თეთრი სიკვდილი

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისე სწრაფად, რომ ვერ მოვასწარი გამეგო რა ხდება. არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა, ან საერთოდ კიდევ სრულ ჭკუაზე ვარ თუ შევიშალე, მაგრამ ის ვიცი, რომ ახლა შეიძლება უკანასკნელ წუთებს ვითვლი სიცოცხლის, ამიტომ ყველაფერი უნდა მოვყვე.

ამ წუთას მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემს სახლში ვართ, მე კომპიუტერთან ვზივარ და ვწერ, მაგრამ ხელები საშინლად მიკანკალებს. ჯესი ნერვიულად დადის ოთახებში და სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. ისევ ჯობია ყველაფრის მოყოლა თავიდან დავიწყო.

დღეს დილით კარებზე საშინელი ბრახუნი ატყდა. შეშინებულმა გავაღე და  დავინახე ჯესი. სახლში შემოვარდა და კარები მაგრად ჩაკეტა.

– რა ხდება? – ვიკითხე ნამძინარევი სახით და უკან გავყევი.

– არ დაიჯერებ – მითხრა – მაგრამ მოგიწევს, ყველაფერი უნდა მოგიყვე, არ მინდა მარტო ვიყო.

– კი ბატონო, გისმენ – ვუთხარი და ჩამოვჯექი, რა ვიცოდი, რომ ასე ვინანებდი.

ჯესი რამდენიმე დღეა რაც მექსიკიდან ჩამოვიდა, იქ თავის შორეულ ნათესავებთან ერთი თვე გაატარა შვებულებაში. ყველაფერი კი ერთ კვირის წინ დაიწყო, როცა პატარა ჰოსპიტალში, სადაც მისი ბიძაშვილი მუშაობდა, ერთი კაცი შემოვარდა.

რაღაცას ძალიან შეეშინებინა, ესპანურად ყვიროდა გაურკვეველ სიტყვებს და აქეთ–იქით გიჟივით იყურებოდა. სკამზე დასვეს, წყალი დაალევინეს და ჰკითხეს, რამ შეაშინა ასე.

– თეთრი სიკვდილი… La Muerto Blanco – ბუტბუტებდა კაცი დამტვრეული ინგლისურით – გადამდებია… არასდროს ნებდება… ყოველთვის იღებს თავისას…

ჯესის ბიძაშვილი ჩაეკითხა, თუ რა იყო ეს თეთრი სიკვდილი, რამე ეპიდემია თუ დაავადება.

– თეთრი სიკვდილი… ცივია როგორც ყინული… სულია, რომელსაც უნდა, რომ მის შესახებ არავინ გაიგოს… უნდა რომ საბოლოოდ მოიპოვოს სიმშვიდე, მაგრამ ვერ ახერხებს… და სანამ ერთმა ადამიანმა მაინც იცის მისი არსებობის შესახებ, არ ისვენებს… სადაც არ უნდა იყო მაინც მოგაკითხავს და მაშინ გაიგებ მის კაკუნს კარებზე…

ახლა, როცა უკვე მოგიყევი, ეს წყევლა შენზე გადმოვიდა, მე კი საშინელი სიკვდილი მელის…

სანამ ჯესის ბიძაშვილი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, კაცი ჰოსპიტალიდან გაიქცა. მისი დამტვრეული ინგლისურით ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ რაც გაიგო, იქიდან ცხადია არაფერი დაუჯერებია.

მეორე დღეს პოლიციამ დარეკა. უცნობი მამაკაცი საშინელი ჭრილობებით დაღუპული ნახეს ჰოსპიტალთან ახლოს.

ბიძაშვილმა ჯესის დაურეკა და ყველაფერი მოუყვა. ორივეს გაეცინათ ამ წყევლაზე და ყველაფერი შეშლილის ავადმყოფურ აზრებს დააბრალეს, მაგრამ მეორე დღეს ჯესიმ თავისი ნათესავი სახლში იპოვნა მკვდარი.

– შევედი თუ არა სახლში, მაშინვე ვიგრძენი – მიყვებოდა ჯესი – უცნაური სიცივე იდგა. ის დაბლა იწვა, ყველგან სისხლი იყო. უცებ კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ის იყო, თეთრი სიკვდილი… ჩემთვის მოვიდა…

– ოხ ჯეს – ვუთხარი და ავდექი – მეტი ვერაფერი მოიფიქრე ჩემს შესაშინებლად? თეთრი სიკვდილი?

– ახლა ეს ამბავი შენც იცი… შენთვისაც მოვა…

შემოსასვლელ კარებზე კაკუნი მოისმა. სუნთქვა შეგვეკრა.

– ის არის – ხელი მტაცა ჯესიმ – არასდროს არ ჩერდება, ყველგან გიპოვნის…

კაკუნი გაძლიერდა და ბრახუნად იქცა. ცოტაც და კარები შემოიმტვრეოდა. ადგილზე გაყინულები შევცქეროდით კარებს.

საათზე მეტი გავიდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. ჩვენი შეშინება უნდა. ვნატრობ, რომ ჯესი არასდროს გამეცნო, რომ მექსიკაში მომკვდარიყო, ეს საშინელი ამბავი რომ არ მოეყოლა ჩემთვის…

კაკუნი არ წყდება, ხან იმატებს, ხან იკლებს, მაგრამ ვგრძნობ ჩვენი საათები დათვლილია. ვწუხვარ, რომ გაიძულეთ ეს ამბავი წაგეკითხათ,  მოგიყევით თეთრ სიკვდილზე, რადგან ახლა, როცა იცით მისი არსებობის შესახებ, ის მოვა თქვენთან…

 

წითელი ლენტი

ჯეიმი პარკის შესასვლელში იდგა და ჯიბეში პატარა კოლოფის სიმძიმეს ისე გრძნობდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი ედო მის მაგივრად. წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა, დრო აღარ და აღარ გადიოდა.

ვირჯინიას რამდენიმე თვეა იცნობდა, მაგრამ მის თმების სურნელი ყველგან თან დაჰყვებოდა.  მის ძარღვებში ბოშა ქალის სისხლი სჩქეფდა, გრძელი, შავი თმები, დიდი შავი თვალები, ძლიერი და მტკიცე ხასიათი – ყველაფერი, რაც ასე იზიდავდა.

საათს დახედა. ვეღარ ითმენდა.

აი ისიც გამოჩნდა. ყველასგან გამოირჩეოდა, გრძელი შავი თმები მხრებზე დაფენოდა.

– ჯეიმი – თქვა ქალმა და გადაეხვია.

ვირჯინია სკამზე ჩამოჯდა. ჯეიმიმ კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და მის წინ ცალ მუხლზე დადგა.

– გამომყვები ცოლად?

ქალმა გაიცინა.

– რა თქმა უნდა.

გახარებულმა ჯეიმიმ ბრილიანტის ბეჭდი თითზე გაუკეთა თავის საცოლეს და თვალებში ჩახედა. კვლავაც თვალში მოხვდა ყელზე მჭიდროდ მოხვეული წითელი, ვიწრო ლენტი.

– რატომ გიკეთია ყოველთვის ეს ლენტი? – ჰკითხა ღიმილით.

– არასდროს, არასდროს არ უნდა მოვიხსნა ეს ლენტი, დაიმახსოვრე ჯეიმს.

კაცი აღარ ჩაეძია, რაც მთავარია, ვირჯინია მის ცოლობაზე იყო თანახმა, სხვა არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

იმ ზაფხულს ისინი დაქორწინდნენ. ჯეიმი ხვდებოდა, რომ მის ცოლზე კიდევ ბევრი რამ არ იცოდა, არც მის ნათესავებს იცნობდა და არც ვირჯინიას საიდუმლოებით მოცულ წარსულს.

რაც მთავარია ქალი არასდროს არ იხსნიდა წითელ ლენტს, დღე თუ ღამე, ყოველთვის ეკეთა. მეუღლის კითხვაზე კი იგივე პასუხს სცემდა, რომ ეს ლენტი არ უნდა მოეხსნა, არასდროს… 

გავიდა რამდენიმე წელი და ჯეიმი კიდევ ერთ უცნაურ ფაქტს წააწყდა, როცა სახლის იჯარას იხდიდა, გადაწყვიტა ცოლის სახელზე შეეტანა თანხა, მაგრამ როცა გადაამოწმეს, უთხრეს, რომ ამ შტატში დარეგისტრირებული ვირჯინია მორგანი უკვე 10 წელია გარდაცვლილი იყო. როცა ეს ყველაფერი ცოლს მოუყვა, მან განუცხადა, რომ მისი ქალიშვილობის გვარი სხვა იყო, და არა მორგანი.

რამდენიმე წელში ვირჯინია დაორსულდა. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ჯეიმი. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ქალმა სთხოვა ექიმი გაეფრთხილებინათ, რომ ის წითელ ლენტს ყელიდან ვერ მოიხსნიდა. კაცმა შეუსრულა ეს თხოვნა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი, წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჯეიმის საშინელი ცნობისმოყვარეობა ტანჯავდა. სწორედ ამიტომ კიდევ ერთი იდეა მოუვიდა თავში. მათი ქორწინების ათი წლისთავი ახლოვდებოდა. ძვირფასი ყელსაბამი იყიდა და ვირჯინია რესტორანშ დაპატიჟა. ქალმა სიხარულით შეჰკივლა, როცა ხავერდის ყუთი გახსნა.

– მოდი, გაგიკეთებ ყელზე, მოიხსენი ეგ ლენტი ბოლოს და ბოლოს – უთხრა ჯეიმიმ.

– არა, მე ამ ლენტს ვერ მოვიხსნი – გადაჭრით განაცხადა ქალმა – მაგრამ დიდი მადლობა ძვირფასი საჩუქრისთვის.

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, მეტი მოთმენა არ შეეძლო. იმ ღამით, როცა ვირჯინიას ღრმად ჩაეძინა, ფეხაკრეფით მიეპარა და ლენტი ფრთხილად გამოხსნა. ლენტი ძალიან წვრილი იყო და ადვილად დაყვა. ერთ ბოლოს მოკიდა ხელი და გამოსწია. ლენტი თანდათან დამოკლდა და ელვა შესაკრავივით გაიხსნა.

ვირჯინიას თავი შეირხა,დაბლა გადმოვარდა და იატაკზე გაგორდა. მთვარის შუქზე გამოჩნდა, როგორ ჩამოუვიდა დახუჭული თვალიდან ცრემლი.

“ხომ გაფრთხილებდი” – ჩაესმა ჯეიმის ვირჯინიას ხმა გონების დაკარგვამდე.

*

*

*

*

*

NUKEKUBI – ნუკეკუბი – იაპონურ მითოლოგიაში, მითიური არსება, რომელსაც თავი სხეულისგან გამოყოფილი ჰქონდა და ისე შეეძლო არსებობა.

ეშმაკი ლიფტში

არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ისტორია ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, რომელიც ერთ–ერთმა კოლეჯის სტუდენტმა გოგომ გამოაქვეყნა ინტერნეტში.

“იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე. უცნაური იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო რეალობასთან. ყველაფერს, რასაც იქ ვხედავდი და ვგრძნობდი, რეალურად განვიცდიდი. ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვიყავი. შენობა ბევრი ხალხით იყო სავსე. ყველანი სვამდნენ და მხიარულობდნენ, მეც მათ შორის.

მოულოდნელად კარები გაიღო და ყველა გაჩუმდა. კარებში მაღალი, ქერა მამაკაცი გამოჩნდა. უგრძნობი სახე და გაყინული თვალები ჰქონდა. ნელა მოდიოდა. არავის არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იქ მყოფმა ყველა ადამიანმა ვიცოდით, რომ ეს ეშმაკი იყო.

მამაკაცმა ნელი ნაბიჯებით ჩაგვიარა შუაში. ჩვენ ფერდაკარგულები და დამუნჯებულები ვუყურებდით. მისი ცივი თვალების გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ნელა ავწიე თავი და დავინახე რომ მე მიყურებდა – ის ჩემთვის მოვიდა, ჩემს წასაყვანად.

ყვირილით გამეღვიძა. ჯუდი, ჩემი მეზობელი შეშინებული მანჯღრევდა, როგორმე რომ გავეღვიძებინე.

ყველაფერი ძილის წინ ნანახ საშინელებათა ფილმს დავაბრალე. თანაც ხვალ  ჩემი მეგობრის წვეულება იყო სასტუმროში და ვიფიქრე, სიზმარში ჩამყვა–თქო.

მეორე დღეს წვეულებაზე უკვე აღარც მახსოვდა სიზმარი, ჩემს კურსელებთან ერთად მხიარულად ვერთობოდი და ვსვამდი. მდიდრულ სასტუმროში, განათებულ დარბაზში არაფრის არ მეშინოდა.

– კეიტ– მითხრა ჯუდიმ – დაბლა ვიღაც გელოდება, შესასვლელში, მგონი მამაშენია, კარგად ვერ დავინახე.

გამახსენდა, რომ მამაჩემისთვის სახლის გასაღები არ დამიტოვებია და ალბათ ამიტომ მომაკითხა. ლიფტთან მივედი და ღილაკს თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და შევედი.

შესვლისთანავე უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი, არადა ლიფტი ცარიელი იყო, როცა შევედი. უკან მივიხედე და ლამის ვიკივლე.

მაღალი, ქერა მამაკაცი ჩემი სიზმრიდან, გაყინული თვალებით, ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი უმოძრაოდ იდგა და მიყურებდა. სუნთქვა შევიკარი. ვცადე ჩემი თავი დამემშვიდებინა.

ვიფიქრე, იქნებ უბრალო დამთხვევაა და ეს კაცი სულაც არაა სატანა. მოულოდნელად შუქმა დაიწია და აციმციმდა. ლიფტი გაჩერდა. თვალები დავხუჭე, რომ ჩემი მოსალოდნელი სიკვდილი არ დამენახა.  ვიგრძენი, როგორ შემეხო მხარზე ცივი ხელი და გაუგებარი ჩურჩულიც მომესმა.

შუქი ისევ მოვიდა და ლიფტის კარები გაიღო, ეტყობა ვიღაცამ გამოიძახა. დაუფიქრებლად გამოვვარდი ლიფტიდან და დავინახე, ქერა გოგო როგორ შევიდა ლიფტში. ბევრი აღარ მიფიქრია, კიბეებს სირბილით ავუყევი.

შუქები უკვე მთელს შენობაში გაითიშა და პანიკა ატყდა.  დაცვის წევრები აქეთ–იქით დარბოდნენ, გარეთ პოლიციის მანქანები გამოჩნდა. რამდენიმე წუთში შუქი უკვე საბოლოოდ მოვიდა, მაგრამ ახლა დაბლა ატყდა კივილი. გაღებული ლიფტიდან სისხლის ნაკადები მოდიოდა. ქერა გოგო გაუნძრევლად ეგდო.

დაცვის წევრებმა ლიფტში დაყენებულ კამერაზე დაინახეს მე როგორ გამოვვარდი ლიფტიდან და როგორ შევიდა ის გოგო, მაგრამ ჩვენს მეტი იქ არავინ ჩანდა.

არ ვიცი რატომ გადაიფიქრა სატანამ ჩემი წაყვანა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – ის ჩემთან აუცილებლად მოვა.”

მე ვიცი რა გააკეთე გასულ ზაფხულს

ეს ლეგენდა დაახლოებით 1950 წლის შემდეგ გაჩნდა. სხვა ლეგენდებისგან განსხვავებით, მას რამდენიმე ინტერპრეტაცია არ აქვს, ყველგან ერთი და იგივე მეორდება და როგორ მისი წყარო იუწყება, ნამდვილი ამბავია.

ყველაფერი ასე დაიწყო:

(ლეგენდაში სახელები არ არის მოხსენებული)

სკოლაში ბოლო გაკვეთილის ზარი დაირეკა, ყველანი გარეთ გამოვიდნენ.

– დღეს პოლი ნახე? – ჰკითხა ჯენიმ დაქალს და პატარა სარკე მიაწოდა. სარამ ტუჩები შეიღება და თმები შეისწორა.

– ჯერ არა – უთხრა ჯენის და სარკე დაბრუნა – ისე არის ჩემზე გაგიჟებული, უჩემოდ სახლში არ წავა.

უკნიდან ფეხბურთელი ბიჭები წამოეწივნენ, თავისი სკოლის გუნდის ფორმებით. პოლიც მათთან ერთად მოდიოდა.

პოლი ფეხბურთის გუნდის კაპიტანი, ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, მაღალი, ქერა თმებით, როგორც წესი ასევე სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგოს, სარას ხვდებოდა.

– საღამოს რა გეგმები გაქვს? – ჰკითხა სარას და ხელი გადახვია – ჩემი მანქანით გავისეირნოთ, რას იტყვი?

სარამ თავი დაუქნია და ჯენის თვალით ანიშნა, ხომ გეუბნებოდიო.

საღამოს პოლმა სარას მიაკითხა და მანქანის კარები თავაზიანად გაუღო.

– აბა, საით წავიდეთ?

– მე მაქვს ერთი კარგი იდეა.

ტყის პირას იყო ერთი ადგილი, სადაც შეყვარებულებს მანქანით უყვარდათ გაჩერება. რადიოს უსმენდნენ და ერთმანეთს ეფერებოდნენ. პოლმაც გეზი იქითკენ აიღო.

ტყეში ბნელოდა და ოდნავი ნიავი ხეებს აშრიალებდა. სარას შესცივდა. პოლმა თავისი ქურთუკი მოახურა.

რადიოდან სასიამოვნო მუსიკა ისმოდა. პოლი სარასკენ დაიხარა და აკოცა.

რადიოდან ხრიალი გაისმა და მუსიკა შეწყდა.

“ყურადღება” ისმოდა ნაწყვეტ ნაწყვეტ რადიოდან

“ადგილობრივი საგიჟეთიდან გაიქცა ფსიქიურად შეშლილი სერიული მკვლელი, რომელიც ძალიან აგრესიული და საშიშია. ცალი ხელი მაგივრად რკინის კაუჭი აქვს, თუ თვალს მოკრავთ, მაშინვე პოლიციას დაუკავშირდით”

წყვილი შეკრთა. კლინიკა ტყიდან არც ისე შორს იყო.

– პოლ – თქვა შეშინებულმა სარამ – დროზე წავიდეთ აქედან, მეშინია.

– ნუ გეშინია – გაიცინა პოლმა – აქ არავინ არაა, მაგრამ რომ დაგამშვიდო, ყველა კარებს ჩავკეტავ.

სარა ისევ კანკალებდა, პოლს კი ნერვები ეშლებოდა. როგორც იქნა სარა განმარტოვებაზე დაითანხმა, ახლა კი გეგმა ჩაშლის პირას იყო.

– მოდი ჩემთან – უთხრა გოგოს და ხელი მოხვია. გარეთ რაღაც ხმაური მოესმათ. სარამ იკივლა.

– ჩუ, გაჩუმდი – ხელი მიაფარა პირზე და ფანჯრიდან გაიხედა. ირგვლივ არაფერი ჩანდა.

– წავიდეთ აქედან – ყვიროდა სარა.

– ჯანდაბა – ჩაილაპარაკა პოლმა და მანქანის დაქოქვა დააპირა, რომ წინა მინა ჩაიმსხვრა და მთვარის შუქზე აელვარებულ რკინის კაუჭს მოკრეს თვალი.

სარა მთელი ხმით კიოდა და შველას ითხოვდა, პოლმა გაჭირვებით მოახერხა მანქანის დაძვრა და დიდი სიჩქარით დატოვა ტყე.

სარას სახლთან გაჩერდა და გადმოვიდა, რომ კარები გაეღო.  სახელურს ხელი მოავლო და სისველე იგრძნო. შიშით  დაიხედა თითებზე და სისხლი დაინახა. სახელურის მაგივრად კი რკინის კაუჭი იყო გაკეთებული. კარი გამოაღო და დაინახა თვალებგახელილი სარა, რომელიც მანქანის სავარძელს მიყუდებოდა. კაუჭი გულში ჰქონდა გაყრილი. სისხლი ღვარივით მოსდიოდა მკერდიდან.

რა ბედი ეწია პოლს ან ამ მკვლელ კაუჭს არავინ იცის, მაგრამ ამ ლეგენდამ ბევრ ფილმს დაუდო სათავე, მათ შორის საკულტო scream-ის სერიებს და  i know what you did last summer -ის ტრილოგიას.

ამ უკანასკნელის ფილმის შემქმნელებმა ლეგენდა შეცვალეს, რომ უფრო საინტერესო გაეხადათ. სიუჟეტი ასე განავითარეს. რამდენიმე მეგობარი ქალაქგარეთ მიდიოდნენ მანქანით, როცა უცნობი მამაკაცი გაიტანეს. შეშინებულმა ახალგაზრდებმა კაცი წყალში გადააგდეს და პოლიციას არ შეატყობინეს ეს ამბავი. ერთი წლის მერე მათ მოსდით შეტყობინებები, ვიღაცამ იცის ეს ამბავი და მათ მოკვლას ცდილობს. მკვლელს სახეზე ნიღაბი აქვს და ხელის მაგივრად კაუჭი.

urban legend – ჯარედ ლეტო და ტარა რიდი მთავარ როლებში

გადმოწერა

I know what you did last summer

გადმოწერა

I still know what you did last summer

გადმოწერა

პალატა #13

დავიწყოთ იმით, რომ პოეზია ძალიან არ მიყვარს. ლექსებს ვკითხულობდი მარტო მაშინ, როცა სკოლაში მჭირდებოდა.

ამის მიუხედავად არსებობს შემთხვევით აღმოვაჩინე მორის ფოცხიშვილის პატარა ლექსები, რომელიც ჩემმა ძმამ მოიტანა სახლში.

 

პალატა #13

ის შემოვიდა მორიდებით და

მოკრძალებით. –

თვალები ჰქონდა ახვეული,

მხოლოდ თვალები…

სუნი სცემდა და მგრძნობიარე თითები

ჰქონდა…–

მშიერი იყო, ჩვენ გვეგონა

რაღაცას გვთხოვდა.

იყო მოყვასი, გულგრილობას როდი იჩენდა

ვიცოდით ერთ–ერთს უსათუოდ

ამოგვირჩევდა,–

მას ახვეული ჰქონდა თვალები…

 

რექვიემი სიკვდილზე

ერთადერთი ქართველი მწერალია, რომელთანაც ძალიან ბევრ საერთოს ვპოულობ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად მაგონდება მისი ფრაზები. მწერალი, რომელიც ჩემთვის საინტერესო ჟანრში წერს. ჟანრში, რომელიც ასეთ იშვიათია საქართველოსთვის. ვინ არის ეს კაცი?

“სპირალი”, “აქტიური მზის წელიწადი” “მეშვიდე ცა” “თვალი პატიოსანი”– ალბათ მიხვდით, გურამ ფანჯიკიძე.

დავიწყოთ იმით, რომ ფორუმზე წავაწყდი ამ თემას და ისე გამოვიდა, რომ ფანჯიკიძე ყველაზე დაბალი დონის, უნიჭო და ბანალური მწერალი ყოფილა, თან ძალიან სუსტი. კიდევ არ უნდა იკითხო ეგეთი მწერლები და მოწოდებები : ხალხო! წაიკითხეთ კლასიკოსები და ფანჯიკიძე აღარც მოგენატრებათ!

ამაზე არ მინდა ლაპარაკი, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე უნიჭო და სუსტ მწერლად არ მივიჩნევ, პირიქით, ძალიან მომწონს.

პირველი რაც წავიკითხე ეს იყო ყველაზე ცნობილი რომანი სპირალი. თვითონ იდეა ძალიან საინტერესოა და დამაფიქრებელი, ასე ვთქვათ sci-fi (სამეცნიერო–ფანტასტიკა) რომელიც სხვა ქართველ მწერალთან არ შემხვედრია (მითხარით თუ იცით ასეთი).

მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება პატარა მოთხრობამ “რექვიემი” მოახდინა.

მთავარი მოქმედი პერსონაჟია თორნიკე, რომელიც მარტო ცხოვრობს. წლების წინ ომში მას თავისიანი, ახალგაზრდა ბიჭი შემოაკვდა და ახლა სინდისი არ ასვენებს. მასთან სახლში უჩვეულო მოვლენები იწყებს განვითარებას.

ახლაც მახსოვს როგორ სწვდა ყელში მიცვალებულის ყინულივით ცივი ხელი და თითქოს რაღაც ძალიან ცივი გასკდა და სხეულში ჩაეღვარა. ან კიდევ თმები, რომლებიც კარების ღრიჭოდან გამოდიოდა და კედლებზე გადიოდა. მაშინ, როცა ვკითხულობდი ძალიან მეშინოდა (ბავშვობაში).

 

 

best villains ever !!! hot top ten!

როგორც წესი ასეთი ტენდენცია მაქვს, რომ ბოროტ პერსონაჟების მიმართ უფრო დიდი სიმპათიით ვიმსჭვალები, ვიდრე კეთილების.

ტოპ ათეული ყველაზე ბოროტი, ყველაზე დაუნდობელი, მაგრამ მაინც ადამიანური გრძნობების მქონე პერსონაჟების ფანტასტიკური და მისტიკური ტელეშოუებიდან.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიალებიდან ყველას  ყველა სეზონი მაქვს ნანახი (მათ შორის სმოლვილის 9–ვე)

10. Reaper – the satan

შოუდან Reaper, სადაც სემი თავისი 21 წლის თავზე აღმოაჩენს, რომ მისი სული სატანას აქვს ნაყიდი და ახლა მის ბრძანებებს უნდა დაემორჩილოს. სატანა ყოველდღე ეცხადება მას და დავალებებს აძლევს. მან უკან უნდა დააბრუნოს ჯოჯოხეთიდან გამოქცეული ბოროტი სულები. სემს და მის მეგობრებს უამრავი თავგადასავალი გადახდებათ.

სერიალი არის კომედიური ჟანრის ფანტასტიკა, ამიტომ  ეშმაკიც ძალიან სასაცილოდ ბოროტია. მის როლს ასრულებს Ray Wise.

 

 

9. FlashForward – Simon Campos

ძალიან მაღალი ხარისხის და ბიუჯეტის ფანტასტიკური სერიალი, რომელიც სამწუხაროდ ერთ სეზონზე გაჩერდა. ერთ დღეს მთელი მსოფლიო 2 წუთით და 17 წამით გაითიშება და ისინი ნახავენ მომავალს. გონზე მოსვლის მერე ფედერალური ბიურო იწყებს გამოძიებას. უამრავი მსხვერპლია. ისინი კამერაზე ნახავენ, რომ დეტროიტში, სტადიონზე, სადაც ყველა გაითიშა, ერთი ადამიანი შავ პალტოში დგება და სტადიონიდან გადის. მთავარი გმირი, FBI-ს აგენტი იძიებს ამ საქმეს, რადგან მან მომავალში ნახა, რომ მას თავის ოფისში, ამ საქმის გამოძიების დროს კლავენ, და უნდა თავიდან აიცილოს.

დომინიკ მონეჰენის პერსონაჟი სწორედ ის მამაკაცია სტადიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოროტი არ არის, სწორედ მან მოაწყო ექსპერიმენტი, რომელმაც მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანა.

8.  Supernatural – Lucifer

სერიალიდან ზებუნებრივი, ძმებ ვინჩესტერებზე, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ებრძვიან. სერიალში ბევრი ბოროტი პერსონაჟია, მაგრამ ლუციფერი, რომელსაც სემი სხეული უნდა, განსაკუთრებით გამორჩეულია.მაღალი, ქერა, დაღლილი გამომეტყველებით და შემპარავი თვალებით.

მარკ პელეგრინოს პერსონაჟი, მთავარი ბოროტი ძალა ლუციფერი სამყაროს განადგურებას უპირებს, მაგრამ ძმები მის შეჩერებას მოახერხებენ.

7. lost – Ben Linus

ცნობილი სერიალიდან დაკარგულები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდება და 48 გადარჩენილი ცდილობს თავი დააღწიოს დაწყევლილ კუნძულს.

მაიკლს ემერსონის პერსონაჟი ძალიან, ძალიან დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. მესამე სეზონიდან ის მთავარი ბოროტი ხდება კუნძულზე მყოფთათვის.

მაიკლს ამ როლისთვის სამგზის ემის ნომინანტი და ერთი ჯილდოს მფლობელია. ასევე ინტერნეტ გამოკითხვებში სახელდება, როგორც საუკეთესო villain–ი ტელე შოუებში.

თუმცა არც ის არის მთლად ბოროტი და სერიალში, მის ფლეშ ბექებში ჩანს ბენის ნამდვილი ცხოვრება და ხასიათი.

6. smallville – lex luthor

სერიალი სმოლვილი და მისი ცნობილი პერონაჟი, ლექს ლუთერი. ახალგაზრდა სუპერმენი, კლარკ კენტი შემთხვევით გადაარჩენს მდიდარ ბიზნესმენ, ლექს ლუთერს და სწორედ აქედან იწყება მთელი ისტორია. კლარკი და ლექსი მეგობრდებიან, თუმცა მათ ერთ ქალის სიყვარული ხელს უშლით. ლექსი თავისი მამის, ლიონელის ზემოქმედების ქვეშაა მოქცეული და მის შავ გეგმებში იღებს მონაწილობას.

კლარკი ერიდება მას გააგებინოს თავისი საიდუმლო, რადგან არ იცის როგორ მოიქცევა იმპულსური ლექსი.

მაიკლ როსენბაუმი გადახოტრილი თავით საინტერესო სახეს ქმნის სერიალისთვის.

5. legend of the seeker – Darken Rahl

სერიალიდან ლეგენდა მაძიებელზე, სადაც მაძიებელი, ჯადოქარი და confessor-ი მოგზაურობენ დარკენ რაალის დასამარცხებლად. დარკენი სამყაროს განაგებს, მას ლორდის ტიტული აქვს და სურს ყველა და ყველაფერი მას ემორჩილებოდეს. კრეიგ პარკერი ბოროტი და ძლიერი პერსონაჟის სახეს ქმნის, რომელსაც ადამიანური სისუსტეები არ ახასიათებს და დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს ცდილობს.

დარკენი განაგებს დეჰარის მიწებს. დიქტატორია, რომელიც არავის იბრალებს. არ იცის რა არის სიყვარული, ქალებს მარტო ვნებების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

დარკენს მაძიებლის მოკვლა სურს, რადგან წინასწარმეტყველებაში წერია, რომ რიჩარდ საიფერი მას მოკლავს.

4.   The Vampire Diaries – Damon Salvatore

სერიალიდან ვამპირის დღიურები. ძმებ სალავტორებზე, რომლებიც ვამპირები არიან და საცხოვრებლად მისტიკფოლში ბრუნდებიან. იქ ისინი შეხვდებიან ელენას, რომელიც მათი ძველი ნაცნობის, კეტრინის სრული ასლია. სასიყვარულო სამკუთხედი და უამრავი თავგადასავალი.

იან ზომერჰელდერი – ყველაზე სექსუალური ვამპირი. დამცინავი, მწარე ენის მქონდე და ირონიული. მისთვის სენტიმენტები უცხოა. იანი ძირითადად პირველ სეზონში იყო ბოროტი გმირი, მეორე სეზონში ეხმარება თავის ძმას ელენას დაცვაში. ძალიან სახასიათო და სასაცილო პერსონაჟია ბოროტი იუმორით.

3. true blood – Eric Northman

სერიალიდან ნამდვილი სისხლი. ერიკი არის დაახლოებით 1000 წლის ვამპირი, ლუიზიანას შტატის შერიფი. პირველ სეზონში ერიკი მთავარი გმირის, სუკის შესაძლებლობების შესახებ იგებს, რომ მას ადამიანის აზრების წაკითხვა შეუძლია და ცდილობს ეს თავის სასიკეთოდ გამოყენოს. მას სუკის შეყვარებული, ვამპირი ბილი უშლის ხელს.

მეორე სეზონში აღმოჩნდება, რომ ერიკი სუკიზეა შეყვარებული, მაგრამ ამას თავის თავსაც არ უმხელს. ალექსანდრე სკარსგარდის პერსონაჟი ძალიან დამცინავი, ირონიული და უგრძნობია, მაგრამ ეს მხოლო ზედაპირულად. მეორე სეზონში ბილთან ერთად ცდილობს სუკის თაცვას და ამისთვის თავის 1000 წლიან სიცოცხლესაც აყენებს საფრთხეში.

2. buffy the vampire slayer – spike

ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი სერიალი. ამ სერიალზე უკვე ვილაპარაკე ამ პოსტში. სამ სეზონში სპაიკი წარმოადგენს მთავარ ბოროტ ძალას, რომელსაც ბაფი და ანჯელი ებრძვიან. სპაიკი დიდი წლოვანების და ძლიერი ვამპირია. ის და ანჯელი ადრე მეგობრები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი მტრები არიან. სპაიკი სისხლის მოყვარული დაუნდობელი მკვლელია, განსაკუთრებით კი slayer-ებს ვერ იტანს და უვკე რამდენიმე თაობის დახოცილი ჰყავს. როცა შეხვდება ბაფის, მის მიმართ სიძულვილი გაუორმაგდება.

სპაიკი ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ ბაფი თავიდან მოიშოროს, ჯიუტი და სასაცილო სლეიერი ყოველთვის ხელს უშლის. იმდენად დიდი ზიზღი და სიძულვილი აქვს მის მიმართ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულში გადაეზრდება.

შეუყვარდება იმდენად, რომ სულ სხვა ადამიანი გახდება. ბაფის გულისთვის სიცოცხლესაც დათმობს. მეოთხე სეზონიდან სპაიკი მათ ეხმარებათ.

ჯეიმს მასტერსმა დაუვიწყარი სახე შექმნა. ამერიკელები დღემდე გიჟდებიან სპაიკზე. ბრიტანული აქცენტი, დიდი იუმორი და მწარე ენა. თვითონ მსახიობი საუბრობდა, რომ ეს როლი მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესოა, რადგან საშუალება მიეცა სპაიკის რამდენიმე სახე გამოეჩინა – ბოროტი, დაუნდობელი მკვლელიდან ტრანსფორმაცია შეყვარებულ კაცამდე.

1. heroes – syler

და რა თქმა უნდა პირველ ადგილზე ჩემი უსაყვარლესი, უბოროტესი და უvillain-ესი საილერი. ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს, იცის, რომ ამ კაცზე ჭკუა მეკეტება.

სერიალიდან გმირები, სადაც საილერი, იგივე გაბრიელ გრეი, ოთხივე სეზონში მთავარი ბოროტი პერსონაჟია, რომელსაც უამრავი შესაძლებლობა აქვს. ამ შესაძლებლობებს ადამიანების მკვლელობით იღებს და მათ თავის ქალას უჭრის.

შესაძლებლობები : ტელეკინეზი,  ნივთების მოძრაობა, ხელებიდან ცეცხლების გამოშვება 🙂 ტელეპორტაცია, გაყინვა, უნიკალური მეხსიერება, სმენა დიდ მანძილზე და კიდევ მრავალი.

სამი სეზონი საილერი მთავარ გმირებს დასდევს მოსაკლავად, რადგან მათი თვისებები თვითონ მიითვისოს, მეოთხე სეზონში კი მის სხეულში სხვის გონებას და აზრებს მოათავსებენ და იდენტიფიკაციის კრიზისით იტანჯება.

ერთადერთი მსახიობია ზაქარი კინტო, რომელზეც ასე ვარ შეყვარებული და თან უიმედოდ 😦

კუნძულზე დაკარგულები

ჩანაწერები ჯეკის დღიურიდან.

21 აგვისტო:

უკვე ერთი კვირაა რაც ჩვენი თვითმფრინავი ამ კუნძულზე ჩამოვარდა. ყველანი ცოცხლები ვართ კიდევ კარგი. ჯერ აზრზე ვერ მოვსულვართ რა ხდება. ლამაზი კუნძული კი არის, მაგრამ რაღაც შავი კვამლი დაქრის ხოლმე აქეთ–იქით და ვერ გაგვიგია რა არის. იმედია მაშველები მალე მოგვაგნებენ

28 აგვისტო :

კუნძულზე საშინლად ცხელა.  ბიკინიანი გოგოები ირუჯებიან, ჩვენ კი სანადიროდ დავდივართ. რაღაც უცნაური კამერები დაგვყვებიან სულ, მგონი გვიღებენ, არ ვიცი, გვერიდება კითხვა. ხო მართლა, დღეს ჯონმა დიდი ჭა იპოვნა კუნძულზე, მაგრამ ვერ გადაგვიწყვეტია ჩავიდეთ თუ არა, იქნებ შიგნით წყალი არაა და დავიმტვრევით.

15 სექტემბერი:

დღეს ჭაში ჩავძვერით და აღმოვაჩინეთ საიდუმლო სადგური. იქ ერთი კაცი იჯდა და ჩიპსებს ახრამუნებდა, თან ყოველ 3 საათში რაღაც ღილაკს აჭერდა თითის. ეს კაცი გავაგდეთ და ჩვენ ჩავსახლდით, ღილაკი კი გადავაგდეთ. აქ ერთი გოგოა, იფფ, მაგარი გოგოა, კეიტი ჰქვია, მგონი მოვწონვარ. ნეტავ როდის დავაღწევთ თავს ამ კუნძულს…

12 ოქტომბერი:

ჩიპსების მარაგი გაგვითავდა. ზევით ისევ ის შავი ბოლი დაქრის. პოლარული დათვები ზევით მღერიან. ჯანდაბა! ვეღარაფერი გაგვიგია რა ხდება! დაბნეული სცენარისტები თავის ფხანვით დადიან და იმათაც ვერ გაუგიათ! სად ვართ? პარალელურ სამყაროში თუ ნამდვილში? ჯონი ჩემი შვილია თუ სოიერი ჩემი მამა? იქნებ მე ვარ კეიტის თანამზრახველი და ის კი ბენის  კატაა? იქნებ მომავალში ჩვენ ბიძაშვილები ვართ? ან წარსულში ვიყავით?

23 დეკემბერი:

ჩვენმა რეჟისორმა რომ ვერაფერი გაიგო, ადგა და ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ ყველანი მკვდრები ვართ, ვაშა! დავინახეთ როგორც იქნა ნათელი და გავცურეთ მისკენ! დასრულდა ჩვენი 6 წლიანი ტანჯვა!

პ.ს მომენატრეთ დაკარგულებო 🙂

 

ზარი – სულების შურისძიება

ერთი კვირის წინ საშინელი ამბავი გავიგე. ჩემი ახლო მეგობარი, ჯუდი, საშინელ ვითარებაში აღმოაჩინეს გარდაცვლილი. სახლის წინ გაზონებზე თავდაყირა იწვა და ირგვლივ არყის ბოთლები ჰქონდა შემოლაგებული.

დილით მისული ვიყავი მათ ოჯახში. ჯუდის პატარა ძმამ მის ოთახში შემიშვა. რაიმე საეჭვოს დავუწყე ძებნა. ვიპოვნე კიდეც – უცნაური კასეტა გაუგებარი წარწერით.  შეშინებულმა ჩავრთე. უი, არა, ეს ხომ პორნოგრაფიაა.

აი მეორე კასეტაც.

გაურკვეველი კადრები დატრიალდა. მსუქანი კაცი, სამფეხა ძაღლი, კიბე, ქალი, რომელიც თმებს ივარცხნიდა, ბოლოს კი ვიღაცამ ჩაიხითხითა და გაითიშა.

ამ კადრებმა შემაძრწუნა.

გაისმა ტელეფონის ხმა. ჩემი მობილური რეკავდა.

– ალო – ვთქვი გაუბედავად.

– ხხხხხხ – ისმოდა ხრიალი – შენ მოკვდები შვიდ დღეში…

– შვიდ დღეში? – პანიკაში ჩავვარდი მე.

– შვიდ დღეში…

– ანუ პარასკევს?

უცნობი დაფიქრდა.

– 7 დღე ხუთშაბათს უწევს.

– და 8 მარტი სამუშაო დღე არაა, მე არ ჩამეთვლება? ყველა ისვენებს.

– 7 დღე – გამიმეორა დაეჭვებულმა უცნობმა და დააყოლა –  ათ საათზე მოკვდები.

ღმერთო, ნუთუ ეს დასასრულია? საშინელ პანიკაში ჩავვარდი. უნდა გავარკვიო ეს რა კასეტაა, მისი ყურების მერე სიკვდილი რომ გელის.

კასეტა ჩემს მეგობართან წავიღე, რომელიც ტელევიზიაში მუშაობდა და ერკვეოდა ასეთ რაღაცეებში. რამდენიმე კადრი გავაჩერეთ და ადგილი მეცნო. ეს ჩემი სოფლის ჭა იყო.

დავჯექი ჩემს მანქანაზე და გავუყევი გზას.

სანამ ჭის სანახავად წავიდოდი, სახლში შევედი დასასვენებლად და ტელევიზორი ჩავრთე.

“ახლა კი კიდევ ერთხელ ვუყუროთ საიდუმლო ვიდეო– ფირს” გამოაცხადა წამყვანმა და ჩემი ნაპოვნი კასეტა გაუშვა. ამ დროს ტელევიზორი გამოირთო.

ტელევიზორიდან წყალი გადმოვიდა და იქიდან თმებჩამოშვებული გოგო  გადმოვარდა. ძლივს აითრია წელი და ჩემსკენ ხელები გამოიშვირა.

დრო აღარ ითმენდა, გავიქეცი და ჭას მივვარდი. სახურავი გადახდილი იყო. უკან საშინელი გოგო იდგა და  ხელებს მითათუნებდა.

გამბედაობა მოვიკრიბე და ხელი ვკარი. ბავშვი ჭაში ჩავარდა. სახურავი დავახურე და შვებით ამოვისუნთე.

აი ასეთი დაძაბული დღე მქონდა. ახლა ხუთშაბათია, ათი ხდება, იქითა ოთახიდან რაღაც ხმაური ისმის და უნდა წავიდე, დროებით.

მცდარი მოსახვევი

დრო უსასრულოდ გაიწელა…
სისხლიანი ხელით შუბლი მოიწმინდა და შეშლილი თვალებით გახედა გზას. ირგვლივ არავინ იყო, მხოლოდ სიბნელე და შიში, რომელიც სხეულში ჩაუსახლდა.
მძიმე ტვირთს ორივე ხელი ჩასჭიდა და გზატკეცილიდან გადაათრია. მერე იქვე ქვაზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. გონება საშინელი სისწრაფით უმუშავებდა. წვიმდა შეუჩერებლად. მსხვილმა წვეთებმა თითქმის მთლიანად ჩამორეცხეს დანაშაულის კვალი მისი ხელებიდან.
როგორც იქნა თავს ძალა დაატანა და წამოდგა. უკან დასახევი გზა აღარ იყო. მანქანამდე ძლივს მიაღწია. ფეხებს ვეღარ იმორჩილებდა. მის გონებაში ელვის სისწრაფით ცვლიდა ერთმანეთს უახლოესი წარსულის სისხლიანი კადრები. ახლა მხოლოდ იმის სურვილი ჰქონდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა ამ ადგილს. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, მანქანა დაქოქა და დიდი სიჩქარით დაიძრა. თან გაიყოლა მისთვის უკვე მუდმივი თანამგზავრები_შიში, სიბნელე და სინდისი, რომელიც არასდროს მისცემდა მოსვენებას.

* * *
აცახცახებული ხელით ონკანი მოუშვა და თვალები დახუჭა. წყლის გრილმა ნაკადმა გამოაფხიზლა. სააბაზანოს თეთრ ფილებზე მეწამულ ნაკადად მოედინებოდა სხეულიდან ჩამორეცხილი სისხლი. გახურებული შუბლი ცივ კედელს მიაყრდნო. საშინელი დაღლილობა იგრძნო. აბაზანიდან გამოვიდა და საწოლზე მიეგდო.

* * *
ორი დღის წინ:
სიჩუმე მობილურის წკრიალმა დაარღვია.
გამოეღვიძა და ტელეფონს დასწვდა.
– გისმენთ – თქვა ნამძინარევი ხმით. მეორე მხრიდან უჩვეულო ხრიალი ისმოდა.
– გისმენთ – გაიმეორა გაღიზიანებულმა და წამოდგა.
მობილურში ქალის ხმადაბალი საუბარი გაისმა. კაცმა ფერი დაკარგა, მერე უხმოდ ჩამოიღო ტელეფონი ყურიდან და დახურა.
სასტუმრო ოთახში შევიდა და ტელევიზორი ჩართო. არ უნდოდა დღევანდელზე ეფიქრა. გადაცემას უხალისოდ მიაშტერდა. უცებ კადრები აირია და ეკრანზე წლების წინ მომხდარი ამბები გაცოცხლდა…

* * *
გოგონა მაგიდასთან იჯდა და თვალები ცრემლით ავსებოდა. ძლივს უსწორებდა მზერას გაბრაზებულ კაცს.
– ეს როგორ მოხდა? – თავს ვეღარ იკავებდა ლევანი და თვალებიდან ცეცხლს ჰყრიდა.
– მე მეგონა გაგიხარდებოდა.
– არა… – იყვირა კაცმა და ორივე მუშტი მაგიდას დაარტყა. ირგვლივ მსხდომებმა გაკვირვებით შეავლეს თვალი უცნაურ წყვილს.
– ლევან, დაწყნარდი…
გაცოფებულმა თავი ხელებში ჩარგო და კბილებში გამოსცრა.
– მე შენ ცოლად არ მოგიყვან.
ჯიბიდან ფულის დასტა ამოიღო და მაგიდაზე დაუდო.
– აბორტის ფულად გეყოფა – მიუგდო ცივად და წამოდგა, მაგიდასთან კი ატირებული და დამცირებული გოგო დატოვა…

* * *
ახლა სწორედ მან შეახსენა თავი… ძველმა ნაცნობმა, ძველმა ცოდვამ, რომელიც გულზე მუდამ მძიმე ლოდად აწვა.
ქალმა შეხვედრა დაუნიშნა, უთხრა აუცილებლი საქმე მაქვსო. მცირეოდენი იმედიც კი ჩაესახა გულში. იფიქრა, რომ შეიძლებოდა ახლა შვილი ჰყოლოდა.
– უნდა წავიდე – გადაწყვიტა ბოლოს – ეს უკანასკნელი შანსია იმისა, რომ გავიგო რა მოხდა სინამდვილეში.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მანქანა ავტოფარეხიდან გამოიყვანა.
თავში ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები უტრიალებდა.
“იქნებ შურისძიება უნდა ჩემზე და იმიტომ დამიბარა ასეთ მიყრუებულ ადგილზე”
მანქანა უკვე ტრასაზე მიქროდა.
“როგორ მოვიქცე”
“არ უნდა წამოვსულიყავი”
უკვე მთელი სხეულით გრძნობდა რაღაც ცუდს და საშინელს, მაგრამ შეჩერებაც არ შეეძლო. ბოლო მოსახვევზეც შეუხვია და შორს ქალის სილუეტი დალანდა.
“მარტოა”
ბოლო იმედიც დაეკარგა იმისა, რომ უარყოფილი შვილის ნახვას შეძლებდა. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეღწია მისგან თავი.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ტვინში უხილავ შანთებს უყრიდნენ.
სულ რამოდენიმე მეტრიღა აშორებდა მისგან…
კაცმა თვალები დახუჭა და მთელი ძალით დააწვა პედალს…

* * *
კიბეებს მძიმე ნაბიჯებით აუყვა. თავისი სართულიდან ხმაური მოესმა. კარის მეზობელი გაფუჭებულ საკეტს აკეთებდა.
– გამარჯობა ირაკლი – მიესალმა მეზობელს. ამ უკანასკნელს მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. გაოცებული ლევანი სახლში შევიდა.
“ყველა ისე იქცევა, თითქოს ვერ მამჩნევდნენ”
სახეზე ცივი წყალი შეისხა, მერე უკან გამობრუნდა ისე, რომ ონკანი არც დაუკეტავს.
საძინებელში შევიდა და გაუხდელი მიეგდო საწოლზე. საშინელი აზრები მოსვენებას არ აძლევდა. ერთ ცოდვას მეორე, უფრო საშინელი მოჰყვა. კიდევ ერთი ტვირთი უნდა ეზიდა სიცოცხლის ბოლომდე…
გაახსენდა, რომ წყალი ღია დარჩა და გიჟივით წამოხტა.
ონკანი დაკეტილი იყო, ნიჟარა კი მშრალი…

* * *
გავიდა რამოდენიმე დღე. სახლში ყოფნა აუტანელი გახდა. მოკლულზე ფიქრი არ ასვენებდა. საშინლად უნდოდა ენახა გვამს რა ბედი ეწია.
ბოლოს გადაწყვიტა მისულიყო იმ ადგილას, სადაც გვამი დატოვა. ამ აზრმა მთლიანად შეიპყრო და დაიმორჩილა. თავს ვერაფერს უხერხებდა, ვეღარაფერზე ფიქრობდა, სურდა საკუთარი თვალით ენახა თავისი დაუნდობელი საქციელის შედეგი. იცოდა უარესად გახდებოდა, მაგრამ ამ წუთას შეშლილ მაზოხისტს ჰგავდა. მზად იყო გადაეტანა ეს ტკივილი, ოღონდ სურვილი აესრულებინა.
დაბლა ჩავიდა და მანქანაში ჩაჯდა. უკვე ბინდდებოდა და საშინლად ელავდა. სარკე გაასწორა და მინა ჩამოსწია. სიამოვნებდა ცივი ჰაერი. უცებ გაახსენდა, რომ უკვე სამი დღე იყო, რაც არაფერი ეჭამა. თავი სინანულით გაიქნია. ცოტა ხანს უმოძრაოდ იჯდა, მერე ერთბაშად მიიღო გადაწყვეტილება და მანქანა დაქოქა.
რაც უფრო უახლოვდებოდა იმ ადგილს, მით უფრო მეტად იპყრობდა მღელვარება. ირგვლივ არავინ იყო, არც ერთი მგზავრი თუ ფეხით მოსიარულე. წვიმამ მთელი ძალით დაუშვა და რამოდენიმე მეტრის რადიუსში ვეღარაფერს ხედავდა.
როგორც იქნა მიუახლოვდა შესახვევს და მანქანა გააჩერა. ფრთხილად გადმოვიდა და კარები მიკეტა.
ეს ადგილი ძალიან კარგად ახსოვდა. სწორედ აქედან გადაათრია გვამი ბალახებში. სუნთქვაშეკრულმა გადასწია მცენარეები და ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა.
არანაირი ნიშანი იმისა, რომ აქ ცოტა ხნის წინ ვიღაცის სხეული ეგდო.
“ადგილი შემეშალა” გაიფიქრა და სიმწრით მომსკდარი ოფლი მოიწმინდა. წვიმას თავიდან ფეხებამდე დაესველებინა და ერთიანად გალუმპულიყო.
“სად იყო, სად…”
გზის მეორე მხარეს მთლიან სიგრძედ მიუყვებოდა მაღალი მესერი.
“იქნებ აქ გადავათრიე და არ მახსოვს”
მესერზე გადავიდა და აქეთ-იქით მიმოიხედა. სწორედ ამ დროს ღრუბლებიდან მთვარე გამოვიდა და გაანათა მიტოვებული ადგილი.
კაცს ძარღვებში სისხლი გაეყინა.
ეს ადგილი სასაფლაო იყო, მკვდრების სამეფო. მოჩანდა თეთრი მარმარილოს ჯვრები და ქვებიდან გაყინული სახით შესცქეროდნენ გარდაცვლილები.
ლევანი ნელ-ნელა უკან იხევდა და რაღაცას წამოედო, იყვირა და მობრუნდა. ეს იყო ყველაზე განაპირა საფლავი. კაცმა თავი ასწია და ქვას შეხედა. იქიდან ნაცნობი სახე შესცქეროდა. სახე, როემლიც მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.
სახელის ქვეშ გარდაცვალების წელი იყო მიწერილი.
ქალი ოთხი წლის წინ გარდაცვლილიყო…

* * *
თვალებს არ უჯერებდა. ის ოთხი წლის წინ მოკვდა, მან კი რამდენიმე დღის წინ მანქანით გაიტანა…
გონება დაძაბა და ქვაზე მიწერილ გარდაცვალების დღეს დახედა. სწორედ ის დღე იყო, როცა უკანასკნელად ნახა, რიცხვი, რომელიც არასდროს წაიშლებოდა მისი გონებიდან.
“ნუთუ თავი მოიკლა”
გაახსენდა ქალის სასოწარკვეთილი თვალები და უკან დაიხია. უნდოდა სწრაფად მოშორებოდა ამ ადგილს.
უკან მოუხედავად გაიქცა. აღარაფერი აღარ ესმოდა.
საფლავები დამთავრდა და გამოჩნდა დაღმართი. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაგორებულიყო. ნელა ჩავიდა დაბლა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა იზიდავდა.
შორს თვალი მოჰკრა დამტვრეულ მანქანას. ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და მისი მიმართულებით წავიდა.
ფანჯარაზე სისხლის წვეთები შენიშნა. ხელის კანკალით გამოაღო კარები და თავზარდაცემულმა თვალები დახუჭა…
წინა სავარძლიდან სისხლიანი, ღიად დარჩენილი, უგრძნობი თვალებით საკუთარი თავი შესცქეროდა…

by me and qameleoni555