ჩემი უმცროსი, აუტანელი ძმა

ჩემს ძმას ჩარლი ჰქვია. ამ საღამოს მე ის ჭაში ჩავაგდე. მესმოდა როგორ ბუყბუყებდა მისი ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ბოლო ნაკადი.  რამდენიმე წუთი ბოროტი სიამოვნებით ვუყურებდი მის პატარა, მოფართხალე სხეულს, მაგრამ მერე ყველაფერი აირია. დედამ მოირბინა ჩარლის ყვირილზე და ჭიდან ამოათრიეს. დედა ტიროდა, რადგან ეგონა, რომ ჩარლი მოკვდა, მაგრამ ის ცოცხალი იყო და თავსაც მშვენივრად გრძნობდა. საღამოს, ძილის წინ მარწყვის კექსიც აჭამეს, თან ტიროდნენ და ეფერებოდნენ, მამამ ისიც თქვა, ჩარლიმ ალბათ ეს სპეციალურად გააკეთაო და თან თავზე ეფერებოდა.

ჩარლიმ თქვა, რომ ფეხი დაუცდა, ჩემზე არაფერი უთქვამს. კიდევ კარგი, თორემ ამას უარესი შედეგი მოჰყვებოდა. მიხვდა ვისთანაც ჰქონდა საქმე. მე ყურადღებას აღარავინ მაქცევდა, ყველანი მას ევლებოდნენ თავზე.

მეორე დღეს ჩუმად შევედი მის საძინებელში და კისერზე თოკი შემოვახვიე. ჩარლი ტირილით გაიქცა მშობლების ოთახში და შესჩივლა, რომ მისი დახრჩობა მინდოდა, მაგრამ დედამ და მამამ დატუქსეს და უთხრეს, ჩემთვის ასეთი რამე აღარ დაებრალებინა. იმ საღამოს არც კექსი მისცეს. საბრალო ჩარლი, ახლა მაინც არ იყო მისი ბრალი არაფერი.

იმ საღამოს დედას სამჯერ ვთხოვე ჩემთვის ნამცხვარი მოეცა, მაგრამ ყურადღება არც მომაქცია, თითქოს არც ესმოდა ჩემი. მგონი მიხვდა ჩარლი მე რომ ჩავაგდე ჭაში.

აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მე და ჩარლი კარგად ვუგებდით ერთმანეთს, როცა დედიკო მას მანქანას ყიდულობდა, ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა თოჯინა, ყოველთვის ერთნაირ ყურადღებას გვაქცევდა ორივეს, მაგრამ ერთი თვის წინ ყველაფერი შეიცვალა, მშობლებმა გადამიყვარეს, მთელი ყურადღება ჩემს ძმას მიაქციეს და მე ზედაც აღარ მიყურებდნენ. ჩარლიც აუტანელი გახდა, სულ ცუდ ხასიათზე იყო და აღარ მეთამაშებოდა. როცა ოთახში შევდიოდი, ის გადიოდა და მერიდებოდა.

ერთ საღამოსაც გამომიცხადა, რომ ის, დედა და მამა ზღვის სანაპიროზე მიდიოდნენ დასასვენებლად, მე კი არ მივყავდით.  ამან სულ გამაგიჟა და გადავწყვიტე ჩარლი სამუდამოდ მომეშორებინა თავიდან, რადგან მშობლებს ნელ-ნელა ვკარგავდი.

ახლა ღამის თორმეტი საათია, ჩარლის რამდენი ხანია სძინავს, მშობლების საძინებელშიც ჩაქრა შუქი.  ახლა კი ჩარლის ყვირილის საშუალებას ნამდვილად აღარ მივცემ, თოკს მოვუჭერ კისერზე და როცა სუნთქვას შეწყვეტს, ოთახიდან გამოვალ. დედა და მამა მის გარეშე წავლენ დასასვენებლად, და როცა ისინი დატოვებენ სახლს, მე დავბრუნდები ბაღის ბოლოში, იმ საშინელ თეთრ ყუთში, სადაც ერთი თვის წინ დამმარხეს.

ტყუპები

ძველი ესპანური ლეგენდა, რომელიც ძალიან პოპულარულია ესპანურენოვან ქვეყნებში.

ესპანეთის ერთ-ერთ დაბაში დაქორწინებული წყვილი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი სახლი თავისი მწვანე ბაღით, წყნარი, სუფთა ქუჩა და მშვიდი გარემო, ამ სიმშვიდეს მარტო ტყუპი გოგონები არღვევდნენ, რომლებიც არასდროს იღლებოდნენ თამაშით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დაშორებას ვერ იტანდნენ.

ერთ დღეს დედამ გადაწყვიტა მაღაზიაში წასულიყო რძის და პურის საყიდლად, მაგრამ გოგონების მარტო დატოვება არ უნდოდა სახლში, ლამაზად ჩააცვა და თან წაიყვანა. მაღაზია დაბის ცენტრალურ ადგილზე იყო, სადაც დიდი გზატკეცილი უნდა გადაეჭრათ. სანამ დედა ბავშებისთვის ხელის ჩაკიდებას მოასწრებდა, ისინი ხელიდან დაუსხლტდნენ და გზაზე გადაირბინეს. შემოსახვევიდან გამოვარდნილმა დიდმა სატვირთომ გაჩერება ვეღარ მოასწრო და საშინელი კივილის ხმამ იქაურობა შეძრა. სატვირთოს გავლის შემდეგ ასფალტზე ორი დიდი სისხლიანი ლაქა ემჩნეოდა.

ქალი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. წლების განმავლობაში იმეორებდა, რომ ეს მისი ბრალი იყო, ქმარი ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

კიდევ რამდენიმე წლის მერე ქალი დაორსულდა. წყვილს ძალიან გაუკვირდა, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ ისინი ისევ ტყუპებს ელოდებოდნენ. ისევ გოგონები გაჩნდნენ.

დედას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, გარდაცვლილ გოგონებზე ხმას არ იღებდნენ, თითქოს ისინი არც არსებობდნენ. არ სურდათ წარსულის გახსენება, მათ ისევ ორი მშვენიერი ტყუპი გოგონა ეყოლათ, ეს ხომ ღმერთის საჩუქარი იყო.

ერთ დღეს დედამ კვლავ გადაწყვიტა მაღაზიაში წასვლა და გოგონებიც თან წაიყვანა. როცა იმ ავადსახსენებელ გადასასვლელს მიუახლოვდნენ, დედამ მაგრად ჩასჭიდა გოგონებს ხელი, რომ არ გასხლტომოდნენ, მათ კი გაიცინეს და ერთხმად უთხრეს:

” დედა, არ არის საჭირო ჩვენი დაჭერა, არ ვაპირებთ რომ კიდევ ერთხელ მოვკვდეთ”

აკრძალული და საიდუმლო რეცეპტები +16

– კიდევ ორი პორცია საფირმო კერძი – მიმტანმა მზარეულს შეკვეთა მისცა და სხვა მაგიდისკენ გაემართა. ისევე როგორც ყოველთვის მაგიდები სავსე იყო.

მთავარი შეფ–მზარეული, ჩანგ–სანი, ნამდვილი სენსაცია იყო მდიდრული რესტორნისთვის. ჯადოსნური ხელი ჰქონდა, საოცარ კერძებს ამზადებდა, ხალხი რამდენიმე თვით ადრე ეწერებოდა, რომ აქ მოხვედრილიყვნენ და ჩანგის განთქმული საჭმელი გაესინჯათ.

ახალგზარდა, ენერგიით სავსე მზარეული ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ თავის საქმეში სრულყოფილებას მიეღწია, ყოველდღე ახალ რეცეპტებს იგონებდა და მუდმივად ახლის ძიებაში იყო.

მიმტანმა ჩანგს მოახსენა, რომ პირველ მაგიდასთან წყვილს მისი ნახვა უნდოდათ. ჩანგმა ხელები შეიწმინდა და გარეთ გავიდა.

ჭაღარაშერეული კაცი და ახალგაზრდა, ლამაზი ქალი დაკვირვებით უყურებდნენ მზარეულს.

– რა გნებავთ? ბევრი დრო არ მაქვს.

– სპეციალური შეკვეთა მინდა მოგცეთ – უთხრა კაცმა და პატარა ყუთი გახსნა. იქ იშვიათი ჯიშის წითელი თევზი იდო, რომელიც აღარ იშოვებოდა ჩინეთში.

–  სანჯინი – აღმოხდა გაკვირვებულ ჩანგს.

– დიახ, ისაა, ეს თევზი მხოლოდ ერთი რეცეპტით მზადდება, დანარჩენ შემთხვევაში სასიკვდილოა.

ჩანგმა ყუთი აიღო.

– 10 წუთში მზად იქნება.

თევზი წვრილ ნაჭრებად დაჭრა, ფქვილში ამოავლო, სპეციალური სანელებლები შეურია, კვერცხის გული ამოავლო და ორთქლში გააჩერა, მერე შეწვა და ბოსტნეულთან ერთად მიართვა წყვილს.

– ძალიან კარგი – თქვა მამაკაცმა. მან და მისმა თანამგზავრმა რესტორანი ისე დატოვა, თევზი არ გაუსინჯავთ.

დღის ბოლოს შანგს მიმტანმა გოგონამ პატარა კონვერტი გადასცა, რომელზეც ეწერა “ჰუგო ლაუერი”, უკან კი მონოგრამა იყო გამოსახული, რომლის დანახვაზეც ჩანგს სუნთქვა შეეკრა.

– შინ–ტანის საიდუმლო წიგნი…

შთამომავლობიდან მოდიოდა ლეგენდები საიდუმლო რეცეპტების წიგნ შინ–ტანზე, რომელშიც ისეთი რეცეპტები იყო შეტანილი, რომელიც ყველა მზარეულს არ შეეძლო ეხილა, არათუ დაემზადებინა.

არავინ იცოდა, მართლა არსებობდა ეს წიგნი თუ  გამოგონილი იყო, მაგრამ ყველა მზარეულის ოცნება სწორედ ამ წიგნს უკავშრდებოდა.

მეორე დღეს გარეთ ჰუგოს მანქანა დახვდა. არც დაფიქრებულა, ისე ჩაჯდა. ჰუგომ ძველი და ფურცლებგაყვითლებული წიგნი მიაწოდა.

– შინ–ტანის საიდუმლო რეცეპტები, ყველა კულინარის ოცნება – უთხრა ჰუგომ – ერთი საღამოთი მინდა დაგიქირავო,  რომ ამ წიგნიდან  მოამზადო ერთი კერძი, რომელსაც მე და ჩემ მეგობრებს მოგვართმევ ჩვენს ვილაში. თანახმა ხართ?

როგორ შეეძლო ამაზე უარი ეთქვა?

მეორე დღეს უკვე ჰუგოს სახლში იყო და წიგნს დაჩერებოდა. როგორც იქნა ხელის კანკალით გადაშალა და დაიწყო კითხვა.

შუბლზე ოფლი მოასკდა, გვერდებს შლიდა და თვალებს არ უჯერებდა – ერთი მეორეზე საშინელი სურათები ცვლიდა ერთმანეთს.

შინ–ტანის რეცეპტების საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ყველა კერძი ადამიანის ხორცით მზადდებოდა.

ჰუგოს მიერ არჩეული კერძი კი მთლიანი ადამიანის მოხარშულ, გამოშიგნულ და სუნელებით შეზავებულ სხეულს წარმოადგენდა.

ჩანგმა გაქცევა სცადა, მაგრამ ჰუგოს ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა. ან ეს კერძი უნდა დაემზადებინა, ან მოკვდებოდა.

სარეცეპტე მასალად კი ახალგაზრდა გოგო იყო დამწყვდეული სარდაფში, რომლისგანაც გემრიელი და ნოყიერი კერძი დამზადდებოდა.

– დროა – უთხრა ჰუგომ და ჩანგი სარდაფში ჩაიყვანა, სადაც ყველანაირი საჭირო მასალა იყო გამზადებული, მათ შორის უზარმაზარი ქვაბიც, რომელშიც გოგო უნდა მოეხარშა ცოცხლად.

ზევით ათ კაციანი კომპანია იყო შეკრებილი, რომლებიც ამ უცნაურ სადილს დიდი ინტერესით ელოდებოდნენ.

– ჯერ არასასურველი ორგანოებისგან უნდა გაასუფთავო – უთხრა ჰუგომ – დაიწყე ინტიმური ადგილებით.

– რეცეპტი უკვე წაკითხული მაქვს – უპასუხა მზარეულმა და დანა აიღო.

*    *   *

ჩანგი უზარმაზარი დანით ასუფთავებდა სხეულს შინაგანი ორგანოებისგან და თავს ძლივს იკავებდა გული არ არეოდა. ხახვი დაჭრა,  ნიორი დანაყა, გულ–ღვიძლის სოუსი გაამზადა.

ცოტა ხანში სასადილო ოთახში უზარმაზარი ლანგარი შეაგორა. შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა შეფ–მზარეულს.

– მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა ჰუგომ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა ამ კერძის შექმნაში, რათა თქვენთვის ესიამოვნებინა – განაცხადა ჩანგმა და ლანგარს თავი მოხადა, სადაც გემრიელად შემწვარი და მოხრაკული ჰუგო იწვა გემრიელი სოუსებით და დელიკატესებით.

სანამ დაინტერესებული საზოგადოება თეფშებით და ჩანგლებით გაინაწილებდა ჰუგოს სხეულს, ჩანგმა წიგნთან ერთად დატოვა სახლი.

*   *   *

ბუხარში ერთმანეთის მიყოლებით იწვოდა უძველესი წიგნის გაყვითლებული ფურცლები. ის საშინელი საიდუმლო, რომელსაც ინახავდა, მასთან ერთად ქრებოდა.

რიდლი სკოტის და შოუ თაიმის ერთობლივი ნამუშევარი, ტელე სერიები “შიმშილი” მეოთხე ეპიზოდი – შინ–ტანის საიდუმლო

უყურეთ:

წითელი ლენტი

ჯეიმი პარკის შესასვლელში იდგა და ჯიბეში პატარა კოლოფის სიმძიმეს ისე გრძნობდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი ედო მის მაგივრად. წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა, დრო აღარ და აღარ გადიოდა.

ვირჯინიას რამდენიმე თვეა იცნობდა, მაგრამ მის თმების სურნელი ყველგან თან დაჰყვებოდა.  მის ძარღვებში ბოშა ქალის სისხლი სჩქეფდა, გრძელი, შავი თმები, დიდი შავი თვალები, ძლიერი და მტკიცე ხასიათი – ყველაფერი, რაც ასე იზიდავდა.

საათს დახედა. ვეღარ ითმენდა.

აი ისიც გამოჩნდა. ყველასგან გამოირჩეოდა, გრძელი შავი თმები მხრებზე დაფენოდა.

– ჯეიმი – თქვა ქალმა და გადაეხვია.

ვირჯინია სკამზე ჩამოჯდა. ჯეიმიმ კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და მის წინ ცალ მუხლზე დადგა.

– გამომყვები ცოლად?

ქალმა გაიცინა.

– რა თქმა უნდა.

გახარებულმა ჯეიმიმ ბრილიანტის ბეჭდი თითზე გაუკეთა თავის საცოლეს და თვალებში ჩახედა. კვლავაც თვალში მოხვდა ყელზე მჭიდროდ მოხვეული წითელი, ვიწრო ლენტი.

– რატომ გიკეთია ყოველთვის ეს ლენტი? – ჰკითხა ღიმილით.

– არასდროს, არასდროს არ უნდა მოვიხსნა ეს ლენტი, დაიმახსოვრე ჯეიმს.

კაცი აღარ ჩაეძია, რაც მთავარია, ვირჯინია მის ცოლობაზე იყო თანახმა, სხვა არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

იმ ზაფხულს ისინი დაქორწინდნენ. ჯეიმი ხვდებოდა, რომ მის ცოლზე კიდევ ბევრი რამ არ იცოდა, არც მის ნათესავებს იცნობდა და არც ვირჯინიას საიდუმლოებით მოცულ წარსულს.

რაც მთავარია ქალი არასდროს არ იხსნიდა წითელ ლენტს, დღე თუ ღამე, ყოველთვის ეკეთა. მეუღლის კითხვაზე კი იგივე პასუხს სცემდა, რომ ეს ლენტი არ უნდა მოეხსნა, არასდროს… 

გავიდა რამდენიმე წელი და ჯეიმი კიდევ ერთ უცნაურ ფაქტს წააწყდა, როცა სახლის იჯარას იხდიდა, გადაწყვიტა ცოლის სახელზე შეეტანა თანხა, მაგრამ როცა გადაამოწმეს, უთხრეს, რომ ამ შტატში დარეგისტრირებული ვირჯინია მორგანი უკვე 10 წელია გარდაცვლილი იყო. როცა ეს ყველაფერი ცოლს მოუყვა, მან განუცხადა, რომ მისი ქალიშვილობის გვარი სხვა იყო, და არა მორგანი.

რამდენიმე წელში ვირჯინია დაორსულდა. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ჯეიმი. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ქალმა სთხოვა ექიმი გაეფრთხილებინათ, რომ ის წითელ ლენტს ყელიდან ვერ მოიხსნიდა. კაცმა შეუსრულა ეს თხოვნა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი, წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჯეიმის საშინელი ცნობისმოყვარეობა ტანჯავდა. სწორედ ამიტომ კიდევ ერთი იდეა მოუვიდა თავში. მათი ქორწინების ათი წლისთავი ახლოვდებოდა. ძვირფასი ყელსაბამი იყიდა და ვირჯინია რესტორანშ დაპატიჟა. ქალმა სიხარულით შეჰკივლა, როცა ხავერდის ყუთი გახსნა.

– მოდი, გაგიკეთებ ყელზე, მოიხსენი ეგ ლენტი ბოლოს და ბოლოს – უთხრა ჯეიმიმ.

– არა, მე ამ ლენტს ვერ მოვიხსნი – გადაჭრით განაცხადა ქალმა – მაგრამ დიდი მადლობა ძვირფასი საჩუქრისთვის.

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, მეტი მოთმენა არ შეეძლო. იმ ღამით, როცა ვირჯინიას ღრმად ჩაეძინა, ფეხაკრეფით მიეპარა და ლენტი ფრთხილად გამოხსნა. ლენტი ძალიან წვრილი იყო და ადვილად დაყვა. ერთ ბოლოს მოკიდა ხელი და გამოსწია. ლენტი თანდათან დამოკლდა და ელვა შესაკრავივით გაიხსნა.

ვირჯინიას თავი შეირხა,დაბლა გადმოვარდა და იატაკზე გაგორდა. მთვარის შუქზე გამოჩნდა, როგორ ჩამოუვიდა დახუჭული თვალიდან ცრემლი.

“ხომ გაფრთხილებდი” – ჩაესმა ჯეიმის ვირჯინიას ხმა გონების დაკარგვამდე.

*

*

*

*

*

NUKEKUBI – ნუკეკუბი – იაპონურ მითოლოგიაში, მითიური არსება, რომელსაც თავი სხეულისგან გამოყოფილი ჰქონდა და ისე შეეძლო არსებობა.

ჭადრის ხეების საიდუმლო

” იმ ღამით უჩვეულო სიზმარმა გამომაღვიძა, შინაარსი არ მახსოვდა, მაგრამ ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. სუნთქვა მიჭირდა და პირი მიშრებოდა. გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი და წყალი დამელია. მშობლებს უკვე ეძინათ. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები და პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი და წყალი მოვსვი.

გარეთ ბნელოდა, თუმცა შემინული კარებიდან გასული შუქი ოდნავ ანათებდა ეზოს. ნისლი იყო ჩამოწოლილი და  ღრუბლებში გახვეული მთვარის შუქი ვერ აღწევდა მიწამდე.

ჭადრის ხეები, რომლებიც ეზოში იდგა, კარგად ჩანდნენ. ეს ხეები აქ ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული იდგა, მე და ჩემს დას ხშირად გვითამაშია მის ჩრდილში.

გარეთ ნიავიც არ იძროდა, თუმცა მომეჩვენა, რომ ჭადრის ხეები შეირხა და თითქოს ჩემამდე ჩურჩულის ხმა მოვიდა.  ჭიქა დავდგი და ხეებს მივაჩერდი. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ძლიერი წარმოსახვის უნარი გაქვსო, ჰოდა ახლა მომეჩვენა, თითქოს ჭადარის ტოტებმა ადამიანის სახის ფორმა მიიღო და მე მომშტერებოდა. ჩამეცინა და ყურება გავაგრძელე. ჭადარი ისე დაჟინებით მომშტერებოდა, რომ სიცილის ხასიათი გამიქრა, შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავბრუნდი ჩემს ოთახში.

მეორე დილით დაბლა რომ ჩამოვედი, დედა სადილს ამზადებდა. გამახსენდა წუხანდელი შემთხვევა და დედას მოვუყევი.

მეგონა გაიცინებდა და ისევ ჩემს ფანტაზიას დააბრალებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მოულოდნელად ცუდ ხასიათზე დადგა და ხმა არ ამოუღია.

ღამე, ძილის წინ ჩემს ოთახში შემოვიდა და ყველაფერი მომიყვა.

“არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო” – მითხრა დედამ –  ” ის, რაც შენს დაბადებამდე მოხდა და რამაც დაღი დაასვა ჩვენს ოჯახს, მაგრამ როცა ამ ხეებზე მომიყევი, თავი ვეღარ შევიკავე, მგონია დროა ყველაფერი იცოდე”

ლოგინზე წამოვჯექი და ინტერესით მივაჩერდი.

“სანამ მამაშენს გავყვებოდი ცოლად, მყავდა და. ორივენი მასზე ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ ჩემს დას ეს უკვე ავადმყოფობაში გადაეზარდა. როცა მან მე მთხოვა ხელი, საერთოდ გადავიდა ჭკუიდან. მეგონა დროთა განმავლოაბში გადაუვლიდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, ბევრ სისულელეს აკეთებდა, რომ არ დავქორწინებულიყავით, მაგრამ ხელი ვერ შეგვიშალა.

როცა ამ სახლში გადმოვედით, ჩემი და ცოტა ხნით გაქრა, ვიფიქრეთ რომ თავი დაგვანება, მაგრამ მეორე დილით საშინელი სანახაობა დაგხვდა. ეზოში, ჭადრის ხეების ქვეშ ვიპოვნეთ მისი გვამი. დიდი ნაჯახით საკუთარი ფეხები მოეჭრა და სისხლისგან დაცლილიყო.

დაბლა პატარა ფურცელი ეგდო, სადაც ეწერა ” მახსოვს, როდესაც ჭადრების ხეების ქვეშ წამიყვანე, შავი ქარი არხევდა მათ ტოტებს. შენ გაგახსენდები, როცა დაინახავ ამ ხეებს. მე ყოველთვის აქ ვიქნები და აქედან გიყურებ”

საშინელმა ისტორიამ  ჩემი ოჯახის სისხლიან საიდუმლოზე ძალიან შემაშფოთა.

“მგონი დროა ის ხეები მოვჭრათ” ვუთხარი დედაჩემს და  ფანჯრები ჩავკეტე.

 

ამიტვილის მოჩვენება

ისტორია, რომელზეც ორი ფილმია გადაღებული, ნამდვილად მოხდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1974 წლის 14 ნოემბერს ნიუ იორკის პოლიციის განყოფილებაში ტელეფონის ზარი გაისმა.

  • ოპერატორი:გისმენთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
  • უცნობი:სასწრაფოდ გამოგზავნეთ დახმარება, აქ… ექვსი გვამია, ყველანი დაიღუპნენ… სროლა იყო.
  • ოპერატორი: სერ, დამშვიდდით და ისე მითხარით რა ხდება, სად ხართ?
  • უცნობი: ბარში ვიყავით, როცა ბავშები შემოვარდნენ და გვითხრეს, რომ დეფოების სახლში სროლაა… ჩვენც უკან გავყევით და … ყველაფერი სისხლითაა მოსვრილი.
  • ოპერატორი:თუ შეიძლება ზუსტად ჩამაწერინეთ მისამართი, სად ხართ?
  • უცნობი: ამიტვილი, მარჯვნივ მერიკის გზიდან, 1–12.
  • ოპერატორი: დაწყნარდით სერ, დახმარება მალე მოვა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს დეფოების 7 კაციანი ოჯახიდან 6 გვამი დახვდათ, მხოლოდ უმცროსი დეფო გადაურჩა სისხლიან სასაკლაოს და სწორედ ის დააპატიმრეს ამ დანაშაულის ჩადენისთვის.

რონალდ დეფომ აისრულა თავისი ამერიკული ოცნება, როცა იყიდა ეს სახლი ლონგ აილენდზე, ის თავდაუზოგავად მუშაობდა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საკმარისი შემოსავალი ჰქონოდა და თავისი ოჯახი შეენახა. რონალდი ძალიან მკაცრი და უხეში კაცი იყო, მას მის ცოლს ლუისს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება და ხმაურიანი ჩხუბები. თავის შვილთან, რონალდ ჯუნიორთან, იგივე ბატჩთან ყოველთვის მკაცრი და მომთხოვნი იყო.

მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ წარმოიდგენა, უმცროსმა დეფომ მთელი თავისი ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვანი და–ძმა ძილში გამოასალმა სიცოცხლეს და არც დედ–მამა დაინდო. ხმები დადიოდა მისი სულიერი ავადმყოფობის შესახებ. ხალხს უბრალოდ არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ბიჭმა ეს საღ გონებაზე მყოფმა გააკეთა.

ერთი წლის მერე ჯორჯ და კეით ლატსები თავისი სამი შვილით გადავიდნენ ამ დაწყევლილ სახლში, თუმცა მათ არაფერი იცოდნენ. უცნაურმა მოვლენებმაც მაშინ დაიწყო განვითარება. ჯორჯი ძალიან შეიცვალა, დაიწყო სმა, ხშირად ესმოდა დემონური ხმები და ხედავდა მოჩვენებებს, მაგრამ ამას სასმელს აბრალებდა. სახლში თავისით იღებოდა და იკეტებოდა კარები, ქრებოდა შუქები და ისმოდა უცნაური ხმები.

ამას დაემატა ისიც, რომ უცროსმა შვილმა აიჩემა ერთი სიტყვა, რომელსაც ხშირად იმეორებდა და ყველგან წერდა, სადაც შეეძლო, ეს იყო redrum, ერთხელაც შეძრწუნებულმა კეიტმა უკუღმა წაიკითხა ეს სიტყვა და მიხვდა, რასაც ნიშნავდა.

ჯორჯი ირწმუნებოდა, რომ ამ სახლში საშინელი ენერგია იყო გამეფებული, რომელიც ადამიანს მკვლელობების ჩადენისკენ უბიძგებდა, ის აღარ იძინებდა სახლში და ყველგან იარაღს ატარებდა.

როგორც ჰყვებიან, ამ ამბავმა ტრაგიკული დასასრული მიიღო, როცა ჯორჯმა ნაჯახით დახოცა თავისი ოჯახის წევრები ბაღში და თვითონაც თავი მოიკლა.

თუმცა ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი უკვე ლეგენდაა, მოგონილი, რადგან ლატსებმა მალევე დატოვეს ეს დაწყევლილი სახლი და წავიდნენ.

ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს სახლი, რომელიც კარგად ჩანს ორიგინალ ფილმში, ძალიან საშიში და ბნელი შენობა უცნაური ნაგებობით, თითქოს ორი დიდი თვალი იყურება იქიდან.

ამის შესახებ ორი ფილმია გადაღებული, ერთი ორიგინალი და ერთიც რიმეიქი, მე რიმეიქი მაქვს ნანახი. სიმართლე ითქვას რიმეიქში ბატონი რაიანი საკმაოდ კარგად გამოიყურება:

ამეტვილის მოჩვენება 1979

ამეტვილის მოჩვენება 2005

ეშმაკისეული თოჯინა

ლუსი ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, გრძელი, ქერა თმები და დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა. სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა, თითქოს ამ ქვეყანას არც მიეკუთვნებოდა.

იმ დღეს ათი წელი შეუსრულდა. დილით ლამაზ კაბაში გამოეწყო და დაბლა ჩავიდა, სადაც დედამისი სამზარეულოში ტრიალებდა და ნამცხვარს აცხობდა.

– ლუსი, დილით შენთვის საჩუქარი მოვიდა, ვიღაცას შენი დაბადების დღე გაახსენდა – უთხრა დედამ  და პატარა ამანათისკენ ანიშნა. გახარებულმა ლუსიმ  სწრაფად შემოხსნა ქაღალდი და ყუთიდან თოჯინა ამოიღო.

ეს იყო ყველაზე საშინელი და საძაგელი თოჯინა, რომელიც ოდესმე ენახა. ჭუჭყიანი და ამძვრალი სახის კანით, თავზე თმების ნასახიც აღარ შერჩენოდა. ყველაზე საშინელი კი კბილები იყო  –  გრძელი, წვეტიანი და მახვილი.

ლუსის მისი თავიდან მოშორება უნდოდა, მაგრამ დედამ სასტიკი უარი განუცხადა და უთხრა, რომ ეს საჩუქარი იყო და მისი გადაგდება არ შეიძლებოდა. მაშინ ის კიბის ქვეშ მიაგდო და აღარც გახსენებია.

ერთ ღამეს, როცა დასაძინებლად დაწვა,  დაბლიდან უცნაური ხმაური შემოესმა, თითქოს ვიღაც ჩუმად ეძახდა. ცოტა ხანში სიტყვებიც გაარჩია.

“ლუსი, მე უკვე პირველ კიბეზე ვარ”  ჩაესმა ხრინწიანი  ხმა და შეშინებული საწოლში მოიბუზა.

მეორე დღეს დედას სთხოვა ეს თოჯინა თავიდან მოეშორებინათ, მაგრამ ისევ უარი მიიღო.  საძაგელი თოჯინა იგივე ადგილზე იდო, სადაც დატოვა.

მეორე ღამეს საშინელი კოშმარები აწუხებდა. უცნობი კაცი დაესიზმრა, რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა. “მანდ ცხოვრების უფლება არ გაქვს” უთხრა კაცმა და თვალები ცეცხლისფრად აენთო. ოფლში გაწურულს გამოეღვიძა.

“ლუუუსი, მე უკვე მეოთხე კიბეზე ვარ” გაიგონა დამცინავი ხმა და კიბეზე ხმაური მოესმა.

რა თქმა უნდა ეს ამბავიც არავინ დაუჯერა, სკოლაში დასცინეს, დედა კი ეჩხუბა ასეთ ისტორიებს ნუ იგონებდა და აუკრძალა ამაზე ლაპარაკი.

იმ ღამით ლუსიმ გადაწყვიტა საძინებლის კარები დაეკეტა. დედას სთხოვა, რომ ღამით მასთან შუქი ანთებული დაეტოვებინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გამოუცხადა სინათლე შეაწუხებდა და ჩაუქრო.

როცა დედა დაწვა, ფანჯარასთან მივიდა, რომ ფარდები გადაეწია და სინათლე შემოეშვა ოთახში. სწორედ ამ დროს გაიგონე ნაცნობი ხმა:

“ლუსი, მე უკვე ბოლო კიბეზე ვარ…”

ლუსი მობრუნდა და დაინახა როგორ გაიღო საძინებლის კარი ძალიან, ძალიან ნელა…

მეორე დღეს მისი გვამი კიბეებთან იპოვნეს. თოჯინაც მის გვერდით ეგდო. ეს ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს.

“ეს თოჯინა ძალიან უყვარდა” თქვა დედამ “ახლა მათ სამუდამოდ შეუძლიათ ერთად იყვნენ”

პ.ს  თოჯინების შიში საკმაოდ გავრცელებული ფობიაა და პედიოფობია ჰქვია.

როცა უცნობი რეკავს…

– ჯენიფერ, ძიძა მოვიდა, წასვლის დროა – გასძახა ქმარმა მეუღლეს და პირველ სართულზე ჩავიდა.

ამანდა მორცხვად იდგა კარებთან, სულ რამდენიმე დღეა რაც პიტერსონებთან დაეწყო მუშაობდა. თან სწავლობდა და თან ბავშვების მოვლით დამატებით შემოსავალს იღებდა.

ჯენიფერი და ტომი უკვე 15 წელია ცოლ–ქმარი იყვნენ, შვილები გვიან შეეძინათ, ახლა ორი პატარა ჰყავდათ და ერთმანეთს ისეთ ყურადღებას ვეღარ უთმობდნენ, როგორსაც ადრე, ამიტომ გადაწყვიტეს ერთი საღამო კინოში წასულიყვნენ მარტო ისინი და ბავშვები გვიანობამდე ძიძასთან დაეტოვებინათ.

– თუ რამე მოხდა, მაშინვე დაგვირეკე – ჯენიფერმა ჩანთა აიღო და ამანდას მიუბრუნდა – კარები კარგად ჩაკეტე.

პიტერსონების სახლი პატარა სასახლეს ჰგავდა, მაგრამ ძალიან ძველი და ბნელი შენობა იყო,  უამრავი ოთახებით, რომელსაც არავინ იყენებდა. პიტერსონები დიდი ხანია ამ სახლის გაყიდვას აპირებდნენ.

ამანდამ კარები ჩაკეტა და ბავშვების ოთახში ავიდა. პატარებს უკვე ეძინათ. შუქი ჩააქრო და პირველ სართულზე ჩამოვიდა, ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოიკალათა.

ტელეფონის ზარი გაისმა. დარწმუნებულმა იმით, რომ ჯენიფერი რეკავდა, ყურმილი აიღო.

– დიახ მისის პიტერსონ.

– …

ხმას არავინ იღებდა, მარტო მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა.

– გისმენთ…– გაიმეორა ამანდამ.

– შენს ადგილზე ბავშვებს ვნახავდი – გაისმა კაცის ხმა და მას უცნაური შრიალი მოყვა. კაცმა ყურმილი დაკიდა.

გაოცებულმა ამანდამ აქეთ–იქით მიმოიხედა, ვიღაცა ბოროტად ეხუმრებოდა. სასწრაფოდ აირბინა მეორე სართულზე და ოთახის კარი შეაღო. ბავშვებს ეძინათ.

თავი გაიქნია და დაბლა ჩამობრუნდა. იფიქრა ალბათ ვინმე ნაცნობმა გაიგო ძიძად რომ ვრჩები და ჩემი შეშინება გადაწყვიტაო.

ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

– ეს სულაც არაა სასაცილო – გაბრაზებული ხმით უპასუხა ტელეფონს. ისევ უცნაური შრიალი ისმოდა.

– ბავშვები შეამოწმე – გაიგო ისევ ის საშინელი ხმა შორიდან და ტანში გააჟრჟოლა. ეს ამბავი არ მოსწონდა.

– ვინ ხარ, რა გინდა?

უცნობმა ჩუმად ჩაიცინა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და გათიშა.

ახლა უკვე ნამდვილად შეეშინდა, ეს ყველაფერი ნაცნობის ხუმრობას არ ჰგავდა. სასწრაფოდ 911–ზე დარეკა და ოპერატორს ამ ზარების შესახებ მოუყვა.

– როცა კიდევ დარეკავს ეცადეთ ცოტა ხანი შეაყოვნოთ მისს, ასე მის ადგილმდებარეობას დავადგენთ – უთხრა ოპერატორმა.

აკანკალებული დაჯდა დივანზე და ტელევიზორი გამორთო. სახლის ირგვლივ არავინ ჩანდა, კარები საიმედოდ იყო ჩაკეტილი,  ვერავინ შემოვიდოდა. ისევ თავს იმშვიდებდა, რომ ვიღაც უბრალოდ ბოროტად ხუმრობდა.

ისევ საძულველი ზარის ხმა მოისმა. უცნობი ნომერი.

– არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინო – ჩასჩურჩულა უცნობმა.

– მოიცადე, არ გათიშო, მითხარი რა გინდა.

– მინდა რომ ბავშვების ოთახში ახვიდე და შეამოწმო, იქ არიან თუ არა…

– ბავშვები კარგად არიან და სძინავთ. მათ ვერაფერს დაუშავებ.

ისტერიული სიცილი გაისმა. უცნობი საშინელი ხმით იცინოდა.

– ძალიან მალე – უთხრა კაცმა და გათიშა.

ის იყო ამანდა მეორე სართულზე აპირებდა ასვლას, რომ ოპერატორმა დაურეკა.

– მისს, გადავამოწმეთ ნომერი, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ადამიანი, რომელიც გირეკავთ იმავე სახლში იმყოფება, სადაც თქვენ ხართ, გიმეორებთ, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ჯგუფი უკვე გამოვგზავნეთ.

სისხლი ძარღვებში გაეყინა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მეორე სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა.

“ძალიან მალე” ჩაესმა უცნობის ხმა და კარებს მივარდა.

უკნიდან ძლიერი ხელი სწვდა და ყელში მოუჭირა.

– ხომ გითხარი ბავშვები შეამოწმე–თქო – ჩაესმა ნაცნობი ხმა და ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამოუვიდა.

გარეთ პოლიციის მანქანების სიგნალების ხმა მოისმა. კაცმა ხელი გაუშვა. პანიკაში მყოფი ამანდა კარებს ეცა და გარეთ გავარდა.

პოლიციელებმა ბავშვების ოთახში დიდი სისხლიანი ცული იპოვნეს, ბავშვები კი კარადაში იყვნენ დამალულები და ისტერიულად ტიროდნენ. ფანჯარა გატეხილი იყო, ყველგან მინის ნამსხვრევები ეყარა. მანიაკის კვალს ვერსად მიაგნეს.

ლეგენდა, რომლის მიხედვითაც საკმაოდ საინტერესო ფილმია გადაღებული

when a stranger calls