წითელქუდა – შავი ზღაპარი დიდებისთვის

ტყიდან გოგონა მორბოდა, გრძელ ქერა თმებს ქარი უფრიალებდა, ხელში კალათა ეჭირა.

– ვალერია, სად იყავი? რა გინდოდა ტყეში? – დედამ კალათა ჩამოართვა და გოგონა შეათვალიერა – შენ რა, არ იცი, რომ ტყეში მგელმა დაიდო ბინა, რომელიც ყველას გვაშინებს? რომელიც მაქციაა და დღე შეიძლება ყველა ჩვენთაგანი იყოს?

– ვიცი დედა, მაგრამ მე მისი არ მეშინია.

ვალერიამ წითელი მოსასასხამი კარებთან დაკიდა და კალათიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

დედამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ქოხიდან გავიდა.

პატარა სოფელში პანიკა იყო ატეხილი. ყოველ ღამე თავს საშინელი მგელი ესხმოდათ თავს და კლავდა მაცხოვრებლებს. მერე კმაყოფილი იფხანდა ქოჩორს და ღიღინით მიდიოდა ტყეში. საშინელება იყო.

– ეი, ვალერია, არ გინდა სადმე განვმარტოვდეთ? – ღიმილით მიუახლოვდა სიმპათიური და დაკუნთული მეტყევე გოგონას, რომელმაც დაიმორცხვა და სიგარეტი ჩააქრო.

– ჰანს, ხომ იცი, რომ მაქცია ყველგან შეიძლება იყოს, ის მხოლოდ ღამე იქცევა მგელად, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– ვიცი – უთხრა ჰანსმა და გამოჩრილი კუდი დამალა.

სოფელში ზარების რეკვა ატყდა. უკვე ღამდებოდა და გარეთ ყოფნა საშიში ხდებოდა.

ვალერიას ბოლო ღერი გაუთავდა და ვეღარ ითმენდა. ბოლოს შეიგინა,  მოიხვია წითელი მოსასხამი, რომელსაც კაპიშონი არ ჰქონდა და წითელქუდას რატომ ეძახდნენ, თვითონაც ვერ გაერკვია, და გაუდგა გზას.

ნელა მიდიოდა სიბნელეში. უკნიდან ფეხის ხმა ესმოდა. შემოტრიალდა, მაგრამ არავინ ჩანდა. იფიქრა მომეჩვენაო, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ განმეორდა. სწრაფად შებრუნდა და ხის უკან გამოშვერილი ბანჯგვლიანი ფეხები დაინახა.

– ჰეი – იყვირა ვალერიამ –რომელი ხარ.

მგელს ეგონა ვალერია ვერ ხედავდა და კმაყოფილი ხითხითებდა, თან ფეხებს აქნევდა.

– მე შენს გონებაში ვარ… – ხმა დაიბოხა მაქციამ და ექოს ეფექტი მისცა – ვარ… არ…რ….

– გონებაში კი არა, გამხმარი ხის უკან დგახარ.

მგელი გამოვიდა და ვალერიას მიუახლოვდა.

– ო ღმერთო, რატომ გაქვს ამხელა თვალები?

– იმიტომ, რომ კარგად დაგინახო…

– რატომ გაქვს ამხელა ყურები?

– იმიტომ რომ კარგად მოგისმინო…

_ რატომ გაქვს ამხელა ცხვირი?

– ნუ, კი ვიფიქრე რინოპლასტიკის გაკეთება, მაგრამ მერე  მითხრეს შენს ინდივიდუალიზმს დაკარგავო და რა ვიცი… ჰოდა, რას ამბობდი?

– რატომ გაქვს ამხელა პირი?

– იმიტომ რომ კარგად შეგჭამო… – ჩაიღრინა მგელმა და სენდვიჩის პურები შუაზე გადახსნა.

ვალერიამ იკივლა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მგელს ბებიის ჯოხი მოხვდა თავში.

მოიცა, ბებია რომ აქამდე არ გვიხსენებია? – თავი მოიქექა რეჟისორმა და სცენარს ჩახედა.

– ვერავინ გაბედავს ჩემი შვილიშვილის შეჭმას – იყვირა ბებიამ და წიხლი ამოსცხო.

ვალერიმ და ბებიამ მგელს ხელები დაუბეს და ხეზე მიაკრეს.

კადრი შორეული უდაბნოდან. გაკვირვებული მონადირე ხელებს შლის გაოცებული. 

– უი, მონადირე დაგვავიწყდა – ამბობს რეჟისორი და ზღაპარს ფურცლავს. 

ფინალური სცენა

თენდება და მგელი ერთ–ერთ მათ თანასოფლელად უნდა გადაიქცეს. დაძაბული ვალერია და ბებია უყურებენ.

– იქნებ დედაა? ან მამა? ან იქნებ სულაც ჰანსია? ან იქნებ… იქნებ მე ვარ?

 რეჟისორი ფიქრობს, ფიქრობს, იმდენს ფიქრობს, რომ ბოლოს ბეზრდება და მიდის.

– ვალერია – ყვირის დედა.

– აქ ვარ – ბოხი ხმით ამბობს ვალერია და სიგარეტს აბოლებს.

inspired by red riding hood 2011

werewolf

ლეგენდა მაქციაზე ძალიან პოპულარულია, ეს ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი – წყევლა, რომელიც სავსე მთვარობისას ადამიანს მგლად აქცევს და რომელიც კბენით ან ნაკაწრით გადაიცემა.

მაქციებს და ვამპირებს სწორედ ეს წყევლა აერთიანებთ. ამბობენ, რომ მაქციებს მთვარის წყევლა აქვთ, ანუ ღამე ისინი იქცევიან მგლად, ვამპირებს კი მზის, ანუ მათ მზეზე გამოსვლა არ შეუძლიათ.  ძალიან ხშირად ფილმებში თუ სერიალებში, სადაც ვამპირები არიან, იქ მაქციებიც ჩნდებიან.

ვნახოთ რამდენიმე დასამახსოვრებელი მაქცია ტელე-შოუებიდან:

buffy the vampire slayer

ძალიან საყვარელი მსახიობი სეტ გრინი. სანამ ბაფის ვუყურებდი, იქამდე სეტი ბევრ კომედიაში მყავდა ნანახი. ფემილი გაიში კრის გრიფინს ახმოვანებს 🙂 ჰოდა ეს ჩვენი სეტი მაქცია ოზ-ად მოგვევლინა.

ძალიან წვალობდა ხოლმე საწყალი ოზი, ბიბლიოთეკაში კეტავდნენ, რომ არავისთვის ზიანი არ მიეყენებინა.  ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სახის მაქცია იყო, რაც მინახავს.

the vampire diaries

მაქციად ახლა ერთ-ერთი მთავარი გმირი ტაილერი იქცა, მაგრამ არ მომწონს მე ეგ ბიჭი, რაღაც გულთან არ მომდის, ჰოდა მაგისი ბიძა, მეისონი მომწონდა ძალიან.

ტაილორ კინი, იგივე მეისონ ლოკვუდი, ტალღოვანი თმით და ლამაზი თვალებით. მაგრამ დეიმონმა თავისთვის ჩვეული უემოციობით მოკლა და გაუხარდა. რა სასტიკია ისე… 🙂

true blood

ამ ბიჭს თუ ამ სერიალში ვნახავდი არ მეგონა. ჯო მანგანიელო, ვანთრიჰილში სექსუალური ბარმენი, უბრალოდ სიმპათიური მამაკაცი:

თითქოს ქართული გარეგნობა აქვს ამ ბიჭს, შავგვრემანი, მოგრძო ცხვრით, მაგრამ კარგია რაა 🙂 ჰო, ეს მაქციები ჩვეულებრივ მგლებად იქცევიან, არანაირი ტანჯვა-წამება და მონსტრად ქცეული ცხოველი.

being human

ამ სერიალმა სასიამოვნოდ გამაოცა. საერთოდ ბრიტანულ შოუებს ახასიათებთ რაღაც უცნაური გადაღება, უფრო მეტად ურთიერთობაზე აგებული, ვიდრე სანახაობაზე, და სწორედ ეს მომეწონა.

ერთ სახლში მოჩვენება, ვამპირი და მაქცია ცხოვრობენ. სამივენი ძალიან სასაცილო და საყვარლები არიან. აი მაქცია ჯორჯიც:

რომ ვუყურებ მინდა პარტყუნა ყურებში ხელი წავავლო და  ვაჯანჯღარო. ემოციური მაქციაა, ხშირად ტირის, აქვს წვრილი ხმა და ხშირად წიკვინებს 🙂 ძალიან უყვარს თავისი მეგობრები. ვამპირ მიტჩელს ისე ხშირად ეხვევა ხოლმე, რომ სურვილი მიჩნდება, უფრო მეტი გააკეთონ ვიდრე მოხვევა 🙂 თან ბრიტანულ აქცენტზე ვგიჟდები. რუსული გახმოვანებით ვუყურებ, მაგრამ მაინც მესმის. ამერიკელები რომ ამბობენ i can’t როგორც აი ქენთ, ბრიტანელები ამბობენ აი ქანთ, თან ქ-ს უფრო ყელში წარმოთქვავენ, ვიდრე ჩვეულებრივად, და ისე საყვარლად ჟღერს, სასაცილოდ, ჭკუა მეკეტება.

ჯორჯსაც ძალიან უჭირს მაქციად გადაქცევა, ამ დროს ისე წივის და კივის. მიუხედავად ასეთი ნაზი პერსონაჟისა, საკმაოდ კარგი ტანი აქვს და ყველა სერიაში თავისი როლის გამო შიშველი ჩანს.

რაც შეეხება ფილმებს, მაქციაზე ბევრი ფილმია გადაღებული, უმეტესობა ძველი ფილმები. შედარებით ახლებიდან ჰიუ ჯეკმანი მახსენდება ვან ჰელსინგში.

აირ აც შეეხება ბინდს და მის მაქციებს, მომკალით და ამ ფილმში არც მაქციები მომწონს, არც ვამპირები და არც ჩვეულებრივი ადამიანები. ერთადერთი ვინც მომწონდა  კემი, ბოროტი ქერა ვამპირი პირველ ნაწილში და იმასაც თავი მოჭრეს 🙂

რა ვქნა, ამათ დანახვაზე სულ ის მახსენდება, მაქციები რეინინგ მენზე რომ ცეკვავენ 🙂

ლეგენდა მაქციაზე

მთავარი მაგისტრალი უკან დარჩა.

შეჩერდა და გზას თვალი მოავლო.

არსებობდა ორი ალტერნატივა სახლში მისასვლელად. პირველი: უნდა გაყოლოდა გზას, რომელიც რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით ქალაქში შეიყვანდა და მეორე, ტყეზე გადაეჭრა.

ეს გაცილებით მოკლე გზა იყო, ვიდრე პირველი და ცოტნეც არჩევნის წინაშე დადგა.

ტყე არც ისე ბნელი და უღრანი ჩანდა, როგორც ეს პირველი შეხედვისას ეგონებოდა ადამიანს. ადრე იქ ნამყოფი იყო და გზაც ასე თუ ისე ახსოვდა. ქურთუკი ბოლომდე შეიკრა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელი ნაბიჯებით გაუყვა დათოვლილ გზას. ცივი ჰაერი ფილტვებში ხმაურით ჩასდიოდა და სხეულს უყინავდა, მაგრამ ჯიუტად განაგრძობდა.

ხეები უძრავად იდგნენ, თეთრ და გამჭვირვალე სუდარებში გამოწყობილები. “ხეების სასაფლაო” გაუელვა თავში და ერთი წუთით ხეები გარდაცვლილებს შეადარა, რომლებიც ჭირისუფლებს ელოდნენ. შეაჟრჟოლა და თავი გაიქნია ცუდი აზრების მოსაშორებლად.

საშინლად ყინავდა. ალაგ-ალაგ თოვლი შეთხელებულიყო და ყინულზე ფეხი უცურავდა. ნელა მიიკვლევდა გზას და ცდილობდა არ წაქცეულიყო. ღრუბლებიდან მთვარე გამოვიდა და გადამხმარი ხეების სასაფლაოს ზევიდან დახედა.

მეჩხერად მდგარი მცენარეები და მოტეხილი ტოტები მკვდარი ჩიტებივით ეყარნენ აქეთ-იქით. მთელ ტყეს დღის შუქი მოჰფენოდა.

“მგონი ჯობდა მთავარი გზით წავსულიყავი”

გაიფიქრა და ძარღვებში სისხლი გაეყინა. შიში ნელ-ნელა გაუჯდა სხეულში და თითოეულ უჯრედს დაეუფლა. კანზე ბუსუსებმა დააყარა. სიცივე და შიში ერთდროულად უღებდა ბოლოს.

“არ უნდა წამოვსულიყავი”

გაიფიქრა კიდევ ერთხელ და ინანა.

“მთავარია არ შემეშინდეს”

უკვე ეშინოდა, ძალიან ეშინოდა. ნაბიჯს აუჩქარა. ფეხქვეშ თოვლი გულისგამაწვრილებლად ხმაურობდა. ხეების დაკვრანჩხული ტოტები საზარელ ხელებად და ადამიანებად ელანდებოდა.

“სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო”

“სულ ცოტა დარჩა, მალე სახლში ვიქნები”

სუნთქვა შეიკრა და ცდილობდა უხმაუროდ გადაედგა ნაბიჯები. რატომღაც ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს თავის თავს შორიდან ხედავდა, როგორ მოაბიჯებდა აბუზული, კაშნშემოხვეული მამაკაცი ფრთხილი ნაბიჯებით და შიშისგან გაფართოებული თვალებით.

“ალბათ სახლში ისევ ცივა. როგორც ყოველთვის ცივა ხოლმე. ისევ თოვს…”

მსუბუქი და ფარფატინა, თეთრი ფიფქები ახლა ისე მძიმედ აწვებოდა მხრებზე, თითქოს ქვესკნელში უნდოდათ მისი ჩატანა. ახლა უკვე მესამედ იფიქრა რომ არ უნდა წამოსულიყო და მესამედ ინანა.

შორიდან ყმუილი მოისმა. ყმუილს თოვლის ხრაშა-ხრუში დაერთო. მიხვდა, რომ მისკენ რაღაც გამალებით მორბოდა. ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და გაჩერდა.

ტოტების ლაწა-ლუწი გრძელდებოდა. გამძვინვარებული არსება გაცოფებით მოარღვევდა ხეთა რიგს. მთვარეს ახედა. მთვარემ პირი იბრუნა. მარტო დატოვა თავის გასაჭირთან.

ხმა უკვე ახლოს იყო, სულ ახლოს. სადღაც გაეგო სიკვდილის წინ შენი განვლილი ცხოვრების კადრები თვალწინ ჩაგივლისო. ახლა იდგა და ამ კადრებს ელოდა. აღარაფერზე ფიქრობდა. უნდოდა რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ყველაფერი.

უზარმაზარი, რუხი მგელი ბოროტი, წითელი თვალებით. აი რა უნდა ყოფილიყო მისი აღსასრული. თვალები დახუჭა. სიკვდილის სული იგრძო და ნესტოებში გამაღიზიანებლად შეუღიტინა. მგელი შეახტა და წააქცია. ინატრა უმტკივნეულოდ მომკვდარიყო. იგრძნო როგორ ჩაესო ბასრი კბილები კისერში და გაყინულ სხულზე როგორ გადმოეღვარა თბილი სისხლი.

უცნაურია, მაგრამ აქამდე არასდროს შეუმჩნევია როგორი სუნი ჰქონდა საკუთარ სისხლს. უნდოდა მეოთხეჯერაც ენანა აქ წამოსვლა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მგლისფერ ბინდში გაცურდა…

სადღაც გაეგო სიკვდილის მერე გრძელ გვირაბს დაინახავო. იწვა და ამ გვირაბს ელოდა, მაგრამ ამაოდ. გვირაბი არ ჩანდა. დამძიმებული ქუთუთოები ასწია. ცოცხალი იყო, ერთიანად საკუთარ სისხლში მოსვრილი, მაგრამ ცოცხალი. წამოიწია და იქაურობას თვალი მოავლო.

მგელი არ წასულიყო. ისევ იქ იდგა და სისხლიანი ყბებით შესცქეროდა.

“არ უნდა მაშინვე მომკლას, მათამაშებს, როგორც კატა თაგვს”

გაფიქრება და მგლის ამოყმუვლება ერთი იყო. მხეცმა საბრალობლად შეყმუვლა მთვარეს და უკან დაიხია, თითქოს რაღაცამ შეაშინაო. თვალები ჩაქრობოდა და ძველი სიმხეცის ნატამალიც არ ეტყობოდა.

ახლა ის იყო ერთი ჩვეულებრივი, შეშინებული ცხოველი, რომელსაც ადამიანისაც კი ეშინოდა. ცოტნემ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ მგელმა კუდი ამოიძუა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. ჭრილობაზე ხელი მოისვა. სისხლი კვლავ ჟონავდა, მაგრამ სასიკვდილო ნამდვილად არ იყო. გაჭირვებით აითრია სხეული და გზას ბარბაცით გაუყვა.

 

გაგრძელება იქნება