პლანეტა მელანქოლია – სიკვდილის ცეკვა

რატომღაც ძალიან მიყვარს ფილმები სამყაროს აღსასრულზე. ასეთი ფილმები როგორც წესი  მაღალიუჯეტიანი და საინტერესოა. მაგრამ არა ამ მიზეზით ველოდი ამ ფილმს, ვიცოდი რომ ტიპიური ჰოლივუდური ტრილერი არ იქნებოდა და არც შევცდი.

ლარს ვონ ტრიერის დრამა, რომლის ორი ნამუშევარი მაქვს ნანახი- დოგვილი და ანტიქრისტე. საკმაოდ შთამბეჭდავი ქასტით – კირსტენ დანსტი, კიფერ საზერლენდი, ჩემი ვამპირი ალექსანდრე სკარსგარდი თავისი მამითურთ, სტელან სკარსგარდი, შარლოტა რემპლინგი და შარლოტა გეინსბურგი. ფილმი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირელი ნაწილი ერთ დაზეა – ჯასტინა, რომელსაც ქორწილი აქვს. მეორე ნაწილი მეორე დაზე – კლერი. პატარა პლანეტა, სახელად მელანქოლია დედამიწას უახლოვდება. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ პლანეტა დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუვლის, ნაწილი კი ამტკიცებს რომ დაეჯახება. პლანეტა მელანქოლია სიკვდილის ცეკვას ასრულებს დედამიწასთან – ხან უახლოვდება, ხან შორდება.

სიუჟეტი განსაკუთრებით მეორე ნაწილში იძაბება, როცა მელანქოლია ძალიან ახლოს მოდის დედამიწასთან. კლერი, ჯასტინა და კლერის პატარა შვილი განცალკევებული რანჩოდან აკვირდებიან მოვლენების განვითარებას მას შემდეგ რაც ჯასტინა ქორწილს ჩაშლის და დასთან გადმოვა.

არასდროს არც ერთ ფილმს სამყაროს აღსასრულზე ასე არ დავუძაბივარ, მუსიკალური გაფორმება არის უძლიერესი, ერთი კინოდ ჯერ მარტო მუსიკა ღირს. ძალიან მძიმე და შთამბეჭდავია.

ამის მეასედი ემოციაც არ გამოუწვევია არც 2012-ს და არც სხვა ამ ტიპის ფილმს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 7 მილიონი დოლარია. ისე განვიცადე ყველაფერი, თითქოს მეც იქ ვიყავი და მელანქოლია მეც მეჯახებოდა. ფილმი რომ დამთავრდა გული ისე მქონდა დამძიმებული, თითქოს მართლა მთავრებოდა ცხოვრება დედამიწაზე.

აი ლინკიც

need help, bloggers!!! და არა მარტო!

როგორც უკვე ვთქვი, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და აქედან გამომდინარე მინდა ეს დრო რამე სასარგებლოთი შევავსო. ჩემი წიგნების მარაგი ამაზონიდან უკვე ამოვწურე, გუშინ სამი საათი ვეძებდი ჩემთვის საინტერესო წიგნს და როცა თვალები ამეწვა მერე მივხვდი, რომ ბლოგი მაქვს და შემიძლია დახმარება უამრავ საინტერესო ადამიანს ვთხოვო, რომლებიც საინტერესო წიგნებს მირჩევენ.

ერთი წიგნი რასაც გამოვიწერ სტივენ კინგის ინსომნიაა. ჩემი საყვარელი ჟანრი იცით რა არის, აქედან გამომდინარე მიყვარს სტივენ კინგი და მისი წიგნების ეკრანიზაციები, რომელთა უმრავლესობაც ძალიან კარგი გამოდის.

და მერე დარქ თაუერის ნაკრებზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ სტივენის ერთ წიგნს ვიკმარებ.

 

ახლა კი მინდა გთხოვოთ – მისტიკურ–ფანტასტიკური ჟანრის, შეიძლება სამეცნიერო–ფანტასტიკა, საინტერესო, არამოსაწყენი, ექშენით, მირჩიეთ კარგი წიგნები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიწერ და მერე ჩემს შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.

ამიტვილის მოჩვენება

ისტორია, რომელზეც ორი ფილმია გადაღებული, ნამდვილად მოხდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1974 წლის 14 ნოემბერს ნიუ იორკის პოლიციის განყოფილებაში ტელეფონის ზარი გაისმა.

  • ოპერატორი:გისმენთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
  • უცნობი:სასწრაფოდ გამოგზავნეთ დახმარება, აქ… ექვსი გვამია, ყველანი დაიღუპნენ… სროლა იყო.
  • ოპერატორი: სერ, დამშვიდდით და ისე მითხარით რა ხდება, სად ხართ?
  • უცნობი: ბარში ვიყავით, როცა ბავშები შემოვარდნენ და გვითხრეს, რომ დეფოების სახლში სროლაა… ჩვენც უკან გავყევით და … ყველაფერი სისხლითაა მოსვრილი.
  • ოპერატორი:თუ შეიძლება ზუსტად ჩამაწერინეთ მისამართი, სად ხართ?
  • უცნობი: ამიტვილი, მარჯვნივ მერიკის გზიდან, 1–12.
  • ოპერატორი: დაწყნარდით სერ, დახმარება მალე მოვა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს დეფოების 7 კაციანი ოჯახიდან 6 გვამი დახვდათ, მხოლოდ უმცროსი დეფო გადაურჩა სისხლიან სასაკლაოს და სწორედ ის დააპატიმრეს ამ დანაშაულის ჩადენისთვის.

რონალდ დეფომ აისრულა თავისი ამერიკული ოცნება, როცა იყიდა ეს სახლი ლონგ აილენდზე, ის თავდაუზოგავად მუშაობდა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საკმარისი შემოსავალი ჰქონოდა და თავისი ოჯახი შეენახა. რონალდი ძალიან მკაცრი და უხეში კაცი იყო, მას მის ცოლს ლუისს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ხმაურიანი ჩხუბები. თავის შვილთან, რონალდ ჯუნიორთან, იგივე ბატჩთან ყოველთვის მკაცრი და მომთხოვნი იყო.

მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ წარმოიდგენა, უმცროსმა დეფომ მთელი თავისი ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანი და–ძმა ძილში გამოასალმა სიცოცხლეს და არც დედ–მამა დაინდო. ხმები დადიოდა მისი სულიერი ავადმყოფობის შესახებ. ხალხს უბრალოდ არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ბიჭმა ეს საღ გონებაზე მყოფმა გააკეთა.

ერთი წლის მერე ჯორჯ და კეით ლატსები თავისი სამი შვილით გადავიდნენ ამ დაწყევლილ სახლში, თუმცა მათ არაფერი იცოდნენ. უცნაურმა მოვლენებმაც მაშინ დაიწყო განვითარება. ჯორჯი ძალიან შეიცვალა, დაიწყო სმა, ხშირად ესმოდა დემონური ხმები და ხედავდა მოჩვენებებს, მაგრამ ამას სასმელს აბრალებდა. სახლში თავისით იღებოდა და იკეტებოდა კარები, ქრებოდა შუქები და ისმოდა უცნაური ხმები.

ამას დაემატა ისიც, რომ უცროსმა შვილმა აიჩემა ერთი სიტყვა, რომელსაც ხშირად იმეორებდა და ყველგან წერდა, სადაც შეეძლო, ეს იყო redrum, ერთხელაც შეძრწუნებულმა კეიტმა უკუღმა წაიკითხა ეს სიტყვა და მიხვდა, რასაც ნიშნავდა.

ჯორჯი ირწმუნებოდა, რომ ამ სახლში საშინელი ენერგია იყო გამეფებული, რომელიც ადამიანს მკვლელობების ჩადენისკენ უბიძგებდა, ის აღარ იძინებდა სახლში და ყველგან იარაღს ატარებდა.

როგორც ჰყვებიან, ამ ამბავმა ტრაგიკული დასასრული მიიღო, როცა ჯორჯმა ნაჯახით დახოცა თავისი ოჯახის წევრები ბაღში და თვითონაც თავი მოიკლა.

თუმცა ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი უკვე ლეგენდაა, მოგონილი, რადგან ლატსებმა მალევე დატოვეს ეს დაწყევლილი სახლი და წავიდნენ.

ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს სახლი, რომელიც კარგად ჩანს ორიგინალ ფილმში, ძალიან საშიში და ბნელი შენობა უცნაური ნაგებობით, თითქოს ორი დიდი თვალი იყურება იქიდან.

ამის შესახებ ორი ფილმია გადაღებული, ერთი ორიგინალი და ერთიც რიმეიქი, მე რიმეიქი მაქვს ნანახი. სიმართლე ითქვას რიმეიქში ბატონი რაიანი საკმაოდ კარგად გამოიყურება:

ამეტვილის მოჩვენება 1979

ამეტვილის მოჩვენება 2005

ბოლოს ნანახი სამი საშინელებათა ფილმი

თუ ჩემსავით მოიწყინეთ და გიყვართ ეს ჟანრი, მაშინ წარმოგიდგენთ რამდენიმე საშინელებათა ფილმს, რომელსაც ბოლოს ვუყურე და რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილები და დიდი შანსია ნანახი არ გქონდეთ.

The Reaping (2007)

ჰილაკი სვონკის გმირი იძებს რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებულ უცნაურ მოვლენებს და ყველაფერს თავის ახსნას უძებნის. ერთ დღეს მას მოაკითხავს ახალგაზრდა მამაკაცი და ეტყვის, რომ მათ პატარა სოფელში მდინარე სისხლად იქცა და მალე ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს, ამაში ბრალს კი პატარა გოგოს სდებენ და მოკვლას უპირებენ.

download

Creep 2004

ბრიტანული ფილმი, რომლის მოქმედებაც ლონდონში მიმდინარეობს. კეიტი წვეულებიდან მიდის და მეტროში ხვდება. მატარებლის ლოდინში რამდენიმე წუთი ჩაეძინება და როცა გაიღვიძებს, მთელი მეტრო ცარიელია, გასასვლელი კი ჩაკეტილი. კეიტი აღმოაჩენს, რომ მეტროს ბნელ გვირაბებში საშინელი არსება დადის, შორეულ კუთხეებში კი ქირურგიული ოთახებია განლაგებული, სადაც ადრე ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

download

The Hole 2001

ლიზი კოლეჯის მოსწავლეა, რომელიც ძალიან არის შეყვარებული თავის კლასელ მაიკზე, მაგრამ ის პოპულარული ბიჭია სკოლაში და ყურადღებას არ აქცევს. დასვენებებზე ის და თავისი მეგობარი გადაწყვეტენ წავიდნენ ტყეში ომისდროინდელ ბუნკერში, სადაც წვეულების მოწყობას შეძლებენ და მშობლებიც ვერ მიაგნებენ. ლიზს რა თქმა უნდა ეს იდეა მოსწონს.

კოშმარი მაშინ იწყება, როცა კარები იკეტება და მის გაღებას ვერ ახერხებენ, ბუნკერში კი საჭმელიც მთავრდება და წყალიც…

ტორა ბირჩი, კირა ნაითლი და დესმონდ ჰარინგტონი (დექსტერში დეტექტივი ქვინი)

გადმოწერა

ალტერნატიული რეალობა

რა არის ალტერნატიული რეალობა? უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არის რეალობა, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ამჟამინდელი მდგომარეობისაგან.

აქ ვაწყდებით პარალელური სამყაროების თეორიას, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.  რამდენი პარალელური სამყარო არსებობს? როგორია იქ ჩვენი ალტერნატიული რეალობა?

სრულიად მარტივი მაგალითი: კამათელის გაგორება. თუ აქ დაჯდა მისი რომელიმე ციფრი, მაგალითად ექვსი, პარალელურ სამყაროებში აუცილებლად დაჯდება სხვა ციფრები – ისინი, რომლებიც აქ ვერ მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ პარალელურ სამყაროებს უკავშირებენ გემების და თვითმფრინავების გაუჩინარებას, ბერმუდის სამკუთხედში მომხდარ ამბებს და სხვა უცნაურ ისტორიებს.

როგორც თვითონ სიტყვა გვიჩვენებს პარალელური სამყარო არ შეიძება გადაიკვეთოს, პარალელები ერთმანეთს ვერ კვეთენ, თუმცა არსებობს ერთი პარალელური სამყაროდან მეორეში გადასვლის შემთხვევები, რასაც შავ ხვრელებს, იგივე დროის ნაპრალებს უკავშირებენ.

საინტერესოა “დეჟავიუს” ფაქტი. ამბობენ, რომ როცა პარალელური ცხოვრება ნამდვილ ცხოვრებას დაემთხვევა, მაშინ გიჩნდება ეს შეგრძნება, ანუ ეს პარალელურ სამყაროში უკვე გაკეთებული გაქვს.

საინტერესოა მე რა ბედი მეწეოდა ალტერნატიულ რეალობაში. თუ გამიმართლებდა ახლა ვიქნებოდი ცნობილი მწერალი და ჩემი წიგნები ბესტსელერები იქნებოდა, როცა ახლა უსაქმოდ ვზივარ სახლში და პოსტს ვწერ. იქნებ ახლა იქ დიდ კერძო სახლში ვცხოვრობ, შამპანურით სავსე ჭიქით დავდივარ და  გარდერობში ძვირადღირებული ტანსაცმელი მიკიდია? თუ ასეა უარს არ ვიტყოდი იქითა სამყაროში აღმოჩენაზე.

ამ ფენომენს უამრავი სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა მიეძღვნა,  დღესაც სამეცნიერო–ფანტასტიკის ჟანრში განიხილება. ყველას აინტერესებს – რა მოხდებოდა ეს რომ არ გამეკეთებინა? რა იქნებოდა ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა? იქნებ ახლა ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი ყოფილიყო?

ამბობენ, რომ ზოგჯერ სიზმარშიც შეიძლება ალტერნატიული რეალობის დანახვა. სპეციალურ საიტზე წერენ, რომ სიზმარში ხედავენ თავის ცხოვრებას, ოღონდ ისეთს არა, როგორიც ახლაა. სიზმარში მათ ჰყავთ სხვა ოჯახი, სხვა სამუშაო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან  რეალურია.

ერთი ახალგაზრდა ბიჭი წერს, რომ ის თავის მეგობარ გოგოსთან ერთად პარკში სეირნობდა, როცა ირგვლივ მიმავალი ხალხი გაქრა, მაგრამ მათ მისი მეგობარი მაინც ხედავდა. პარკის ქუჩა იგივე იყო, მაგრამ იქ სხვა, ძველებურ ტანსაცმელში ჩაცმული ხალხი გამოჩნდა, რომლებიც მკაფიოდ არ ჩანდნენ, მაგრამ მათი ხმა ესმოდა, ისინი უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ. ცოტა ხნის მერე ჩვენება გაქრა და ბიჭი რეალურ სამყაროში დაბრუნდა. ის ამტკიცებს, რომ პარალელურ სამყაროში იყო, თანაც წარსულში.

დროში მოგზაურობაც უკავშირდება პარალელურ სამყაროების თეორიას. მცირეოდენი ცვლილებაც კი წარსულში, აწმყოში კატასტროფას იწვევს. ამერიკის რომელიღაც შტატში იპოვნეს სამხედრო ძველებურ ტანსაცმელში ჩაცმული კაცი, რომელიც გონზე მოსვლის მერე ამტკიცებდა, რომ ის წარსულში შეიარაღებულ ძალებში იბრძოდა. რა თქმა უნდა ის ყველამ გიჟად ჩათვალა, მაგრამ არმიის ფორმა, რომელიც ჯარისკაცს ეცვა, უკვე ასწლეულებია აღარ გამოდიოდა.

ფილმები, რომელიც ალტერნატიულ რეალობას და პარალელურ სამყაროებს ეხება.

Alice in Wonderland

The Butterfly Effect

The Chronicles of Narnia

The Imaginarium of Doctor Parnassus

Silent Hill

matrix

back to the future

sliding doors

და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი, ესენი რაც გამახსენდა.

თქვენი აზრით, თუ დაუშვებთ რომ პარალელური სამყარო არსებობს, ვინ იქნებოდით ამ ალტერნატიულ რეალობაში?

მე და მოჩვენებები

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მისტიკა, საშიში ისტორიები და პარანორმალური მოვლენები, მე თვითონ არასდროს შევსწრებივარ ასეთ ერთ მოვლენას მაინც. სხვა საქმეა ის, როგორ გადავიტან, მაგრამ სავარაუდოდ ცნობისმოყვარეობა დასძლევს შიშს.

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მიფიქრია, რომ “რაღაც” დავინახე, ან გავიგონე, მაგრამ ყველაფერს ჰქონია ლოგიკური ახსნა, ან მე ვუძებნი ყველაფერს ახსნას, არ ვიცი.

აი მაგალითად:

1. დაახლოებით 13–14 წლის ასაკში, აღდგომების შემდეგ პერიოდში, ჩემს ოთახში იდგა პატარა ცენტრი (ახლაც დგას პრინციპში). მაშინ კომპიუტერი არ მქონდა და აქტიურად ვიყენებდი. მართალია მპ3 დისკებს არ უკრავდა, მაგრამ დიდი მონდომებით ვაგროვებდი ჩვეულებრივ სიდი დისკებს და მიხაროდა. კარგად მახსოვს, ჩემმა მეგობარმა ჩამიწერა ჩემი პირველი დისკები – რამშტაინის და ევანესენსის. ჰოდა, თემას გადაუხვიე, რატომღაც გულში ჩამრჩა ეს მომენტი. მახსოვრობა კარგი მაქვს, ძალიან მკაფიოდ ვიმახსოვრებ ყველაფერს. გამოვრთე ეს ცენტრი, წითელი ნათურა ჰქონდა ზევით და როცა გამოირთვებოდა, ნათურაც ეთიშებოდა. ნამდვილად მახსოვს გამოვრთე და ოთახიდან გავედი. თან შევხედე ჩამქრალ ნათურას. ორ წამში შემოვბრუნდი ოთახში და დავინახე ისევ ანთებული იყო ნათურა.

იმ პერიოდში მაშინებდნენ თან, აღდგომებზე სულები სახლში ბრუნდებიანო და ძალიან შემეშინდა.  გამოვრთე ჩამრთველიდან და ოთახიდან გავიქეცი 🙂 რას გაუგებ ამ ტექნიკას.

2. მეორე შემთხვევაც ტექნიკას უკავშირდება. სონი ვეგა ვისაც გაქვთ, ტელევიზორი, ალბათ იცით, როგორი საშინელი ჩართვის ხმა აქვს, ძალიან უცნაურ ხმას უშვებს. იმ პერიოდში “ზარი” იყო ძალიან პოპულარული, მე და ლიკა რამდენჯერმე ვუყურებდით ხოლმე დღეში 🙂 თან ამ ტელევიზორს ზუსთად ისეთი ხმა აქვს ჩართვისას, როგორც ზარში.

ჰოდა ეს ჩემი ძვირფასი ტელევიზორი ერთ ღამეს თავისით ჩაირთო, და თან შიშინებდა. მარტო ვიწექი ოთახში და სისხლი გამეყინა ლამის. ძლივს ავდექი, თან გეგმებს ვაწყობდი, ახლა იქიდან ის საშინელი ბავშვი რომ გადმოვიდეს,  თავში რა ჩავარტყა–თქო. მოგვიანებით მივხვდი, რომ ტაიმერი იყო დაყენებული შემთხვევით და იმიტომ ჩაირთო.

3. რაც დედაჩემი წავიდა, იმის მერე მარტო მძინავს ოთახში. რაც კიწი მოვიყვანე, იმის მერე აღარ მეშინია, მაგრამ იქამდე მქონდა რაღაც ინციდენტები. მაგალითად რამდენჯერმე მკაფიოდ გავიგე აივანზე ფეხის ხმა. ჩემი ოთახის კედელი აივანს ეურთდება.  არადა იმის რეალური ვარიანტი, რომ ვინმე სულიერი მეექვსე სართულის აივანზე გადმოძვრებოდა, მინიმალური იყო.

4. საწოლი და მისი ქვედა მხარე ხომ საერთოდ საშინელებათა ფილმების შთაგონების წყაროა, მათ შორის “ბუგიმენების” სერიების. დღემდე ვერ დავიძინებ ისე, რომ ხელი დაბლა მქონდა ჩაწეული. სულ იმის შეგრძნება მექნება, რომ ვიღაცა მწვდება და შემითრევს. ჩემი საწოლის ქვეშ ატომური სადგური იყო მოწყობილი, ინტერნეტის უამრავი ქსელი გადიოდა, ჩვენგან 6 ადამიანს ჰქონდა გადაყვანილი.  მაშინ ვერ ვხვდებოდი, ალბათ ქარში, ან როცა ისინი ეხებოდნენ ქსელს, საშინელი ხმით ხმაურობდა და მეც ძალიან მეშინოდა.

5. ისევ და ისევ ჩემი ოთახი. კარები საკეტით არ იკეტება, მაგრამ თუ კარგად მიაწექი, ისე გაიჭედება,  მეც მიჭირს ხოლმე გაღება. ერთ ღამესაც, არანაირი ქარი, ნიავიც კი არ იძვროდა, სრულიად სიწყნარეში ჩემი საგულდაგულოდ დაკეტილი კარები ისეთი სიძლიერით გაიღო, რომ ნახევარი საათი საწოლზე ვიყავი წამომჯდარი და ოთახს ვათვალიერებდი.

6. ოოო, ეს კლასიკაა 🙂 ლიკა ჩემზე ათასჯერ უფრო მშიშარაა ასეთ ამბებში და რაჭაში უზარმაზარ ოთახში მარტო ჩვენ ორს რომ გვეძინა, ეს უკვე ჰორორია 😉 გვაშინებდნენ უზარმაზარი პეპლები, რომლებიც თავზე გვაჯდებოდნენ და ამის გამო ლიკა საწოლიდანაც გადავარდა და მუხლიც იტკინა. ჰოდა, ერთ ღამესაც გვესმის ვიღაც მძიმე ქშენით როგორ ამოდის კიბეებზე. ჩვენებს ეძინათ ყველას, ჭიშკარი დაკეტილი იყო, ასე რომ იმის შანსი, ეს არსება სვერხისტესტვენი ყოფილიყო, უფრო გაიზარდა. სუნთქვაშეკრულები ვუსმენდით. ამოვიდა კიბეებზე და აივანზე დასეირნობს, თან უცნაური ქშენის ხმა ისმის. ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ ჯერ ხმას არ ვიღებთ. ჩუმად ვურეკავთ ბაბუამისს, რომ გამოგვხედოს, თორემ იქნება დაგვესხას თავზე ტვარი.

ამასობაში გაისმა იმის ხმა, ტვარმა როგორ მოიფხანა ყური და ტანი შეიბერტყა. მერე ღრუტუნის ხმაც გავიგეთ. გამოვიდა ბაბუამისი, მაგრამ საწყალი ღორი უკვე გაქცეული იყო.

მეტი არაფერი არ მახსენდება. არასდროს მინახავს ნამდვილი მოჩვენება, ან რამე  სუპერნატურალი. არადა უარს არ ვიტყოდი, ნორმის ფარგლებში.

თქვენ გინახავთ?

მე და დრაკულა

ვინ იყო დრაკულა?

ოფიციალური წყაროებიდან  ვიცით შემდეგი:

დრაკულა, იგივე ვლად მესამე ცეპეში/ტეპეში, ვლად მეორის შვილი, რომელსაც როგორც დრაკონის შვილადაც მოიხსენიებდნენ.

დრაკულა რუმინეთის ისტორიაში შევიდა როგორც თურქების წინააღმდეგ მებრძოლი. ბავშვობა თურქეთში გაატარა, როგორც მძევალმა და როცა რუმინეთში დაბრუნდა, თურქების დაუძინებელ მტრად იქცა. მის სისასტიკეზე და სისხლის წყურვილზე დიდი ლეგენდები დადიოდა.

საინტერესოა, რატომ აქცია ბრემ სტოკერმა დრაკულა ვამპირად? მის გოთიკურ საშინელებათა ჟანრის წიგნს სჭირდებოდა განსხვავებული პერსონაჟი, რომელიც ამ ნაშრომს უნიკალურს და პოპულარულს გახდიდა. რატომ აირჩია მან რუმინელი მმართველი?

რუმინელების თვალში დრაკულა ეროვნული გმირი იყო, რადგან მუსლიმანურ სამყაროს ებრძოდა და  იცავდა თავის ხალხს მათგან. დრაკულას სამეფო ნომერი ძელზე გასმა იყო. ამ ნომრით მრავალი ათასი ადამიანი დაუსჯია.

ბრემ სტოკერის რომანი შედგება მოგზაური ჯონათან ჰარკერის ჩანაწერებისაგან, რომელიც ტრანსილვანიაში, გრაფი დრაკულას სასახლეში მოხვდება.  ცოტა ხანში ჯონათანი აღმოაჩენს, რომ ის დრაკულას ტყვეა და მას სამი ქალი ვამპირი დარაჯობს, რომლებსაც მოიხსენიებენ, როგორც დრაკულას საცოლეებს.

რომანს მოყვა ბევრი ეკრანიზაცია, დრაკულას როლები შეასრულეს ფრენკ ლანჯელამ, გარი ოლდმენმა, ჯერარდ ბატლერმა, მაგრამ ფაქტი სახეზეა – ვამპირ დრაკულას რომანტიული ელფერი მიენიჭა ფორმულით – შეყვარებული დრაკულა – კარგი დრაკულა.

ჰო მართლა, მე ვიცნობ ერთ დრაკულას. ის  კედელზე ცხოვრობს და ჩვენ რომანტიული ურთიერთობა გვაქვს. მართალია მისი მეზობლები ოაზისი, გორილაზი და სხვები არიან და ხშირად აწუხებენ, მაგრამ ხმას არ იღებს და უკმაყოფილებას არ გამოხატავს.

აი ისიც:

შედარებისთვის:

ხომ ვთქვი რომანტიული ურთიერთობა გვაქვს-თქო…

.

..

….

…..

……

…….

……..

………

……….

…………

……………

……………….

…………………….

…………………………

………………………………..

star-crossed lovers…

 

დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა

ჩვეულებრივი დღე გათენდა. მზე ამოვიდა, მთვარეც.

დედამიწა კარგ ხასიათზე იყო, არაფერი უგრძვნია. არც გული ერეოდა ამდენი ბრუნვით. მზეს და მთვარეს მხიარულად ეჭორავებოდა.

მოულოდნელად სიბნელე ჩამოწვა. რაღაცამ გაიჭრიალა.

– რა ხდება – იყვირა გაბრაზებულმა დედამიწამ და იგრძნო, რომ ნელ–ნელა ჩერდებოდა. უფრო სწორად უკვე გაჩერებული იყო და ინერციითღა ბრუნავდა.

დედამიწის ერთ მხარეს ნათელი იყო, მეორე მხარეს ბნელი. ისინი ვინც ბნელში მოხვდნენ სინათლისკენ გარბოდნენ, ხოლო ვისაც სიბნელე ერჩივნა პირიქით. მსოფლიო ქაოსმა მოიცვა.

ამ დროს გალაქტიკაში უცხოპლანეტელების კოსმიური ხომალდი დასეირნობდა. გაჩერებული რომ დაინახეს დედამიწა გაუკვირდათ.

– დაიღალა ალბათ საწყალი ამდენი ბრუნვით, მაგისიც ხომ უნდა გავიგოთო – შეიცოდეს დედამიწა, მაგრამ მერე ხალხი უფრო შეეცოდათ.

– წავკრათ ხელი, იქნებ ისევ დაიწყოს ბრუნვაო – გადაულაპარაკეს ერთმანეთს და გეზი ჩვენსკენ აიღეს. წარმოსახვით ღერძამდე მივიდნენ და მიაწვნენ. რაღაცამ ისევ გაიჭრიალა და  ნელ–ნელა დედამიწამ ისევ დაიწყო ბრუნვა.

– ვბრუნავ, ისევ ვბრუნავ – გაუხარდა და ჩვეული რიტმით გააგრძელა მოძრაობა.

– ძლივს – ამოისუნთქეს მზემ და მთვარემ და დატოვეს ერთ ადგილზე შეყინული ადგილები. დედამიწის უმოძრაობას ისინიც გაეჩერებინა.

კიანუ რივზი კი ამ დროს დარბოდა და ცდილობდა დედამიწა უცხოპლანეტელებისგან დაეცვა, მაგრამ თვითონაც უცხოპლანეტელი იყო.

ჰარი პოტერი და ბულგაკოვის კატა

წუხელ ფილმის ყურებას რომ მოვრჩი, ჩავაქრე შუქი და დავწექი. ცოტაც და უკვე ტკბილად დავიძინებდი. რაღაც ხმაური მომესმა, უფრო სწორად კნავილი.

ფანჯრიდან დიდი შავი არსება გადმოხტა და ზედ დამახტა, ვიკივლე და შუქი ავანთე.

– ნუ გეშინია დაიკო – მითხრა ქურდული ხმით და კუდი აათამაშა – არაფერს დაგიშავებ.

დიდი, შავი კატა იყო. ეშმაკურად მიყურებდა.

– ვინ ხარ, რა გინდა?

– ბეჰემოტი დამიძახე გენაცვალე, მე ერთი წამოვწვები, დავისვენებ.

ბეჰემოტმა ლოგინზე მოიკალათა და საუბარი გამიბა.

– მოიცა, შენ ბულგაკოვის კატა არ ხარ? – გამახსენდა უცებ – სოკოს მწნილი რომ არ მაქვს?

კატამ თათი ჩაიქნია, არ მშიაო.

– შეიძლება? – მომესმა მოკრძალებული ხმა ფანჯრიდან.

– ვინმე მოიყვანე? – ვკითხე კატას.

– არა დაიკო, შენს თავს ვფიცავარ.

ფანჯრიდან ჰარი პოტერი გადმობობღდა. ხელში გატეხილი ჯოხი ეჭირა.

– ბოდიში, გაწუხებთ, ჯოხი გამიტყდა, თან დავიღალე, ცოტა ხანს შემოგიერთდებით.

ჰარიც იქვე წამოწვა, ბეჰემოთის გვერდით.

– ისა და ჩემი ძმა, შენ ის არა ხარ, შრამი რომ გაქვს შუბლზე? – კუდის ქნევით ჰკითხა კატამ. ჰარიმ თავი დაუქნია.

– ჰარი ცნობილი ჯადოქარია – ავუხსენი მე.

– სოკოს მწნილს გამიჩენ ძმაო?

ჰარიმ გატეხილ ჯოხს დახედა.

– არ ვიცი, ვცდი…

ჯოხი გააქნია და დიდი ქილით მწნილი გაჩნდა. გახარებულმა ბეჰემოთმა შიგ თავი ჩაყო და ამოსვლიპა.

– რა ხდება შენსკენ ჰარი – ვკითხე და გვერდი ვიცვალე – როგორ არიან შენი მეგობრები.

– დამღალა ამ ჯადოქრულმა სამყარომ – წაიწუწუნა ჰარიმ – როგორ მინდა ჩვეულებრივი ადამინივით ვიცხოვრო.

– ეჰ, რას იზამ ჰარი, ყველას ჩვენი მისია გვაკისრია ამ ქვეყნად – წავიფილოსოფოსე მე და ამოვიოხრე.

– მმმ, მნია მნია, რა გემრიელია – იღმურძლებოდა კატა. კიდევ კარგი ჩანგალი არ მომთხოვა.

– ცოტას დავიძინებთ – მთხოვეს ახლადშეძენილმა მეგობრებმა. კატა საბანში შეძვრა და კრუტუნი ამოუშვა, ჰარის კი საბანი გადავაფარე და შემოვუკეცე კიდეც, მერე შუქი ჩავუქრე და ფეხაკრეფით გავედი სამზარეულოში.

პარანორმალური აქტივობა

გამარჯობათ, მე რაიანი მქვია. მე და ჩემი ცოლი, სარა ერთი კვირის წინ გადმოვედით საცხოვრებლად ახალ ბინაში. ჩემს ცოლს რაღაც ვერ აქვს წესრიგში და მუდამ უცნაურობები სდევს თან, ამიტომაც გადავწყვიტეთ ყველგან ვიდეო კამერები დაგვეყენებინა, რომ გაგვეგო რა ხდება სინამდვილეში.

25 მაისი:

დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კარები თავისით გაიღო და დაიკეტა, ასე ხდება ხოლმე. კამერებს არაფერი დაუფიქსირებიათ, გარდა რაღაც შავი ლაქისა, რომელიც აქეთ–იქით დაქროდა. ეს ალბათ კამერის ხარვეზი იყო.

26 მაისი:

დღეს დილით ჩემს ცოლს საწოლში მივართვი საუზმე და ფორთოხლის წვენი, მაგრამ უეცრად ხრუპუნის ხმა მოგვესმა და წვენი დაიცალა. კამერამ დააფიქსირა როგორ სვამდა ვიღაც წვენს და მუცელზე ხელებს იტყაპუნებდა. ვითომ ესეც ხარვეზია? არ ვიცი არ ვიცი…

27 მაისი.

წუხელ ღამე ქვედა სართულიდან ფეხის ხმა მოგვესმა. შეშინებულები ავდექით და ჩუმად ჩავიხედეთ დაბლა. ჩვენი ძაღლი ყოფილა. გულზე მოგვეშვა, მაგრამ ოთახში რომ შევბრუნდით, ძაღლი ლოგინზე იწვა. მერე კარები მიჯახუნდა და მგონი ვიღაცას ხელი მოყვა, მწარე ამოოხვრის ხმა გავიგეთ. კამერამ დააფიქსირა თეთრი ლაქა, რომელიც ხტუნაობდა და ხელზე ხელს იკიდებდა.

28 მაისი.

დღეს მოვიწვიეთ ექსტრასენსი. შემოვიდა თუ არა, ცუდი აურა იგრძნო. სარას უთხრა რამე სპირტიანი მომიტანე, სეანსისთვის მჭირდებაო. სარამ ვისკი მოუტანა. ექსტრასენსმა სეანსი ჩაატარა და სულ სიმღერ–სიმღერით და ცეკვით წავიდა აქედან. ალბათ ესეც ავი სულების ბრალია. კამერამ დააფიქსირა როგორ მიყვებოდა ექსტრასენს ცეკვით მოჩვენება, მაგრამ მერე ისევ უკან დაბრუნდა.

29 მაისი.

წუხელ კარებთან მარილი უნდა დაგვეყარა და მერე ვნახავდით გადმოლახა თუ არა ვინმემ ბარიერი, მაგრამ ჩემს ცოლს შეშლია და შაქარი დაუყრია. ღამე თქლაფუნის ხმამ გაგვაღვიძა. კამერამ აღბეჭდა დაბლა დაწოლილი მოჩვენება, რომელიც სიამოვნებით მიირთმევდა შაქარს. დღითიდღე კოშმარები მატულობს…

30 მაისი.

ბოროტი ძალები უფრო და უფრო აქტიურდებიან. გუშინ ჭაღს შემოასხდნენ და აქანავებდნენ, თან უხაროდათ. აღარ ვიცი რა ვქნა.  წუხელ ისე გათავხედნენ, რომ საბანიც კი გადაგვაძრეს და წაიღეს. გავიყინეთ მთელი ღამე. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ გაეხვივნენ საბანში და გემრიელად ეძინათ.

31 მაისი.

მე და სარამ მათზე ნადირობა გამოვაცხადეთ, მაგრამ უშედეგოდ, ისინი ხომ მოჩვენებები არიან. ახლაც ჩაკეტილები ვზივართ ოთახში და ისინი კარებზე გვიბრახუნებენ. ალბათ მალე შემოამტვრევენ და ეს ჩემი ბოლო სიტყვებია. უთხარით ჯეინს, რომ მე ის მიყვარს,  მშვიდობით მეგობრებო…