ჩემი უმცროსი, აუტანელი ძმა

ჩემს ძმას ჩარლი ჰქვია. ამ საღამოს მე ის ჭაში ჩავაგდე. მესმოდა როგორ ბუყბუყებდა მისი ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ბოლო ნაკადი.  რამდენიმე წუთი ბოროტი სიამოვნებით ვუყურებდი მის პატარა, მოფართხალე სხეულს, მაგრამ მერე ყველაფერი აირია. დედამ მოირბინა ჩარლის ყვირილზე და ჭიდან ამოათრიეს. დედა ტიროდა, რადგან ეგონა, რომ ჩარლი მოკვდა, მაგრამ ის ცოცხალი იყო და თავსაც მშვენივრად გრძნობდა. საღამოს, ძილის წინ მარწყვის კექსიც აჭამეს, თან ტიროდნენ და ეფერებოდნენ, მამამ ისიც თქვა, ჩარლიმ ალბათ ეს სპეციალურად გააკეთაო და თან თავზე ეფერებოდა.

ჩარლიმ თქვა, რომ ფეხი დაუცდა, ჩემზე არაფერი უთქვამს. კიდევ კარგი, თორემ ამას უარესი შედეგი მოჰყვებოდა. მიხვდა ვისთანაც ჰქონდა საქმე. მე ყურადღებას აღარავინ მაქცევდა, ყველანი მას ევლებოდნენ თავზე.

მეორე დღეს ჩუმად შევედი მის საძინებელში და კისერზე თოკი შემოვახვიე. ჩარლი ტირილით გაიქცა მშობლების ოთახში და შესჩივლა, რომ მისი დახრჩობა მინდოდა, მაგრამ დედამ და მამამ დატუქსეს და უთხრეს, ჩემთვის ასეთი რამე აღარ დაებრალებინა. იმ საღამოს არც კექსი მისცეს. საბრალო ჩარლი, ახლა მაინც არ იყო მისი ბრალი არაფერი.

იმ საღამოს დედას სამჯერ ვთხოვე ჩემთვის ნამცხვარი მოეცა, მაგრამ ყურადღება არც მომაქცია, თითქოს არც ესმოდა ჩემი. მგონი მიხვდა ჩარლი მე რომ ჩავაგდე ჭაში.

აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მე და ჩარლი კარგად ვუგებდით ერთმანეთს, როცა დედიკო მას მანქანას ყიდულობდა, ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა თოჯინა, ყოველთვის ერთნაირ ყურადღებას გვაქცევდა ორივეს, მაგრამ ერთი თვის წინ ყველაფერი შეიცვალა, მშობლებმა გადამიყვარეს, მთელი ყურადღება ჩემს ძმას მიაქციეს და მე ზედაც აღარ მიყურებდნენ. ჩარლიც აუტანელი გახდა, სულ ცუდ ხასიათზე იყო და აღარ მეთამაშებოდა. როცა ოთახში შევდიოდი, ის გადიოდა და მერიდებოდა.

ერთ საღამოსაც გამომიცხადა, რომ ის, დედა და მამა ზღვის სანაპიროზე მიდიოდნენ დასასვენებლად, მე კი არ მივყავდით.  ამან სულ გამაგიჟა და გადავწყვიტე ჩარლი სამუდამოდ მომეშორებინა თავიდან, რადგან მშობლებს ნელ-ნელა ვკარგავდი.

ახლა ღამის თორმეტი საათია, ჩარლის რამდენი ხანია სძინავს, მშობლების საძინებელშიც ჩაქრა შუქი.  ახლა კი ჩარლის ყვირილის საშუალებას ნამდვილად აღარ მივცემ, თოკს მოვუჭერ კისერზე და როცა სუნთქვას შეწყვეტს, ოთახიდან გამოვალ. დედა და მამა მის გარეშე წავლენ დასასვენებლად, და როცა ისინი დატოვებენ სახლს, მე დავბრუნდები ბაღის ბოლოში, იმ საშინელ თეთრ ყუთში, სადაც ერთი თვის წინ დამმარხეს.

ტყუპები

ძველი ესპანური ლეგენდა, რომელიც ძალიან პოპულარულია ესპანურენოვან ქვეყნებში.

ესპანეთის ერთ-ერთ დაბაში დაქორწინებული წყვილი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი სახლი თავისი მწვანე ბაღით, წყნარი, სუფთა ქუჩა და მშვიდი გარემო, ამ სიმშვიდეს მარტო ტყუპი გოგონები არღვევდნენ, რომლებიც არასდროს იღლებოდნენ თამაშით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დაშორებას ვერ იტანდნენ.

ერთ დღეს დედამ გადაწყვიტა მაღაზიაში წასულიყო რძის და პურის საყიდლად, მაგრამ გოგონების მარტო დატოვება არ უნდოდა სახლში, ლამაზად ჩააცვა და თან წაიყვანა. მაღაზია დაბის ცენტრალურ ადგილზე იყო, სადაც დიდი გზატკეცილი უნდა გადაეჭრათ. სანამ დედა ბავშებისთვის ხელის ჩაკიდებას მოასწრებდა, ისინი ხელიდან დაუსხლტდნენ და გზაზე გადაირბინეს. შემოსახვევიდან გამოვარდნილმა დიდმა სატვირთომ გაჩერება ვეღარ მოასწრო და საშინელი კივილის ხმამ იქაურობა შეძრა. სატვირთოს გავლის შემდეგ ასფალტზე ორი დიდი სისხლიანი ლაქა ემჩნეოდა.

ქალი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. წლების განმავლობაში იმეორებდა, რომ ეს მისი ბრალი იყო, ქმარი ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

კიდევ რამდენიმე წლის მერე ქალი დაორსულდა. წყვილს ძალიან გაუკვირდა, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ ისინი ისევ ტყუპებს ელოდებოდნენ. ისევ გოგონები გაჩნდნენ.

დედას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, გარდაცვლილ გოგონებზე ხმას არ იღებდნენ, თითქოს ისინი არც არსებობდნენ. არ სურდათ წარსულის გახსენება, მათ ისევ ორი მშვენიერი ტყუპი გოგონა ეყოლათ, ეს ხომ ღმერთის საჩუქარი იყო.

ერთ დღეს დედამ კვლავ გადაწყვიტა მაღაზიაში წასვლა და გოგონებიც თან წაიყვანა. როცა იმ ავადსახსენებელ გადასასვლელს მიუახლოვდნენ, დედამ მაგრად ჩასჭიდა გოგონებს ხელი, რომ არ გასხლტომოდნენ, მათ კი გაიცინეს და ერთხმად უთხრეს:

” დედა, არ არის საჭირო ჩვენი დაჭერა, არ ვაპირებთ რომ კიდევ ერთხელ მოვკვდეთ”

რეალობა თუ ფანტაზიის ნაყოფი?

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგზე ხშირად ვწერ ზებუნებრივ ისტორიებს და მიყვარს მისტიკა, არასოდეს შევსწრებივად ასეთ ფაქტს, გარდა რამდენიმე ისეთი მოვლენისა, რომელსაც სავარაუდოდ ჰქონდა ლოგიკური ახსნა.

ამას დაერთო ისიც, რომ წუხელ პატრიცია არკეტის “სტიგმატას” ვუყურე და მთელი ღამე უცნაურ სიზმრებში ვიყავი გახვეული. მერე დავფიქრდი – ნუთუ არასდროს არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც შეიძლება ზებუნებრივ მოვლენად ჩავთვალო. პრინციპში არც არაფერი.

ყოველთვის მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენა, ვინ რა შეემთხვა, რა გადახდა თავს, რა დაინახეს ღამე საფლავებთან, მაგრამ მე არ მაქვს ასეთი ისტორია და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვწერ ასეთ თემებზე, გულის სიღრმეში ალბათ არც მჯერა.

დამიწერეთ კომენტარებში, იქნებ თქვენ გადაგხდენიათ  თავს რამე ზებუნებრივი მოვლენა, ან იქნებ ერთ მოჩვენება მაინც გყავთ ნანახი, ან რამე ისეთი, რაც ბუნებრივ კანონებში არ ჯდება.

აკრძალული და საიდუმლო რეცეპტები +16

– კიდევ ორი პორცია საფირმო კერძი – მიმტანმა მზარეულს შეკვეთა მისცა და სხვა მაგიდისკენ გაემართა. ისევე როგორც ყოველთვის მაგიდები სავსე იყო.

მთავარი შეფ–მზარეული, ჩანგ–სანი, ნამდვილი სენსაცია იყო მდიდრული რესტორნისთვის. ჯადოსნური ხელი ჰქონდა, საოცარ კერძებს ამზადებდა, ხალხი რამდენიმე თვით ადრე ეწერებოდა, რომ აქ მოხვედრილიყვნენ და ჩანგის განთქმული საჭმელი გაესინჯათ.

ახალგზარდა, ენერგიით სავსე მზარეული ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ თავის საქმეში სრულყოფილებას მიეღწია, ყოველდღე ახალ რეცეპტებს იგონებდა და მუდმივად ახლის ძიებაში იყო.

მიმტანმა ჩანგს მოახსენა, რომ პირველ მაგიდასთან წყვილს მისი ნახვა უნდოდათ. ჩანგმა ხელები შეიწმინდა და გარეთ გავიდა.

ჭაღარაშერეული კაცი და ახალგაზრდა, ლამაზი ქალი დაკვირვებით უყურებდნენ მზარეულს.

– რა გნებავთ? ბევრი დრო არ მაქვს.

– სპეციალური შეკვეთა მინდა მოგცეთ – უთხრა კაცმა და პატარა ყუთი გახსნა. იქ იშვიათი ჯიშის წითელი თევზი იდო, რომელიც აღარ იშოვებოდა ჩინეთში.

–  სანჯინი – აღმოხდა გაკვირვებულ ჩანგს.

– დიახ, ისაა, ეს თევზი მხოლოდ ერთი რეცეპტით მზადდება, დანარჩენ შემთხვევაში სასიკვდილოა.

ჩანგმა ყუთი აიღო.

– 10 წუთში მზად იქნება.

თევზი წვრილ ნაჭრებად დაჭრა, ფქვილში ამოავლო, სპეციალური სანელებლები შეურია, კვერცხის გული ამოავლო და ორთქლში გააჩერა, მერე შეწვა და ბოსტნეულთან ერთად მიართვა წყვილს.

– ძალიან კარგი – თქვა მამაკაცმა. მან და მისმა თანამგზავრმა რესტორანი ისე დატოვა, თევზი არ გაუსინჯავთ.

დღის ბოლოს შანგს მიმტანმა გოგონამ პატარა კონვერტი გადასცა, რომელზეც ეწერა “ჰუგო ლაუერი”, უკან კი მონოგრამა იყო გამოსახული, რომლის დანახვაზეც ჩანგს სუნთქვა შეეკრა.

– შინ–ტანის საიდუმლო წიგნი…

შთამომავლობიდან მოდიოდა ლეგენდები საიდუმლო რეცეპტების წიგნ შინ–ტანზე, რომელშიც ისეთი რეცეპტები იყო შეტანილი, რომელიც ყველა მზარეულს არ შეეძლო ეხილა, არათუ დაემზადებინა.

არავინ იცოდა, მართლა არსებობდა ეს წიგნი თუ  გამოგონილი იყო, მაგრამ ყველა მზარეულის ოცნება სწორედ ამ წიგნს უკავშრდებოდა.

მეორე დღეს გარეთ ჰუგოს მანქანა დახვდა. არც დაფიქრებულა, ისე ჩაჯდა. ჰუგომ ძველი და ფურცლებგაყვითლებული წიგნი მიაწოდა.

– შინ–ტანის საიდუმლო რეცეპტები, ყველა კულინარის ოცნება – უთხრა ჰუგომ – ერთი საღამოთი მინდა დაგიქირავო,  რომ ამ წიგნიდან  მოამზადო ერთი კერძი, რომელსაც მე და ჩემ მეგობრებს მოგვართმევ ჩვენს ვილაში. თანახმა ხართ?

როგორ შეეძლო ამაზე უარი ეთქვა?

მეორე დღეს უკვე ჰუგოს სახლში იყო და წიგნს დაჩერებოდა. როგორც იქნა ხელის კანკალით გადაშალა და დაიწყო კითხვა.

შუბლზე ოფლი მოასკდა, გვერდებს შლიდა და თვალებს არ უჯერებდა – ერთი მეორეზე საშინელი სურათები ცვლიდა ერთმანეთს.

შინ–ტანის რეცეპტების საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ყველა კერძი ადამიანის ხორცით მზადდებოდა.

ჰუგოს მიერ არჩეული კერძი კი მთლიანი ადამიანის მოხარშულ, გამოშიგნულ და სუნელებით შეზავებულ სხეულს წარმოადგენდა.

ჩანგმა გაქცევა სცადა, მაგრამ ჰუგოს ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა. ან ეს კერძი უნდა დაემზადებინა, ან მოკვდებოდა.

სარეცეპტე მასალად კი ახალგაზრდა გოგო იყო დამწყვდეული სარდაფში, რომლისგანაც გემრიელი და ნოყიერი კერძი დამზადდებოდა.

– დროა – უთხრა ჰუგომ და ჩანგი სარდაფში ჩაიყვანა, სადაც ყველანაირი საჭირო მასალა იყო გამზადებული, მათ შორის უზარმაზარი ქვაბიც, რომელშიც გოგო უნდა მოეხარშა ცოცხლად.

ზევით ათ კაციანი კომპანია იყო შეკრებილი, რომლებიც ამ უცნაურ სადილს დიდი ინტერესით ელოდებოდნენ.

– ჯერ არასასურველი ორგანოებისგან უნდა გაასუფთავო – უთხრა ჰუგომ – დაიწყე ინტიმური ადგილებით.

– რეცეპტი უკვე წაკითხული მაქვს – უპასუხა მზარეულმა და დანა აიღო.

*    *   *

ჩანგი უზარმაზარი დანით ასუფთავებდა სხეულს შინაგანი ორგანოებისგან და თავს ძლივს იკავებდა გული არ არეოდა. ხახვი დაჭრა,  ნიორი დანაყა, გულ–ღვიძლის სოუსი გაამზადა.

ცოტა ხანში სასადილო ოთახში უზარმაზარი ლანგარი შეაგორა. შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა შეფ–მზარეულს.

– მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა ჰუგომ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა ამ კერძის შექმნაში, რათა თქვენთვის ესიამოვნებინა – განაცხადა ჩანგმა და ლანგარს თავი მოხადა, სადაც გემრიელად შემწვარი და მოხრაკული ჰუგო იწვა გემრიელი სოუსებით და დელიკატესებით.

სანამ დაინტერესებული საზოგადოება თეფშებით და ჩანგლებით გაინაწილებდა ჰუგოს სხეულს, ჩანგმა წიგნთან ერთად დატოვა სახლი.

*   *   *

ბუხარში ერთმანეთის მიყოლებით იწვოდა უძველესი წიგნის გაყვითლებული ფურცლები. ის საშინელი საიდუმლო, რომელსაც ინახავდა, მასთან ერთად ქრებოდა.

რიდლი სკოტის და შოუ თაიმის ერთობლივი ნამუშევარი, ტელე სერიები “შიმშილი” მეოთხე ეპიზოდი – შინ–ტანის საიდუმლო

უყურეთ:

13 საფეხური

– დროა საშიში ისტორიები მოვყვეთ – თქვა კელიმ და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად.

– ხომ ხედავ შენს ისტორიებზე აღარც გვეცინება – გაეხუმრა კრისი.

– ვიცი და ამიტომაც აღარ გიყვებით ხოლმე, ახლა თქვენ მოიფიქრეთ რამე.

– სხვათაშორის – თავი წამოყო ჯეისონმა – ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვა საინტერესო ისტორია, თან თავისი თქმით მართალი ამბავია. ეს ისტორია თავის ქალაქში ყველა მაცხოვრებელმა იცის და მგონი სჯერათ კიდეც.

– რომელი ქალაქი?

– მალტბაი, ჩვენს მეზობლად.

– აბა მოყევი – ლივმა ზეფირი მიუშვირა კოცონს შესაწვავად და მოსასმენად მოემზადა.

– როგორც ამბობენ, სანამ ეს ქალაქი დასახლდებოდა, ტერიტორია მთლიანად ტყით იყო დაფარული, თანაც ისეთ გაუვალი ტყიით, რომ იქ ადამიანს არ შეეღწია. გვერდზე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ იქიდან უცნაური ხმები ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გარეულ ცხოველებს მიაწერდნენ. 1887 წელს ტყე გაჩეხეს და მალტბაი გააშენეს.

ქალაქის ბოლოს ხალხმა ძველი საფლავები იპოვნა, რომელიც მათ მოსვლამდე იყო გაკეთებული. უცნაურია ვინ დაასაფლავეს შუაგულ ტყეში.

დროთა განმავლობაში გაჩნდა ლეგენდა ცამეტი საფეხურის შესახებ. ერთ ერთ საფლავს, რომელსაც შიგნით აკლდამა ჰქონდა გაკეთებული, მიწაში ჩასასვლელი 13 კიბე ჰქონდა, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯოჯოხეთში ჩაჰყავდა იქ ჩამსვლელი ადამიანი. ბნელი კიბეები პირდაპირი გზა იყო მიწისქვეშეთა სამყაროსკენ.

თუ შეძლებდი და ბოლო საფეხურამდე ჩახვიდოდი, ჯოჯოხეთის გამოსახულებას მოკრავდი თვალს. ეს იყო პორტალი, რომელიც მიწისქვეშეთს დედამიწასთან აკავშირებდა.

იმასაც ამბობენ, რომ ცამეტი კიბის დაბლა ხის უბრალო სკამი დგას. თუ ამ სკამზე დაჯექი, ეს იმას ნიშნავს, რომ სული ეშმაკს მიჰყიდე და უკვე ჯოჯხეთს ეკუთვნი. ასე რომ იქიდან დაბრუნებას ვეღარასდროს ვეღარ შეძლებ.

ჯონმა ისიც მითხრა, რომ მისი რამდენიმე მეგობარი ნამყოფი იყო იქ, მაგრამ სამი საფეხურის მეტი ვერ გაბედეს ჩასვლა, რადგან ფანრის შუქზე კიბეებს დასასრული არ უჩანდა – ჯეისონმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და დაამატა – საინტერესოა არა?

ისტორია მართლაც საინტერესო იყო, შეიძლება თქვას საშიშიც.

– არ მჯერა – თქვა კრისმა და თავი გაიქნია – ზღაპარია. შენს დეიდაშვილს უთხარი საშინელებათა კინოების ყურებას მოეშვას.

– მოდი წავიდეთ, რამდენიმე საათის სავალია – წამოაყენა წინადადება კელიმ, რომელიც გატაცებული იყო ქალაქური ლეგენდებით.

– ჰო მართლა, უიქენდზე წავიდეთ, მამაჩემის მანქანას წამოვიყვან. ჯოჯოხეთში თუ არ მოვხვდით, ცოტას მაინც გავერთობით.

*    *    *

– დიდი შანსია ვერ მივაგნოთ, ყველა კი ვერ პოულობს ამ საფლავს – ამბობდა  ჯეისონი და ანთებული ფანრით მეგობრებს წინ მიუძღოდა. ტომმა გზა ასწავლა, მაგრამ თვითონ არ გამოყვათ, საქმეები მოიმიზეზა.

მალტბაის სასაფლაოზე ბნელოდა. მეჩხერად იყო ჩამწკრივებული ძველი საფლავები. გულდასმით ათვალიერებდნენ თვითოეულ მათგანს.

– ეს რა არის? აქ მოდით – დაიყვირა კრისმა და ფანარი ჩაანათა აკლდამას.

– აკლდამა, წესით ეს უნდა იყოს.

მძიმე კარები ოდნავ ღია იყო დატოვებული, როგორც ჩანს ცნობისმოყვარე ხალხი ხშირად აკითხავდა ამ ადგილს.

კიბეები. აი ისინიც. სიბნელეში ბოლო არ უჩანდათ. კრისმა ჩაანათა ფანრით, მაგრამ დაბლა არაფერი გამოჩნდა.

აკლდამაში ისეთი ცუდი აურა იყო დაგუბებული,  რომ ლივმა ვერ გაუძლო და გარეთ გავარდა.

– ჰმ – ჩაილაპარაკა ჯეისონმა – როგორც ვატყობ მარტო მომიწევს ჩასვლა, რომ პატარა მშიშრებს დავუმტკიცო ჯოჯოხეთის არსებობა.

– ფრთხილად – ჩაილაპარაკა კრისმა და უკან დაიხია.

ჯეისონმა ღრმად ამოისუნთქა და პირველ კიბეზე ჩადგა ფეხი. არაფერი განსაკუთრებული. ჩავიდა მეორე საფეხურზეც.

– აბა, უკვე იქ ხარ? – მიაძახა კრისმა. კელის ფხუკუნი აუტყდა.

ჩავიდა მესამე საფეხურზე და ისევ არაფერი.

უკვე თამამად მიაყოლა რამდენიმე საფეხური და მეექვსე კიბეეზე უკვე გაშეშდა. მოულოდნელი სიცივე იგრძნო, თითქოს ათასმა ქარმა ერთად დაუბერა და ძვლები გაუყინა.

გაუბედავად ჩადგა კიდევ ერთი საფეხური. სკეპტიციზმი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი შიშმა დაიკავა.

მერვე საფეხურზე ფანარი ჩაუქრა და შორიდან უცნაური ხმები მოესმა. იფიქრა ზევიდან მაშინებენო და გზა გააგრძელა. მეცხე, მეათე,  მეთერთმეტე… მოეჩვენა თითქოს სიბნელეში ლანდები გაკრთა. რაღაც ექაჩებოდა თავისკენ, უკან შებრუნების საშუალებას არ აძლევდა. უდიდესმა და დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.

მეთორმეტე კიბეზე ყველაფერი განათდა და ცეცხლის ენები გამოჩნდა. განუწყვეტელი გუგუნის ხმა ისმოდა, თითქოს დედამიწის შუაგულში იყო მოხვედრილი. თვალები დახუჭა და მეცამეტე კიბეზეც ჩავიდა…

ჯეისონი მეექვსე კიბიდან უკვე აღარ ჩანდა და ზევით დარჩენილი მეგობრები პანიკამ შეიპყრო. დაბლა ჩასვლა ვერავინ გაბედა. ჯესონი იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა.

მომდევნო დღეებში მალტბაის მოსახლეობამ 13 საფეხური ცემენტით ამოავსო და აკლდამა ჩაკეტა. იმის მერე პორტალი აღარ გაღებულა.

(მალტბაი, დასახლება ვაშინგტონში,  რომლის სასფლაოც მოჩვენებებითაა ცნობილი და დაწყევლილ ადგილად მოიხსენიება. 13 საფეხური ნამდვილი ქალაქური ლეგენდაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს)

 

პლანეტა მელანქოლია – სიკვდილის ცეკვა

რატომღაც ძალიან მიყვარს ფილმები სამყაროს აღსასრულზე. ასეთი ფილმები როგორც წესი  მაღალიუჯეტიანი და საინტერესოა. მაგრამ არა ამ მიზეზით ველოდი ამ ფილმს, ვიცოდი რომ ტიპიური ჰოლივუდური ტრილერი არ იქნებოდა და არც შევცდი.

ლარს ვონ ტრიერის დრამა, რომლის ორი ნამუშევარი მაქვს ნანახი- დოგვილი და ანტიქრისტე. საკმაოდ შთამბეჭდავი ქასტით – კირსტენ დანსტი, კიფერ საზერლენდი, ჩემი ვამპირი ალექსანდრე სკარსგარდი თავისი მამითურთ, სტელან სკარსგარდი, შარლოტა რემპლინგი და შარლოტა გეინსბურგი. ფილმი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირელი ნაწილი ერთ დაზეა – ჯასტინა, რომელსაც ქორწილი აქვს. მეორე ნაწილი მეორე დაზე – კლერი. პატარა პლანეტა, სახელად მელანქოლია დედამიწას უახლოვდება. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ პლანეტა დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუვლის, ნაწილი კი ამტკიცებს რომ დაეჯახება. პლანეტა მელანქოლია სიკვდილის ცეკვას ასრულებს დედამიწასთან – ხან უახლოვდება, ხან შორდება.

სიუჟეტი განსაკუთრებით მეორე ნაწილში იძაბება, როცა მელანქოლია ძალიან ახლოს მოდის დედამიწასთან. კლერი, ჯასტინა და კლერის პატარა შვილი განცალკევებული რანჩოდან აკვირდებიან მოვლენების განვითარებას მას შემდეგ რაც ჯასტინა ქორწილს ჩაშლის და დასთან გადმოვა.

არასდროს არც ერთ ფილმს სამყაროს აღსასრულზე ასე არ დავუძაბივარ, მუსიკალური გაფორმება არის უძლიერესი, ერთი კინოდ ჯერ მარტო მუსიკა ღირს. ძალიან მძიმე და შთამბეჭდავია.

ამის მეასედი ემოციაც არ გამოუწვევია არც 2012-ს და არც სხვა ამ ტიპის ფილმს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 7 მილიონი დოლარია. ისე განვიცადე ყველაფერი, თითქოს მეც იქ ვიყავი და მელანქოლია მეც მეჯახებოდა. ფილმი რომ დამთავრდა გული ისე მქონდა დამძიმებული, თითქოს მართლა მთავრებოდა ცხოვრება დედამიწაზე.

აი ლინკიც

need help, bloggers!!! და არა მარტო!

როგორც უკვე ვთქვი, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და აქედან გამომდინარე მინდა ეს დრო რამე სასარგებლოთი შევავსო. ჩემი წიგნების მარაგი ამაზონიდან უკვე ამოვწურე, გუშინ სამი საათი ვეძებდი ჩემთვის საინტერესო წიგნს და როცა თვალები ამეწვა მერე მივხვდი, რომ ბლოგი მაქვს და შემიძლია დახმარება უამრავ საინტერესო ადამიანს ვთხოვო, რომლებიც საინტერესო წიგნებს მირჩევენ.

ერთი წიგნი რასაც გამოვიწერ სტივენ კინგის ინსომნიაა. ჩემი საყვარელი ჟანრი იცით რა არის, აქედან გამომდინარე მიყვარს სტივენ კინგი და მისი წიგნების ეკრანიზაციები, რომელთა უმრავლესობაც ძალიან კარგი გამოდის.

და მერე დარქ თაუერის ნაკრებზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ სტივენის ერთ წიგნს ვიკმარებ.

 

ახლა კი მინდა გთხოვოთ – მისტიკურ–ფანტასტიკური ჟანრის, შეიძლება სამეცნიერო–ფანტასტიკა, საინტერესო, არამოსაწყენი, ექშენით, მირჩიეთ კარგი წიგნები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიწერ და მერე ჩემს შთაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ.

სისხლიანი აბაზანა

სააბაზანოში შესულმა შიშით შეჰყვირა და გაოცებით შეათვალიერა უცხო ნივთი. ეს იყო უცნაურ, ანტიკვარულ ფეხებზე შემდგარი შხაპის მისაღები აბაზანა.

– მოგწონს? – ჰკითხა ოთახში შემოსულმა დედამ – დღეს მოიტანა მამაშენმა, ვიქტორიანული ხანის აბაზანაა.

რა თქმა უნდა, გაიფიქრა გულში, ვიქტორიანული კი არა ნახმარი და იაფია, როგორც მას ჩვევია. ყველაფერზე ფულს ზოგავს.

იმის მერე რამდენი სააბაზანოში შედიოდა, ეს ძველი და უცნაური ნივთი ცუდად ხვდებოდა თვალში, თითქოს ბნელი აურა ჰქონდა, ხანდახან ამაზე კოშარებიც კი ესიზმრებოდა და რამდენიმე ინციდენტიც მოუხდა.

პირველად მაშინ, როცა კბილების დასახეხად შევიდა, მოეჩვენა, რომ აბაზანიდან წყლის მაგივრად სისხლი იღვრებოდა და მთელი იატაკი სისხლით იყო მოსვრილი. ისიც კი იგრძნო, როგორ დაუსველდა ფეხები ბლანტი სითხით. თვალები მაგრად დახუჭა და რომ გაახილა, ყველაფერი რიგზე იყო.

ამასობაში მისი მშობლები სულ ჩხუბობდნენ. დღე თუ ღამე, სულ მათი ყვირილის ხმა ესმოდა და ესეც ამძაფრებდა მის გაურკვეველ შიშს.

მეორედ როცა შხაპი უნდა მიეღო, გაიხადა ტანსაცმელი და შიშველი დადგა წყლის ქვეშ. მძაფრად იგრძნო როგორ უთვალთვალებდა ვიღაც ბნელი კუთხიდან. წყალი გაშავდა და უფრო მეტი წამოვიდა. წყალი გადაკეტა და ამოსვლას აპირებდა, მაგრამ ფეხი დაუცდა.  იგრძნო როგორ ჩაეჭიდა ხელებზე ვიღაც, თითქოს მის ჩათრევას აპირებდა, იყვირა და სწრაფად ამოვიდა.

მეორე დილით გადაწყვიტა ანტიკვარების მაღაზია მოენახულებინა და გაეგო ამ  ნივთის ისტორია. მაღაზიის პატრონმა საშინელი ამბავი მოუყვა.

ძველი აბაზანა ასეული წლების წინ ერთ კაცს ეკუთვნოდა, რომელიც სერიული მკვლელი იყო. ის ახალგაზრდა გოგონებს უთვალთვალებდა ბანაობის დროს, მერე კი თავს ესხმოდა და წყალში ახრჩობდა, ამის მერე ნაჯახით ანაწევრებდა მათ სხეულს და ტყეში მალავდა. ამ აბაზანაშიც არაერთი მკვლელობა მომხდარა – თქვა მეპატრონემ – მაგრამ სისხლის ჩამორეცხვა ყოველთვის შეიძლება.

გაოცებული უსმენდა. კი მაგრამ რათ უნდოდა მამას ასეთი საშინელი ძველი ნივთი?

მეპატრონე აგრძელებდა ლაპარაკს – მკვლელი დაიჭირეს და ჩამოახრჩვეს, მაგრამ ამბობენ, რომ მისმა სულმა ვერ მოისვენა და კვლავ განაგრძობს მკვლელობებს, სხვადასხვა ადამიანების სხეულით ევლინება მსხვერპლებს.

ეს ზღაპარია – გაიფიქრა მან – მაგრამ აბაზანა თავიდან უნდა მოვიშოროთ.

სასწრაფოდ წამოვიდა სახლისკენ, თან გზაში გეგმებს აწყობდა, როგორ დაითანხმებდა მშობლებს.

სახლში უჩვეულო სიჩუმე დახვდა. მამა პირველ სართულზე იჯდა და წიგნს კითხულობდა.

– სად არის დედა? – იკითხა.

– ზევით, აბაზანას იღებს – უპასუხა მამამ თავაუღებლად – თუმცა ავალ და დავხედავ, უკვე დიდი ხანია იქაა.

დივანზე ჩამოჯდა. ზევიდან უცნაური ხმები მოესმა. შეშინებული წამოხტა და ზევით ასვლა დააპირა, მაგრამ ერთ ადგილს შეეყინა.

კიბეებზე მამა ჩამოდიოდა, ხელში დიდი, სისხლიანი ნაჯახი ეჭირა.

– დედა მორჩა ბანაობას – უთხრა შვილს – ახლა შენი ჯერია…

 

წითელი ლენტი

ჯეიმი პარკის შესასვლელში იდგა და ჯიბეში პატარა კოლოფის სიმძიმეს ისე გრძნობდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი ედო მის მაგივრად. წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა, დრო აღარ და აღარ გადიოდა.

ვირჯინიას რამდენიმე თვეა იცნობდა, მაგრამ მის თმების სურნელი ყველგან თან დაჰყვებოდა.  მის ძარღვებში ბოშა ქალის სისხლი სჩქეფდა, გრძელი, შავი თმები, დიდი შავი თვალები, ძლიერი და მტკიცე ხასიათი – ყველაფერი, რაც ასე იზიდავდა.

საათს დახედა. ვეღარ ითმენდა.

აი ისიც გამოჩნდა. ყველასგან გამოირჩეოდა, გრძელი შავი თმები მხრებზე დაფენოდა.

– ჯეიმი – თქვა ქალმა და გადაეხვია.

ვირჯინია სკამზე ჩამოჯდა. ჯეიმიმ კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და მის წინ ცალ მუხლზე დადგა.

– გამომყვები ცოლად?

ქალმა გაიცინა.

– რა თქმა უნდა.

გახარებულმა ჯეიმიმ ბრილიანტის ბეჭდი თითზე გაუკეთა თავის საცოლეს და თვალებში ჩახედა. კვლავაც თვალში მოხვდა ყელზე მჭიდროდ მოხვეული წითელი, ვიწრო ლენტი.

– რატომ გიკეთია ყოველთვის ეს ლენტი? – ჰკითხა ღიმილით.

– არასდროს, არასდროს არ უნდა მოვიხსნა ეს ლენტი, დაიმახსოვრე ჯეიმს.

კაცი აღარ ჩაეძია, რაც მთავარია, ვირჯინია მის ცოლობაზე იყო თანახმა, სხვა არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

იმ ზაფხულს ისინი დაქორწინდნენ. ჯეიმი ხვდებოდა, რომ მის ცოლზე კიდევ ბევრი რამ არ იცოდა, არც მის ნათესავებს იცნობდა და არც ვირჯინიას საიდუმლოებით მოცულ წარსულს.

რაც მთავარია ქალი არასდროს არ იხსნიდა წითელ ლენტს, დღე თუ ღამე, ყოველთვის ეკეთა. მეუღლის კითხვაზე კი იგივე პასუხს სცემდა, რომ ეს ლენტი არ უნდა მოეხსნა, არასდროს… 

გავიდა რამდენიმე წელი და ჯეიმი კიდევ ერთ უცნაურ ფაქტს წააწყდა, როცა სახლის იჯარას იხდიდა, გადაწყვიტა ცოლის სახელზე შეეტანა თანხა, მაგრამ როცა გადაამოწმეს, უთხრეს, რომ ამ შტატში დარეგისტრირებული ვირჯინია მორგანი უკვე 10 წელია გარდაცვლილი იყო. როცა ეს ყველაფერი ცოლს მოუყვა, მან განუცხადა, რომ მისი ქალიშვილობის გვარი სხვა იყო, და არა მორგანი.

რამდენიმე წელში ვირჯინია დაორსულდა. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ჯეიმი. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ქალმა სთხოვა ექიმი გაეფრთხილებინათ, რომ ის წითელ ლენტს ყელიდან ვერ მოიხსნიდა. კაცმა შეუსრულა ეს თხოვნა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი, წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჯეიმის საშინელი ცნობისმოყვარეობა ტანჯავდა. სწორედ ამიტომ კიდევ ერთი იდეა მოუვიდა თავში. მათი ქორწინების ათი წლისთავი ახლოვდებოდა. ძვირფასი ყელსაბამი იყიდა და ვირჯინია რესტორანშ დაპატიჟა. ქალმა სიხარულით შეჰკივლა, როცა ხავერდის ყუთი გახსნა.

– მოდი, გაგიკეთებ ყელზე, მოიხსენი ეგ ლენტი ბოლოს და ბოლოს – უთხრა ჯეიმიმ.

– არა, მე ამ ლენტს ვერ მოვიხსნი – გადაჭრით განაცხადა ქალმა – მაგრამ დიდი მადლობა ძვირფასი საჩუქრისთვის.

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, მეტი მოთმენა არ შეეძლო. იმ ღამით, როცა ვირჯინიას ღრმად ჩაეძინა, ფეხაკრეფით მიეპარა და ლენტი ფრთხილად გამოხსნა. ლენტი ძალიან წვრილი იყო და ადვილად დაყვა. ერთ ბოლოს მოკიდა ხელი და გამოსწია. ლენტი თანდათან დამოკლდა და ელვა შესაკრავივით გაიხსნა.

ვირჯინიას თავი შეირხა,დაბლა გადმოვარდა და იატაკზე გაგორდა. მთვარის შუქზე გამოჩნდა, როგორ ჩამოუვიდა დახუჭული თვალიდან ცრემლი.

“ხომ გაფრთხილებდი” – ჩაესმა ჯეიმის ვირჯინიას ხმა გონების დაკარგვამდე.

*

*

*

*

*

NUKEKUBI – ნუკეკუბი – იაპონურ მითოლოგიაში, მითიური არსება, რომელსაც თავი სხეულისგან გამოყოფილი ჰქონდა და ისე შეეძლო არსებობა.

ამიტვილის მოჩვენება

ისტორია, რომელზეც ორი ფილმია გადაღებული, ნამდვილად მოხდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1974 წლის 14 ნოემბერს ნიუ იორკის პოლიციის განყოფილებაში ტელეფონის ზარი გაისმა.

  • ოპერატორი:გისმენთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
  • უცნობი:სასწრაფოდ გამოგზავნეთ დახმარება, აქ… ექვსი გვამია, ყველანი დაიღუპნენ… სროლა იყო.
  • ოპერატორი: სერ, დამშვიდდით და ისე მითხარით რა ხდება, სად ხართ?
  • უცნობი: ბარში ვიყავით, როცა ბავშები შემოვარდნენ და გვითხრეს, რომ დეფოების სახლში სროლაა… ჩვენც უკან გავყევით და … ყველაფერი სისხლითაა მოსვრილი.
  • ოპერატორი:თუ შეიძლება ზუსტად ჩამაწერინეთ მისამართი, სად ხართ?
  • უცნობი: ამიტვილი, მარჯვნივ მერიკის გზიდან, 1–12.
  • ოპერატორი: დაწყნარდით სერ, დახმარება მალე მოვა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს დეფოების 7 კაციანი ოჯახიდან 6 გვამი დახვდათ, მხოლოდ უმცროსი დეფო გადაურჩა სისხლიან სასაკლაოს და სწორედ ის დააპატიმრეს ამ დანაშაულის ჩადენისთვის.

რონალდ დეფომ აისრულა თავისი ამერიკული ოცნება, როცა იყიდა ეს სახლი ლონგ აილენდზე, ის თავდაუზოგავად მუშაობდა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საკმარისი შემოსავალი ჰქონოდა და თავისი ოჯახი შეენახა. რონალდი ძალიან მკაცრი და უხეში კაცი იყო, მას მის ცოლს ლუისს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ხმაურიანი ჩხუბები. თავის შვილთან, რონალდ ჯუნიორთან, იგივე ბატჩთან ყოველთვის მკაცრი და მომთხოვნი იყო.

მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ წარმოიდგენა, უმცროსმა დეფომ მთელი თავისი ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანი და–ძმა ძილში გამოასალმა სიცოცხლეს და არც დედ–მამა დაინდო. ხმები დადიოდა მისი სულიერი ავადმყოფობის შესახებ. ხალხს უბრალოდ არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ბიჭმა ეს საღ გონებაზე მყოფმა გააკეთა.

ერთი წლის მერე ჯორჯ და კეით ლატსები თავისი სამი შვილით გადავიდნენ ამ დაწყევლილ სახლში, თუმცა მათ არაფერი იცოდნენ. უცნაურმა მოვლენებმაც მაშინ დაიწყო განვითარება. ჯორჯი ძალიან შეიცვალა, დაიწყო სმა, ხშირად ესმოდა დემონური ხმები და ხედავდა მოჩვენებებს, მაგრამ ამას სასმელს აბრალებდა. სახლში თავისით იღებოდა და იკეტებოდა კარები, ქრებოდა შუქები და ისმოდა უცნაური ხმები.

ამას დაემატა ისიც, რომ უცროსმა შვილმა აიჩემა ერთი სიტყვა, რომელსაც ხშირად იმეორებდა და ყველგან წერდა, სადაც შეეძლო, ეს იყო redrum, ერთხელაც შეძრწუნებულმა კეიტმა უკუღმა წაიკითხა ეს სიტყვა და მიხვდა, რასაც ნიშნავდა.

ჯორჯი ირწმუნებოდა, რომ ამ სახლში საშინელი ენერგია იყო გამეფებული, რომელიც ადამიანს მკვლელობების ჩადენისკენ უბიძგებდა, ის აღარ იძინებდა სახლში და ყველგან იარაღს ატარებდა.

როგორც ჰყვებიან, ამ ამბავმა ტრაგიკული დასასრული მიიღო, როცა ჯორჯმა ნაჯახით დახოცა თავისი ოჯახის წევრები ბაღში და თვითონაც თავი მოიკლა.

თუმცა ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი უკვე ლეგენდაა, მოგონილი, რადგან ლატსებმა მალევე დატოვეს ეს დაწყევლილი სახლი და წავიდნენ.

ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს სახლი, რომელიც კარგად ჩანს ორიგინალ ფილმში, ძალიან საშიში და ბნელი შენობა უცნაური ნაგებობით, თითქოს ორი დიდი თვალი იყურება იქიდან.

ამის შესახებ ორი ფილმია გადაღებული, ერთი ორიგინალი და ერთიც რიმეიქი, მე რიმეიქი მაქვს ნანახი. სიმართლე ითქვას რიმეიქში ბატონი რაიანი საკმაოდ კარგად გამოიყურება:

ამეტვილის მოჩვენება 1979

ამეტვილის მოჩვენება 2005