პარფიუმერი – ერთი მკვლელის ისტორია

ფილმის გამოსვლისთანავე ხალხის რეაქცია ორ ნაწილად გაიყო. ზუსკინდის ცნობილი ბესტსელერის ეკრანიზაცია დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თუმცა კრიტიკოსების ნაწილმა ის მოიწონა.

მათთვის, ვისაც წიგნი წაკითხული აქვს, ფილმი ზედმეტად ჰოლივუდური და მშრალი აღმოჩნდა. ხოლო ვისაც არ ჰქონდა წაკითხული, იმათ უფრო დადებითი შეფასებები მისცეს. მე მეორე ჯგუფში აღმოვჩნდი, თავი შევიკავე წიგნის წაკითხვისგან და ვუყურე ფილმს. (მართალია 5 წლით დავიგვიანე, ფილმი 2006–ში გამოვიდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს)

ტომ ტიკვერის ნამუშევარი, რომლის ფილმზე ადრეც ვისაუბრე, გადაღებული ოთხ ქვეყანაში – გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები.

მეთვრამეტე საუკუნის პარიზი, ბინძურ, საშინელ გარემოში, თევზით მოვაჭრე ქალი პირდაპირ დახლის ქვეშ, ტალახში და თევზების შიგნეულობაში აჩენს ბავშვს, რომელიც როგორც წინაზე გაჩენილი ბავშები მკვდარი ჰგონია, მაგრამ ბავშვი თვალს ახელს და ტირილს იწყებს.

ჟანს მაშინვე ეტყობა თანდაყოლილი უცნაური უნარი – ყნოსვა. შეუძლია მისგან მოშორებით ჭაობში ჩამალული ბაყაყის სუნიც კი ამოიცნოს. რამდენიმე მძიმე სამუშაოს შეცვლის მერე ჟანი პერფიუმერთან იწყებს მუშაობას, რომელსაც წარუმატებელი პერიოდი უდგას.

ახალგაზრდა პერფიუმერი ცოტა ხანში შეპყრობილი აღმოჩნდება იდეალური სუნამოს შექმნის მანიით, ყველგან უნიკალურ არომატს ეძებს და მიხვდება, რომ ახალგაზრდა და ლამაზ ქალიშვილებს ყველაზე სასიამოვნო სურნელი აქვთ, თანდაყოლილი, რომელიც მათი კანიდან უნდა აიღოს და შექმნას ისეთი სუნამო, რომელიც ხალხის სიყვარულს მოუპოვებს, რადგან მათგან სიძულვილის მეტს არაფერს გრძნობს.

ფილმი თითქმის ერთ ტემპში მიდის, ვერ ვიტყვით, რომ სუპერ–დაძაბულია ან ტრილერისთვის დამახასიათებელი ექშენი მიდის, მაგრამ ინერციით მიყვები და 2 საათი მალე გადის.

მთავარი როლის შემსრულებელმა ბენ ვიშოუმ ძალიან მომხიბლა. ბენი კრიტიკამ თავისი თაობის ერთ–ერთ უნიჭიერეს მსახიობად დაასახელა. ეს ფილმი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან საშუალება მიეცა გამოეჩინა თავისი სამსახიობო ოსტატობა სულ სხვა კუთხით. შექმნა ჟან–ბატისტ გრენოუს სახე, თავისი ბინძური და ჭუჭყიანი რეალობით.

ფილმში წითური გოგონები ჭარბობენ. განსაკუთრებით მომხიბლავია რეიჩელ ჰართ–ვუდი:

და კიდევ ეს:

დასტინ ჰოფმანი და ალან რიკმანიც არიან ქასთში, თუმცა არა მთავარ როლებზე.

მომეწონა ფერები, ლამაზი ფერების ფილმია. დასასრულმა ხომ საერთოდ, ცუდად გამხადა.

ახლა აუცილებლად წავიკითხავ წიგნს და პარალელებს გავავლებ 🙂

ვისაც დაგაინტერესათ ლინკი – Perfume. The Story of a Murderer

ტრაილერი:

 

როცა უცნობი რეკავს…

– ჯენიფერ, ძიძა მოვიდა, წასვლის დროა – გასძახა ქმარმა მეუღლეს და პირველ სართულზე ჩავიდა.

ამანდა მორცხვად იდგა კარებთან, სულ რამდენიმე დღეა რაც პიტერსონებთან დაეწყო მუშაობდა. თან სწავლობდა და თან ბავშვების მოვლით დამატებით შემოსავალს იღებდა.

ჯენიფერი და ტომი უკვე 15 წელია ცოლ–ქმარი იყვნენ, შვილები გვიან შეეძინათ, ახლა ორი პატარა ჰყავდათ და ერთმანეთს ისეთ ყურადღებას ვეღარ უთმობდნენ, როგორსაც ადრე, ამიტომ გადაწყვიტეს ერთი საღამო კინოში წასულიყვნენ მარტო ისინი და ბავშვები გვიანობამდე ძიძასთან დაეტოვებინათ.

– თუ რამე მოხდა, მაშინვე დაგვირეკე – ჯენიფერმა ჩანთა აიღო და ამანდას მიუბრუნდა – კარები კარგად ჩაკეტე.

პიტერსონების სახლი პატარა სასახლეს ჰგავდა, მაგრამ ძალიან ძველი და ბნელი შენობა იყო,  უამრავი ოთახებით, რომელსაც არავინ იყენებდა. პიტერსონები დიდი ხანია ამ სახლის გაყიდვას აპირებდნენ.

ამანდამ კარები ჩაკეტა და ბავშვების ოთახში ავიდა. პატარებს უკვე ეძინათ. შუქი ჩააქრო და პირველ სართულზე ჩამოვიდა, ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოიკალათა.

ტელეფონის ზარი გაისმა. დარწმუნებულმა იმით, რომ ჯენიფერი რეკავდა, ყურმილი აიღო.

– დიახ მისის პიტერსონ.

– …

ხმას არავინ იღებდა, მარტო მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა.

– გისმენთ…– გაიმეორა ამანდამ.

– შენს ადგილზე ბავშვებს ვნახავდი – გაისმა კაცის ხმა და მას უცნაური შრიალი მოყვა. კაცმა ყურმილი დაკიდა.

გაოცებულმა ამანდამ აქეთ–იქით მიმოიხედა, ვიღაცა ბოროტად ეხუმრებოდა. სასწრაფოდ აირბინა მეორე სართულზე და ოთახის კარი შეაღო. ბავშვებს ეძინათ.

თავი გაიქნია და დაბლა ჩამობრუნდა. იფიქრა ალბათ ვინმე ნაცნობმა გაიგო ძიძად რომ ვრჩები და ჩემი შეშინება გადაწყვიტაო.

ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

– ეს სულაც არაა სასაცილო – გაბრაზებული ხმით უპასუხა ტელეფონს. ისევ უცნაური შრიალი ისმოდა.

– ბავშვები შეამოწმე – გაიგო ისევ ის საშინელი ხმა შორიდან და ტანში გააჟრჟოლა. ეს ამბავი არ მოსწონდა.

– ვინ ხარ, რა გინდა?

უცნობმა ჩუმად ჩაიცინა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და გათიშა.

ახლა უკვე ნამდვილად შეეშინდა, ეს ყველაფერი ნაცნობის ხუმრობას არ ჰგავდა. სასწრაფოდ 911–ზე დარეკა და ოპერატორს ამ ზარების შესახებ მოუყვა.

– როცა კიდევ დარეკავს ეცადეთ ცოტა ხანი შეაყოვნოთ მისს, ასე მის ადგილმდებარეობას დავადგენთ – უთხრა ოპერატორმა.

აკანკალებული დაჯდა დივანზე და ტელევიზორი გამორთო. სახლის ირგვლივ არავინ ჩანდა, კარები საიმედოდ იყო ჩაკეტილი,  ვერავინ შემოვიდოდა. ისევ თავს იმშვიდებდა, რომ ვიღაც უბრალოდ ბოროტად ხუმრობდა.

ისევ საძულველი ზარის ხმა მოისმა. უცნობი ნომერი.

– არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინო – ჩასჩურჩულა უცნობმა.

– მოიცადე, არ გათიშო, მითხარი რა გინდა.

– მინდა რომ ბავშვების ოთახში ახვიდე და შეამოწმო, იქ არიან თუ არა…

– ბავშვები კარგად არიან და სძინავთ. მათ ვერაფერს დაუშავებ.

ისტერიული სიცილი გაისმა. უცნობი საშინელი ხმით იცინოდა.

– ძალიან მალე – უთხრა კაცმა და გათიშა.

ის იყო ამანდა მეორე სართულზე აპირებდა ასვლას, რომ ოპერატორმა დაურეკა.

– მისს, გადავამოწმეთ ნომერი, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ადამიანი, რომელიც გირეკავთ იმავე სახლში იმყოფება, სადაც თქვენ ხართ, გიმეორებთ, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ჯგუფი უკვე გამოვგზავნეთ.

სისხლი ძარღვებში გაეყინა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მეორე სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა.

“ძალიან მალე” ჩაესმა უცნობის ხმა და კარებს მივარდა.

უკნიდან ძლიერი ხელი სწვდა და ყელში მოუჭირა.

– ხომ გითხარი ბავშვები შეამოწმე–თქო – ჩაესმა ნაცნობი ხმა და ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამოუვიდა.

გარეთ პოლიციის მანქანების სიგნალების ხმა მოისმა. კაცმა ხელი გაუშვა. პანიკაში მყოფი ამანდა კარებს ეცა და გარეთ გავარდა.

პოლიციელებმა ბავშვების ოთახში დიდი სისხლიანი ცული იპოვნეს, ბავშვები კი კარადაში იყვნენ დამალულები და ისტერიულად ტიროდნენ. ფანჯარა გატეხილი იყო, ყველგან მინის ნამსხვრევები ეყარა. მანიაკის კვალს ვერსად მიაგნეს.

ლეგენდა, რომლის მიხედვითაც საკმაოდ საინტერესო ფილმია გადაღებული

when a stranger calls


მკვლელობა წვეულებაზე

ეს ლეგენდა ამერიკულ კოლეჯებში ძალიან პოპულარული იყო. რამდენიმე წყარო სხვადასხვანაირად ყვება, მაგრამ შინაარსი მაინც ერთი აქვს. მაშ ასე – ჩემი ინსცენირებით – მკვლელობა წვეულებაზე.

ელენა, ნიკი და ჯულია კოლეჯში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, პოპულარულები და ლამაზად ჩაცმის მოყვარულები. ერთ დღეს უცხო გოგომ შემოუღოთ კარები, რომელიც კოლეჯის ადმინისტრაციას მათთან გამოეგზავნა.

უცნაური გოგო იყო, შავად შეღებილი თვალებით, გოთიკური ჩაცმულობით და ძალიან გრძელი, შავი თმებით.

– მითხრეს, რომ თქვენთან საწოლია თავისუფალი – იკითხა გოგომ. დაქალებმა ამრეზით შეხედეს და უხეშად მიუკეტეს კარები.

– ვიღაც გიჟები გვინდა ახლა ოთახში? – ტუჩი აიბზუა ელენამ და თმების ვარცხნა გააგრძელა.

იმ საღამოს კოლეჯში დიდი წვეულება ეწყობოდა, რომელსაც საზაფხულო მეჯლისს ეძახდნენ. მთელი კოლეჯის სტუდენტები იქ იყვნენ შეკრებილები. ელენას, ნიკის და ჯულიას რა თქმა უნდა ყველაზე ლამაზი კაბები ეცვათ და კოლეჯის დედოფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია.

მხიარულება უკვე ეშხში შევიდა, როცა უცნობი გოგო კარებში გამოჩნდა. ისევ ის ტანსამცელი ეცვა, ოღონდ თვალების ფერი შეცვლოდა, ახლა წითლად უელავდა.

მოულოდნელად დარბაზში შუქი ჩაქრა. სტუდენტებმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ ისევ მოვიდა.

– ნიკი, სად არის ნიკი? – აქეთ–იქით იხედებოდა ჯულია – ამ წუთას აქ იყო.

ელენამ და ჯულიამ ნიკის შარფი დაინახეს გასასვლელ კარებთან.

– ალბათ სიბნელით ისარგებლა და ტონისთან ერთად სადმე განმარტოვდა.

– წამოდი, მოვძებნოთ.

ფრთხილად შეაღეს სააბაზანოს კარები. ერთი კაბინა ჩაკეტილი იყო.

– ნიკი, აქ ხარ? მარტო ხარ?

პასუხს არავინ სცემდათ. არც საეჭვო ხმები არ ისმოდა იქიდან, რომ ეფიქრათ, ნიკი მარტო არ იყო.

ჯულიამ ფრთხილად შეაღო კარები და იკივლა.

დაბლა თვალებდათხრილი ნიკი ეგდო და მთელი სახე სისხლით მოსვროდა. ცარიელი გუგებიდან სიბნელე იყურებოდა.

შეშლილი გოგოები კიოდნენ და უკან უკან იწევდნენ. დარბაზში რომ შევარდნენ, შუქი კიდევ ერთხელ ჩაქრა.

ამჯერად ჯულია გაქრა. ელენამ დაინახა სისხლის წვეთები კიბეებზე და კანკალით აიხედა ზევით.

ჯულია თავდაყირა იწვა კიბეებზე და პირში უზარმაზარი დანა ჰქონდა გაყრილი. სისხლი ნაკადად ჩამოდიოდა კიბეებზე.

– თვალები, რომლებითაც შემომხედეთ, პირი, რომლითაც დამცინეთ და გული, რომლითაც შემიძულეთ – ჩასჩურულა ბოროტად ვიღაცამ ყურში და მობრუნებულმა ელენამ მკერდში ძლიერი ტკივილი იგრძნო.

უცნობი გოგო მიბრუნდა და წავიდა. როგორც ლეგენდა ამბობს, ახლა სხვა კოლეჯში გადაინაცვლა.

the end

დაახლოებით ასეთი ვარიანტია ფილმში “prom night” სადაც გოგოს მაგივრად ფსიქოპატი მკვლელი კაცია, თანაც ძალიან სიმპათიური და სექსუალური ჯონათან შაეხი.

ჰოდა ახლა რაღაც კაი ჰორორის ხასიათზე დავდექი.