აპოკალიფსი დღეს

ტეელვიზორთან ვზივარ, ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, მეც რაღაც გადაცემას ვუყურებ. ცოტა ხანში სპეციალური გამოშვება ერთვება და წამყვანი შოკისმომგვრელ ამბავს აცხადებს. მთვარე მოწყდა თავის ორტიბას და დედამიწისკენ მოემართება მთელი სიჩქარით, ნასამ უკვე გააკეთა განცხადება.

ხალხი პანიკაში ვარდება, მოვლენები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ცას ვუყურებ, მთვარე საგრძნობლად გაიზარდა. მთელს დედამიწაზე გლობალური კატასტოფები დაიწყო, მიწისძვრები, წყალდიდობა, ხანძარი.

ცოტა ხანში მიწისძვრა აქაც იწყება, სახლი საშინლად ირხევა, მაგრამ რატომღაც არ ინგრევა. ბადრის ვეხუტები და ვფიქრობ რომ ეს უკვე აღსასრულია. გარეთ ხალხია გამოფენილი, მე ირონიულად ვამბობ, ნუთუ ამ ხალხმა არ იცის, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს მიწა შეიძლება გაიხსნას.

ტელევიზორში აცხადებენ, რომ მთვარე აუცილებლად შეეჯახება დედამიწას, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ თვალს ვადევნებდით მარსზე მომხდარ შეჯახებას, ახლა კი დედამიწის ჯერია.

საშინელი შეგრძნებაა, უმწეობის, მთვარე ხომ პატარა კომეტა არაა ასტრონავტები გაუშვან და ნაწილებად დაშალონ, დედამიწის აღსასრული გარდაუვალია.

უშვებენ კაცობრიობის მიერ გადაღებულ უნიკალურ კადრებს, განვითარების ეტაპებს, ბოლოს კი მუსიკის ფონზე ეწერება: The End Of The World.

ამასობაში ღამდება, მთვარე იმდენად მოახლოვდა, რომ მთელი ცა დაფარა. სულ რამდენიმე საათში საშინელი შეჯახება მოხდება, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ ვიმჩნევ. იმედია ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება და ვერაფერს ვიგრძნობთ – ვამბობ ისევ. განუწყვეტელი გუგუნი ისმის და ნათება თვალებს გვჭრის.

აი ეს უკვე დასასრულია – ვამბობ მე, მაგრამ ჩემი ხმა აღარ ისმის.

თვალებს ვახელ და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვწევარ. საათს დავხედე – 6 საათია.

საშინელი სიზმარი ვნახე – ვაღვიძებ ბადრის. რა? – ქვეყნის აღსასრული. მერამდენედ? მეკითხება დაცინვით.

ეს ყველაზე რეალური და ცხადი სიზმარი იყო რაც ოდესმე მინახავს, ასეთი მკვეთრი გრძნობები არც ერთ სიზმარში არ განმიცდია, მიუხედავად იმისა, რომ ორ კვირაში ერთხელ მაინც ვხედავ აპოკალიფსს. ახლაც კი ისეთი ცუდი შეგრძნება მაქვს, ვერაფრით გამოვედი ამ გრძნობიდან.

არ ვიცი ასე რატომ ხდება, არც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ იმედია არასოდეს განვიცდი იმ შეგრძნებას, რაც წუხელ სიზმარში განვიცადე.

მოჩვენების ანაბეჭდები

ეს ისტორია შონ სკოლერმა გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით მას და თავის ცოლს გადახდათ თავზე.

“მე და ჩემი ცოლი ჯილი მეგობრის წვეულებიდან გვიან ღამეს ვბრუნდებოდით მანქანით. მაისის მშვენიერი ღამე იდგა. მთვარე ანათებდა და ამინდიც კარგი იყო. ჩვენ მხიარულად ვლაპარაკობდით და წვეულების ამბებს განვიხილავდით. სწორედ ამ დროს მანქანამ სვლა შეაჩერა და გაჩერდა. გარეთ გავიხედე. სწორედ იმ ადგილზე ვიყავით გაჩერებული, სადაც ერთი ქუჩა მეორეს უერთდებოდა, მათ შორის კი მატარებლის ლიანდაგი გადიოდა.

გამახსენდა ძველი ტეხასური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აქ სკოლის ავტობუსი მატარებელმა გაიტანა. იქ მყოფი ყველა ბავშვი გარდაიცვალა. ახლა კი მათი სულები ამ ადგილებს არ ტოვებდნენ.

რა თქმა უნდა ამ ლეგენდის არ მჯეროდა, ახლა მარტო ერთი სადარდებელი მქონდა – მატარებელი არ გამოჩენილიყო, თორემ ჩვენ ზუსტად შუა ლიანდაგებზე ვიყავით გაჩერებულები.

უშედეგოდ ვაწვებოდი გაზს, მანქანა ადგილიდან არ იძვროდა. ზუსტად ამ დროს მატარებელის ხმა მოისმა. საშინელი სისწრაფით მოქროდა.

– შონ, სწრაფად, მატარებელი მოდის – ყვიროდა ჩემი ცოლი, თითქოს მე არ მესმოდა მისი ხმა.

ყველაფერი ისე ჩქარა ხდებოდა, აზროვნების უნარიც კი დავკარგე. მივხვდი, რომ უნდა გადმოვსულიყავით მანქანიდან, თორემ მასთან ერთად ნაგლეჯებად ვიქცეოდით.

– სწრაფად ჯილ, აქედან უნდა გადავიდეთ – ვუყვირე ჩემს ცოლს, მაგრამ ის უსაფრთხოების ღვედებს ვერ იხსნიდა. ამაზე ადრეც ჰქონია პრობლემა და ყოველთვის ვპირდებოდი, გავასწორებ–თქო.

სიგნალების ხმა უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. ოფლში გავიწურე. ხელები მიკანკალებდა და ვცდილობდი როგორმე დავხმარებოდი ჩემს ცოლს, მაგრამ უშედეგოდ.

მოულოდნელად უკნიდან ძლიერი მოწოლა ვიგრძენი. ვიღაც მანქანას აწვებოდა ისე ძლიერად, რომ წინ წავიწიეთ და ლიანდაგებიდან გადავედით. მატარებელმა ახლოს ჩაგვიქროლა.

– ეს როგორ გააკეთე? – მკითხა გაკვირვებულმა და შეშინებულმა ჯილმა.

– ეს მე არ გამიკეთებია – ვუთხარი გაოცებულმა და მანქანიდან გადავედი.

იქ არავინ არ იყო, დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა.

– სად არის? – იკითხა მანქანიდან ახალმა გადმოსულმა ჯილმა.

– აქ არავინ არ ჩანს.

მოულოდნელად ტყიდან ნიავმა დაუბერა და ჩურჩულის ხმა მოიტანა. მე და ჯილი ერთმანეთს მივეკარით. თითქოს მხრებზე ხელის ფრთხილი შეხება ვიგრძენით.

უკან მოვბრუნდით და ამ დროს ჯილმა დამიძახა: – შონ, შეხედე.

მანქანის უკანა მინაზე გარკვევით ეტყობოდა პატარა ხელის ანაბეჭდები, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე.

სისხლი ძარღვებში გამეყინა და მივხვდი რაც მოხდა. მანქანა იმ ბავშვების მოჩვენებებმა  გადაიყვანეს ლიანდაგებიდან, რომლებიც აქ დაიღუპნენ.

– წავიდეთ ჯილ – ხელი მოვხვიე ჩემს ცოლს და გზაზე გავედით”

დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა

ჩვეულებრივი დღე გათენდა. მზე ამოვიდა, მთვარეც.

დედამიწა კარგ ხასიათზე იყო, არაფერი უგრძვნია. არც გული ერეოდა ამდენი ბრუნვით. მზეს და მთვარეს მხიარულად ეჭორავებოდა.

მოულოდნელად სიბნელე ჩამოწვა. რაღაცამ გაიჭრიალა.

– რა ხდება – იყვირა გაბრაზებულმა დედამიწამ და იგრძნო, რომ ნელ–ნელა ჩერდებოდა. უფრო სწორად უკვე გაჩერებული იყო და ინერციითღა ბრუნავდა.

დედამიწის ერთ მხარეს ნათელი იყო, მეორე მხარეს ბნელი. ისინი ვინც ბნელში მოხვდნენ სინათლისკენ გარბოდნენ, ხოლო ვისაც სიბნელე ერჩივნა პირიქით. მსოფლიო ქაოსმა მოიცვა.

ამ დროს გალაქტიკაში უცხოპლანეტელების კოსმიური ხომალდი დასეირნობდა. გაჩერებული რომ დაინახეს დედამიწა გაუკვირდათ.

– დაიღალა ალბათ საწყალი ამდენი ბრუნვით, მაგისიც ხომ უნდა გავიგოთო – შეიცოდეს დედამიწა, მაგრამ მერე ხალხი უფრო შეეცოდათ.

– წავკრათ ხელი, იქნებ ისევ დაიწყოს ბრუნვაო – გადაულაპარაკეს ერთმანეთს და გეზი ჩვენსკენ აიღეს. წარმოსახვით ღერძამდე მივიდნენ და მიაწვნენ. რაღაცამ ისევ გაიჭრიალა და  ნელ–ნელა დედამიწამ ისევ დაიწყო ბრუნვა.

– ვბრუნავ, ისევ ვბრუნავ – გაუხარდა და ჩვეული რიტმით გააგრძელა მოძრაობა.

– ძლივს – ამოისუნთქეს მზემ და მთვარემ და დატოვეს ერთ ადგილზე შეყინული ადგილები. დედამიწის უმოძრაობას ისინიც გაეჩერებინა.

კიანუ რივზი კი ამ დროს დარბოდა და ცდილობდა დედამიწა უცხოპლანეტელებისგან დაეცვა, მაგრამ თვითონაც უცხოპლანეტელი იყო.