უცხოპლანეტელთა ხომალდები დედამიწას მოუახლოვდა

ნასას საჰაერო დაზვერვის ოფიცერმა, რიჩარდ ფრიდრიხმა საგანგაშო სიგნალი გადასცა კაპიტანს. თანამგზავრების გადაღებულ სურათზე მკაფიოდ ჩანდა სამი ობიექტი, რომლებსაც დედამიწისკენ ჰქონდათ გეზი აღებული.

_ თუ ჩვენი გამოთვლები არ ტყუის სერ, 6 დეკემბერს ისინი უკვე დედამიწაზე იქნებიან – უთხრა რიჩარდმა კაპიტანს.

– მდა… – ჩაფიქრდა კაპიტანი – ესე იგი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. ის ჰამბურგერი უნდა შემეჭამა.

ნასამ განგაში გამოაცხადა და ლანჩზე წავიდა.

ამასობაში გახარებული უცხოპლანეტელები ხომალდზე ზეიმობდნენ და  შამპანურს შამპანურზე ხსნიდნენ.

– გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ გავასწარით კომეტას, რომელიც დედამიწას უნდა შეჯახებოდა 2012 წელს, ასე რომ პირველები ჩვენ იქ მივალთ!

ფანჯრიდან ჩანდა უკან ჩამოტოვებული გაბრაზებული კომეტა.

– სად დავჯდეთ, სად–ო – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თვალში მშვიდობის ხიდი მოხვდათ და აქეთ წამოვიდნენ.

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა მოახლოებული სამი ობიექტი და ქვების სროლა დაუწყო, მაგრამ ობიექტები არ ირხეოდნენ. მობილურებით შეიარაღებული ხალხი ვიდეოებს იღებდა და მერე იუთუბზე დებდა. რამდენიმე ცნობისმოყვარე ზედ აახოხდა კიდეც, მაგრამ დენმა დაარტყათ და უკან გადმოცვივდნენ.

– არ დაიჯეროთ უცხოპლანეტელების არსებობის, ეს მთავრობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია – გაჰკიოდა ქართული ოპოზიცია.

ამასობაში უცხოპლანეტელები დედამიწის შესახებ ინფორმაციას ეცნობოდნენ და ლედი გაგას უსმენდნენ, რომელიც ძალიან მოეწონათ და რაღაც გულთან ახლოს მოვიდაო, თქვეს.

როგორც იქნა გადაწყვიტეს თეფშიდან გადმოსვლა და მორიდებით შეათვალიერეს გარემო.

ამ დროს მოიჭრა სააკაშვილი ყვირილით , მე თქვენ ხინკალი როგორ არ უნდა გაჭამოთო და წაიყვანა რესტორანში. მეორე დღეს ყველა საინფორმაციო არხზე ტრიალებდა კადრები, როგორ ცეკვავდნენ უცხოპლანეტელები შალახოს და როგორ ჭამდნენ ხინკლის კუჭებს.

მეორე დღეს მათ დაათვალიერეს ქართული ღირსშესანიშნაობები და მოინახულეს პრეზიდენტის რეზიდენცია, სადაც თვით შერონ სტოუნი იყო ნამყოფი. ეს ჩვენთვის დიდი პატივიაო – განაცხადეს მათ და მწვანე სითხე გამოუშვეს.

გაჩაღდა რამდენიმე მხურვალე რომანი ქართველ გოგონას და უცხოპლანეტელ ვაჟს შორის. ქართველმა ღიპიანმა მამიკოებმა მთლად არ მოიწონეს სიძეები, მაგრამ სიყვარულს წინ ვერ აღუდგნენ და დალოცეს წყვილი.

რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობა ამჩნევდა უცნაურ მოვლენებს. ქრებოდა მათი სახლიდან ქვაბებით გაკეთებული საჭმელები, განსაკუთრებით სუპები და წვნიანი კერძები. ხანდახან ხრუპუნის ხმაც ესმოდათ.

სამ დღიანი გადაბმული ქეიფის მერე უცხოპლანეტელებმა ის განზრახვა, რომ დედამიწა გაენადგურებინათ და თვითონ დასახლებულიყვნენ აქ, უკუაგდეს და ისევ თავის პლანეტაზე დაბრუნება გადაწყვიტეს, სამაგიეროდ წაიღეს მჭადის ფქვილი და ღვინო შოთას მარნებიდან.

ამის მერე ხალხი კიდევ დიდხანს იხსენებდა უცხოპლანეტელთა ინტერვენციას და  უსმენდა ლედი გაგას.

30 წუთი მარსზე

ჰმმ, ჯარედ ლეტოს და მის როკ–ჯგუფს ელოდებოდით? არა, ეს სხვა ისტორიაა, თუმცა ჯობია ყველაფერი თავიდან დავიწყო.

ჩვეულებრივი დღე იყო. ვიჯექი ჩემს კოსმიურ ხომალდში და უსაქმურად დავეხეტებოდი მზის სისტემაში. რამდენიმე მეტეორიტს სურათიც გადავუღე, ისე, ინტერესის გულისთვის. ჩემს ლაბრადორს ტკბილად ეძინა სკამზე.

დედამიწაზე ვაპირებდი დაბრუნებას, რომ წითელ პლანეტას მოვკარი თვალი. გეზი მისკენ ავიღე.

– სად მივდივართ? – თავი წამოყო ძაღლმა.

– მარსზე – ვუთხარი და მონიტორს დავხედე – ნახევარ საათში იქ ვიქნებით.

– რა დაგკარგვია მარსზე? – მითხრა უკმაყოფილოდ – სახლში მინდა.

ჩემს მუდამ უკმაყოფილო მეგობარს ყურადღება არ მივაქციე და მოთმინებით დაველოდე მარსზე დაშვებას.

– ნახევარი საათი, მერე წამოვალთ – შევპირდი ძაღლს, რომელმაც ნელა აითრია ტანი და ზლაზვნით გადმოვიდა ხომალდიდან.

მარსზე ციოდა და ბურუსი იყო ჩამოწოლილი. ღრუბლებში გავეხვიე.

– რას ეძებ? – ჩამყვირა ყურში ლაბრადორმა.

– წყალს – ვუპასუხე და გამეცინა.

შორიდან უცნაური ხმები ისმოდა. ტანში გამაჟრჟოლა. შიში არ შევიმჩნიე.

რამდენიმე მეტრში მაღალი მთები იწყებოდა. ციდან მეწამული ფიფქები ცვიოდა. ყინვა უფრო და უფრო მატულობდა.

ფეხის ხმა მოგვესმა უკნიდან და დაძაბულები მოვბრუნდით.

– წავიდეთ სანამ მარსის მოჩვენებებმა ჩვენც მოჩვენებად არ გვაქციეს – პანიკაში ჩავარდა ძაღლი და ერთი–ორი შეჰყეფა.

ბურუსში ორი ლანდი გამოჩნდა. გრძელი კიდურები ჰქონდათ და ნელა მოაბიჯებდნენ. ინტერესმა ისე დამატყვევა, რომ უკან წასვლა არც მიფიქრია. მარსიანელების ნახვის სურვილით ვკვდებოდი.

– ადამიანი – გადაულაპარაკეს ერთმანეთს და ძაღლს გადახედეს.

– გამარჯობათ – ხელი დაუქნია ლაბრადორმა და ზრდილობიანად მოკურცხლა ხომალდისკენ. მე ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგავს.

– მარსზე წყალი არ არის – მოკლედ მომიჭრა ერთმა – შეგიძია გადასცე შენს მოდგმას, ტყუილად ნუ შეიწუხებენ თავს ძებნით.

– აბა ეს რა არის? – ხელი გავიშვირე უზარმაზარი ჩანჩქერისკენ.

მატყუარა მარსიანელები გაწითლდნენ.

– ეს ჩვენი პლანეტაა, არ გვინდა აქ სხვა ცივილიზაცია.

საათს დავხედე. ზუსტად 30 წუთი გასულიყო.

– ჩემი წასვლის დროა – დავემშვიდობე მარსიანელებს – თუ ვინმემ მკითხა, ვეტყვი რომ მარსზე წყალი არ არის.

ის აღარ მითქვამს მეცნიერებმა წყლის კვალი რომ ნახეს, თორემ მოკვდებოდნენ ნერვიულობით.

ჩემი მეგობარი კაბინაში მელოდებოდა.

– წავიდეთ სახლში – მთხოვა და თავი მუხლებში ჩამიდო – სახლს არაფერი ჯობია.

თავზე მოვეფერე და მონიტორზე დედამიწა ავირჩიე.

– ნახევარ საათში სახლში ვიქნებით…