უცხოპლანეტელთა ხომალდები დედამიწას მოუახლოვდა

ნასას საჰაერო დაზვერვის ოფიცერმა, რიჩარდ ფრიდრიხმა საგანგაშო სიგნალი გადასცა კაპიტანს. თანამგზავრების გადაღებულ სურათზე მკაფიოდ ჩანდა სამი ობიექტი, რომლებსაც დედამიწისკენ ჰქონდათ გეზი აღებული.

_ თუ ჩვენი გამოთვლები არ ტყუის სერ, 6 დეკემბერს ისინი უკვე დედამიწაზე იქნებიან – უთხრა რიჩარდმა კაპიტანს.

– მდა… – ჩაფიქრდა კაპიტანი – ესე იგი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. ის ჰამბურგერი უნდა შემეჭამა.

ნასამ განგაში გამოაცხადა და ლანჩზე წავიდა.

ამასობაში გახარებული უცხოპლანეტელები ხომალდზე ზეიმობდნენ და  შამპანურს შამპანურზე ხსნიდნენ.

– გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ გავასწარით კომეტას, რომელიც დედამიწას უნდა შეჯახებოდა 2012 წელს, ასე რომ პირველები ჩვენ იქ მივალთ!

ფანჯრიდან ჩანდა უკან ჩამოტოვებული გაბრაზებული კომეტა.

– სად დავჯდეთ, სად–ო – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თვალში მშვიდობის ხიდი მოხვდათ და აქეთ წამოვიდნენ.

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა მოახლოებული სამი ობიექტი და ქვების სროლა დაუწყო, მაგრამ ობიექტები არ ირხეოდნენ. მობილურებით შეიარაღებული ხალხი ვიდეოებს იღებდა და მერე იუთუბზე დებდა. რამდენიმე ცნობისმოყვარე ზედ აახოხდა კიდეც, მაგრამ დენმა დაარტყათ და უკან გადმოცვივდნენ.

– არ დაიჯეროთ უცხოპლანეტელების არსებობის, ეს მთავრობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია – გაჰკიოდა ქართული ოპოზიცია.

ამასობაში უცხოპლანეტელები დედამიწის შესახებ ინფორმაციას ეცნობოდნენ და ლედი გაგას უსმენდნენ, რომელიც ძალიან მოეწონათ და რაღაც გულთან ახლოს მოვიდაო, თქვეს.

როგორც იქნა გადაწყვიტეს თეფშიდან გადმოსვლა და მორიდებით შეათვალიერეს გარემო.

ამ დროს მოიჭრა სააკაშვილი ყვირილით , მე თქვენ ხინკალი როგორ არ უნდა გაჭამოთო და წაიყვანა რესტორანში. მეორე დღეს ყველა საინფორმაციო არხზე ტრიალებდა კადრები, როგორ ცეკვავდნენ უცხოპლანეტელები შალახოს და როგორ ჭამდნენ ხინკლის კუჭებს.

მეორე დღეს მათ დაათვალიერეს ქართული ღირსშესანიშნაობები და მოინახულეს პრეზიდენტის რეზიდენცია, სადაც თვით შერონ სტოუნი იყო ნამყოფი. ეს ჩვენთვის დიდი პატივიაო – განაცხადეს მათ და მწვანე სითხე გამოუშვეს.

გაჩაღდა რამდენიმე მხურვალე რომანი ქართველ გოგონას და უცხოპლანეტელ ვაჟს შორის. ქართველმა ღიპიანმა მამიკოებმა მთლად არ მოიწონეს სიძეები, მაგრამ სიყვარულს წინ ვერ აღუდგნენ და დალოცეს წყვილი.

რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობა ამჩნევდა უცნაურ მოვლენებს. ქრებოდა მათი სახლიდან ქვაბებით გაკეთებული საჭმელები, განსაკუთრებით სუპები და წვნიანი კერძები. ხანდახან ხრუპუნის ხმაც ესმოდათ.

სამ დღიანი გადაბმული ქეიფის მერე უცხოპლანეტელებმა ის განზრახვა, რომ დედამიწა გაენადგურებინათ და თვითონ დასახლებულიყვნენ აქ, უკუაგდეს და ისევ თავის პლანეტაზე დაბრუნება გადაწყვიტეს, სამაგიეროდ წაიღეს მჭადის ფქვილი და ღვინო შოთას მარნებიდან.

ამის მერე ხალხი კიდევ დიდხანს იხსენებდა უცხოპლანეტელთა ინტერვენციას და  უსმენდა ლედი გაგას.

პლანეტა მელანქოლია – სიკვდილის ცეკვა

რატომღაც ძალიან მიყვარს ფილმები სამყაროს აღსასრულზე. ასეთი ფილმები როგორც წესი  მაღალიუჯეტიანი და საინტერესოა. მაგრამ არა ამ მიზეზით ველოდი ამ ფილმს, ვიცოდი რომ ტიპიური ჰოლივუდური ტრილერი არ იქნებოდა და არც შევცდი.

ლარს ვონ ტრიერის დრამა, რომლის ორი ნამუშევარი მაქვს ნანახი- დოგვილი და ანტიქრისტე. საკმაოდ შთამბეჭდავი ქასტით – კირსტენ დანსტი, კიფერ საზერლენდი, ჩემი ვამპირი ალექსანდრე სკარსგარდი თავისი მამითურთ, სტელან სკარსგარდი, შარლოტა რემპლინგი და შარლოტა გეინსბურგი. ფილმი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირელი ნაწილი ერთ დაზეა – ჯასტინა, რომელსაც ქორწილი აქვს. მეორე ნაწილი მეორე დაზე – კლერი. პატარა პლანეტა, სახელად მელანქოლია დედამიწას უახლოვდება. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ პლანეტა დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუვლის, ნაწილი კი ამტკიცებს რომ დაეჯახება. პლანეტა მელანქოლია სიკვდილის ცეკვას ასრულებს დედამიწასთან – ხან უახლოვდება, ხან შორდება.

სიუჟეტი განსაკუთრებით მეორე ნაწილში იძაბება, როცა მელანქოლია ძალიან ახლოს მოდის დედამიწასთან. კლერი, ჯასტინა და კლერის პატარა შვილი განცალკევებული რანჩოდან აკვირდებიან მოვლენების განვითარებას მას შემდეგ რაც ჯასტინა ქორწილს ჩაშლის და დასთან გადმოვა.

არასდროს არც ერთ ფილმს სამყაროს აღსასრულზე ასე არ დავუძაბივარ, მუსიკალური გაფორმება არის უძლიერესი, ერთი კინოდ ჯერ მარტო მუსიკა ღირს. ძალიან მძიმე და შთამბეჭდავია.

ამის მეასედი ემოციაც არ გამოუწვევია არც 2012-ს და არც სხვა ამ ტიპის ფილმს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 7 მილიონი დოლარია. ისე განვიცადე ყველაფერი, თითქოს მეც იქ ვიყავი და მელანქოლია მეც მეჯახებოდა. ფილმი რომ დამთავრდა გული ისე მქონდა დამძიმებული, თითქოს მართლა მთავრებოდა ცხოვრება დედამიწაზე.

აი ლინკიც