რა აღარ მინახავს ცხოვრებაში !?

ვინაიდან და რადგანაც ბლოგსფეროში სულ რამდენიმე ბლოგერს ვიცნობ და ისიც არა პირადად, ბუნებრივია არავინ მთაგავს ტეგ-თამაშებში, მაგრამ ალუკარდმა დაარღვია ეს ტენდენცია და აი ჩემი პირველი ტეგ-თამაშიც.

სიმართლე ითქვას, თუ თემამ არ დამაინტერესა, ვერ ავყვები ამ თამაშს, მაგრამ ამ შემთხვევაში დამაინტერესა, დაახლოებით მსგავსი პოსტი ადრე მაქვს დაწერილი, ოღონდ იმის შესახებ, რა არ მინახავს და გამიკეთებია არასდროს.

მაშ ასე:

მინახავს:

* ჯიბიდან როგორ მაცლის ტელეფონს სამარშტურო ტაქსში ჩემს გვერდით საეჭვოდ ახლოს მჯდარი სიმპათიური, ქერა ბიჭი.

* როგორ დაიწვა ჩემს ზედა სართულზე ბინა, საიდანაც მთელი ბავშვობა საეჭვო ხმები მესმოდა.

* ბანკის მოლარე-ოპერატორი გოგოს ირონიული ჩაცინება, როცა ელექტრონულ ბარათზე 25 დოლარი ჩავრიცხე.

* როგორ არწმუნებენ ჩემს შეყვარებულს, რომ მე სხვა ბიჭთან ერთად დამინახეს.

* როგორ ცემდა ჩემი მეზობლის კაცი თავის ცოლს, რომელიც გატეხილი თავით ჩვენთან მოვიდა დასამალად.

* სიზმარი, რომლის დასაწყისიც მგონია, რომ ნანახი მაქვს.

* ჩემს ეზოში მცხოვრები ქერა გრძელფეხება გოგო როგორ ჯდება ყოველ ღამე სხვადასხვა მანქანებში.

* ომის დროს გორის გზაზე უამრავი დალეწილი მინის ბოთლი, როცა უზარმაზარ კონტეინერს მანქანა დაეჯახა.

*  მე-5 კორპუსის კედელზე მიწერილი ფრაზა “შეგიყვან და გამოგიყვან, მაგრამ ცოლად არ მოგიყვან”

* გამწარებულმა ხალხმა ქვების სროლის როგორ გააგდო დაგვიანებით მოსული სასწრაფო, როცა ჩემი მეზობელი ბიჭი შუა ტროტუარზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა.

* ჩემი კლასის დამრიგებელმა და დირექტორმა ბანკეტზე როგორ დახოცეს ერთმანეთი, ორი წუთის მერე კი ხელიხელჩაკიდებულები შევიდნენ დარბაზში.

* თვალებში როგორ მიყურებს ადამიანი და თვალისდაუხამხამებლად  მეუბნება ტყუილს.

* ჩემი კატა როგორ ჭამს ცოცხს.

* რუსეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მდგარი წისქვილი, რომელიც ძალიან ჰგავდა მიტოვებულ სასახლეს საშინელებათა ფილმიდან.

* ზღვაზე პარაშუტით გადმომხტარი კაცი, რომელსაც გული გაუსკდა შიშით და რამდენიმე წუთი ჰაერში მკვდარი ეკიდა.

* სიგარეტის მოკიდებისას შემთხვევით ჩემმა მეგობარმა როგორ მოუკიდა ცეცხლი კუდზე თავის პატარა ტერიერს.

* “ოსტატი და მარგარიტას” მეათედ წაკითხვის მერე როგორ მყვება დილიდანვე ვარდის ზეთის სუნი.

* როგორ უთქვამთ ჩემთვის “მაგ ჯაგა-ჯუგებს როგორ უსმენ” როკის მისამართით.

* ჩემი მარცხენა ფეხი, რომელიც მთლიანად იყო დამწვარი, სისხლიანი და ძვლამდე დასული.

* საქართველო-ბულგარეთის თამაშზე სტადიონზე ჩვენს უკან მჯდარი ბიჭები, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ   “მოგი***ნთ  ბულგარული წიწაკები”

ჯანდაბა, მაინცდამაინც ისინი არ მინახავს, რაც მინდოდა 🙂

ბოროტი ადამიანები

ყოველთვის ვიცოდი, რომ ბოროტი ადამიანები არსებობდნენ, მაგრამ მათთან ახლო შეხება არასდროს მქონია, აი დღეს კი პირადად შევხვდი ასეთს.

ვითომ შენთვის კარგი რომ უნდა, ვითომ ძალიან რომ უყვარხარ და ამიტომ რომ გეუბნება რაღაც სისულელეს, რომელიც არ მომხდარა და ცდილობს ურთიერთობაში ბზარი გააჩინოს, რომელიც ამდენი წელია აშენე.

თვალებში გიყურებს და ტყუილს გეუბნება, პირდაპირ თვალებში, უსირცხვილოდ და უნამუსოდ, გიმტკიცებს რომ ეს მოხდა, როცა შენ იცი რომ ეს არ გაგიკეთებია. რა ქვია ამას? მე ამას სიბოროტეს ვეძახი.

და ყველაზე ცუდი კიდევ ის შეგრძნებაა, შენს სიმართლეს რომ ვერ ამტკიცებ იმასთან, შენ შენსას იძახი, ის თავისას. რა გამოდის ამით?

ამის მერე მეცოდინება, რომ ასეთ ხალხს ვუფრთხლდე, მაგრამ ერთი რამე მიხარია – ვერ მიაღწია თავისას.

never mind ძალიან ვარ გაბრაზებული და უფრო მეტად გაკვირვებული