გავხდე წითური?

დიდი ხანია ჩეული ექსპერიმენტები აღარ მიტარებია თმაზე და ამ ბოლო დროს ნოსტალგია შემომაწვა, მოწყენილი შევყურებ ხოლმე უკვე ნახევარი წელია ბუნებრივ ფერს და ვფიქრობ რა ვქნა.

წითურ თმაზე ვგიჟდები, ადრე მქონდა წითელი ზოლები გაკეთებული, მაგრამ მთლიანად შეღებვა ვერ გადავწყვიტე. ამ ბოლო დროს აქტიურად შემომაწვა აზრები წითელ თმებზე, მაგრამ ჯერ ვფიქრობ და ალბათ კიდევ დიდხანს ვიფიქრებ.

სამაგიეროდ წუხელ ავდექი და ვარდისფერი ზოლები გავიკეთე, რომლებიც ასე გამოიყურება.

 

წითელი ლენტი

ჯეიმი პარკის შესასვლელში იდგა და ჯიბეში პატარა კოლოფის სიმძიმეს ისე გრძნობდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი ედო მის მაგივრად. წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა, დრო აღარ და აღარ გადიოდა.

ვირჯინიას რამდენიმე თვეა იცნობდა, მაგრამ მის თმების სურნელი ყველგან თან დაჰყვებოდა.  მის ძარღვებში ბოშა ქალის სისხლი სჩქეფდა, გრძელი, შავი თმები, დიდი შავი თვალები, ძლიერი და მტკიცე ხასიათი – ყველაფერი, რაც ასე იზიდავდა.

საათს დახედა. ვეღარ ითმენდა.

აი ისიც გამოჩნდა. ყველასგან გამოირჩეოდა, გრძელი შავი თმები მხრებზე დაფენოდა.

– ჯეიმი – თქვა ქალმა და გადაეხვია.

ვირჯინია სკამზე ჩამოჯდა. ჯეიმიმ კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და მის წინ ცალ მუხლზე დადგა.

– გამომყვები ცოლად?

ქალმა გაიცინა.

– რა თქმა უნდა.

გახარებულმა ჯეიმიმ ბრილიანტის ბეჭდი თითზე გაუკეთა თავის საცოლეს და თვალებში ჩახედა. კვლავაც თვალში მოხვდა ყელზე მჭიდროდ მოხვეული წითელი, ვიწრო ლენტი.

– რატომ გიკეთია ყოველთვის ეს ლენტი? – ჰკითხა ღიმილით.

– არასდროს, არასდროს არ უნდა მოვიხსნა ეს ლენტი, დაიმახსოვრე ჯეიმს.

კაცი აღარ ჩაეძია, რაც მთავარია, ვირჯინია მის ცოლობაზე იყო თანახმა, სხვა არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

იმ ზაფხულს ისინი დაქორწინდნენ. ჯეიმი ხვდებოდა, რომ მის ცოლზე კიდევ ბევრი რამ არ იცოდა, არც მის ნათესავებს იცნობდა და არც ვირჯინიას საიდუმლოებით მოცულ წარსულს.

რაც მთავარია ქალი არასდროს არ იხსნიდა წითელ ლენტს, დღე თუ ღამე, ყოველთვის ეკეთა. მეუღლის კითხვაზე კი იგივე პასუხს სცემდა, რომ ეს ლენტი არ უნდა მოეხსნა, არასდროს… 

გავიდა რამდენიმე წელი და ჯეიმი კიდევ ერთ უცნაურ ფაქტს წააწყდა, როცა სახლის იჯარას იხდიდა, გადაწყვიტა ცოლის სახელზე შეეტანა თანხა, მაგრამ როცა გადაამოწმეს, უთხრეს, რომ ამ შტატში დარეგისტრირებული ვირჯინია მორგანი უკვე 10 წელია გარდაცვლილი იყო. როცა ეს ყველაფერი ცოლს მოუყვა, მან განუცხადა, რომ მისი ქალიშვილობის გვარი სხვა იყო, და არა მორგანი.

რამდენიმე წელში ვირჯინია დაორსულდა. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ჯეიმი. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ქალმა სთხოვა ექიმი გაეფრთხილებინათ, რომ ის წითელ ლენტს ყელიდან ვერ მოიხსნიდა. კაცმა შეუსრულა ეს თხოვნა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი, წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჯეიმის საშინელი ცნობისმოყვარეობა ტანჯავდა. სწორედ ამიტომ კიდევ ერთი იდეა მოუვიდა თავში. მათი ქორწინების ათი წლისთავი ახლოვდებოდა. ძვირფასი ყელსაბამი იყიდა და ვირჯინია რესტორანშ დაპატიჟა. ქალმა სიხარულით შეჰკივლა, როცა ხავერდის ყუთი გახსნა.

– მოდი, გაგიკეთებ ყელზე, მოიხსენი ეგ ლენტი ბოლოს და ბოლოს – უთხრა ჯეიმიმ.

– არა, მე ამ ლენტს ვერ მოვიხსნი – გადაჭრით განაცხადა ქალმა – მაგრამ დიდი მადლობა ძვირფასი საჩუქრისთვის.

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, მეტი მოთმენა არ შეეძლო. იმ ღამით, როცა ვირჯინიას ღრმად ჩაეძინა, ფეხაკრეფით მიეპარა და ლენტი ფრთხილად გამოხსნა. ლენტი ძალიან წვრილი იყო და ადვილად დაყვა. ერთ ბოლოს მოკიდა ხელი და გამოსწია. ლენტი თანდათან დამოკლდა და ელვა შესაკრავივით გაიხსნა.

ვირჯინიას თავი შეირხა,დაბლა გადმოვარდა და იატაკზე გაგორდა. მთვარის შუქზე გამოჩნდა, როგორ ჩამოუვიდა დახუჭული თვალიდან ცრემლი.

“ხომ გაფრთხილებდი” – ჩაესმა ჯეიმის ვირჯინიას ხმა გონების დაკარგვამდე.

*

*

*

*

*

NUKEKUBI – ნუკეკუბი – იაპონურ მითოლოგიაში, მითიური არსება, რომელსაც თავი სხეულისგან გამოყოფილი ჰქონდა და ისე შეეძლო არსებობა.

true blood VS პაპსა ვამპირები

ისევ და ისევ ვუბრუნდები ვამპირების თემას. მაშ ასე: მხიარული დიალოგები ვამპირებს და სხვა პერსონაჟებს  შორის.

მე და ფერები

ესეც ჩემი მეორე ტეგ–თამაში, ისევ ჩემმა სულით მონათესავემ დამთაგა 🙂 alukaЯD- მა, საინტერესოა, რომ სწორედ ამ თემაზე მქონდა რამდენიმე დღის წინ საუბარი ბადრისთან.

როგორც ჩემმა ფსიქოლოგიის ლექტორებმა მასწავლეს, ფერები პირდაპირ კავშირშია სამყაროს აღქმასთან და ადამიანის ხასიათთან. თურმე ფერების მიხედვით მისი ხასიათის რაღაც თვისებების გამოცნობაც შეიძლება. ფერის ფსიქოლოგიაც კი არსებობს, ფერების სიმბოლიზმი.

რაც შემეხება მე, მაქვს ამოჩემებული ფერი, რომელიც ყველგან ფიგურირებს – ტანსაცმელში, ბლოგზე, ეს არის იასამნისფერი, (violet, purple,მეწამური). იასამნისფერი მიიღება წითელის და ლურჯის შერწყმით. ითვლება, რომ ქალური და მამაკაცური საწყისების ერთიანობაა ამ ფერში მოქცეული. საკმაოდ პოპულარული ფერია, განსაკუთრებით ბავშვებში და ორსულებში. ასევე ჰომოსექსუალებში. ითვლება, რომ იასამნისფერი იმ კულტურებშია პოპულარული, რომლებიც ეროტიულ მისწრაფებებს ავლენენ 🙂

ახლა ფერები, რომლებიც ძალიან არ მიყვარს, ასეთი სამია – ყავისფერი, ნაცრისფერი და ყვითელი.

ყავისფერი ზედმეტად მოსაწყენად მეჩვენება, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. არასდროს არ ავირჩევ განსაკუთრებული საღამოსთვის ყავისფერ კაბას. ყავისფერი ბუნების ფერად ითვლება, საქმიანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ალბათ ამიტომაც არ მომწონს 🙂

ნაცრისფერი ორ ფერს შუაა მოქცეული – შავი და თეთრი, იგივე ბოროტი და კეთილი. ნაცრისფერს ავიტან, თუ ვერცხლისფერში გადადის, მაგრამ მკაფიო ნაცრისფერი არ მიყვარს. ასევე ასოცირდება მოწყენილობასთან და პესიმიზმთან, რაც ჩემგან ძალიან შორსაა.

ყვითელი წინა ორისგან განსხვავებით საპირისპირო პოლუსზეა, ანუ თუ ისინი ზედმეტად მოსაწყენები და უინტერესოებია, ყვითელი ზედმეტად მხიარული და თვალში მოსახვედრია, მაგრამ შემიძლია ავიტანო ყვითელი ნივთები, არ გამაღიზიანებს. არადა ყვითელი სითბოს, მზის, სიხარულის და ბედნიერების ნიშანია.

არანაირი გართულება არ მაქვს ლურჯზე, მწვანეზე, ცისფერზე, მომწონს ნარინჯისფერი, აქტიურად ვიყენებ ჩაცმულობაშიც ამ ფერებს.

შავი და თეთრი – ფერები, რომლებსაც უამრავი სიმბოლური დატვირთვა და განმარტება აქვთ, ორივე ჩემთვის სრულიად მისაღებია, მეუბნებიან რომ ძალიან მიხდება შავი, მაგრამ იშვიათად ვიცმევ.

წითელი – პროვოკაციული და აღმგზნები ტონალობა, რომელიც ჩემთვის სისხლთან ასოცირდება. საშიში და ინტენსიური, რომელიც ძალიან მიზიდავს. მომწონს ჩემს თმაზე ასეთი ფერი.

ჩემმა ერთმა ფეისბუქელმა მეგობარმა ბიჭმა სტატუსად დაიწერა – გოგო რომ ვიყო თმებს წითლად შევიღებავდიო. როგორც დავაკვირდი ბიჭებს მოსწონთ წითური გოგოები 🙂

და ბოლოს, ყველაზე ატაცებული და გაფანატებული ფერი  – ვარდისფერი, რაღა შორს წავიდეთ და ჩემს უახლოეს მეგობარს აქვს ქრაში ვარდისფერზე ბავშვობიდან. ვარდისფერი გოგონების საყვარელ ფერად ითვლება, მე ჯერ არ მინახავს კაცი, რომელსაც ვარდისფერი მოსწონს და აღიარებს ამას 🙂

აბა, რა დასკვნა გამოიტანეთ ჩემს ხასიათთან დაკავშირებით? 🙂