ტეხასური ჰოლდემი

აზარტული თამაშების განსაკუთრებული მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, არც მაქვს გამოცდილება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 4 წლის წინ ბადრიმ შემიყვანა სათამაშო აპარატებში, სადაც ათი ლარი მოვიგეთ და მერე იმ ფულით ბანანის ღვეზელები ვიყიდეთ.

აი ბადრის კი ძალიან უყვარს ასეთი გასართობები, განსაკუთრებით პოკერის თამაში. ადრე, ძველ ტელეფონში იყო ჩატვირთული ტეხასური ჰოლდემი და როცა მელოდებოდა, ან გამოცდაზე ვიყავი შესული, ყოველთვის თამაშობდა და მე რა თქმა უნდა არაფერი მესმოდა უაზრო კომბინაციების.

დაახლოებით ერთი წელია უკეთესად გავიგე წესები და სხვას არაფერს ვაკეთებდი იმის გარდა, რომ ვუყურებდი თამაშს, მაგრამ ისევ არ მესმოდა ბოლომდე ყველაფერი. სამაგიეროდ ვხედავდი როგორ იგებდა 1 ლარიდან 140 ლარს. ხანდახან აგებდა კიდეც, მაგრამ 5 ლარზე მეტი არასდროს ჩაურთავს.

ახლა, ამ ბოლო დროს ჯერ ფეისბუქზე დავიწყე დავიწყე თამაში, უკვე იმდენჯერ მქონდა თამაში ნანახი, რომ აღარ გამჭირვებია, მერე პოკერსტარზე ტურნირებს შევყევი ვირტუალურ ფულზე და აღმოვაჩინე, რომ ფინალურ მაგიდაზე ადვილად გავდიოდი. ნელ-ნელა ყველაფერი გავიგე და ჩემი ტაქტიკაც ავირჩიე. ჯერჯერობით ვირტუალურ ფულზე ვთამაშობ.   ახლა უაზრო კომბინაციებად აღარ მეჩვენება, პირიქით, ძალიან შემყოლი და სახალისო თამაშია.

რა აღარ მინახავს ცხოვრებაში !?

ვინაიდან და რადგანაც ბლოგსფეროში სულ რამდენიმე ბლოგერს ვიცნობ და ისიც არა პირადად, ბუნებრივია არავინ მთაგავს ტეგ-თამაშებში, მაგრამ ალუკარდმა დაარღვია ეს ტენდენცია და აი ჩემი პირველი ტეგ-თამაშიც.

სიმართლე ითქვას, თუ თემამ არ დამაინტერესა, ვერ ავყვები ამ თამაშს, მაგრამ ამ შემთხვევაში დამაინტერესა, დაახლოებით მსგავსი პოსტი ადრე მაქვს დაწერილი, ოღონდ იმის შესახებ, რა არ მინახავს და გამიკეთებია არასდროს.

მაშ ასე:

მინახავს:

* ჯიბიდან როგორ მაცლის ტელეფონს სამარშტურო ტაქსში ჩემს გვერდით საეჭვოდ ახლოს მჯდარი სიმპათიური, ქერა ბიჭი.

* როგორ დაიწვა ჩემს ზედა სართულზე ბინა, საიდანაც მთელი ბავშვობა საეჭვო ხმები მესმოდა.

* ბანკის მოლარე-ოპერატორი გოგოს ირონიული ჩაცინება, როცა ელექტრონულ ბარათზე 25 დოლარი ჩავრიცხე.

* როგორ არწმუნებენ ჩემს შეყვარებულს, რომ მე სხვა ბიჭთან ერთად დამინახეს.

* როგორ ცემდა ჩემი მეზობლის კაცი თავის ცოლს, რომელიც გატეხილი თავით ჩვენთან მოვიდა დასამალად.

* სიზმარი, რომლის დასაწყისიც მგონია, რომ ნანახი მაქვს.

* ჩემს ეზოში მცხოვრები ქერა გრძელფეხება გოგო როგორ ჯდება ყოველ ღამე სხვადასხვა მანქანებში.

* ომის დროს გორის გზაზე უამრავი დალეწილი მინის ბოთლი, როცა უზარმაზარ კონტეინერს მანქანა დაეჯახა.

*  მე-5 კორპუსის კედელზე მიწერილი ფრაზა “შეგიყვან და გამოგიყვან, მაგრამ ცოლად არ მოგიყვან”

* გამწარებულმა ხალხმა ქვების სროლის როგორ გააგდო დაგვიანებით მოსული სასწრაფო, როცა ჩემი მეზობელი ბიჭი შუა ტროტუარზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა.

* ჩემი კლასის დამრიგებელმა და დირექტორმა ბანკეტზე როგორ დახოცეს ერთმანეთი, ორი წუთის მერე კი ხელიხელჩაკიდებულები შევიდნენ დარბაზში.

* თვალებში როგორ მიყურებს ადამიანი და თვალისდაუხამხამებლად  მეუბნება ტყუილს.

* ჩემი კატა როგორ ჭამს ცოცხს.

* რუსეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მდგარი წისქვილი, რომელიც ძალიან ჰგავდა მიტოვებულ სასახლეს საშინელებათა ფილმიდან.

* ზღვაზე პარაშუტით გადმომხტარი კაცი, რომელსაც გული გაუსკდა შიშით და რამდენიმე წუთი ჰაერში მკვდარი ეკიდა.

* სიგარეტის მოკიდებისას შემთხვევით ჩემმა მეგობარმა როგორ მოუკიდა ცეცხლი კუდზე თავის პატარა ტერიერს.

* “ოსტატი და მარგარიტას” მეათედ წაკითხვის მერე როგორ მყვება დილიდანვე ვარდის ზეთის სუნი.

* როგორ უთქვამთ ჩემთვის “მაგ ჯაგა-ჯუგებს როგორ უსმენ” როკის მისამართით.

* ჩემი მარცხენა ფეხი, რომელიც მთლიანად იყო დამწვარი, სისხლიანი და ძვლამდე დასული.

* საქართველო-ბულგარეთის თამაშზე სტადიონზე ჩვენს უკან მჯდარი ბიჭები, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ   “მოგი***ნთ  ბულგარული წიწაკები”

ჯანდაბა, მაინცდამაინც ისინი არ მინახავს, რაც მინდოდა 🙂

თამაში – მე არასდროს

წუხელ გამახსენდა ამერიკელების საყვარელი თამაში “მე არასდროს”. გადავწყვიტე ჩემს თავთან მეთამაშა და რომ დავფიქრდი, ბევრი რამ არ აღმოჩნდა ისეთი, რაც გაკეთებული არ მაქვს (არ ვგულისხმობ არარეალურ მოქმედებებს, როგორებიცაა ცაში ფრენა, ლომთან ძილი და ა.შ)

თამაშის წესი ასეთია, ვიღებთ სასმელს (არაყი, ლუდი, ა.შ) და თუ ის, რაც მე არასდროს გამიკეთებია, გაკეთებული გაქვთ, სვამთ ერთ ყლუპს.

დავიწყოთ:

არასდროს დამილევია მარგარიტა ან მარტინი

არასდროს მიტარებია მანქანა

არასდროს მიცეკვია ტანგო

არასდროს მიბანავია ღამე ზღვაში

არასდროს მინახავს კენგურუ

არასდროს ვყოფილვარ საზღვარგარეთ

არასდროს მყოლია ძაღლი

არასდროს გამიკეთებია ტოლმა ან საცივი

არასდროს მიჭამია ანანასი

არასდროს ჩამიცვამს ტყავის შარვალი

არასდროს ვწოლილვარ საავადმყოფოში

არასდროს დამიძახია დედაჩემისთვის სახელი

არასდროს მიკოცნია უცნობისთვის

არასდროს დამინახავს მოჩვენება

არასდროს შემშინებია თვითმფრინავით ფრენის

არასდროს წამირთმევია მეგობრისთვის შეყვარებული

არასდროს ვყოფილვარ რეგბის თამაშზე

არასდროს მითამაშია პოკერი

არასდროს შემიღებავს თმები ქერად

არასდროს მითამაშია ქაუნტერი

არასდროს მიტარებია მოტოციკლი

არასდროს კი არადა ბევრჯერ მითქვამს არასდროს

top 3 კომპიუტერული თამაში

ჩემი საყვარელი ჟანრია click-to-point ტიპის თამაშები. ძირითადად მისტიკური ან ფანტასტიკური ჟანრის, მაგრამ სიუჟეტი უნდა ჰქონდეს ძალიან საინტერესო, რომ ისტორიამ შემიყოლოს.

1.  the black mirror

the black mirror-ი არის დიდი სასახლე ინგლისში. მთავარი პერსონაჟია სამუელ გორდონი, რომელიც 11 წლის შემდეგ ჩადის ამ სასახლეში მისი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ და ცდილობს გაიგოს რა ხდება. ამის შემდეგ იწყება უცნაური მკვლელობები, სამუელს კი გონებაში ჩავარდნები აქვს. თამაშში არის ბევრი შთამბეჭდავი ლოკაცია, მათ შორის მორგი, რამდენიმე პატარა დასახლება, სასახლეები. სასახლე არის პორტალი კეთილსა და ბოროტს შორის. საბოლოო ჯამში მთავრდება ძალიან მოულოდნელად და სევდიანად. ერთი სიტყვით ამ ჟანრის მოყვარულებისთვის საუკეთესოა. გრაფიკა ფანტასტიურია.

2. syberia II

ალბათ პირველით უნდა დამეწყო, მაგრამ მეორე ჯობია, თუმცა პირველის გარეშე ამისი დაწყება არ ღირს, პირდაპირ, შინაარსობრივად გრძელდება. პირველ ნაწილში ამერიკელი კეიტ უოკერი ჩადის ძველ, მიტოვებულ დასახლებაში, სადაც მოსახლეობის მცირე ნაწილია დარჩენილი. მას სურს შეისყიდოს სათამაშოების მწარმოებელი ფაბრიკა. მთელი ქალაქი ავომატიზირებულია, ანუ ყველგან რობოტები დადიან. ფაბრიკის პატრონი, რომელსაც ხელი უნდა მოეწერა, მხვდება გარდაცვლილი და ვიწყებ მისი ძმის, ჰანსის ძიებას. ამაში ძალიან საყვარელი რობოტი, ოსკარი მეხმარება

მეორე ნაწილში ვპოულობ ჰანსს და მივყვები ეპიკურ მოგზაურობაში იდუმალებით მოცული კუნძულის, სიბერიის საპოვნელად, სადაც მამონტები ბინადრობენ.

მთელი ეს მოგზაურობა ულამაზესი ადგილებია, სულ თოვს, ვხვდებით ყინულები აშენებულ ქალაქში,  სხვადასხვა სოფლებში, გემზე, თან დამყვება პატარა თეთრი ძაღლი (ძილის დროს სასაცილოდ ხვრინავს), მოკლედ ბევრს ვიწვალებ თუ ცოტას, ყინულებში ულამაზეს, მწვანე სიბერიას აღმოვაჩენ.

დიდი თამაშია, გრაფიკაც ძალიან კარგი, კარგი გასართობია.

3. dire grove

big fish-ის საუკეთესო თამაშია, რაღაცით ბლერის ალქაჯს წააგავს, ოთხი სტუდენტი მიდის ქალაქში და იკარგება უგზო უკვლოდ, მე დეტექტივი ვარ და ვიძიებ მათ ამბავს, თან გზა და გზა კასეტებს ვპოულობ და ვხედავ, რა ხდებოდა სინამდვილეში. საინტერესო და კარგი თამაშია. გირჩევთ ყველას.