ათი დღის შემდეგ

ყოველთვის შურით ვუყურებდი ჰოლივუდის ვარსკვლავებს და მოდელებს, მშობიარობის მერე როგორ სწრაფად უბრუნდებოდნენ ჩვეულ ფორმებს და რამდენიმე თვეში ისევ პოდიუმზე და კინოში ბრუნდებოდნენ. მათი უმრავლესობა ამას დიეტებით და სპორტ-დარბაზებში ხანგრძლივი ვიზიტებით ახერხებდა.

სულ მეგონა, რომ ბავშვის გაჩენის მერე, მით უმეტეს საკეისროს (რაზეც ლეგენდებად დადის დიდი თანთალა მუცელის დარჩენა და ა.შ) ძველებურ ფორმებს მალე ვერ დავიბრუნებდი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ეს ასე არ მოხდა.

მე – საკეისროდან ათი დღის შემდეგ.

 

 

 

ჰოდა მიხარია… 🙂 🙂 🙂

წინა საკეისრო დღიურები

დარჩა სულ რაღაც ერთი დღე და საკუთარი ფეხით, გამზადებული ჩანთით და საბუთებით წავალ დიდ შენობაში, სადაც წეროებს ბავშვები მოყავთ. ყველაზე საოცარი ის არის, რომ საკესროს დღე, რომელიც ექიმმა დანიშნა,  ჩვენი ქორწინების წლისთავს ემთხვევა. ამაზე დიდ საჩუქარს ჩემს ქმარს ალბათ ვერ გავუკეთებდი.

რაც შეეხება წინა საკეისრო განცდებს და ნერვიულობებს, ვარ ოლიმპიური სიმშვიდით, ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მართლა არ ვნერვიულობ, დაახლოებით ვიცი წინასწარ რაც მელის და იმიტომ, დეტალებში შევისწავლე სპინალური გაუმტკივარება, ვუყურე ვიდეოებს, ფორუმებზე წავიკითხე ათასი თემა და გვერდი, თან ჩემი მეანი ისეთი მშვიდია, რომ ძალაუნებურად მისი სიმშვიდე შენც გედება, ისე აუბრალოებს მთელ პროცესს, ნერვიულობის შეგრცხვება კიდეც.

მე რაც შემეხება, მთელმა ცხრა თვემ ისე ჩაიარა არც გამიგია, თავი-ბოლო 6 კილომდე მაქვს მომატებული, ჯერ ვერ გამიაზრებია რა ხდება, დედობრივი ინსტინქტები არასდროს ყოფილა ჩემში, ვერც ზღაპრები ვუკითხე და ვერც სიმღერები ვუმღერე, მაგრამ იმედია ყველაფერი შეიცვლება.

ჩემს ირგვლივ ყველა ნერვიულობს, ჩემი ქმარი ყოველღამე ისე მეხუტება ლამის დამახრჩოს, მე ვამშვიდებ აქეთ ყველას, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც ამ პროცესის გადატანა მოუწევს, მით უმეტეს რომ ყველაფერი გეგმიურია და ნორმის ფარგლებში.

ესეც ჩემი გოგოსთვის:

ასე რომ წარმატებები მისურვეთ.

Another B-day party

როგორც შეატყობდით ძალიან მიყვარს ბი დეი ფართები, იგივე დაბადების დღის საპატივცემულოდ გამართული დღესასწაულები. ამჯერად სუპერ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიხდა ამ წვეულებაზე წასვლა, სადაც სხვათაშორის წინა წელსაც ვიყავი.

ექსტრემალური იმიტომ რომ, თვის ბოლოს მე და ბადრიმ საცხოვრებელი სახლში შევიცვალეთ, ამაზე უკვე სხვა პოსტში, მაგრამ მთლიანად გამტვერილი და უაზროდ დაღლილი ვალაგებდი ნივთებს, პლიუს სახლში ხელოსანი, რომელიც გვიანობამდე არ გეგმავდა წასვლას, უამრავი და საშინელი ნაკაწრები და დალურჯებები მთელს სხეულზე (რამის მოძებნა რომ მჭირდებოდა, ოთახებში აღმართულ ბარიერებში უნდა მევლო) ასე რომ როცა 7 საათი გახდა, უკვე წასვლის იმედიც აღარ მქონდა.

7ზე ხელოსანმა გამოაცხადა მოვრჩიო, ბადრიც მოვიდა და გადაწყვიტეთ კიდეც წასვლა. დავივიწყე ჩემი დაღლილობა და შევეცადე მაქსიმალურად კარგი დრო მეტარებინა.

გავიხსენე ძველი ჩვეულებანი.

ჰო კიდევ, უკვე მეშვიდე თვეში ვარ, მაგრამ ისეთი პატარა მუცელი მაქვს, რომ ხშირად მავიწყდება კიდეც, საღამოს განმავლობაში ცეკვის დროს  რამდენჯერმე გამაფრთხილეს ნუ ხტუნავო და მეც შეშინებული ვიდებდი მუცელზე ხელს, მაგრამ პროტესტი არ გამოუხატავს ჯერ… 🙂

ვეცდები ამდენი ხნით აღარ დავიკარგო, ინტერნეტი გუშინ გამოიყვანეს.

ორსულობის მეხუთე თვე

და აი მიიწურა ჩემი ორსულობის მეხუთე თვეც. შეიძლება ითქვას უსიმპტომო ორსულობა მაქვს, ხანდახან ეჭვიც მეპარება, მართლა ასეა? ვერაფერს ვერ ვგრძნობ. მუცელიც კი არ გამზრდია ჯერ 🙂 წონაში კი ზამთრის მერე 2 კილო მაქვს დაკლებული.

ექიმები მეუბნებიან ყველაფერი ძალიან კარგად მიდისო, გუშინ ექოსკოპიაზეც ვიყავით, მაგრამ ის რაც ყველაზე ძალიან გვაინტერესებდა – სქესი – ვერ გავიგეთ. სავარაუდოდ გოგოაო, მაგრამ მე ბიჭი მგონია და რატომღაც ძალიან მინდა. ბადრი ბედნიერი სახით ადევნებდა თვალს მონიტორს, მე ვერაფერი დავინახე, არადა მომეგრიხა კისერი გვერდზე ყურებით.

ცხოვრებას ძველებურად ვაგრძელებ, ჯერ-ჯერობით ორსულობის პრივილეგიებით ვერ ვსარგებლობ (ადგილის დათმობა, რიგში გატარება) მუცელი საერთოდ არ მეტყობა, ძველებურად ვიცმევ საყვარელ მაისურებს და მოკლე შორტებს.

რამდენიმე დღეა ბავშვის მოძრაობა ვიგრძენი.  ძალიან უცნაური გრძნობაა, თითქოს რაღაც სკდება შიგნით. ექოზე ექიმმა ერთი წუთით არ ისვენებს, ყირაზე გადადისო 🙂

ჯერ-ჯერობით ყველაფერი ძველებურადაა. ესეც რამდენიმე ფოტო. მე – ხუთი თვის ორსული 🙂

ბოლო რამდენიმე კვირაა ალუჩა მინდოდა კატასტროფულად. ალუჩა კი ნახა ბადრიმ, მაგრამ ახლა ბროწეული მინდა სიგიჟემდე 😦

ჩემი წითელი თმები კი წარსულს ჩაბარდა, ოდნავღა დარჩა ფერი.

რა ხდება ჩემს თავს

დიდი ხანია პირადი პოსტის დასაწერად ვერ მოვიცალე, აი ისეთი, მართლა პირადი პოსტით, მით უმეტეს, რომ ბევრი რამე შეიცვალა და კიდევ ბევრი შეიცვლება.

ესე იგი რა ხდება… ყველაზე მთავარი ის, რომ უკვე ორი თვის ორსული ვარ. გუშინ  გულისცემას მოვუსმინეთ, მონიტორზე მე ვერაფერი დავინახე, მაგრამ როგორც ბადრი მეუბნება, წერტილი უკვე აღარ არის, ლობიოს მარცვლის ხელაა და ჩანასახის ფორმა აქვს. ორსულობის არანაირი სიმპტომი არ მაქვს, არც გულისრევა, არც ხასიათის შეცვლა, ძველებურად ვაგრძელებ ცხოვრებას, ხანდახან ეჭვიც მეპარება, ეს ყველაფერი ხომ არ დამესიზმრა-თქო.

მეუბნებიან რომ გავსუქდი, რამდენიმე კილო მართლა მაქვს მომატებული, მაგრამ ამას ორსულობას არ ვაბრალებ, ზამთარში ყოველთვის ვიმატებ. ბადრი გახარებულია, არ უყვარს როცა სიგამხდრით ყურები მეზრდება ხოლმე 🙂

კიდევ… გარეთ იშვიათად გავდივარ, დაბლა საშინლადაა მოყინული, ძირითადად სახლში ვარ, ვცდილობ არ დავიღალო. ამ ბოლოდ დროს ძალიან გავზარმაცდი და გვიან ვდგები, ისიც იმიტომ, რომ საძინებელში ძალიან ცივა, არადა ძილისთვის კარგია სუფთა ჰაერი, იქ გამათბობელს ვერ შევიტან.  სტრატეგია მაქვს შემუშავებული, 30-მდე ვითვლი და ისე ვდგები სწრაფად, რომ მერე ისევ არ დამეზაროს.

მალე ჩემს ჰობს დავუბრუნდები, ძალიან კარგი საკერავი მანქანა მიშოვნა ბადრიმ, თან ვფიქრობ ზაფხულში უკვე უზარმაზარი მუცელი მექნება და საღამოს კაბების კოლექცია, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა, ჩემს ტანზე აღარ გამოვა 🙂

ჯერ-ჯერობით სულ ესაა… ველოდები გაზაფხულს, თორემ მოწყენილობით სული მხდება.

უი მართლა, გინეკოლოგმა მითხრა სახეზე გეტყობა ორსულობაო, ნეტავ რატომ? შეშუპებული და დასიებული მგონი არ მაქვს, არა?

 

ჩემი პირველი ტესტი ორსულობაზე

არასასურველი ორსულობა არ არსებობსო, არის ასეთი გამონათქვამი, მაგრამ არსებობს სიტუაციები, მაგალითად ჩემი, როცა ცოტა ადრე მიგაჩნია შვილის ყოლა, ან როცა არ ხარ მზად, თუნდაც ფსიქოლოგიურად და თუნდაც ფიზიკურად. ჯერ 22 წლის ვარ და ვთვლი, რომ არსად არ მეჩქარება, კიდევ რაღაც პერიოდი მინდა ასეთი მდგომარეობა შევინარჩუნო.

ბოლო ორი კვირაა გამიჩნდა სიმპტომები იმის, რომ ეჭვი შემპარვოდა რაღაც-რაღაცეებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქრონიკული დაავადება ზუსტად იგივე ნიშნებს იძლევა, როგორსაც ორსულობა – გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ეს ორი კვირა მაინც მოვკვდი ნერვიულობით. უამრავი სურათი წარმოვიდგინე, რა იქნება მომავალში, როგორ იქნება, ბოლოს უკვე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მოხდა.

ერთი სიტყვით ყველაფერი თავდაყირა დამიდგა, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი და მალე უნდა გამომეღვიძა.  რომ წარმოვიდგენდი, რომ ცოტა ხანში შეიძლებოდა დედა გავმხდარიყავი, როცა თავს ჯერ ისევ ბავშვად ვგრძნობ, გული მისკდებოდა.

გუშინ ბადრიმ ტესტი მომიტანა. უკვე ბევრჯერ ვახსენე, რომ ბადრის ძალიან უნდა ბავშვები, ახლაც სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. მთელი ღამე უცნაური სიზმრები მტანჯავდა. როგორც იქნა გათენდა დღევანდელი დღე.

ღრმად ამოვისუნთქე, ავიღე ტესტი და შევედი აბაზანაში. ათი წუთი თვალგაშტერებული ვუყურებდი ერთ წითელ ხაზს და ვფიქრობდი, რა რეაქცია მექნებოდა, მეორე ხაზიც რომ გაწითლებულიყო. არ გაწითლდა.

მერე ერთი ათი წუთი ვტიროდი.