რეალობა თუ ფანტაზიის ნაყოფი?

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგზე ხშირად ვწერ ზებუნებრივ ისტორიებს და მიყვარს მისტიკა, არასოდეს შევსწრებივად ასეთ ფაქტს, გარდა რამდენიმე ისეთი მოვლენისა, რომელსაც სავარაუდოდ ჰქონდა ლოგიკური ახსნა.

ამას დაერთო ისიც, რომ წუხელ პატრიცია არკეტის “სტიგმატას” ვუყურე და მთელი ღამე უცნაურ სიზმრებში ვიყავი გახვეული. მერე დავფიქრდი – ნუთუ არასდროს არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც შეიძლება ზებუნებრივ მოვლენად ჩავთვალო. პრინციპში არც არაფერი.

ყოველთვის მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენა, ვინ რა შეემთხვა, რა გადახდა თავს, რა დაინახეს ღამე საფლავებთან, მაგრამ მე არ მაქვს ასეთი ისტორია და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვწერ ასეთ თემებზე, გულის სიღრმეში ალბათ არც მჯერა.

დამიწერეთ კომენტარებში, იქნებ თქვენ გადაგხდენიათ  თავს რამე ზებუნებრივი მოვლენა, ან იქნებ ერთ მოჩვენება მაინც გყავთ ნანახი, ან რამე ისეთი, რაც ბუნებრივ კანონებში არ ჯდება.

თეთრი სიკვდილი

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისე სწრაფად, რომ ვერ მოვასწარი გამეგო რა ხდება. არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა, ან საერთოდ კიდევ სრულ ჭკუაზე ვარ თუ შევიშალე, მაგრამ ის ვიცი, რომ ახლა შეიძლება უკანასკნელ წუთებს ვითვლი სიცოცხლის, ამიტომ ყველაფერი უნდა მოვყვე.

ამ წუთას მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემს სახლში ვართ, მე კომპიუტერთან ვზივარ და ვწერ, მაგრამ ხელები საშინლად მიკანკალებს. ჯესი ნერვიულად დადის ოთახებში და სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. ისევ ჯობია ყველაფრის მოყოლა თავიდან დავიწყო.

დღეს დილით კარებზე საშინელი ბრახუნი ატყდა. შეშინებულმა გავაღე და  დავინახე ჯესი. სახლში შემოვარდა და კარები მაგრად ჩაკეტა.

– რა ხდება? – ვიკითხე ნამძინარევი სახით და უკან გავყევი.

– არ დაიჯერებ – მითხრა – მაგრამ მოგიწევს, ყველაფერი უნდა მოგიყვე, არ მინდა მარტო ვიყო.

– კი ბატონო, გისმენ – ვუთხარი და ჩამოვჯექი, რა ვიცოდი, რომ ასე ვინანებდი.

ჯესი რამდენიმე დღეა რაც მექსიკიდან ჩამოვიდა, იქ თავის შორეულ ნათესავებთან ერთი თვე გაატარა შვებულებაში. ყველაფერი კი ერთ კვირის წინ დაიწყო, როცა პატარა ჰოსპიტალში, სადაც მისი ბიძაშვილი მუშაობდა, ერთი კაცი შემოვარდა.

რაღაცას ძალიან შეეშინებინა, ესპანურად ყვიროდა გაურკვეველ სიტყვებს და აქეთ–იქით გიჟივით იყურებოდა. სკამზე დასვეს, წყალი დაალევინეს და ჰკითხეს, რამ შეაშინა ასე.

– თეთრი სიკვდილი… La Muerto Blanco – ბუტბუტებდა კაცი დამტვრეული ინგლისურით – გადამდებია… არასდროს ნებდება… ყოველთვის იღებს თავისას…

ჯესის ბიძაშვილი ჩაეკითხა, თუ რა იყო ეს თეთრი სიკვდილი, რამე ეპიდემია თუ დაავადება.

– თეთრი სიკვდილი… ცივია როგორც ყინული… სულია, რომელსაც უნდა, რომ მის შესახებ არავინ გაიგოს… უნდა რომ საბოლოოდ მოიპოვოს სიმშვიდე, მაგრამ ვერ ახერხებს… და სანამ ერთმა ადამიანმა მაინც იცის მისი არსებობის შესახებ, არ ისვენებს… სადაც არ უნდა იყო მაინც მოგაკითხავს და მაშინ გაიგებ მის კაკუნს კარებზე…

ახლა, როცა უკვე მოგიყევი, ეს წყევლა შენზე გადმოვიდა, მე კი საშინელი სიკვდილი მელის…

სანამ ჯესის ბიძაშვილი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, კაცი ჰოსპიტალიდან გაიქცა. მისი დამტვრეული ინგლისურით ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ რაც გაიგო, იქიდან ცხადია არაფერი დაუჯერებია.

მეორე დღეს პოლიციამ დარეკა. უცნობი მამაკაცი საშინელი ჭრილობებით დაღუპული ნახეს ჰოსპიტალთან ახლოს.

ბიძაშვილმა ჯესის დაურეკა და ყველაფერი მოუყვა. ორივეს გაეცინათ ამ წყევლაზე და ყველაფერი შეშლილის ავადმყოფურ აზრებს დააბრალეს, მაგრამ მეორე დღეს ჯესიმ თავისი ნათესავი სახლში იპოვნა მკვდარი.

– შევედი თუ არა სახლში, მაშინვე ვიგრძენი – მიყვებოდა ჯესი – უცნაური სიცივე იდგა. ის დაბლა იწვა, ყველგან სისხლი იყო. უცებ კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ის იყო, თეთრი სიკვდილი… ჩემთვის მოვიდა…

– ოხ ჯეს – ვუთხარი და ავდექი – მეტი ვერაფერი მოიფიქრე ჩემს შესაშინებლად? თეთრი სიკვდილი?

– ახლა ეს ამბავი შენც იცი… შენთვისაც მოვა…

შემოსასვლელ კარებზე კაკუნი მოისმა. სუნთქვა შეგვეკრა.

– ის არის – ხელი მტაცა ჯესიმ – არასდროს არ ჩერდება, ყველგან გიპოვნის…

კაკუნი გაძლიერდა და ბრახუნად იქცა. ცოტაც და კარები შემოიმტვრეოდა. ადგილზე გაყინულები შევცქეროდით კარებს.

საათზე მეტი გავიდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. ჩვენი შეშინება უნდა. ვნატრობ, რომ ჯესი არასდროს გამეცნო, რომ მექსიკაში მომკვდარიყო, ეს საშინელი ამბავი რომ არ მოეყოლა ჩემთვის…

კაკუნი არ წყდება, ხან იმატებს, ხან იკლებს, მაგრამ ვგრძნობ ჩვენი საათები დათვლილია. ვწუხვარ, რომ გაიძულეთ ეს ამბავი წაგეკითხათ,  მოგიყევით თეთრ სიკვდილზე, რადგან ახლა, როცა იცით მისი არსებობის შესახებ, ის მოვა თქვენთან…

 

ამიტვილის მოჩვენება

ისტორია, რომელზეც ორი ფილმია გადაღებული, ნამდვილად მოხდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1974 წლის 14 ნოემბერს ნიუ იორკის პოლიციის განყოფილებაში ტელეფონის ზარი გაისმა.

  • ოპერატორი:გისმენთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
  • უცნობი:სასწრაფოდ გამოგზავნეთ დახმარება, აქ… ექვსი გვამია, ყველანი დაიღუპნენ… სროლა იყო.
  • ოპერატორი: სერ, დამშვიდდით და ისე მითხარით რა ხდება, სად ხართ?
  • უცნობი: ბარში ვიყავით, როცა ბავშები შემოვარდნენ და გვითხრეს, რომ დეფოების სახლში სროლაა… ჩვენც უკან გავყევით და … ყველაფერი სისხლითაა მოსვრილი.
  • ოპერატორი:თუ შეიძლება ზუსტად ჩამაწერინეთ მისამართი, სად ხართ?
  • უცნობი: ამიტვილი, მარჯვნივ მერიკის გზიდან, 1–12.
  • ოპერატორი: დაწყნარდით სერ, დახმარება მალე მოვა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს დეფოების 7 კაციანი ოჯახიდან 6 გვამი დახვდათ, მხოლოდ უმცროსი დეფო გადაურჩა სისხლიან სასაკლაოს და სწორედ ის დააპატიმრეს ამ დანაშაულის ჩადენისთვის.

რონალდ დეფომ აისრულა თავისი ამერიკული ოცნება, როცა იყიდა ეს სახლი ლონგ აილენდზე, ის თავდაუზოგავად მუშაობდა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საკმარისი შემოსავალი ჰქონოდა და თავისი ოჯახი შეენახა. რონალდი ძალიან მკაცრი და უხეში კაცი იყო, მას მის ცოლს ლუისს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ხმაურიანი ჩხუბები. თავის შვილთან, რონალდ ჯუნიორთან, იგივე ბატჩთან ყოველთვის მკაცრი და მომთხოვნი იყო.

მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ წარმოიდგენა, უმცროსმა დეფომ მთელი თავისი ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანი და–ძმა ძილში გამოასალმა სიცოცხლეს და არც დედ–მამა დაინდო. ხმები დადიოდა მისი სულიერი ავადმყოფობის შესახებ. ხალხს უბრალოდ არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ბიჭმა ეს საღ გონებაზე მყოფმა გააკეთა.

ერთი წლის მერე ჯორჯ და კეით ლატსები თავისი სამი შვილით გადავიდნენ ამ დაწყევლილ სახლში, თუმცა მათ არაფერი იცოდნენ. უცნაურმა მოვლენებმაც მაშინ დაიწყო განვითარება. ჯორჯი ძალიან შეიცვალა, დაიწყო სმა, ხშირად ესმოდა დემონური ხმები და ხედავდა მოჩვენებებს, მაგრამ ამას სასმელს აბრალებდა. სახლში თავისით იღებოდა და იკეტებოდა კარები, ქრებოდა შუქები და ისმოდა უცნაური ხმები.

ამას დაემატა ისიც, რომ უცროსმა შვილმა აიჩემა ერთი სიტყვა, რომელსაც ხშირად იმეორებდა და ყველგან წერდა, სადაც შეეძლო, ეს იყო redrum, ერთხელაც შეძრწუნებულმა კეიტმა უკუღმა წაიკითხა ეს სიტყვა და მიხვდა, რასაც ნიშნავდა.

ჯორჯი ირწმუნებოდა, რომ ამ სახლში საშინელი ენერგია იყო გამეფებული, რომელიც ადამიანს მკვლელობების ჩადენისკენ უბიძგებდა, ის აღარ იძინებდა სახლში და ყველგან იარაღს ატარებდა.

როგორც ჰყვებიან, ამ ამბავმა ტრაგიკული დასასრული მიიღო, როცა ჯორჯმა ნაჯახით დახოცა თავისი ოჯახის წევრები ბაღში და თვითონაც თავი მოიკლა.

თუმცა ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი უკვე ლეგენდაა, მოგონილი, რადგან ლატსებმა მალევე დატოვეს ეს დაწყევლილი სახლი და წავიდნენ.

ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს სახლი, რომელიც კარგად ჩანს ორიგინალ ფილმში, ძალიან საშიში და ბნელი შენობა უცნაური ნაგებობით, თითქოს ორი დიდი თვალი იყურება იქიდან.

ამის შესახებ ორი ფილმია გადაღებული, ერთი ორიგინალი და ერთიც რიმეიქი, მე რიმეიქი მაქვს ნანახი. სიმართლე ითქვას რიმეიქში ბატონი რაიანი საკმაოდ კარგად გამოიყურება:

ამეტვილის მოჩვენება 1979

ამეტვილის მოჩვენება 2005

სისხლიანი მერის დაბრუნება

ეს ამბავი გამოაქვეყნა ახალგაზრდა გოგომ, მარიამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეემთხვა.

” ჩემი დედინაცვალი იყო გამოცხადებული ბოროტება. ვიცი, რომ შვილების უმრავლესობა თავის დედინაცვალზე ასე ფიქრობს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს სიმართლეა. ის მამაჩემს ცოლად იმიტომ გაყვა, რომ მისი მემკვიდრეობა დარჩენოდა, ჩვენ კი, მისი სამი შვილი მისთვის დიდი ტვირთი ვიყავით. გერტას, ჩემს დედინაცვალს ბავშვები ეზიზღებოდა, ჩვენ კი განსაკუთრებით.

რადგანაც ჩვენ სამივენი მის მემკვიდრეობას ხელს ვუშლიდით, გერტამ თავისი გეგმის განხორციელება დაიწყო. ჩემი უმცროსი ძმა, ჩარლზი სასწავლებლად გააგზავნა მკაცრი სწავლების გიმნაზიაში. როცა ის ჩვენს სანახავად ჩამოვიდა, გამხდარი და ფერწასული იყო, საშინლად არ უნდოდა იქ დაბრუნება, მაგრამ გერტამ მამაჩემი დაიყოლია და ისევ იქ გაუშვა. ცოტა ხანში შევიტყვეთ, რომ ჩარლზი ხიდან ჩამოვარდა და მოკვდა.

ამის მერე ჯერი ჩემს უფროს ძმაზე, რიჩარდზე მიდგა. გერტამ მამა დაარწმუნა, რომ მას ტალანტი ჰქონდა და ხელოვნების სკოლაში გააგზავნა. რიჩარდს ფეხბურთი უფრო აინტერესებდა, ვიდრე ხელოვნება, მაგრამ მაინც გულმოდგინედ სწავლობდა ვიოლინოზე და პიანინოზე დაკვრას. ჩემმა დედინაცვალმა ის რამდენიმე სკოლის მოსწავლე ბიჭს გააცნო, რომლებსაც ნარკოტიკებთან ჰქონდათ კავშირი და ცოტა ხანში რიჩარდი გადამეტებული წამლის მოქმედებით დაიღუპა.

გერტამ ის ათი წუთით ადრე იპოვნა, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი გადარჩენა შეიძლებოდა,  ასე თქვა ექიმმა და მე მჯერა, მაგრამ მამამ რა თქმა უნდა არ დაიჯერა.

ახლა, რადგან  სამი შვილიდან მარტო მე დავრჩი ცოცხალი, ცხადია ჩემს მოშორებას ეცდებოდა, ამიტომ სანიმუშო შვილად ვიქეცი, ყველაფერს ვასრულებდი, პრობლემას არაფერში არ ვქმნიდი. რამდენიმე თვეში 18 წლის ვხდებოდი და სახლიდან გაქცევას ვაპირებდი. მამაჩემის და სხვა ქალაქში ცხოვრობდა და იქ ვაპირებდი წასვლას.

ეს იმედების წყალში ჩამეყარა, რადგან გაგვაგებინეს რომ ჩვენი ერთადერთი უახლოესი ნათესავი, მამიდა ვიღაცამ მოწამლა და გარდაიცვალა. რა თქმა უნდა ეს გერტას ხელი იყო.

ძალიან შევშინდი. ან ის და ან მე, ერთ–ერთი უნდა გადარჩენილიყო. სწორედ ამ დროს გამახსენდა ლეგენდა სისხლიან მერიზე, რომელიც ჩემს წინაპრებს გადახდათ თავს. დედაჩემისგან ვიცოდი რიტუალი ზუსტად როგორ უნდა ჩამეტარებინა. სხვა გზა არ იყო. უნდა გამერისკა.

იმ ღამეს მამა საქმეებზე იყო წასული, გერტა კი თავის მორიგ საყვარელთან კლუბში ერთობოდა. მე ჩემი შეგროვილი თანხით სანთლები ვიყიდე და სარკესთან განვალაგე. რიტუალი უნდა დამეწყო.

ამ დროს ოთახში გერტა შემოვიდა და ლაპარაკი დამიწყო.

– რას აკეთებ მარია?

– უბრალოდ სანთლებით ვერთობი.

– იცი მარია, დრო მოვიდა რომ ვილაპარაკოთ.

– მართალი ხარ – ვუთხარი და შევხედე – რადგან ჩემი ორი ძმა უკვე მოკალი, ახლა ჩემი ჯერია.

– მართალი ხარ – მითხრა ბოროტად – არ დავუშებ რომ იმ ბებერის ქონება მარტო შენ დაგრჩეს.

ყურადღება არ მიმიქცევია, ჩავიხედე სარკეში და გარკვევით ვახსენე სამჯერ მერის სახელი. სარკეში საშინელი სახე გამოჩნდა, ერთიანად ნაოჭებით და წყლულებით დაფარული.

– გერტა – წარმოთქვა მან – მოდი ჩემთან.

ჩემი დედინაცვლის კივილმა იქაურობა შეძრა. სარკიდან გაშავებული და გრძელი ფრჩხილებით დაფარული ხელები გადმოვიდა და გერტა შიგნით შეითრია.

მე გონება დავკარგე და დილით გამომეღვიძა. გერტა არსად ჩანდა. მამას შევატყობინე, რომ ის ღამე სახლში არ ყოფილა. მისი ძებნის დროს მამამ მის საყვარლებზე ყველაფერი შეიტყო და ჩათვალა, რომ რომელიმე მათგანთან ერთად  მისი მოღალატე ცოლი გაიქცა.

იმის მერე მე და მამა მშვიდად ვცხოვრობთ”

რა ვიცი, მაინცდამაინც არ შემცოდებია ეს გერტა, რას იტყვით? 🙂

პირველი ნაწილი – სისხლიანი მერი

სასაფლაოს წყევლა – საშინელებათა ფილმის შედევრი

რამდენიმე აუცილებელი მომენტი:
1. თუ საშინელებათა ფილმის რომელიმე გმირს ჰყავს ძაღლი ან კატა, უფრო კატა, მაშინ ფილმის ბოლოს ეს ცხოველი აუცილებლად საშინელი სიკვდილით დაიღუპება.
2. აუცილებლად იქნება კადრი, სადაც დაკეტილი ონკანიდან წყლის წვეთები მოჟონავს.

ოთხი მეგობარი, იანი, ჯენა, სტეფანი და გოჩა სკოლის დამთავრებას ზეიმობენ მათი მეგობრის გამართულ ფართიზე. სანამ მათი მსუქანი კლასელი ცირა მაგიდაზე ცეკვავს და ღიპს ათანთალებს, ისინი გადაწყვეტენ გართობის უკეთესი გზა გამონახონ. იანი საიდუმლო ხმით ჩურჩულებს:

–  სასაფლაოზე წავიდეთ… გამიგია ღამე იქ მოჩვენებები დადიან… დასალევი წავიღოთ და გავერთოთ, რას იტყვით?

ისინი თავს იქნევენ. კამერა ზევით ადის და რამე უაზრო კადრს გვიჩვენებს, მაგალითად ანტენას. მერე დაძაბული მუსიკის ფონზე სასაფლაო ჩანს,  სადაც ბალახებს ნიავი არხევს და ბალახში ჩაწოლილი თხუნელები ნიავს დედას აგინებენ.

ჯენა არაყის დიდ ბოთლს ძუძუებში იტენის, ფანრებს იღებენ და მიდიან.

გზაში რამდენიმე თინეიჯერული უაზრო ხუმრობა, მაგალითად ის, რომ წუხელ იანმა დაინახა, როგორ გამოდიოდა ჯენა მისი მეზობლის ოთახიდან და მთელი ღამე იქიდან საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა.  ამაზე ჯენა პასუხობს, რომ მათ ამისთვის საწოლი არ გამოუყენებიათ და ჩუმად ხითხითებს.

წინ მთელი თავისი საშინელებით და სიდიადით წარსდგება სასაფლაო, უზარმაზარი ჭიშკარით. მთვარე ანათებს, იქაურობა ნისლითაა დაფარული. (გადამღები ჯგუფი სპეციალურ გაზს უშვებს ეფექტებისთვის და თან ხველებით იხრჩობა)

მეგობრები ცოტა ხნით შედგებიან და ამ სანახაობით ტკბებიან, მერე ერთანეთს გადახედავენ.

– როგორ ფიქრობთ, იქ შესვლა მართლა საშიშია ? – ჩურჩულით ამბობს ჯენა და თან მხარზე დაკონწიალებულ მოჩვენებას იშორებს.

– კარგით რა, რისი გეშინიათ, შევედით.

სტეფანი ჭიშკარზე მიღოღავს და თამამად ხელს უქნევს, გადმოდითო. ყველანი გადადიან იქით მხარეს.

სიტუაცია იმუხტება, ისეთი საშიში აღარაა, როგორც ჩანდა. რომელიღაც საფლავის ქვასთან ჯდებიან და არაყს სვამენ.

გოჩა საფლავთან ძველ და გაყვითლებულ ფურცელს აღმოაჩენს, რომელიც მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრითაა ამოწეული.

– მოიცათ, რაღაც ვიპოვე – ყვირის გახარებული.

ფურცელს ზედ დიდი ასოებით აწერია “თუ წაიკითხავ მოკვდები”. აჟიტირებული გოჩა საფლავის ქვაზე ადის და გამოთქმით კითხულობს. მეგობრები ტაშს უკრავენ და ჭყლოპინებენ.

კადრი შორიდან:

კამერა ტყიდან მოქრის, რამდენიმე მოხვეულ გზას გამოივლის, ისმის ოპერატორის გინება, რომელმაც რაღაცას ფეხი წამოკრა. ვიღაც ბუჩქებიდან ჩუმად უთვალთვალებს ახალგაზრდებს.

შემთვრალი იანი ჯენას ეტმასნება და კოცნას უპირებს, მაგრამ ჯენა თავს არიდებს. გოჩა და სტეფანი ნაზად შეჰყურებენ ერთმანეთს თვალებში. ამ დროს ტყიდან ხმაური მოესმებათ და ფეხზე წამოხტებიან. უაზროდ იყურებიან ყველა მხარეს.

– ეს რა იყო?

– უი ბოდიში – თავში ნაჯახჩარტყმულმა მოჩვენებამ დარცხვენით დაუქნიათ ხელი და გატანტალდა. დამშვიდებულები ჩამოჯდნენ.

ასი წლის წინ:

აქ, ამ ტყეში ოთხი ახალგაზრდა დგას, სამი ბიჭი და ერთი გოგო. ძველებური ტანსაცმელი აცვიათ. მათ თავს რაღაც საშინელი არსება ესხმით და კლავთ, მერე ამოთხრილ საფლავებში მიათრევთ და მიწას აყრის. თან უკმაყოფილოდ აგინებს რეჟისორს, სხვა როლი რომ ვერ გაიმეტა. საფლავის ქვაზე სისხლიანი ხელის კვალი ეტყობა. 

– ხომ არ წავიდეთ – ამბობს იანი, რადგან ჯენასთან არაფერი გამოსდის და დგება. გოჩა და სტეფანი ისევ ნაზად შეჰყურებენ ერთმანეთს. საფლავებიდან ყრუ ხმა ისმის და ქარი ფოთლებს თვალებში აყრით. საფლავის ქვაზე სისხლიანი ხელის კვალი ჩანს (მე რა რომ ასი წელი გავიდა, ეს ხომ კინოა)

– იქ რაღაც სახლია, წავიდეთ დავიმალოთ – ყალბად კივის გოჩა და ხელების ქნევით მირბის. დანარჩენებიც მისდევენ. შევარდებიან სახლში და კარებს კეტავენ. კარებს იქითა მხრიდან ვიღაც ეჯაჯგურება.

– მოიცა კაცო გააღეთ, კამერა შემოუშვით – ყვირის რეჟისორი.

სახლი მიტოვებული და საშიშია. ონკანიდან შავი წყალი მოწვეთავს (ხომ ვთქვი).

– თავზე მოჩვენებების წყევლა დაგვატყდა, ის წერილი არ უნდა წაგვეკითხა – პათეტიკურად ამბობს ჯენა და თვალებს ატრიალებს.

– ის ჰამბურგერიც არ უნდა შემეჭამა – შეწუხებული სახით ამბობს სტეფანი და მუცელზე ხელს ისმევს.

ფანჯარა იმტვრევა და შავი ლაქა სახლში შემოდის. ეტაკება სტეფანს და შიგნით შეუძვრება. ბიჭი ხელებს ასავსავებს და კვდება. გოჩა ტირის.

კარებს აღებენ და გარბიან. ლაქა წინ ხვდებათ და ახლა ჯენას კლავს. გოჩა და იანი ხედავენ რომ სამი საფლავი გათხრილია, ისინი კი ოთხნი იყვნენ.

– ეს წაიყვანე ეს – ყვირის იანი და გოჩაზე უთითებს, მაგრამ ლაქა ახლა მას ესხმის თავს და კლავს. მობუზული გოჩა კანკალებს.

– შვილო, გოჩა… – ისმის ხმა – გამოდი სინათლეზე…

ტყისკენ სინათლის სვეტი მოჩანს. გოჩა იქით მილასლასებს.

– მე შენი წინაპარი ვარ – ჩურჩულებს ხმა – ასი წლის წინ ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ახლა კი იგივე განმეორდა, ეს რიტუალია… მაგრამ მე შენ დაგიცავ, მე შენი ბიძაშვილის სიძის ბაბუის წინაპარი ვარ! გაიქეცი გოჩა!

გოჩა მირბის, მაგრამ მოჩვენება ფეხს დაუდებს და წაიქცევა. დაძაბული ფინალური ბრძოლა. მოჩვენება ფეხით მიათრევს საფლავისკენ.

– არა – ყვირის გოჩა – მე ვიცი შენ კეთილი ხარ, არ გინდა ამის გაკეთება, სანამ დროა გამოფხიზლდი, მიიხედ მოიხედე ამ ქვეყნად რამდენი სიკეთე და სილამაზეა, დატკბი ამ სინატიფით…

სანამ გადაბჟირებული მოჩვენება მიწაზე გორავს და სიცილით ცრემლები მოსდის, გოჩა მირბის  და ჭიშკრის მეორე მხარეს გადავა. რადგან ლაქამ მეოთხე მსხვერპლი ვერ იპოვნა, ძალებს კარგავს და ქრება.

გადარჩენილ გოჩას ცრემლები მოსდის, ის ცოცხალია… თურმე რამდენი რამე აქვს გასაკეთებელი, თურმე როგორ აფასებს ცხოვრებას… (გმირული მუსიკა)

– უი, ნახე ირემი – ისმის მონადირის ჭყლოპინი და მკვდარი გოჩა დაბლა ეცემა.

დასასრული 

– აუ სერიოზულია, აი ნახე რა პოპულარული გახდება – რეჟისორი და მისი ასისტენტი ბარგს ალაგებენ და ფეხმოტეხილ ოპერატორს მოათრევენ – ეჰ, ჩვენ მაინც ვის ვატყუებთ.

მოჩვენების ანაბეჭდები

ეს ისტორია შონ სკოლერმა გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით მას და თავის ცოლს გადახდათ თავზე.

“მე და ჩემი ცოლი ჯილი მეგობრის წვეულებიდან გვიან ღამეს ვბრუნდებოდით მანქანით. მაისის მშვენიერი ღამე იდგა. მთვარე ანათებდა და ამინდიც კარგი იყო. ჩვენ მხიარულად ვლაპარაკობდით და წვეულების ამბებს განვიხილავდით. სწორედ ამ დროს მანქანამ სვლა შეაჩერა და გაჩერდა. გარეთ გავიხედე. სწორედ იმ ადგილზე ვიყავით გაჩერებული, სადაც ერთი ქუჩა მეორეს უერთდებოდა, მათ შორის კი მატარებლის ლიანდაგი გადიოდა.

გამახსენდა ძველი ტეხასური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აქ სკოლის ავტობუსი მატარებელმა გაიტანა. იქ მყოფი ყველა ბავშვი გარდაიცვალა. ახლა კი მათი სულები ამ ადგილებს არ ტოვებდნენ.

რა თქმა უნდა ამ ლეგენდის არ მჯეროდა, ახლა მარტო ერთი სადარდებელი მქონდა – მატარებელი არ გამოჩენილიყო, თორემ ჩვენ ზუსტად შუა ლიანდაგებზე ვიყავით გაჩერებულები.

უშედეგოდ ვაწვებოდი გაზს, მანქანა ადგილიდან არ იძვროდა. ზუსტად ამ დროს მატარებელის ხმა მოისმა. საშინელი სისწრაფით მოქროდა.

– შონ, სწრაფად, მატარებელი მოდის – ყვიროდა ჩემი ცოლი, თითქოს მე არ მესმოდა მისი ხმა.

ყველაფერი ისე ჩქარა ხდებოდა, აზროვნების უნარიც კი დავკარგე. მივხვდი, რომ უნდა გადმოვსულიყავით მანქანიდან, თორემ მასთან ერთად ნაგლეჯებად ვიქცეოდით.

– სწრაფად ჯილ, აქედან უნდა გადავიდეთ – ვუყვირე ჩემს ცოლს, მაგრამ ის უსაფრთხოების ღვედებს ვერ იხსნიდა. ამაზე ადრეც ჰქონია პრობლემა და ყოველთვის ვპირდებოდი, გავასწორებ–თქო.

სიგნალების ხმა უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. ოფლში გავიწურე. ხელები მიკანკალებდა და ვცდილობდი როგორმე დავხმარებოდი ჩემს ცოლს, მაგრამ უშედეგოდ.

მოულოდნელად უკნიდან ძლიერი მოწოლა ვიგრძენი. ვიღაც მანქანას აწვებოდა ისე ძლიერად, რომ წინ წავიწიეთ და ლიანდაგებიდან გადავედით. მატარებელმა ახლოს ჩაგვიქროლა.

– ეს როგორ გააკეთე? – მკითხა გაკვირვებულმა და შეშინებულმა ჯილმა.

– ეს მე არ გამიკეთებია – ვუთხარი გაოცებულმა და მანქანიდან გადავედი.

იქ არავინ არ იყო, დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა.

– სად არის? – იკითხა მანქანიდან ახალმა გადმოსულმა ჯილმა.

– აქ არავინ არ ჩანს.

მოულოდნელად ტყიდან ნიავმა დაუბერა და ჩურჩულის ხმა მოიტანა. მე და ჯილი ერთმანეთს მივეკარით. თითქოს მხრებზე ხელის ფრთხილი შეხება ვიგრძენით.

უკან მოვბრუნდით და ამ დროს ჯილმა დამიძახა: – შონ, შეხედე.

მანქანის უკანა მინაზე გარკვევით ეტყობოდა პატარა ხელის ანაბეჭდები, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე.

სისხლი ძარღვებში გამეყინა და მივხვდი რაც მოხდა. მანქანა იმ ბავშვების მოჩვენებებმა  გადაიყვანეს ლიანდაგებიდან, რომლებიც აქ დაიღუპნენ.

– წავიდეთ ჯილ – ხელი მოვხვიე ჩემს ცოლს და გზაზე გავედით”

მე და მოჩვენებები

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მისტიკა, საშიში ისტორიები და პარანორმალური მოვლენები, მე თვითონ არასდროს შევსწრებივარ ასეთ ერთ მოვლენას მაინც. სხვა საქმეა ის, როგორ გადავიტან, მაგრამ სავარაუდოდ ცნობისმოყვარეობა დასძლევს შიშს.

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მიფიქრია, რომ “რაღაც” დავინახე, ან გავიგონე, მაგრამ ყველაფერს ჰქონია ლოგიკური ახსნა, ან მე ვუძებნი ყველაფერს ახსნას, არ ვიცი.

აი მაგალითად:

1. დაახლოებით 13–14 წლის ასაკში, აღდგომების შემდეგ პერიოდში, ჩემს ოთახში იდგა პატარა ცენტრი (ახლაც დგას პრინციპში). მაშინ კომპიუტერი არ მქონდა და აქტიურად ვიყენებდი. მართალია მპ3 დისკებს არ უკრავდა, მაგრამ დიდი მონდომებით ვაგროვებდი ჩვეულებრივ სიდი დისკებს და მიხაროდა. კარგად მახსოვს, ჩემმა მეგობარმა ჩამიწერა ჩემი პირველი დისკები – რამშტაინის და ევანესენსის. ჰოდა, თემას გადაუხვიე, რატომღაც გულში ჩამრჩა ეს მომენტი. მახსოვრობა კარგი მაქვს, ძალიან მკაფიოდ ვიმახსოვრებ ყველაფერს. გამოვრთე ეს ცენტრი, წითელი ნათურა ჰქონდა ზევით და როცა გამოირთვებოდა, ნათურაც ეთიშებოდა. ნამდვილად მახსოვს გამოვრთე და ოთახიდან გავედი. თან შევხედე ჩამქრალ ნათურას. ორ წამში შემოვბრუნდი ოთახში და დავინახე ისევ ანთებული იყო ნათურა.

იმ პერიოდში მაშინებდნენ თან, აღდგომებზე სულები სახლში ბრუნდებიანო და ძალიან შემეშინდა.  გამოვრთე ჩამრთველიდან და ოთახიდან გავიქეცი 🙂 რას გაუგებ ამ ტექნიკას.

2. მეორე შემთხვევაც ტექნიკას უკავშირდება. სონი ვეგა ვისაც გაქვთ, ტელევიზორი, ალბათ იცით, როგორი საშინელი ჩართვის ხმა აქვს, ძალიან უცნაურ ხმას უშვებს. იმ პერიოდში “ზარი” იყო ძალიან პოპულარული, მე და ლიკა რამდენჯერმე ვუყურებდით ხოლმე დღეში 🙂 თან ამ ტელევიზორს ზუსთად ისეთი ხმა აქვს ჩართვისას, როგორც ზარში.

ჰოდა ეს ჩემი ძვირფასი ტელევიზორი ერთ ღამეს თავისით ჩაირთო, და თან შიშინებდა. მარტო ვიწექი ოთახში და სისხლი გამეყინა ლამის. ძლივს ავდექი, თან გეგმებს ვაწყობდი, ახლა იქიდან ის საშინელი ბავშვი რომ გადმოვიდეს,  თავში რა ჩავარტყა–თქო. მოგვიანებით მივხვდი, რომ ტაიმერი იყო დაყენებული შემთხვევით და იმიტომ ჩაირთო.

3. რაც დედაჩემი წავიდა, იმის მერე მარტო მძინავს ოთახში. რაც კიწი მოვიყვანე, იმის მერე აღარ მეშინია, მაგრამ იქამდე მქონდა რაღაც ინციდენტები. მაგალითად რამდენჯერმე მკაფიოდ გავიგე აივანზე ფეხის ხმა. ჩემი ოთახის კედელი აივანს ეურთდება.  არადა იმის რეალური ვარიანტი, რომ ვინმე სულიერი მეექვსე სართულის აივანზე გადმოძვრებოდა, მინიმალური იყო.

4. საწოლი და მისი ქვედა მხარე ხომ საერთოდ საშინელებათა ფილმების შთაგონების წყაროა, მათ შორის “ბუგიმენების” სერიების. დღემდე ვერ დავიძინებ ისე, რომ ხელი დაბლა მქონდა ჩაწეული. სულ იმის შეგრძნება მექნება, რომ ვიღაცა მწვდება და შემითრევს. ჩემი საწოლის ქვეშ ატომური სადგური იყო მოწყობილი, ინტერნეტის უამრავი ქსელი გადიოდა, ჩვენგან 6 ადამიანს ჰქონდა გადაყვანილი.  მაშინ ვერ ვხვდებოდი, ალბათ ქარში, ან როცა ისინი ეხებოდნენ ქსელს, საშინელი ხმით ხმაურობდა და მეც ძალიან მეშინოდა.

5. ისევ და ისევ ჩემი ოთახი. კარები საკეტით არ იკეტება, მაგრამ თუ კარგად მიაწექი, ისე გაიჭედება,  მეც მიჭირს ხოლმე გაღება. ერთ ღამესაც, არანაირი ქარი, ნიავიც კი არ იძვროდა, სრულიად სიწყნარეში ჩემი საგულდაგულოდ დაკეტილი კარები ისეთი სიძლიერით გაიღო, რომ ნახევარი საათი საწოლზე ვიყავი წამომჯდარი და ოთახს ვათვალიერებდი.

6. ოოო, ეს კლასიკაა 🙂 ლიკა ჩემზე ათასჯერ უფრო მშიშარაა ასეთ ამბებში და რაჭაში უზარმაზარ ოთახში მარტო ჩვენ ორს რომ გვეძინა, ეს უკვე ჰორორია 😉 გვაშინებდნენ უზარმაზარი პეპლები, რომლებიც თავზე გვაჯდებოდნენ და ამის გამო ლიკა საწოლიდანაც გადავარდა და მუხლიც იტკინა. ჰოდა, ერთ ღამესაც გვესმის ვიღაც მძიმე ქშენით როგორ ამოდის კიბეებზე. ჩვენებს ეძინათ ყველას, ჭიშკარი დაკეტილი იყო, ასე რომ იმის შანსი, ეს არსება სვერხისტესტვენი ყოფილიყო, უფრო გაიზარდა. სუნთქვაშეკრულები ვუსმენდით. ამოვიდა კიბეებზე და აივანზე დასეირნობს, თან უცნაური ქშენის ხმა ისმის. ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ ჯერ ხმას არ ვიღებთ. ჩუმად ვურეკავთ ბაბუამისს, რომ გამოგვხედოს, თორემ იქნება დაგვესხას თავზე ტვარი.

ამასობაში გაისმა იმის ხმა, ტვარმა როგორ მოიფხანა ყური და ტანი შეიბერტყა. მერე ღრუტუნის ხმაც გავიგეთ. გამოვიდა ბაბუამისი, მაგრამ საწყალი ღორი უკვე გაქცეული იყო.

მეტი არაფერი არ მახსენდება. არასდროს მინახავს ნამდვილი მოჩვენება, ან რამე  სუპერნატურალი. არადა უარს არ ვიტყოდი, ნორმის ფარგლებში.

თქვენ გინახავთ?

სისხლიანი მერი

სისხლიანი მერის ლეგენდა ეხება ამბავს, რომელიც დაახლოებით 60-70იან წლებში მოხდა. რა თქმა უნდა სანდრო წყარო არ არსებობს, ამ ისტორიას რამდენიმე ინტერპრეტაციით ყვებიან, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ორი ისტორიაა.

1. მერი ვორტინგტონი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ბედნიერად და უშფოთველად. ძალიან უყვარდა სარკეში თავისი თავის თვალიერება და სილამაზით დატკბობა, საათობით იჯდა თავის საძინებელში და სარკეში იყურებოდა.

ერთ დღეს მას საშინელი ინციდენტი მოუხდა, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუმახინჯდა. ყველა თავს არიდებდა მისი სახის გამო.

ერთი ღამეს, როცა გარეთ საშინელი ჭექა-ქუხილი იყო, მერი ჩუმად ადგა, სანთელი აანთო და დიდ სარკესთან მივიდა. თავისი დამახინჯებული სახე რომ დაინახა, მისმა კივილმა მთელი სახლი შეძრა. სარკე დაიმტვრა, თვითონ კი სარკეში გადავიდა. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ იქამდე მერის მშობლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ და მათი გვამები ნაწამები იპოვნეს მეორე დღეს, მერი კი გაქრა.

ამის მერე, როცა სარკის წინ რამდენიმე ადამიანი ერთად გაიმეორებს “bloody mary i see you” ან “I believe in Mary Worth, I believe in Mary Worth,” მერი სარკიდან მის წასაყვანად გადმოვა.

ძალიან ბევრი ადამიანი წერს ამ რიტუალის შესახებ, მაგალითად ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე აბაზანაში ჩაიკეტნენ, სანთლები დაანთეს და სამჯერ გაიმეორეს ეს სიტყვები. ამ დროს სარკეში საშინელი გამოსახულება გამოჩნდა და ერთ-ერთ მათგანს სწვდა. მათ ყვირილი დაიწყეს და როცა მშობლები შემოვარდნენ, ამ გოგოს ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა.

2. ამ წყაროს მიხედვით მერი ფსიქიურად იყო შეშლილი, ბავშვობაში მშობლების დახოცვის გამო ახლა ის კლინიკაში იყო გამოკეტილი. მას დაცვის წევრისთან ბავშვი ეყოლა, მაგრამ რადგან არ ჰქონდა მისი გაზრდის უფლება, კლინიკის თანამშრომლებმა გააშვილეს. მერიმ ეს ძალიან განიცადა და მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო. ამის მერე, როცა სარკესთან ვინმე იტყვის რამდენჯერმე “mary worth i killed your baby” მას მერის შურისძიება დაატყდება თავზე.

მერის დამახასიათებელი გარეგნობაა წინ ჩამოშლილი გრძელი შავი თმები, სისხლიანი და დაკაწრული ხელები.

სარკე მთავარ პორტალის როლს ასრულებს ამ ლეგენდაში, მერისა და რეალურ სამყაროს შორის. “თუ შენ დიდი ხანი უყურებ სარკეს, მაშინ დარწმუნებული ხარ, რომ დაინახავ ეშმაკს” ინგლისური გამოთქმაა.

ერთი ბიჭი წერდა ამ ლეგენდის შესახებ:

” ჩვენს ქალაქში სისხლიან მერიზე ლეგენდა ძალიან ცნობილია, ჰელოუვინზე ყველაზე ხშირად მერის კოსტიუმებს იცვამენ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ჰელოუინის ღამეს საფლავებზე წავედით, ერთ-ერთ საფლავთან სანთლები დავანთეთ და მერის სახელს ვახსენებდით, მაგრამ არაფერი მომხდარა. ცოტა მოგვიანებით ყველანი ერთად სახლში დავბრუნდით, წვეულება გვქონდა ჰელოუინთან დაკავშირებით მოწყობილი. უცებ შუქები გაითიშა და მთელს სახლში სიბნელე ჩამოწვა. ჩვენ ისევ სანთლები ავანთეთ და მხიარულება გავაგრძელეთ. უცებ რაღაც ხმა მოგვესმა, თითქოს კარები ვიღაცამ შემოაღო. ყველანი გავჩუმდით. მისაღებ ოთახში ჩამოკიდებულ დიდ სარკეს მივაშტერდით, მართალია მერის ლეგენდაზე ყველანი ვიცინოდით, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ გვჯეროდა კიდეც.

ჩემმა მეგობარმა ტომმა ჩვენს შეშინებულ სახეებს რომ შეხედა, გაიცინა

– თქვენ რა, მართლა გჯერათ ? – გვითხრა და სარკესთან მივიდა, მერე სამჯერ გაიმეორა ის სიტყვები.

საშინელი კივილის ხმა მოგვესმა და სანთლები ჩაქრა. ყველანი ვყვიროდით და ფანრებს ვეძებდით. როცა შუქი აინთო, ტომს სახე საშინლად ჰქონდა დაკაწრული და სისხლიანი, ყელზე კი ხელების ნაკვალევი ლურჯად ეტყობოდა. სარკე მთლიანად ჩალეწილი იყო. ტომი იატაკზე იჯდა გაშტერებული, ხმას არ იღებდა.

ჩემი მეგობრები დღემდე ფიქრობენ, რომ ეს ტომმა თვითონ გააკეთა ჩვენს შესაშინებლად და ყურადღების მისაქცევად. ერთი რამე ზუსტად ვიცით – მერის სახელს სარკესთან არასდროს აღარ ვახსენებთ”

რა ძალა ჰქონდათ 🙂

ეს ლეგენდა ბევრ ფილმშია გამოყენებული, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ  ლეგენდად ითვლება.

თუ დაგაინტერესათ ამ თემაზე ფილმებმა, აი მათი ლინკებიც:

bloody night

download

urban legends : bloody mary

download

რისი მეშინია

საერთოდ მშიშარა ადამიანების რიცხვს არ მივეკუთნები, პანიკაში არასოდეს ვვარდები, არც ვიბნევი, პირიქით, ვცდილობ სხვა გავამხნევო. მაგრამ როგორც ყველა მოკვდავს, მეც მაქვს ჩემი შიშები.

ერთი ფილმი მახსენდება the hole სადაც ოჯახი ერთ სახლში გადადის, რომლის სარდაფშიც უძირო ორმოა. ამ ორმოდან ღამე ისეთი არსებები ამოდიან, რომლისაც ამ ხალხს ყველაზე მეტად ეშინიათ, მაგალითად ბავშვს კლოუნების ეშინია და ყოველდღე სარდაფში კლოუნებს ხედავს.

კლოუნი ხომ ჰოლივუდური შიშის მთავარი ფიგურაა, ჯონი დეპს საშინლად ეშინია კლოუნების. ფილმებშიც ხშირად შევხვედრივარ. რატომ ვერ ვხვდები.

რისი მეშინია:

1. თვითმფრინავის ხმის.

სასაცილოა არა?

სულაც არა და გეტყვით რატომაც. ომის დროს რუსთავი იქცა თვითმფრინავების ქალაქად. მთავარი აეროპორტი და ვაზიანის სამხედრო აეროპორტი აქედან ძალიან ახლოა, განსაკუთრებით ჩემი ტერიტორიიდან, ყველა თვითმფრინავი ბრუნდება ჩემი სახლის ზევით და აქვს ძალიან დიდი ხმა. ომამდე არსდროს არ შევუწუხებივარ, მაგრამ როცა ტყვიამფრქვევებმა ისე ახლოს დაიწყეს ფრენა, რომ ლამის სახლის ანტენებს ედებოდნენ და იმათთვის ერთი-ორი ბომბის ჩამოყრა დიდი პრობლემა არ იქნებოდა, აი მაშინ ცოტა არ იყოს და დისკომფორტი შეგვექმნა. 🙂 აი მერე დაიწყო ჰუმანიტარული დახმარებების, პრეზიდენტების, აღშფოთებული დელეგაციების ფრენა და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ იმის შიშის გადატანა, რომ იქნება ეს სამხედრო თვითმფრინავია და ერთი-ორ ნაღმს ჩამოგიგდებს საჩუქრად. ამ თვითმფინავების გადაფრენას აფეთქების ხმები მოყვებოდა ხოლმე, ხან ვაზიანში, ხან სად და მთელი სახლი ზანზარებდა.

იმის მერე ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ღამე როცა მესმის ხმა, ძალიან უსიამოვნო შეგრძნება მიჩნდება. ვერაფრით ვერ მოვიშორე. მეორადი პროფესია კი მაქვს ფსიქოლოგია, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვეხმარები 🙂

2. ამდენი საშინელებათა ფილმების გადამკიდე ახლა იმდენად არა, მაგრამ ადრე მქონდა ღამე შიშები. მეგონა საწოლის ქვეშ ვიღაცის მწვანე ხელი გამოვიდოდა და მეც შემითრევდა, ან ჩემი საწოლი ჰაერში აიწეოდა,  კიდევ ათასი სისულელე. ერთხელ ღამე წყევლას ვუყურე პირველად და ის ღამე თეთრად გავათენე. იმის მერე დავსვი საკითხი – ან კატას მოვიყვან, ან საგიჟეთში წამიყვანთ-თქო, და გაჭრა … 🙂

ახლა შემიძლია ნებისმიერ ფილმს ვუყურო, მაგრამ შიშით აღარ მეშინია. ოთახში მარტო აღარ ვარ და იმიტომ 🙂

3. იპოქონდრიკი არ ვარ, მართლა არ ვარ, მაგრამ ამდენმა საექიმო სერიალებმა გადამრია. ჯერ ჰაუსით დავიწყოთ. რასაც იქ ვხედავ, სულ მეშინია რამე მსგავსი მეც არ მჭირდეს, ან თუნდაც გრეის ანატომია, სადაც ყველას კიბო აქვს (რა უბედურებაა). შეიძლება ადამიანი სლოკინის ჩივილით მივიდეს და ისეთი რამე აღმოუჩინონ, რომ საერთოდ მოკვდეს.

ასე რომ იმ სახლში მე რომ მოვხვედრილიყავი, ორმოდან ტყვიამფრქვევები,  წყევლის მწვანე ბავშვი და ჰაუსი და ექიმი შეფარდი ამოვიდოდნენ საოპერაციო მოწყობილობებით.

თქვენი ორმოდან რა ამოვიდოდა?

paranormal activity in my bed (video)

დღეს შევედი ჩემს ოთახში და დავაფიქსირე ზეწრის ქვეშ ამოუცნობი მოძრაობა, თითქოს ვიღაცას საბნის ქვეშ ეძინა… ჩუმად მივეპარე კამერით, მინდოდა გადამეღო მოჩვენება, რომელიც ასე გათავხედდა.