Legend of the Seeker

საძიებო სისტემაში ხშირად ვაწყდები სხვადასხვა სიტყვებს, რომელიც ამ სერიალთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე გამოვიტანე აზრი, რომ ხალხი უყურებს.

Legend of the Seeker  უახლესი, ცინცხალი სერიალია. გადაღება 2008 წელს დაიწყო და ახლახანს დამთავრდა (თუ მესამე სეზონიც არ გადაიღეს).

მოქმედება ხდება წარსულში, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც არაფრითაა გამორჩეული, რიჩარდ საიფერი, ცხოვრობს  ოჯახთან ერთად. ერთ მშვენიერ დღეს ის შეხვდება თეთრებში ჩაცმულ ქალს, რომელსაც მოსაკლავად მოსდევენ. რიჩარდი გადაარჩენს კეილინს, კეილინი კი აქ ჯადოქრის სანახავად არის მოსული.

ჯადოქარი ზედიკუს ზუ ზორანდერი პატარა ქოხში ცხოვრობს და ქათმებს ელაპარაკება. ყველას გიჟი ჰგონია. კეილინი ეტყვის, რომ დროა დაასახელონ მაძიებელი, ჭეშმარიტი მაძიებელი, რომელიც ბოროტი ძალის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ზედიკუსი გაუმხელს კეილნს, რომ რიჩარდია ნამდვილი მაძიებელი და მას ჭეშმარიტების მახვილს გადასცემს, ამის მერე იწყება ნამდვილი ეპიკური მოგზაურობა  დარკენ რაალის დასამარცხებლად.

რითია გამორჩეული და საინტერესო ეს სერიალი? პირველ რიგში პერსონაჟებით.

რიჩარდ საიფერი დაბნეული და სასაცილო ბიჭია, მაგრამ ამავე დროს საოცრად ფლობს ბრძოლის ხელოვნებას. მას ყველა იცნობს, საკმარისია მისი ჭეშმარიტების მახვილი დაინახონ. რიჩარდს შეუყვარდება კეილინი, მაგრამ მათი ერთად ყოფნა არ შეიძლება(!)

რიჩარდის როლს კრეიგ ჰორნერი ( Craig Horner) ასრულებს და საკმაოდ წარმატებითაც. ამ სერიალამდე რიჩარდს სერიოზული როლი არ ჰქონია, თინეიჯერულ სერიალებში მონაწილეობდა ძირითადად.

კეილინ ამნელი არის (არ ვიცი როგორ ვთარგმნო) confessor–ი, ანუ მას ტყუილს ვერავინ ეუბნება. შეუძლია ადამიანს თვალებში ჩახედოს და  ის სამუდამო მონად აქციოს. ასევე ძალიან ოსტატურად იბრძვის. რიჩარდი მასაც უყვარს, მაგრამ თუ მასთან რაიმე კავშირი ჰქონდა სასიყვარულო, უნებურად თავის მონად აქცევს.

კეილინის როლის შემსრულებენი ბრიჯიტ რეგანია, არც მას ჰქონია რაიმე ცნობილი როლი აქამდე.

ჯადოქარი უსაყვარლესი და სასაცილო კაცია. ძალიან მაღალი და გამხდარი მოხუცი. პირველი რანგის ჯადოქარია და  მასაც ყველა იცნობს. ზედიკუსის როლს ბრიუს სპენსი ასრულებს (Bruce Spence) ცნობილია ფილმებიდან Star Wars, The Lord of the Rings: The Return of the King.

მთავარი ბოროტი ძალა, ლორდი დარკენ რაალი ბოროტების განსახიერებაა. მას მაძიებლის მოკვლა სურს, ძალაუფლების სიყვარულითაა შეპყრობილი, მთელი ორი სეზონი ამ კაცს ეძებენ. ასრულებს კრეიგ პარკერი (Craig Parker)

მეორე სეზონში ახალი პერსონაჟი ემატებათ სამეულს, ჩემი ფავორიტი. ლორდ რაალს ჰყავს მორტ სიდები, ტყავებში ჩაცმული სექსუალური ქალები, რომლებიც განსაკუთრებულ ძალას ფლობენ. მათგან ერთ–ერთი  ამათ მხარეს გადავა.

ტარა ძალიან ირონიული და მწარე ენის პატრონია, არ აღიარებს არანაირ გრძნობას, მაგრამ გულის სიღმეში ძალიან კეთილია.

თითო სერიას განსხვავებული შინაარსი აქვს, ხვდებათ სხვადასხვა დაბრკოლებები, ხვდებიან უამრავ ადამიანს, მოწყენით არ მოიწყენთ, დინამიური სერიალია იუმორის გარკვეული დოზით.

IMDB რეიტინგი – 8.0

ზღაპარი ორსართულიან ტყეზე

განწყობისთვის მოუსმინეთ. პოსტის ბოლოს გეტყვით რატომ ორსართულიანი ტყე.

იყო და არა იყო რა, უზარმაზარ სასახლეში ცხოვრობდა ერთი უფლისწული. არ მოგესმათ, მზეთუნახავი კი არა, უფლისწული. მთელი ოჯახი თავზე დატრიალებდა, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, უფლისწულიც მთელ დღეებს სარკეში ყურებაში ატარებდა და თავისი თავი ყველაზე ლამაზი ეგონა.

მოახლოვდა დრო, როცა უფლისწული გახდა 21 წლის, იმ სამეფოში კი წესი იყო, მომავალი მეფე სამოგზაუროდ უნდა წასულიყო, ენახა ცხოვრება და მერე დაბრუნებულიყო სამეფოში. უფლისწულიც ემზადებოდა ამ დღისთვის და აი ეს დღეც დადგა.

– სად წავიდეო? – იკითხა უფლისწულმა. მამამისის დანატოვარმა ჯადოსნურმა სარკემ ჩასჩურჩულა, ორსართულიანი ტყე ეძებე, მას თუ იპოვნი, ყოვლისშემძლე გახდებიო. უფლისწულმაც გადაწყვიტა წასულიყო ორსართულიანი ტყის საძებნელად.

რა ადგილი აღარ მოიარა, რა ქვეყანა, ვისაც ეკითხებოდა ორსართულიან ტყეზე, ყველა დასცინოდა. უფლისწულს არ სწყინდა,  ძებნას აგრძელებდა.

ერთ მიტოვებულ სოფელში მიაგნო  ბებერ ჯადოქარ ქალს, რომელსაც გაეგო ლეგენდა ორსართულიან ტყეზე. მიასწავლა გზა.

ნელ–ნელა ხეები ხშირდებოდა, უფლისწული კი გაუვალ ტყეში მოექცა. გაუხარდა, იფიქრა ორსართულიანი ტყეც აქ იქნებაო, დაიწყო ყვირილი, იქნებ ვინმემ გაიგოსო.

– რა გაღრიალებს? – ჩამოხტა შეწუხებული მაიმუნი – ყრუები კი არ ვართ.

– კეთილო პრიმატო, იქნებ მიმასწავლო სადაა ორსართულიანი ტყე? – შეეკითხა უფლისწული ზრდილობიანად.

– ჩვენ ერთიანებში ვცხოვრობთ ძმაო, სამიანები და ოთხიანები იქით დგას, ეს ორსართულიანი რა არის არ ვიციო – უთხრა მაიმუნმა. გაწბილებულმა უფლისწულმა ტირილი დაიწყო. ცრემლებს აღვარღვარებდა.

– ნუ ტირი ჭაბუკო – უთხრა ტყიდან გამოსულმა მზეთუნახავმა – მე გამოგყვები სამეფოში და ვიტყვი, რომ ორსართულიანი ტყის ამბავი ლეგენდა ყოფილა.

გოგო ისეთი ლამაზი იყო, რომ უფლისწულმა უარი ვეღარ უთხრა, ერთად დაბრუნდნენ და ქორწილიც გადაიხადეს, მაგრამ მერე ხასიათში ვერ შეეწყვნენ და დაშორდნენ.

ეს ზღაპრის დასასრული, ახლა ნამდვილი ამბავი.

ვიღაც განწირული ეძებდა საძიებო სისტემაში ორსართულიან ტყეს. ხალხნო გამაგებინეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ორსართულიანი ტყე? იარუსებად დალაგებულს? გავგიჟდი და გადავირიე, WTF?????????????

შავი მაგია

შავ ლაბადაში გახვეული კაცი სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა. ხელში სქელი წიგნი ეჭირა. წიგნი მჭიდროდ ჰქონდა გულზე მიკრული, თითქოს ეშინოდა არავინ წამართვასო. აქეთ–იქით შიშით იხედებოდა.

მოსახვევში შეუხვია და შვებით ამოისუნთქა. ნაბიჯს შეუნელა.

ზურგში ძლიერი ტკივილი იგრძნო და გულზე ხელი იტაცა. სისხლიანი ჰქონდა. გაკვირვებული დაეცა დაბლა.

ქალმა ხანჯალი გამოაძრო, წიგნი ხელებიდან გაათავისუფლა და ჩანთაში ჩაიდო. სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა.

ტყეში შევიდა, გარბოდა რაც შეეძლო ისე სწრაფად. წინ ადამიანის სილუეტი დაინახა.

თეთრწვერა ჯადოქარმა ხელებიდან ცეცხლი გამოუშვა და ქალი ადგილზე დაფერფლა, მაგრამ იქამდე ჩანთა თავისთან მიიზიდა.

რამდენიმე გაუგებარი სიტყვა ჩაიბურტყუნა და სხვა ადგილზე აღმოჩნდა. დიდ სასახლესთან იდგა. სასახლეს მეომრები იცავდნენ. წიგნი მოსასხამში დამალა და სათნო სახით ჭიშკართან მივიდა.

– შეუშვით – ბრძანა მცველმა და კარები გააღო, მაგრამ სანამ ჯადოქარი იქ შევიდოდა, შეუმჩნევლად ამოაცურა წიგნი. ჭიშკარი საიმედოდ ჩაკეტა და უკან მოუხედავად მოკურცხლა.

ციდან ფრთების ხმა მოისმა. ზევიდან მფრინავი ცხენი დაეშვა. პეგასმა წააქცია მეომარი და ჩლიქებით ზედ შედგა, მერე კბილებით წიგნი აიღო და გაფრინდა.

პეგასს გზაში ისარი დააწიეს, დაჭრილმა ცხენმა ფრენა ვეღარ განაგრძო და წიგნი ჩამოუვარდა. გახარებულმა ჯუჯამ წიგნი ჩაიხუტა და მიწაში გაკეთებულ სოროში ჩაძვრა.

სოროში შუქი აანთო და ხარბად გადაფურცლა წიგნი. სოროდან ამომძვრალმა ოპოსუმმა მწარედ უკბინა ხელზე და წიგნი გაარბენინა.

საუკუნეების მანძილზე მოგზაურობდა ეს წიგნი ხელიდან ხელში, ეწირებოდა ადამიანების და ცხოველების სიცოცხლე,  ბოლოს კი ხელში ერთ სტუდენტს ჩაუვარდა, შემთხვევით იპოვნა, როცა უნივერსიტეტის ეზოში უსაქმურად იყო წამოწოლილი და სიგარეტს ეწეოდა.

– ეს რაღა ჯანდაბაა – ჩაიბურტყუნა და გაჭირვებით ამოიკითხა – “შავი მაგია, გამოყენების წესები”

– ბლინ, აქ ხომ წესიერს ვერაფერს ნახავს კაცი – შეიგინა სტუდენტმა და წიგნი ხმელი ფოთლებისგან დანთებულ კოცონში მოისროლა.

 

გარიგება ეშმაკთან – ჯადოსნური პულტი (II) სტუმრად მაძიებელთან

გაურკვეველმა ხმაურმა გამომაღვიძა. გონს რომ მოვედი გაქანებულ ბრძოლის ველზე ვიყავი არხეინად წამოწოლილი. ხმლიანი და ცხენიანი კაცები ერთმანეთს ხოცავდნენ. საცოდავად მოვიბუზე. ხმალი ცხოვრებაში არ მჭერია ხელში, ფარიკაობაზე მაინც მევლო.

– ნუ გეშინია, მე გადაგარჩენ – მომვარდა ახალგაზრდა ბიჭი და ცხენზე შემომისვა, მერე მათრახი გადაჰკრა და სადღაც გააჭენა. ისევ დავკარგე გონება.

თვალები რომ გავახილე, ქვით ნაშენ სახლში ვიყავი. ის ახალგაზრდა ბიჭიც იქვე იყო, მას ერთი მოხუცი შემატებოდა, მაღალი და თეთრი თმებით.

– ვინ ხართ? – ამოვილუღლუღე და იქაურობა მოავათვალიერე.

– მე მაძიებელი ვარ – მითხრა ბიჭმა ამაყად და ხმალი ამოიღო – ეს კი ჭეშმარიტების მახვილია.

– სასიამოვნოა – წამოვდექი და ბიჭსაც და ხმალსაც თავი დავუკარი – ბევრი რამე მსმენია თქვენზე, სერიალიც მინახავს მაძიებელზე, ოღონდ იქ უფრო დაბალი და სასაცილო ხართ…

გაკვირვებულები მიყურებენ. რა იციან რა არის სერიალი. ან ჩვენ რომ ვიცით რა ხეირი?

ჯადოქარი ინტერესით მიყურებს. მეშინია. ოღონდ ბაყაყად არ გადამაქციოს, ვერ ვიტან ბაყაყებს.

– სულ მაინტერესებს და ვერ გამიგია, რას ეძებ, რა დაგიკარგავს ასეთი, რომ ვერ გიპოვნია შე კაი კაცო?

მაძიებელი იბნევა.

– მე… მე სიმართლეს ვეძებ… ალბათ… – ეჭვით უყურებს ჯადოქარს.

– ჩვენი სამყარო ბოროტმა ძალებმა ჩაიგდეს ხელში, უნდა ვიპოვნო გზა, რომ გავათავისუფლო.

– აა, ბოროტი ძალები – თავს ვუქნევ – კი…

გვერდზე ვიყურები და შიშით ვხტები. გვერდზე ლომი მიზის და არაფრისმთქმელი სახით მიყურებს.

– ნუ გეშინია – მეუბნება – წეღან ორი მეომარი შევჭამე, შენთვის ადგილი აღარ მაქვს.

ვმშვიდდები.

– შენ ვინ ხარ? – როგორც იქნა ინტერესდებიან ჩემი ვინაობით.

– მე მომვალიდან ვარ – თავს ვიწონებ – სერიალი როგორ მთავრდება არ მახსოვს არ ვიცი, მაგრამ მგონი გაიმარჯვებ და დაიხსნი მსოფლიოს.

მაძიებელს უხარია და ცქმუტავს.

– ასეც ვიცოდი. ჭეშმარიტების მახვილი არ მიღალატებს.

ხმალს იღებს და კოცნის. აშკარად შეყვარებულია.

კარებს ბოროტი მეომრები გვიმტვრევენ.

– უნდა გავიქცეთ – ყვირის მაძიებელი –  სასწრაფოდ.

– კი, კი, უნდა გავიქცეთ – მშვიდად ვეთანხმები და ადგილიდან არ ვინძრევი. მშვიდად ვიღებ პულტს და მესამე ღილაკს ვაპირებ დავაჭირო, რომ ლომი მართმევს და შეჭმას უპირებს.

– ხომ მითხარი ნაჭამი ვარო – ვყვირი და ვეჯაჯგურები.

– მინდააა… – ღმუის ლომი. კბილებიდან ვაცლი, მესამე ღილაკს ვაჭერ და მორჩილად ველოდები როდის ჩამარტყავენ თავში.

გაგრძელება იქნება