ხუთშაბათს საღამოს პროფილის გადაცემა ეძღვნებოდა ყველაზე სასურველ ქართველ მამაკაცებს, რომლებიც ქალებმა დაასახელეს. ძალიან საინტერესოდ ჟღერდა და რომ არ მეყურებინა, არაფრით არ გამოდიოდა, მე და ლიკამ ტელეფონით სინქრონში ვუყურეთ და მინდა გითხრათ ნამდვილად ღირდა.
თვითონ ტიტული “ყველაზე სასურველი მამაკაცი” უნდა მოიცავდეს ამ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს ან ერთს მაინც – სექსუალური, სიმპათიური, ჭკვიანი, იუმორის მქონე, ნიჭიერი, მამაკაცური და მიმზიდველი. ალბათ იმ ქალებმაც, ვინც ამ კაცებს ასახელებდნენ, ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს.
ერთ-ერთი სასურველი ქართველი თანამედროვე მამაკაცი, რომლებზეც გოგოები გიჟდებიან და იხევენ ტანსაცმელს, როგორც ეს მაიამ თქვა, გიორგი ვარდოსანიძეა. სერიალიდან “გოგონა გარეუბნიდან”, რომელიც ამერიკულ ვერსიასაც თუ გავითვალისწინებთ, საიდანაც შინაარსი დიდი სიზუსტით არის გადმოტანილი, გიორგის პერსონაჟი, ლევანი, მე დიდი ხანი ჰომოსექსუალი მეგონა, რადგან იდეაში მარკის პერსონაჟს ასრულებს ბეტიდან, რომელიც ღია გეია, მაგრამ ამაში შევცდი.
წამყვანმა ისეთი კომპლიმენტებით შეამკო და ისეთი სურათი დაუხატა, რომ თვალწინ შავ სათვალეებში და დაცვასთან ერთად მომავალი გიორგი წარმომიდგა, რომელსაც ფანები სურათებს უღებენ და ავტოგრაფებს მკერდზე აწერინებენ. თვითონ ამ ბიჭსაც გაუკვირდა და უთხრა, რომ მე არ გამიგია ჩემს მიმართ ასეთი ინტერესი ყოფილიყოს და ყველაზე სასურველ მამაკაცად მივაჩნდე ქალებსო, მაგრამ გაიგიჟა მაიამ თავი, რას ამბობო, შენზე გიჟდებიანო, ჭკუას კარგავენო, ლევანი ხომერიკის პერსონაჟს ვინ არ იცნობსო – და ამ დროს აჩვენებენ გურული ქალები როგორ აქებენ ლევანიას, კარგი ბიჭია, კარგიო. აი თურმე რატომაა გიორგი ყველაზე სასურველი მამაკაცი.
ფაქტი სახეზეა, ამის თვითონ გიორგისაც არ სჯერა, მაგრამ ეს ვის ადარდებს, ჰყავს შეყვარებული და ძალიან ბედნიერია. აბა არ მესმის რა საჭიროა ეს ყველაფერი? როცა შენს სტუმარს ასეთ ტიტულს ანიჭებ, რამე საფუძველი ხომ უნდა გქონდეს?
კარგი, მე როგორ წესი არ დავარღვევ ტრადიციას და გადავალ შედარებებზე, რატომაც არა, ხომ უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს მართლა სასურველი მამაკაცი.
მაგალითად ვინაა ამერიკის ქალებისთვის ყველაზე სასურველი მსახიობი… მაგალითად ოლივერ მარტინესი, რომელიც ვარცხნილობით წააგავს გიორგის (მხოლოდამხოლოდ ვარცხნილობით)
რა აქვს ამ კაცს სასურველი? პირველ რიგში არის ძალიან მამაკაცური და ცოტა უხეში გარეგნობის მქონეც, რაც მოსწონთ ქალებს. აქვს ევროპული შარმი. პარიზის გარეუბანში დაბადებულმა და გაზრდილმა ოლივერმა მალე დაიპყრო ჰოლივუდი.
გამოკითხული ქალებიდან უმრავლესობას მოსწონს მისი უხეში სახის ნაკვთები, ტუჩები და თვალები, ერთი სიტყვით მათთვის სასურველი მამაკაცია, და არა მარტო მათთვის, კაილი მინოუგი და ახლა უკვე ჰოლი ბერიც ასე ფიქრობენ 🙂
კიდევ ერთი ფაქტი, როცა გასახელებენ სასურველ მამაკაცად, რა თქმა უნდა არაა აუცილებელი კულტურისტის კუნთები გედოს, მაგრამ ტანზე ხომ უნდა შეგეხედებოდეს? ქართველი ბიჭები ამით თავს არ იწუხებენ, რატომ, ჩხირი მკლავებიც მშვენიერი შესახედია. აი ოლივერის ტანიც:

გადავიდეთ პროფილის აზრით მეორე ყველაზე სასურველ მამაკაცზე, არჩილ სოლოღაშვილზე. მდა…
როგორც წამყვანმა თქვა, “ოცნების ქალაქის” მერე გახდა აჩიკო ასეთი პოპულარული, თუნდაც შორენასთან ინტიმური სცენების შემდეგ, სადაც ის ძალიან სექსუალური იყო (!), და ამის მერე აჩიკო ერთ-ერთი სასურველია ქართველ ქალებში.
თვითონაც აღიარა, რომ ყოველთვის გრძნობს მწველ მზერას თავის კეფაზე, როცა სადმე მიდის ან კაფეში ზის, ერთი სიტყვით ქართველ გოგოებს ის უნდათ ! ! !
ახლა ვერ გაამტყუნებ ამდენ თაყვანისმცემლებს, როცა შორენა გყავს საყვარლად და მერე რა თუ საწოლში სექსის დროს სულაც არ ჩანხარ, იმიტომ რომ ქალი გფარავს 🙂 და თან თუ ნანკა გიყვარს, პოპულარულობა თანმდევი პროცესია.
არ ვიცი რატომ, მაგრამ აჩიკოს რაღაცით, ალბათ უფრო იერით ვამსგავსებ რობერტ დაუნ უმცროსს, რომელიც ამერიკელმა ქალებმა დაასახელეს მათთვის სასურველ მამაკაცად.
რობერტს შორენასთან არ ჰქონია სექსი, მაგრამ მის ეკრანულ პარტნიორებში უამრავი ლამაზი ქალი შედიოდა. რა მოსწონთ რობერტის ქალებს?
მათი თქმით რობერტს განსაკუთრებული შარმი აქვს, ძალიან სასაცილო ენა და იმპულსური მოქმედებები, ფიზიკურად კარგად გამოიყურება რა თქმა უნდა და არის უნიკალური, არავის არ ჰგავს და არავიში არ აგერევა.
ესეც რობერტი გადასაღებ მოედანზე:

შემდეგმა სტუმარმა საერთოდ გამომაშტერა, ყველაზე სასურველი მამაკაცი – გიგი დედალამაზიშვილი (!?) არ ვიცი, აქ უძლური ვარ, ვიცი რომ ეს ცნება ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ…
გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრები ძალიან პოპულარული ჯგუფია, გიგი ადრე სასურველ სასიძოდაც იყო დასახელებული, ახლა კი სასურველ მამაკაცად, ანუ ის სიმპათიური, სექსუალური, მამაკაცური, ისეთია, რომ დაინახავ ნერწყვები წამოგივა…
თან ამ ყველაფერს თუ მისი ხავერდოვანი ხმა ერთვის, ხომ საერთოდ…
ახლა ვფიქრობ ვის შევადარო გიგი… ოღონდ ისეთს, ფიზიკურად მაინდამაინც სიმპათიური რომ არ იყოს.
ამერიკელებს ძალიან უყვარს მომღერლები, თან მით უმეტეს თუ ისინი როკ ვარსკვლავები არიან და ბევრი ტატუები აქვთ, რატომაც არა.
აი თუნდაც წინა წლის სიაში როკ-ჯგუფების სოლისტებიდან პირველ ადგილზე დასახელებული ჯეიკობ შედიქსი, პაპა როაჩის სოლისტი.

ქარიზმატული და ენერგიული ჯეიკობი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ჯერ მარტო იმის გულისთვის ვცემ, რომ მისი ხმა ლაივში ისევე კარგად ჟღერს, როგორც ჩანაწერში.
ფიზიკურად დიდი ვერაფერია, მაგრამ ქალები მას ძალიან სექსუალურად თვლიან. როკერისთვის დამახასიათებელი გარეგნობა როგორც ჩანს ძალიან მოსწონთ.
განსაკუთრებით პოპულარულია მისი ფერადი ტატუები და ჩაცმის სტილი.
აქვს რაღაც შინაგანი ქარიზმა, რაც სასურველს ხდის ქალებისთვის ჯეიკობს.

შემდეგ რამდენიმე მოდელ გოგოს წრე ჰქონდა გაკეთებული და ბჭობდნენ, ვინ იყო მათთვის სასურველი და “ძაააან ისეთი”, ბოლოს მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ ეს იყო რატი დურგლიშვილი, შავგვრემანი და ეშხიანი, ძალიან სიმპათიური და სულ კარგად რომ აცვია ისეთი.
შემოვიდა რატი სტუდიაში, მაიამ აავსო კომპლიმენტებით და უთხრა, რომ ძალიან ლამაზი გოგონები მას ყველაზე სასურველად თვლიდნენ, რატიც დადნა და შეიფერა რა თქმა უნდა, მერე თავისი სასიყვარულო ისტორიებიც მოყვა და თავისი იდეალური ქალიც სურათიც დახატა, იდეალურ ბიჭს იდეალური ქალი სჭირდება, აბა რა…
საინტერესოა კაცი მომღერლებიდან კიდევ ვის თვლიან ამერიკელები სექსუალურად და სასურველად, აი მაგალითან maroon 5-ის სოლისტი ადამ ლევაინი
ადამი ძირითადად თამამი კლიპებითაა ცნობილი და ალბათ ამიტომ მოსწონთ ქალებს. თან არც ისე ცუდად გამოიყურება, დამახასიათებელი გარეგნობა აქვს.

კარგი. შემდეგი სასურველი მამაკაცი მოჭიდავე რამაზ ნოზაძეა. მასზე გიჟდება ქართველი საზოგადოების სუსტი სქესი.

რამაზის მადისაღმძვრელი ტანი და სექსუალური გამოხედვა ვის დატოვებს გულგრილს. არა, ტანს ვერ დაუწუნებ, მაგრამ მოჭიდავე კაცსაც რომ ჩხირები და ღიპი ჰქონოდა, კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე.
რამაზს უკვე ჰყავს მეუღლე და შვილი, მაგრამ თაყვანისმცემლები მაინც არ ასვენებენ და სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ, რაზეც მისი ცოლი ხატია პასუხობს და ამბობს, რომ ჰქონდეთ იმედი, მერე რა! იმედი ბოლოს კვდება! ღმერთო ჩემო… ეს ხომ რამაზია, აბა თაყვანისმცემლებს თავს ხომ არ მოვაკვლევინებთ?
მიუხედავად იმისა რომ ნადალი სახეზე არ მომწონს, მაგრამ ყველაზე სექსუალურ ჩოგბურთელადაა დასახელებული, რამაზს მაინც მირჩევნია 🙂



და ბოლო, შედარებით უფროსი თაობის სიმპათია, მერაბ სეფაშვილი:
რომელიღაც სკოლის მასწავლებლებმა პატარა თამაში ჩაატარეს, ქაღალდზე უნდა დაეწერათ ყველაზე სიმპათიური (ამას ხაზი გაუსვეს), ყველაზე თბილი და სასურველი მამაკაცი, თან მომღერალი, რომელიც ძალიან უყვარდათ.
ყველამ ერთხმად დაწერეს სეფაშვილის გვარი, მერე ერთად იმღერეს მისი სიმღერა და აჟიტირებული იქნევდნენ ხელებს, გვიყვარხარ მერაბო ( და ამ დროს ლიკამ ჩაილაპარა, ერთი თქვენი ქმრები გხედავდნენო).
მერე დავფიქრდი, ასევე უფროსი თაობის მომღერალი და მაშინვე რობი გამახსენდა.
რობი უილიამსი მთელს მსოფლიოში აღიარებული მომღერლის გარდა სექსუალური მამაკაცის ტიტულზე ბევრჯერაა დასახელებული. feel – ის კლიპს რომ ვუყურებ, მაშინ ვხვდები რატომაც.

ასე რომ უნდა ვაღიაროთ, ამერიკელები გვჯობნიან გემოვნებაში… რომ დავფიქრდით, ერთი ქართველი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელიც ვერ გავიხსენეთ, რომელიც ოდნავ მაინც შეიძლებოდა მოგვწონებოდა, ერთადერთი თორნიკე გოგრიჭიანს არაუშავს, ისიც იმიტომ, რომ კრეიგ ჰორნერს ჰგავს 🙂 რატომაა ასე? რაღაც აკლიათ, არ ვიცი ამას რა დავარქვა, ცეცხლი თუ შარმი, მაგრამ სურათებს გადახედეთ და თქვენ თვითონ მიხვდებით ყველაფერს.
ეს კი ჩემთვის სასურველ მამაკაცთა მცირე ნაკრები:
