wedding day party

ერთი თვეა რაც აქეთ ვარ და გუშინ პირველად მოგვიწია გარეთ გასვლა განსაკუთრებულ საღამოზე. ეს არ იყო მთლად ქორწილი, დაერქვა გადმოპატიჟება, მაგრამ ქორწილს აღარაფერი ეკლდა.

იქიდან გამომდინარე, რომ უნდა შემერჩია რაღაც შუალედური ჩასაცმელად, არც ძალიან გამოსასვლელი და არც ძალიან უბრალო, ასეთი რაღაც მოვიფიქრე:

ჩემი ახალი სამაჯური, რომელიც ძალიან მომწონს.

საღამოს გავემზადეთ და წავედით რესტორან სავანეში, რომელიც რუსთაველებისთვის კარგადაა ცნობილი. საშუალო დონის რესტორანია, ზედა დარბაზს არა უშავს,  სხვა რესტორნებისგან განსხვავებით მარტო ქართული საქეიფო სიმღერებით არ წაიღებენ ტვინს, თუმცა არც უიმისობა იყო და ამ დროს სკამზე მიყრდნობილი დაღლილი სახით ვუყურებდი დამკვრელებს და გულში ვფიქრობდი “კარგით რა, დავიჯერო ეს მართლა მოგწონთ?”

რა თქმა უნდა ტრადიციული სადღეგრძელოებით და განსხვავებულების ტრიალით, ამის გარეშე ხომ არ შეიძლება. სამწუხაროდ ფოტო აპარატი მალე დაჯდა და სურათების გადაღება დიდად ვერ მოვასწარით.

ყველაზე გემრიელი ნაჭერი მე შემხვდა:

ჩვენ:

ესეც ხედი სავანის აივნიდან – სასტუმრო.

ეს გაურკვეველი ლაქაც მე ვარ

და ესეც მე ვარ, ქარი მიბერავს 🙂

ეშმაკი ლიფტში

არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ისტორია ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, რომელიც ერთ–ერთმა კოლეჯის სტუდენტმა გოგომ გამოაქვეყნა ინტერნეტში.

“იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე. უცნაური იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო რეალობასთან. ყველაფერს, რასაც იქ ვხედავდი და ვგრძნობდი, რეალურად განვიცდიდი. ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვიყავი. შენობა ბევრი ხალხით იყო სავსე. ყველანი სვამდნენ და მხიარულობდნენ, მეც მათ შორის.

მოულოდნელად კარები გაიღო და ყველა გაჩუმდა. კარებში მაღალი, ქერა მამაკაცი გამოჩნდა. უგრძნობი სახე და გაყინული თვალები ჰქონდა. ნელა მოდიოდა. არავის არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იქ მყოფმა ყველა ადამიანმა ვიცოდით, რომ ეს ეშმაკი იყო.

მამაკაცმა ნელი ნაბიჯებით ჩაგვიარა შუაში. ჩვენ ფერდაკარგულები და დამუნჯებულები ვუყურებდით. მისი ცივი თვალების გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ნელა ავწიე თავი და დავინახე რომ მე მიყურებდა – ის ჩემთვის მოვიდა, ჩემს წასაყვანად.

ყვირილით გამეღვიძა. ჯუდი, ჩემი მეზობელი შეშინებული მანჯღრევდა, როგორმე რომ გავეღვიძებინე.

ყველაფერი ძილის წინ ნანახ საშინელებათა ფილმს დავაბრალე. თანაც ხვალ  ჩემი მეგობრის წვეულება იყო სასტუმროში და ვიფიქრე, სიზმარში ჩამყვა–თქო.

მეორე დღეს წვეულებაზე უკვე აღარც მახსოვდა სიზმარი, ჩემს კურსელებთან ერთად მხიარულად ვერთობოდი და ვსვამდი. მდიდრულ სასტუმროში, განათებულ დარბაზში არაფრის არ მეშინოდა.

– კეიტ– მითხრა ჯუდიმ – დაბლა ვიღაც გელოდება, შესასვლელში, მგონი მამაშენია, კარგად ვერ დავინახე.

გამახსენდა, რომ მამაჩემისთვის სახლის გასაღები არ დამიტოვებია და ალბათ ამიტომ მომაკითხა. ლიფტთან მივედი და ღილაკს თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და შევედი.

შესვლისთანავე უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი, არადა ლიფტი ცარიელი იყო, როცა შევედი. უკან მივიხედე და ლამის ვიკივლე.

მაღალი, ქერა მამაკაცი ჩემი სიზმრიდან, გაყინული თვალებით, ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი უმოძრაოდ იდგა და მიყურებდა. სუნთქვა შევიკარი. ვცადე ჩემი თავი დამემშვიდებინა.

ვიფიქრე, იქნებ უბრალო დამთხვევაა და ეს კაცი სულაც არაა სატანა. მოულოდნელად შუქმა დაიწია და აციმციმდა. ლიფტი გაჩერდა. თვალები დავხუჭე, რომ ჩემი მოსალოდნელი სიკვდილი არ დამენახა.  ვიგრძენი, როგორ შემეხო მხარზე ცივი ხელი და გაუგებარი ჩურჩულიც მომესმა.

შუქი ისევ მოვიდა და ლიფტის კარები გაიღო, ეტყობა ვიღაცამ გამოიძახა. დაუფიქრებლად გამოვვარდი ლიფტიდან და დავინახე, ქერა გოგო როგორ შევიდა ლიფტში. ბევრი აღარ მიფიქრია, კიბეებს სირბილით ავუყევი.

შუქები უკვე მთელს შენობაში გაითიშა და პანიკა ატყდა.  დაცვის წევრები აქეთ–იქით დარბოდნენ, გარეთ პოლიციის მანქანები გამოჩნდა. რამდენიმე წუთში შუქი უკვე საბოლოოდ მოვიდა, მაგრამ ახლა დაბლა ატყდა კივილი. გაღებული ლიფტიდან სისხლის ნაკადები მოდიოდა. ქერა გოგო გაუნძრევლად ეგდო.

დაცვის წევრებმა ლიფტში დაყენებულ კამერაზე დაინახეს მე როგორ გამოვვარდი ლიფტიდან და როგორ შევიდა ის გოგო, მაგრამ ჩვენს მეტი იქ არავინ ჩანდა.

არ ვიცი რატომ გადაიფიქრა სატანამ ჩემი წაყვანა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – ის ჩემთან აუცილებლად მოვა.”

დაწყევლილი სასტუმრო

რამდენიმე კვირის მოგზაურობის შემდეგ თავი თოვლიან ადგილზე ამოვყავი. ამ სოფელში ორი–სამი სახლი იყო სულ, იქაც არავინ ცხოვრობდა, სამაგიეროდ დიდი და ძველებური სასტუმრო იდგა, სადაც ჩემნაირი მოუსვენრებისთვის ყოველთვის იქნებოდა ადგილი.

ზურგჩანთა მოვიგდე და კარები შევაღე.  სიძველის სუნი მეცა. მაგიდასთან მივედი და ზარი დავრეკე.

– რა გნებავთ? – ლოგიკური კითხვა დამისვა სათვალეებიანმა მოხუცმა  კაცმა და გაჭირვებით წამოდგა.

– ერთი ღამით მინდა ოთახი ბატონო.

კაცმა კარგად შემათვალიერა.

– დარწმუნებული ხარ შვილო, რომ აქ გინდა გაჩერება? აქ არავინ ჩერდება.

– რატომ? – დავინტერესდი.

კაცმა ხმას დაუწია და ჩურჩულზე გადავიდა.

– აქაურობა დაწყევლილია შვილო, აქ ერთი ღამეც არავის გაუძლია, ასი წლის წინ აქ დიდი ტრაგედია მოხდა… სულები ვერ ისვენებენ.

ეჰ, საწყალი, შემცდარა ჭკუიდან, ვიფიქრე და ზრდილობიანად გავუღიმე.

– მე არ მეშინია ბატონო მოჩვენებების, მთავარია ასეთ თოვლში ღამე გარეთ არ დავრჩე. მომეცით ნომერი, გადაგიხდით ფულს.

კაცმა ხელის კანკალით ჩამოხსნა გასაღები და მომცა.

– შენ თუ ხვალემდე აქ გაძლებ – მითხრა – ხვალ მე თვითონ მოგცემ ფულს.

ჩანთა მოვიკიდე და კიბეებს ავუყევი. ისეთი გარემო იყო, რომ გასაკვირი არ იქნებოდა აქ მართლაც ყოფილიყო ერთ–ორი წყვილი მოჩვენება, მაგრამ მე არაფრის არ მეშინოდა.

კარები შევხსენი. ოთახში ციოდა. იატაკი ავისმომასწავებლად ჭრიალებდა. ჩანთა მივაგდე და საწოლზე წამოვწექი.

რამდენიმე წუთის შემდეგ თვალები დამეხუჭა, მაგრამ ჯერ არ მეძინა. ვიგრძენი ოთახში ვიღაც შემოვიდა და თავზე დამადგა.

თვალები გავახილე. თავზე თეთრ ტანსაცმლიანი, გალურჯებულსახიანი ქალი მედგა და მკერდიდან სისხლი ჩამოსდიოდა.

– საწოლს მისვრით – ვუთხარი გაბრაზებულმა.

– სად არის ჩემი შვილი?  – ჩაიჩურჩულა და ხელი შემახო. ყინულივით ცივი ჰქონდა.

– მომიწექი, გაგათბობ – შევთავაზე. არ ელოდა, შეცბა. უკმაყოფილო ბურტყუნით გაბრუნდა და გავიდა. ისევ დავხუჭე თვალები და ძილი დავაპირე, ამჯერად ფარდები აფრიალდა საეჭვოდ.

ბოროტი სახის კაცი ნაჯახით ხელში იდგა და ხითხითებდა.

– მე მეტყევე ვარ – მითხრა – ასი წლის წინ ჩემი ცოლ–შვილი დავხოცე.

– ყოჩაღ, როგორ მოახერხე? – გავიკვირვე მე? – ეხლა წადი მეძინება.

კაცი გაჯიუტდა.

– ცოტა ხანიც ვიქნები რაა.

– წადი – შევუღრინე. უხმოდ გაიძურწა. ვიცოდი ასე მალე არ შემეშვებოდნენ, ამიტომ უიმედოდ ვცადე ძილი.

ჩემს წინ პატარა გოგონა იდგა მთლიანად დამწვარი და გრძელი შავი თმები წინ ჩამოშლოდა, ისე რომ თვალები არ უჩანდა. ხელში თოჯინა ეჭირა და რაღაცას მღეროდა.

– შვილო, წადი გარეთ ითამაშე, იავნანა არ მჭირდება – ვთხოვე თავაზიანად.

– ჩემი არ გეშინია? – გაუკვირდა – აბა კინოებში რომ ეშინიათ?

ხელით ვანიშნე გადი მეთქი და ნაწყენი გოგო ტირილით გაიქცა.

ამჯერად ეშხში შევიდნენ და რამდენიმე კუბო შემომიგორეს. როგორც შემოაგორეს, ისე გადავაგორე ფანჯრიდან და ფანჯარაც ჩავკეტე.

ყველა კუთხიდან გაოცებული ჩურჩული მესმოდა. უკვირდათ ჩემი სიმამაცე და უშიშრობა. ხელი ჩაიქნიეს და გააგრძელეს სასტუმროში ხეტიალი.

დილით მოვიკიდე ჩემი ჩანთა და ჩავედი დაბლა. კაცი გაკვირვებულზე გაკვირვებული დამხვდა.

– ფული – ვუთხარი და უსინდისოდ ავიღე კუპიურები.

– რა გული გქონია ასეთ შვილო? – მკითხა კაცმა.

– ჰმ… – ჩავილაპარაკე სიამაყით და გამოვბრუნდი. მაგიდის ქვეშიდან პატარა წრუწუნა გამოძვრა.

– ვაიმე თაგვი – ვიღრიალე და მაგიდაზე ავხტი – თაგვი, მოკალი, გააგდე, ვაიმე დედაააააა

ერთი ნახტომით კარებისკენ ვისკუპე და ცოტა ხანში მუხლებამდე თოვლში კისრისტეხით გავრბოდი.