ეშმაკისეული თოჯინა

ლუსი ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, გრძელი, ქერა თმები და დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა. სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა, თითქოს ამ ქვეყანას არც მიეკუთვნებოდა.

იმ დღეს ათი წელი შეუსრულდა. დილით ლამაზ კაბაში გამოეწყო და დაბლა ჩავიდა, სადაც დედამისი სამზარეულოში ტრიალებდა და ნამცხვარს აცხობდა.

– ლუსი, დილით შენთვის საჩუქარი მოვიდა, ვიღაცას შენი დაბადების დღე გაახსენდა – უთხრა დედამ  და პატარა ამანათისკენ ანიშნა. გახარებულმა ლუსიმ  სწრაფად შემოხსნა ქაღალდი და ყუთიდან თოჯინა ამოიღო.

ეს იყო ყველაზე საშინელი და საძაგელი თოჯინა, რომელიც ოდესმე ენახა. ჭუჭყიანი და ამძვრალი სახის კანით, თავზე თმების ნასახიც აღარ შერჩენოდა. ყველაზე საშინელი კი კბილები იყო  –  გრძელი, წვეტიანი და მახვილი.

ლუსის მისი თავიდან მოშორება უნდოდა, მაგრამ დედამ სასტიკი უარი განუცხადა და უთხრა, რომ ეს საჩუქარი იყო და მისი გადაგდება არ შეიძლებოდა. მაშინ ის კიბის ქვეშ მიაგდო და აღარც გახსენებია.

ერთ ღამეს, როცა დასაძინებლად დაწვა,  დაბლიდან უცნაური ხმაური შემოესმა, თითქოს ვიღაც ჩუმად ეძახდა. ცოტა ხანში სიტყვებიც გაარჩია.

“ლუსი, მე უკვე პირველ კიბეზე ვარ”  ჩაესმა ხრინწიანი  ხმა და შეშინებული საწოლში მოიბუზა.

მეორე დღეს დედას სთხოვა ეს თოჯინა თავიდან მოეშორებინათ, მაგრამ ისევ უარი მიიღო.  საძაგელი თოჯინა იგივე ადგილზე იდო, სადაც დატოვა.

მეორე ღამეს საშინელი კოშმარები აწუხებდა. უცნობი კაცი დაესიზმრა, რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა. “მანდ ცხოვრების უფლება არ გაქვს” უთხრა კაცმა და თვალები ცეცხლისფრად აენთო. ოფლში გაწურულს გამოეღვიძა.

“ლუუუსი, მე უკვე მეოთხე კიბეზე ვარ” გაიგონა დამცინავი ხმა და კიბეზე ხმაური მოესმა.

რა თქმა უნდა ეს ამბავიც არავინ დაუჯერა, სკოლაში დასცინეს, დედა კი ეჩხუბა ასეთ ისტორიებს ნუ იგონებდა და აუკრძალა ამაზე ლაპარაკი.

იმ ღამით ლუსიმ გადაწყვიტა საძინებლის კარები დაეკეტა. დედას სთხოვა, რომ ღამით მასთან შუქი ანთებული დაეტოვებინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გამოუცხადა სინათლე შეაწუხებდა და ჩაუქრო.

როცა დედა დაწვა, ფანჯარასთან მივიდა, რომ ფარდები გადაეწია და სინათლე შემოეშვა ოთახში. სწორედ ამ დროს გაიგონე ნაცნობი ხმა:

“ლუსი, მე უკვე ბოლო კიბეზე ვარ…”

ლუსი მობრუნდა და დაინახა როგორ გაიღო საძინებლის კარი ძალიან, ძალიან ნელა…

მეორე დღეს მისი გვამი კიბეებთან იპოვნეს. თოჯინაც მის გვერდით ეგდო. ეს ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს.

“ეს თოჯინა ძალიან უყვარდა” თქვა დედამ “ახლა მათ სამუდამოდ შეუძლიათ ერთად იყვნენ”

პ.ს  თოჯინების შიში საკმაოდ გავრცელებული ფობიაა და პედიოფობია ჰქვია.

საშიში ისტორიები

რამდენიმე ისტორია და ლეგენდა ამერიკული ფოლკლორიდან:

მკვდრების არმია 

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მრეცხავი ქალი და მისი ქმარი ერთ წყნარ და ნაკლებად დასახლებულ ქუჩაზე გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მრეცხავს ყოველ ღამე უცნაური ხმები აღვიძებდა – თითქოს ქუჩაში ფეხის ხმა და ბორბლების ღრჭიალი ისმოდა. გამომდინარე იქიდან, რომ აქ დღეც არავინ დადიოდა, ეს საშინელი მარში ყოველ ღამე ქალს ძალიან აშინებდა. ფანჯრიდან გადახედვის უფლებას კი ქმარი არ აძლევდა.

ერთხელაც ქალმა თავის მეზობელს ჰკითხა ამ ხმაურის შესახებ. მან უპასუხა:

– შენ რაც გესმის, ეს მკვდრების არმიაა. ეს იმ ჯარისკაცების სულებია, რომლებიც ჰოსპიტალში ისე დაიღუპნენ, რომ არც გაუგიათ ომის დასრულების შესახებ. სწორედ ამიტომ ყოველ ღამე ისინი საფლავიდან დგებიან და ფრონტის გასამაგრებლად მიდიან.

მეორე ღამეს მრეცხავმა არ დაიძინა და ფანჯრიდან გაიხედა. შიშით დამუნჯდა, როცა დაინახა ნაცრისფერი ლანდები, რომლებიც ერთდროულად მიაბიჯებდნენ ქუჩაში. მათ მიყვებოდა ეტლები და სამედიცინო დახმარების ვაგონები. ყველაფერს ნაცრისფერი დაკრავდა.

როცა მრეცხავი გონზე მოვიდა, მისი მარჯვენა ხელი პარალიზებული იყო.

ცეკვა ეშმაკთან 

დღეს საღამოს სკოლის გამოსაშვები საღამო იმართებოდა. ამ საღამოსთვის ულამაზესი წითელი კაბა იყიდა,  რომელშიც ფანტასტიურად გამოიყურებოდა. სკოლაში არასდროს ყოფილა განსაკუთრებით პოპულარული, პირიქით, ბიჭებთან უხერხულად გრძნობდა ხოლმე თავს, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო, ამ კაბაში მისი საღამო დგებოდა.

ის იყო სახლიდან გასვლას აპირებდა, რომ სახლში დედა მოვიდა, ფერდაკარგული და ცუდ ხასიათზე.

” დღეს საღამოს ცეკვაზე არ წახვალ, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, სასტიკად გიკრძალავ”

უთხრა შვილს და სამზარეულოში შევიდა. არ შეეძლო არ წასულიყო, კაბა თითქოს თავისკენ უხმობდა.

თავის ოთახში ავიდა, თითქოს დაუჯერა დედას, მაგრამ რამდენიმე წუთში ჩუმად ჩამოიპარა და სკოლისკენ გაიქცა.

დარბაზში შევიდა თუ არა, ყველას ყურადღება მიიქცია, ბიჭები გაჩერდნენ და მიშტერებოდნენ. ეს უცნაური იყო, რადგან როგორც წესი ყურადღებას არავინ აქცევდა, ახლა კი მასთან ცეკვის გულისთვის ერთმანეთთან ჩხუბობდნენ.

მთელი საღამო ცეკვავდა, ბოლოს დაღლილი პუნშის დასალევად მივიდა მაგიდასთან. უკნიდან ხმა მოესმა:

“იცეკვე ჩემთან ერთად”

მუსიკა გაჩერდა, ლაპარაკი შეწყდა, ყველა მათ უყურებდა.

ნელა მობრუნდა. მაღალი, ძალიან სიმპათიური, შავგვრემანი მამაკაცი ღიმილით ხელს უწვდიდა. მისით მოხიბლულმა თავი დაუქნია და საცეკვაო მოედანზე გაყვა.

ამ კაცთან ისე ცეკვავდა, როგორც არასდროს. თავბრუ დაეხვა. უცნობი ატრიალებდა გიჟური სისწრაფით, ფეხებზე თითქოს ცეცხლი წაეკიდა, ტრიალებდა და ტრიალებდა, იგრძნო, რომ სუნთქვა თანდათან ეკვრებოდა, გაჩერებას ვერ ახერხებდა და ისევ ტრიალებდა.

ბოლოს მტვერი ავარდა და როცა ერთმანეთი ისევ დაინახეს, ის აღარსად იყო. კაცმა ელეგანტურად დაუკრა თავი საზოგადოებას და გაქრა.

ეშმაკი მოვიდა თავის წვეულებაზე და მისი რჩეული ჯოჯოხეთში წაიყვანა.

მატარებელი ჯოჯოხეთისკენ 

მატარებლის სადგურზე ბევრი ხალხი ირეოდა. ღამის ექსპრესი ზუსტად 12 საათზე და 05 წუთზე უნდა მოსულიყო. მგზავრები ბილეთებს იღებდნენ და მატარებლის მოსვლამდე სადგურის კაფეში ყავას სვამდნენ.

სადგურზე ერთი მოხუცი კაცი გამოჩნდა. თვალები  არეული ჰქონდა, გიჟივით იყურებოდა აქეთ–იქით. მოლარესთან მივიდა.

“ის მოდის, ის მოდის” იმეორებდა განუწყვეტლივ.

“რა მოდის?” ჰკითხა მოლარემ.

“მატარებელი ჯოჯოხეთისკენ… საშინელება ჩავიდინე… ახლა კი ამისთვის დავისჯები… ის ჩემთვის მოდის”

მოლარეს ყურადღება არ მიუქცევია, ასეთი ადრეც ბევრი უნახავს, მშვიდად განაგრძო ბილეთების გაცემა.

მოულოდნელად ლიანდაგებიდან მატარებლის ხმა მოისმა. გაკვირვებულმა ახედა საათს. მატარებელი 12:05 ზე უნდა ჩამომდგარიყო, ახლა კი მხოლოდ 12 იყო. ექსპრესი არასდროს აგვიანებდა, მაგრამ არც ადრე მოდიოდა.

მოხუცმა კაცმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა. ხმა უფრო ძლიერდებოდა, მატარებლით გამოწვეულმა ქარმა და საყვირების ხმამ დაარწმუნა ყველა, რომ ექსპრესი ადრე მოვიდა, მაგრამ სადგურზე არაფერი ჩანდა.

უხილავი მატარებელი რამდენიმე წუთით გაჩერდა. კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ რაღაც ძალამ ის ლიანდაგებისკენ წაიყვანა და ისე გაქრა, თითქოს ვაგონში ავიდა. უხილავი ექსპრესი დაიძრა და ყურისწამღები ხმაურით წავიდა.

“ღმერთო, მართალი ყოფილა, ექსპრესი ჯოჯოხეთისკენ მართლაც მისი სულისთვის მოვიდა” ჩაილაპარაკა გაოგნებულმა მოლარემ.

ეშმაკი ლიფტში

არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ისტორია ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, რომელიც ერთ–ერთმა კოლეჯის სტუდენტმა გოგომ გამოაქვეყნა ინტერნეტში.

“იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე. უცნაური იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო რეალობასთან. ყველაფერს, რასაც იქ ვხედავდი და ვგრძნობდი, რეალურად განვიცდიდი. ჩემი მეგობრის წვეულებაზე ვიყავი. შენობა ბევრი ხალხით იყო სავსე. ყველანი სვამდნენ და მხიარულობდნენ, მეც მათ შორის.

მოულოდნელად კარები გაიღო და ყველა გაჩუმდა. კარებში მაღალი, ქერა მამაკაცი გამოჩნდა. უგრძნობი სახე და გაყინული თვალები ჰქონდა. ნელა მოდიოდა. არავის არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იქ მყოფმა ყველა ადამიანმა ვიცოდით, რომ ეს ეშმაკი იყო.

მამაკაცმა ნელი ნაბიჯებით ჩაგვიარა შუაში. ჩვენ ფერდაკარგულები და დამუნჯებულები ვუყურებდით. მისი ცივი თვალების გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ნელა ავწიე თავი და დავინახე რომ მე მიყურებდა – ის ჩემთვის მოვიდა, ჩემს წასაყვანად.

ყვირილით გამეღვიძა. ჯუდი, ჩემი მეზობელი შეშინებული მანჯღრევდა, როგორმე რომ გავეღვიძებინე.

ყველაფერი ძილის წინ ნანახ საშინელებათა ფილმს დავაბრალე. თანაც ხვალ  ჩემი მეგობრის წვეულება იყო სასტუმროში და ვიფიქრე, სიზმარში ჩამყვა–თქო.

მეორე დღეს წვეულებაზე უკვე აღარც მახსოვდა სიზმარი, ჩემს კურსელებთან ერთად მხიარულად ვერთობოდი და ვსვამდი. მდიდრულ სასტუმროში, განათებულ დარბაზში არაფრის არ მეშინოდა.

– კეიტ– მითხრა ჯუდიმ – დაბლა ვიღაც გელოდება, შესასვლელში, მგონი მამაშენია, კარგად ვერ დავინახე.

გამახსენდა, რომ მამაჩემისთვის სახლის გასაღები არ დამიტოვებია და ალბათ ამიტომ მომაკითხა. ლიფტთან მივედი და ღილაკს თითი მივაჭირე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და შევედი.

შესვლისთანავე უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მარტო არ ვიყავი, არადა ლიფტი ცარიელი იყო, როცა შევედი. უკან მივიხედე და ლამის ვიკივლე.

მაღალი, ქერა მამაკაცი ჩემი სიზმრიდან, გაყინული თვალებით, ძვირფას კოსტუმში გამოწყობილი უმოძრაოდ იდგა და მიყურებდა. სუნთქვა შევიკარი. ვცადე ჩემი თავი დამემშვიდებინა.

ვიფიქრე, იქნებ უბრალო დამთხვევაა და ეს კაცი სულაც არაა სატანა. მოულოდნელად შუქმა დაიწია და აციმციმდა. ლიფტი გაჩერდა. თვალები დავხუჭე, რომ ჩემი მოსალოდნელი სიკვდილი არ დამენახა.  ვიგრძენი, როგორ შემეხო მხარზე ცივი ხელი და გაუგებარი ჩურჩულიც მომესმა.

შუქი ისევ მოვიდა და ლიფტის კარები გაიღო, ეტყობა ვიღაცამ გამოიძახა. დაუფიქრებლად გამოვვარდი ლიფტიდან და დავინახე, ქერა გოგო როგორ შევიდა ლიფტში. ბევრი აღარ მიფიქრია, კიბეებს სირბილით ავუყევი.

შუქები უკვე მთელს შენობაში გაითიშა და პანიკა ატყდა.  დაცვის წევრები აქეთ–იქით დარბოდნენ, გარეთ პოლიციის მანქანები გამოჩნდა. რამდენიმე წუთში შუქი უკვე საბოლოოდ მოვიდა, მაგრამ ახლა დაბლა ატყდა კივილი. გაღებული ლიფტიდან სისხლის ნაკადები მოდიოდა. ქერა გოგო გაუნძრევლად ეგდო.

დაცვის წევრებმა ლიფტში დაყენებულ კამერაზე დაინახეს მე როგორ გამოვვარდი ლიფტიდან და როგორ შევიდა ის გოგო, მაგრამ ჩვენს მეტი იქ არავინ ჩანდა.

არ ვიცი რატომ გადაიფიქრა სატანამ ჩემი წაყვანა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – ის ჩემთან აუცილებლად მოვა.”

best villains ever !!! hot top ten!

როგორც წესი ასეთი ტენდენცია მაქვს, რომ ბოროტ პერსონაჟების მიმართ უფრო დიდი სიმპათიით ვიმსჭვალები, ვიდრე კეთილების.

ტოპ ათეული ყველაზე ბოროტი, ყველაზე დაუნდობელი, მაგრამ მაინც ადამიანური გრძნობების მქონე პერსონაჟების ფანტასტიკური და მისტიკური ტელეშოუებიდან.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიალებიდან ყველას  ყველა სეზონი მაქვს ნანახი (მათ შორის სმოლვილის 9–ვე)

10. Reaper – the satan

შოუდან Reaper, სადაც სემი თავისი 21 წლის თავზე აღმოაჩენს, რომ მისი სული სატანას აქვს ნაყიდი და ახლა მის ბრძანებებს უნდა დაემორჩილოს. სატანა ყოველდღე ეცხადება მას და დავალებებს აძლევს. მან უკან უნდა დააბრუნოს ჯოჯოხეთიდან გამოქცეული ბოროტი სულები. სემს და მის მეგობრებს უამრავი თავგადასავალი გადახდებათ.

სერიალი არის კომედიური ჟანრის ფანტასტიკა, ამიტომ  ეშმაკიც ძალიან სასაცილოდ ბოროტია. მის როლს ასრულებს Ray Wise.

 

 

9. FlashForward – Simon Campos

ძალიან მაღალი ხარისხის და ბიუჯეტის ფანტასტიკური სერიალი, რომელიც სამწუხაროდ ერთ სეზონზე გაჩერდა. ერთ დღეს მთელი მსოფლიო 2 წუთით და 17 წამით გაითიშება და ისინი ნახავენ მომავალს. გონზე მოსვლის მერე ფედერალური ბიურო იწყებს გამოძიებას. უამრავი მსხვერპლია. ისინი კამერაზე ნახავენ, რომ დეტროიტში, სტადიონზე, სადაც ყველა გაითიშა, ერთი ადამიანი შავ პალტოში დგება და სტადიონიდან გადის. მთავარი გმირი, FBI-ს აგენტი იძიებს ამ საქმეს, რადგან მან მომავალში ნახა, რომ მას თავის ოფისში, ამ საქმის გამოძიების დროს კლავენ, და უნდა თავიდან აიცილოს.

დომინიკ მონეჰენის პერსონაჟი სწორედ ის მამაკაცია სტადიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოროტი არ არის, სწორედ მან მოაწყო ექსპერიმენტი, რომელმაც მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანა.

8.  Supernatural – Lucifer

სერიალიდან ზებუნებრივი, ძმებ ვინჩესტერებზე, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ებრძვიან. სერიალში ბევრი ბოროტი პერსონაჟია, მაგრამ ლუციფერი, რომელსაც სემი სხეული უნდა, განსაკუთრებით გამორჩეულია.მაღალი, ქერა, დაღლილი გამომეტყველებით და შემპარავი თვალებით.

მარკ პელეგრინოს პერსონაჟი, მთავარი ბოროტი ძალა ლუციფერი სამყაროს განადგურებას უპირებს, მაგრამ ძმები მის შეჩერებას მოახერხებენ.

7. lost – Ben Linus

ცნობილი სერიალიდან დაკარგულები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდება და 48 გადარჩენილი ცდილობს თავი დააღწიოს დაწყევლილ კუნძულს.

მაიკლს ემერსონის პერსონაჟი ძალიან, ძალიან დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. მესამე სეზონიდან ის მთავარი ბოროტი ხდება კუნძულზე მყოფთათვის.

მაიკლს ამ როლისთვის სამგზის ემის ნომინანტი და ერთი ჯილდოს მფლობელია. ასევე ინტერნეტ გამოკითხვებში სახელდება, როგორც საუკეთესო villain–ი ტელე შოუებში.

თუმცა არც ის არის მთლად ბოროტი და სერიალში, მის ფლეშ ბექებში ჩანს ბენის ნამდვილი ცხოვრება და ხასიათი.

6. smallville – lex luthor

სერიალი სმოლვილი და მისი ცნობილი პერონაჟი, ლექს ლუთერი. ახალგაზრდა სუპერმენი, კლარკ კენტი შემთხვევით გადაარჩენს მდიდარ ბიზნესმენ, ლექს ლუთერს და სწორედ აქედან იწყება მთელი ისტორია. კლარკი და ლექსი მეგობრდებიან, თუმცა მათ ერთ ქალის სიყვარული ხელს უშლით. ლექსი თავისი მამის, ლიონელის ზემოქმედების ქვეშაა მოქცეული და მის შავ გეგმებში იღებს მონაწილობას.

კლარკი ერიდება მას გააგებინოს თავისი საიდუმლო, რადგან არ იცის როგორ მოიქცევა იმპულსური ლექსი.

მაიკლ როსენბაუმი გადახოტრილი თავით საინტერესო სახეს ქმნის სერიალისთვის.

5. legend of the seeker – Darken Rahl

სერიალიდან ლეგენდა მაძიებელზე, სადაც მაძიებელი, ჯადოქარი და confessor-ი მოგზაურობენ დარკენ რაალის დასამარცხებლად. დარკენი სამყაროს განაგებს, მას ლორდის ტიტული აქვს და სურს ყველა და ყველაფერი მას ემორჩილებოდეს. კრეიგ პარკერი ბოროტი და ძლიერი პერსონაჟის სახეს ქმნის, რომელსაც ადამიანური სისუსტეები არ ახასიათებს და დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს ცდილობს.

დარკენი განაგებს დეჰარის მიწებს. დიქტატორია, რომელიც არავის იბრალებს. არ იცის რა არის სიყვარული, ქალებს მარტო ვნებების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

დარკენს მაძიებლის მოკვლა სურს, რადგან წინასწარმეტყველებაში წერია, რომ რიჩარდ საიფერი მას მოკლავს.

4.   The Vampire Diaries – Damon Salvatore

სერიალიდან ვამპირის დღიურები. ძმებ სალავტორებზე, რომლებიც ვამპირები არიან და საცხოვრებლად მისტიკფოლში ბრუნდებიან. იქ ისინი შეხვდებიან ელენას, რომელიც მათი ძველი ნაცნობის, კეტრინის სრული ასლია. სასიყვარულო სამკუთხედი და უამრავი თავგადასავალი.

იან ზომერჰელდერი – ყველაზე სექსუალური ვამპირი. დამცინავი, მწარე ენის მქონდე და ირონიული. მისთვის სენტიმენტები უცხოა. იანი ძირითადად პირველ სეზონში იყო ბოროტი გმირი, მეორე სეზონში ეხმარება თავის ძმას ელენას დაცვაში. ძალიან სახასიათო და სასაცილო პერსონაჟია ბოროტი იუმორით.

3. true blood – Eric Northman

სერიალიდან ნამდვილი სისხლი. ერიკი არის დაახლოებით 1000 წლის ვამპირი, ლუიზიანას შტატის შერიფი. პირველ სეზონში ერიკი მთავარი გმირის, სუკის შესაძლებლობების შესახებ იგებს, რომ მას ადამიანის აზრების წაკითხვა შეუძლია და ცდილობს ეს თავის სასიკეთოდ გამოყენოს. მას სუკის შეყვარებული, ვამპირი ბილი უშლის ხელს.

მეორე სეზონში აღმოჩნდება, რომ ერიკი სუკიზეა შეყვარებული, მაგრამ ამას თავის თავსაც არ უმხელს. ალექსანდრე სკარსგარდის პერსონაჟი ძალიან დამცინავი, ირონიული და უგრძნობია, მაგრამ ეს მხოლო ზედაპირულად. მეორე სეზონში ბილთან ერთად ცდილობს სუკის თაცვას და ამისთვის თავის 1000 წლიან სიცოცხლესაც აყენებს საფრთხეში.

2. buffy the vampire slayer – spike

ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი სერიალი. ამ სერიალზე უკვე ვილაპარაკე ამ პოსტში. სამ სეზონში სპაიკი წარმოადგენს მთავარ ბოროტ ძალას, რომელსაც ბაფი და ანჯელი ებრძვიან. სპაიკი დიდი წლოვანების და ძლიერი ვამპირია. ის და ანჯელი ადრე მეგობრები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი მტრები არიან. სპაიკი სისხლის მოყვარული დაუნდობელი მკვლელია, განსაკუთრებით კი slayer-ებს ვერ იტანს და უვკე რამდენიმე თაობის დახოცილი ჰყავს. როცა შეხვდება ბაფის, მის მიმართ სიძულვილი გაუორმაგდება.

სპაიკი ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ ბაფი თავიდან მოიშოროს, ჯიუტი და სასაცილო სლეიერი ყოველთვის ხელს უშლის. იმდენად დიდი ზიზღი და სიძულვილი აქვს მის მიმართ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულში გადაეზრდება.

შეუყვარდება იმდენად, რომ სულ სხვა ადამიანი გახდება. ბაფის გულისთვის სიცოცხლესაც დათმობს. მეოთხე სეზონიდან სპაიკი მათ ეხმარებათ.

ჯეიმს მასტერსმა დაუვიწყარი სახე შექმნა. ამერიკელები დღემდე გიჟდებიან სპაიკზე. ბრიტანული აქცენტი, დიდი იუმორი და მწარე ენა. თვითონ მსახიობი საუბრობდა, რომ ეს როლი მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესოა, რადგან საშუალება მიეცა სპაიკის რამდენიმე სახე გამოეჩინა – ბოროტი, დაუნდობელი მკვლელიდან ტრანსფორმაცია შეყვარებულ კაცამდე.

1. heroes – syler

და რა თქმა უნდა პირველ ადგილზე ჩემი უსაყვარლესი, უბოროტესი და უvillain-ესი საილერი. ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს, იცის, რომ ამ კაცზე ჭკუა მეკეტება.

სერიალიდან გმირები, სადაც საილერი, იგივე გაბრიელ გრეი, ოთხივე სეზონში მთავარი ბოროტი პერსონაჟია, რომელსაც უამრავი შესაძლებლობა აქვს. ამ შესაძლებლობებს ადამიანების მკვლელობით იღებს და მათ თავის ქალას უჭრის.

შესაძლებლობები : ტელეკინეზი,  ნივთების მოძრაობა, ხელებიდან ცეცხლების გამოშვება 🙂 ტელეპორტაცია, გაყინვა, უნიკალური მეხსიერება, სმენა დიდ მანძილზე და კიდევ მრავალი.

სამი სეზონი საილერი მთავარ გმირებს დასდევს მოსაკლავად, რადგან მათი თვისებები თვითონ მიითვისოს, მეოთხე სეზონში კი მის სხეულში სხვის გონებას და აზრებს მოათავსებენ და იდენტიფიკაციის კრიზისით იტანჯება.

ერთადერთი მსახიობია ზაქარი კინტო, რომელზეც ასე ვარ შეყვარებული და თან უიმედოდ 😦

გარიგება ეშმაკთან- ჯადოსნური პულტი 4 მომავალში

ვარსკვლავები ნელ–ნელა გაიფანტა და ცოტა აზრზეც მოვედი. როგორც იქნა მივიხედ-მოვიხედე და თვალები კინაღამ ბუდიდან გადმომცვივდა. თავზე ვერცხლისფერი ადამიანის ზომის რობოტი მადგა აწეული მუშტით და კიდევ მიმიზნებდა თავში. წამოვხტი და გვერდით გავვარდი, თორემ დროებში კი არა საიქიოში გამისტუმრებდა იმხელა რკინის მეორედ მოქნეული მუშტი.

საბოლოოდ გამოვიხედე თვალებიდან. ჩემს ირგვლივ სრულიად სხვა სამყარო გადაიშალა, სამყარო სადაც მანქანები თუ რაღაც მსგავსი რკინის ვაგონები დაქროდნენ. უზარმაზარი შენობები აღმართულიყვნენ აქეთ- იქით. თითქოს კომპიუტერულ თამაშში მოვხვდი.

– ვინაა ეს გოიმი? ან ეს ორი საუკუნის წინანდელი ჯინსი რატომ აცვია? ასეთი ტანსაცმლით ნანგრევებში იპოვეს ჩონჩხი. შენ რა პირველყოფილი ხანიდან გადმოხვედი? – თავს ნამდვილი ადამიანი დამადგა და გაკვირვებით ამათვალიერა.

– დასწიე მუშტი ვერ ხედავ თავისი გაჭირვება ყოფნის, რას ჰგავს? -უთხრა რობოტს.

– უცხო პირი უცხო პირი – ჩაიხვია  რკინის უჭკუო მანქანამ და უკან დაიხია.

დაკვირვებით შევხედე ადამიანს მომავლიდან. გოგო იყო ახალგაზრდა. ისეთი კომბინიზონი ეცვა როგორიც კინოებში აცვიათ ხოლმე, მომავლის კინოებში.

უცებ ხელი მომკიდა და რაღაც დიდ ფერად რკინაზე შემაყენა. ირგვლივ ყველაფერი აირია და რამდენიმე წამში დაიწმინდა.

– პაპუასი მოვიყვანე- თქვა უემოციოდ და ხელი გამიშვა.

ჩემს წინ სკამზე, რომელიც სამეფო სავარძელს გავდა გრძელმოსასხამიანი კაცი იჯდა.

– მე წარსულიდან ვარ- დავასწარი სანამ რამეს იტყოდა.

– მე კიდევ ჰატლერი ვარ. თუ რა ერქვა? ჰიტლერი- ჩაიცინა.

– ჰიტლერი მოკვდა.

– რას ლაპარაკობ?- გაიკვირვა ყალბად- გაარკვიეთ რანაირად მოხვდა ჩვენს დროში ეს მათხოვარი- ბრძანა მკაცრი ხმით და ავისმომასწავებელი ხმაც გაისმა. ჩემს უკან რამდენიმე რობოტი მოაბიჯებდა.

სასწრაფოდ დავაძრე პულტი და ღილაკს დავაჭირე. იმოქმედა. თავში არაფერი მომხვედრია მაგრამ თვალები რომ გავახილე უარესი საშიშროება წარმოიქმნა. სიხარულისგან კინაღამ გული გამისკდა.ისევ ჩემს მანქანასთან ვიდექი და ხელში ეს წყეული პულტი მეჭირა.

– მოგეწონა საჩუქარი ბიჭუნა?- მოხუცი  ჯოხს დაყრდნობოდა და ეშმაკურად მიყურებდა.

– წაიღე უკან. არ მჭირდება- ხელში ჩავუდე.

– ესაა იმის საჩუქარი ვინც ზედმეტს მოინდომებს – ჩამესმა ყურში მოხუცის გესლიანი ქირქილი.

დასასრული

by qameleoni555


გარიგება ეშმაკთან – ჯადოსნური პულტი (II) სტუმრად მაძიებელთან

გაურკვეველმა ხმაურმა გამომაღვიძა. გონს რომ მოვედი გაქანებულ ბრძოლის ველზე ვიყავი არხეინად წამოწოლილი. ხმლიანი და ცხენიანი კაცები ერთმანეთს ხოცავდნენ. საცოდავად მოვიბუზე. ხმალი ცხოვრებაში არ მჭერია ხელში, ფარიკაობაზე მაინც მევლო.

– ნუ გეშინია, მე გადაგარჩენ – მომვარდა ახალგაზრდა ბიჭი და ცხენზე შემომისვა, მერე მათრახი გადაჰკრა და სადღაც გააჭენა. ისევ დავკარგე გონება.

თვალები რომ გავახილე, ქვით ნაშენ სახლში ვიყავი. ის ახალგაზრდა ბიჭიც იქვე იყო, მას ერთი მოხუცი შემატებოდა, მაღალი და თეთრი თმებით.

– ვინ ხართ? – ამოვილუღლუღე და იქაურობა მოავათვალიერე.

– მე მაძიებელი ვარ – მითხრა ბიჭმა ამაყად და ხმალი ამოიღო – ეს კი ჭეშმარიტების მახვილია.

– სასიამოვნოა – წამოვდექი და ბიჭსაც და ხმალსაც თავი დავუკარი – ბევრი რამე მსმენია თქვენზე, სერიალიც მინახავს მაძიებელზე, ოღონდ იქ უფრო დაბალი და სასაცილო ხართ…

გაკვირვებულები მიყურებენ. რა იციან რა არის სერიალი. ან ჩვენ რომ ვიცით რა ხეირი?

ჯადოქარი ინტერესით მიყურებს. მეშინია. ოღონდ ბაყაყად არ გადამაქციოს, ვერ ვიტან ბაყაყებს.

– სულ მაინტერესებს და ვერ გამიგია, რას ეძებ, რა დაგიკარგავს ასეთი, რომ ვერ გიპოვნია შე კაი კაცო?

მაძიებელი იბნევა.

– მე… მე სიმართლეს ვეძებ… ალბათ… – ეჭვით უყურებს ჯადოქარს.

– ჩვენი სამყარო ბოროტმა ძალებმა ჩაიგდეს ხელში, უნდა ვიპოვნო გზა, რომ გავათავისუფლო.

– აა, ბოროტი ძალები – თავს ვუქნევ – კი…

გვერდზე ვიყურები და შიშით ვხტები. გვერდზე ლომი მიზის და არაფრისმთქმელი სახით მიყურებს.

– ნუ გეშინია – მეუბნება – წეღან ორი მეომარი შევჭამე, შენთვის ადგილი აღარ მაქვს.

ვმშვიდდები.

– შენ ვინ ხარ? – როგორც იქნა ინტერესდებიან ჩემი ვინაობით.

– მე მომვალიდან ვარ – თავს ვიწონებ – სერიალი როგორ მთავრდება არ მახსოვს არ ვიცი, მაგრამ მგონი გაიმარჯვებ და დაიხსნი მსოფლიოს.

მაძიებელს უხარია და ცქმუტავს.

– ასეც ვიცოდი. ჭეშმარიტების მახვილი არ მიღალატებს.

ხმალს იღებს და კოცნის. აშკარად შეყვარებულია.

კარებს ბოროტი მეომრები გვიმტვრევენ.

– უნდა გავიქცეთ – ყვირის მაძიებელი –  სასწრაფოდ.

– კი, კი, უნდა გავიქცეთ – მშვიდად ვეთანხმები და ადგილიდან არ ვინძრევი. მშვიდად ვიღებ პულტს და მესამე ღილაკს ვაპირებ დავაჭირო, რომ ლომი მართმევს და შეჭმას უპირებს.

– ხომ მითხარი ნაჭამი ვარო – ვყვირი და ვეჯაჯგურები.

– მინდააა… – ღმუის ლომი. კბილებიდან ვაცლი, მესამე ღილაკს ვაჭერ და მორჩილად ველოდები როდის ჩამარტყავენ თავში.

გაგრძელება იქნება