სუპერგმირები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ამ თემაზე გადაღებული ფილმები როგორც წესი ძალიან პოპულარულია და ჰოლივუდიც უხვად სარგებლობს კომიქსების გმირებით თუ უბრალოდ სუპერგმირებით.

მათ შორის ყველაზე პოპულარული სუპერგმირები არიან:

Continue reading

ჩემი ეროტიული სიზმრები

არის ორი კატეგორიის სიზმრები – პირველი, რომლებსაც ყოველღამე ნახულობ და არაფრით არაა გამორჩეული. როცა იღვიძებ ბუნდოვნად გახსოვს რა ნახე. მეორე კატეგორია – გამორჩეული, სხვანაირი აურის სიზმრები, რომელიც რეალობისგან ძნელი გასარჩევია და გაღვიძებულზე ფიქრობ – ეს მართლა მოხდა თუ დამესმიზმრა.

ხშირად ძალიან გამხარებია, რომ ეს რეალობა არ ყოფილა, ხშირად კი პირიქით.

ჩემი ქრაში ჰოლივუდის მიმართ ყველამ იცის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ რამდენიმე ასეთი ცხადი სიზმარი მასთან დაკავშირებით ვნახე და რამდენიმე წუთი სხვა სამყაროში გავატარე, იქ, რასაც ყოველდღე კომპიუტერის ეკრანიდან ვუყურებ.

ყველაზე ცხადად მახსოვს ალბათ ნახევარი წლის წინ ნანახი სიზმარი ჯეიმს მაკკავოისთან დაკავშირებით 🙂 არასდროს არ მქონია განსაკუთრებული სიმპათია ამ კაცის მიმართ და არც ვიცი საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს სიზმარში.

თუ ვერ გაიხსენეთ ჯეიმსი ვინაა, ანჯელინას და მორგანის “wanted” მაინც უნდა იცოდეთ.

ჰოდა… სიზმრის შინაარსი დიდად გამორჩეული არ იყო, მაგრამ ძალიან მკაფიო და ცხადი. მე და ჯეიმსი ჩემს ეზოში ვიჯექით სკამზე და ვლაპარაკობდით. ჩემი მეზობლებიც იქვე იყვნენ და საერთოდ გაგებაში არ იყვნენ ვინ იყო ჯეიმსი,  ალბათ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ეგონათ მეზობელი კორპუსიდან. რაც მთავარია მე ვიცოდი ვინც იყო და ის განცდა მქონდა, ძალიან პოპულარული ადამიანის გვერდით რომ გაქვს. თან არც მჯეროდა, რომ ეს ის ჯეიმსი იყო, ანჯელინასთან ერთად რომ აბრუნებდა ტყვიებს და ის ჯეიმსი, პენელოპეს წყევლა რომ მოხსნა და ჩვეულებრივ გოგოდ აქცია.

თვითონ განსაკუთრებით თბილად იყო განწყობილი ჩემს მიმართ, თითქოს ვუყვარდი კიდეც, ჩემი ხელი ეჭირა და ეფერებოდა. მეც ვიფერებდი და ამაყად ვიყურებოდი აქეთ-იქით 🙂

იმის მერე სადაც მოვკრავ თვალს, ვაა ჯეიიიმს ეგეთი ვარ, თითქოს კარგი ხნის ნაცნობები ვიყოთ 🙂

მეორე სიზმარი რამდენიმე თვის წინ ვნახე, არც ამ ადამიანზე ვარ მაინცდამაინც გადარეული, საინტერესოა რომ სულ იმათ ვხედავ, ვინც ნაკლებად მაინტერესებს, არასდროს არ მინახავს ზაქარი ან გეილი. demn.

ჰოდა… მე და იანი, რომელსაც ახლა თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს.

სავარაუდოდ ვამპირის დღიურებიდან ჩამყვა, ალბათ რამდენიმე სერიას გადაბმულად ვუყურე. მე და იანი რაღაც მიტოვებულ ქოხში ვიყავით, რომელიც ტყით იყო გარშემორტყმული და ვიღაცას ვემალებოდით, სავარაუდოდ მაქციებს. ისევე, როგორც ჯეიმსის შემთხვევაში, იანიც ჩემზე იყო შეყვარებული და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დავეცავი.

ამ შემთხვევაშიც ის განცდა მქონდა, პოპულარულ ადამიანთან ყოფნის, გულში ვფიქრობდი, იანის ფანები ჩამქოლავენ-მეთქი 🙂 ისე როგორ უნდა გაამტყუნო, შეხედეთ 🙂

და კიდევ ერთი, ამ შემთხვევაში არ მიკვირს ამ ადამიანის დასიზმრება, დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში, რაც დღეში სმოლვილის 6-7 სერიას ვუყურებდი და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 10 სეზონია, სიზმარში ბევრჯერ ვყოფილვარ ლანა ლენგი, ლექს ლუთერი, ბევრჯერ გადამირჩენია სამყარო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს ცხად სიზმარში ტომ ველინგი დამესიზმრა.

ტომს ჩემს თვალწინ მოემატა ათი წელი. ბოლოს ისე შეეჩვია სმოლვილს, რომ ბოლო სეზონს უკვე თვითონ იღებს. არასდროს არ მომწონდა ტომი, როგორც კაცი, ძალიან საყვარელ და თმების მოსაჩეჩ ბიჭად მიმაჩნდა, მაგრამ სიზმარში ტომიც ჩემს თაყვანისმცემლად მომევლინა. მე სკამზე ვიჯექი, ის მუხლებზე იდგა და სიყვარულს მიხსნიდა. მეც განაბული ვიჯექი და თვალებს ვუხამხამებდი სუპერმენს.

ჰოდა… რა ვქნა ეხლა რომელი ავირჩიო? ჯეიმსი, ტომი თუ იანი? 🙂

 

სუპერმენის მორიგი სტუმრობა

წუხელ ყველამ რომ დაიძინა, გაზქურაზე ჩაიდანი დავდგი და ღიღინ–ღიღინით დავიწყე ჩაის გამზადება. ჩემმა კატამ ამასობაში გამათბობელთან მოიკალათა და კრუტუნით მადევნებდა თვალს.

ფანჯარაზე რაღაც ხმაური მომესმა. გაკვირვებულმა გადავწიე ფარდა და გავაღე. გაყინული და აცახცახებული კლარკი ოთახში შემოვარდა.

– რა გჭირს, რა ხდება? – ვკითხე გაკვირვებულმა.

– მციივააა – ამოთქვა გალურჯებული ტუჩებით და გამათბობელს ეტაკა.

გამეცინა.

– სად იყავი?

– დეილი პლანეტიდან მოვდივარ, ლუისი სახლში მივაცილე და გამახსენდა რომ სახლში არავინ მელოდებოდა.

– ჩაის დალევ?

– დავლევ – მოიფშვნიტა კმაყოფილებით ხელები.

ცხელი წყალი ორ ჭიქაში ჩავასხი და ორთქლს ხელისგულები მივუშვირე.

– რამე უფრო მაგარი არ გაქვს? – მკითხა შემპარავად.

– კარგად მახსოვს შენი ბოლო სტუმრობა ჩემთან, შენთვის დალევა არ შეიძლება – დავუდგი ჩაის ჭიქა და მეც გვერდით ჩამოვუჯექი.

– აბა რა ხდება მეტროპოლისში … როგორ მიდის სუპერმენის ცხოვრება.

– ეეჰ – ამოიხვნეშა კენტმა და ჩაი ხრუპუნით მოსვა – დავიღალე ამდენი წინ და უკან ფრენით, ცუდი ბიჭების მიტყეპვით, ქურდების დაჭერით… მართლა სუპემენი კი არ ვარ.

– აბა რა ხარ? – გამიკვირდა.

– ხანდახან მგონია რომ უბრალო მოკვდავი ვარ… აი მაგალითად გუშინ… ლუისს შენობის სახურავზე შეხვედრა დავუნიშნე სუპერმენის სახელით. მე იდუმალად სიბნელეში ვიდექი… ისე რომ შუქი მარტო ტანზე მეცემოდა, სახე კი არ მიჩანდა. მინდოდა მეთქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი სახით მას დამცველი ყოველთვის ეყოლებოდა.

რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი, ისე რომ სახე არ გამომჩენოდა და დაბალი ხმით ვუთხარი… “ლუის…” და ჯანდაბა… ამ დროს ანტენას წამოვკარი ფეხი და დაბლა გავიშხლართე.

სიცილი ამიტყდა.

– ჩემი იდუმალება და ხიბლი სულ წყალში ჩაიყარა. მაშინვე ავდექი და გამოვფრინდი. მესმოდა როგორ კისკისებდა ლუისი.

ჩაი მოვსვი და კლარკს შევხედა. მოშვებული იჯდა სკამზე. გრძელი მოსასხამი იატაკზე დასთრევდა. მოწყენილს თვალი ერთ ადგილზე გაშტერებოდა. სულაც არ ჰგავდა სუპერმენს.

– ეეი, კლარკ, კლარკ აქ ხარ? – ფანჯარაში თავი შემოყო ბეტმენმა, მაგრამ რქიანი თავი ჩემს ფარდას გამოსდო და აიხლართა.

– ეეე, მიშველეთ, ვერაფერს ვხედავ, ჩემი თვალები… ვაიი – აბღავლდა ბეტმენი. ფარდა მოვაშორე.

– ვიცოდი რომ აქ იქნებოდი. ვაა სოფო, როგორ ხარ? – ამიწია ხელი.

– რა ხდება, აქ მაინც მომასვენეთ – შეუღრინა კლარკმა.

– ქალაქის მთავარი შენობა იწვის, შენი ყინულის სუნთქვა გვჭირდება, თორემ არ შეგაწუხებდით – გაიკრიჭა ბეტმენი. კლარკმა ბოლო ყლუპი მოსვა და მოსასხამი მოიხვია.

– ხალხს გმირი სჭირდება – მითხრა ამაყად და ფანჯრისკენ წავიდა, მაგრამ მოსასხამში გაიხლართა და დაბარბაცდა.

– ეს ლურჯი ტრიკო რა უბედურებაა, ჩაიცვი რამე კაცური – ებუზღუნებოდა ბეტმენი და ბეტმობილს ქოქავდა.

– კარგად აბა, დიდი მადლობა – დამიქნია ხელი კლარკმა. ბეტმობილი ადგილს მოწყდა და ჰაერში სინათლის ლაქად გაუჩინარდა.

კატას უკვე ეძინა. მეც ჩავაქრე შუქი და დასაძინებლად წავედი.

 

მთვრალი სუპერმენი

გუშინ უკვე დაწოლას ვაპირებდი, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. უკმაყოფილო ბუზღუნით წავედი. კარებთან კლარკ კენტი და ექიმი ჰაუსი იდგნენ.

– რა ხდება? ვიკითხე გაოცებით.

– მმმ… – ამოიბლუკუნა კლარკმა, თვალები აატრიალა და ჰაუსს ჩამოეყრდნო.

– რა ჭირს ამას? – ვკითხე ჰაუსს.

– მთვრალია – მითხრა  დამცინავი სახით.

სახლში შემოვატანინე მთვრალი სუპერმენი და დივანზე დავაწვინე. ჰაუსი ჩაიზე დამეწვია.

– ერთად საიდან აღმოჩნდით? – ვკითხე ინტერესით.

– საავადმყოფოში მომიყვანეს, უკვე მთვრალი იყო, მთვარეზე უნდა ვიცეკვოო აუჩემებია და გაფრენილა, მაგრამ ზედ შესკდომია და ტვინის შერყევა მიიღო. ეხლა ჰგონია რომ ფრენკ სინატრაა და “fly me to the moon”-ს მღერის გაუჩერებლად.

– მმმ… მთვარეე, მთვარეე… – წაიმღერა კლარკმა და წითელი ტრიკო შეისწორა. ლურჯი მოსასხამი იატაკზე მოსთრევდა.

– მე რა ვუშველო?

– პირველი შენ გამახსენდი, მთვრალი სუპერმენი სად მეთრია? ფეხს ძლივს დავათრევ.

ჰაუსმა ნატკენ ფეხზე მოიკიდა ხელი. სტკიოდა.

– როგორ გამოვაფხიზლოთ? ხალხს სჭირდება თავისი გმირი. რა ვუთხრათ იმ ქალს, ბავშვი ხანძარში რომ ეწვის და შველას ელოდება?

– მაგას სპაიდერმენი მიხედავს – დამამშვიდა ჰაუსმა – გმირებს რა გამოლევს.

გულმა მაინც არ მომითმინა და კლარკს ცივი წყალი გადავასხი თავზე.

–ჰა? რა ხდება? მკლავენ? მიშველეთ – ამოიზმუვლა სუპერმენმა და თავზე ხელები აიფარა – მთვარეე… მთვარეე… – მიაყოლა მელოდიურად.

– ამის იმედი უნდა გვქონდეს? – ვკითხე ჰაუსს გულდაწყვეტილმა.

– მთვრალია, მეტს რას ელოდები, სიმთვრალეში ბავშვს ემსგავსება ხოლმე, თორემ ისე ყველაზე მაგარია… მრავალფუნქციური. თან წითელი ტრიკოც უხდება.

ჰაუსს პეიჯერზე შეტყობინება მოუვიდა.

– ვიღაც მოუყვანიათ მძიმე, სასწრაფოდ თუ არ მივედი მოკვდება, ამ შუაღამისას რითი წავიდე? – შეწუხდა ჰაუსი – დახმარება მჭირდება.

დახმარების გაგონებაზე კლარკმა ყურები ცქვიტა.

– მე აქ ვარ… მე გმირი ვარ… მე დაგეხმარები.

ბარბაცით წამოდგა და ჰაუსი ზურგზე შემოისვა.

– მე წაგიყვან საავადმყოფოში.

სუპერმენმა ფანჯრიდან ისკუპა და მაშინვე ცაში აიჭრა. შორიდან ისმის ნაწყვეტ–ნაწყვეტ : “მთვ… არეეე…”

ფანჯარას ვკეტავ და მეღიმება. გმირები ყველგან არიან. მთვრალები თუ ფხიზლები, მაღლები თუ დაბლები, ლამაზები თუ მახინჯები, მდიდრები თუ ღარიბები.

p.s. (რა თქმა უნდა უმჯობესი იქნება ფხიზელი, მაღალი, ლამაზი და მდიდარი იყოს… 🙂 🙂 )