ნიღბების ქალაქი და ქამელეონი

სამ წელზე მეტია რაც ეს ბლოგი მაქვს, მაგრამ აქამდე არასდროს მიხსენებია ჩემი სამი, დასრულებული რომანის შესახებ. აქედან ერთი დაბეჭდილია, მეორეს დღის სინათლე არ უნახავს, მესამე კი სულ რაღაც ერთი კვირის წინ დავამთავრეთ და ელექტრონული ვერსია დავდეთ საბას ელექტრონული წიგნების სახლში.

მიზეზი იმისა, რატომ არასდროს მიხსენებია, რამდენიმეა. ჯერ ერთი ის, რომ თავს შეუმდგარ და წარუმატებელ მწერლად მივიჩნევდი. მეორეც ცოტა არ იყოს და უხერხულია საკუთარ შემოქმედებაზე ლაპარაკი. კიდევ ცოტ–ცოტა შიში იმისა, ხალხი როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს.

ზოგს სიმღერის ნიჭი აქვს, ზოგს ცეკვის, ზოგს ხატვის. ერთადერთი რაც მეხერხება ეს წერაა. მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჩემი თანაავტორია პირველ კლასში შევხვდით ერთმანეთს. სულ მალე აღმოვაჩნეთ, რომ თურმე ორივეს მოგვწონს ფანტასტიკა, მისტიკა და ჩვენი თავგადასავალიც დაიწყო. პირველი ჩვენი მოთხრობა იყო “მოჩვენება მიტოვებულ სარდაფში” (სადღაც უნდა მქონდეს შენახული) , მეხუთე – მეექვსე კლასელების დაწერილი, მერე რომ წავიკითხეთ, ვკვდებოდით სიცილით. ყველაფერმა სერიოზული სახე მეათე კლასში მიიღო, როცა “ჰელიქსის” იდეა გაგვიჩნდა. ჰელიქსში ჩვენი პირველი ფენტეზი რომანია, 400 გვერდამდე, რომელსაც ჯერ დღის სინათლე არ უნახავს, მაგრამ აუცილებლად ნახავს.

hellx poster copy

იყო ბევრი იმედგაცრუება და გამომცემლობიდან გამობრუნებები, ისე რომ რომანი არც კი გადაუშლიათ.

მერე დავწერეთ ქამელეონი.

yda 3

ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, ადამიანის გაორებაზე. დავბეჭდეთ ჩვენი სახსრებით, მაგრამ რედაქტორმა ძალიან შეცვალა წერის სტილი, ცოტა ძველმოდური ქალი იყო, გვაგიჟებდა, ხან “პეწენიკად” გადადებულ კაბას წერდა და ხან ძაღლი “თოხარიკით” მიდიოდაო.

მესამე რომანი “ნიღბების ქალაქი” მისტიკური ჟანრის ნაწარმოებია. მოქმედება ხდება ერთ პატარა, პროვინციულ დაბაში, სადაც, როგორც აღმოჩნდება, მოსახლეობა დიდ საიდუმლოს ინახავს. მთავარი მოქმედი გმირი ახალგაზრდა პათანატომი მამაკაცია, რომელიც ნელ–ნელა არკვევს რა მოხდა სინამდვილეში წლების წინ. დაბაში ერთი უცნაური ოჯახი ჩამოდის საცხოვრებლად, რომლებიც ყველაფერს შეცვლიან.

სამწუხაროდ ყდის გაკეთებაში არავინ დაგვეხმარა და მე მომიწია სამოყვარულო ქოვერის გაკეთება.

25

ის, რომ რომანი ორი სხვადასხვა ადამიანის დაწერილია, ვერაფრით ვერ მიხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ თავები გაყოფილი გვქონდა და ისე ვწერით. იმდენად ერთნაირად ვვაზროვნებთ მე და ლიკა, რომ რომანიც ერთიანი გამოვიდა.

თუ დაინტერესდებით მოინახულეთ საბას საიტზე ჩვენი წიგნი და წაიკითხეთ უფასო ნაწილი.

ნიღბების ქალაქი

Advertisements

მეათასე კომენტარი

მთელი დღის ლოდინის შემდეგ, როცა ბედნიერად ეწერა 999 კომენტარი და მოუთმენლად ველოდებოდი მეათასე კომენტარის გამოჩენას, მაგრამ თითქოს სპეციალურად არავინ ჩანდა, ჩემს მაგივრად ლიკას ამოეწურა მოთმინების ფიალა და ბოროტი ხითხითით დაწერა კომენტარი:

“და აი შენი გმირული ლოდინიც დასრულდააა 🙂 “

ჰოდა ამ ათასი კომენტარიდან ალბათ ხუთასი ლიკას აქვს დატოვებული, ასე რომ სამართლიანად დაიმსახურა მეათასე კომენტარის ტიტული და მას საზეიმო ვითარებაში გადავცემ იმ ვერსაჩეს კაბას, მთელი თვეა რომ დამდევს და მეხვეწება.

გილოცავ ჩემო ბლოგო ამ მრგვალ ციფრს და მალე 0–ები მოგმატებოდეს და მოგმატებოდეს.

აი ასე!