მე <3 რუსთავი

რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან ბევრჯერ გამიგია გამონათქვამი “ერთხელ დაიბადო და ისიც რუსთავში” და ეს ყოველთვის მაღიზიანებდა. რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს, მყოლია მეგობრებიც, რომლებიც ვერ იტანდნენ რუსთავს და თბილისში გადაცხოვრებაზე ოცნებობდნენ, მაგრამ მე არასდროს არ ვეთანხმებოდი. მიყვარს რუსთავი და რა ვქნა.

ძალიან პატარა ქალაქია. ერთი ბოლოდან მეორემდე ფეხით გასვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მის ნებისმიერ წერტილში შეძლებ რამდენიმე წუთში გადაადგილებას ტრანსპორტით.  მშვიდი ქალაქია (ასევე ცნობილია როგორც “მკვდარი”), მართალია, აქ ღამის ცხოვრება არაა, ვერც ღამის კლუბებს ნახავთ და ვერც მთელი ღამე გარეთ მხიარულად მოსეირნე ახალგაზრდობას, სამაგიეროდ იდეალურია ჩემნაირი ხალხისთვის, სიწყნარეში ყოფნას და ძილს რომ არაფერი ურჩევნია.

რა თქმა უნდა ინვიდუალურია, მაგრამ რაც სწავლას მოვრჩი და თბილისში აღარ მიწევს ყოველდღე სიარული, დავისვენე. რუსთავში შემოსვლისთანავე სიხარულის გრძნობა მეუფლებოდა ხოლმე. ჩემი ქალაქია, ბევრი ნაკლი და მინუსი აქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სახალხოდ ლანძღვას და ქვის სროლას არ დავუწყებ. არ მინდა რომ აქ ხალხი იმ გრძნობით ჩამოდიოდეს, თითქოს სადღაც ველურებში მიდიან. ერთხელ მე და ჩემი კურსელი თბილისიდან მოვდიოდით, უკან ორი გოგო გვეჯდა, პირველად მოდიოდნენ რუსთავში და ცოტა არ იყოს შეშინებულები იყვნენ, მალე წამოვიდეთ, მეშინიაო – ერთმანეთს ეუბნებოდნენ.

ათი წლის წინ ქალაქში საშინელი სიტუაცია იყო, გარეთ დაღამების მერე ვეღარ გახვიდოდი, თვეობით შუქი არ იყო, წყალზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ქუჩები ჩაბნელებული და დანგრეული, ახლა სიტუაცია შეიცვალა. თვით ლეგენდარული მეცხრამეტე მიკრო-რაიონიდანაც წამოვსულვარ ფეხით ღამის ცხრა საათზე, თანაც ისე, რომ არათუ შემშინებია, უბრალოდ გამისეირნია.

ახლა თითქმის 5 თვეა რაც შარტავას გამზირზე გადმოვედი საცხოვრებლად და აქაურობა ძალიან მომწონს. ჩემი ფანჯრებიდან ასეთი ხედი იშლება.

პრობლემები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ისე გამოსწორდება, როგორც ათი წლის წინანდელი სიტუაცია გამოსწორდა.

ესეც რუსთავის სურათები:  (ლიკას გადაღებული და დათოს ალბომებიდან აღებული)

ზამთარი:

შემოდგომა:

გაზაფხული-ზაფხული:

რუსთავი ღამე:

 

რა მიშლის ნერვებს

ნელ-ნელა ვატყობ ჩემს თავს, რომ თანდათან მწვავე ნევროზი მიყალიბდება. არის რაღაცეები, რომლებიც ძალიან მიშლის ნერვებს და არის კიდევ სხვა რაღაცეები, რომლებიც არ მაღიზიანებს.

მაღიზიანებს:

  • ტელევიზორის ხმამაღალი ხმა
  • აბაზანიდან წყლის ხმა
  • ფრჩხილების წკაპუნის ხმა
  • ცხელი (ან ცივი) სასმელის ხრუპუნით დალევა
  • ხმამაღალი ჭამა და პირის წკლაპუნი
  • ძილის დროს ოდნავი შუქიც კი
  • ძაღლების ყეფა
  • ზედა სართულებიდან ჩამომავალი მუსიკები, ფეხის ხმა, სირბილი და ავეჯის გადაადგილება.
  • ფანჯრებიდან შემომავალი მანქანების ხმა.
  • საათის წიკწიკი ღამე. რამდენიმე ღამის წინ ავდექი და საათი დავშალე, ხმა რომ არ გამეგო.

არ მაღიზიანებს:

  • მაცივრის ჩართვის ხმა, რომელიც მოულოდნელად ირთვება და ათი წუთი გაუჩერებლად რახრახებს. განსაკუთრებით ღამე.
  • ჭექა-ქუხილის, ქარის, წვიმის ხმა. ამ დროს ყველაზე მშვიდად ვიძინებ.
  • დილით ჩიტების გამაყრუებელი ჭიკჭიკი.

მეტი არაფერი მახსენდება. ფაქტია უფრო მეტი რამე მაღიზიანებს, ვიდრე მამშვიდებს.

მოჩვენების ანაბეჭდები

ეს ისტორია შონ სკოლერმა გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით მას და თავის ცოლს გადახდათ თავზე.

“მე და ჩემი ცოლი ჯილი მეგობრის წვეულებიდან გვიან ღამეს ვბრუნდებოდით მანქანით. მაისის მშვენიერი ღამე იდგა. მთვარე ანათებდა და ამინდიც კარგი იყო. ჩვენ მხიარულად ვლაპარაკობდით და წვეულების ამბებს განვიხილავდით. სწორედ ამ დროს მანქანამ სვლა შეაჩერა და გაჩერდა. გარეთ გავიხედე. სწორედ იმ ადგილზე ვიყავით გაჩერებული, სადაც ერთი ქუჩა მეორეს უერთდებოდა, მათ შორის კი მატარებლის ლიანდაგი გადიოდა.

გამახსენდა ძველი ტეხასური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აქ სკოლის ავტობუსი მატარებელმა გაიტანა. იქ მყოფი ყველა ბავშვი გარდაიცვალა. ახლა კი მათი სულები ამ ადგილებს არ ტოვებდნენ.

რა თქმა უნდა ამ ლეგენდის არ მჯეროდა, ახლა მარტო ერთი სადარდებელი მქონდა – მატარებელი არ გამოჩენილიყო, თორემ ჩვენ ზუსტად შუა ლიანდაგებზე ვიყავით გაჩერებულები.

უშედეგოდ ვაწვებოდი გაზს, მანქანა ადგილიდან არ იძვროდა. ზუსტად ამ დროს მატარებელის ხმა მოისმა. საშინელი სისწრაფით მოქროდა.

– შონ, სწრაფად, მატარებელი მოდის – ყვიროდა ჩემი ცოლი, თითქოს მე არ მესმოდა მისი ხმა.

ყველაფერი ისე ჩქარა ხდებოდა, აზროვნების უნარიც კი დავკარგე. მივხვდი, რომ უნდა გადმოვსულიყავით მანქანიდან, თორემ მასთან ერთად ნაგლეჯებად ვიქცეოდით.

– სწრაფად ჯილ, აქედან უნდა გადავიდეთ – ვუყვირე ჩემს ცოლს, მაგრამ ის უსაფრთხოების ღვედებს ვერ იხსნიდა. ამაზე ადრეც ჰქონია პრობლემა და ყოველთვის ვპირდებოდი, გავასწორებ–თქო.

სიგნალების ხმა უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. ოფლში გავიწურე. ხელები მიკანკალებდა და ვცდილობდი როგორმე დავხმარებოდი ჩემს ცოლს, მაგრამ უშედეგოდ.

მოულოდნელად უკნიდან ძლიერი მოწოლა ვიგრძენი. ვიღაც მანქანას აწვებოდა ისე ძლიერად, რომ წინ წავიწიეთ და ლიანდაგებიდან გადავედით. მატარებელმა ახლოს ჩაგვიქროლა.

– ეს როგორ გააკეთე? – მკითხა გაკვირვებულმა და შეშინებულმა ჯილმა.

– ეს მე არ გამიკეთებია – ვუთხარი გაოცებულმა და მანქანიდან გადავედი.

იქ არავინ არ იყო, დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა.

– სად არის? – იკითხა მანქანიდან ახალმა გადმოსულმა ჯილმა.

– აქ არავინ არ ჩანს.

მოულოდნელად ტყიდან ნიავმა დაუბერა და ჩურჩულის ხმა მოიტანა. მე და ჯილი ერთმანეთს მივეკარით. თითქოს მხრებზე ხელის ფრთხილი შეხება ვიგრძენით.

უკან მოვბრუნდით და ამ დროს ჯილმა დამიძახა: – შონ, შეხედე.

მანქანის უკანა მინაზე გარკვევით ეტყობოდა პატარა ხელის ანაბეჭდები, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე.

სისხლი ძარღვებში გამეყინა და მივხვდი რაც მოხდა. მანქანა იმ ბავშვების მოჩვენებებმა  გადაიყვანეს ლიანდაგებიდან, რომლებიც აქ დაიღუპნენ.

– წავიდეთ ჯილ – ხელი მოვხვიე ჩემს ცოლს და გზაზე გავედით”

მკვლელობა წვეულებაზე

ეს ლეგენდა ამერიკულ კოლეჯებში ძალიან პოპულარული იყო. რამდენიმე წყარო სხვადასხვანაირად ყვება, მაგრამ შინაარსი მაინც ერთი აქვს. მაშ ასე – ჩემი ინსცენირებით – მკვლელობა წვეულებაზე.

ელენა, ნიკი და ჯულია კოლეჯში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, პოპულარულები და ლამაზად ჩაცმის მოყვარულები. ერთ დღეს უცხო გოგომ შემოუღოთ კარები, რომელიც კოლეჯის ადმინისტრაციას მათთან გამოეგზავნა.

უცნაური გოგო იყო, შავად შეღებილი თვალებით, გოთიკური ჩაცმულობით და ძალიან გრძელი, შავი თმებით.

– მითხრეს, რომ თქვენთან საწოლია თავისუფალი – იკითხა გოგომ. დაქალებმა ამრეზით შეხედეს და უხეშად მიუკეტეს კარები.

– ვიღაც გიჟები გვინდა ახლა ოთახში? – ტუჩი აიბზუა ელენამ და თმების ვარცხნა გააგრძელა.

იმ საღამოს კოლეჯში დიდი წვეულება ეწყობოდა, რომელსაც საზაფხულო მეჯლისს ეძახდნენ. მთელი კოლეჯის სტუდენტები იქ იყვნენ შეკრებილები. ელენას, ნიკის და ჯულიას რა თქმა უნდა ყველაზე ლამაზი კაბები ეცვათ და კოლეჯის დედოფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია.

მხიარულება უკვე ეშხში შევიდა, როცა უცნობი გოგო კარებში გამოჩნდა. ისევ ის ტანსამცელი ეცვა, ოღონდ თვალების ფერი შეცვლოდა, ახლა წითლად უელავდა.

მოულოდნელად დარბაზში შუქი ჩაქრა. სტუდენტებმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ ისევ მოვიდა.

– ნიკი, სად არის ნიკი? – აქეთ–იქით იხედებოდა ჯულია – ამ წუთას აქ იყო.

ელენამ და ჯულიამ ნიკის შარფი დაინახეს გასასვლელ კარებთან.

– ალბათ სიბნელით ისარგებლა და ტონისთან ერთად სადმე განმარტოვდა.

– წამოდი, მოვძებნოთ.

ფრთხილად შეაღეს სააბაზანოს კარები. ერთი კაბინა ჩაკეტილი იყო.

– ნიკი, აქ ხარ? მარტო ხარ?

პასუხს არავინ სცემდათ. არც საეჭვო ხმები არ ისმოდა იქიდან, რომ ეფიქრათ, ნიკი მარტო არ იყო.

ჯულიამ ფრთხილად შეაღო კარები და იკივლა.

დაბლა თვალებდათხრილი ნიკი ეგდო და მთელი სახე სისხლით მოსვროდა. ცარიელი გუგებიდან სიბნელე იყურებოდა.

შეშლილი გოგოები კიოდნენ და უკან უკან იწევდნენ. დარბაზში რომ შევარდნენ, შუქი კიდევ ერთხელ ჩაქრა.

ამჯერად ჯულია გაქრა. ელენამ დაინახა სისხლის წვეთები კიბეებზე და კანკალით აიხედა ზევით.

ჯულია თავდაყირა იწვა კიბეებზე და პირში უზარმაზარი დანა ჰქონდა გაყრილი. სისხლი ნაკადად ჩამოდიოდა კიბეებზე.

– თვალები, რომლებითაც შემომხედეთ, პირი, რომლითაც დამცინეთ და გული, რომლითაც შემიძულეთ – ჩასჩურულა ბოროტად ვიღაცამ ყურში და მობრუნებულმა ელენამ მკერდში ძლიერი ტკივილი იგრძნო.

უცნობი გოგო მიბრუნდა და წავიდა. როგორც ლეგენდა ამბობს, ახლა სხვა კოლეჯში გადაინაცვლა.

the end

დაახლოებით ასეთი ვარიანტია ფილმში “prom night” სადაც გოგოს მაგივრად ფსიქოპატი მკვლელი კაცია, თანაც ძალიან სიმპათიური და სექსუალური ჯონათან შაეხი.

ჰოდა ახლა რაღაც კაი ჰორორის ხასიათზე დავდექი.

 

სისხლიანი მერი

სისხლიანი მერის ლეგენდა ეხება ამბავს, რომელიც დაახლოებით 60-70იან წლებში მოხდა. რა თქმა უნდა სანდრო წყარო არ არსებობს, ამ ისტორიას რამდენიმე ინტერპრეტაციით ყვებიან, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ორი ისტორიაა.

1. მერი ვორტინგტონი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ბედნიერად და უშფოთველად. ძალიან უყვარდა სარკეში თავისი თავის თვალიერება და სილამაზით დატკბობა, საათობით იჯდა თავის საძინებელში და სარკეში იყურებოდა.

ერთ დღეს მას საშინელი ინციდენტი მოუხდა, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუმახინჯდა. ყველა თავს არიდებდა მისი სახის გამო.

ერთი ღამეს, როცა გარეთ საშინელი ჭექა-ქუხილი იყო, მერი ჩუმად ადგა, სანთელი აანთო და დიდ სარკესთან მივიდა. თავისი დამახინჯებული სახე რომ დაინახა, მისმა კივილმა მთელი სახლი შეძრა. სარკე დაიმტვრა, თვითონ კი სარკეში გადავიდა. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ იქამდე მერის მშობლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ და მათი გვამები ნაწამები იპოვნეს მეორე დღეს, მერი კი გაქრა.

ამის მერე, როცა სარკის წინ რამდენიმე ადამიანი ერთად გაიმეორებს “bloody mary i see you” ან “I believe in Mary Worth, I believe in Mary Worth,” მერი სარკიდან მის წასაყვანად გადმოვა.

ძალიან ბევრი ადამიანი წერს ამ რიტუალის შესახებ, მაგალითად ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე აბაზანაში ჩაიკეტნენ, სანთლები დაანთეს და სამჯერ გაიმეორეს ეს სიტყვები. ამ დროს სარკეში საშინელი გამოსახულება გამოჩნდა და ერთ-ერთ მათგანს სწვდა. მათ ყვირილი დაიწყეს და როცა მშობლები შემოვარდნენ, ამ გოგოს ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა.

2. ამ წყაროს მიხედვით მერი ფსიქიურად იყო შეშლილი, ბავშვობაში მშობლების დახოცვის გამო ახლა ის კლინიკაში იყო გამოკეტილი. მას დაცვის წევრისთან ბავშვი ეყოლა, მაგრამ რადგან არ ჰქონდა მისი გაზრდის უფლება, კლინიკის თანამშრომლებმა გააშვილეს. მერიმ ეს ძალიან განიცადა და მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო. ამის მერე, როცა სარკესთან ვინმე იტყვის რამდენჯერმე “mary worth i killed your baby” მას მერის შურისძიება დაატყდება თავზე.

მერის დამახასიათებელი გარეგნობაა წინ ჩამოშლილი გრძელი შავი თმები, სისხლიანი და დაკაწრული ხელები.

სარკე მთავარ პორტალის როლს ასრულებს ამ ლეგენდაში, მერისა და რეალურ სამყაროს შორის. “თუ შენ დიდი ხანი უყურებ სარკეს, მაშინ დარწმუნებული ხარ, რომ დაინახავ ეშმაკს” ინგლისური გამოთქმაა.

ერთი ბიჭი წერდა ამ ლეგენდის შესახებ:

” ჩვენს ქალაქში სისხლიან მერიზე ლეგენდა ძალიან ცნობილია, ჰელოუვინზე ყველაზე ხშირად მერის კოსტიუმებს იცვამენ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ჰელოუინის ღამეს საფლავებზე წავედით, ერთ-ერთ საფლავთან სანთლები დავანთეთ და მერის სახელს ვახსენებდით, მაგრამ არაფერი მომხდარა. ცოტა მოგვიანებით ყველანი ერთად სახლში დავბრუნდით, წვეულება გვქონდა ჰელოუინთან დაკავშირებით მოწყობილი. უცებ შუქები გაითიშა და მთელს სახლში სიბნელე ჩამოწვა. ჩვენ ისევ სანთლები ავანთეთ და მხიარულება გავაგრძელეთ. უცებ რაღაც ხმა მოგვესმა, თითქოს კარები ვიღაცამ შემოაღო. ყველანი გავჩუმდით. მისაღებ ოთახში ჩამოკიდებულ დიდ სარკეს მივაშტერდით, მართალია მერის ლეგენდაზე ყველანი ვიცინოდით, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ გვჯეროდა კიდეც.

ჩემმა მეგობარმა ტომმა ჩვენს შეშინებულ სახეებს რომ შეხედა, გაიცინა

– თქვენ რა, მართლა გჯერათ ? – გვითხრა და სარკესთან მივიდა, მერე სამჯერ გაიმეორა ის სიტყვები.

საშინელი კივილის ხმა მოგვესმა და სანთლები ჩაქრა. ყველანი ვყვიროდით და ფანრებს ვეძებდით. როცა შუქი აინთო, ტომს სახე საშინლად ჰქონდა დაკაწრული და სისხლიანი, ყელზე კი ხელების ნაკვალევი ლურჯად ეტყობოდა. სარკე მთლიანად ჩალეწილი იყო. ტომი იატაკზე იჯდა გაშტერებული, ხმას არ იღებდა.

ჩემი მეგობრები დღემდე ფიქრობენ, რომ ეს ტომმა თვითონ გააკეთა ჩვენს შესაშინებლად და ყურადღების მისაქცევად. ერთი რამე ზუსტად ვიცით – მერის სახელს სარკესთან არასდროს აღარ ვახსენებთ”

რა ძალა ჰქონდათ 🙂

ეს ლეგენდა ბევრ ფილმშია გამოყენებული, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ  ლეგენდად ითვლება.

თუ დაგაინტერესათ ამ თემაზე ფილმებმა, აი მათი ლინკებიც:

bloody night

download

urban legends : bloody mary

download

უსაქმურის დღიურებიდან

დღეს დილით რომ ავდექი და კომპიუტერის ჩართვა ვცადე, მონიტორი არ ჩაირთო. პირველი პანიკა გადავლახე და  კიდევ ერთხელ ვცადე, მეორედ, მესამედ, მეოთხედ, აი ნამდვილი პანიკა კი მაშინ დაიწყო.

სანამ ჩემი ქუჩის იქით მდებარე კომპიუტერულ მაღაზიაში საწყალ მონიტორს დამწვარ ბლოკს გამოუცვლიდნენ, მე ჩემი დამემართა.  ოთახიდან ოთახში დავდიოდი და ვწუწუნებდი. და მერე მივხვდი რომ კომპიუტერის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, განსაკუთრებით როცა სახლში ვზივარ.

როგორც იქნა ხელის კანკალით ჩავრთე და ლურჯად რომ აციმციმდა შვებით ამოვისუნთქე. რა კარგი შეგრძნება იყო.

სრული უსაქმურობის დღეები მაქვს გამოცხადებული. იშვიათად გავდივარ გარეთ, ბადრი გვიანობამდე მუშაობს, ორი გასართობი მაქვს: კატა და კომპიუტერი. ორივე კ–ზე იწყება, რა დამთხვევაა.

ჰმმმ, ისეთი გამოხედვა აქვს, თვალებში ლაზერი რომ ჰქონდეს, აქამდე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

ჩემი სპარსელი კატა 🙂 ენა მაინც იცოდეს.

ვიღვიძებ სადღაც 12კენ. ვდგები. კატას ვაჭმევ საჭმელს, მერე მე ვჭამ, ვჯდები კომპიუტერთან და მთელი დღე ვზივარ. არავის გეცოდებით? 😦

მერე მონიტორს ვაქცევ ხოლმე ობიექტივის ქვეშ და რასაც ვუყურებ ყველაფერი ზედ იღბეჭდება. აი მაგალითად:

ტომ ველინგი მთელი თავისი ბრწყინვალებით. სუპერმენის, კლარკ კენტის როლში. სმოლვილის მეათე სეზონს ვუყურებ. დანარჩენი სერიალები იანვრის ბოლომდე შეწყდა. დესკტოპზე მაქვს ტექსტ დოკუმენტი, სადაც მიწერია რომელი სერიალის რომელ სერიაზე ვარ.

gossip girl 11
glee 10
the vampire diaries 11
supernatural 11
desperate housewives 10
nikita 11
house m.d 8
one tree hill 7-17

რახან კლარკია აქ, ბარემ ლუისიც მივაყოლოთ, ცოდოა მარტო.

საღამო ხანს იწყება დაუნდობელი ბრძოლა კომპიუტერისათვის ჩემს და ბიძაჩემს შორის. ზის და დაუსრულებლად ათვალიერებს მანქანებს, ტრაილერებს, ამწე–კრანებს, რაც მთავარია არასდროს არ ბეზრდება. აი ხანდახან საქმე აქამდეც მიდის ხოლმე:

სმოლვილი რომ მბეზრდება გადავდივარ ფემილი გაიზე, რომელსაც დავეწიე უკვე და მიმდინარე მეათე სეზონზე ვარ.

მერე მეტი მრავალფეროვნებისთვის კიწი ვაბანავე. მართალია მთელი გულით მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც.

მერე როცა დაღამდა და ყველამ დაიძინა, აი ამას ვუყურე 🙂

და ვინანე ამდენი ხანი რომ არ მქონდა ნანახი. უსაყვარლესი არსებებით და სათამაშოებით ძალიან თბილი დისნეის ზღაპარი.

პიქსარს ბევრი რომ შეეძლო ვიცოდი, მაგრამ 1995 წელსაც თუ ასე იმუშავებდა, არ მეგონა. პიქსარმა wall-e გააკეთა ევოლუციური ტექნოლოგიებით და მართლა სენსაციური ანიმაცია გამოვიდა, მაგრამ სათამაშოების ისტორიაც ძალიან კარგია. განსაკუთრებით ბოლოს მომეწონა, ვითომ გადაღებების დროს მომხდარი კურიოზები:

და აი ასე, ერთი უაზრო დღეც გავიდა 🙂

ესეც მე ვარსკვლავით შუბლზე 🙂

f….ing furious

წუხელ უდიდესი სურვილი გამიჩნდა ავსულიყავი ზედა სართულზე და ჩემი მეზობლებისთვის ტელევიზორი ბეისბოლის ჯოხებით დამემტვრია, მერე თვითონ მათთვისაც წამომერტყა ერთი–ორი.

აგრესიული არ ვარ, ჩემგან ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს, არც მალე ვბრაზდები, მაგრამ წუხელ ისეთ დღეში ჩავვარდი, ცოტაც და ამის გამკეთებელიც ვიქნებოდი. საერთოდ ზე–ხმაურიანი ხალხია. იძინებენ ღამის 3 საათზე და იღვიძებენ დილის 6 ზე. არ ვიცი სამი საათი როგორ ყოფნით ძილი, მაგრამ მეც მათთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ. ყოველ ღამე დაათრევენ ავეჯს, წინ და უკან, მერე ისევ ოთახიდან ოთახში. ლაპარაკობენ ძალიან ხმამაღლა. ცოლ–ქმარია, შვილები არ ჰყავთ. წუხელ დავწექი პირველისკენ, მეთქი ცოტა ადრე დავიძინებ, დღეს დილით ადრე ვიყავი ასადგომი.  მაინცდამაინც ჩემი ოთახის ზევით უდგათ ტელევიზორი.

ზუსტად ორი საათი ვიწექი და ვუსმენდი ჯერ საინფორმაციოს, მერე ფეხბურთს პირველ არხზე. დაწვრილებით მესმოდა ვინ სად იყო შეტევაში, თავდასხმაში, ვინ გაიტანა გოლი ან აპირებდა გატანას. ნერვებმა ბოლოს მიმტყუნა, ლამის ჭკუიდან ავიწიე. ზევით ვერ ავიდოდი, ან გამიღებდნენ კარებს ან არა. ბოლოს ისეთ დონემდე მივედი რომ ტირილი დავიწყე. ოთხ საათზე ინებეს და გამორთეს ტელევიზორი და როგორც იქნა დავიძინე. რა თქმა უნდა 6 სააათზე გაიღვიძეს და ბედნიერები წავიდნენ სამსახურში.

არ მიყვარს ასეთი შეუგენებელი და უკულტურო ხალხი, თავიანთი ცხვირის იქით რომ ვერაფერს ხედავენ.