13 საფეხური

– დროა საშიში ისტორიები მოვყვეთ – თქვა კელიმ და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად.

– ხომ ხედავ შენს ისტორიებზე აღარც გვეცინება – გაეხუმრა კრისი.

– ვიცი და ამიტომაც აღარ გიყვებით ხოლმე, ახლა თქვენ მოიფიქრეთ რამე.

– სხვათაშორის – თავი წამოყო ჯეისონმა – ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვა საინტერესო ისტორია, თან თავისი თქმით მართალი ამბავია. ეს ისტორია თავის ქალაქში ყველა მაცხოვრებელმა იცის და მგონი სჯერათ კიდეც.

– რომელი ქალაქი?

– მალტბაი, ჩვენს მეზობლად.

– აბა მოყევი – ლივმა ზეფირი მიუშვირა კოცონს შესაწვავად და მოსასმენად მოემზადა.

– როგორც ამბობენ, სანამ ეს ქალაქი დასახლდებოდა, ტერიტორია მთლიანად ტყით იყო დაფარული, თანაც ისეთ გაუვალი ტყიით, რომ იქ ადამიანს არ შეეღწია. გვერდზე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ იქიდან უცნაური ხმები ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გარეულ ცხოველებს მიაწერდნენ. 1887 წელს ტყე გაჩეხეს და მალტბაი გააშენეს.

ქალაქის ბოლოს ხალხმა ძველი საფლავები იპოვნა, რომელიც მათ მოსვლამდე იყო გაკეთებული. უცნაურია ვინ დაასაფლავეს შუაგულ ტყეში.

დროთა განმავლობაში გაჩნდა ლეგენდა ცამეტი საფეხურის შესახებ. ერთ ერთ საფლავს, რომელსაც შიგნით აკლდამა ჰქონდა გაკეთებული, მიწაში ჩასასვლელი 13 კიბე ჰქონდა, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯოჯოხეთში ჩაჰყავდა იქ ჩამსვლელი ადამიანი. ბნელი კიბეები პირდაპირი გზა იყო მიწისქვეშეთა სამყაროსკენ.

თუ შეძლებდი და ბოლო საფეხურამდე ჩახვიდოდი, ჯოჯოხეთის გამოსახულებას მოკრავდი თვალს. ეს იყო პორტალი, რომელიც მიწისქვეშეთს დედამიწასთან აკავშირებდა.

იმასაც ამბობენ, რომ ცამეტი კიბის დაბლა ხის უბრალო სკამი დგას. თუ ამ სკამზე დაჯექი, ეს იმას ნიშნავს, რომ სული ეშმაკს მიჰყიდე და უკვე ჯოჯხეთს ეკუთვნი. ასე რომ იქიდან დაბრუნებას ვეღარასდროს ვეღარ შეძლებ.

ჯონმა ისიც მითხრა, რომ მისი რამდენიმე მეგობარი ნამყოფი იყო იქ, მაგრამ სამი საფეხურის მეტი ვერ გაბედეს ჩასვლა, რადგან ფანრის შუქზე კიბეებს დასასრული არ უჩანდა – ჯეისონმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და დაამატა – საინტერესოა არა?

ისტორია მართლაც საინტერესო იყო, შეიძლება თქვას საშიშიც.

– არ მჯერა – თქვა კრისმა და თავი გაიქნია – ზღაპარია. შენს დეიდაშვილს უთხარი საშინელებათა კინოების ყურებას მოეშვას.

– მოდი წავიდეთ, რამდენიმე საათის სავალია – წამოაყენა წინადადება კელიმ, რომელიც გატაცებული იყო ქალაქური ლეგენდებით.

– ჰო მართლა, უიქენდზე წავიდეთ, მამაჩემის მანქანას წამოვიყვან. ჯოჯოხეთში თუ არ მოვხვდით, ცოტას მაინც გავერთობით.

*    *    *

– დიდი შანსია ვერ მივაგნოთ, ყველა კი ვერ პოულობს ამ საფლავს – ამბობდა  ჯეისონი და ანთებული ფანრით მეგობრებს წინ მიუძღოდა. ტომმა გზა ასწავლა, მაგრამ თვითონ არ გამოყვათ, საქმეები მოიმიზეზა.

მალტბაის სასაფლაოზე ბნელოდა. მეჩხერად იყო ჩამწკრივებული ძველი საფლავები. გულდასმით ათვალიერებდნენ თვითოეულ მათგანს.

– ეს რა არის? აქ მოდით – დაიყვირა კრისმა და ფანარი ჩაანათა აკლდამას.

– აკლდამა, წესით ეს უნდა იყოს.

მძიმე კარები ოდნავ ღია იყო დატოვებული, როგორც ჩანს ცნობისმოყვარე ხალხი ხშირად აკითხავდა ამ ადგილს.

კიბეები. აი ისინიც. სიბნელეში ბოლო არ უჩანდათ. კრისმა ჩაანათა ფანრით, მაგრამ დაბლა არაფერი გამოჩნდა.

აკლდამაში ისეთი ცუდი აურა იყო დაგუბებული,  რომ ლივმა ვერ გაუძლო და გარეთ გავარდა.

– ჰმ – ჩაილაპარაკა ჯეისონმა – როგორც ვატყობ მარტო მომიწევს ჩასვლა, რომ პატარა მშიშრებს დავუმტკიცო ჯოჯოხეთის არსებობა.

– ფრთხილად – ჩაილაპარაკა კრისმა და უკან დაიხია.

ჯეისონმა ღრმად ამოისუნთქა და პირველ კიბეზე ჩადგა ფეხი. არაფერი განსაკუთრებული. ჩავიდა მეორე საფეხურზეც.

– აბა, უკვე იქ ხარ? – მიაძახა კრისმა. კელის ფხუკუნი აუტყდა.

ჩავიდა მესამე საფეხურზე და ისევ არაფერი.

უკვე თამამად მიაყოლა რამდენიმე საფეხური და მეექვსე კიბეეზე უკვე გაშეშდა. მოულოდნელი სიცივე იგრძნო, თითქოს ათასმა ქარმა ერთად დაუბერა და ძვლები გაუყინა.

გაუბედავად ჩადგა კიდევ ერთი საფეხური. სკეპტიციზმი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი შიშმა დაიკავა.

მერვე საფეხურზე ფანარი ჩაუქრა და შორიდან უცნაური ხმები მოესმა. იფიქრა ზევიდან მაშინებენო და გზა გააგრძელა. მეცხე, მეათე,  მეთერთმეტე… მოეჩვენა თითქოს სიბნელეში ლანდები გაკრთა. რაღაც ექაჩებოდა თავისკენ, უკან შებრუნების საშუალებას არ აძლევდა. უდიდესმა და დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.

მეთორმეტე კიბეზე ყველაფერი განათდა და ცეცხლის ენები გამოჩნდა. განუწყვეტელი გუგუნის ხმა ისმოდა, თითქოს დედამიწის შუაგულში იყო მოხვედრილი. თვალები დახუჭა და მეცამეტე კიბეზეც ჩავიდა…

ჯეისონი მეექვსე კიბიდან უკვე აღარ ჩანდა და ზევით დარჩენილი მეგობრები პანიკამ შეიპყრო. დაბლა ჩასვლა ვერავინ გაბედა. ჯესონი იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა.

მომდევნო დღეებში მალტბაის მოსახლეობამ 13 საფეხური ცემენტით ამოავსო და აკლდამა ჩაკეტა. იმის მერე პორტალი აღარ გაღებულა.

(მალტბაი, დასახლება ვაშინგტონში,  რომლის სასფლაოც მოჩვენებებითაა ცნობილი და დაწყევლილ ადგილად მოიხსენიება. 13 საფეხური ნამდვილი ქალაქური ლეგენდაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს)

 

ოჯახური ფოტო

– დედა, ფოტოგრაფი უკვე აქაა – გასძახა ლუსიმ დედას და სარკეში თმები შეისწორა.

– ჩამოიყვანეთ მონიკა დაბლა, ახლავე მოვალ – უპასუხა ქალმა და ცხვირსახოცით ცრემლები შეიმშრალა.

მონიკა სულ რაღაც ექვსი წლის იყო, მაგრამ უკვე სასიკვდილო დიაგნოზი დაუდგინეს ექიმებმა. სამი თვე – ეს დროღა ჰქონდა დარჩენილი ოჯახთან გასატარებლად.

ოჯახმა ძლივს გადაიტანა ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგუებოდნენ. დედამ გადაწყვიტა საერთო ფოტო გადაეღოთ, რომ მისი გოგონა სამუდამოდ ასეთი დარჩენილიყო მის მეხსიერებაში, როგორიც ახლა.

მონიკა საწოლზე იჯდა.წითელი კაბა ეცვა. უფროსმა დამ ხელი მოჰკიდა, რომ აეყენებინა.

– მე თვითონ – უთხრა ბავშვმა და წამოდგა.

” ხანდახან მაშინებს” გადაულაპარაკა ლუსიმ მეორე დას “როგორი ცივია…”

ფოტოგრაფმა გადაიღო ოჯახური ფოტო და წავიდა. სამი თვის მერე მონიკა გარდაიცვალა.

სურათი დედამ გაადიდებინა და ბუხრის თავზე დაკიდა. თვალმოუშორებლად უყურებდა ხოლმე უმცროს ქალიშვილს და ტიროდა.

რამდენიმე თვის მერე უცნაური რაღაც შენიშნა სურათზე, თითქოს მონიკას სახე იცვლებოდა და მოძრაობდა, თანაც საშინელ გამომეტყველებას იღებდა. ამ ყველაფერს მის გარდა ვერავინ ამჩნევდა.

ოჯახის წევრებმა სცადეს ფსიქოლოგის მოყვანა, მაგრამ ქალს არაფრის გაგება არ უნდოდა. ჩამოხსნა სურათი და მედიუმთან წავიდა.

– ძალიან ვწუხვარ – უთხრა მედიუმმა – რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი ქალიშვილი ჯოჯოხეთში მოხვდა…

საშიში ისტორიები

რამდენიმე ისტორია და ლეგენდა ამერიკული ფოლკლორიდან:

მკვდრების არმია 

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მრეცხავი ქალი და მისი ქმარი ერთ წყნარ და ნაკლებად დასახლებულ ქუჩაზე გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მრეცხავს ყოველ ღამე უცნაური ხმები აღვიძებდა – თითქოს ქუჩაში ფეხის ხმა და ბორბლების ღრჭიალი ისმოდა. გამომდინარე იქიდან, რომ აქ დღეც არავინ დადიოდა, ეს საშინელი მარში ყოველ ღამე ქალს ძალიან აშინებდა. ფანჯრიდან გადახედვის უფლებას კი ქმარი არ აძლევდა.

ერთხელაც ქალმა თავის მეზობელს ჰკითხა ამ ხმაურის შესახებ. მან უპასუხა:

– შენ რაც გესმის, ეს მკვდრების არმიაა. ეს იმ ჯარისკაცების სულებია, რომლებიც ჰოსპიტალში ისე დაიღუპნენ, რომ არც გაუგიათ ომის დასრულების შესახებ. სწორედ ამიტომ ყოველ ღამე ისინი საფლავიდან დგებიან და ფრონტის გასამაგრებლად მიდიან.

მეორე ღამეს მრეცხავმა არ დაიძინა და ფანჯრიდან გაიხედა. შიშით დამუნჯდა, როცა დაინახა ნაცრისფერი ლანდები, რომლებიც ერთდროულად მიაბიჯებდნენ ქუჩაში. მათ მიყვებოდა ეტლები და სამედიცინო დახმარების ვაგონები. ყველაფერს ნაცრისფერი დაკრავდა.

როცა მრეცხავი გონზე მოვიდა, მისი მარჯვენა ხელი პარალიზებული იყო.

ცეკვა ეშმაკთან 

დღეს საღამოს სკოლის გამოსაშვები საღამო იმართებოდა. ამ საღამოსთვის ულამაზესი წითელი კაბა იყიდა,  რომელშიც ფანტასტიურად გამოიყურებოდა. სკოლაში არასდროს ყოფილა განსაკუთრებით პოპულარული, პირიქით, ბიჭებთან უხერხულად გრძნობდა ხოლმე თავს, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო, ამ კაბაში მისი საღამო დგებოდა.

ის იყო სახლიდან გასვლას აპირებდა, რომ სახლში დედა მოვიდა, ფერდაკარგული და ცუდ ხასიათზე.

” დღეს საღამოს ცეკვაზე არ წახვალ, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, სასტიკად გიკრძალავ”

უთხრა შვილს და სამზარეულოში შევიდა. არ შეეძლო არ წასულიყო, კაბა თითქოს თავისკენ უხმობდა.

თავის ოთახში ავიდა, თითქოს დაუჯერა დედას, მაგრამ რამდენიმე წუთში ჩუმად ჩამოიპარა და სკოლისკენ გაიქცა.

დარბაზში შევიდა თუ არა, ყველას ყურადღება მიიქცია, ბიჭები გაჩერდნენ და მიშტერებოდნენ. ეს უცნაური იყო, რადგან როგორც წესი ყურადღებას არავინ აქცევდა, ახლა კი მასთან ცეკვის გულისთვის ერთმანეთთან ჩხუბობდნენ.

მთელი საღამო ცეკვავდა, ბოლოს დაღლილი პუნშის დასალევად მივიდა მაგიდასთან. უკნიდან ხმა მოესმა:

“იცეკვე ჩემთან ერთად”

მუსიკა გაჩერდა, ლაპარაკი შეწყდა, ყველა მათ უყურებდა.

ნელა მობრუნდა. მაღალი, ძალიან სიმპათიური, შავგვრემანი მამაკაცი ღიმილით ხელს უწვდიდა. მისით მოხიბლულმა თავი დაუქნია და საცეკვაო მოედანზე გაყვა.

ამ კაცთან ისე ცეკვავდა, როგორც არასდროს. თავბრუ დაეხვა. უცნობი ატრიალებდა გიჟური სისწრაფით, ფეხებზე თითქოს ცეცხლი წაეკიდა, ტრიალებდა და ტრიალებდა, იგრძნო, რომ სუნთქვა თანდათან ეკვრებოდა, გაჩერებას ვერ ახერხებდა და ისევ ტრიალებდა.

ბოლოს მტვერი ავარდა და როცა ერთმანეთი ისევ დაინახეს, ის აღარსად იყო. კაცმა ელეგანტურად დაუკრა თავი საზოგადოებას და გაქრა.

ეშმაკი მოვიდა თავის წვეულებაზე და მისი რჩეული ჯოჯოხეთში წაიყვანა.

მატარებელი ჯოჯოხეთისკენ 

მატარებლის სადგურზე ბევრი ხალხი ირეოდა. ღამის ექსპრესი ზუსტად 12 საათზე და 05 წუთზე უნდა მოსულიყო. მგზავრები ბილეთებს იღებდნენ და მატარებლის მოსვლამდე სადგურის კაფეში ყავას სვამდნენ.

სადგურზე ერთი მოხუცი კაცი გამოჩნდა. თვალები  არეული ჰქონდა, გიჟივით იყურებოდა აქეთ–იქით. მოლარესთან მივიდა.

“ის მოდის, ის მოდის” იმეორებდა განუწყვეტლივ.

“რა მოდის?” ჰკითხა მოლარემ.

“მატარებელი ჯოჯოხეთისკენ… საშინელება ჩავიდინე… ახლა კი ამისთვის დავისჯები… ის ჩემთვის მოდის”

მოლარეს ყურადღება არ მიუქცევია, ასეთი ადრეც ბევრი უნახავს, მშვიდად განაგრძო ბილეთების გაცემა.

მოულოდნელად ლიანდაგებიდან მატარებლის ხმა მოისმა. გაკვირვებულმა ახედა საათს. მატარებელი 12:05 ზე უნდა ჩამომდგარიყო, ახლა კი მხოლოდ 12 იყო. ექსპრესი არასდროს აგვიანებდა, მაგრამ არც ადრე მოდიოდა.

მოხუცმა კაცმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა. ხმა უფრო ძლიერდებოდა, მატარებლით გამოწვეულმა ქარმა და საყვირების ხმამ დაარწმუნა ყველა, რომ ექსპრესი ადრე მოვიდა, მაგრამ სადგურზე არაფერი ჩანდა.

უხილავი მატარებელი რამდენიმე წუთით გაჩერდა. კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ რაღაც ძალამ ის ლიანდაგებისკენ წაიყვანა და ისე გაქრა, თითქოს ვაგონში ავიდა. უხილავი ექსპრესი დაიძრა და ყურისწამღები ხმაურით წავიდა.

“ღმერთო, მართალი ყოფილა, ექსპრესი ჯოჯოხეთისკენ მართლაც მისი სულისთვის მოვიდა” ჩაილაპარაკა გაოგნებულმა მოლარემ.