აგვისტოს 5 დღე

ფილმი არ მინახავს, აქედან გამომდინარე რივიუსაც ვერ გავაკეთებ, მაგრამ ამ პოსტში სხვა რაღაცის თქმა მინდა.

პრემიერას მოუთმენლად ველოდებოდი, იმიტომ რომ ამ ფილმის ქასთში ჩემი ფავორიტი მსახიობები მოხვდნენ და აქ არ ვგულისხმობ არც რუპერტ ფრენდს და არც ენდი გარსიას.

ჰოდა ველოდებოდი ჯონათან შაეხის და დინ ქეინის საქართველოში ვიზიტს, მათ ინტერვიუებს და შთაბეჭდილებებს ფილმის თუ ქვეყნის შესახებ, რა წარმოდგენა დარჩათ ჩვენს ქვეყანაზე, და საერთოდ, მათ გამოჩენას.

მთავარი როლის შემსრულებლები, რუპერტი და ემანუელა არ გამოჩენილან, სამაგიეროდ შერონ სტოუნი ჩამოვიდა და მთელი ყურადღება მიიპყრო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სტუმრის სტატუსით იყო.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აგვისტოს 5 დღეში მარტო ენდი მონაწილეობდა. ენდი და რენე, რენე და ენდი, დაუსრულებლად.

რეპორტაჟებიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ არც ჯონათანი და არც დინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ჯონათანის ტვიტერის სურათები შევამოწმე.

რა თქმა უნდა ჯონათანი იყო პრემიერაზე და ჩამოსვლამდეც ძალიან აღფრთოვანებული ტოვებდა შემდეგნაირ ტვიტებს:

“შერონ სტოუნი ხვალ თბილისის პრემიერაზე მოდის, წარმოდგენა არ მაქვს რატომ, ის ფილმში არ იღებდა მონაწილეობას”

“ახლახანს გავიგე, რომ თბილისში გადატვირთუlი რეჟიმი გველის, მაგრამ არ მეშინია, სუპერმენთან ერთად ვარ” (დინ ქეინი, “ლუისი და კლარკი”)

“გერმანელებმა ჩემი ტყვია მოიპარეს, რომელსაც ფილმის გადაღების მერე გულზე დაკიდებულს ვატარებდი”

“ახლახანს ჩავფრინდი საქართველოში. ეს ღონისძება იმაზე დიდია, ვიდრე წარმომედგინა, ფილმი ხომ თავისუფლებას ეხება…” (ოხ ჯონათან)

“ჩვენ ახლა მზის ამოსვლას ვუყურებთ თბილისში – მთვრალები და სულელები”

“ჩვენ იმდენი ჭაჭა დავლიეთ… ენდი გარსია ჩემს გვერდითაა”

“ასეთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება… მადლობელი ვარ ამისთვის, ეს ერი ძალიან მიყვარს…”

“შერონ სტოუნს თავიდან ქართველი მსახიობი ვეგონე და მერე მიხვდა მე რომ ვიყავი”

ერთი სიტყვით გაგიჟებული და გადარეულია საქართველოთი და ჩვენ ისიც კი არ ვიცით ვინაა ჯონათან შაეხი.

ჯონათანის ანგარიშზე 60–მდე ფილმია. მისი პირველი ცნობილი როლი გვინეტ პელტროუსთან და ჯესიკა ლანჟთან იყო ფილმში “Hush”, სადაც ცოლად მოჰყავს გვინეტის პერსონაჟი, მაგრამ დედას მათი დაშორება სურს და ამისთვის სულს ეშმაკსაც კი მიყიდის. *უხვი ეროტიული სცენებით გვინეტთან*

საშინელებათა ტრილერში “გამოსაშვები საღამო” ჯონათანმა მკვლელის როლი შეასრულა, რაზეც ემტივი მუვი ევარდზე საუკეთესო ბოროტი როლი შემსრულებლის წოდება დაიმსახურა. ბოლოს კი ფილმში takers ჰეიდენ კრისტენსენთან, მეტ დილანთან და ზოი სალდანასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. რენე ჰარლინის ფილმში კაპიტანი რეზო ავალიანის როლს ასრულებს.

ესეც მისი სურათები და გული მწყდება ქართველ ჟურნალისტებს ასეთი მსახიობი რომ გამორჩათ და ერთხელაც კი არ ახსენეს.

ნიკიტა საქართველოში

ნიკიტას ახალი ვერსიის მე-13 სერიაში სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შოუს და პოპულარული არხის CW-ს შემქმნელებს გაახსენდათ მსოფლიო რუკაზე არსებული სახელმწიფო საქართველო და ერთი სერიაც ჩვენ მოგვიძღვნეს.

ნიკიტას რიმეიქში შინაარსი ასეთია – ნიკიტა, რომელსაც მისი შეყვარებული, დანიელ მონრო მოუკლეს, ცდილობს იმ ორგანიზაციის განადგურებას, სადაც თვითონ მუშაობდა, ანუ ფაქტიურად შინაარსობრივად გრძელდება წინა ნიკიტა. პერსი და მაიკლი მის საპირისპირო მხარეს არიან. ნიკიტას თავისი ჯაშუში, ალექსი ჰყავს ორგანიზაციაში შეგზავნილი, 19 წლის გოგო, რომელიც უკვე აგენტად გადაიყვანეს. მისი წყალობით ყველაფერი იცის და ორგანიზაციას ყველა საქმეს უშლის.

ამ შემთხვევაში ორგანიზაციამ მიიღო დაკვეთა საქართველოს პრინცის, ერიკის მკვლელობის. ერიკმა ცოლად შეირთო ასევე სამეფო გვარის პრინცესა, კრისტინა და სურდათ საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა.

პრინცს და პრინცესას ბაგრატიონის ძვირფასი სამკაულები ჰქონდათ ჩამოტანილი ამერიკაში და აქვე იმართებოდა წვეულება. სწორედ ამ წვეულებაზე უნდა მოეხდინათ პრინცის ლიკვიდაცია.

დარბაზში საქართველოს გერბები, სხვადასხვა ქართული ელემენტები, ყანწები, ხმლები იყო გამოფენილი.

ნიკიტა მოდის ამ წვეულებაზე და პრინცესას აფრთხილებს, რომ პრინცის მოკვლა უნდათ, მაგრამ ირკვევა, რომ ეს სწორედ პრინცესას დაკვეთაა და თავის გენერალ ზაჰიდოვთან ერთად  ტახტის ხელში ჩაგდება უნდა. ესეც ზაჰიდოვის არარსებული მონაცემები:

საინტერესოა, რომ ზაჰიდოვი მხედრიონის დამაარსებელ ჯაბა იოსელიანის პირადი დაცვის წევრი იყო 🙂 კარგად უშრომიათ სცენარისტებს 🙂

პრინცესა ნიკიტას გათიშავს, მაგრამ იმ დროს, როცა პრინცი სიტყვით გამოდის და უნდა ესროლონ, გადაარჩენს და დიდ დარბაზში იმალებიან. ამ დროს შთამბეჭდავი ბრძოლა მიდის ქართული ხმლებით.

პრინცი ძალიან დადებით და კარგ ადამიანად არის გამოყვანილი. კრისტინა არ აინტერესებს, თავის მდივანზეა შეყვარებული, მაგრამ სამშობლოსთვის მსხვერპლი გაიღო და ცოლად პრინცესა მოიყვანა. თან ექიმია, ნიკიტას ფეხზე ნაკერებს დაადებს 🙂 მსახიობიც ძალიან საყვარელია, ჯეიმს გილბერტი, ტიუდორებიდან მახსოვს.

რაც შეეხება მოღალატე პრინცესას, 2012, dark knight, ერთი სიტყვით ძალიან ნაცნობი სახე აქვს.

ბოლოს მაიკლი მოვა და თავს ფედერალურ ბიუროს წევრად გაასაღებს. ნიკიტა მოასწრებს პრინცის და მისი მდივნის გადარჩენას და პირისპირ აღმოჩნდება მაიკლთან, მაგრამ როგორც 13-ვე სერიაში, მაიკლი გაუშვებს 🙂 ნუ ასე პირდაპირ არა, მაგრამ შანსი როცა აქვს ან მოკვლის ან დაჭერის, ყოველთვის თავს იკავებს. რაღაც ძალიან მომწონს შეინ ვესტი მაიკლის როლზე, თან რაღაცნაირი ბოროტი სახე აქვს 🙂 შეინი ყველას იმ გულიამაჩუყებელი და ცრემლებსაღვარღვარებელი კინოდან ახსოვს, “a walk to remember” მენდი მურთან ერთად.

სხვათაშორის რამდენიმე ქართული ფრაზაც იყო გამოყენებული ” საქართველო პატრიოტი” და “რისთვის აკეთებ ამას?” მაგრამ ისე იყო დამახინჯებული, ათასჯერ გადავახვიე, რომ გამეგო.

ეს ვისაც ზუსტად ეს სერია აინტერესებს გადმოწერა