აპოკალიფსი დღეს

ტეელვიზორთან ვზივარ, ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, მეც რაღაც გადაცემას ვუყურებ. ცოტა ხანში სპეციალური გამოშვება ერთვება და წამყვანი შოკისმომგვრელ ამბავს აცხადებს. მთვარე მოწყდა თავის ორტიბას და დედამიწისკენ მოემართება მთელი სიჩქარით, ნასამ უკვე გააკეთა განცხადება.

ხალხი პანიკაში ვარდება, მოვლენები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ცას ვუყურებ, მთვარე საგრძნობლად გაიზარდა. მთელს დედამიწაზე გლობალური კატასტოფები დაიწყო, მიწისძვრები, წყალდიდობა, ხანძარი.

ცოტა ხანში მიწისძვრა აქაც იწყება, სახლი საშინლად ირხევა, მაგრამ რატომღაც არ ინგრევა. ბადრის ვეხუტები და ვფიქრობ რომ ეს უკვე აღსასრულია. გარეთ ხალხია გამოფენილი, მე ირონიულად ვამბობ, ნუთუ ამ ხალხმა არ იცის, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს მიწა შეიძლება გაიხსნას.

ტელევიზორში აცხადებენ, რომ მთვარე აუცილებლად შეეჯახება დედამიწას, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ თვალს ვადევნებდით მარსზე მომხდარ შეჯახებას, ახლა კი დედამიწის ჯერია.

საშინელი შეგრძნებაა, უმწეობის, მთვარე ხომ პატარა კომეტა არაა ასტრონავტები გაუშვან და ნაწილებად დაშალონ, დედამიწის აღსასრული გარდაუვალია.

უშვებენ კაცობრიობის მიერ გადაღებულ უნიკალურ კადრებს, განვითარების ეტაპებს, ბოლოს კი მუსიკის ფონზე ეწერება: The End Of The World.

ამასობაში ღამდება, მთვარე იმდენად მოახლოვდა, რომ მთელი ცა დაფარა. სულ რამდენიმე საათში საშინელი შეჯახება მოხდება, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ ვიმჩნევ. იმედია ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება და ვერაფერს ვიგრძნობთ – ვამბობ ისევ. განუწყვეტელი გუგუნი ისმის და ნათება თვალებს გვჭრის.

აი ეს უკვე დასასრულია – ვამბობ მე, მაგრამ ჩემი ხმა აღარ ისმის.

თვალებს ვახელ და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვწევარ. საათს დავხედე – 6 საათია.

საშინელი სიზმარი ვნახე – ვაღვიძებ ბადრის. რა? – ქვეყნის აღსასრული. მერამდენედ? მეკითხება დაცინვით.

ეს ყველაზე რეალური და ცხადი სიზმარი იყო რაც ოდესმე მინახავს, ასეთი მკვეთრი გრძნობები არც ერთ სიზმარში არ განმიცდია, მიუხედავად იმისა, რომ ორ კვირაში ერთხელ მაინც ვხედავ აპოკალიფსს. ახლაც კი ისეთი ცუდი შეგრძნება მაქვს, ვერაფრით გამოვედი ამ გრძნობიდან.

არ ვიცი ასე რატომ ხდება, არც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ იმედია არასოდეს განვიცდი იმ შეგრძნებას, რაც წუხელ სიზმარში განვიცადე.

ცუდი, ცუდი, ცუდი…

დღე არც ისე კარგად დაიწყო და არც გაგრძელებით გაგრძელდა მაინცდამაინც კარგად.

სანამ გავიღვიძებდი, დილისკენ, საშინელი სიზმარი ვნახე, უფრო სწორად საშინელი აურის. ვიდეო თამაშში ვიყავი, მე თვითონ ვმონაწილეობდი, ვიცოდი რომ ეს თამაში იყო, მაგრამ მაინც ყველაფერი რეალურად ხდებოდა. ეშმაკებით შეპყრობილ ხალხზე ვნადირობდი, იყვნენ ბავშები, ქალები და კატებიც კი 🙂

კაი, გამეღვიძა და ავდექი ცუდ ხასიათზე. ბადრის ზარმა უფრო ცუდ ხასიათზე დამაყენა, როცა შემატყობინა, რომ ფეხბურთზე წასვლა ეზარებოდა. იმის მერე მთელი დღეა არ ველაპარაკები.

რაც ჩემი აპარატი გავყიდე, სურათების გადაღება მომენატრა. ახლა შევუკვეთე ამაზონზე ციფრული ნიკონი, უკვე ოთხი დღეა. შევედი იმ იმედით, რომ უკვე დაშიპული იქნებოდა, მაგრამ არ იყო. ესეც კიდევ ერთი.

სამაგიეროდ სონის ციფრული ჩამივარდა დროებით ხელში და რამდენიმე ფოტოც გადავიღე.

ჩემი ახალი ჩანთა:


რულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემს შორტებს აწერია buffy the vampire slayer და ისე გამიხარდა, ისე, სულ გულები ვყარე 🙂

წავედით მერე თბილისში, ბადრის სიძემ ვიდეო თამაშები გამოიწერა და ჩემს სახელზე იყო ჩამოსული, ცოტა ხანი ფლეისთეიშენ 3ზე ვითამაშეთ ფეხბურთი და წამოვედით. ხასიათი იგივე.

ახლა მოვედი სახლში, ველოდები 4 საათიან ფეხბურთს და ისევ ცუდ ხასიათზე ვარ.

headache and cat

დღეს დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თავი უიშვიათესად მტკივა, ამიტომ მიჩვეული არ ვარ და ლამის გადავყევი თან. რაც მთავარია წამლის დასალევად ადგომა დამეზარა და სამი–ოთხი საათი ნახევრად მძინარეს კოშმარები მტანჯავდა.

ვნახე სიზმარი, ვითომ უზარმაზარ საავადმყოფოში ვიყავი და რიგში ვიდექი, ჩემთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ.  პარალელურად ვუყურებდი ვიღაც გოგოს როგორ აჭრიდნენ თავიდან რაღაცას და თან ადგილობრივი ნარკოზით. სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა, კიდევ კარგი გამეღვიძა, უფრო სწორად თავზე თეთრი, 4 კილოიანი არსება დამახტა და ეს ატკიებული თავი უფრო ამტკივდა.

მარტო ჩემი გაღვიძება არ იკმარა, ქალბატონმა პიანინოზე მოინდომა დაკვრა. არასდროს არ მაცდის, ნოტებს გადავშლი თუ არა, მაშინვე კლავიშებზე ზის პიუპიტრთან. გავა, გამოვა, გავა, გამოვა. თან საცოდავად წმუკუნებს. აი ფაქტიც:

ჰოდა… რამდენიმე საათში დაბადების დღეზე ვარ წასასვლელი, იმედია გამივლის… სურათები და ისტორიები ხვალ 🙂

 

ერთი და იგივე კოშმარი

ბავშვობიდან დღემდე ერთი სიზმარი მომყვება. სიზმრების არ მჯერა, იშვიათად მიხდება, ისიც დამთხვევითობის პრინციპით. მიუხედავად იმისა, რომ ამდენ მისტიკურ და ზებუნებრივ ფილმებს თუ სერიალებს ვუყურებ, მაინც მიჭირს ასეთი მოვლენების დაჯერება და არც მჯერა. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს სიზმარი, რომ წლებია გრძელდება და გრძელდება. წელიწადში ერთხელ მაინც მესიზმრება და ყოველთვის ცხადი შეგრძნებები მაქვს.

ახლაც, რამდენიმე საათის წინ, სანამ გავიღვიძე, ეს სიზმარი ვნახე.

ზღვაზე ვიყავი, წინა წლის მოვლენები ვითარდებოდა და თავს საშინლად ვგრძნობდი. ეს კიდევ ცალკე, პირადული კოშმარი იყო, ზღვიდან რომ ჩამოვედი, ერთი თვე გამოწერილივით  ვხედავდი სიზმრებს. ჰოდა, როგორც მაშინ, ახლაც მარტო ვაპირებდი ადრე წამოსვლას, მაგრამ ვიღაც უცხო ადამიანებმა შემომთავაზეს მათთან ერთად სანაპიროზე აშენებულ სახლში ცოტა ხნით დასვენება. ვიჯექით, კოქტეილებს ვსვამდით და ზღვას გავყურებდი.

ცუდი ამინდი იყო და დიდი ტალღები მოდიოდა, თან წვიმდა და ჭექა–ქუხილი იყო. ტალღები დიდი იყო, მაგრამ ჩვენამდე ვერ აღწევდა, მეც არ ვდარდობდი და ვაგრძელებდი ჭორაობას.

მოულოდნელად ქარიშხალი ატყდა და რომ გავიხედე, მთის სიმაღლე ტალღა მოდიოდა ჩვენსკენ, შავი, რაღაცნაირი, საშინელი დასანახი. მაშინვე მივხვდი, რომ ვერც გაქცევას ვერ მოვასწრებდით და ეს ტალღა გადაგვივლიდა.  უკვე მეასეჯერ განმეორებული დეჟავიუ და მეც გამეღვიძა.

არ ვიცი რამ გამოიწვია ამ სიზმრების ციკლი, წყალი სიგიჟემდე მიყვარს, ცურვაც ძალიან კარგად ვიცი, ზღვაზე სანაპირო დაცვის კატერი მაბრუნებდა ხოლმე უკან. არ მეშინია ტალღების და წყალდიდობის.

პირველად ალბათ 12 წლის ვიყავი, მე და დედაჩემი ზღვაზე რომ წავედით ბათუმში. მაშინ ვისწავლე ცურვა, დედაჩემიც ძალიან კარგად ცურავს. აი მაგ პერიოდში მახსოვს, დიდი ტალღები იყო და შორიდან ვხედავდით დიდი ტალღა როცა მოდიოდა, ჯებირებამდე აღწევდა, მაგრამ არ მეშნოდა, პირიქით, მიხაროდა.

იმის მერე სისტემატიურად ვხედავ ჩემსკენ მომავალ ძალიან დიდ, უზარმაზარ ტალღას, მაგრამ შიშის გრძნობა არ მაქვს, ეს უფრო გაოცებაა. იცვლება გარემო და ხალხი, ეს ტალღა არ იცვლება.

არ ვიცი ეს რას ნიშნავს და საბოლოოდ მაინც დიდი ტალღა დამახრჩობს თუ არა არც ეგ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, წლების განმავლობაში ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ.

nightmares on my street

ბევრი ვიძახე კოშმარები არ მაწუხებს, სიზმრებში კარგად ვერთობი–თქო, ჰოდა წუხელ კარგად დავისაჯე ამის გულისთვის 🙂

ჯერ დავწექი 2 საათზე, მერე კიდევ 2 საათი არ მეძინა, მერე დამეძინა და ჯობდა საერთოდ არ დამეძინა, ვნახე ძალიან გრძელი სიზმარი.

ვიყავი სადღაც გრძელ დერეფანში, რომელიც იყო მიწისქვეშ. ამ დერეფანში ძალიან ბნელოდა და შორიდან უცნაური ხმები ისმოდა. აქეთ–იქით ვტრიალებდი და ხელების ცეცებით წინ მივდიოდი.

ამ დროს მომესმა ფეხის ხმა და კედელს ავეკარი. რამდენიმე კაცი ნელა, უხმაუროდ მოდიოდნენ, თითქოს ჰაერში მოცურავდნენ, გრძელი მოსასხამები ეცვათ და კაპიშონები თავზე ჩამოფხატებული.

ამ დერეფანში ტარდებოდა მსხვერპლშეწირვა თუ რაღაც საიდუმლო რიტუალი, სადაც მე არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, რომ გაეგოთ მე რამე დავინახე, მომკლავდნენ. ამიტომ ვიყავი კედელზე აკრული.

ამ კედლიდან პირდაპირ მოვხვდი ჩემს ლოგინში. ისევ ბნელოდა. ჩემი კატა გვერდზე მეწვა და ეძინა. უცებ გაისმა რაღაც ხმაური, კატამ თავი წამოყო და დაბლა ჩახტა. ვიღაცამ ყურში ჩამძახა, ქალიო და ფანჯრისკენ გავიხედე. ფანჯრიდან ქალის სილუეტი გადმოვიდა. ამ დროს ჩავვარდი საშინელ პანიკაში, გაღვიძება რომ გინდა და ვერ იღვიძებ, გული საშინლად მიცემდა.

და ზუსტად ისე გამეღვიძა, კინოში რომ ეღვიძებათ ხოლმე,  საწოლზე წამოჯდებიან და ოფლი ჩამოსდით. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ბავშვობის მერე ასე არ მომსვლია.

ზედმეტად ბევრ ფილმს ვუყურებ ამ ბოლო დროს, ალბათ მაგისი ბრალია 🙂