როცა უცნობი რეკავს…

– ჯენიფერ, ძიძა მოვიდა, წასვლის დროა – გასძახა ქმარმა მეუღლეს და პირველ სართულზე ჩავიდა.

ამანდა მორცხვად იდგა კარებთან, სულ რამდენიმე დღეა რაც პიტერსონებთან დაეწყო მუშაობდა. თან სწავლობდა და თან ბავშვების მოვლით დამატებით შემოსავალს იღებდა.

ჯენიფერი და ტომი უკვე 15 წელია ცოლ–ქმარი იყვნენ, შვილები გვიან შეეძინათ, ახლა ორი პატარა ჰყავდათ და ერთმანეთს ისეთ ყურადღებას ვეღარ უთმობდნენ, როგორსაც ადრე, ამიტომ გადაწყვიტეს ერთი საღამო კინოში წასულიყვნენ მარტო ისინი და ბავშვები გვიანობამდე ძიძასთან დაეტოვებინათ.

– თუ რამე მოხდა, მაშინვე დაგვირეკე – ჯენიფერმა ჩანთა აიღო და ამანდას მიუბრუნდა – კარები კარგად ჩაკეტე.

პიტერსონების სახლი პატარა სასახლეს ჰგავდა, მაგრამ ძალიან ძველი და ბნელი შენობა იყო,  უამრავი ოთახებით, რომელსაც არავინ იყენებდა. პიტერსონები დიდი ხანია ამ სახლის გაყიდვას აპირებდნენ.

ამანდამ კარები ჩაკეტა და ბავშვების ოთახში ავიდა. პატარებს უკვე ეძინათ. შუქი ჩააქრო და პირველ სართულზე ჩამოვიდა, ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოიკალათა.

ტელეფონის ზარი გაისმა. დარწმუნებულმა იმით, რომ ჯენიფერი რეკავდა, ყურმილი აიღო.

– დიახ მისის პიტერსონ.

– …

ხმას არავინ იღებდა, მარტო მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა.

– გისმენთ…– გაიმეორა ამანდამ.

– შენს ადგილზე ბავშვებს ვნახავდი – გაისმა კაცის ხმა და მას უცნაური შრიალი მოყვა. კაცმა ყურმილი დაკიდა.

გაოცებულმა ამანდამ აქეთ–იქით მიმოიხედა, ვიღაცა ბოროტად ეხუმრებოდა. სასწრაფოდ აირბინა მეორე სართულზე და ოთახის კარი შეაღო. ბავშვებს ეძინათ.

თავი გაიქნია და დაბლა ჩამობრუნდა. იფიქრა ალბათ ვინმე ნაცნობმა გაიგო ძიძად რომ ვრჩები და ჩემი შეშინება გადაწყვიტაო.

ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

– ეს სულაც არაა სასაცილო – გაბრაზებული ხმით უპასუხა ტელეფონს. ისევ უცნაური შრიალი ისმოდა.

– ბავშვები შეამოწმე – გაიგო ისევ ის საშინელი ხმა შორიდან და ტანში გააჟრჟოლა. ეს ამბავი არ მოსწონდა.

– ვინ ხარ, რა გინდა?

უცნობმა ჩუმად ჩაიცინა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და გათიშა.

ახლა უკვე ნამდვილად შეეშინდა, ეს ყველაფერი ნაცნობის ხუმრობას არ ჰგავდა. სასწრაფოდ 911–ზე დარეკა და ოპერატორს ამ ზარების შესახებ მოუყვა.

– როცა კიდევ დარეკავს ეცადეთ ცოტა ხანი შეაყოვნოთ მისს, ასე მის ადგილმდებარეობას დავადგენთ – უთხრა ოპერატორმა.

აკანკალებული დაჯდა დივანზე და ტელევიზორი გამორთო. სახლის ირგვლივ არავინ ჩანდა, კარები საიმედოდ იყო ჩაკეტილი,  ვერავინ შემოვიდოდა. ისევ თავს იმშვიდებდა, რომ ვიღაც უბრალოდ ბოროტად ხუმრობდა.

ისევ საძულველი ზარის ხმა მოისმა. უცნობი ნომერი.

– არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინო – ჩასჩურჩულა უცნობმა.

– მოიცადე, არ გათიშო, მითხარი რა გინდა.

– მინდა რომ ბავშვების ოთახში ახვიდე და შეამოწმო, იქ არიან თუ არა…

– ბავშვები კარგად არიან და სძინავთ. მათ ვერაფერს დაუშავებ.

ისტერიული სიცილი გაისმა. უცნობი საშინელი ხმით იცინოდა.

– ძალიან მალე – უთხრა კაცმა და გათიშა.

ის იყო ამანდა მეორე სართულზე აპირებდა ასვლას, რომ ოპერატორმა დაურეკა.

– მისს, გადავამოწმეთ ნომერი, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ადამიანი, რომელიც გირეკავთ იმავე სახლში იმყოფება, სადაც თქვენ ხართ, გიმეორებთ, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ჯგუფი უკვე გამოვგზავნეთ.

სისხლი ძარღვებში გაეყინა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მეორე სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა.

“ძალიან მალე” ჩაესმა უცნობის ხმა და კარებს მივარდა.

უკნიდან ძლიერი ხელი სწვდა და ყელში მოუჭირა.

– ხომ გითხარი ბავშვები შეამოწმე–თქო – ჩაესმა ნაცნობი ხმა და ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამოუვიდა.

გარეთ პოლიციის მანქანების სიგნალების ხმა მოისმა. კაცმა ხელი გაუშვა. პანიკაში მყოფი ამანდა კარებს ეცა და გარეთ გავარდა.

პოლიციელებმა ბავშვების ოთახში დიდი სისხლიანი ცული იპოვნეს, ბავშვები კი კარადაში იყვნენ დამალულები და ისტერიულად ტიროდნენ. ფანჯარა გატეხილი იყო, ყველგან მინის ნამსხვრევები ეყარა. მანიაკის კვალს ვერსად მიაგნეს.

ლეგენდა, რომლის მიხედვითაც საკმაოდ საინტერესო ფილმია გადაღებული

when a stranger calls


ფობიები

ჩემმა მეგობარმა violet miss-მა დაწერა ძალიან საინტერესო პოსტი ფობიებზე. ადრე მეც მაქვს მსგავსი პოსტი დაწერილი, ანუ რისი მეშინია, მაგრამ კარგი იქნება თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ, მით უმეტეს, რომ ყველა წვრილმანის შიშს თავისი სახელი აქვს.

სიმართლე ითქვას, არ მაქვს ბევრი ფობია, არც ფრენის, არც სიმაღლის, არც დახურული სივრცის არ მეშინია. ჩამოვყევი ფობიების ჩამონათვალს და აღმოვაჩინე რამდენიმე.

ალბათ პირველ რიგში მაქვს ალგოფობია, ანუ შიში ტკივილის მიმართ, მცირე ტკივილზეც კი გამაყუჩებელს ვსვამ. მიუხედავად ამისა ბევრჯერ გადამიტანია მტკივნეული ჭრილობები და დაზიანებები, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ უმცირესი ტკივილიც ავირიდო. სწორედ ამიტომ ვერ ვუყურებ სადიზმით გაჟღენთილ ფილმებს, სადაც ხშირია წამების სცენები.

მცირე რაოდენობით მაქვს აპიფობია, ფუტკრების შიში, ეს ალბათ წინა ფობიას უკავშირდება, იმიტომ რომ საშინლად მახსოვს პირველი ნაკბენი ფეხის თითზე და ასეთი მწარე არაფერი გამომიცდია, მაგრამ ეს ჩემი შიში არაფერია ლიკასთან შედარებით. მაგალითად დღეს ქუჩაში ფუტკარი დაინახა და ერთ ადგილზე გაშეშებული ყვიროდა ზედ მაზისო? ძლივს დაწყნარდა 🙂

კიდევ აღმოვაჩნე გამოფობია, ანუ დაქორწინების შიში, მაგრამ ბადრიმ არ წაიკითხოს თორემ გამიბრაზდება 🙂  ამას შეჩვეული სიტუაციის შეცვლის შიში ერთვის თან.

ვყოფილვარ ასევე გლოსოფობი, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის შიში. არასდროს არ მიყვარდა და პრეზენტაციებზე და წარდგენებზე გაჭირვებით გავდიოდი, სადიპლომოს დაცვაზეც ხელები მიკანკალებდა.

ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში, აი რამდენიმე რამე ჰქვია თურმე ამ შიშს.

ჩემს იპოხოდრიზმზე უკვე ვისაუბრე, მეშინია დაავადებების და სულ მგონია, რომ რამე გამიჩნდება. ამას პათოფობია ჰქვია.

ლიკას აქვს დიდი ქანდაკებების შიში, სამწუხაროდ ამ ფობიის სახელი ვერ ვნახე.

საწოლის ქვეშ მონსტრია!

ბავშვობიდან იცოდა, რომ საწოლის ქვეშ შეხედვა არ შეიძლებოდა. მით უმეტეს ღამით. ბავშვობაში არ ეშინოდა, ყურადღებასაც არ აქცევდა, ჩაიხუტებდა საყვარელ სათამაშოს და იძინებდა. წლები რაც უფრო მოემატა, მით უფრო დაიწყო შიშმა თავის შეხსენება.

შეშინებული იწვა ხოლმე და ოფლში გაწურული უსმენდა მონსტრის ხმადაბალ ზმუილს, ხანდახან ნაღვლიანსაც.  იქნებ იმას ამისი ეშინოდა, ვინ იცის…

ხანდახან მონსტრი ბრაზობდა და მთელ საწოლს არყევდა ხოლმე. მთელი ღამე თვალგახელილი იწვა და ჭერს უყურებდა, სადაც უაზროდ ცდილობდა ფიგურები ამოეცნო.

დრო გადიოდა, მონსტრი არ ბერდებოდა, თვითონ კი წლები ემატებოდა.  მუდმივმა უძილობამ დაღალა, ყველას ეჩხუბებოდა, ვეღარავის ვეღარ იტანდა. ერთ დღესაც, როცა მორიგმა გოგომ მიატოვა, სახლში დაბრუნდა, თავი ვერ შეიკავა და მთელი ხმით აღრიალდა.

მონსტრი დადუმდა, მერე საწოლის ქვეშიდან ხელსახოცი გამოაწოდა.

ოსტრის მზრუნველობაზე გული აუჩვილდა და უფრო დიდი ხმით გააგრძელა ღრიალი.

– ვერ ვიტან ჩემს ცხოვრებას, ამ უაზრო, მოსაწყენ და დამღლელ ყოველდღიურობას, ვერ ვიტან ჩემს თავს…

მონსტრი საწოლის ქვეშიდან გამოძვრა და გვერდით მიუწვა.

– აი, როგორი ყოფილხარ, საცეცებიანი და საშინელი სანახავი. მაგრამ გული გქონია კეთილი. რა გქვია?

– შეგიძლია მონსტრი დამიძახო.

– ვინ ხარ მონსტრო? საიდან მოხვედი? ან აქამდე ვის საწოლის ქვეშ ცხოვრობდი?

– მე შენი საწოლის ქვეშ კი არ ვცხოვრობ, შენს თავში ვარ მოკალათებული ძალიან კომფორტულად. ცოტა ხანში რემონტსაც გავაკეთებ.

– ანუ არ არსებობ და უბრალოდ ჩემს წარმოსახვაში ხარ?

მონსტრმა თავი დაუქნია და ჩიპსების ხრამუნი დაიწყო.

– რატომ მაშინებ ხოლმე?

– მე არ გაშინებ, როცა შენ გეშინია, მეც მაშინ მეშინია. მე თვითონ ვარ შიში. შენი პერსონალური შიში. მაშინ, როცა რამე გაშინებს, როცა საკუთარ თავში იკეტები, როცა ხალხის გეშინია, მე უფრო ძლიერი ვხდები.

ონსტრმა გაუხსნელი ჩიპსი იღლიაში ამოიდო და საწოლიდან ჩამოხტა.

– გაითვალისწინე ჩემი რჩევა. რაც უფრო ნაკლებად შეგაშინებს ეს სამყარო, მით უფრო ძლიერი იქნები. ახლა აღარ იტირო, უნდა დავიძინო.

საწოლის ქვეშ შეძვრა და ცოტა ხანში გაბმული ხვრინვის ხმა გაისმა.

ცრემლიანი თვალები მოიწმინდა და საბანი გადაიფარა.

ახლა იცოდა, რა მონსტრიც ჰყავდა საწოლის ქვეშ.  დროდადრო ჩიპსებსაც აწოდებდა ხოლმე, გოგოსაც უკვე ერთი თვეა არ მიუტოვებია.

მაგრამ ხანდახან მაინც ეშინოდა ხოლმე… ისე არა, როგორც ადრე…