გავეხვიე თბილ საბანში და ისე ვიყავი დაღლილი, რომ ღრმად ჩამეძინა რამდენიმე საათი. 9–ზე გამეღვიძა, მაგრამ არ ავდექი, მაიამ ბავშები გარეთ გაიყვანა და ვნებივრობდი 11–მდე საწოლში.
ნათია, მაიას და, და თიკო გვერდზე სოფელში ნათლობაზე იყვნენ წასულები, ასე რომ ცოტა არ იყოს და მოვიწყინეთ, თან ძალიან ჩამოცხა. ცოტა ხანი გარეთ ვიჯექით, ცოტა ხანი სახლში.
გარედან მომესმა “სოფო, სოფო” ყვირის მაიას ძმა განწირული ხმით. გავვარდი გარეთ, მეთქი რა ხდება და ის და თავისი ძმაკაცი ამ საოცრებას მოათრევდნენ გაჭირვებით
იმდენი ვეფერე საწყალ კატას, კიწის მონატრებები ჩავიხშე, უკმაყოფილო ხმებს უშვებდა მართალია, მაგრამ ვინ აქცევდა ყურადღებას.
გული რომ ვიჯერე, გავუშვი და გაძუნძულდა შეწუხებული.
ჰო კიდევ, სულ ტყუილად წავიღე სამი წყვილი ფეხსაცმელი, რაც იქ ვიყავი, მაიას ძმის ბარსელონას შლოპანცების მეტი არაფერი მცმია 🙂
ამასობაში დაღამდა კიდეც, მოვიდნენ დაღლილები, თიკო წავიდა დასაძინებლად, ჩვენც შესვლას ვაპირებდით უკვე, რომ მაიას ერთმა ნათელმა აზრმა გაურბინა თავში, ხვალ მაინც მიდიხარ და ამაღამ დავლიოთო.
გავაღვიძეთ თიკო, გამოვიდა ნამძინარევი სახით, დასალევი არ გვაქვს, მერე გაგვახსენდა, თემო ამბობდა, ჩაციებული არაყი მაქვსო, ხოდა ბევრი აღარც გვიფიქრია. ღამის 3 საათია.
გავედით გარეთ. მაია ბოხი ხმით იძახის “თემოო”. გადმოიხედა შეშინებულმა ბიჭმა. “ჩამოდი დაბლა” ეძახის თავის ბიძაშვილს. აუ, ეხლა სანამ ეს გაემზადება და ჩამოვა, ვიძახით ჩვენ, დღეში ასჯერ ბანაობს და სანამ გარეთ გამოვა კაი ხანი ემზადება ხოლმე.
ჩამოვიდა დაბლა, ჩვენ ვკვდებით სიცილით. მოგვცა არაყი და დაიწყო წუწუნი, ასე მალე რატომ მიდიხარო. გამოვედით ჩვენ ოთახში და დავიწყეთ დალევა.
სულ 4–5 ჭიქა შეგვხვდა, მეტი არა, ბოლომდე არც გვეყო, მაგრამ სხვა არსად აღარ გვეშოვებოდა დასალევი და გავჩერდით. მაიას ძას იქვე ეძინა. გამოვიტანეთ ფანქრები და პომადები და შუბლზე რაღაცეები დავაწერეთ. ბავშვს გაეღვიძა და შეშინებული გვიყურებდა, მაგრამ შთავაგონეთ, რომ ეს ბოროტი კოშმარი იყო და დილით აღარაფერი ეხსომებოდა.
დავაყენე მაღვიძარა 8 საათზე და დავემხე ლოგინზე.
მეორე დილით წამოვედი.