ოხ ეს სიზმრები

სიზმრებს ყოველ ღამე ვხედავ, ბავშვობიდან მოყოლებული, ღამე არ გაივლის რამდენიმე დალაგებულ სიუჟეტიანი სიზმარი რომ არ ვნახო. სიზმარზე უამრავი აზრი არსებობს, ისინი წინასწარმეტყველებენ მომავალს თუ პირიქით წარსულის ანარეკლები არიან, პირიქით ხდება თუ ისე, როგორც ნახავ, ერთი სიტყვით მრავალი ახსნა და მოსაზრება არსებობს მის გარშემო.

ადრეულ ასაკში, ასე 13-14 წლის რომ ვიყავი, ყველაზე საინტერესო მოვლენები ჩემს ცხოვრებაში სიზმრებში ხდებოდა, ვიდრე მოსაწყენ, უშუქო და უინტერესო რეალობაში, აქედან გამომდინარე სადღაც წაკითხული სიტყვები, რომ შეიძლება სიზმრების კონტროლირება, თუ ამას მოინდომებ, ჭკუაში ჩამიჯდა. დავიწყე სიზმრების ჩაწერა. ვიძვიძებდი თუ არა, სანამ მახსოვდა რვეულში ვიწერდი სიზმრის შინაარსს. როგორც ფსიქოლოგები და მეცნიერები ამტკიცებენ რეგულარული კონტროლით და ჩაწერით შეიძლება სიზმრის შენს ნებაზე წაყვანა.

რა თქმა უნდა ამას მალე შევეშვი, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მაშტაბური და საინტერესო სიზმრები მესიზმრებოდა, ხან სამყაროს აღსასრული დგებოდა და მე ვიყავი მთავარ როლში, ხან საშინელებათა ფილმია და ისე საინტერესოდ მიდის, რომ ახლად გამოღვიძებულს ხშირად მიფიქრია, რა კარგი კინო გამოვიდოდა-თქო.

ჩემი თემიდან გადავუხვიე, მინდოდა სიზმრების ახდენაზე მელაპარაკა. ხშირად გამიგია ამბობენ, რომ სიზმრები უხდებათ. ამ ყველაფერს შემთხვევითობას ვაბრალებ, რადგან მე ძირითადად არაფერი მიხდება, გარდა ორი შემთხვევისა, რომელიც ისეთი სიზუსტით დაემთხვა რეალობას, რომ გამიჭირდა შემთხვევითობისთვის დამებრალებინა.

პირველი ეს იყო სამი-ოთხი წლის წინ. ღამე, სადღაც 2 საათისკენ ვნახე ძალიან მკაფიო სიზმარი, ვითომ მე და დედაჩემი ვიყავით ერთად (დედაჩემი 7 წელია საზღვარგარეთაა) და ამ დროს დაიწყო მიწისძვრა. ისე ცხადად განვიცადე ეს ყველაფერი, დედაჩემს ხელს არ ვუშვებდი, ორივეს ძალიან გვეშინოდა. რომ გავიღვიძე, საშინელი გრძნობა გამიჩნდა.

დილით დარეკა დედაჩემმა და გვითხრა, რომ ღამით, სადღაც 2-3კენ საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა იყო. არ ვიცი რა დამემართა, ენა ჩამივარდა გაოცებით. დედაჩემს ვუთხარი – ნამდვილად რაღაც არსებობს-თქო. იმან გაიცინა და მითხრა, რა თქმა უნდა რაღაც არსებობს, 14 წელი ერთად გვეძინა და გულმა გიგრძნოო.

მეორე 2 წლის წინ მოხდა. ჩემი მეზობელი გარდაიცვალა, მოხუცი ქალი, თანაც ისეთი, აქტიური, ყველა რომ იცნობდა და ყველას ძალიან დაწყდა გული, განსაკუთრებით ბებიას, წლების განმავლობაში მეგობრობდნენ.

ასეთი ცუდი აურის და შემზარავი სიზმარი ალბათ იმის მერე არც მინახავს. აივანზე გავედი, ამ ქალის ბაღი ჩვენი აივნის ქვეშაა, ჩვენ მეექვსე სართულზე ვიყავით. დაბლა იდგა კუბო, შავებში ჩაცმული ქალები იდგნენ და ტიროდნენ. ამ დროს შევამჩნიე, რომ ბებიაჩემი ეგდო ბაღში, ვითომ აივნიდან გადავარდა. დავიწყე ტირილი, ძალიან, ძალიან ბევრი ვიტირე და გამეღვიძა.

მეორე დღე ბებიას ინფარქტი მოუვიდა, მთელი თვე საავადმყოფოში იწვა და მთელი ამბები გადავიტანეთ მაშინ.

რომ მკითხონ სიზმრების თუ გჯერაო, ალბათ არ მჯერა, მაგრამ მაშინვე ეს ორი შემთხვევა მახსენდება და ცოტათი ვეჭვდები ხოლმე.

და აი კიდევ ეს სიზმარი, რომელიც ამ პოსტის დაწერის მერე ალბათ კიდევ ორჯერ განმეორდა.

ერთი და იგივე კოშმარი