ჩემი უმცროსი, აუტანელი ძმა

ჩემს ძმას ჩარლი ჰქვია. ამ საღამოს მე ის ჭაში ჩავაგდე. მესმოდა როგორ ბუყბუყებდა მისი ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ბოლო ნაკადი.  რამდენიმე წუთი ბოროტი სიამოვნებით ვუყურებდი მის პატარა, მოფართხალე სხეულს, მაგრამ მერე ყველაფერი აირია. დედამ მოირბინა ჩარლის ყვირილზე და ჭიდან ამოათრიეს. დედა ტიროდა, რადგან ეგონა, რომ ჩარლი მოკვდა, მაგრამ ის ცოცხალი იყო და თავსაც მშვენივრად გრძნობდა. საღამოს, ძილის წინ მარწყვის კექსიც აჭამეს, თან ტიროდნენ და ეფერებოდნენ, მამამ ისიც თქვა, ჩარლიმ ალბათ ეს სპეციალურად გააკეთაო და თან თავზე ეფერებოდა.

ჩარლიმ თქვა, რომ ფეხი დაუცდა, ჩემზე არაფერი უთქვამს. კიდევ კარგი, თორემ ამას უარესი შედეგი მოჰყვებოდა. მიხვდა ვისთანაც ჰქონდა საქმე. მე ყურადღებას აღარავინ მაქცევდა, ყველანი მას ევლებოდნენ თავზე.

მეორე დღეს ჩუმად შევედი მის საძინებელში და კისერზე თოკი შემოვახვიე. ჩარლი ტირილით გაიქცა მშობლების ოთახში და შესჩივლა, რომ მისი დახრჩობა მინდოდა, მაგრამ დედამ და მამამ დატუქსეს და უთხრეს, ჩემთვის ასეთი რამე აღარ დაებრალებინა. იმ საღამოს არც კექსი მისცეს. საბრალო ჩარლი, ახლა მაინც არ იყო მისი ბრალი არაფერი.

იმ საღამოს დედას სამჯერ ვთხოვე ჩემთვის ნამცხვარი მოეცა, მაგრამ ყურადღება არც მომაქცია, თითქოს არც ესმოდა ჩემი. მგონი მიხვდა ჩარლი მე რომ ჩავაგდე ჭაში.

აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მე და ჩარლი კარგად ვუგებდით ერთმანეთს, როცა დედიკო მას მანქანას ყიდულობდა, ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა თოჯინა, ყოველთვის ერთნაირ ყურადღებას გვაქცევდა ორივეს, მაგრამ ერთი თვის წინ ყველაფერი შეიცვალა, მშობლებმა გადამიყვარეს, მთელი ყურადღება ჩემს ძმას მიაქციეს და მე ზედაც აღარ მიყურებდნენ. ჩარლიც აუტანელი გახდა, სულ ცუდ ხასიათზე იყო და აღარ მეთამაშებოდა. როცა ოთახში შევდიოდი, ის გადიოდა და მერიდებოდა.

ერთ საღამოსაც გამომიცხადა, რომ ის, დედა და მამა ზღვის სანაპიროზე მიდიოდნენ დასასვენებლად, მე კი არ მივყავდით.  ამან სულ გამაგიჟა და გადავწყვიტე ჩარლი სამუდამოდ მომეშორებინა თავიდან, რადგან მშობლებს ნელ-ნელა ვკარგავდი.

ახლა ღამის თორმეტი საათია, ჩარლის რამდენი ხანია სძინავს, მშობლების საძინებელშიც ჩაქრა შუქი.  ახლა კი ჩარლის ყვირილის საშუალებას ნამდვილად აღარ მივცემ, თოკს მოვუჭერ კისერზე და როცა სუნთქვას შეწყვეტს, ოთახიდან გამოვალ. დედა და მამა მის გარეშე წავლენ დასასვენებლად, და როცა ისინი დატოვებენ სახლს, მე დავბრუნდები ბაღის ბოლოში, იმ საშინელ თეთრ ყუთში, სადაც ერთი თვის წინ დამმარხეს.

ტყუპები

ძველი ესპანური ლეგენდა, რომელიც ძალიან პოპულარულია ესპანურენოვან ქვეყნებში.

ესპანეთის ერთ-ერთ დაბაში დაქორწინებული წყვილი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი სახლი თავისი მწვანე ბაღით, წყნარი, სუფთა ქუჩა და მშვიდი გარემო, ამ სიმშვიდეს მარტო ტყუპი გოგონები არღვევდნენ, რომლებიც არასდროს იღლებოდნენ თამაშით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დაშორებას ვერ იტანდნენ.

ერთ დღეს დედამ გადაწყვიტა მაღაზიაში წასულიყო რძის და პურის საყიდლად, მაგრამ გოგონების მარტო დატოვება არ უნდოდა სახლში, ლამაზად ჩააცვა და თან წაიყვანა. მაღაზია დაბის ცენტრალურ ადგილზე იყო, სადაც დიდი გზატკეცილი უნდა გადაეჭრათ. სანამ დედა ბავშებისთვის ხელის ჩაკიდებას მოასწრებდა, ისინი ხელიდან დაუსხლტდნენ და გზაზე გადაირბინეს. შემოსახვევიდან გამოვარდნილმა დიდმა სატვირთომ გაჩერება ვეღარ მოასწრო და საშინელი კივილის ხმამ იქაურობა შეძრა. სატვირთოს გავლის შემდეგ ასფალტზე ორი დიდი სისხლიანი ლაქა ემჩნეოდა.

ქალი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. წლების განმავლობაში იმეორებდა, რომ ეს მისი ბრალი იყო, ქმარი ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

კიდევ რამდენიმე წლის მერე ქალი დაორსულდა. წყვილს ძალიან გაუკვირდა, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ ისინი ისევ ტყუპებს ელოდებოდნენ. ისევ გოგონები გაჩნდნენ.

დედას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, გარდაცვლილ გოგონებზე ხმას არ იღებდნენ, თითქოს ისინი არც არსებობდნენ. არ სურდათ წარსულის გახსენება, მათ ისევ ორი მშვენიერი ტყუპი გოგონა ეყოლათ, ეს ხომ ღმერთის საჩუქარი იყო.

ერთ დღეს დედამ კვლავ გადაწყვიტა მაღაზიაში წასვლა და გოგონებიც თან წაიყვანა. როცა იმ ავადსახსენებელ გადასასვლელს მიუახლოვდნენ, დედამ მაგრად ჩასჭიდა გოგონებს ხელი, რომ არ გასხლტომოდნენ, მათ კი გაიცინეს და ერთხმად უთხრეს:

” დედა, არ არის საჭირო ჩვენი დაჭერა, არ ვაპირებთ რომ კიდევ ერთხელ მოვკვდეთ”

13 საფეხური

– დროა საშიში ისტორიები მოვყვეთ – თქვა კელიმ და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად.

– ხომ ხედავ შენს ისტორიებზე აღარც გვეცინება – გაეხუმრა კრისი.

– ვიცი და ამიტომაც აღარ გიყვებით ხოლმე, ახლა თქვენ მოიფიქრეთ რამე.

– სხვათაშორის – თავი წამოყო ჯეისონმა – ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვა საინტერესო ისტორია, თან თავისი თქმით მართალი ამბავია. ეს ისტორია თავის ქალაქში ყველა მაცხოვრებელმა იცის და მგონი სჯერათ კიდეც.

– რომელი ქალაქი?

– მალტბაი, ჩვენს მეზობლად.

– აბა მოყევი – ლივმა ზეფირი მიუშვირა კოცონს შესაწვავად და მოსასმენად მოემზადა.

– როგორც ამბობენ, სანამ ეს ქალაქი დასახლდებოდა, ტერიტორია მთლიანად ტყით იყო დაფარული, თანაც ისეთ გაუვალი ტყიით, რომ იქ ადამიანს არ შეეღწია. გვერდზე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ იქიდან უცნაური ხმები ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გარეულ ცხოველებს მიაწერდნენ. 1887 წელს ტყე გაჩეხეს და მალტბაი გააშენეს.

ქალაქის ბოლოს ხალხმა ძველი საფლავები იპოვნა, რომელიც მათ მოსვლამდე იყო გაკეთებული. უცნაურია ვინ დაასაფლავეს შუაგულ ტყეში.

დროთა განმავლობაში გაჩნდა ლეგენდა ცამეტი საფეხურის შესახებ. ერთ ერთ საფლავს, რომელსაც შიგნით აკლდამა ჰქონდა გაკეთებული, მიწაში ჩასასვლელი 13 კიბე ჰქონდა, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯოჯოხეთში ჩაჰყავდა იქ ჩამსვლელი ადამიანი. ბნელი კიბეები პირდაპირი გზა იყო მიწისქვეშეთა სამყაროსკენ.

თუ შეძლებდი და ბოლო საფეხურამდე ჩახვიდოდი, ჯოჯოხეთის გამოსახულებას მოკრავდი თვალს. ეს იყო პორტალი, რომელიც მიწისქვეშეთს დედამიწასთან აკავშირებდა.

იმასაც ამბობენ, რომ ცამეტი კიბის დაბლა ხის უბრალო სკამი დგას. თუ ამ სკამზე დაჯექი, ეს იმას ნიშნავს, რომ სული ეშმაკს მიჰყიდე და უკვე ჯოჯხეთს ეკუთვნი. ასე რომ იქიდან დაბრუნებას ვეღარასდროს ვეღარ შეძლებ.

ჯონმა ისიც მითხრა, რომ მისი რამდენიმე მეგობარი ნამყოფი იყო იქ, მაგრამ სამი საფეხურის მეტი ვერ გაბედეს ჩასვლა, რადგან ფანრის შუქზე კიბეებს დასასრული არ უჩანდა – ჯეისონმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და დაამატა – საინტერესოა არა?

ისტორია მართლაც საინტერესო იყო, შეიძლება თქვას საშიშიც.

– არ მჯერა – თქვა კრისმა და თავი გაიქნია – ზღაპარია. შენს დეიდაშვილს უთხარი საშინელებათა კინოების ყურებას მოეშვას.

– მოდი წავიდეთ, რამდენიმე საათის სავალია – წამოაყენა წინადადება კელიმ, რომელიც გატაცებული იყო ქალაქური ლეგენდებით.

– ჰო მართლა, უიქენდზე წავიდეთ, მამაჩემის მანქანას წამოვიყვან. ჯოჯოხეთში თუ არ მოვხვდით, ცოტას მაინც გავერთობით.

*    *    *

– დიდი შანსია ვერ მივაგნოთ, ყველა კი ვერ პოულობს ამ საფლავს – ამბობდა  ჯეისონი და ანთებული ფანრით მეგობრებს წინ მიუძღოდა. ტომმა გზა ასწავლა, მაგრამ თვითონ არ გამოყვათ, საქმეები მოიმიზეზა.

მალტბაის სასაფლაოზე ბნელოდა. მეჩხერად იყო ჩამწკრივებული ძველი საფლავები. გულდასმით ათვალიერებდნენ თვითოეულ მათგანს.

– ეს რა არის? აქ მოდით – დაიყვირა კრისმა და ფანარი ჩაანათა აკლდამას.

– აკლდამა, წესით ეს უნდა იყოს.

მძიმე კარები ოდნავ ღია იყო დატოვებული, როგორც ჩანს ცნობისმოყვარე ხალხი ხშირად აკითხავდა ამ ადგილს.

კიბეები. აი ისინიც. სიბნელეში ბოლო არ უჩანდათ. კრისმა ჩაანათა ფანრით, მაგრამ დაბლა არაფერი გამოჩნდა.

აკლდამაში ისეთი ცუდი აურა იყო დაგუბებული,  რომ ლივმა ვერ გაუძლო და გარეთ გავარდა.

– ჰმ – ჩაილაპარაკა ჯეისონმა – როგორც ვატყობ მარტო მომიწევს ჩასვლა, რომ პატარა მშიშრებს დავუმტკიცო ჯოჯოხეთის არსებობა.

– ფრთხილად – ჩაილაპარაკა კრისმა და უკან დაიხია.

ჯეისონმა ღრმად ამოისუნთქა და პირველ კიბეზე ჩადგა ფეხი. არაფერი განსაკუთრებული. ჩავიდა მეორე საფეხურზეც.

– აბა, უკვე იქ ხარ? – მიაძახა კრისმა. კელის ფხუკუნი აუტყდა.

ჩავიდა მესამე საფეხურზე და ისევ არაფერი.

უკვე თამამად მიაყოლა რამდენიმე საფეხური და მეექვსე კიბეეზე უკვე გაშეშდა. მოულოდნელი სიცივე იგრძნო, თითქოს ათასმა ქარმა ერთად დაუბერა და ძვლები გაუყინა.

გაუბედავად ჩადგა კიდევ ერთი საფეხური. სკეპტიციზმი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი შიშმა დაიკავა.

მერვე საფეხურზე ფანარი ჩაუქრა და შორიდან უცნაური ხმები მოესმა. იფიქრა ზევიდან მაშინებენო და გზა გააგრძელა. მეცხე, მეათე,  მეთერთმეტე… მოეჩვენა თითქოს სიბნელეში ლანდები გაკრთა. რაღაც ექაჩებოდა თავისკენ, უკან შებრუნების საშუალებას არ აძლევდა. უდიდესმა და დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.

მეთორმეტე კიბეზე ყველაფერი განათდა და ცეცხლის ენები გამოჩნდა. განუწყვეტელი გუგუნის ხმა ისმოდა, თითქოს დედამიწის შუაგულში იყო მოხვედრილი. თვალები დახუჭა და მეცამეტე კიბეზეც ჩავიდა…

ჯეისონი მეექვსე კიბიდან უკვე აღარ ჩანდა და ზევით დარჩენილი მეგობრები პანიკამ შეიპყრო. დაბლა ჩასვლა ვერავინ გაბედა. ჯესონი იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა.

მომდევნო დღეებში მალტბაის მოსახლეობამ 13 საფეხური ცემენტით ამოავსო და აკლდამა ჩაკეტა. იმის მერე პორტალი აღარ გაღებულა.

(მალტბაი, დასახლება ვაშინგტონში,  რომლის სასფლაოც მოჩვენებებითაა ცნობილი და დაწყევლილ ადგილად მოიხსენიება. 13 საფეხური ნამდვილი ქალაქური ლეგენდაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს)

 

ოჯახური ფოტო

– დედა, ფოტოგრაფი უკვე აქაა – გასძახა ლუსიმ დედას და სარკეში თმები შეისწორა.

– ჩამოიყვანეთ მონიკა დაბლა, ახლავე მოვალ – უპასუხა ქალმა და ცხვირსახოცით ცრემლები შეიმშრალა.

მონიკა სულ რაღაც ექვსი წლის იყო, მაგრამ უკვე სასიკვდილო დიაგნოზი დაუდგინეს ექიმებმა. სამი თვე – ეს დროღა ჰქონდა დარჩენილი ოჯახთან გასატარებლად.

ოჯახმა ძლივს გადაიტანა ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგუებოდნენ. დედამ გადაწყვიტა საერთო ფოტო გადაეღოთ, რომ მისი გოგონა სამუდამოდ ასეთი დარჩენილიყო მის მეხსიერებაში, როგორიც ახლა.

მონიკა საწოლზე იჯდა.წითელი კაბა ეცვა. უფროსმა დამ ხელი მოჰკიდა, რომ აეყენებინა.

– მე თვითონ – უთხრა ბავშვმა და წამოდგა.

” ხანდახან მაშინებს” გადაულაპარაკა ლუსიმ მეორე დას “როგორი ცივია…”

ფოტოგრაფმა გადაიღო ოჯახური ფოტო და წავიდა. სამი თვის მერე მონიკა გარდაიცვალა.

სურათი დედამ გაადიდებინა და ბუხრის თავზე დაკიდა. თვალმოუშორებლად უყურებდა ხოლმე უმცროს ქალიშვილს და ტიროდა.

რამდენიმე თვის მერე უცნაური რაღაც შენიშნა სურათზე, თითქოს მონიკას სახე იცვლებოდა და მოძრაობდა, თანაც საშინელ გამომეტყველებას იღებდა. ამ ყველაფერს მის გარდა ვერავინ ამჩნევდა.

ოჯახის წევრებმა სცადეს ფსიქოლოგის მოყვანა, მაგრამ ქალს არაფრის გაგება არ უნდოდა. ჩამოხსნა სურათი და მედიუმთან წავიდა.

– ძალიან ვწუხვარ – უთხრა მედიუმმა – რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი ქალიშვილი ჯოჯოხეთში მოხვდა…

თეთრი სიკვდილი

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისე სწრაფად, რომ ვერ მოვასწარი გამეგო რა ხდება. არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა, ან საერთოდ კიდევ სრულ ჭკუაზე ვარ თუ შევიშალე, მაგრამ ის ვიცი, რომ ახლა შეიძლება უკანასკნელ წუთებს ვითვლი სიცოცხლის, ამიტომ ყველაფერი უნდა მოვყვე.

ამ წუთას მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემს სახლში ვართ, მე კომპიუტერთან ვზივარ და ვწერ, მაგრამ ხელები საშინლად მიკანკალებს. ჯესი ნერვიულად დადის ოთახებში და სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. ისევ ჯობია ყველაფრის მოყოლა თავიდან დავიწყო.

დღეს დილით კარებზე საშინელი ბრახუნი ატყდა. შეშინებულმა გავაღე და  დავინახე ჯესი. სახლში შემოვარდა და კარები მაგრად ჩაკეტა.

– რა ხდება? – ვიკითხე ნამძინარევი სახით და უკან გავყევი.

– არ დაიჯერებ – მითხრა – მაგრამ მოგიწევს, ყველაფერი უნდა მოგიყვე, არ მინდა მარტო ვიყო.

– კი ბატონო, გისმენ – ვუთხარი და ჩამოვჯექი, რა ვიცოდი, რომ ასე ვინანებდი.

ჯესი რამდენიმე დღეა რაც მექსიკიდან ჩამოვიდა, იქ თავის შორეულ ნათესავებთან ერთი თვე გაატარა შვებულებაში. ყველაფერი კი ერთ კვირის წინ დაიწყო, როცა პატარა ჰოსპიტალში, სადაც მისი ბიძაშვილი მუშაობდა, ერთი კაცი შემოვარდა.

რაღაცას ძალიან შეეშინებინა, ესპანურად ყვიროდა გაურკვეველ სიტყვებს და აქეთ–იქით გიჟივით იყურებოდა. სკამზე დასვეს, წყალი დაალევინეს და ჰკითხეს, რამ შეაშინა ასე.

– თეთრი სიკვდილი… La Muerto Blanco – ბუტბუტებდა კაცი დამტვრეული ინგლისურით – გადამდებია… არასდროს ნებდება… ყოველთვის იღებს თავისას…

ჯესის ბიძაშვილი ჩაეკითხა, თუ რა იყო ეს თეთრი სიკვდილი, რამე ეპიდემია თუ დაავადება.

– თეთრი სიკვდილი… ცივია როგორც ყინული… სულია, რომელსაც უნდა, რომ მის შესახებ არავინ გაიგოს… უნდა რომ საბოლოოდ მოიპოვოს სიმშვიდე, მაგრამ ვერ ახერხებს… და სანამ ერთმა ადამიანმა მაინც იცის მისი არსებობის შესახებ, არ ისვენებს… სადაც არ უნდა იყო მაინც მოგაკითხავს და მაშინ გაიგებ მის კაკუნს კარებზე…

ახლა, როცა უკვე მოგიყევი, ეს წყევლა შენზე გადმოვიდა, მე კი საშინელი სიკვდილი მელის…

სანამ ჯესის ბიძაშვილი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, კაცი ჰოსპიტალიდან გაიქცა. მისი დამტვრეული ინგლისურით ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ რაც გაიგო, იქიდან ცხადია არაფერი დაუჯერებია.

მეორე დღეს პოლიციამ დარეკა. უცნობი მამაკაცი საშინელი ჭრილობებით დაღუპული ნახეს ჰოსპიტალთან ახლოს.

ბიძაშვილმა ჯესის დაურეკა და ყველაფერი მოუყვა. ორივეს გაეცინათ ამ წყევლაზე და ყველაფერი შეშლილის ავადმყოფურ აზრებს დააბრალეს, მაგრამ მეორე დღეს ჯესიმ თავისი ნათესავი სახლში იპოვნა მკვდარი.

– შევედი თუ არა სახლში, მაშინვე ვიგრძენი – მიყვებოდა ჯესი – უცნაური სიცივე იდგა. ის დაბლა იწვა, ყველგან სისხლი იყო. უცებ კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ის იყო, თეთრი სიკვდილი… ჩემთვის მოვიდა…

– ოხ ჯეს – ვუთხარი და ავდექი – მეტი ვერაფერი მოიფიქრე ჩემს შესაშინებლად? თეთრი სიკვდილი?

– ახლა ეს ამბავი შენც იცი… შენთვისაც მოვა…

შემოსასვლელ კარებზე კაკუნი მოისმა. სუნთქვა შეგვეკრა.

– ის არის – ხელი მტაცა ჯესიმ – არასდროს არ ჩერდება, ყველგან გიპოვნის…

კაკუნი გაძლიერდა და ბრახუნად იქცა. ცოტაც და კარები შემოიმტვრეოდა. ადგილზე გაყინულები შევცქეროდით კარებს.

საათზე მეტი გავიდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. ჩვენი შეშინება უნდა. ვნატრობ, რომ ჯესი არასდროს გამეცნო, რომ მექსიკაში მომკვდარიყო, ეს საშინელი ამბავი რომ არ მოეყოლა ჩემთვის…

კაკუნი არ წყდება, ხან იმატებს, ხან იკლებს, მაგრამ ვგრძნობ ჩვენი საათები დათვლილია. ვწუხვარ, რომ გაიძულეთ ეს ამბავი წაგეკითხათ,  მოგიყევით თეთრ სიკვდილზე, რადგან ახლა, როცა იცით მისი არსებობის შესახებ, ის მოვა თქვენთან…

 

წითელი ლენტი

ჯეიმი პარკის შესასვლელში იდგა და ჯიბეში პატარა კოლოფის სიმძიმეს ისე გრძნობდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი ედო მის მაგივრად. წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა, დრო აღარ და აღარ გადიოდა.

ვირჯინიას რამდენიმე თვეა იცნობდა, მაგრამ მის თმების სურნელი ყველგან თან დაჰყვებოდა.  მის ძარღვებში ბოშა ქალის სისხლი სჩქეფდა, გრძელი, შავი თმები, დიდი შავი თვალები, ძლიერი და მტკიცე ხასიათი – ყველაფერი, რაც ასე იზიდავდა.

საათს დახედა. ვეღარ ითმენდა.

აი ისიც გამოჩნდა. ყველასგან გამოირჩეოდა, გრძელი შავი თმები მხრებზე დაფენოდა.

– ჯეიმი – თქვა ქალმა და გადაეხვია.

ვირჯინია სკამზე ჩამოჯდა. ჯეიმიმ კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და მის წინ ცალ მუხლზე დადგა.

– გამომყვები ცოლად?

ქალმა გაიცინა.

– რა თქმა უნდა.

გახარებულმა ჯეიმიმ ბრილიანტის ბეჭდი თითზე გაუკეთა თავის საცოლეს და თვალებში ჩახედა. კვლავაც თვალში მოხვდა ყელზე მჭიდროდ მოხვეული წითელი, ვიწრო ლენტი.

– რატომ გიკეთია ყოველთვის ეს ლენტი? – ჰკითხა ღიმილით.

– არასდროს, არასდროს არ უნდა მოვიხსნა ეს ლენტი, დაიმახსოვრე ჯეიმს.

კაცი აღარ ჩაეძია, რაც მთავარია, ვირჯინია მის ცოლობაზე იყო თანახმა, სხვა არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

იმ ზაფხულს ისინი დაქორწინდნენ. ჯეიმი ხვდებოდა, რომ მის ცოლზე კიდევ ბევრი რამ არ იცოდა, არც მის ნათესავებს იცნობდა და არც ვირჯინიას საიდუმლოებით მოცულ წარსულს.

რაც მთავარია ქალი არასდროს არ იხსნიდა წითელ ლენტს, დღე თუ ღამე, ყოველთვის ეკეთა. მეუღლის კითხვაზე კი იგივე პასუხს სცემდა, რომ ეს ლენტი არ უნდა მოეხსნა, არასდროს… 

გავიდა რამდენიმე წელი და ჯეიმი კიდევ ერთ უცნაურ ფაქტს წააწყდა, როცა სახლის იჯარას იხდიდა, გადაწყვიტა ცოლის სახელზე შეეტანა თანხა, მაგრამ როცა გადაამოწმეს, უთხრეს, რომ ამ შტატში დარეგისტრირებული ვირჯინია მორგანი უკვე 10 წელია გარდაცვლილი იყო. როცა ეს ყველაფერი ცოლს მოუყვა, მან განუცხადა, რომ მისი ქალიშვილობის გვარი სხვა იყო, და არა მორგანი.

რამდენიმე წელში ვირჯინია დაორსულდა. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ჯეიმი. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ქალმა სთხოვა ექიმი გაეფრთხილებინათ, რომ ის წითელ ლენტს ყელიდან ვერ მოიხსნიდა. კაცმა შეუსრულა ეს თხოვნა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი, წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჯეიმის საშინელი ცნობისმოყვარეობა ტანჯავდა. სწორედ ამიტომ კიდევ ერთი იდეა მოუვიდა თავში. მათი ქორწინების ათი წლისთავი ახლოვდებოდა. ძვირფასი ყელსაბამი იყიდა და ვირჯინია რესტორანშ დაპატიჟა. ქალმა სიხარულით შეჰკივლა, როცა ხავერდის ყუთი გახსნა.

– მოდი, გაგიკეთებ ყელზე, მოიხსენი ეგ ლენტი ბოლოს და ბოლოს – უთხრა ჯეიმიმ.

– არა, მე ამ ლენტს ვერ მოვიხსნი – გადაჭრით განაცხადა ქალმა – მაგრამ დიდი მადლობა ძვირფასი საჩუქრისთვის.

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, მეტი მოთმენა არ შეეძლო. იმ ღამით, როცა ვირჯინიას ღრმად ჩაეძინა, ფეხაკრეფით მიეპარა და ლენტი ფრთხილად გამოხსნა. ლენტი ძალიან წვრილი იყო და ადვილად დაყვა. ერთ ბოლოს მოკიდა ხელი და გამოსწია. ლენტი თანდათან დამოკლდა და ელვა შესაკრავივით გაიხსნა.

ვირჯინიას თავი შეირხა,დაბლა გადმოვარდა და იატაკზე გაგორდა. მთვარის შუქზე გამოჩნდა, როგორ ჩამოუვიდა დახუჭული თვალიდან ცრემლი.

“ხომ გაფრთხილებდი” – ჩაესმა ჯეიმის ვირჯინიას ხმა გონების დაკარგვამდე.

*

*

*

*

*

NUKEKUBI – ნუკეკუბი – იაპონურ მითოლოგიაში, მითიური არსება, რომელსაც თავი სხეულისგან გამოყოფილი ჰქონდა და ისე შეეძლო არსებობა.

ჭადრის ხეების საიდუმლო

” იმ ღამით უჩვეულო სიზმარმა გამომაღვიძა, შინაარსი არ მახსოვდა, მაგრამ ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. სუნთქვა მიჭირდა და პირი მიშრებოდა. გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი და წყალი დამელია. მშობლებს უკვე ეძინათ. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები და პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი და წყალი მოვსვი.

გარეთ ბნელოდა, თუმცა შემინული კარებიდან გასული შუქი ოდნავ ანათებდა ეზოს. ნისლი იყო ჩამოწოლილი და  ღრუბლებში გახვეული მთვარის შუქი ვერ აღწევდა მიწამდე.

ჭადრის ხეები, რომლებიც ეზოში იდგა, კარგად ჩანდნენ. ეს ხეები აქ ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული იდგა, მე და ჩემს დას ხშირად გვითამაშია მის ჩრდილში.

გარეთ ნიავიც არ იძროდა, თუმცა მომეჩვენა, რომ ჭადრის ხეები შეირხა და თითქოს ჩემამდე ჩურჩულის ხმა მოვიდა.  ჭიქა დავდგი და ხეებს მივაჩერდი. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ძლიერი წარმოსახვის უნარი გაქვსო, ჰოდა ახლა მომეჩვენა, თითქოს ჭადარის ტოტებმა ადამიანის სახის ფორმა მიიღო და მე მომშტერებოდა. ჩამეცინა და ყურება გავაგრძელე. ჭადარი ისე დაჟინებით მომშტერებოდა, რომ სიცილის ხასიათი გამიქრა, შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავბრუნდი ჩემს ოთახში.

მეორე დილით დაბლა რომ ჩამოვედი, დედა სადილს ამზადებდა. გამახსენდა წუხანდელი შემთხვევა და დედას მოვუყევი.

მეგონა გაიცინებდა და ისევ ჩემს ფანტაზიას დააბრალებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მოულოდნელად ცუდ ხასიათზე დადგა და ხმა არ ამოუღია.

ღამე, ძილის წინ ჩემს ოთახში შემოვიდა და ყველაფერი მომიყვა.

“არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო” – მითხრა დედამ –  ” ის, რაც შენს დაბადებამდე მოხდა და რამაც დაღი დაასვა ჩვენს ოჯახს, მაგრამ როცა ამ ხეებზე მომიყევი, თავი ვეღარ შევიკავე, მგონია დროა ყველაფერი იცოდე”

ლოგინზე წამოვჯექი და ინტერესით მივაჩერდი.

“სანამ მამაშენს გავყვებოდი ცოლად, მყავდა და. ორივენი მასზე ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ ჩემს დას ეს უკვე ავადმყოფობაში გადაეზარდა. როცა მან მე მთხოვა ხელი, საერთოდ გადავიდა ჭკუიდან. მეგონა დროთა განმავლოაბში გადაუვლიდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, ბევრ სისულელეს აკეთებდა, რომ არ დავქორწინებულიყავით, მაგრამ ხელი ვერ შეგვიშალა.

როცა ამ სახლში გადმოვედით, ჩემი და ცოტა ხნით გაქრა, ვიფიქრეთ რომ თავი დაგვანება, მაგრამ მეორე დილით საშინელი სანახაობა დაგხვდა. ეზოში, ჭადრის ხეების ქვეშ ვიპოვნეთ მისი გვამი. დიდი ნაჯახით საკუთარი ფეხები მოეჭრა და სისხლისგან დაცლილიყო.

დაბლა პატარა ფურცელი ეგდო, სადაც ეწერა ” მახსოვს, როდესაც ჭადრების ხეების ქვეშ წამიყვანე, შავი ქარი არხევდა მათ ტოტებს. შენ გაგახსენდები, როცა დაინახავ ამ ხეებს. მე ყოველთვის აქ ვიქნები და აქედან გიყურებ”

საშინელმა ისტორიამ  ჩემი ოჯახის სისხლიან საიდუმლოზე ძალიან შემაშფოთა.

“მგონი დროა ის ხეები მოვჭრათ” ვუთხარი დედაჩემს და  ფანჯრები ჩავკეტე.