვირაში.

ძალიან მშვიდად ვიყავი. არ მინერვიულია,  შევავსეთ მონაცემები, გამოვიცვალე და მოსამზადებელ ოთახში შევედი, სადაც რამდენიმე ანალიზი აიღეს და საოპერაციოში გამისტუმრეს.

საოპერაციო საკმაოდ უწყინრად გამოიყურებოდა, ყოველ შემთხვევაში ჩემში შიში და პანიკა არ გამოუწვევია. ცალ ხელზე კათეტერი ჩამიდგეს, მერე მაგიდაზე დამსვეს და ანესთეზიოლოგმა სპინალური გაუტკივარება გამიკეთა, თან გზადაგზა ყველაფერს მიხსნიდა. ნემსის შესვლა ვიგრძენი, ოდნავ უსიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ გასახსენებლადაც რომ არ ღირს ისეთი. მაშინვე წამოვიდა სითბო ფეხებში და წამომაწვინეს. მეორე ხელზე წნევის საზომი დამიმაგრეს.

ვწევარ და ვუყურებ ზევით შუქებს, თან ვფიქრობ – მდაა… ახლაც რომ არ მეშინია? ერთადერთი იმაზე ვდარდობ, ალბათ როგორც პაციენტების უმრავლესობა, ოპერაცია იქამდე არ დაიწყონ, სანამ ბოლომდე გამიბუჟდება. ახლა ხომ ყველაფერს ვგრძნობ, აი ფეხის თითებსაც კი გავამოძრავებ. უპს. ფეხის თითებს ვერ ვამოძრავებ.

გადამაფარეს პატარა ფარდა, შემოვიდა ჩემი გინეკოლოგი და დაიწყო პროცესი. მიახლოებით მივხვდი როდის გაჭრეს მუცელი, მაგრამ ისევ არ მაქვს რეაქცია. ანესთეზიოლოგი ამასობაში პოლიტიკაზე მესაუბრება და თან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე უკვირს, რატომ მაქვს ასეთი ნეიტრალიტეტი დაჭერილი. ისევ ჭერს ვუყურებ და ინსტრუმენტების ჩხაკუნიც მესმის. ვიცი ჩემს მუცელში იქექებიან, მაგრამ არ მტკივა და რა მადარდებს?

ახლა ძლიერ დაწოლას იგრძნობ – მეუბნება ექიმი და შუბლზე მადებს ხელს. მერე რამდენიმე კაცი გულის ფიცართან ძლიერად მეჯაჯგურება, ლამისაა დაბლა ჩამიტანონ, რამდენიმე წამში კი ტირილი მესმის, თან ძალიან ძლიერი და მიკვირს ამ ბავშვს რამხელა ხმა აქვს.

ბავშვი სასწრაფოდ გაჰყავთ, ამასობაში კიდევ აჩხაკუნებენ რაღაცეებს და ბჭობენ რომელიღაც ქეიფზე მომხდარ ამბებზე, მერე ლილე მოჰყავთ გრძელი შავი თმებით და შეშუპებული ცხვირით. რამხელა თმები აქვს – ვიკვირვებ მე და ეს პირველი სიტყვებია, რომელიც ჩემი შვილის მიმართ ვამბობ. ისევ გაჰყავთ. ემოცია ჯერ არ მაქვს, არხეინად ვწევარ და ველოდები დასრულებას. სულ მეგონა გაკერვის პროცესი ძალიან გაიწელებოდა, მაგრამ პირიქით, ძალიან მალე დამთავრდა.

ისეთი ნაკერი გაქვს, ვერც კი შეამჩნევ – მეუბნება ექთანი. ძალიან კარგი, მიხარია გულში.

თავში და ფეხებში მავლებენ ხელებს და გორგოლაჭებიან საწოლზე გადმოვყავართ, მერე კი ინტენსიურში. საწოლი ფანჯარასთან დგას, გარეთ ჩემები არიან შეკრებილები და დიდი ყურადღებით მაკვირდებიან. წელს ქვევით ვერაფერს ვგრძნობ, არაფერი მტკივა და მშვიდად ვიღიმები, ერთადერთი ოთხი თუ ხუთი უზარმაზარი ბოთლი მაღელვებს, რომელიც ჩემს ვენაში უნდა ჩამოიღვაროს და ხელი მეღლება.

ველოდები ანესთეზიის მერე საშინელ ტკივილს, თანაც გამაფრთხილეს ტკივილი არ მოითმინო, გამაყუჩებელს გაგიკეთებთო და არც ვიძინებ. თუმცა ვინ დაგაძინებს, ფანჯრიდან ვიღებ მოლოცვებს, ვხვდები ნათესავებს. ხელს ვუქნევ მეგობრებს. ერთი სიტყვით ვერთობი.

ერთ საათში ნელ-ნელა ბრუნდება მგრძნობელობა და ყრუ ტკივილიც დაიწყო მუცლის არეში, მაგრამ არა აუტანელი, მაინც მიკეთებენ გამაყუჩებელს. დილამდე მშვენივრად ვარ, ტკივილი უმნიშვნელოა, ცოტას რომ წაგაწუწუნებინებს ისეთი.

დილით გულ-მკერდის არეში ისეთი ჭვალი დამადგა, სულ დამავიწყდა ჭრილობაც და ნაკერებიც. ძლივს ვსუნთქავდი, საშინელი ტკივილი იყო. დილითვე ამაყენეს რომ ჩვეულებრივ პალატაში გადავულიყავი. არ მოვიტყუები და პირველი ადგომა ყველაზე რთული იყო.

გაჭირვებით ავედი მეორე სართულზე, მოვთავსდი პალატაში, ვფიქრობ ახლა წამოვწვები, საკეისრო გუშინ გავიკეთე, დავისვენებ, ცოტას გამივლის, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბავშვი რომ შემომიგორეს თავისი საწოლით, აღარც გაუყვანიათ.

ცხოვრებაში შეხება არ მქონია პატარა ბავშვთან, არც გამომიცვლია, არც დამიბანია, ძუძუთი კვებაზე ხომ აღარ ვამბობ არაფერს. ცალკე ჭვალი, ცალკე ჭრილობა, ცალკე ლილე ტირის და მომცა მაღალი სიცხე.

მესამე დღეს უკვე თავისუფლად დავდექი ფეხზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ პერიოდში ყველა ნამშობიარევ თუ ნაკეისრალებს შორის ყველაზე უკეთ მე დავდიოდი. პალატაში მყავდა გოგო, რომელიც ღამე იღვიძებდა და თავის შვილს ისტერიულად ეფერებოდა ასეთი სიტყვებით, უფრო სწორად ყვიროდა “შენ უნდა დამარხო დედა დე… შენ ხარ დედას დამმარხავი… ”  მე ამ დროს ჩუმად ვიცინოდი და თან ცრემლები მდიოდა, ნაკერი მტკიოდა სიცილისგან.

მეხუთე დღეს გამოვეწერე კიდეც და მე და ლილე სახლში მოვედით. ძალიან წყნარი ბავშვია, ჭამს და ძინავს. ნელ-ნელა მოვდივარ აზრზე, რა მოხდა ერთი კვირის წინ. დაახლოებით 5 ღამეა არ მიძინია და ახლაც ლამის თავი ჩამოვდო კლავიატურაზე.

ერთი სიტყვით ძალიან მარტივად მოგვარდა ყველაფერი, არანაირი სტრესი, საშინელი ტკივილები, ყვირილი, წივილი, კივილი, ის დღე ძალიან სასიამოვნოდ და კარგად გამახსენდება ყოველთვის.

 

 

 

17 thoughts on “ჩემი სპინალური საკეისრო

  1. ვაიმე სოფო ცუდად ვარ…:) ეხლა გონებაში თითქოს მე გავიკეთე საკეისრო და ისე ამიჩარდა გული,მართლა ფაქტის წინაშე რომ დავდგები მერე რას ვიზამ წარმომიდგენია…საკეისროს დღესაც შენს ნაცვლად მე მეკვეთებოდა ფეხები…:) ყოჩაღ შენ და მთელი გულით გილოცავ,ღმერთმა ჯანმრთელი გოგო გაგიზარდოს.სახელიც ულამაზესი დაგირქმევია…:*:*:*

  2. ორჯერ გადავიტანე ეგ პროცედურა, ყველაზე მძიმე პირველი ადგომაა მართლაც

  3. odesme roca bavshvis gachenis dro momiva zustad shennairad moviqcevi. nuli procenti nerivuloba, rom wivian kivian da rtulad itanen,chemi azrit es ganwyobis bralia. rogorc xar ganwyobili ise gadaitan. hoda chemi momavali natluli gmertma didi, chkviani da natliasavit lamazi gazardos B)

  4. გილოცავ!
    ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს!❤
    ძალიან საყვარელი ბავშვია .
    ძალიან გამაკვირვა შენმა ასეთმა სიმშვიდემ,მე ალბათ პანიკები არ ამცდებოდა🙂
    ისე , მშობიარობის ბავშობიდან მეშინია და საკეისროზე სულ ვოცნებობდი🙂
    ვნახოთ,ვნახოთ🙂

  5. გილოცავ!
    ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს!
    ძალიან საყვარელი და ლამაზი ბავშვია ,შენ გგავს.
    კიდევ ერთხლელ გილოვავ ,მაგრამ იმედია ბლოგსაც მიხედავ და აქაც დაწერ.
    ისე ლამაზი სახელი შეგირჩევია,ლილე. მომწონს

  6. რა საყვარელია, გილოცავ :))) საკეისრო ნამდვილად ჯობია ყვირილს და დაძაბვას🙂 მე უკვე ვიცი, რომ იგივე მელის და გამიხარდა, რომ დღეს უკვე ასე ადვილად გვარდება ყველაფერი.

  7. ვაიჰ❤ გილოცავ სოფ ძალიან საყვარელი და ლამაზი გოგოა

    ამის მარლა პოსტზეც ბარემ აქ ვიტყვი რომ მსვენივრად გამოიყურები ^^ ყოჩაღ ! ^_______^

    • არა, არანაირი უჰაერობის გრძნობა, უბრალოდ ცხვირში იგრძნობ წვას, ნუ მე ეგრე ვიყავი.

  8. ძალიან საყვარელიაა. ღმერთმა გაგიზარდოს. მე მიწევს საკეისრო, ზოგი მეუბნება რომ სპინალური ტოვებს გარკვეულ ტკივილებს სახსრების არეში. მართლა ასეაა?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s