აპოკალიფსი დღეს

ტეელვიზორთან ვზივარ, ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, მეც რაღაც გადაცემას ვუყურებ. ცოტა ხანში სპეციალური გამოშვება ერთვება და წამყვანი შოკისმომგვრელ ამბავს აცხადებს. მთვარე მოწყდა თავის ორტიბას და დედამიწისკენ მოემართება მთელი სიჩქარით, ნასამ უკვე გააკეთა განცხადება.

ხალხი პანიკაში ვარდება, მოვლენები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ცას ვუყურებ, მთვარე საგრძნობლად გაიზარდა. მთელს დედამიწაზე გლობალური კატასტოფები დაიწყო, მიწისძვრები, წყალდიდობა, ხანძარი.

ცოტა ხანში მიწისძვრა აქაც იწყება, სახლი საშინლად ირხევა, მაგრამ რატომღაც არ ინგრევა. ბადრის ვეხუტები და ვფიქრობ რომ ეს უკვე აღსასრულია. გარეთ ხალხია გამოფენილი, მე ირონიულად ვამბობ, ნუთუ ამ ხალხმა არ იცის, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს მიწა შეიძლება გაიხსნას.

ტელევიზორში აცხადებენ, რომ მთვარე აუცილებლად შეეჯახება დედამიწას, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ თვალს ვადევნებდით მარსზე მომხდარ შეჯახებას, ახლა კი დედამიწის ჯერია.

საშინელი შეგრძნებაა, უმწეობის, მთვარე ხომ პატარა კომეტა არაა ასტრონავტები გაუშვან და ნაწილებად დაშალონ, დედამიწის აღსასრული გარდაუვალია.

უშვებენ კაცობრიობის მიერ გადაღებულ უნიკალურ კადრებს, განვითარების ეტაპებს, ბოლოს კი მუსიკის ფონზე ეწერება: The End Of The World.

ამასობაში ღამდება, მთვარე იმდენად მოახლოვდა, რომ მთელი ცა დაფარა. სულ რამდენიმე საათში საშინელი შეჯახება მოხდება, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ ვიმჩნევ. იმედია ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება და ვერაფერს ვიგრძნობთ – ვამბობ ისევ. განუწყვეტელი გუგუნი ისმის და ნათება თვალებს გვჭრის.

აი ეს უკვე დასასრულია – ვამბობ მე, მაგრამ ჩემი ხმა აღარ ისმის.

თვალებს ვახელ და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვწევარ. საათს დავხედე – 6 საათია.

საშინელი სიზმარი ვნახე – ვაღვიძებ ბადრის. რა? – ქვეყნის აღსასრული. მერამდენედ? მეკითხება დაცინვით.

ეს ყველაზე რეალური და ცხადი სიზმარი იყო რაც ოდესმე მინახავს, ასეთი მკვეთრი გრძნობები არც ერთ სიზმარში არ განმიცდია, მიუხედავად იმისა, რომ ორ კვირაში ერთხელ მაინც ვხედავ აპოკალიფსს. ახლაც კი ისეთი ცუდი შეგრძნება მაქვს, ვერაფრით გამოვედი ამ გრძნობიდან.

არ ვიცი ასე რატომ ხდება, არც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ იმედია არასოდეს განვიცდი იმ შეგრძნებას, რაც წუხელ სიზმარში განვიცადე.

ოხ ეს სიზმრები

სიზმრებს ყოველ ღამე ვხედავ, ბავშვობიდან მოყოლებული, ღამე არ გაივლის რამდენიმე დალაგებულ სიუჟეტიანი სიზმარი რომ არ ვნახო. სიზმარზე უამრავი აზრი არსებობს, ისინი წინასწარმეტყველებენ მომავალს თუ პირიქით წარსულის ანარეკლები არიან, პირიქით ხდება თუ ისე, როგორც ნახავ, ერთი სიტყვით მრავალი ახსნა და მოსაზრება არსებობს მის გარშემო.

ადრეულ ასაკში, ასე 13-14 წლის რომ ვიყავი, ყველაზე საინტერესო მოვლენები ჩემს ცხოვრებაში სიზმრებში ხდებოდა, ვიდრე მოსაწყენ, უშუქო და უინტერესო რეალობაში, აქედან გამომდინარე სადღაც წაკითხული სიტყვები, რომ შეიძლება სიზმრების კონტროლირება, თუ ამას მოინდომებ, ჭკუაში ჩამიჯდა. დავიწყე სიზმრების ჩაწერა. ვიძვიძებდი თუ არა, სანამ მახსოვდა რვეულში ვიწერდი სიზმრის შინაარსს. როგორც ფსიქოლოგები და მეცნიერები ამტკიცებენ რეგულარული კონტროლით და ჩაწერით შეიძლება სიზმრის შენს ნებაზე წაყვანა.

რა თქმა უნდა ამას მალე შევეშვი, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მაშტაბური და საინტერესო სიზმრები მესიზმრებოდა, ხან სამყაროს აღსასრული დგებოდა და მე ვიყავი მთავარ როლში, ხან საშინელებათა ფილმია და ისე საინტერესოდ მიდის, რომ ახლად გამოღვიძებულს ხშირად მიფიქრია, რა კარგი კინო გამოვიდოდა-თქო.

ჩემი თემიდან გადავუხვიე, მინდოდა სიზმრების ახდენაზე მელაპარაკა. ხშირად გამიგია ამბობენ, რომ სიზმრები უხდებათ. ამ ყველაფერს შემთხვევითობას ვაბრალებ, რადგან მე ძირითადად არაფერი მიხდება, გარდა ორი შემთხვევისა, რომელიც ისეთი სიზუსტით დაემთხვა რეალობას, რომ გამიჭირდა შემთხვევითობისთვის დამებრალებინა.

პირველი ეს იყო სამი-ოთხი წლის წინ. ღამე, სადღაც 2 საათისკენ ვნახე ძალიან მკაფიო სიზმარი, ვითომ მე და დედაჩემი ვიყავით ერთად (დედაჩემი 7 წელია საზღვარგარეთაა) და ამ დროს დაიწყო მიწისძვრა. ისე ცხადად განვიცადე ეს ყველაფერი, დედაჩემს ხელს არ ვუშვებდი, ორივეს ძალიან გვეშინოდა. რომ გავიღვიძე, საშინელი გრძნობა გამიჩნდა.

დილით დარეკა დედაჩემმა და გვითხრა, რომ ღამით, სადღაც 2-3კენ საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა იყო. არ ვიცი რა დამემართა, ენა ჩამივარდა გაოცებით. დედაჩემს ვუთხარი – ნამდვილად რაღაც არსებობს-თქო. იმან გაიცინა და მითხრა, რა თქმა უნდა რაღაც არსებობს, 14 წელი ერთად გვეძინა და გულმა გიგრძნოო.

მეორე 2 წლის წინ მოხდა. ჩემი მეზობელი გარდაიცვალა, მოხუცი ქალი, თანაც ისეთი, აქტიური, ყველა რომ იცნობდა და ყველას ძალიან დაწყდა გული, განსაკუთრებით ბებიას, წლების განმავლობაში მეგობრობდნენ.

ასეთი ცუდი აურის და შემზარავი სიზმარი ალბათ იმის მერე არც მინახავს. აივანზე გავედი, ამ ქალის ბაღი ჩვენი აივნის ქვეშაა, ჩვენ მეექვსე სართულზე ვიყავით. დაბლა იდგა კუბო, შავებში ჩაცმული ქალები იდგნენ და ტიროდნენ. ამ დროს შევამჩნიე, რომ ბებიაჩემი ეგდო ბაღში, ვითომ აივნიდან გადავარდა. დავიწყე ტირილი, ძალიან, ძალიან ბევრი ვიტირე და გამეღვიძა.

მეორე დღე ბებიას ინფარქტი მოუვიდა, მთელი თვე საავადმყოფოში იწვა და მთელი ამბები გადავიტანეთ მაშინ.

რომ მკითხონ სიზმრების თუ გჯერაო, ალბათ არ მჯერა, მაგრამ მაშინვე ეს ორი შემთხვევა მახსენდება და ცოტათი ვეჭვდები ხოლმე.

და აი კიდევ ეს სიზმარი, რომელიც ამ პოსტის დაწერის მერე ალბათ კიდევ ორჯერ განმეორდა.

ერთი და იგივე კოშმარი

ალტერნატიული რეალობა

რა არის ალტერნატიული რეალობა? უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არის რეალობა, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ამჟამინდელი მდგომარეობისაგან.

აქ ვაწყდებით პარალელური სამყაროების თეორიას, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.  რამდენი პარალელური სამყარო არსებობს? როგორია იქ ჩვენი ალტერნატიული რეალობა?

სრულიად მარტივი მაგალითი: კამათელის გაგორება. თუ აქ დაჯდა მისი რომელიმე ციფრი, მაგალითად ექვსი, პარალელურ სამყაროებში აუცილებლად დაჯდება სხვა ციფრები – ისინი, რომლებიც აქ ვერ მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ პარალელურ სამყაროებს უკავშირებენ გემების და თვითმფრინავების გაუჩინარებას, ბერმუდის სამკუთხედში მომხდარ ამბებს და სხვა უცნაურ ისტორიებს.

როგორც თვითონ სიტყვა გვიჩვენებს პარალელური სამყარო არ შეიძება გადაიკვეთოს, პარალელები ერთმანეთს ვერ კვეთენ, თუმცა არსებობს ერთი პარალელური სამყაროდან მეორეში გადასვლის შემთხვევები, რასაც შავ ხვრელებს, იგივე დროის ნაპრალებს უკავშირებენ.

საინტერესოა “დეჟავიუს” ფაქტი. ამბობენ, რომ როცა პარალელური ცხოვრება ნამდვილ ცხოვრებას დაემთხვევა, მაშინ გიჩნდება ეს შეგრძნება, ანუ ეს პარალელურ სამყაროში უკვე გაკეთებული გაქვს.

საინტერესოა მე რა ბედი მეწეოდა ალტერნატიულ რეალობაში. თუ გამიმართლებდა ახლა ვიქნებოდი ცნობილი მწერალი და ჩემი წიგნები ბესტსელერები იქნებოდა, როცა ახლა უსაქმოდ ვზივარ სახლში და პოსტს ვწერ. იქნებ ახლა იქ დიდ კერძო სახლში ვცხოვრობ, შამპანურით სავსე ჭიქით დავდივარ და  გარდერობში ძვირადღირებული ტანსაცმელი მიკიდია? თუ ასეა უარს არ ვიტყოდი იქითა სამყაროში აღმოჩენაზე.

ამ ფენომენს უამრავი სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა მიეძღვნა,  დღესაც სამეცნიერო–ფანტასტიკის ჟანრში განიხილება. ყველას აინტერესებს – რა მოხდებოდა ეს რომ არ გამეკეთებინა? რა იქნებოდა ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა? იქნებ ახლა ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი ყოფილიყო?

ამბობენ, რომ ზოგჯერ სიზმარშიც შეიძლება ალტერნატიული რეალობის დანახვა. სპეციალურ საიტზე წერენ, რომ სიზმარში ხედავენ თავის ცხოვრებას, ოღონდ ისეთს არა, როგორიც ახლაა. სიზმარში მათ ჰყავთ სხვა ოჯახი, სხვა სამუშაო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან  რეალურია.

ერთი ახალგაზრდა ბიჭი წერს, რომ ის თავის მეგობარ გოგოსთან ერთად პარკში სეირნობდა, როცა ირგვლივ მიმავალი ხალხი გაქრა, მაგრამ მათ მისი მეგობარი მაინც ხედავდა. პარკის ქუჩა იგივე იყო, მაგრამ იქ სხვა, ძველებურ ტანსაცმელში ჩაცმული ხალხი გამოჩნდა, რომლებიც მკაფიოდ არ ჩანდნენ, მაგრამ მათი ხმა ესმოდა, ისინი უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ. ცოტა ხნის მერე ჩვენება გაქრა და ბიჭი რეალურ სამყაროში დაბრუნდა. ის ამტკიცებს, რომ პარალელურ სამყაროში იყო, თანაც წარსულში.

დროში მოგზაურობაც უკავშირდება პარალელურ სამყაროების თეორიას. მცირეოდენი ცვლილებაც კი წარსულში, აწმყოში კატასტროფას იწვევს. ამერიკის რომელიღაც შტატში იპოვნეს სამხედრო ძველებურ ტანსაცმელში ჩაცმული კაცი, რომელიც გონზე მოსვლის მერე ამტკიცებდა, რომ ის წარსულში შეიარაღებულ ძალებში იბრძოდა. რა თქმა უნდა ის ყველამ გიჟად ჩათვალა, მაგრამ არმიის ფორმა, რომელიც ჯარისკაცს ეცვა, უკვე ასწლეულებია აღარ გამოდიოდა.

ფილმები, რომელიც ალტერნატიულ რეალობას და პარალელურ სამყაროებს ეხება.

Alice in Wonderland

The Butterfly Effect

The Chronicles of Narnia

The Imaginarium of Doctor Parnassus

Silent Hill

matrix

back to the future

sliding doors

და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი, ესენი რაც გამახსენდა.

თქვენი აზრით, თუ დაუშვებთ რომ პარალელური სამყარო არსებობს, ვინ იქნებოდით ამ ალტერნატიულ რეალობაში?

ეშმაკი ლიფტში

არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ისტორია ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, რომელიც ერთ–ერთმა კოლეჯის სტუდენტმა გოგომ გამოაქვეყნა ინტერნეტში.

“იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე. უცნაური იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო რეალობასთან. ყველაფერს, რასაც იქ ვხედავდი და ვგრძნობდი, რეალურად განვიცდიდი. ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვიყავი. შენობა ბევრი ხალხით იყო სავსე. ყველანი სვამდნენ და მხიარულობდნენ, მეც მათ შორის.

მოულოდნელად კარები გაიღო და ყველა გაჩუმდა. კარებში მაღალი, ქერა მამაკაცი გამოჩნდა. უგრძნობი სახე და გაყინული თვალები ჰქონდა. ნელა მოდიოდა. არავის არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იქ მყოფმა ყველა ადამიანმა ვიცოდით, რომ ეს ეშმაკი იყო.

მამაკაცმა ნელი ნაბიჯებით ჩაგვიარა შუაში. ჩვენ ფერდაკარგულები და დამუნჯებულები ვუყურებდით. მისი ცივი თვალების გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ნელა ავწიე თავი და დავინახე რომ მე მიყურებდა – ის ჩემთვის მოვიდა, ჩემს წასაყვანად.

ყვირილით გამეღვიძა. ჯუდი, ჩემი მეზობელი შეშინებული მანჯღრევდა, როგორმე რომ გავეღვიძებინე.

ყველაფერი ძილის წინ ნანახ საშინელებათა ფილმს დავაბრალე. თანაც ხვალ  ჩემი მეგობრის წვეულება იყო სასტუმროში და ვიფიქრე, სიზმარში ჩამყვა–თქო.

მეორე დღეს წვეულებაზე უკვე აღარც მახსოვდა სიზმარი, ჩემს კურსელებთან ერთად მხიარულად ვერთობოდი და ვსვამდი. მდიდრულ სასტუმროში, განათებულ დარბაზში არაფრის არ მეშინოდა.

– კეიტ– მითხრა ჯუდიმ – დაბლა ვიღაც გელოდება, შესასვლელში, მგონი მამაშენია, კარგად ვერ დავინახე.

გამახსენდა, რომ მამაჩემისთვის სახლის გასაღები არ დამიტოვებია და ალბათ ამიტომ მომაკითხა. ლიფტთან მივედი და ღილაკს თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და შევედი.

შესვლისთანავე უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი, არადა ლიფტი ცარიელი იყო, როცა შევედი. უკან მივიხედე და ლამის ვიკივლე.

მაღალი, ქერა მამაკაცი ჩემი სიზმრიდან, გაყინული თვალებით, ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი უმოძრაოდ იდგა და მიყურებდა. სუნთქვა შევიკარი. ვცადე ჩემი თავი დამემშვიდებინა.

ვიფიქრე, იქნებ უბრალო დამთხვევაა და ეს კაცი სულაც არაა სატანა. მოულოდნელად შუქმა დაიწია და აციმციმდა. ლიფტი გაჩერდა. თვალები დავხუჭე, რომ ჩემი მოსალოდნელი სიკვდილი არ დამენახა.  ვიგრძენი, როგორ შემეხო მხარზე ცივი ხელი და გაუგებარი ჩურჩულიც მომესმა.

შუქი ისევ მოვიდა და ლიფტის კარები გაიღო, ეტყობა ვიღაცამ გამოიძახა. დაუფიქრებლად გამოვვარდი ლიფტიდან და დავინახე, ქერა გოგო როგორ შევიდა ლიფტში. ბევრი აღარ მიფიქრია, კიბეებს სირბილით ავუყევი.

შუქები უკვე მთელს შენობაში გაითიშა და პანიკა ატყდა.  დაცვის წევრები აქეთ–იქით დარბოდნენ, გარეთ პოლიციის მანქანები გამოჩნდა. რამდენიმე წუთში შუქი უკვე საბოლოოდ მოვიდა, მაგრამ ახლა დაბლა ატყდა კივილი. გაღებული ლიფტიდან სისხლის ნაკადები მოდიოდა. ქერა გოგო გაუნძრევლად ეგდო.

დაცვის წევრებმა ლიფტში დაყენებულ კამერაზე დაინახეს მე როგორ გამოვვარდი ლიფტიდან და როგორ შევიდა ის გოგო, მაგრამ ჩვენს მეტი იქ არავინ ჩანდა.

არ ვიცი რატომ გადაიფიქრა სატანამ ჩემი წაყვანა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – ის ჩემთან აუცილებლად მოვა.”

headache and cat

დღეს დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თავი უიშვიათესად მტკივა, ამიტომ მიჩვეული არ ვარ და ლამის გადავყევი თან. რაც მთავარია წამლის დასალევად ადგომა დამეზარა და სამი–ოთხი საათი ნახევრად მძინარეს კოშმარები მტანჯავდა.

ვნახე სიზმარი, ვითომ უზარმაზარ საავადმყოფოში ვიყავი და რიგში ვიდექი, ჩემთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ.  პარალელურად ვუყურებდი ვიღაც გოგოს როგორ აჭრიდნენ თავიდან რაღაცას და თან ადგილობრივი ნარკოზით. სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა, კიდევ კარგი გამეღვიძა, უფრო სწორად თავზე თეთრი, 4 კილოიანი არსება დამახტა და ეს ატკიებული თავი უფრო ამტკივდა.

მარტო ჩემი გაღვიძება არ იკმარა, ქალბატონმა პიანინოზე მოინდომა დაკვრა. არასდროს არ მაცდის, ნოტებს გადავშლი თუ არა, მაშინვე კლავიშებზე ზის პიუპიტრთან. გავა, გამოვა, გავა, გამოვა. თან საცოდავად წმუკუნებს. აი ფაქტიც:

ჰოდა… რამდენიმე საათში დაბადების დღეზე ვარ წასასვლელი, იმედია გამივლის… სურათები და ისტორიები ხვალ 🙂

 

ერთი და იგივე კოშმარი

ბავშვობიდან დღემდე ერთი სიზმარი მომყვება. სიზმრების არ მჯერა, იშვიათად მიხდება, ისიც დამთხვევითობის პრინციპით. მიუხედავად იმისა, რომ ამდენ მისტიკურ და ზებუნებრივ ფილმებს თუ სერიალებს ვუყურებ, მაინც მიჭირს ასეთი მოვლენების დაჯერება და არც მჯერა. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს სიზმარი, რომ წლებია გრძელდება და გრძელდება. წელიწადში ერთხელ მაინც მესიზმრება და ყოველთვის ცხადი შეგრძნებები მაქვს.

ახლაც, რამდენიმე საათის წინ, სანამ გავიღვიძე, ეს სიზმარი ვნახე.

ზღვაზე ვიყავი, წინა წლის მოვლენები ვითარდებოდა და თავს საშინლად ვგრძნობდი. ეს კიდევ ცალკე, პირადული კოშმარი იყო, ზღვიდან რომ ჩამოვედი, ერთი თვე გამოწერილივით  ვხედავდი სიზმრებს. ჰოდა, როგორც მაშინ, ახლაც მარტო ვაპირებდი ადრე წამოსვლას, მაგრამ ვიღაც უცხო ადამიანებმა შემომთავაზეს მათთან ერთად სანაპიროზე აშენებულ სახლში ცოტა ხნით დასვენება. ვიჯექით, კოქტეილებს ვსვამდით და ზღვას გავყურებდი.

ცუდი ამინდი იყო და დიდი ტალღები მოდიოდა, თან წვიმდა და ჭექა–ქუხილი იყო. ტალღები დიდი იყო, მაგრამ ჩვენამდე ვერ აღწევდა, მეც არ ვდარდობდი და ვაგრძელებდი ჭორაობას.

მოულოდნელად ქარიშხალი ატყდა და რომ გავიხედე, მთის სიმაღლე ტალღა მოდიოდა ჩვენსკენ, შავი, რაღაცნაირი, საშინელი დასანახი. მაშინვე მივხვდი, რომ ვერც გაქცევას ვერ მოვასწრებდით და ეს ტალღა გადაგვივლიდა.  უკვე მეასეჯერ განმეორებული დეჟავიუ და მეც გამეღვიძა.

არ ვიცი რამ გამოიწვია ამ სიზმრების ციკლი, წყალი სიგიჟემდე მიყვარს, ცურვაც ძალიან კარგად ვიცი, ზღვაზე სანაპირო დაცვის კატერი მაბრუნებდა ხოლმე უკან. არ მეშინია ტალღების და წყალდიდობის.

პირველად ალბათ 12 წლის ვიყავი, მე და დედაჩემი ზღვაზე რომ წავედით ბათუმში. მაშინ ვისწავლე ცურვა, დედაჩემიც ძალიან კარგად ცურავს. აი მაგ პერიოდში მახსოვს, დიდი ტალღები იყო და შორიდან ვხედავდით დიდი ტალღა როცა მოდიოდა, ჯებირებამდე აღწევდა, მაგრამ არ მეშნოდა, პირიქით, მიხაროდა.

იმის მერე სისტემატიურად ვხედავ ჩემსკენ მომავალ ძალიან დიდ, უზარმაზარ ტალღას, მაგრამ შიშის გრძნობა არ მაქვს, ეს უფრო გაოცებაა. იცვლება გარემო და ხალხი, ეს ტალღა არ იცვლება.

არ ვიცი ეს რას ნიშნავს და საბოლოოდ მაინც დიდი ტალღა დამახრჩობს თუ არა არც ეგ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, წლების განმავლობაში ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ.

ჩემი ეროტიული სიზმრები

არის ორი კატეგორიის სიზმრები – პირველი, რომლებსაც ყოველღამე ნახულობ და არაფრით არაა გამორჩეული. როცა იღვიძებ ბუნდოვნად გახსოვს რა ნახე. მეორე კატეგორია – გამორჩეული, სხვანაირი აურის სიზმრები, რომელიც რეალობისგან ძნელი გასარჩევია და გაღვიძებულზე ფიქრობ – ეს მართლა მოხდა თუ დამესმიზმრა.

ხშირად ძალიან გამხარებია, რომ ეს რეალობა არ ყოფილა, ხშირად კი პირიქით.

ჩემი ქრაში ჰოლივუდის მიმართ ყველამ იცის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ რამდენიმე ასეთი ცხადი სიზმარი მასთან დაკავშირებით ვნახე და რამდენიმე წუთი სხვა სამყაროში გავატარე, იქ, რასაც ყოველდღე კომპიუტერის ეკრანიდან ვუყურებ.

ყველაზე ცხადად მახსოვს ალბათ ნახევარი წლის წინ ნანახი სიზმარი ჯეიმს მაკკავოისთან დაკავშირებით 🙂 არასდროს არ მქონია განსაკუთრებული სიმპათია ამ კაცის მიმართ და არც ვიცი საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს სიზმარში.

თუ ვერ გაიხსენეთ ჯეიმსი ვინაა, ანჯელინას და მორგანის “wanted” მაინც უნდა იცოდეთ.

ჰოდა… სიზმრის შინაარსი დიდად გამორჩეული არ იყო, მაგრამ ძალიან მკაფიო და ცხადი. მე და ჯეიმსი ჩემს ეზოში ვიჯექით სკამზე და ვლაპარაკობდით. ჩემი მეზობლებიც იქვე იყვნენ და საერთოდ გაგებაში არ იყვნენ ვინ იყო ჯეიმსი,  ალბათ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ეგონათ მეზობელი კორპუსიდან. რაც მთავარია მე ვიცოდი ვინც იყო და ის განცდა მქონდა, ძალიან პოპულარული ადამიანის გვერდით რომ გაქვს. თან არც მჯეროდა, რომ ეს ის ჯეიმსი იყო, ანჯელინასთან ერთად რომ აბრუნებდა ტყვიებს და ის ჯეიმსი, პენელოპეს წყევლა რომ მოხსნა და ჩვეულებრივ გოგოდ აქცია.

თვითონ განსაკუთრებით თბილად იყო განწყობილი ჩემს მიმართ, თითქოს ვუყვარდი კიდეც, ჩემი ხელი ეჭირა და ეფერებოდა. მეც ვიფერებდი და ამაყად ვიყურებოდი აქეთ-იქით 🙂

იმის მერე სადაც მოვკრავ თვალს, ვაა ჯეიიიმს ეგეთი ვარ, თითქოს კარგი ხნის ნაცნობები ვიყოთ 🙂

მეორე სიზმარი რამდენიმე თვის წინ ვნახე, არც ამ ადამიანზე ვარ მაინცდამაინც გადარეული, საინტერესოა რომ სულ იმათ ვხედავ, ვინც ნაკლებად მაინტერესებს, არასდროს არ მინახავს ზაქარი ან გეილი. demn.

ჰოდა… მე და იანი, რომელსაც ახლა თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს.

სავარაუდოდ ვამპირის დღიურებიდან ჩამყვა, ალბათ რამდენიმე სერიას გადაბმულად ვუყურე. მე და იანი რაღაც მიტოვებულ ქოხში ვიყავით, რომელიც ტყით იყო გარშემორტყმული და ვიღაცას ვემალებოდით, სავარაუდოდ მაქციებს. ისევე, როგორც ჯეიმსის შემთხვევაში, იანიც ჩემზე იყო შეყვარებული და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დავეცავი.

ამ შემთხვევაშიც ის განცდა მქონდა, პოპულარულ ადამიანთან ყოფნის, გულში ვფიქრობდი, იანის ფანები ჩამქოლავენ-მეთქი 🙂 ისე როგორ უნდა გაამტყუნო, შეხედეთ 🙂

და კიდევ ერთი, ამ შემთხვევაში არ მიკვირს ამ ადამიანის დასიზმრება, დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში, რაც დღეში სმოლვილის 6-7 სერიას ვუყურებდი და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 10 სეზონია, სიზმარში ბევრჯერ ვყოფილვარ ლანა ლენგი, ლექს ლუთერი, ბევრჯერ გადამირჩენია სამყარო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს ცხად სიზმარში ტომ ველინგი დამესიზმრა.

ტომს ჩემს თვალწინ მოემატა ათი წელი. ბოლოს ისე შეეჩვია სმოლვილს, რომ ბოლო სეზონს უკვე თვითონ იღებს. არასდროს არ მომწონდა ტომი, როგორც კაცი, ძალიან საყვარელ და თმების მოსაჩეჩ ბიჭად მიმაჩნდა, მაგრამ სიზმარში ტომიც ჩემს თაყვანისმცემლად მომევლინა. მე სკამზე ვიჯექი, ის მუხლებზე იდგა და სიყვარულს მიხსნიდა. მეც განაბული ვიჯექი და თვალებს ვუხამხამებდი სუპერმენს.

ჰოდა… რა ვქნა ეხლა რომელი ავირჩიო? ჯეიმსი, ტომი თუ იანი? 🙂

 

შეჭამა თუ არა საიმონმა კომში

სანამ ჩემს რამდენიმე დღის წინ დაგეგმილ პოსტს დავწერდე, ამ სიზმარზე რომ არ დავწერო არაფრით არ შეიძლება 🙂

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ყვირილით, ტირილით, ან შიშით იღვიძებ სიზმრიდან, მაგრამ ასე გულიანად მოხარხარეს რომ გამეღვიძა როდესმე მართლა არ მახსოვს.

დავიწყოთ იქიდან, რა ჩამყვა სიზმარში. ჩემი დიპლომი უკვე ერთი თვეა წამოსაღები მაქვს მე-2 კორპუსიდან და საშინლად მეზარება, თან მაღლივის ბიბლიოთეკიდან სჭირდება ცნობა.  სულ ვამბობ წავალ წავალ მეთქი და სულ მავიწყდება. ეგ ერთი, ახლა მეორე.

ჩემი საეკრანო სივრცის ყველაზე დიდი ნაწილი უჭირავს ამ კაცს, დაახლოებით 16 სეზონი. ეს კაცი ერთ-ერთი უმდიდრესი პროდიუსერი და შოუმეიკერი, საიმონ კოუელია. american idol-ის 9 სეზონი,  x factor-ის 7 სეზონი და ახლა ვუყურებ ბრიტანეთის got talent -ის ბოლო სეზონს, იქამდე ვუყურე ამერიკის, ჰოდა რა გასაკვირია რომ საიმონი, შერონ ოზბორნი და ლუი ვოლში ჩამყვა სიზმარში.

სიუჟეტი ასეთი იყო : მეოთხე კორპუსში ჩემს კურსელ თიკოს ტვინს ვუბურღავდი, რომელ სართულზე უნდა ავიღო ცნობა-თქო. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ჯერ საიდუმლო კითხვისთვის  უნდა გამეცა პასუხი, რომელიც ლუის ჰქონდა კაბინეტში შენახული. საიმონმა ჩუმად მითხრა ამ კითხვის პასუხი, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ მატყუებდა.

შევედი კაბინეტში და ეს ჟიურის წევრები იყვნენ გამწკრივებულები. დამიდეს კითხვა წინ, სადაც ეწერა, რომ საიმონს მოუტანეს კომში, რომელზეც მას გუსბამბები დაემართა, ანუ ალერგია ჰქონდა სავარაუდოდ, და კითხვა იყო ასეთი, შეჭამა თუ არა ეს კომში საიმონმაო და დაბლა ლუის მიჯღაბნილი იყო, მე შევჭამეო და მერე წაშლილი, მაგრამ მე მაინც ამოვიკითხე და ვკვდებოდი სიცილით. დამსვეს პასუხის გასაცემად და სულ ეს მინაწერი მახსენდებოდა და გულის წასვლამდე ვიცინოდი, ისინიც მყვებოდნენ და ასე სინქრონულ სიცილში გამეღვიძა.

სხვა თუ არაფერი, ამერიკის და ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი და მდიდარი ხალხი ხომ მაინც გავამხიარულე 🙂

nightmares on my street

ბევრი ვიძახე კოშმარები არ მაწუხებს, სიზმრებში კარგად ვერთობი–თქო, ჰოდა წუხელ კარგად დავისაჯე ამის გულისთვის 🙂

ჯერ დავწექი 2 საათზე, მერე კიდევ 2 საათი არ მეძინა, მერე დამეძინა და ჯობდა საერთოდ არ დამეძინა, ვნახე ძალიან გრძელი სიზმარი.

ვიყავი სადღაც გრძელ დერეფანში, რომელიც იყო მიწისქვეშ. ამ დერეფანში ძალიან ბნელოდა და შორიდან უცნაური ხმები ისმოდა. აქეთ–იქით ვტრიალებდი და ხელების ცეცებით წინ მივდიოდი.

ამ დროს მომესმა ფეხის ხმა და კედელს ავეკარი. რამდენიმე კაცი ნელა, უხმაუროდ მოდიოდნენ, თითქოს ჰაერში მოცურავდნენ, გრძელი მოსასხამები ეცვათ და კაპიშონები თავზე ჩამოფხატებული.

ამ დერეფანში ტარდებოდა მსხვერპლშეწირვა თუ რაღაც საიდუმლო რიტუალი, სადაც მე არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, რომ გაეგოთ მე რამე დავინახე, მომკლავდნენ. ამიტომ ვიყავი კედელზე აკრული.

ამ კედლიდან პირდაპირ მოვხვდი ჩემს ლოგინში. ისევ ბნელოდა. ჩემი კატა გვერდზე მეწვა და ეძინა. უცებ გაისმა რაღაც ხმაური, კატამ თავი წამოყო და დაბლა ჩახტა. ვიღაცამ ყურში ჩამძახა, ქალიო და ფანჯრისკენ გავიხედე. ფანჯრიდან ქალის სილუეტი გადმოვიდა. ამ დროს ჩავვარდი საშინელ პანიკაში, გაღვიძება რომ გინდა და ვერ იღვიძებ, გული საშინლად მიცემდა.

და ზუსტად ისე გამეღვიძა, კინოში რომ ეღვიძებათ ხოლმე,  საწოლზე წამოჯდებიან და ოფლი ჩამოსდით. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ბავშვობის მერე ასე არ მომსვლია.

ზედმეტად ბევრ ფილმს ვუყურებ ამ ბოლო დროს, ალბათ მაგისი ბრალია 🙂