true blood VS პაპსა ვამპირები

ისევ და ისევ ვუბრუნდები ვამპირების თემას. მაშ ასე: მხიარული დიალოგები ვამპირებს და სხვა პერსონაჟებს  შორის.

werewolf

ლეგენდა მაქციაზე ძალიან პოპულარულია, ეს ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი – წყევლა, რომელიც სავსე მთვარობისას ადამიანს მგლად აქცევს და რომელიც კბენით ან ნაკაწრით გადაიცემა.

მაქციებს და ვამპირებს სწორედ ეს წყევლა აერთიანებთ. ამბობენ, რომ მაქციებს მთვარის წყევლა აქვთ, ანუ ღამე ისინი იქცევიან მგლად, ვამპირებს კი მზის, ანუ მათ მზეზე გამოსვლა არ შეუძლიათ.  ძალიან ხშირად ფილმებში თუ სერიალებში, სადაც ვამპირები არიან, იქ მაქციებიც ჩნდებიან.

ვნახოთ რამდენიმე დასამახსოვრებელი მაქცია ტელე-შოუებიდან:

buffy the vampire slayer

ძალიან საყვარელი მსახიობი სეტ გრინი. სანამ ბაფის ვუყურებდი, იქამდე სეტი ბევრ კომედიაში მყავდა ნანახი. ფემილი გაიში კრის გრიფინს ახმოვანებს 🙂 ჰოდა ეს ჩვენი სეტი მაქცია ოზ-ად მოგვევლინა.

ძალიან წვალობდა ხოლმე საწყალი ოზი, ბიბლიოთეკაში კეტავდნენ, რომ არავისთვის ზიანი არ მიეყენებინა.  ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სახის მაქცია იყო, რაც მინახავს.

the vampire diaries

მაქციად ახლა ერთ-ერთი მთავარი გმირი ტაილერი იქცა, მაგრამ არ მომწონს მე ეგ ბიჭი, რაღაც გულთან არ მომდის, ჰოდა მაგისი ბიძა, მეისონი მომწონდა ძალიან.

ტაილორ კინი, იგივე მეისონ ლოკვუდი, ტალღოვანი თმით და ლამაზი თვალებით. მაგრამ დეიმონმა თავისთვის ჩვეული უემოციობით მოკლა და გაუხარდა. რა სასტიკია ისე… 🙂

true blood

ამ ბიჭს თუ ამ სერიალში ვნახავდი არ მეგონა. ჯო მანგანიელო, ვანთრიჰილში სექსუალური ბარმენი, უბრალოდ სიმპათიური მამაკაცი:

თითქოს ქართული გარეგნობა აქვს ამ ბიჭს, შავგვრემანი, მოგრძო ცხვრით, მაგრამ კარგია რაა 🙂 ჰო, ეს მაქციები ჩვეულებრივ მგლებად იქცევიან, არანაირი ტანჯვა-წამება და მონსტრად ქცეული ცხოველი.

being human

ამ სერიალმა სასიამოვნოდ გამაოცა. საერთოდ ბრიტანულ შოუებს ახასიათებთ რაღაც უცნაური გადაღება, უფრო მეტად ურთიერთობაზე აგებული, ვიდრე სანახაობაზე, და სწორედ ეს მომეწონა.

ერთ სახლში მოჩვენება, ვამპირი და მაქცია ცხოვრობენ. სამივენი ძალიან სასაცილო და საყვარლები არიან. აი მაქცია ჯორჯიც:

რომ ვუყურებ მინდა პარტყუნა ყურებში ხელი წავავლო და  ვაჯანჯღარო. ემოციური მაქციაა, ხშირად ტირის, აქვს წვრილი ხმა და ხშირად წიკვინებს 🙂 ძალიან უყვარს თავისი მეგობრები. ვამპირ მიტჩელს ისე ხშირად ეხვევა ხოლმე, რომ სურვილი მიჩნდება, უფრო მეტი გააკეთონ ვიდრე მოხვევა 🙂 თან ბრიტანულ აქცენტზე ვგიჟდები. რუსული გახმოვანებით ვუყურებ, მაგრამ მაინც მესმის. ამერიკელები რომ ამბობენ i can’t როგორც აი ქენთ, ბრიტანელები ამბობენ აი ქანთ, თან ქ-ს უფრო ყელში წარმოთქვავენ, ვიდრე ჩვეულებრივად, და ისე საყვარლად ჟღერს, სასაცილოდ, ჭკუა მეკეტება.

ჯორჯსაც ძალიან უჭირს მაქციად გადაქცევა, ამ დროს ისე წივის და კივის. მიუხედავად ასეთი ნაზი პერსონაჟისა, საკმაოდ კარგი ტანი აქვს და ყველა სერიაში თავისი როლის გამო შიშველი ჩანს.

რაც შეეხება ფილმებს, მაქციაზე ბევრი ფილმია გადაღებული, უმეტესობა ძველი ფილმები. შედარებით ახლებიდან ჰიუ ჯეკმანი მახსენდება ვან ჰელსინგში.

აირ აც შეეხება ბინდს და მის მაქციებს, მომკალით და ამ ფილმში არც მაქციები მომწონს, არც ვამპირები და არც ჩვეულებრივი ადამიანები. ერთადერთი ვინც მომწონდა  კემი, ბოროტი ქერა ვამპირი პირველ ნაწილში და იმასაც თავი მოჭრეს 🙂

რა ვქნა, ამათ დანახვაზე სულ ის მახსენდება, მაქციები რეინინგ მენზე რომ ცეკვავენ 🙂

ლეგენდა მაქციაზე

მთავარი მაგისტრალი უკან დარჩა.

შეჩერდა და გზას თვალი მოავლო.

არსებობდა ორი ალტერნატივა სახლში მისასვლელად. პირველი: უნდა გაყოლოდა გზას, რომელიც რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით ქალაქში შეიყვანდა და მეორე, ტყეზე გადაეჭრა.

ეს გაცილებით მოკლე გზა იყო, ვიდრე პირველი და ცოტნეც არჩევნის წინაშე დადგა.

ტყე არც ისე ბნელი და უღრანი ჩანდა, როგორც ეს პირველი შეხედვისას ეგონებოდა ადამიანს. ადრე იქ ნამყოფი იყო და გზაც ასე თუ ისე ახსოვდა. ქურთუკი ბოლომდე შეიკრა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელი ნაბიჯებით გაუყვა დათოვლილ გზას. ცივი ჰაერი ფილტვებში ხმაურით ჩასდიოდა და სხეულს უყინავდა, მაგრამ ჯიუტად განაგრძობდა.

ხეები უძრავად იდგნენ, თეთრ და გამჭვირვალე სუდარებში გამოწყობილები. “ხეების სასაფლაო” გაუელვა თავში და ერთი წუთით ხეები გარდაცვლილებს შეადარა, რომლებიც ჭირისუფლებს ელოდნენ. შეაჟრჟოლა და თავი გაიქნია ცუდი აზრების მოსაშორებლად.

საშინლად ყინავდა. ალაგ-ალაგ თოვლი შეთხელებულიყო და ყინულზე ფეხი უცურავდა. ნელა მიიკვლევდა გზას და ცდილობდა არ წაქცეულიყო. ღრუბლებიდან მთვარე გამოვიდა და გადამხმარი ხეების სასაფლაოს ზევიდან დახედა.

მეჩხერად მდგარი მცენარეები და მოტეხილი ტოტები მკვდარი ჩიტებივით ეყარნენ აქეთ-იქით. მთელ ტყეს დღის შუქი მოჰფენოდა.

“მგონი ჯობდა მთავარი გზით წავსულიყავი”

გაიფიქრა და ძარღვებში სისხლი გაეყინა. შიში ნელ-ნელა გაუჯდა სხეულში და თითოეულ უჯრედს დაეუფლა. კანზე ბუსუსებმა დააყარა. სიცივე და შიში ერთდროულად უღებდა ბოლოს.

“არ უნდა წამოვსულიყავი”

გაიფიქრა კიდევ ერთხელ და ინანა.

“მთავარია არ შემეშინდეს”

უკვე ეშინოდა, ძალიან ეშინოდა. ნაბიჯს აუჩქარა. ფეხქვეშ თოვლი გულისგამაწვრილებლად ხმაურობდა. ხეების დაკვრანჩხული ტოტები საზარელ ხელებად და ადამიანებად ელანდებოდა.

“სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო”

“სულ ცოტა დარჩა, მალე სახლში ვიქნები”

სუნთქვა შეიკრა და ცდილობდა უხმაუროდ გადაედგა ნაბიჯები. რატომღაც ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს თავის თავს შორიდან ხედავდა, როგორ მოაბიჯებდა აბუზული, კაშნშემოხვეული მამაკაცი ფრთხილი ნაბიჯებით და შიშისგან გაფართოებული თვალებით.

“ალბათ სახლში ისევ ცივა. როგორც ყოველთვის ცივა ხოლმე. ისევ თოვს…”

მსუბუქი და ფარფატინა, თეთრი ფიფქები ახლა ისე მძიმედ აწვებოდა მხრებზე, თითქოს ქვესკნელში უნდოდათ მისი ჩატანა. ახლა უკვე მესამედ იფიქრა რომ არ უნდა წამოსულიყო და მესამედ ინანა.

შორიდან ყმუილი მოისმა. ყმუილს თოვლის ხრაშა-ხრუში დაერთო. მიხვდა, რომ მისკენ რაღაც გამალებით მორბოდა. ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და გაჩერდა.

ტოტების ლაწა-ლუწი გრძელდებოდა. გამძვინვარებული არსება გაცოფებით მოარღვევდა ხეთა რიგს. მთვარეს ახედა. მთვარემ პირი იბრუნა. მარტო დატოვა თავის გასაჭირთან.

ხმა უკვე ახლოს იყო, სულ ახლოს. სადღაც გაეგო სიკვდილის წინ შენი განვლილი ცხოვრების კადრები თვალწინ ჩაგივლისო. ახლა იდგა და ამ კადრებს ელოდა. აღარაფერზე ფიქრობდა. უნდოდა რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ყველაფერი.

უზარმაზარი, რუხი მგელი ბოროტი, წითელი თვალებით. აი რა უნდა ყოფილიყო მისი აღსასრული. თვალები დახუჭა. სიკვდილის სული იგრძო და ნესტოებში გამაღიზიანებლად შეუღიტინა. მგელი შეახტა და წააქცია. ინატრა უმტკივნეულოდ მომკვდარიყო. იგრძნო როგორ ჩაესო ბასრი კბილები კისერში და გაყინულ სხულზე როგორ გადმოეღვარა თბილი სისხლი.

უცნაურია, მაგრამ აქამდე არასდროს შეუმჩნევია როგორი სუნი ჰქონდა საკუთარ სისხლს. უნდოდა მეოთხეჯერაც ენანა აქ წამოსვლა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მგლისფერ ბინდში გაცურდა…

სადღაც გაეგო სიკვდილის მერე გრძელ გვირაბს დაინახავო. იწვა და ამ გვირაბს ელოდა, მაგრამ ამაოდ. გვირაბი არ ჩანდა. დამძიმებული ქუთუთოები ასწია. ცოცხალი იყო, ერთიანად საკუთარ სისხლში მოსვრილი, მაგრამ ცოცხალი. წამოიწია და იქაურობას თვალი მოავლო.

მგელი არ წასულიყო. ისევ იქ იდგა და სისხლიანი ყბებით შესცქეროდა.

“არ უნდა მაშინვე მომკლას, მათამაშებს, როგორც კატა თაგვს”

გაფიქრება და მგლის ამოყმუვლება ერთი იყო. მხეცმა საბრალობლად შეყმუვლა მთვარეს და უკან დაიხია, თითქოს რაღაცამ შეაშინაო. თვალები ჩაქრობოდა და ძველი სიმხეცის ნატამალიც არ ეტყობოდა.

ახლა ის იყო ერთი ჩვეულებრივი, შეშინებული ცხოველი, რომელსაც ადამიანისაც კი ეშინოდა. ცოტნემ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ მგელმა კუდი ამოიძუა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. ჭრილობაზე ხელი მოისვა. სისხლი კვლავ ჟონავდა, მაგრამ სასიკვდილო ნამდვილად არ იყო. გაჭირვებით აითრია სხეული და გზას ბარბაცით გაუყვა.

 

გაგრძელება იქნება

კიდევ ერთი ვამპირის ისტორია – დასასრული

– ჯეინ – შეჰყვირა სასოწარკვეთილმა რიჩარდმა და გაკუნტრუშებულ ჯეინს გამოუდგა, მაგრამ ბოროტმა ტონიმ ჭკუა იხმარა და ფეხი დაუდო. რიჩარდი გაწამებული სახით წავიდა მიწისკენ ხელგაშვერილი. თუმცა შენელებული კადრით მისი ვარდნა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ტონიმ გამოძინებაც მოასწრო და მეორე დილაც გათენდა.

– მგონი ჩვენს მაქციას სილიკონები ჩამოეწელა – მიუბრუნდა  რეჟისორი ასისტენტს -ჯობია პერანგი შემოვაცვათ, თორემ მაგდენი ფული სადაა კიდევ ჩავუყენოთ.

ტონის პერანგი მიუტანეს, მაგრამ მან კატეგორიულად არ ჩაიცვა და სატრენაჟორო დარბაზში დაიწყო სიარული, მაგრამ იქ გირი დაეცა და მოკვდა.

რიჩარდი ისევ პირქვე ეგდო ჯეინი რომ გამოვიდა სახლიდან.

– ჯეინ ყარხარ, წამოდი თავი დაიბანე – მისდევდა უკან სასოწარკვეთილი მამა.

ვამპირი მაშინვე წამოხტა და ჯეინს მიეჭრა.

– ოო, ძვირფასო ნუთუ მაღირსებ პასუხს?

– ჯერ არა, ფილმის ბოლოს. ჯერ ტონი უნდა გავაცოცხლოთ.

მაგრამ დააგვიანეს. ტონი უკვე გაეცოცხლებინა მისტერ ბორატს, რომელსაც მწვანე საცვლის მაგია გამოეყენებინა. მაგრამ იმისთვის, რომ მაგიას ემოქმედა, ჯეინი და ტონი ერთად უნდა დაწოლილიყვნენ და გაეთბოთ ერთმანეთი. ამ დროს რიჩარდს ყურები დაცული ჰქონდა, რადგან მათი სასიყვარულო აზრების გაგონება არ უნდოდა. ტონი საბოლოოდ გაცოცხლდა.

გაცოცხლებული ტონი ჯეინს მივარდა და რიჩარდის თვალწინ ვნებიანად აკოცა.

რიჩარდს ნიკაპი აუკანკალდა და მთელი ხმით აბღავლდა. მისი ბზინვარება სულ ჩაქრა, რადგან წინა დღეს კივის ლოსიონი წაისვა და მუწუკებმა დააყარეს ბავშვივით თეთრ ნაზ კანზე.

ის განადგურებული იყო. ადგა და გულამომჯდარმა ქვითინით დასტოვა ახალი  წყვილი. უპერანგო და უფორმო მაქცია და მუდამ ჭუჭყიანი  ჯეინი.

გავიდა კვირები, თვეები ( ეს კინოში, თორემ ისე ორ საათში გადაიღეს).

რიჩარდმა ხელოვნური წვერი მიიწება და მუცელზეც მიიხატა პრესები მარკერით.

ამ დროს სავსემთვარობაც მოვიდა…

ტონი მაქციად უნდა გადაქცეულიყო, თუმცა ჯეინს არ უნდოდა მისი მარტო დატოვება და  სამთვლიანი ველოსიპედით გამოეკიდა ტონის.

ამ დროს ჰაერში რიჩარდის ლანდი აფარფატდა.

– არააა. არააა ჯეინ არააა. არ წახვიდე საფრთხე გელის.

– შენ ნამდვილი არ ხარ, ლანდი ხარ… რას დამიშავებ?  -უთხრა ჯეინმა და გაწეპილი თმით ცხვირი მოიწმინდა.

რიჩარდის ლანდი გაბრაზდა და წინ გადაუდგა. ამ დროს ველოსიპედს ერთი თვალი მოძვრა და ჯეინი ხეს შეასკდა.

” ჯანდაბას ვეტყვი თანხმობას და ხომ დამანებებს თავს”

გაიფიქრა და ჩამტვრეული კბილებით გაუღიმა რიჩარდის ნაზად მოლივლივე ლანდს.

ტონი, რიჩარდი და ჯეინი ბედნიერად ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად.

აი ასე ბედნიერად დასრულდა ერთი ჩვეულებრივი  გოგოს,გაურკვეველი ორიენტაციის მბზინავი ვამპირის და მაქციას ამბავი.

მაიმუნმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ბოლო წერტილიც დასვა.

by qameleoni555

p.s  იმედია ჩემს მიერ დაწერილი მეორე ნაწილი მოგეწონებათ და არც მე ჩავიქოლები 😀

p.s 2: ჩვენ არ გადავიღებთ ამ ისტორიაზე 123847857 ფილმს, ყველაფერი აქვე მთავრდება!

კიდევ ერთი ვამპირის ისტორია

“ძვირფასო დღიურო, რამდენიმე დღეა, რაც ამ ქალაქში ჩამოვედი. გადავწყვიტე დღიურის წერა დამეწყო. მე ჯეინი მქვია.17 წლის ვარ.  სულ დასაბანი თავი მაქვს და მიყვარს კაცის პიჯაკების ტარება. სახეზე ყოველთვის შეწუხებული გამომეტყველება უნდა მქონდეს, რა ვქნა, ასე მიწერია კონტრაქტში. დღეს ახალ სკოლაში მივდივარ. ძალიან ვნერვიულობ. რატომღაც მგონია, რომ დღეს ჩემი ოცნების მამაკაცს შევხვდები”

ჯეინი მართლაც შეხვდა თავის ოცნების მამაკაცს. ის სხვებს არ ჰგავდა. რიჩარდი სკოლაში წამოსვლამდე ერთ საათით ადრე დგებოდა, სახეზე ტონალურის და პუდრის წასმა რომ მოესწრო. ამიტომ კანის ფერი მუდამ თეთრი ჰქონდა… რაც მას იდუმალ იერს ანიჭებდა…

ჯეინმა დაინახა თუ არა, თვალი ვერ მოაშორა სასადილოში შემოსულ რიჩარდს, რომელსაც თმები უფრიალებდა და შენელებული კადრებით მოაბიჯებდა. ჰაერში მაშინვე გაიბა უხილავი სიყვარულის ძაფები.

– კარგით რა… ვამპირი ბიჭის და გოგოს სიყვარული, რომელთან ერთად ყოფნა არ შეუძლიათ… რა ბანალურია… – თქვა გაბრაზებით მაგიდასთან მჯდარმა მაიმუნმა და სათვალეები მოიხსნა – მერე ჩვენ გვეძახით პრიმატებს – მაიმუნმა წიგნი დახურა და სასადილო დატოვა.

მოხდა სასწაული და ისინი ქიმიის გაკვეთილზეც ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩდნენ.

– მე რიჩარდი მქვია – უთხრა ბიჭმა – უცნაური ბიჭი ვარ, მიყვარს რომანტიკა და ყვავილების ყნოსვა, პეპლებიც მიყვარს…  ამ სამყაროში იმდენი ლამაზი ქმნილებაა… მზად ვარ გავიჭრა მინდორში და ყველაფერს მოვეფერო… შენ რა გქვია?

– ჯეინი – უთხრა გოგომ ხმის კანკალით.

“ძვირფასო დღიურო, ის ისეთი მეოცნებეა, ისეთი ლამაზი… ოდნავ ოთხკუთხედი თავი აქვს, მაგრამ მერე რა… მთელი მსოფლიოს თინეიჯერები მასზე გიჟდებიან… მიყვარს. ამას დღესვე ვეტყვი…”

რიჩარდმა სკოლის მერე ჯეინი ტყეში წაიყვანა. ბევრი არბენინა და როცა ჯეინი ძალაგამოცლილი დაეშვა მიწაზე, რიჩარდმა განუცხადა რაღაც უნდა გითხრაო.

– გისმენ – უთხრა ჯეინმა

რიჩარდმა პერანგი გაიძრო და მკერდი მზეს მიუშვირა.

– ახალი ლოსიონი მაქვს, მბზინავი ეფექტით, თუ გინდა უსუნე, ვარდის სუნი აქვს.

– ო ღმერთო – წამოსცდა ჯეინს – შენ ვამპირი ხარ… მაგრამ ადამიანის სისხლს არ სვამ…

რიჩარდმა მიმხრჩვალი მონადირე გვერდით მოისროლა და პირი მოიწმინდა.

– არა, ადამიანის სისხლს არა, მარტო ცხოველების…

– შენ… შენ მშვენიერი ხარ… მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? ერთად როგორ ვიქნებით? ეს ხომ კინო არაა, ეს ცხოვრებაა რიჩარდ…

– ცდები პატარა – უთხრა ბიჭმა და კამერებისკენ მოახედა – ეს ჩვენი რეჟისორია, ეს მისი პირველი ასისტენტი, ესეც ოპერატორი…

დარცხვენილმა ჯგუფმა ხელი ნაზად დაუქნიეს.

” ძვირფასო დღიურო… რიჩარდი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი ბავშვობის მეგობარი, ტონი გამოჩნდა… მას საშინელი წყევლა აქვს, პერანგის ჩაცმა არ შეუძლია… მის მიმართაც მაქვს რაღაც სიმპათიები… არ ვიცი როგორ მოვიქცე…”

დღიურს მობეზრდა ამდენი სულელური ამბების მოსმენა და თავი მოიკლა.

– ჯეინ, შენმა მეგობრებმა მოგაკითხეს, გარეთ გელოდებიან – უთხრა სახლში მისულ გოგოს მამამისმა.

– რომელმა მეგობრებმა მამიკო?

– ვამპირმა და მაქციამ შვილო.

გარეთ რიჩარდი და ტონი ელოდებოდნენ. ჯეინს გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

– აბა გვითხარი ჯეინ, რომელს ირჩევ?

მუსიკა ავისმომასწავებლად დაიძაბა.

– ამას ფილმის შემდეგ ნაწილში გაიგებთ – მხიარულად წამოიძახა ჯეინმა და  კუნტრუშით მიაშურა სახლს.

 

p.s ვიცი ჩამქოლავენ, მაგრამ ვრისკავ მაინც 😀 🙂 🙂