წითელქუდა – შავი ზღაპარი დიდებისთვის

ტყიდან გოგონა მორბოდა, გრძელ ქერა თმებს ქარი უფრიალებდა, ხელში კალათა ეჭირა.

– ვალერია, სად იყავი? რა გინდოდა ტყეში? – დედამ კალათა ჩამოართვა და გოგონა შეათვალიერა – შენ რა, არ იცი, რომ ტყეში მგელმა დაიდო ბინა, რომელიც ყველას გვაშინებს? რომელიც მაქციაა და დღე შეიძლება ყველა ჩვენთაგანი იყოს?

– ვიცი დედა, მაგრამ მე მისი არ მეშინია.

ვალერიამ წითელი მოსასასხამი კარებთან დაკიდა და კალათიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

დედამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ქოხიდან გავიდა.

პატარა სოფელში პანიკა იყო ატეხილი. ყოველ ღამე თავს საშინელი მგელი ესხმოდათ თავს და კლავდა მაცხოვრებლებს. მერე კმაყოფილი იფხანდა ქოჩორს და ღიღინით მიდიოდა ტყეში. საშინელება იყო.

– ეი, ვალერია, არ გინდა სადმე განვმარტოვდეთ? – ღიმილით მიუახლოვდა სიმპათიური და დაკუნთული მეტყევე გოგონას, რომელმაც დაიმორცხვა და სიგარეტი ჩააქრო.

– ჰანს, ხომ იცი, რომ მაქცია ყველგან შეიძლება იყოს, ის მხოლოდ ღამე იქცევა მგელად, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– ვიცი – უთხრა ჰანსმა და გამოჩრილი კუდი დამალა.

სოფელში ზარების რეკვა ატყდა. უკვე ღამდებოდა და გარეთ ყოფნა საშიში ხდებოდა.

ვალერიას ბოლო ღერი გაუთავდა და ვეღარ ითმენდა. ბოლოს შეიგინა,  მოიხვია წითელი მოსასხამი, რომელსაც კაპიშონი არ ჰქონდა და წითელქუდას რატომ ეძახდნენ, თვითონაც ვერ გაერკვია, და გაუდგა გზას.

ნელა მიდიოდა სიბნელეში. უკნიდან ფეხის ხმა ესმოდა. შემოტრიალდა, მაგრამ არავინ ჩანდა. იფიქრა მომეჩვენაო, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ განმეორდა. სწრაფად შებრუნდა და ხის უკან გამოშვერილი ბანჯგვლიანი ფეხები დაინახა.

– ჰეი – იყვირა ვალერიამ –რომელი ხარ.

მგელს ეგონა ვალერია ვერ ხედავდა და კმაყოფილი ხითხითებდა, თან ფეხებს აქნევდა.

– მე შენს გონებაში ვარ… – ხმა დაიბოხა მაქციამ და ექოს ეფექტი მისცა – ვარ… არ…რ….

– გონებაში კი არა, გამხმარი ხის უკან დგახარ.

მგელი გამოვიდა და ვალერიას მიუახლოვდა.

– ო ღმერთო, რატომ გაქვს ამხელა თვალები?

– იმიტომ, რომ კარგად დაგინახო…

– რატომ გაქვს ამხელა ყურები?

– იმიტომ რომ კარგად მოგისმინო…

_ რატომ გაქვს ამხელა ცხვირი?

– ნუ, კი ვიფიქრე რინოპლასტიკის გაკეთება, მაგრამ მერე  მითხრეს შენს ინდივიდუალიზმს დაკარგავო და რა ვიცი… ჰოდა, რას ამბობდი?

– რატომ გაქვს ამხელა პირი?

– იმიტომ რომ კარგად შეგჭამო… – ჩაიღრინა მგელმა და სენდვიჩის პურები შუაზე გადახსნა.

ვალერიამ იკივლა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მგელს ბებიის ჯოხი მოხვდა თავში.

მოიცა, ბებია რომ აქამდე არ გვიხსენებია? – თავი მოიქექა რეჟისორმა და სცენარს ჩახედა.

– ვერავინ გაბედავს ჩემი შვილიშვილის შეჭმას – იყვირა ბებიამ და წიხლი ამოსცხო.

ვალერიმ და ბებიამ მგელს ხელები დაუბეს და ხეზე მიაკრეს.

კადრი შორეული უდაბნოდან. გაკვირვებული მონადირე ხელებს შლის გაოცებული. 

– უი, მონადირე დაგვავიწყდა – ამბობს რეჟისორი და ზღაპარს ფურცლავს. 

ფინალური სცენა

თენდება და მგელი ერთ–ერთ მათ თანასოფლელად უნდა გადაიქცეს. დაძაბული ვალერია და ბებია უყურებენ.

– იქნებ დედაა? ან მამა? ან იქნებ სულაც ჰანსია? ან იქნებ… იქნებ მე ვარ?

 რეჟისორი ფიქრობს, ფიქრობს, იმდენს ფიქრობს, რომ ბოლოს ბეზრდება და მიდის.

– ვალერია – ყვირის დედა.

– აქ ვარ – ბოხი ხმით ამბობს ვალერია და სიგარეტს აბოლებს.

inspired by red riding hood 2011