როგორც იქნა… ნამდვილი თოვლი.

აქამდეც იყო, მაგრამ სველი, ტალახიანი, ცოტა, ისეთი, გარეთ გასვლა რომ არ მოგინდება ადამიანს, მაგრამ გუშინ ნამდვილი თოვლი მოვიდა.

დილით ავდექი, ფანჯარაში გავიხედე და თვალები მეტკინა, ისეთი თეთრი იყო ყველაფერი. პატარა ბავშვივით გამიხარდა და მაშინვე ჩაცმა დავიწყე. ბადრი ბუზღუნებს, გარეთ არ გახვიდე, გაცივდები. მაგრამ სახლში რა გამაჩერებს, ძლივს ნამდვილი თოვლი მოვიდა.

გავედი ლიკასთან. ეზოშ იმხელა და ისეთი ხელუხლებელი თოვლი იდო, ბოროტი სურვილი წამოგივლიდა ამ თოვლში გეგორავა და მიმოგეფანტა.

ერთი სიტყვით გემრიელად ვიჯერე გული თოვლით.

ისეთი სითეთრე იყო, რომ თვალებს ძლივს ვახელდი.

ბოროტად გადავუარეთ ხელხუხლებელ თოვლს, ეს იქამდე:

ესეც მერე:

ეგ კი არა საკუთარი სახელის დატოვებაც არ შემრცხვა თოვლზე 🙂

მინიატურული თოვლის ბაბუის გაკეთებაც ვცადეთ, მაგრამ ძალიან მშრალი თვლი იყო და ხელისგულზე დაგვეფშვნა.

თუმცა გუშინდელმა თოვლმა დიდხანს ვერ გაძლო და დღეს ისევ ტალახად იქცა…

ესეც ვიდეო, სადაც მუხლებამდე თოვლში მივაბიჯებ და თბილისის მხარეს ისეთი სითეთრე და სიცარიელეა, საილენთ ჰილი ეგონება კაცს 🙂

თეთრი სიკვდილი

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისე სწრაფად, რომ ვერ მოვასწარი გამეგო რა ხდება. არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა, ან საერთოდ კიდევ სრულ ჭკუაზე ვარ თუ შევიშალე, მაგრამ ის ვიცი, რომ ახლა შეიძლება უკანასკნელ წუთებს ვითვლი სიცოცხლის, ამიტომ ყველაფერი უნდა მოვყვე.

ამ წუთას მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემს სახლში ვართ, მე კომპიუტერთან ვზივარ და ვწერ, მაგრამ ხელები საშინლად მიკანკალებს. ჯესი ნერვიულად დადის ოთახებში და სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. ისევ ჯობია ყველაფრის მოყოლა თავიდან დავიწყო.

დღეს დილით კარებზე საშინელი ბრახუნი ატყდა. შეშინებულმა გავაღე და  დავინახე ჯესი. სახლში შემოვარდა და კარები მაგრად ჩაკეტა.

– რა ხდება? – ვიკითხე ნამძინარევი სახით და უკან გავყევი.

– არ დაიჯერებ – მითხრა – მაგრამ მოგიწევს, ყველაფერი უნდა მოგიყვე, არ მინდა მარტო ვიყო.

– კი ბატონო, გისმენ – ვუთხარი და ჩამოვჯექი, რა ვიცოდი, რომ ასე ვინანებდი.

ჯესი რამდენიმე დღეა რაც მექსიკიდან ჩამოვიდა, იქ თავის შორეულ ნათესავებთან ერთი თვე გაატარა შვებულებაში. ყველაფერი კი ერთ კვირის წინ დაიწყო, როცა პატარა ჰოსპიტალში, სადაც მისი ბიძაშვილი მუშაობდა, ერთი კაცი შემოვარდა.

რაღაცას ძალიან შეეშინებინა, ესპანურად ყვიროდა გაურკვეველ სიტყვებს და აქეთ–იქით გიჟივით იყურებოდა. სკამზე დასვეს, წყალი დაალევინეს და ჰკითხეს, რამ შეაშინა ასე.

– თეთრი სიკვდილი… La Muerto Blanco – ბუტბუტებდა კაცი დამტვრეული ინგლისურით – გადამდებია… არასდროს ნებდება… ყოველთვის იღებს თავისას…

ჯესის ბიძაშვილი ჩაეკითხა, თუ რა იყო ეს თეთრი სიკვდილი, რამე ეპიდემია თუ დაავადება.

– თეთრი სიკვდილი… ცივია როგორც ყინული… სულია, რომელსაც უნდა, რომ მის შესახებ არავინ გაიგოს… უნდა რომ საბოლოოდ მოიპოვოს სიმშვიდე, მაგრამ ვერ ახერხებს… და სანამ ერთმა ადამიანმა მაინც იცის მისი არსებობის შესახებ, არ ისვენებს… სადაც არ უნდა იყო მაინც მოგაკითხავს და მაშინ გაიგებ მის კაკუნს კარებზე…

ახლა, როცა უკვე მოგიყევი, ეს წყევლა შენზე გადმოვიდა, მე კი საშინელი სიკვდილი მელის…

სანამ ჯესის ბიძაშვილი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, კაცი ჰოსპიტალიდან გაიქცა. მისი დამტვრეული ინგლისურით ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ რაც გაიგო, იქიდან ცხადია არაფერი დაუჯერებია.

მეორე დღეს პოლიციამ დარეკა. უცნობი მამაკაცი საშინელი ჭრილობებით დაღუპული ნახეს ჰოსპიტალთან ახლოს.

ბიძაშვილმა ჯესის დაურეკა და ყველაფერი მოუყვა. ორივეს გაეცინათ ამ წყევლაზე და ყველაფერი შეშლილის ავადმყოფურ აზრებს დააბრალეს, მაგრამ მეორე დღეს ჯესიმ თავისი ნათესავი სახლში იპოვნა მკვდარი.

– შევედი თუ არა სახლში, მაშინვე ვიგრძენი – მიყვებოდა ჯესი – უცნაური სიცივე იდგა. ის დაბლა იწვა, ყველგან სისხლი იყო. უცებ კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ის იყო, თეთრი სიკვდილი… ჩემთვის მოვიდა…

– ოხ ჯეს – ვუთხარი და ავდექი – მეტი ვერაფერი მოიფიქრე ჩემს შესაშინებლად? თეთრი სიკვდილი?

– ახლა ეს ამბავი შენც იცი… შენთვისაც მოვა…

შემოსასვლელ კარებზე კაკუნი მოისმა. სუნთქვა შეგვეკრა.

– ის არის – ხელი მტაცა ჯესიმ – არასდროს არ ჩერდება, ყველგან გიპოვნის…

კაკუნი გაძლიერდა და ბრახუნად იქცა. ცოტაც და კარები შემოიმტვრეოდა. ადგილზე გაყინულები შევცქეროდით კარებს.

საათზე მეტი გავიდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. ჩვენი შეშინება უნდა. ვნატრობ, რომ ჯესი არასდროს გამეცნო, რომ მექსიკაში მომკვდარიყო, ეს საშინელი ამბავი რომ არ მოეყოლა ჩემთვის…

კაკუნი არ წყდება, ხან იმატებს, ხან იკლებს, მაგრამ ვგრძნობ ჩვენი საათები დათვლილია. ვწუხვარ, რომ გაიძულეთ ეს ამბავი წაგეკითხათ,  მოგიყევით თეთრ სიკვდილზე, რადგან ახლა, როცა იცით მისი არსებობის შესახებ, ის მოვა თქვენთან…

 

must love dogs… and cats :)

ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კატები და ძაღლები. მე თვითონ დიდი, თეთრი, სპარსული კატა მყავს, რომელიც არის ძალიან ზარმაცი და დებილი 🙂 მაგრამ უზომოდ მიყვარს. ხანდახან კნავილიც კი ეზარება და მარტო პირს აღებს. სახლში მარტო მე ვუყვარვარ, სხვას არავის ეკარება. სანამ მე სახლში მოვალ საწოლშია შემძვრალი და სძინავს, მე რომ მოვდივარ მერე გამოდის და კუდში დამყვება.

კომპიუტერის მაგიდის უჯრაში უყვარს ჯდომა 🙂

ხოდა რაზე მოვაყოლე ეს ყველაფერი, ერთი ძაღლის ვიდეო მინდოდა მენახებინა. ოსკარი ქვია და ბოქსიორია. და კიდევ, საოცარი არტისტობით აყოლებს ხმას პოლიციის მანქანის სიგნალს.