რამდენიმე აუცილებელი მომენტი:
1. თუ საშინელებათა ფილმის რომელიმე გმირს ჰყავს ძაღლი ან კატა, უფრო კატა, მაშინ ფილმის ბოლოს ეს ცხოველი აუცილებლად საშინელი სიკვდილით დაიღუპება.
2. აუცილებლად იქნება კადრი, სადაც დაკეტილი ონკანიდან წყლის წვეთები მოჟონავს.
ოთხი მეგობარი, იანი, ჯენა, სტეფანი და გოჩა სკოლის დამთავრებას ზეიმობენ მათი მეგობრის გამართულ ფართიზე. სანამ მათი მსუქანი კლასელი ცირა მაგიდაზე ცეკვავს და ღიპს ათანთალებს, ისინი გადაწყვეტენ გართობის უკეთესი გზა გამონახონ. იანი საიდუმლო ხმით ჩურჩულებს:
– სასაფლაოზე წავიდეთ… გამიგია ღამე იქ მოჩვენებები დადიან… დასალევი წავიღოთ და გავერთოთ, რას იტყვით?
ისინი თავს იქნევენ. კამერა ზევით ადის და რამე უაზრო კადრს გვიჩვენებს, მაგალითად ანტენას. მერე დაძაბული მუსიკის ფონზე სასაფლაო ჩანს, სადაც ბალახებს ნიავი არხევს და ბალახში ჩაწოლილი თხუნელები ნიავს დედას აგინებენ.
ჯენა არაყის დიდ ბოთლს ძუძუებში იტენის, ფანრებს იღებენ და მიდიან.
გზაში რამდენიმე თინეიჯერული უაზრო ხუმრობა, მაგალითად ის, რომ წუხელ იანმა დაინახა, როგორ გამოდიოდა ჯენა მისი მეზობლის ოთახიდან და მთელი ღამე იქიდან საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა. ამაზე ჯენა პასუხობს, რომ მათ ამისთვის საწოლი არ გამოუყენებიათ და ჩუმად ხითხითებს.
წინ მთელი თავისი საშინელებით და სიდიადით წარსდგება სასაფლაო, უზარმაზარი ჭიშკარით. მთვარე ანათებს, იქაურობა ნისლითაა დაფარული. (გადამღები ჯგუფი სპეციალურ გაზს უშვებს ეფექტებისთვის და თან ხველებით იხრჩობა)
მეგობრები ცოტა ხნით შედგებიან და ამ სანახაობით ტკბებიან, მერე ერთანეთს გადახედავენ.
– როგორ ფიქრობთ, იქ შესვლა მართლა საშიშია ? – ჩურჩულით ამბობს ჯენა და თან მხარზე დაკონწიალებულ მოჩვენებას იშორებს.
– კარგით რა, რისი გეშინიათ, შევედით.
სტეფანი ჭიშკარზე მიღოღავს და თამამად ხელს უქნევს, გადმოდითო. ყველანი გადადიან იქით მხარეს.
სიტუაცია იმუხტება, ისეთი საშიში აღარაა, როგორც ჩანდა. რომელიღაც საფლავის ქვასთან ჯდებიან და არაყს სვამენ.

გოჩა საფლავთან ძველ და გაყვითლებულ ფურცელს აღმოაჩენს, რომელიც მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრითაა ამოწეული.
– მოიცათ, რაღაც ვიპოვე – ყვირის გახარებული.
ფურცელს ზედ დიდი ასოებით აწერია “თუ წაიკითხავ მოკვდები”. აჟიტირებული გოჩა საფლავის ქვაზე ადის და გამოთქმით კითხულობს. მეგობრები ტაშს უკრავენ და ჭყლოპინებენ.
კადრი შორიდან:
კამერა ტყიდან მოქრის, რამდენიმე მოხვეულ გზას გამოივლის, ისმის ოპერატორის გინება, რომელმაც რაღაცას ფეხი წამოკრა. ვიღაც ბუჩქებიდან ჩუმად უთვალთვალებს ახალგაზრდებს.
შემთვრალი იანი ჯენას ეტმასნება და კოცნას უპირებს, მაგრამ ჯენა თავს არიდებს. გოჩა და სტეფანი ნაზად შეჰყურებენ ერთმანეთს თვალებში. ამ დროს ტყიდან ხმაური მოესმებათ და ფეხზე წამოხტებიან. უაზროდ იყურებიან ყველა მხარეს.
– ეს რა იყო?
– უი ბოდიში – თავში ნაჯახჩარტყმულმა მოჩვენებამ დარცხვენით დაუქნიათ ხელი და გატანტალდა. დამშვიდებულები ჩამოჯდნენ.
ასი წლის წინ:
აქ, ამ ტყეში ოთხი ახალგაზრდა დგას, სამი ბიჭი და ერთი გოგო. ძველებური ტანსაცმელი აცვიათ. მათ თავს რაღაც საშინელი არსება ესხმით და კლავთ, მერე ამოთხრილ საფლავებში მიათრევთ და მიწას აყრის. თან უკმაყოფილოდ აგინებს რეჟისორს, სხვა როლი რომ ვერ გაიმეტა. საფლავის ქვაზე სისხლიანი ხელის კვალი ეტყობა.
– ხომ არ წავიდეთ – ამბობს იანი, რადგან ჯენასთან არაფერი გამოსდის და დგება. გოჩა და სტეფანი ისევ ნაზად შეჰყურებენ ერთმანეთს. საფლავებიდან ყრუ ხმა ისმის და ქარი ფოთლებს თვალებში აყრით. საფლავის ქვაზე სისხლიანი ხელის კვალი ჩანს (მე რა რომ ასი წელი გავიდა, ეს ხომ კინოა)
– იქ რაღაც სახლია, წავიდეთ დავიმალოთ – ყალბად კივის გოჩა და ხელების ქნევით მირბის. დანარჩენებიც მისდევენ. შევარდებიან სახლში და კარებს კეტავენ. კარებს იქითა მხრიდან ვიღაც ეჯაჯგურება.
– მოიცა კაცო გააღეთ, კამერა შემოუშვით – ყვირის რეჟისორი.
სახლი მიტოვებული და საშიშია. ონკანიდან შავი წყალი მოწვეთავს (ხომ ვთქვი).
– თავზე მოჩვენებების წყევლა დაგვატყდა, ის წერილი არ უნდა წაგვეკითხა – პათეტიკურად ამბობს ჯენა და თვალებს ატრიალებს.
– ის ჰამბურგერიც არ უნდა შემეჭამა – შეწუხებული სახით ამბობს სტეფანი და მუცელზე ხელს ისმევს.
ფანჯარა იმტვრევა და შავი ლაქა სახლში შემოდის. ეტაკება სტეფანს და შიგნით შეუძვრება. ბიჭი ხელებს ასავსავებს და კვდება. გოჩა ტირის.
კარებს აღებენ და გარბიან. ლაქა წინ ხვდებათ და ახლა ჯენას კლავს. გოჩა და იანი ხედავენ რომ სამი საფლავი გათხრილია, ისინი კი ოთხნი იყვნენ.
– ეს წაიყვანე ეს – ყვირის იანი და გოჩაზე უთითებს, მაგრამ ლაქა ახლა მას ესხმის თავს და კლავს. მობუზული გოჩა კანკალებს.
– შვილო, გოჩა… – ისმის ხმა – გამოდი სინათლეზე…
ტყისკენ სინათლის სვეტი მოჩანს. გოჩა იქით მილასლასებს.
– მე შენი წინაპარი ვარ – ჩურჩულებს ხმა – ასი წლის წინ ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ახლა კი იგივე განმეორდა, ეს რიტუალია… მაგრამ მე შენ დაგიცავ, მე შენი ბიძაშვილის სიძის ბაბუის წინაპარი ვარ! გაიქეცი გოჩა!
გოჩა მირბის, მაგრამ მოჩვენება ფეხს დაუდებს და წაიქცევა. დაძაბული ფინალური ბრძოლა. მოჩვენება ფეხით მიათრევს საფლავისკენ.
– არა – ყვირის გოჩა – მე ვიცი შენ კეთილი ხარ, არ გინდა ამის გაკეთება, სანამ დროა გამოფხიზლდი, მიიხედ მოიხედე ამ ქვეყნად რამდენი სიკეთე და სილამაზეა, დატკბი ამ სინატიფით…
სანამ გადაბჟირებული მოჩვენება მიწაზე გორავს და სიცილით ცრემლები მოსდის, გოჩა მირბის და ჭიშკრის მეორე მხარეს გადავა. რადგან ლაქამ მეოთხე მსხვერპლი ვერ იპოვნა, ძალებს კარგავს და ქრება.
გადარჩენილ გოჩას ცრემლები მოსდის, ის ცოცხალია… თურმე რამდენი რამე აქვს გასაკეთებელი, თურმე როგორ აფასებს ცხოვრებას… (გმირული მუსიკა)
– უი, ნახე ირემი – ისმის მონადირის ჭყლოპინი და მკვდარი გოჩა დაბლა ეცემა.
დასასრული
– აუ სერიოზულია, აი ნახე რა პოპულარული გახდება – რეჟისორი და მისი ასისტენტი ბარგს ალაგებენ და ფეხმოტეხილ ოპერატორს მოათრევენ – ეჰ, ჩვენ მაინც ვის ვატყუებთ.