მკვლელობა ბენზოხერხებით და მთებს აქვთ თვალები, თუ რაღაც მსგავსი

მარტო საშინელებათა და საშინელება–მისტიკის ჟანრს ბევრი რამე აქვს საერთო, მაგრამ ბევრი რამითაც განსხვავდება. როგორც ყველგან, აქაც გვაქვს კლიშეები, რომელიც ფილმების უმრავლესობაში მეორდება.

უმეტეს შემთხვევაში იქნება:

  • რამდენიმე თინეიჯერი მანქანით მიდიან კონცერტზე.
  • დასაწყისში იქნება გზისპირა პატარა მაღაზია ან სახელოსნო, სადაც ცოტა ხნით შეჩერდებიან და რომელსაც უცნაური პატრონი ეყოლება, რომელიც ბოროტად ჩაიხითხითებს.

დავიწყოთ.

ჯესიკა, ჯონათანი, სამანტა და კობა ჯესიკას ვილაზე შეიკრიბნენ და შეზლონგებზე წამოწვნენ. ჯონათანმა კობას ზურგზე მზის საწინააღმდეგო კრემი დაასხა და მონდომებით შეუდგა ზელვას.

– ჰეი, ნახეთ, მაგარი ბილეთები დავითრიე – კობამ ჯიბიდან ცნობილი როკ–ჯგუფის, ” მწვანე ტარაკანის” ბილეთები ამოიღო და ააფრიალა – არ წავიდეთ?

ჯესიკა ჯონათანს ჩაუჯდა კალთაში, ისინი შეყვარებულები იყვნენ, სამანტა კი კობას სკოლიდან მოყოლებული უყვარდა და სულ ცდილობდა რაიმე მიზეზით ერთად ყოფილიყვნენ.

გადაწყვიტეს წასვლა. ჯონის ძველი ვარდისფერი ფურგონი გამოიყვანეს და დაქოქეს.

– გზად რამდენიმე ძალიან მიტოვებული და საშიში სოფლის გავლა მოგვიწევს, სადაც ამერიკელი სამხედროები ატომურ აფეთქებებს ატარებდნენ და შეიძლება რაღაც ანომალიებს წავაწყდეთ – გამოაცხადა კობამ. გამხიარულებულმა საზოგადოებამ ყიჟინა დასცა.

მართლაც, რამდენიმე საათის მერე ტეხასის ძველ გზაზე გავიდნენ, სადაც საგზაო ნიშნებზე ბენზოხერხიანი კაცები ეხატა და დიდი ასოებით ეწერა “აქ არ წახვიდეთ, დაგხერხავენ”

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დასცა ყიჟინა და გზა გააგრძელეს.

– მოიცადეთ – თვალები მოიჩრდილა სამანტამ – იქ ვიღაცაა, ჩვენი დახმარება სჭირდება.

გზაზე ტანსაცმელჩამოხეული გოგო მოდიოდა, ყველგან სისხლები ეცხო, ჭრილობები დახეთქოდა და საშინლად გამოიყურებოდა.

– ეი, ხომ კარგად ხართ? – თავი გადაყო ჯონიმ – გინდა წაგიყვანოთ? თან გზას მიგვასწავლი.

– იქ არ წახვიდეთ – ჩაიჩურჩულა ხრინწიანი ხმით გოგომ – თორემ საშინელი სიკვდილი გელით…

– რაო? რა თქვა?

– რა ვიცი, მგონი დღეს ძველი ჰამბურგერი შევჭამეო.

ჯონი დაიჭყანა,  მხიარულად დაუქნია ხელი და სიჩქარეს მოუმატა.

შევიდნენ მიტოვებულ სოფელში. ირგვლის სიჩუმე და ნისლი იყო ჩამოწოლილი, კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდით ვერსად (გადამღები ჯგუფი რამდენიმე მაცხოვრებელს მიერეკებოდა სოფლის ბოლოში, კინოს ვიღებთ და ცოტა ხანი  გვაცადეთო)

სწორედ ამ დროს დაეშვა ოთხივე საბურავი და მანქანა გაჩერდა.

– ახლა რა ვქნათ? – იკითხა ჯესიკამ და საბარგულიდან არაყი ამოიღო.

– მოიცა, სცენარს ჩავხედო.

რამდენიმე წუთიანი დუმილის მერე ფეიდ აუთი გაკეთდა, როგორ სვამენ მეგობრები, როგორ ცეკვავს ტოპლესს ჯესიკა ჯონის მუხლებზე, როგორ უყურებს კობა სამანტას გამჭვირვალე მაიკას და როგორ უთვალთვალებთ ვიღაც სახლებიდან უზარმაზარი ლინზებით.

დაღამდა, ახლა კი შეშფოთდნენ და შერიფს დაუწყეს ძებნა, სწორედ ახლა შეამჩნიეს მთელი სოფელი ცარიელი რომ იყო, მართალია რამდენჯერმე შიშველმა კაცებმა გადაურბინეს კამერას, მაგრამ მაინც.

ახლა ხვდებიან, რომ მათზე ნადირობა დაიწყო, ისმის უცნაური ხმები, ხვნეშის, სირბილის, რამდენჯერმე მწარე ამოოხვრის ხმაც გაიგონეს და დაინახეს კოჭლობით როგორ წავიდა ვიღაც.

– უნდა შევიარაღდეთ – განაცხადა კობამ და ჯონის წყლის რევოლვერი მისცა.

მშვიდად იძინებენ. პირველი მსხვერპლი ჯესიკაა. მისთვის საშინელი მანიაკი მოდის – მეტსახელად ტყავის სახე. ის საშინელი სახის დეფექტით დაიბადა და იმის მერე სულ სახეს იჭიმავს სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით. ქოქავს თავის ბენზოხერხს და ჯესიკას ხერხავს.

კოშმარი იწყება. ჯესიკას ხელს გარეთ პოულობენ. მასზე ჯერ კიდევ დაფიქსირებულია შუა თითი.

ირგვლივ მთებზე საშინელი არსებები ირევიან, ისინი ატომურმა აფეთქებამ დაამახინჯათ და ახლა ადამიანებზე უნდათ შურისძიება.

ცოტა ხანში ჯონათანს ბრმა ნაწლავი შეტევას აძლევს და ისიც კვდება. კობა სამანტას გადასარჩენად იბრძვის, რომელსაც რამდენიმე დამუწუკებული არსება ბოროტი ხითხითით მიათრევს.

– კობაა… – ყვირის სამანტა და ირგვლივ ყველაფერს ხმა ეკარგება. შორიდან ისმის გულისცემის ხმა.  კობა შენელებული კადრებით იხედება სისხლიან ხელებზე. გულიცემა ძლიერდება და გმირული მუსიკა ედება.

– ე ბიჭო, დროზე, გათავდა ფირი – ყვირის რეჟისორი.

კობა იღებს ბენზოხერხს, რომელიც ტყავისსახას კედელზე მიუყუდებია და თვითონ ტუალეტში წასულა ღიღინით  და რამდენჯერმე ამოქოქავს ეფექტებით, მერე დაერევა ყველას და სამანტას იხსნის.

კობა და სამანტა შემაღლებულ ადგილზე დგანან და ერთმანეთს ეხვევიან. მოდის სამაშველო რაზმი და თბილ ადიელებში ახვევენ წყვილს.

კადრი ბნელდება.

6 თვის მერე…

სოფელში დიდი ფურგონი შემოდის. იქაც თინეიჯერები სხედან და “მწვანე ტარაკნის” მაისურები აცვიათ.

– ჯანდაბა, კიდევ? – ოხრავს რეჟისორი და აპარატურას მოათრევს.

 

insbired by – the texas chainsaw massacre 1-2, the hills have eyes 1-2 და მრავალი სხვა

მსგავსი პოსტი:

სასაფლაოს წყევლა – საშინელებათა ფილმის შედევრი

წითელქუდა – შავი ზღაპარი დიდებისთვის

ტყიდან გოგონა მორბოდა, გრძელ ქერა თმებს ქარი უფრიალებდა, ხელში კალათა ეჭირა.

– ვალერია, სად იყავი? რა გინდოდა ტყეში? – დედამ კალათა ჩამოართვა და გოგონა შეათვალიერა – შენ რა, არ იცი, რომ ტყეში მგელმა დაიდო ბინა, რომელიც ყველას გვაშინებს? რომელიც მაქციაა და დღე შეიძლება ყველა ჩვენთაგანი იყოს?

– ვიცი დედა, მაგრამ მე მისი არ მეშინია.

ვალერიამ წითელი მოსასასხამი კარებთან დაკიდა და კალათიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

დედამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ქოხიდან გავიდა.

პატარა სოფელში პანიკა იყო ატეხილი. ყოველ ღამე თავს საშინელი მგელი ესხმოდათ თავს და კლავდა მაცხოვრებლებს. მერე კმაყოფილი იფხანდა ქოჩორს და ღიღინით მიდიოდა ტყეში. საშინელება იყო.

– ეი, ვალერია, არ გინდა სადმე განვმარტოვდეთ? – ღიმილით მიუახლოვდა სიმპათიური და დაკუნთული მეტყევე გოგონას, რომელმაც დაიმორცხვა და სიგარეტი ჩააქრო.

– ჰანს, ხომ იცი, რომ მაქცია ყველგან შეიძლება იყოს, ის მხოლოდ ღამე იქცევა მგელად, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– ვიცი – უთხრა ჰანსმა და გამოჩრილი კუდი დამალა.

სოფელში ზარების რეკვა ატყდა. უკვე ღამდებოდა და გარეთ ყოფნა საშიში ხდებოდა.

ვალერიას ბოლო ღერი გაუთავდა და ვეღარ ითმენდა. ბოლოს შეიგინა,  მოიხვია წითელი მოსასხამი, რომელსაც კაპიშონი არ ჰქონდა და წითელქუდას რატომ ეძახდნენ, თვითონაც ვერ გაერკვია, და გაუდგა გზას.

ნელა მიდიოდა სიბნელეში. უკნიდან ფეხის ხმა ესმოდა. შემოტრიალდა, მაგრამ არავინ ჩანდა. იფიქრა მომეჩვენაო, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ განმეორდა. სწრაფად შებრუნდა და ხის უკან გამოშვერილი ბანჯგვლიანი ფეხები დაინახა.

– ჰეი – იყვირა ვალერიამ –რომელი ხარ.

მგელს ეგონა ვალერია ვერ ხედავდა და კმაყოფილი ხითხითებდა, თან ფეხებს აქნევდა.

– მე შენს გონებაში ვარ… – ხმა დაიბოხა მაქციამ და ექოს ეფექტი მისცა – ვარ… არ…რ….

– გონებაში კი არა, გამხმარი ხის უკან დგახარ.

მგელი გამოვიდა და ვალერიას მიუახლოვდა.

– ო ღმერთო, რატომ გაქვს ამხელა თვალები?

– იმიტომ, რომ კარგად დაგინახო…

– რატომ გაქვს ამხელა ყურები?

– იმიტომ რომ კარგად მოგისმინო…

_ რატომ გაქვს ამხელა ცხვირი?

– ნუ, კი ვიფიქრე რინოპლასტიკის გაკეთება, მაგრამ მერე  მითხრეს შენს ინდივიდუალიზმს დაკარგავო და რა ვიცი… ჰოდა, რას ამბობდი?

– რატომ გაქვს ამხელა პირი?

– იმიტომ რომ კარგად შეგჭამო… – ჩაიღრინა მგელმა და სენდვიჩის პურები შუაზე გადახსნა.

ვალერიამ იკივლა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მგელს ბებიის ჯოხი მოხვდა თავში.

მოიცა, ბებია რომ აქამდე არ გვიხსენებია? – თავი მოიქექა რეჟისორმა და სცენარს ჩახედა.

– ვერავინ გაბედავს ჩემი შვილიშვილის შეჭმას – იყვირა ბებიამ და წიხლი ამოსცხო.

ვალერიმ და ბებიამ მგელს ხელები დაუბეს და ხეზე მიაკრეს.

კადრი შორეული უდაბნოდან. გაკვირვებული მონადირე ხელებს შლის გაოცებული. 

– უი, მონადირე დაგვავიწყდა – ამბობს რეჟისორი და ზღაპარს ფურცლავს. 

ფინალური სცენა

თენდება და მგელი ერთ–ერთ მათ თანასოფლელად უნდა გადაიქცეს. დაძაბული ვალერია და ბებია უყურებენ.

– იქნებ დედაა? ან მამა? ან იქნებ სულაც ჰანსია? ან იქნებ… იქნებ მე ვარ?

 რეჟისორი ფიქრობს, ფიქრობს, იმდენს ფიქრობს, რომ ბოლოს ბეზრდება და მიდის.

– ვალერია – ყვირის დედა.

– აქ ვარ – ბოხი ხმით ამბობს ვალერია და სიგარეტს აბოლებს.

inspired by red riding hood 2011

სასაფლაოს წყევლა – საშინელებათა ფილმის შედევრი

რამდენიმე აუცილებელი მომენტი:
1. თუ საშინელებათა ფილმის რომელიმე გმირს ჰყავს ძაღლი ან კატა, უფრო კატა, მაშინ ფილმის ბოლოს ეს ცხოველი აუცილებლად საშინელი სიკვდილით დაიღუპება.
2. აუცილებლად იქნება კადრი, სადაც დაკეტილი ონკანიდან წყლის წვეთები მოჟონავს.

ოთხი მეგობარი, იანი, ჯენა, სტეფანი და გოჩა სკოლის დამთავრებას ზეიმობენ მათი მეგობრის გამართულ ფართიზე. სანამ მათი მსუქანი კლასელი ცირა მაგიდაზე ცეკვავს და ღიპს ათანთალებს, ისინი გადაწყვეტენ გართობის უკეთესი გზა გამონახონ. იანი საიდუმლო ხმით ჩურჩულებს:

–  სასაფლაოზე წავიდეთ… გამიგია ღამე იქ მოჩვენებები დადიან… დასალევი წავიღოთ და გავერთოთ, რას იტყვით?

ისინი თავს იქნევენ. კამერა ზევით ადის და რამე უაზრო კადრს გვიჩვენებს, მაგალითად ანტენას. მერე დაძაბული მუსიკის ფონზე სასაფლაო ჩანს,  სადაც ბალახებს ნიავი არხევს და ბალახში ჩაწოლილი თხუნელები ნიავს დედას აგინებენ.

ჯენა არაყის დიდ ბოთლს ძუძუებში იტენის, ფანრებს იღებენ და მიდიან.

გზაში რამდენიმე თინეიჯერული უაზრო ხუმრობა, მაგალითად ის, რომ წუხელ იანმა დაინახა, როგორ გამოდიოდა ჯენა მისი მეზობლის ოთახიდან და მთელი ღამე იქიდან საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა.  ამაზე ჯენა პასუხობს, რომ მათ ამისთვის საწოლი არ გამოუყენებიათ და ჩუმად ხითხითებს.

წინ მთელი თავისი საშინელებით და სიდიადით წარსდგება სასაფლაო, უზარმაზარი ჭიშკარით. მთვარე ანათებს, იქაურობა ნისლითაა დაფარული. (გადამღები ჯგუფი სპეციალურ გაზს უშვებს ეფექტებისთვის და თან ხველებით იხრჩობა)

მეგობრები ცოტა ხნით შედგებიან და ამ სანახაობით ტკბებიან, მერე ერთანეთს გადახედავენ.

– როგორ ფიქრობთ, იქ შესვლა მართლა საშიშია ? – ჩურჩულით ამბობს ჯენა და თან მხარზე დაკონწიალებულ მოჩვენებას იშორებს.

– კარგით რა, რისი გეშინიათ, შევედით.

სტეფანი ჭიშკარზე მიღოღავს და თამამად ხელს უქნევს, გადმოდითო. ყველანი გადადიან იქით მხარეს.

სიტუაცია იმუხტება, ისეთი საშიში აღარაა, როგორც ჩანდა. რომელიღაც საფლავის ქვასთან ჯდებიან და არაყს სვამენ.

გოჩა საფლავთან ძველ და გაყვითლებულ ფურცელს აღმოაჩენს, რომელიც მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრითაა ამოწეული.

– მოიცათ, რაღაც ვიპოვე – ყვირის გახარებული.

ფურცელს ზედ დიდი ასოებით აწერია “თუ წაიკითხავ მოკვდები”. აჟიტირებული გოჩა საფლავის ქვაზე ადის და გამოთქმით კითხულობს. მეგობრები ტაშს უკრავენ და ჭყლოპინებენ.

კადრი შორიდან:

კამერა ტყიდან მოქრის, რამდენიმე მოხვეულ გზას გამოივლის, ისმის ოპერატორის გინება, რომელმაც რაღაცას ფეხი წამოკრა. ვიღაც ბუჩქებიდან ჩუმად უთვალთვალებს ახალგაზრდებს.

შემთვრალი იანი ჯენას ეტმასნება და კოცნას უპირებს, მაგრამ ჯენა თავს არიდებს. გოჩა და სტეფანი ნაზად შეჰყურებენ ერთმანეთს თვალებში. ამ დროს ტყიდან ხმაური მოესმებათ და ფეხზე წამოხტებიან. უაზროდ იყურებიან ყველა მხარეს.

– ეს რა იყო?

– უი ბოდიში – თავში ნაჯახჩარტყმულმა მოჩვენებამ დარცხვენით დაუქნიათ ხელი და გატანტალდა. დამშვიდებულები ჩამოჯდნენ.

ასი წლის წინ:

აქ, ამ ტყეში ოთხი ახალგაზრდა დგას, სამი ბიჭი და ერთი გოგო. ძველებური ტანსაცმელი აცვიათ. მათ თავს რაღაც საშინელი არსება ესხმით და კლავთ, მერე ამოთხრილ საფლავებში მიათრევთ და მიწას აყრის. თან უკმაყოფილოდ აგინებს რეჟისორს, სხვა როლი რომ ვერ გაიმეტა. საფლავის ქვაზე სისხლიანი ხელის კვალი ეტყობა. 

– ხომ არ წავიდეთ – ამბობს იანი, რადგან ჯენასთან არაფერი გამოსდის და დგება. გოჩა და სტეფანი ისევ ნაზად შეჰყურებენ ერთმანეთს. საფლავებიდან ყრუ ხმა ისმის და ქარი ფოთლებს თვალებში აყრით. საფლავის ქვაზე სისხლიანი ხელის კვალი ჩანს (მე რა რომ ასი წელი გავიდა, ეს ხომ კინოა)

– იქ რაღაც სახლია, წავიდეთ დავიმალოთ – ყალბად კივის გოჩა და ხელების ქნევით მირბის. დანარჩენებიც მისდევენ. შევარდებიან სახლში და კარებს კეტავენ. კარებს იქითა მხრიდან ვიღაც ეჯაჯგურება.

– მოიცა კაცო გააღეთ, კამერა შემოუშვით – ყვირის რეჟისორი.

სახლი მიტოვებული და საშიშია. ონკანიდან შავი წყალი მოწვეთავს (ხომ ვთქვი).

– თავზე მოჩვენებების წყევლა დაგვატყდა, ის წერილი არ უნდა წაგვეკითხა – პათეტიკურად ამბობს ჯენა და თვალებს ატრიალებს.

– ის ჰამბურგერიც არ უნდა შემეჭამა – შეწუხებული სახით ამბობს სტეფანი და მუცელზე ხელს ისმევს.

ფანჯარა იმტვრევა და შავი ლაქა სახლში შემოდის. ეტაკება სტეფანს და შიგნით შეუძვრება. ბიჭი ხელებს ასავსავებს და კვდება. გოჩა ტირის.

კარებს აღებენ და გარბიან. ლაქა წინ ხვდებათ და ახლა ჯენას კლავს. გოჩა და იანი ხედავენ რომ სამი საფლავი გათხრილია, ისინი კი ოთხნი იყვნენ.

– ეს წაიყვანე ეს – ყვირის იანი და გოჩაზე უთითებს, მაგრამ ლაქა ახლა მას ესხმის თავს და კლავს. მობუზული გოჩა კანკალებს.

– შვილო, გოჩა… – ისმის ხმა – გამოდი სინათლეზე…

ტყისკენ სინათლის სვეტი მოჩანს. გოჩა იქით მილასლასებს.

– მე შენი წინაპარი ვარ – ჩურჩულებს ხმა – ასი წლის წინ ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ახლა კი იგივე განმეორდა, ეს რიტუალია… მაგრამ მე შენ დაგიცავ, მე შენი ბიძაშვილის სიძის ბაბუის წინაპარი ვარ! გაიქეცი გოჩა!

გოჩა მირბის, მაგრამ მოჩვენება ფეხს დაუდებს და წაიქცევა. დაძაბული ფინალური ბრძოლა. მოჩვენება ფეხით მიათრევს საფლავისკენ.

– არა – ყვირის გოჩა – მე ვიცი შენ კეთილი ხარ, არ გინდა ამის გაკეთება, სანამ დროა გამოფხიზლდი, მიიხედ მოიხედე ამ ქვეყნად რამდენი სიკეთე და სილამაზეა, დატკბი ამ სინატიფით…

სანამ გადაბჟირებული მოჩვენება მიწაზე გორავს და სიცილით ცრემლები მოსდის, გოჩა მირბის  და ჭიშკრის მეორე მხარეს გადავა. რადგან ლაქამ მეოთხე მსხვერპლი ვერ იპოვნა, ძალებს კარგავს და ქრება.

გადარჩენილ გოჩას ცრემლები მოსდის, ის ცოცხალია… თურმე რამდენი რამე აქვს გასაკეთებელი, თურმე როგორ აფასებს ცხოვრებას… (გმირული მუსიკა)

– უი, ნახე ირემი – ისმის მონადირის ჭყლოპინი და მკვდარი გოჩა დაბლა ეცემა.

დასასრული 

– აუ სერიოზულია, აი ნახე რა პოპულარული გახდება – რეჟისორი და მისი ასისტენტი ბარგს ალაგებენ და ფეხმოტეხილ ოპერატორს მოათრევენ – ეჰ, ჩვენ მაინც ვის ვატყუებთ.

გაქცევა ციხიდან

“გამარჯობათ, მე მაიკლი ვარ. თავგადაპარსული და ძალიან სიმპათიური ბიჭი, ნუ ყოველ შემთხვევაში გოგოები ასე თვლიან.

გაინტერესებთ საიდან მოვხვდი ამ გაუგებრობაში, კერძოდ კი ციხის საკანში? ამას ახლავე მოგიყვებით.

ჩემი ძმა ანზორა დაიჭირეს სახელმწიფო დანაშაულისათვის, კერძოდ ერთ–ერთი ჩინოვნიკის მკვლელობისათვის. მართალია ამტკიცებდა, რომ მთვრალები მოვდიოდით და იმ კაცს ტრაქტორმა გადაუარაო, მაგრამ ვერაფრით დაამტკიცა.

მე ძალიან მიყვარს ჩემი ძმა, ამიტომ შემოვიპარე ციხეში და თან ცარიელი ხელებით არა.”

მაიკლი საწოლის ქვეშ ბომბების და იარაღების არსენალს გვიჩვენებს და ვარდისფერ ფუმფულა გადასაფარებელს აფარებს.

“უი, და კიდევ ტანზე ციხის გეგმა მახატია.”

მაიკლი მაისურს იწევს და მოხატული ტანი უჩანს.

“მართალია თავიდან შემეშალა და 50 ცენტის სვირინგი დავიხატე, მაგრამ მერე გამახსენდა რაც უნდა მექნა. არა, ნუ გეშინიათ, სამუდამო არაა, ფლომასტერით მაქვს მიხატული.

ჩემი გეგმა ასეთია. უნდა გავთხარო მცირე გვირაბი საკანალიზაციო მილიდან მთავარ შენობამდე და გავიდე სიკვდილმისჯილთა საკანში. იქ მოვიფიქრებ რამეს, სერიალია ბოლო ბოლო.

საკანში ჩემთან ერთი ლათინოსი ბიჭია. არა, კაი ბიჭია, ცუდს ვერ იტყვი, მაგრამ ღამე წინააღმდეგობას მიწევს ხოლმე და ვერაფრით ვერ გავაჩუმე. მაშ ასე, მოვემზადოთ, ოპერაცია –ციხიდან გაქცევა – იწყება.”

მაიკლი სათამაშო ნიჩბით თხრის კედელს და ნინო ჩხეიძის პლაკატით ფარავს. როცა მცველები იძინებენ, ძვრება გვირაბში, თან ტანზე იყურება სარკეებით, რომ გეგმა კარგად დაინახოს.

გვირაბიდან სიკვდილმისჯილთა საკანისკენ მიხოხავს და ხედავს როგორ ქვითინებს ანზორი.

“რა მინდოდა იმ რესტორანში… ხომ ვიცოდი შარი იყო… არ მინდა სიკვდილი”

მაიკლი ჯერ არ აგებინებს ძმას, რომ აქაა, ჯერ გეგმა უნდა განახორციელოს. ცარცით ნიშნავს ადგილს და უკან ბრუნდება. ხვალ საღამოს ის და თავისი ძმა ციხიდან გაიქცევიან.

საკანში დაბრუნებულს თავისი მეგობარი ხვდება მეორე კამერიდან და საბანაოდ წასვლას სთავაზობს ეშმაკურად აწეული წარბებით. მაიკლი ლამაზ პენუარს ისხამს და მიყვება.

ცოტა ხანში ჯონი გულმოდგინედ უხეხავს ზურგს და არამარტო. გამოსულ მაიკლს სხეულზე ტატუირების ნატამალიც კი აღარ ეტყობა.

– არააა. – ღრიალებს ის და პენუარს ტანზე იფხრეწს – მე მითხრეს წყალგამძლე ფლომასტერიაო, არააააა….

კამერა ზევით ადის და აჩვენებენ როგორ ისმის მაიკლის ღრიალი მთელს მსოფლიოში. შეწუხებული პოლ შერინგი კალამს დებს და ოხრავს.

– ეჰ, ეს სცენარიც წყალში ჩამეყარა, რამე ახალი უნდა მოვიფიქრო.

 

პ.ს. კაცმა არ იცის საიდან გამახსენდა ეს სერიალი, სულ ორი სეზონი მაქვს ნანახი 🙂

 

კიდევ ერთი ვამპირის ისტორია

“ძვირფასო დღიურო, რამდენიმე დღეა, რაც ამ ქალაქში ჩამოვედი. გადავწყვიტე დღიურის წერა დამეწყო. მე ჯეინი მქვია.17 წლის ვარ.  სულ დასაბანი თავი მაქვს და მიყვარს კაცის პიჯაკების ტარება. სახეზე ყოველთვის შეწუხებული გამომეტყველება უნდა მქონდეს, რა ვქნა, ასე მიწერია კონტრაქტში. დღეს ახალ სკოლაში მივდივარ. ძალიან ვნერვიულობ. რატომღაც მგონია, რომ დღეს ჩემი ოცნების მამაკაცს შევხვდები”

ჯეინი მართლაც შეხვდა თავის ოცნების მამაკაცს. ის სხვებს არ ჰგავდა. რიჩარდი სკოლაში წამოსვლამდე ერთ საათით ადრე დგებოდა, სახეზე ტონალურის და პუდრის წასმა რომ მოესწრო. ამიტომ კანის ფერი მუდამ თეთრი ჰქონდა… რაც მას იდუმალ იერს ანიჭებდა…

ჯეინმა დაინახა თუ არა, თვალი ვერ მოაშორა სასადილოში შემოსულ რიჩარდს, რომელსაც თმები უფრიალებდა და შენელებული კადრებით მოაბიჯებდა. ჰაერში მაშინვე გაიბა უხილავი სიყვარულის ძაფები.

– კარგით რა… ვამპირი ბიჭის და გოგოს სიყვარული, რომელთან ერთად ყოფნა არ შეუძლიათ… რა ბანალურია… – თქვა გაბრაზებით მაგიდასთან მჯდარმა მაიმუნმა და სათვალეები მოიხსნა – მერე ჩვენ გვეძახით პრიმატებს – მაიმუნმა წიგნი დახურა და სასადილო დატოვა.

მოხდა სასწაული და ისინი ქიმიის გაკვეთილზეც ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩდნენ.

– მე რიჩარდი მქვია – უთხრა ბიჭმა – უცნაური ბიჭი ვარ, მიყვარს რომანტიკა და ყვავილების ყნოსვა, პეპლებიც მიყვარს…  ამ სამყაროში იმდენი ლამაზი ქმნილებაა… მზად ვარ გავიჭრა მინდორში და ყველაფერს მოვეფერო… შენ რა გქვია?

– ჯეინი – უთხრა გოგომ ხმის კანკალით.

“ძვირფასო დღიურო, ის ისეთი მეოცნებეა, ისეთი ლამაზი… ოდნავ ოთხკუთხედი თავი აქვს, მაგრამ მერე რა… მთელი მსოფლიოს თინეიჯერები მასზე გიჟდებიან… მიყვარს. ამას დღესვე ვეტყვი…”

რიჩარდმა სკოლის მერე ჯეინი ტყეში წაიყვანა. ბევრი არბენინა და როცა ჯეინი ძალაგამოცლილი დაეშვა მიწაზე, რიჩარდმა განუცხადა რაღაც უნდა გითხრაო.

– გისმენ – უთხრა ჯეინმა

რიჩარდმა პერანგი გაიძრო და მკერდი მზეს მიუშვირა.

– ახალი ლოსიონი მაქვს, მბზინავი ეფექტით, თუ გინდა უსუნე, ვარდის სუნი აქვს.

– ო ღმერთო – წამოსცდა ჯეინს – შენ ვამპირი ხარ… მაგრამ ადამიანის სისხლს არ სვამ…

რიჩარდმა მიმხრჩვალი მონადირე გვერდით მოისროლა და პირი მოიწმინდა.

– არა, ადამიანის სისხლს არა, მარტო ცხოველების…

– შენ… შენ მშვენიერი ხარ… მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? ერთად როგორ ვიქნებით? ეს ხომ კინო არაა, ეს ცხოვრებაა რიჩარდ…

– ცდები პატარა – უთხრა ბიჭმა და კამერებისკენ მოახედა – ეს ჩვენი რეჟისორია, ეს მისი პირველი ასისტენტი, ესეც ოპერატორი…

დარცხვენილმა ჯგუფმა ხელი ნაზად დაუქნიეს.

” ძვირფასო დღიურო… რიჩარდი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი ბავშვობის მეგობარი, ტონი გამოჩნდა… მას საშინელი წყევლა აქვს, პერანგის ჩაცმა არ შეუძლია… მის მიმართაც მაქვს რაღაც სიმპათიები… არ ვიცი როგორ მოვიქცე…”

დღიურს მობეზრდა ამდენი სულელური ამბების მოსმენა და თავი მოიკლა.

– ჯეინ, შენმა მეგობრებმა მოგაკითხეს, გარეთ გელოდებიან – უთხრა სახლში მისულ გოგოს მამამისმა.

– რომელმა მეგობრებმა მამიკო?

– ვამპირმა და მაქციამ შვილო.

გარეთ რიჩარდი და ტონი ელოდებოდნენ. ჯეინს გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

– აბა გვითხარი ჯეინ, რომელს ირჩევ?

მუსიკა ავისმომასწავებლად დაიძაბა.

– ამას ფილმის შემდეგ ნაწილში გაიგებთ – მხიარულად წამოიძახა ჯეინმა და  კუნტრუშით მიაშურა სახლს.

 

p.s ვიცი ჩამქოლავენ, მაგრამ ვრისკავ მაინც 😀 🙂 🙂