ცოტა ხნის წინ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ინტერნეტ მაღაზიის პლატფორმაზე. ჩავატარე მცირე ექსპერიმენტი, რადგან უცხოური ინტერნეტ მაღაზიები სულ უფრო და უფრო პოპლარული ხდებიან და მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება, მაინტერესებდა, საქართველოში როგორ იმუშავებდა მსგავსი ტიპის მაღაზია. ავიღე 15 დღიანი ბეტა ვერსია ინტერნეტ მაღაზიის, ვიყიდე დომეინი: geoshop.be, გამოვიწერე მცირე რაოდენობა სამკაულების და ტანსაცმლის და საიტი გავუშვი.
თავიდან ყველაფერი კარგად წავიდა. ვიზიტორების რაოდენობამ პირველ დღეს 1000 გადააჭარბა. ყველაფერი დეტალებში ავხსენი, როგორ უნდა მომხდარიყო შეკვეთა, ნაბიჯ–ნაბიჯ, პლიუს, არც დარეგისტრირება არ იყო საჭირო, მხოლოდ იმეილი, მისამართი, სახელი გვარი და შიპინგის მეთოდი.
აი აქ დაიწყო სირთულეები. მირეკავდნენ, ფეისბუქზე მეკონტაქტებოდნენ, როგორ ხდება შეკვეთაო. მე ისევ და ისევ ვუხსნიდი მაგრამ მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა შეკვეთის განხორცილებას და მთხოვდნენ ფეისბუქით მიმეღო შეკვეთა.
ვინც ხშირად იწერთ ინტერნეტ–მაღაზიებიდან, ალბათ დამეთანხმებით, როგორ აბსურდული იქნება, რომ მე დავუკავშირდე ფ21–ის, ან ამაზონის ადმინისტრაციას და ვუთხრა – მე მოვალ, მოვისინჯავ, ვნახავ პროდუქციას, და თუ მომეწონა მერე ვიყიდი. თავს არც ფ21ს ვადარებ და არც ამაზონს, მაგრამ ინტერნეტ მაღაზიის პრინციპი ხომ ერთი და იგივეა? ნახავ სურათზე, იწერ, იღებ შეფუთულს. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი მაღაზია, სადაც მიხვალ და მოიზომავ. ეს არის ინტერნეტ მაღაზია. გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ აქ ფასი ჩვეულებრივ მაღაზიაზე ბევრად იაფია, თანაც დეფექტის შემთხვევაში უკან დაბრუნებაც შეგიძლია.
კარგი, ჯანდაბას, რამდენიმე გამონაკლისი დავუშვი და მყიდველს ვანახე პროდუქცია. ეს არ უნდა გამეკეთებინა. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ თავი ძალიან დამცირებულად ვიგძენი.
კაბა, რომელიც ღირს 35 ლარი, რომელიც ისე გამოიყურება როგორც სურათზე, მაგრამ მაინც ხდება ხანგრძლივი ბჭობის, თვალიერების, დაწუნების, ვაჭრობის და სხვა ათასი მაქინაციის მიზეზი. ერთხელ მამა–შვილი მოვიდნენ, ათვალიერეს ამრეზილი სახეებით კაბა, ყოველი ძაფი და დეტალი შეამოწმეს, მერე ამ კაცმა მითხრა, ბოლო ფასი რა არისო. ფასს რომ ფეხი არ მოვუცვალე (35 ლარი საღამოს კაბა), ჩამიგდო პარკში კაბა და ისე გაბრუნდნენ უკან, არც მადლობა უთქვამთ და არც ნახვამდის. თავს როგორ ვიგრძნობდი ხომ წარმოგიდგენიათ. ჩემი აზრით ინტერნეტ მაღაზიას ვხნიდი და ეს ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი გამოვიდა, რომ ხელზე ვყიდიდი ვაჭრობის პერსპექტივით და ისიც უტაქტო და უზრდელ კლიენტებთან.
geoshop.be დავხურე ტრიალ ვერსიის დასრულებამდე, აზრი არ ჰქონდა, ორი თუ სამი შეკვეთა მივიღე, დანარჩენი ყველამ გააუქმა ან აბსურდული მონაცემები ჰქონდათ შეყვანილი, გადავედი ჩემს მუდმივ დომეინზე iyidet.com, მაგრამ ერთი რამე ვიცი, ჩემი ფეხი ამ კოლექციის გაყიდვის მერე ამ ბიზნესში არ იქნება, რადგან კიდევ დიდ ხანს, სანამ ქართველი მყიდველი კულტურას არ ისწავლის, ინტერნეტ მაღაზია ამ ქვეყანაში არ გაამართლებს.