მე ვიცი რა გააკეთე გასულ ზაფხულს

ეს ლეგენდა დაახლოებით 1950 წლის შემდეგ გაჩნდა. სხვა ლეგენდებისგან განსხვავებით, მას რამდენიმე ინტერპრეტაცია არ აქვს, ყველგან ერთი და იგივე მეორდება და როგორ მისი წყარო იუწყება, ნამდვილი ამბავია.

ყველაფერი ასე დაიწყო:

(ლეგენდაში სახელები არ არის მოხსენებული)

სკოლაში ბოლო გაკვეთილის ზარი დაირეკა, ყველანი გარეთ გამოვიდნენ.

– დღეს პოლი ნახე? – ჰკითხა ჯენიმ დაქალს და პატარა სარკე მიაწოდა. სარამ ტუჩები შეიღება და თმები შეისწორა.

– ჯერ არა – უთხრა ჯენის და სარკე დაბრუნა – ისე არის ჩემზე გაგიჟებული, უჩემოდ სახლში არ წავა.

უკნიდან ფეხბურთელი ბიჭები წამოეწივნენ, თავისი სკოლის გუნდის ფორმებით. პოლიც მათთან ერთად მოდიოდა.

პოლი ფეხბურთის გუნდის კაპიტანი, ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, მაღალი, ქერა თმებით, როგორც წესი ასევე სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგოს, სარას ხვდებოდა.

– საღამოს რა გეგმები გაქვს? – ჰკითხა სარას და ხელი გადახვია – ჩემი მანქანით გავისეირნოთ, რას იტყვი?

სარამ თავი დაუქნია და ჯენის თვალით ანიშნა, ხომ გეუბნებოდიო.

საღამოს პოლმა სარას მიაკითხა და მანქანის კარები თავაზიანად გაუღო.

– აბა, საით წავიდეთ?

– მე მაქვს ერთი კარგი იდეა.

ტყის პირას იყო ერთი ადგილი, სადაც შეყვარებულებს მანქანით უყვარდათ გაჩერება. რადიოს უსმენდნენ და ერთმანეთს ეფერებოდნენ. პოლმაც გეზი იქითკენ აიღო.

ტყეში ბნელოდა და ოდნავი ნიავი ხეებს აშრიალებდა. სარას შესცივდა. პოლმა თავისი ქურთუკი მოახურა.

რადიოდან სასიამოვნო მუსიკა ისმოდა. პოლი სარასკენ დაიხარა და აკოცა.

რადიოდან ხრიალი გაისმა და მუსიკა შეწყდა.

“ყურადღება” ისმოდა ნაწყვეტ ნაწყვეტ რადიოდან

“ადგილობრივი საგიჟეთიდან გაიქცა ფსიქიურად შეშლილი სერიული მკვლელი, რომელიც ძალიან აგრესიული და საშიშია. ცალი ხელი მაგივრად რკინის კაუჭი აქვს, თუ თვალს მოკრავთ, მაშინვე პოლიციას დაუკავშირდით”

წყვილი შეკრთა. კლინიკა ტყიდან არც ისე შორს იყო.

– პოლ – თქვა შეშინებულმა სარამ – დროზე წავიდეთ აქედან, მეშინია.

– ნუ გეშინია – გაიცინა პოლმა – აქ არავინ არაა, მაგრამ რომ დაგამშვიდო, ყველა კარებს ჩავკეტავ.

სარა ისევ კანკალებდა, პოლს კი ნერვები ეშლებოდა. როგორც იქნა სარა განმარტოვებაზე დაითანხმა, ახლა კი გეგმა ჩაშლის პირას იყო.

– მოდი ჩემთან – უთხრა გოგოს და ხელი მოხვია. გარეთ რაღაც ხმაური მოესმათ. სარამ იკივლა.

– ჩუ, გაჩუმდი – ხელი მიაფარა პირზე და ფანჯრიდან გაიხედა. ირგვლივ არაფერი ჩანდა.

– წავიდეთ აქედან – ყვიროდა სარა.

– ჯანდაბა – ჩაილაპარაკა პოლმა და მანქანის დაქოქვა დააპირა, რომ წინა მინა ჩაიმსხვრა და მთვარის შუქზე აელვარებულ რკინის კაუჭს მოკრეს თვალი.

სარა მთელი ხმით კიოდა და შველას ითხოვდა, პოლმა გაჭირვებით მოახერხა მანქანის დაძვრა და დიდი სიჩქარით დატოვა ტყე.

სარას სახლთან გაჩერდა და გადმოვიდა, რომ კარები გაეღო.  სახელურს ხელი მოავლო და სისველე იგრძნო. შიშით  დაიხედა თითებზე და სისხლი დაინახა. სახელურის მაგივრად კი რკინის კაუჭი იყო გაკეთებული. კარი გამოაღო და დაინახა თვალებგახელილი სარა, რომელიც მანქანის სავარძელს მიყუდებოდა. კაუჭი გულში ჰქონდა გაყრილი. სისხლი ღვარივით მოსდიოდა მკერდიდან.

რა ბედი ეწია პოლს ან ამ მკვლელ კაუჭს არავინ იცის, მაგრამ ამ ლეგენდამ ბევრ ფილმს დაუდო სათავე, მათ შორის საკულტო scream-ის სერიებს და  i know what you did last summer -ის ტრილოგიას.

ამ უკანასკნელის ფილმის შემქმნელებმა ლეგენდა შეცვალეს, რომ უფრო საინტერესო გაეხადათ. სიუჟეტი ასე განავითარეს. რამდენიმე მეგობარი ქალაქგარეთ მიდიოდნენ მანქანით, როცა უცნობი მამაკაცი გაიტანეს. შეშინებულმა ახალგაზრდებმა კაცი წყალში გადააგდეს და პოლიციას არ შეატყობინეს ეს ამბავი. ერთი წლის მერე მათ მოსდით შეტყობინებები, ვიღაცამ იცის ეს ამბავი და მათ მოკვლას ცდილობს. მკვლელს სახეზე ნიღაბი აქვს და ხელის მაგივრად კაუჭი.

urban legend – ჯარედ ლეტო და ტარა რიდი მთავარ როლებში

გადმოწერა

I know what you did last summer

გადმოწერა

I still know what you did last summer

გადმოწერა

ლეგენდა მაქციაზე

მთავარი მაგისტრალი უკან დარჩა.

შეჩერდა და გზას თვალი მოავლო.

არსებობდა ორი ალტერნატივა სახლში მისასვლელად. პირველი: უნდა გაყოლოდა გზას, რომელიც რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით ქალაქში შეიყვანდა და მეორე, ტყეზე გადაეჭრა.

ეს გაცილებით მოკლე გზა იყო, ვიდრე პირველი და ცოტნეც არჩევნის წინაშე დადგა.

ტყე არც ისე ბნელი და უღრანი ჩანდა, როგორც ეს პირველი შეხედვისას ეგონებოდა ადამიანს. ადრე იქ ნამყოფი იყო და გზაც ასე თუ ისე ახსოვდა. ქურთუკი ბოლომდე შეიკრა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელი ნაბიჯებით გაუყვა დათოვლილ გზას. ცივი ჰაერი ფილტვებში ხმაურით ჩასდიოდა და სხეულს უყინავდა, მაგრამ ჯიუტად განაგრძობდა.

ხეები უძრავად იდგნენ, თეთრ და გამჭვირვალე სუდარებში გამოწყობილები. “ხეების სასაფლაო” გაუელვა თავში და ერთი წუთით ხეები გარდაცვლილებს შეადარა, რომლებიც ჭირისუფლებს ელოდნენ. შეაჟრჟოლა და თავი გაიქნია ცუდი აზრების მოსაშორებლად.

საშინლად ყინავდა. ალაგ-ალაგ თოვლი შეთხელებულიყო და ყინულზე ფეხი უცურავდა. ნელა მიიკვლევდა გზას და ცდილობდა არ წაქცეულიყო. ღრუბლებიდან მთვარე გამოვიდა და გადამხმარი ხეების სასაფლაოს ზევიდან დახედა.

მეჩხერად მდგარი მცენარეები და მოტეხილი ტოტები მკვდარი ჩიტებივით ეყარნენ აქეთ-იქით. მთელ ტყეს დღის შუქი მოჰფენოდა.

“მგონი ჯობდა მთავარი გზით წავსულიყავი”

გაიფიქრა და ძარღვებში სისხლი გაეყინა. შიში ნელ-ნელა გაუჯდა სხეულში და თითოეულ უჯრედს დაეუფლა. კანზე ბუსუსებმა დააყარა. სიცივე და შიში ერთდროულად უღებდა ბოლოს.

“არ უნდა წამოვსულიყავი”

გაიფიქრა კიდევ ერთხელ და ინანა.

“მთავარია არ შემეშინდეს”

უკვე ეშინოდა, ძალიან ეშინოდა. ნაბიჯს აუჩქარა. ფეხქვეშ თოვლი გულისგამაწვრილებლად ხმაურობდა. ხეების დაკვრანჩხული ტოტები საზარელ ხელებად და ადამიანებად ელანდებოდა.

“სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო”

“სულ ცოტა დარჩა, მალე სახლში ვიქნები”

სუნთქვა შეიკრა და ცდილობდა უხმაუროდ გადაედგა ნაბიჯები. რატომღაც ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს თავის თავს შორიდან ხედავდა, როგორ მოაბიჯებდა აბუზული, კაშნშემოხვეული მამაკაცი ფრთხილი ნაბიჯებით და შიშისგან გაფართოებული თვალებით.

“ალბათ სახლში ისევ ცივა. როგორც ყოველთვის ცივა ხოლმე. ისევ თოვს…”

მსუბუქი და ფარფატინა, თეთრი ფიფქები ახლა ისე მძიმედ აწვებოდა მხრებზე, თითქოს ქვესკნელში უნდოდათ მისი ჩატანა. ახლა უკვე მესამედ იფიქრა რომ არ უნდა წამოსულიყო და მესამედ ინანა.

შორიდან ყმუილი მოისმა. ყმუილს თოვლის ხრაშა-ხრუში დაერთო. მიხვდა, რომ მისკენ რაღაც გამალებით მორბოდა. ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და გაჩერდა.

ტოტების ლაწა-ლუწი გრძელდებოდა. გამძვინვარებული არსება გაცოფებით მოარღვევდა ხეთა რიგს. მთვარეს ახედა. მთვარემ პირი იბრუნა. მარტო დატოვა თავის გასაჭირთან.

ხმა უკვე ახლოს იყო, სულ ახლოს. სადღაც გაეგო სიკვდილის წინ შენი განვლილი ცხოვრების კადრები თვალწინ ჩაგივლისო. ახლა იდგა და ამ კადრებს ელოდა. აღარაფერზე ფიქრობდა. უნდოდა რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ყველაფერი.

უზარმაზარი, რუხი მგელი ბოროტი, წითელი თვალებით. აი რა უნდა ყოფილიყო მისი აღსასრული. თვალები დახუჭა. სიკვდილის სული იგრძო და ნესტოებში გამაღიზიანებლად შეუღიტინა. მგელი შეახტა და წააქცია. ინატრა უმტკივნეულოდ მომკვდარიყო. იგრძნო როგორ ჩაესო ბასრი კბილები კისერში და გაყინულ სხულზე როგორ გადმოეღვარა თბილი სისხლი.

უცნაურია, მაგრამ აქამდე არასდროს შეუმჩნევია როგორი სუნი ჰქონდა საკუთარ სისხლს. უნდოდა მეოთხეჯერაც ენანა აქ წამოსვლა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მგლისფერ ბინდში გაცურდა…

სადღაც გაეგო სიკვდილის მერე გრძელ გვირაბს დაინახავო. იწვა და ამ გვირაბს ელოდა, მაგრამ ამაოდ. გვირაბი არ ჩანდა. დამძიმებული ქუთუთოები ასწია. ცოცხალი იყო, ერთიანად საკუთარ სისხლში მოსვრილი, მაგრამ ცოცხალი. წამოიწია და იქაურობას თვალი მოავლო.

მგელი არ წასულიყო. ისევ იქ იდგა და სისხლიანი ყბებით შესცქეროდა.

“არ უნდა მაშინვე მომკლას, მათამაშებს, როგორც კატა თაგვს”

გაფიქრება და მგლის ამოყმუვლება ერთი იყო. მხეცმა საბრალობლად შეყმუვლა მთვარეს და უკან დაიხია, თითქოს რაღაცამ შეაშინაო. თვალები ჩაქრობოდა და ძველი სიმხეცის ნატამალიც არ ეტყობოდა.

ახლა ის იყო ერთი ჩვეულებრივი, შეშინებული ცხოველი, რომელსაც ადამიანისაც კი ეშინოდა. ცოტნემ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ მგელმა კუდი ამოიძუა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. ჭრილობაზე ხელი მოისვა. სისხლი კვლავ ჟონავდა, მაგრამ სასიკვდილო ნამდვილად არ იყო. გაჭირვებით აითრია სხეული და გზას ბარბაცით გაუყვა.

 

გაგრძელება იქნება

ზღაპარი ორსართულიან ტყეზე

განწყობისთვის მოუსმინეთ. პოსტის ბოლოს გეტყვით რატომ ორსართულიანი ტყე.

იყო და არა იყო რა, უზარმაზარ სასახლეში ცხოვრობდა ერთი უფლისწული. არ მოგესმათ, მზეთუნახავი კი არა, უფლისწული. მთელი ოჯახი თავზე დატრიალებდა, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, უფლისწულიც მთელ დღეებს სარკეში ყურებაში ატარებდა და თავისი თავი ყველაზე ლამაზი ეგონა.

მოახლოვდა დრო, როცა უფლისწული გახდა 21 წლის, იმ სამეფოში კი წესი იყო, მომავალი მეფე სამოგზაუროდ უნდა წასულიყო, ენახა ცხოვრება და მერე დაბრუნებულიყო სამეფოში. უფლისწულიც ემზადებოდა ამ დღისთვის და აი ეს დღეც დადგა.

– სად წავიდეო? – იკითხა უფლისწულმა. მამამისის დანატოვარმა ჯადოსნურმა სარკემ ჩასჩურჩულა, ორსართულიანი ტყე ეძებე, მას თუ იპოვნი, ყოვლისშემძლე გახდებიო. უფლისწულმაც გადაწყვიტა წასულიყო ორსართულიანი ტყის საძებნელად.

რა ადგილი აღარ მოიარა, რა ქვეყანა, ვისაც ეკითხებოდა ორსართულიან ტყეზე, ყველა დასცინოდა. უფლისწულს არ სწყინდა,  ძებნას აგრძელებდა.

ერთ მიტოვებულ სოფელში მიაგნო  ბებერ ჯადოქარ ქალს, რომელსაც გაეგო ლეგენდა ორსართულიან ტყეზე. მიასწავლა გზა.

ნელ–ნელა ხეები ხშირდებოდა, უფლისწული კი გაუვალ ტყეში მოექცა. გაუხარდა, იფიქრა ორსართულიანი ტყეც აქ იქნებაო, დაიწყო ყვირილი, იქნებ ვინმემ გაიგოსო.

– რა გაღრიალებს? – ჩამოხტა შეწუხებული მაიმუნი – ყრუები კი არ ვართ.

– კეთილო პრიმატო, იქნებ მიმასწავლო სადაა ორსართულიანი ტყე? – შეეკითხა უფლისწული ზრდილობიანად.

– ჩვენ ერთიანებში ვცხოვრობთ ძმაო, სამიანები და ოთხიანები იქით დგას, ეს ორსართულიანი რა არის არ ვიციო – უთხრა მაიმუნმა. გაწბილებულმა უფლისწულმა ტირილი დაიწყო. ცრემლებს აღვარღვარებდა.

– ნუ ტირი ჭაბუკო – უთხრა ტყიდან გამოსულმა მზეთუნახავმა – მე გამოგყვები სამეფოში და ვიტყვი, რომ ორსართულიანი ტყის ამბავი ლეგენდა ყოფილა.

გოგო ისეთი ლამაზი იყო, რომ უფლისწულმა უარი ვეღარ უთხრა, ერთად დაბრუნდნენ და ქორწილიც გადაიხადეს, მაგრამ მერე ხასიათში ვერ შეეწყვნენ და დაშორდნენ.

ეს ზღაპრის დასასრული, ახლა ნამდვილი ამბავი.

ვიღაც განწირული ეძებდა საძიებო სისტემაში ორსართულიან ტყეს. ხალხნო გამაგებინეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ორსართულიანი ტყე? იარუსებად დალაგებულს? გავგიჟდი და გადავირიე, WTF?????????????

ჩემი და ოქროსქოჩორა ვამპირის ისტორია

შეიძლება ბანალური თემა ავირჩიე და ჩვენს ბლოგშიც იყო ამაზე ერთი ორი პოსტი, მაგრამ რომ არ დავწერო რაც გადამხდა თავს, შეუძლებელია გავძლო.

მაშ ასე მოუსმინეთ ჩემს მოკრძალებულ ისტორიას.

ჩემთვის ვიჯექი ტყეში და ვღიღინებდი. რა თქმა უნდა იკითხავთ, რა მინდოდა ტყეში, რა თქმა უნდა ჩემი ოცნების პრინცს ველოდებოდი, ან მხეცს, რომლისგანაც უეცრად გამოჩენილი პრინცი დამიცავდა.

რა თქმა უნდა ისიც გამიკვირდა, რატომ დამიძახეს დაქალებმა, დაქნეულიაო ჩემი საოცარი იდეა რომ გავანდე.

– საწყალი ამდენი კინოს ყურებისგან მგონი გამოლაყდა სულ – გადახედა ერთმა მეორეს.

– ნწუ ნწუ ნწუ – გააქნიეს თავები და სინანულით გაიკრიფნენ სახლებში.

ჰოდა ვიჯექი ტყეში და ველოდებოდი მას, იმ ერთს…

და აი მგონი ჩემი ოცნება ასრულებას იწყებს, საიდანგაც ყმუილის ხმა მესმის, მგლები მიახლოვდებიან… სიამოვნებისგან ვიბადრები და უკვე გაფაციცებული ველი ჩემი ოცნების პრინცს.

ყმუილს თან ფეხის ხმაურიც ერთვის, ვიღაც გამწარებული მორბის ჩემსკენ.

კიდევ უფრო ვიბადრები და დაღებული პირით ვუყურებ ლამაზ ბიჭს, რომელსაც თმა ყალყზე უდგას. პრინციპში რას ვუყურებ, თვალიც ძლივს მოვკარი. ღრიალით ჩამიქროლა ხელების ქნევით ორ წამში თვალს მიეფარა, უკან მგლების მთელი ხროვა მისდევდა.

გაკვირვებული ვუყურებ ამ უცნაურ სანახაობას. ცოტა ხანში სიტუაცია წყნარდება, მგლები აშკარად ჩამოშორდნენ. ხმაც მესმის, ოღონდ სადღაც შორიდან, შორიდან კი არადა შორიახლო ხიდან. ჩამოკონწიალებულა ვაჟბატონი და ოფლს იწმენდავს. მზის სხივები კენწერომდე აღწევს და მისი თმაც გასაოცრად ბზინავს…

ოხვრა ოხვრით  ჩამოდის ხიდან, ჩამოდის კი არა იხლიწება და ვაი-ვიშით მოფოფხავს.

– მოგეხმარო? – ვეკითხები გაუბედავად.

– ამხელა ვამპირ კაცს მოხმარება მინდა? – ბრაზდება და საჯდომზე გადახეულ შარვალს საკუთარი ღირსების შეგრძნებით ისწორებს. მერე თმას უკან იყრის და ხელს მართმევს.

– მე ოქროსქოჩორა ვამპირი ვარ.

ხმას არ ვიღებ, იმედგაცრუებული ვათვალიერებ ცრუ რაინდს.

– რატომ არ აღფრთოვანდი? – უკვირს და პერანგს ოდნავ იხსნის, მერე შემპარავი თვალებით მიყურებს.

– მოვედი შენი პრინცი…

ხმას ისევ არ ვიღებ.

– ანუ არა? – მეკითხება გამომცდელი მზერით.

უარის ნიშნად თავს ვიქნევ.

– აუ ასი წელი რააა. სხვა კინოში წავალ, გოგოები კალთებს მახევენ და ჩემს ქოჩორზე ხომ ვენებს იჭრიან, შენნაირი ჭირიანი რაში მჭირდება? – თმას ისევ უკან იყრის და  გამოხეული შარვლით ნაზად მირბის.

დაძმარებული ვბრუნდები სახლში და კარებს ვიკეტავ. ესეც შენი პრინციიი…

by qameleoni555