Another B-day party

როგორც შეატყობდით ძალიან მიყვარს ბი დეი ფართები, იგივე დაბადების დღის საპატივცემულოდ გამართული დღესასწაულები. ამჯერად სუპერ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიხდა ამ წვეულებაზე წასვლა, სადაც სხვათაშორის წინა წელსაც ვიყავი.

ექსტრემალური იმიტომ რომ, თვის ბოლოს მე და ბადრიმ საცხოვრებელი სახლში შევიცვალეთ, ამაზე უკვე სხვა პოსტში, მაგრამ მთლიანად გამტვერილი და უაზროდ დაღლილი ვალაგებდი ნივთებს, პლიუს სახლში ხელოსანი, რომელიც გვიანობამდე არ გეგმავდა წასვლას, უამრავი და საშინელი ნაკაწრები და დალურჯებები მთელს სხეულზე (რამის მოძებნა რომ მჭირდებოდა, ოთახებში აღმართულ ბარიერებში უნდა მევლო) ასე რომ როცა 7 საათი გახდა, უკვე წასვლის იმედიც აღარ მქონდა.

7ზე ხელოსანმა გამოაცხადა მოვრჩიო, ბადრიც მოვიდა და გადაწყვიტეთ კიდეც წასვლა. დავივიწყე ჩემი დაღლილობა და შევეცადე მაქსიმალურად კარგი დრო მეტარებინა.

გავიხსენე ძველი ჩვეულებანი.

ჰო კიდევ, უკვე მეშვიდე თვეში ვარ, მაგრამ ისეთი პატარა მუცელი მაქვს, რომ ხშირად მავიწყდება კიდეც, საღამოს განმავლობაში ცეკვის დროს  რამდენჯერმე გამაფრთხილეს ნუ ხტუნავო და მეც შეშინებული ვიდებდი მუცელზე ხელს, მაგრამ პროტესტი არ გამოუხატავს ჯერ… 🙂

ვეცდები ამდენი ხნით აღარ დავიკარგო, ინტერნეტი გუშინ გამოიყვანეს.

დაბადების დღის საჩუქრები + მოულოდელი ბონუსი

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩვეულებრივი დაბადების დღე იყო თავისი სადღეგრძელოებით და სტუმრიანობით. მივიღე ბევრი ლამაზი საჩუქარი და ვნახე ხალხი, რომლებიც დიდი ხანი არ მენახა და ძალიან გამიხარდა მათი ნახვა.

ლიკას საჩუქარი, რომელიც ძალიან ძალიან მომეწონა:

სხვა საჩუქრები:

რაც შეეხება მოულოდნელ ბონუსს, ეს არის ინტერეტ ლატარეა – http://www.businessnewsonline.net სადაც შეგიძლიათ დღეში ერთი ბილეთი შეავსოთ უფასოდ. ბანერს ნახავთ ჩემი ბლოგის მარჯვენა მხარეს. პირველ კვირას მოვიგე ერთი ლარი, მეორე კვირას, დაბადების დღის წინა დღეს რომ ავდექი და შევედი საიტზე, დამხვდა ეს :

5 ციფრი დავამთხვიე და მოვიგე 255 ლარი, რომელიც დღეს დამერიცხა პლასტიკურ ბარათზე და რამდენიმე ნივთის შეკვეთაც მოვასწარი. ასე რომ ითამაშეთ,  100 ლარზე უკვე შეიძლება განაღდება.

 

მე <3 ჩემი დაბადების დღე

ესეც ასე, ჩემი დაბადების დღეც მოვიდა. 23 წელიც შემისრულდა და პირველად ავღნიშნავ დამოუკიდებლად, რაც აგრეთვე ძალიან სასიამოვნოა.

როგორც უკვე ვთქვი, ახალი წელი და დაბადების დღე ერთმანეთთან იგივდება. სახლი საახალწლოდ უკვე მორთულია, ნაძვის ხეც დავდგი და დესკტოპზე საახალწლო თემაც დავაყენე.

თანაც მერე კოკა-კოლის საახალწლო მანქანებმა ჩაიარეს სიმღერ-სიმღერით და ახალი წლის განწყობას ხომ არაფერი მიქმნის ისე, როგორც კოკა-კოლის რეკლამები.

ესეც ასე. წავედი ახლა, სუფრა მაქვს გასაშლელი 🙂

 

8 წლის შემდეგ…

ამონაწერები ჩემი დღიურიდან, გადმომაქვს უცვლელად, არ ვცვლი არც ერთ სიტყვას.

7 ივლისი, ორშაბათი, 2003 წელი

დღეს დიანას დაბადების დღეა, 15 წლის გახდა, ახლახანს დავბრუნდით ლაღიძიდან, ერთი საათი ვიჯექით, ვლაპარაკობდით, კარგი სიტუაციაა სხვათაშორის. მალე წამოვედით, საშინელი ქარი იყო და ცხელოდა, სახლში დაბრუნდით და დიანასთან ავედით.

შემდეგი.

7 ივლისი, ოთხშაბათი, 2004 წელი.

დღეს ჩემი საუკეთესო დაქალის, დიანას დაბადების დღეა, საკმაოდ საინტერესო დღე იყო. საღამოს პარკში გავედით, მივსეირნობდით. მერე მოვედით სახლში, უკვე გვიანი იყო. ავედით სახლში და ერთი ბოთლი ლიქიორი დავლიეთ. მერე დიანას ძმა გიორგი და მისი მეგობარი ზურა ამოვიდნენ. ღამე იყო. დავუწყეთ ბიჭებს ხვეწნა დაბლა გაგვასეირნეთ–თქო. დიდი ხვეწნის შემდეგ გაგვასეირნეს. ბნელი ღამე იყო, ცარიელი ქუჩები.  ზურამ მითხრა შენთან სალაპარაკო მაქვსო, კიდევ ვერ დამივიწყა? პრინციპში ხელიშემშლელი ბექას სახით აღარ ჰყავს. მერე ისევ სახლში დაბრუნდით და დალევა გავაგრძელეთ. ძალიან კარგი დღე იყო.

კიდევ უნდა ყოფილიყო წესით, მაგრამ მეტი ვერაფერი ვნახე.

ჰოდა… ის გამომრჩა მე და მაია რომ დავრჩით ღამე და მთელი ღამე საცოდავი ხინკლები ვაკეთეთ, თან გამოგვდიოდა, თან არა.

8 წელი გავიდა ამ მოვლენებიდან, ხანდახან არც კი მჯერა, მაგრამ სულ ვამბობ, რომ რა დროც გვაქვს მაშინ გატარებული, ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფა.

მართლა ძალიან მენატრები და სულ ვნატრობ, რომ ჩამოვიდა მესამე სართულზე და ერთად გავიდეთ გარეთ, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, როცა ხშირად ვარ სახლში და თავს მარტოდ ვგრძნობ.

ჰოდა, ერთი სიტყვით

გილოცავ

ესეც ჩვენი სურათები:

 

ოქროს დაბადების დღე 2

მოკლედ ამ წელს ოქროს დაბადების დღეებზე დამებედა სიარული, თებერვალში ნინის დაბადების დღეზე ვიყავი – ოქროს დაბადების დღე.
როგორც უკვე გუშინ ავღნიშნე, ლიკას დაბადების დღეზე ვიყავი და ძალიან კარგი დრო ვატარე, თან იმდენი სურათები ვიღეთ, რომ სახლში მოსულს ახლად დატენილი ფოტოაპარატი გამეთიშა.

როგორც ყოველთვის ლიკამ საჩუქრად  უამრავი სამკაული მიიღო, ჩემსავით სჭირს სამკაულომანია. მეც ყველა მათგანს სურათი გადავუღე.

ეს ჩემი ნაჩუქარი საყურეები სვაროვსკის თვლებით:


Continue reading

best friend’s B-day

ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია. ვინც მყავს იმათაც მთელი ცხოვრება ვიცნობ. რამდენიმე მათგანს თქვენც შეამჩნევდით ჩემს ბლოგზე.

ჰოდა შერონ დელ ადელის წითელ ავატარიანი ქამელეონი555, იგივე ლიკა, რომელსაც დღეს ოქროს დაბადების დღე აქვს და რომელსაც პირველი კლასიდან ვიცნობ. ხშირად პოსტების წერაშიც მეხმარება, ოღონდ დაბლა უზარმაზარი ვარდისფერი ასოებით აწერს – by qameleoni555 🙂

როგორც შეამჩნევდით, ემოციური ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, არც გრძნობების ფრქვევა და ღვრა შემიძლია აქეთ–იქით. ერთმანეთს ცუდ სიტყვებს უფრო ხშირად ვეუბნებით, ვიდრე კარგს. აქედან გამომდინარე სიტყვები და მიმართვები “ჩემო სიხარულო” “როგორ მიყვარხარ” “შენ ჩემი სულიერი და ხარ” და მსგავსები სასტიკად ამოღებულია ჩვენი ლექსიკიდან.

ერთი სიტყვით მინდა მივულოცო და ვუთხრა, რომ მართლა ძალიან მიყვარს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ 🙂

B-day party

გუშინ ვიჯექი სახლში ჩემთვის წყნარად და “how I met your mother”ს ვუყურებდი. მირეკავს ნინო, ბადრის და და მეუბნება ნახევარ საათში გაემზადე, მივდივართ. კი ვიცოდი, რომ ნინოს ქმარს დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ სადმე თუ ვაპირებდით წასვლას, არ მეგონა. რა უნდა მოვასწრო ნახევარ საათში?

მე ერთი უცნაური ჩვევა მახასიათებს. თუ საჭიროა შემიძლია ათ წუთშიც უპრობლემოდ გავემზადო, ასე რომ ნახევარი საათი ჩემთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.

გავიშრე სველი თმები, ჩემს თმებზე უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ ძალიან სწორია, ასე რომ არც თმის უთო მჭირდება და არც ფენით გასწორება, უბრალოდ გავიშრე.

5 წუთში გადავისვი ლაქი და ჩემი მზა ნახატები, რომლებსაც ძალიან კარგად ვიყენებ:

საათს დავხედე, 15 წუთი კიდევ მქონდა. შევუდექი მაკიაჟს.

ტრადიციული არეულობა სარკესთან:

ლანკომეს და maybelline- ს მიქსი:

თმებისთვის სულ რამდენიმე წუთი მრჩებოდა და რადგან ახლა the city-ს ვუყურებ, მაშინვე ოლივია პალერმოს ვარცხნილობა გამახსენდა. დასახვევად დრო არ მქონდა, ამიტომ მარტო თმის წინა ნაწილის აწევით შემოვიფარგლე.

ჰო, რა თქმა უნდა სამკაულები, სამკაულების გარეშე თავს ისე ვგრძნობ, როგორც ტანსაცმლის გარეშე.

ამასობაში ბადრიც მოვიდა და წავედით.

რესტორანი “მტკვარი” ანუ როგორც რუსთაველებისთვისაა ცნობილი “ნად კუროი”, სადაც 5 წლის წინ ბანკეტი მქონდა, სუფრა ვერანდაზე იყო გაშლილი, საიდანაც მტკვარი ჩანდა (და ვიღაც მსუქანი კაცი, რომელიც იქვე მშვიდობიანად თევზაობდა)

საჭმელები უგემრიელესი იყო, განსაკუთრებით ხორცის, მე კიდევ ხორცზე ვგიჟდები.

ბადრი ცუდად იყო, თავი სტკიოდა. სანამ ცოტა გრადუსში არ შევიდა, მოწყენილი იჯდა.

ესეც მე:

ჩემი ახალი ბანწიკიანი ფეხსაცმელები.

თეკლას კავალის სამაჯური ბიდზ.ქომიდან

ჩვენ 🙂

ბადრის საათი და სამაჯურები, რომლებმაც ჩემს ხელზე გადმოინაცვლეს.

ყვავილი, რომელმაც ყველას თავი მოიარა, ბიჭების ჩათვლით 🙂

და რამდენიმე კადრი:

happy birthday ქამელეონი

დღეს ჩემს ბლოგს ხუთი თვე შეუსრულდა და თავისი არსებობის მეექვსე თვე დაიწყო. უკვე იმდენად იქცა ჩემს ყოველდღიურობად, რომ ამის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება.

ბლოგების შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მქონდა, მარტო რამდენიმე უცხოურ ბლოგს ვკითხულობდი. არც ვიცოდი უფასო ძრავები თუ იყო ბლოგის შესაქმნელად და ერთ დღესაც ვორდპრესის ტუტორიალს წავაწყდი. მახსოვს მე და ლიკამ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ სახელზე, უამრავი ვარიანტები იყო, მაგრამ ყველა დაკავებული, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული სახელი დავარქვით.

10 ნოემბერის 19 საათზე და 08 წუთზე დაიდო პირველი პოსტი.ეს იყო ერთი აბზაცი და მოკრძალებული შესავალი. ჯერ არც ვიცოდი საერთოდ რა გამოვიდოდა, ვერც ვორდპრესში ვერკვეოდი დიდად.

თემები ბევრი ვარჩიე თუ ცოტა, რატომღაც ძალიან უცნაური და მხიარული თემა შევარჩიე, დანარჩენები ზედმეტად სერიოზული მომეჩვენა.

ძალიან ბევრი ბლოგი მაქვს ნანახი და არასდროს ამ თემას არ წავწყდომივარ. არადა ძალიან მშვიდ და ლამაზ ფერებში იყო გადაწყვეტილი, უბრალოდ ზედმეტად ვიწრო თემაა და სურათები ძალიან პატარად ჯდება.

პირველ დღეს ჩემი პირველი პოსტი ორმა ადამიანმა ნახა. მეორე დღეს გაჭირვებით მივაგენი სად იყო ვიზიტორების რაოდენობა. ერთი თვის განმავლობაში კი just another wordpress site ეწერა, იმიტომ რომ არ ვიცოდი ჰედლაინი სად დამეწერა.

პირველი კომენტარი ლიკას გარდა, რომელიც ჩემს ბლოგზე გაჩნდა, ეკუთვნის დეკემბერიუსს. მაშინ მოდერაცია ჩართული მქონდა და ყოველ კომენტარზე გახარებული approve-ს ვაძლევდი.

ჰიტები ოდნავ გაიზარდა და დღეში 30–დან 40 მდე მერყეობდა. ჩემი პირველი პოსტი, რომელიც პოპულარული გახდა და ორ დღეში ბევრი ჰიტი მოიტანა, თანაც ტოპ–პოსტებში მოხვდა, იყო ბლოგის შექმნიდან 4 დღეში.
კიდევ ერთი ვამპირის ისტორია, ბინდის პაროდია. გაოცებული ვუყურებდი ყოველ წამს როგორ იზრდებოდა ჰიტების რაოდენობა და მიკვირდა. ამას მოჰყვა მეორე ნაწილი და კომენტარების და მნახველების რაოდენობაც გაიზარდა.

თავიდან პირად პოსტებს ვერიდებოდი, ძირითადად აბსურდულ კომედიებს და რივიუებს ვწერდი, მერე ნელ–ნელა პირადზეც გადავედი.  კიდევ ერთი პოსტი, რომელიც ბევრჯერ ნახვადი გახდა, ჯასტინ ბიებერის თაყვანისმცემლებს ეხებოდათ.

დიზაინში დიდი ცვლილებები განვიცადე, ვიწრო თემიდან გადმოვედი გაშლილ თემებზე, დაახლოებით სამი–ოთხი თემა გამოვცვალე და ბოლო ერთი–ორი თვეა ამ თემაზე შევჩერდი, ყველანაირად მაკმაყოფილებს ჯერ–ჯერობით.

top 10  პოსტი, რომელიც ბლოგის არსებობის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ არის ნანახი:

1. cheryl cole – ტატუები

2. საღამოს კაბები და ფეხსაცმელებით სავსე თაროები…

3. ჯასტინი – გზა სუიციდამდე?!

4. justin bieber – ქართველი ფანები გელოდებიან!!! ოღონდ ქვებით 🙂

5. stars without makeup

6. ქართველი ცნობილი სახეები – მსგავსება უცხოელ ვარსკვლავებთან

7. კიდევ ერთი ვამპირის ისტორია

8. boys, boys, boys… (only hot boys)

9. ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მამაკაცები – shirtless

10. queer as folk

ჰოდა… ასეთი გალინკული პოსტი პირველად დავწერე. დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ და კომენტარებს ტოვებთ, ან არ ტოვებთ 🙂  ესეც ვირტუალური ტორტი:

headache and cat

დღეს დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თავი უიშვიათესად მტკივა, ამიტომ მიჩვეული არ ვარ და ლამის გადავყევი თან. რაც მთავარია წამლის დასალევად ადგომა დამეზარა და სამი–ოთხი საათი ნახევრად მძინარეს კოშმარები მტანჯავდა.

ვნახე სიზმარი, ვითომ უზარმაზარ საავადმყოფოში ვიყავი და რიგში ვიდექი, ჩემთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ.  პარალელურად ვუყურებდი ვიღაც გოგოს როგორ აჭრიდნენ თავიდან რაღაცას და თან ადგილობრივი ნარკოზით. სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა, კიდევ კარგი გამეღვიძა, უფრო სწორად თავზე თეთრი, 4 კილოიანი არსება დამახტა და ეს ატკიებული თავი უფრო ამტკივდა.

მარტო ჩემი გაღვიძება არ იკმარა, ქალბატონმა პიანინოზე მოინდომა დაკვრა. არასდროს არ მაცდის, ნოტებს გადავშლი თუ არა, მაშინვე კლავიშებზე ზის პიუპიტრთან. გავა, გამოვა, გავა, გამოვა. თან საცოდავად წმუკუნებს. აი ფაქტიც:

ჰოდა… რამდენიმე საათში დაბადების დღეზე ვარ წასასვლელი, იმედია გამივლის… სურათები და ისტორიები ხვალ 🙂