ჭადრის ხეების საიდუმლო

” იმ ღამით უჩვეულო სიზმარმა გამომაღვიძა, შინაარსი არ მახსოვდა, მაგრამ ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. სუნთქვა მიჭირდა და პირი მიშრებოდა. გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი და წყალი დამელია. მშობლებს უკვე ეძინათ. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები და პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი და წყალი მოვსვი.

გარეთ ბნელოდა, თუმცა შემინული კარებიდან გასული შუქი ოდნავ ანათებდა ეზოს. ნისლი იყო ჩამოწოლილი და  ღრუბლებში გახვეული მთვარის შუქი ვერ აღწევდა მიწამდე.

ჭადრის ხეები, რომლებიც ეზოში იდგა, კარგად ჩანდნენ. ეს ხეები აქ ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული იდგა, მე და ჩემს დას ხშირად გვითამაშია მის ჩრდილში.

გარეთ ნიავიც არ იძროდა, თუმცა მომეჩვენა, რომ ჭადრის ხეები შეირხა და თითქოს ჩემამდე ჩურჩულის ხმა მოვიდა.  ჭიქა დავდგი და ხეებს მივაჩერდი. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ძლიერი წარმოსახვის უნარი გაქვსო, ჰოდა ახლა მომეჩვენა, თითქოს ჭადარის ტოტებმა ადამიანის სახის ფორმა მიიღო და მე მომშტერებოდა. ჩამეცინა და ყურება გავაგრძელე. ჭადარი ისე დაჟინებით მომშტერებოდა, რომ სიცილის ხასიათი გამიქრა, შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავბრუნდი ჩემს ოთახში.

მეორე დილით დაბლა რომ ჩამოვედი, დედა სადილს ამზადებდა. გამახსენდა წუხანდელი შემთხვევა და დედას მოვუყევი.

მეგონა გაიცინებდა და ისევ ჩემს ფანტაზიას დააბრალებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მოულოდნელად ცუდ ხასიათზე დადგა და ხმა არ ამოუღია.

ღამე, ძილის წინ ჩემს ოთახში შემოვიდა და ყველაფერი მომიყვა.

“არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო” – მითხრა დედამ –  ” ის, რაც შენს დაბადებამდე მოხდა და რამაც დაღი დაასვა ჩვენს ოჯახს, მაგრამ როცა ამ ხეებზე მომიყევი, თავი ვეღარ შევიკავე, მგონია დროა ყველაფერი იცოდე”

ლოგინზე წამოვჯექი და ინტერესით მივაჩერდი.

“სანამ მამაშენს გავყვებოდი ცოლად, მყავდა და. ორივენი მასზე ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ ჩემს დას ეს უკვე ავადმყოფობაში გადაეზარდა. როცა მან მე მთხოვა ხელი, საერთოდ გადავიდა ჭკუიდან. მეგონა დროთა განმავლოაბში გადაუვლიდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, ბევრ სისულელეს აკეთებდა, რომ არ დავქორწინებულიყავით, მაგრამ ხელი ვერ შეგვიშალა.

როცა ამ სახლში გადმოვედით, ჩემი და ცოტა ხნით გაქრა, ვიფიქრეთ რომ თავი დაგვანება, მაგრამ მეორე დილით საშინელი სანახაობა დაგხვდა. ეზოში, ჭადრის ხეების ქვეშ ვიპოვნეთ მისი გვამი. დიდი ნაჯახით საკუთარი ფეხები მოეჭრა და სისხლისგან დაცლილიყო.

დაბლა პატარა ფურცელი ეგდო, სადაც ეწერა ” მახსოვს, როდესაც ჭადრების ხეების ქვეშ წამიყვანე, შავი ქარი არხევდა მათ ტოტებს. შენ გაგახსენდები, როცა დაინახავ ამ ხეებს. მე ყოველთვის აქ ვიქნები და აქედან გიყურებ”

საშინელმა ისტორიამ  ჩემი ოჯახის სისხლიან საიდუმლოზე ძალიან შემაშფოთა.

“მგონი დროა ის ხეები მოვჭრათ” ვუთხარი დედაჩემს და  ფანჯრები ჩავკეტე.

 

მკვლელობა ბენზოხერხებით და მთებს აქვთ თვალები, თუ რაღაც მსგავსი

მარტო საშინელებათა და საშინელება–მისტიკის ჟანრს ბევრი რამე აქვს საერთო, მაგრამ ბევრი რამითაც განსხვავდება. როგორც ყველგან, აქაც გვაქვს კლიშეები, რომელიც ფილმების უმრავლესობაში მეორდება.

უმეტეს შემთხვევაში იქნება:

  • რამდენიმე თინეიჯერი მანქანით მიდიან კონცერტზე.
  • დასაწყისში იქნება გზისპირა პატარა მაღაზია ან სახელოსნო, სადაც ცოტა ხნით შეჩერდებიან და რომელსაც უცნაური პატრონი ეყოლება, რომელიც ბოროტად ჩაიხითხითებს.

დავიწყოთ.

ჯესიკა, ჯონათანი, სამანტა და კობა ჯესიკას ვილაზე შეიკრიბნენ და შეზლონგებზე წამოწვნენ. ჯონათანმა კობას ზურგზე მზის საწინააღმდეგო კრემი დაასხა და მონდომებით შეუდგა ზელვას.

– ჰეი, ნახეთ, მაგარი ბილეთები დავითრიე – კობამ ჯიბიდან ცნობილი როკ–ჯგუფის, ” მწვანე ტარაკანის” ბილეთები ამოიღო და ააფრიალა – არ წავიდეთ?

ჯესიკა ჯონათანს ჩაუჯდა კალთაში, ისინი შეყვარებულები იყვნენ, სამანტა კი კობას სკოლიდან მოყოლებული უყვარდა და სულ ცდილობდა რაიმე მიზეზით ერთად ყოფილიყვნენ.

გადაწყვიტეს წასვლა. ჯონის ძველი ვარდისფერი ფურგონი გამოიყვანეს და დაქოქეს.

– გზად რამდენიმე ძალიან მიტოვებული და საშიში სოფლის გავლა მოგვიწევს, სადაც ამერიკელი სამხედროები ატომურ აფეთქებებს ატარებდნენ და შეიძლება რაღაც ანომალიებს წავაწყდეთ – გამოაცხადა კობამ. გამხიარულებულმა საზოგადოებამ ყიჟინა დასცა.

მართლაც, რამდენიმე საათის მერე ტეხასის ძველ გზაზე გავიდნენ, სადაც საგზაო ნიშნებზე ბენზოხერხიანი კაცები ეხატა და დიდი ასოებით ეწერა “აქ არ წახვიდეთ, დაგხერხავენ”

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დასცა ყიჟინა და გზა გააგრძელეს.

– მოიცადეთ – თვალები მოიჩრდილა სამანტამ – იქ ვიღაცაა, ჩვენი დახმარება სჭირდება.

გზაზე ტანსაცმელჩამოხეული გოგო მოდიოდა, ყველგან სისხლები ეცხო, ჭრილობები დახეთქოდა და საშინლად გამოიყურებოდა.

– ეი, ხომ კარგად ხართ? – თავი გადაყო ჯონიმ – გინდა წაგიყვანოთ? თან გზას მიგვასწავლი.

– იქ არ წახვიდეთ – ჩაიჩურჩულა ხრინწიანი ხმით გოგომ – თორემ საშინელი სიკვდილი გელით…

– რაო? რა თქვა?

– რა ვიცი, მგონი დღეს ძველი ჰამბურგერი შევჭამეო.

ჯონი დაიჭყანა,  მხიარულად დაუქნია ხელი და სიჩქარეს მოუმატა.

შევიდნენ მიტოვებულ სოფელში. ირგვლის სიჩუმე და ნისლი იყო ჩამოწოლილი, კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავდით ვერსად (გადამღები ჯგუფი რამდენიმე მაცხოვრებელს მიერეკებოდა სოფლის ბოლოში, კინოს ვიღებთ და ცოტა ხანი  გვაცადეთო)

სწორედ ამ დროს დაეშვა ოთხივე საბურავი და მანქანა გაჩერდა.

– ახლა რა ვქნათ? – იკითხა ჯესიკამ და საბარგულიდან არაყი ამოიღო.

– მოიცა, სცენარს ჩავხედო.

რამდენიმე წუთიანი დუმილის მერე ფეიდ აუთი გაკეთდა, როგორ სვამენ მეგობრები, როგორ ცეკვავს ტოპლესს ჯესიკა ჯონის მუხლებზე, როგორ უყურებს კობა სამანტას გამჭვირვალე მაიკას და როგორ უთვალთვალებთ ვიღაც სახლებიდან უზარმაზარი ლინზებით.

დაღამდა, ახლა კი შეშფოთდნენ და შერიფს დაუწყეს ძებნა, სწორედ ახლა შეამჩნიეს მთელი სოფელი ცარიელი რომ იყო, მართალია რამდენჯერმე შიშველმა კაცებმა გადაურბინეს კამერას, მაგრამ მაინც.

ახლა ხვდებიან, რომ მათზე ნადირობა დაიწყო, ისმის უცნაური ხმები, ხვნეშის, სირბილის, რამდენჯერმე მწარე ამოოხვრის ხმაც გაიგონეს და დაინახეს კოჭლობით როგორ წავიდა ვიღაც.

– უნდა შევიარაღდეთ – განაცხადა კობამ და ჯონის წყლის რევოლვერი მისცა.

მშვიდად იძინებენ. პირველი მსხვერპლი ჯესიკაა. მისთვის საშინელი მანიაკი მოდის – მეტსახელად ტყავის სახე. ის საშინელი სახის დეფექტით დაიბადა და იმის მერე სულ სახეს იჭიმავს სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით. ქოქავს თავის ბენზოხერხს და ჯესიკას ხერხავს.

კოშმარი იწყება. ჯესიკას ხელს გარეთ პოულობენ. მასზე ჯერ კიდევ დაფიქსირებულია შუა თითი.

ირგვლივ მთებზე საშინელი არსებები ირევიან, ისინი ატომურმა აფეთქებამ დაამახინჯათ და ახლა ადამიანებზე უნდათ შურისძიება.

ცოტა ხანში ჯონათანს ბრმა ნაწლავი შეტევას აძლევს და ისიც კვდება. კობა სამანტას გადასარჩენად იბრძვის, რომელსაც რამდენიმე დამუწუკებული არსება ბოროტი ხითხითით მიათრევს.

– კობაა… – ყვირის სამანტა და ირგვლივ ყველაფერს ხმა ეკარგება. შორიდან ისმის გულისცემის ხმა.  კობა შენელებული კადრებით იხედება სისხლიან ხელებზე. გულიცემა ძლიერდება და გმირული მუსიკა ედება.

– ე ბიჭო, დროზე, გათავდა ფირი – ყვირის რეჟისორი.

კობა იღებს ბენზოხერხს, რომელიც ტყავისსახას კედელზე მიუყუდებია და თვითონ ტუალეტში წასულა ღიღინით  და რამდენჯერმე ამოქოქავს ეფექტებით, მერე დაერევა ყველას და სამანტას იხსნის.

კობა და სამანტა შემაღლებულ ადგილზე დგანან და ერთმანეთს ეხვევიან. მოდის სამაშველო რაზმი და თბილ ადიელებში ახვევენ წყვილს.

კადრი ბნელდება.

6 თვის მერე…

სოფელში დიდი ფურგონი შემოდის. იქაც თინეიჯერები სხედან და “მწვანე ტარაკნის” მაისურები აცვიათ.

– ჯანდაბა, კიდევ? – ოხრავს რეჟისორი და აპარატურას მოათრევს.

 

insbired by – the texas chainsaw massacre 1-2, the hills have eyes 1-2 და მრავალი სხვა

მსგავსი პოსტი:

სასაფლაოს წყევლა – საშინელებათა ფილმის შედევრი

ამიტვილის მოჩვენება

ისტორია, რომელზეც ორი ფილმია გადაღებული, ნამდვილად მოხდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1974 წლის 14 ნოემბერს ნიუ იორკის პოლიციის განყოფილებაში ტელეფონის ზარი გაისმა.

  • ოპერატორი:გისმენთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
  • უცნობი:სასწრაფოდ გამოგზავნეთ დახმარება, აქ… ექვსი გვამია, ყველანი დაიღუპნენ… სროლა იყო.
  • ოპერატორი: სერ, დამშვიდდით და ისე მითხარით რა ხდება, სად ხართ?
  • უცნობი: ბარში ვიყავით, როცა ბავშები შემოვარდნენ და გვითხრეს, რომ დეფოების სახლში სროლაა… ჩვენც უკან გავყევით და … ყველაფერი სისხლითაა მოსვრილი.
  • ოპერატორი:თუ შეიძლება ზუსტად ჩამაწერინეთ მისამართი, სად ხართ?
  • უცნობი: ამიტვილი, მარჯვნივ მერიკის გზიდან, 1–12.
  • ოპერატორი: დაწყნარდით სერ, დახმარება მალე მოვა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს დეფოების 7 კაციანი ოჯახიდან 6 გვამი დახვდათ, მხოლოდ უმცროსი დეფო გადაურჩა სისხლიან სასაკლაოს და სწორედ ის დააპატიმრეს ამ დანაშაულის ჩადენისთვის.

რონალდ დეფომ აისრულა თავისი ამერიკული ოცნება, როცა იყიდა ეს სახლი ლონგ აილენდზე, ის თავდაუზოგავად მუშაობდა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საკმარისი შემოსავალი ჰქონოდა და თავისი ოჯახი შეენახა. რონალდი ძალიან მკაცრი და უხეში კაცი იყო, მას მის ცოლს ლუისს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ხმაურიანი ჩხუბები. თავის შვილთან, რონალდ ჯუნიორთან, იგივე ბატჩთან ყოველთვის მკაცრი და მომთხოვნი იყო.

მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ წარმოიდგენა, უმცროსმა დეფომ მთელი თავისი ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანი და–ძმა ძილში გამოასალმა სიცოცხლეს და არც დედ–მამა დაინდო. ხმები დადიოდა მისი სულიერი ავადმყოფობის შესახებ. ხალხს უბრალოდ არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ბიჭმა ეს საღ გონებაზე მყოფმა გააკეთა.

ერთი წლის მერე ჯორჯ და კეით ლატსები თავისი სამი შვილით გადავიდნენ ამ დაწყევლილ სახლში, თუმცა მათ არაფერი იცოდნენ. უცნაურმა მოვლენებმაც მაშინ დაიწყო განვითარება. ჯორჯი ძალიან შეიცვალა, დაიწყო სმა, ხშირად ესმოდა დემონური ხმები და ხედავდა მოჩვენებებს, მაგრამ ამას სასმელს აბრალებდა. სახლში თავისით იღებოდა და იკეტებოდა კარები, ქრებოდა შუქები და ისმოდა უცნაური ხმები.

ამას დაემატა ისიც, რომ უცროსმა შვილმა აიჩემა ერთი სიტყვა, რომელსაც ხშირად იმეორებდა და ყველგან წერდა, სადაც შეეძლო, ეს იყო redrum, ერთხელაც შეძრწუნებულმა კეიტმა უკუღმა წაიკითხა ეს სიტყვა და მიხვდა, რასაც ნიშნავდა.

ჯორჯი ირწმუნებოდა, რომ ამ სახლში საშინელი ენერგია იყო გამეფებული, რომელიც ადამიანს მკვლელობების ჩადენისკენ უბიძგებდა, ის აღარ იძინებდა სახლში და ყველგან იარაღს ატარებდა.

როგორც ჰყვებიან, ამ ამბავმა ტრაგიკული დასასრული მიიღო, როცა ჯორჯმა ნაჯახით დახოცა თავისი ოჯახის წევრები ბაღში და თვითონაც თავი მოიკლა.

თუმცა ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი უკვე ლეგენდაა, მოგონილი, რადგან ლატსებმა მალევე დატოვეს ეს დაწყევლილი სახლი და წავიდნენ.

ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს სახლი, რომელიც კარგად ჩანს ორიგინალ ფილმში, ძალიან საშიში და ბნელი შენობა უცნაური ნაგებობით, თითქოს ორი დიდი თვალი იყურება იქიდან.

ამის შესახებ ორი ფილმია გადაღებული, ერთი ორიგინალი და ერთიც რიმეიქი, მე რიმეიქი მაქვს ნანახი. სიმართლე ითქვას რიმეიქში ბატონი რაიანი საკმაოდ კარგად გამოიყურება:

ამეტვილის მოჩვენება 1979

ამეტვილის მოჩვენება 2005