სუპერგმირები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ამ თემაზე გადაღებული ფილმები როგორც წესი ძალიან პოპულარულია და ჰოლივუდიც უხვად სარგებლობს კომიქსების გმირებით თუ უბრალოდ სუპერგმირებით.

მათ შორის ყველაზე პოპულარული სუპერგმირები არიან:

Continue reading

სუპერმენის მორიგი სტუმრობა

წუხელ ყველამ რომ დაიძინა, გაზქურაზე ჩაიდანი დავდგი და ღიღინ–ღიღინით დავიწყე ჩაის გამზადება. ჩემმა კატამ ამასობაში გამათბობელთან მოიკალათა და კრუტუნით მადევნებდა თვალს.

ფანჯარაზე რაღაც ხმაური მომესმა. გაკვირვებულმა გადავწიე ფარდა და გავაღე. გაყინული და აცახცახებული კლარკი ოთახში შემოვარდა.

– რა გჭირს, რა ხდება? – ვკითხე გაკვირვებულმა.

– მციივააა – ამოთქვა გალურჯებული ტუჩებით და გამათბობელს ეტაკა.

გამეცინა.

– სად იყავი?

– დეილი პლანეტიდან მოვდივარ, ლუისი სახლში მივაცილე და გამახსენდა რომ სახლში არავინ მელოდებოდა.

– ჩაის დალევ?

– დავლევ – მოიფშვნიტა კმაყოფილებით ხელები.

ცხელი წყალი ორ ჭიქაში ჩავასხი და ორთქლს ხელისგულები მივუშვირე.

– რამე უფრო მაგარი არ გაქვს? – მკითხა შემპარავად.

– კარგად მახსოვს შენი ბოლო სტუმრობა ჩემთან, შენთვის დალევა არ შეიძლება – დავუდგი ჩაის ჭიქა და მეც გვერდით ჩამოვუჯექი.

– აბა რა ხდება მეტროპოლისში … როგორ მიდის სუპერმენის ცხოვრება.

– ეეჰ – ამოიხვნეშა კენტმა და ჩაი ხრუპუნით მოსვა – დავიღალე ამდენი წინ და უკან ფრენით, ცუდი ბიჭების მიტყეპვით, ქურდების დაჭერით… მართლა სუპემენი კი არ ვარ.

– აბა რა ხარ? – გამიკვირდა.

– ხანდახან მგონია რომ უბრალო მოკვდავი ვარ… აი მაგალითად გუშინ… ლუისს შენობის სახურავზე შეხვედრა დავუნიშნე სუპერმენის სახელით. მე იდუმალად სიბნელეში ვიდექი… ისე რომ შუქი მარტო ტანზე მეცემოდა, სახე კი არ მიჩანდა. მინდოდა მეთქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი სახით მას დამცველი ყოველთვის ეყოლებოდა.

რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი, ისე რომ სახე არ გამომჩენოდა და დაბალი ხმით ვუთხარი… “ლუის…” და ჯანდაბა… ამ დროს ანტენას წამოვკარი ფეხი და დაბლა გავიშხლართე.

სიცილი ამიტყდა.

– ჩემი იდუმალება და ხიბლი სულ წყალში ჩაიყარა. მაშინვე ავდექი და გამოვფრინდი. მესმოდა როგორ კისკისებდა ლუისი.

ჩაი მოვსვი და კლარკს შევხედა. მოშვებული იჯდა სკამზე. გრძელი მოსასხამი იატაკზე დასთრევდა. მოწყენილს თვალი ერთ ადგილზე გაშტერებოდა. სულაც არ ჰგავდა სუპერმენს.

– ეეი, კლარკ, კლარკ აქ ხარ? – ფანჯარაში თავი შემოყო ბეტმენმა, მაგრამ რქიანი თავი ჩემს ფარდას გამოსდო და აიხლართა.

– ეეე, მიშველეთ, ვერაფერს ვხედავ, ჩემი თვალები… ვაიი – აბღავლდა ბეტმენი. ფარდა მოვაშორე.

– ვიცოდი რომ აქ იქნებოდი. ვაა სოფო, როგორ ხარ? – ამიწია ხელი.

– რა ხდება, აქ მაინც მომასვენეთ – შეუღრინა კლარკმა.

– ქალაქის მთავარი შენობა იწვის, შენი ყინულის სუნთქვა გვჭირდება, თორემ არ შეგაწუხებდით – გაიკრიჭა ბეტმენი. კლარკმა ბოლო ყლუპი მოსვა და მოსასხამი მოიხვია.

– ხალხს გმირი სჭირდება – მითხრა ამაყად და ფანჯრისკენ წავიდა, მაგრამ მოსასხამში გაიხლართა და დაბარბაცდა.

– ეს ლურჯი ტრიკო რა უბედურებაა, ჩაიცვი რამე კაცური – ებუზღუნებოდა ბეტმენი და ბეტმობილს ქოქავდა.

– კარგად აბა, დიდი მადლობა – დამიქნია ხელი კლარკმა. ბეტმობილი ადგილს მოწყდა და ჰაერში სინათლის ლაქად გაუჩინარდა.

კატას უკვე ეძინა. მეც ჩავაქრე შუქი და დასაძინებლად წავედი.

 

best villains ever !!! hot top ten!

როგორც წესი ასეთი ტენდენცია მაქვს, რომ ბოროტ პერსონაჟების მიმართ უფრო დიდი სიმპათიით ვიმსჭვალები, ვიდრე კეთილების.

ტოპ ათეული ყველაზე ბოროტი, ყველაზე დაუნდობელი, მაგრამ მაინც ადამიანური გრძნობების მქონე პერსონაჟების ფანტასტიკური და მისტიკური ტელეშოუებიდან.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიალებიდან ყველას  ყველა სეზონი მაქვს ნანახი (მათ შორის სმოლვილის 9–ვე)

10. Reaper – the satan

შოუდან Reaper, სადაც სემი თავისი 21 წლის თავზე აღმოაჩენს, რომ მისი სული სატანას აქვს ნაყიდი და ახლა მის ბრძანებებს უნდა დაემორჩილოს. სატანა ყოველდღე ეცხადება მას და დავალებებს აძლევს. მან უკან უნდა დააბრუნოს ჯოჯოხეთიდან გამოქცეული ბოროტი სულები. სემს და მის მეგობრებს უამრავი თავგადასავალი გადახდებათ.

სერიალი არის კომედიური ჟანრის ფანტასტიკა, ამიტომ  ეშმაკიც ძალიან სასაცილოდ ბოროტია. მის როლს ასრულებს Ray Wise.

 

 

9. FlashForward – Simon Campos

ძალიან მაღალი ხარისხის და ბიუჯეტის ფანტასტიკური სერიალი, რომელიც სამწუხაროდ ერთ სეზონზე გაჩერდა. ერთ დღეს მთელი მსოფლიო 2 წუთით და 17 წამით გაითიშება და ისინი ნახავენ მომავალს. გონზე მოსვლის მერე ფედერალური ბიურო იწყებს გამოძიებას. უამრავი მსხვერპლია. ისინი კამერაზე ნახავენ, რომ დეტროიტში, სტადიონზე, სადაც ყველა გაითიშა, ერთი ადამიანი შავ პალტოში დგება და სტადიონიდან გადის. მთავარი გმირი, FBI-ს აგენტი იძიებს ამ საქმეს, რადგან მან მომავალში ნახა, რომ მას თავის ოფისში, ამ საქმის გამოძიების დროს კლავენ, და უნდა თავიდან აიცილოს.

დომინიკ მონეჰენის პერსონაჟი სწორედ ის მამაკაცია სტადიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოროტი არ არის, სწორედ მან მოაწყო ექსპერიმენტი, რომელმაც მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანა.

8.  Supernatural – Lucifer

სერიალიდან ზებუნებრივი, ძმებ ვინჩესტერებზე, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ებრძვიან. სერიალში ბევრი ბოროტი პერსონაჟია, მაგრამ ლუციფერი, რომელსაც სემი სხეული უნდა, განსაკუთრებით გამორჩეულია.მაღალი, ქერა, დაღლილი გამომეტყველებით და შემპარავი თვალებით.

მარკ პელეგრინოს პერსონაჟი, მთავარი ბოროტი ძალა ლუციფერი სამყაროს განადგურებას უპირებს, მაგრამ ძმები მის შეჩერებას მოახერხებენ.

7. lost – Ben Linus

ცნობილი სერიალიდან დაკარგულები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდება და 48 გადარჩენილი ცდილობს თავი დააღწიოს დაწყევლილ კუნძულს.

მაიკლს ემერსონის პერსონაჟი ძალიან, ძალიან დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. მესამე სეზონიდან ის მთავარი ბოროტი ხდება კუნძულზე მყოფთათვის.

მაიკლს ამ როლისთვის სამგზის ემის ნომინანტი და ერთი ჯილდოს მფლობელია. ასევე ინტერნეტ გამოკითხვებში სახელდება, როგორც საუკეთესო villain–ი ტელე შოუებში.

თუმცა არც ის არის მთლად ბოროტი და სერიალში, მის ფლეშ ბექებში ჩანს ბენის ნამდვილი ცხოვრება და ხასიათი.

6. smallville – lex luthor

სერიალი სმოლვილი და მისი ცნობილი პერონაჟი, ლექს ლუთერი. ახალგაზრდა სუპერმენი, კლარკ კენტი შემთხვევით გადაარჩენს მდიდარ ბიზნესმენ, ლექს ლუთერს და სწორედ აქედან იწყება მთელი ისტორია. კლარკი და ლექსი მეგობრდებიან, თუმცა მათ ერთ ქალის სიყვარული ხელს უშლით. ლექსი თავისი მამის, ლიონელის ზემოქმედების ქვეშაა მოქცეული და მის შავ გეგმებში იღებს მონაწილობას.

კლარკი ერიდება მას გააგებინოს თავისი საიდუმლო, რადგან არ იცის როგორ მოიქცევა იმპულსური ლექსი.

მაიკლ როსენბაუმი გადახოტრილი თავით საინტერესო სახეს ქმნის სერიალისთვის.

5. legend of the seeker – Darken Rahl

სერიალიდან ლეგენდა მაძიებელზე, სადაც მაძიებელი, ჯადოქარი და confessor-ი მოგზაურობენ დარკენ რაალის დასამარცხებლად. დარკენი სამყაროს განაგებს, მას ლორდის ტიტული აქვს და სურს ყველა და ყველაფერი მას ემორჩილებოდეს. კრეიგ პარკერი ბოროტი და ძლიერი პერსონაჟის სახეს ქმნის, რომელსაც ადამიანური სისუსტეები არ ახასიათებს და დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს ცდილობს.

დარკენი განაგებს დეჰარის მიწებს. დიქტატორია, რომელიც არავის იბრალებს. არ იცის რა არის სიყვარული, ქალებს მარტო ვნებების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

დარკენს მაძიებლის მოკვლა სურს, რადგან წინასწარმეტყველებაში წერია, რომ რიჩარდ საიფერი მას მოკლავს.

4.   The Vampire Diaries – Damon Salvatore

სერიალიდან ვამპირის დღიურები. ძმებ სალავტორებზე, რომლებიც ვამპირები არიან და საცხოვრებლად მისტიკფოლში ბრუნდებიან. იქ ისინი შეხვდებიან ელენას, რომელიც მათი ძველი ნაცნობის, კეტრინის სრული ასლია. სასიყვარულო სამკუთხედი და უამრავი თავგადასავალი.

იან ზომერჰელდერი – ყველაზე სექსუალური ვამპირი. დამცინავი, მწარე ენის მქონდე და ირონიული. მისთვის სენტიმენტები უცხოა. იანი ძირითადად პირველ სეზონში იყო ბოროტი გმირი, მეორე სეზონში ეხმარება თავის ძმას ელენას დაცვაში. ძალიან სახასიათო და სასაცილო პერსონაჟია ბოროტი იუმორით.

3. true blood – Eric Northman

სერიალიდან ნამდვილი სისხლი. ერიკი არის დაახლოებით 1000 წლის ვამპირი, ლუიზიანას შტატის შერიფი. პირველ სეზონში ერიკი მთავარი გმირის, სუკის შესაძლებლობების შესახებ იგებს, რომ მას ადამიანის აზრების წაკითხვა შეუძლია და ცდილობს ეს თავის სასიკეთოდ გამოყენოს. მას სუკის შეყვარებული, ვამპირი ბილი უშლის ხელს.

მეორე სეზონში აღმოჩნდება, რომ ერიკი სუკიზეა შეყვარებული, მაგრამ ამას თავის თავსაც არ უმხელს. ალექსანდრე სკარსგარდის პერსონაჟი ძალიან დამცინავი, ირონიული და უგრძნობია, მაგრამ ეს მხოლო ზედაპირულად. მეორე სეზონში ბილთან ერთად ცდილობს სუკის თაცვას და ამისთვის თავის 1000 წლიან სიცოცხლესაც აყენებს საფრთხეში.

2. buffy the vampire slayer – spike

ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი სერიალი. ამ სერიალზე უკვე ვილაპარაკე ამ პოსტში. სამ სეზონში სპაიკი წარმოადგენს მთავარ ბოროტ ძალას, რომელსაც ბაფი და ანჯელი ებრძვიან. სპაიკი დიდი წლოვანების და ძლიერი ვამპირია. ის და ანჯელი ადრე მეგობრები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი მტრები არიან. სპაიკი სისხლის მოყვარული დაუნდობელი მკვლელია, განსაკუთრებით კი slayer-ებს ვერ იტანს და უვკე რამდენიმე თაობის დახოცილი ჰყავს. როცა შეხვდება ბაფის, მის მიმართ სიძულვილი გაუორმაგდება.

სპაიკი ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ ბაფი თავიდან მოიშოროს, ჯიუტი და სასაცილო სლეიერი ყოველთვის ხელს უშლის. იმდენად დიდი ზიზღი და სიძულვილი აქვს მის მიმართ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულში გადაეზრდება.

შეუყვარდება იმდენად, რომ სულ სხვა ადამიანი გახდება. ბაფის გულისთვის სიცოცხლესაც დათმობს. მეოთხე სეზონიდან სპაიკი მათ ეხმარებათ.

ჯეიმს მასტერსმა დაუვიწყარი სახე შექმნა. ამერიკელები დღემდე გიჟდებიან სპაიკზე. ბრიტანული აქცენტი, დიდი იუმორი და მწარე ენა. თვითონ მსახიობი საუბრობდა, რომ ეს როლი მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესოა, რადგან საშუალება მიეცა სპაიკის რამდენიმე სახე გამოეჩინა – ბოროტი, დაუნდობელი მკვლელიდან ტრანსფორმაცია შეყვარებულ კაცამდე.

1. heroes – syler

და რა თქმა უნდა პირველ ადგილზე ჩემი უსაყვარლესი, უბოროტესი და უvillain-ესი საილერი. ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს, იცის, რომ ამ კაცზე ჭკუა მეკეტება.

სერიალიდან გმირები, სადაც საილერი, იგივე გაბრიელ გრეი, ოთხივე სეზონში მთავარი ბოროტი პერსონაჟია, რომელსაც უამრავი შესაძლებლობა აქვს. ამ შესაძლებლობებს ადამიანების მკვლელობით იღებს და მათ თავის ქალას უჭრის.

შესაძლებლობები : ტელეკინეზი,  ნივთების მოძრაობა, ხელებიდან ცეცხლების გამოშვება 🙂 ტელეპორტაცია, გაყინვა, უნიკალური მეხსიერება, სმენა დიდ მანძილზე და კიდევ მრავალი.

სამი სეზონი საილერი მთავარ გმირებს დასდევს მოსაკლავად, რადგან მათი თვისებები თვითონ მიითვისოს, მეოთხე სეზონში კი მის სხეულში სხვის გონებას და აზრებს მოათავსებენ და იდენტიფიკაციის კრიზისით იტანჯება.

ერთადერთი მსახიობია ზაქარი კინტო, რომელზეც ასე ვარ შეყვარებული და თან უიმედოდ 😦

მთვრალი სუპერმენი

გუშინ უკვე დაწოლას ვაპირებდი, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. უკმაყოფილო ბუზღუნით წავედი. კარებთან კლარკ კენტი და ექიმი ჰაუსი იდგნენ.

– რა ხდება? ვიკითხე გაოცებით.

– მმმ… – ამოიბლუკუნა კლარკმა, თვალები აატრიალა და ჰაუსს ჩამოეყრდნო.

– რა ჭირს ამას? – ვკითხე ჰაუსს.

– მთვრალია – მითხრა  დამცინავი სახით.

სახლში შემოვატანინე მთვრალი სუპერმენი და დივანზე დავაწვინე. ჰაუსი ჩაიზე დამეწვია.

– ერთად საიდან აღმოჩნდით? – ვკითხე ინტერესით.

– საავადმყოფოში მომიყვანეს, უკვე მთვრალი იყო, მთვარეზე უნდა ვიცეკვოო აუჩემებია და გაფრენილა, მაგრამ ზედ შესკდომია და ტვინის შერყევა მიიღო. ეხლა ჰგონია რომ ფრენკ სინატრაა და “fly me to the moon”-ს მღერის გაუჩერებლად.

– მმმ… მთვარეე, მთვარეე… – წაიმღერა კლარკმა და წითელი ტრიკო შეისწორა. ლურჯი მოსასხამი იატაკზე მოსთრევდა.

– მე რა ვუშველო?

– პირველი შენ გამახსენდი, მთვრალი სუპერმენი სად მეთრია? ფეხს ძლივს დავათრევ.

ჰაუსმა ნატკენ ფეხზე მოიკიდა ხელი. სტკიოდა.

– როგორ გამოვაფხიზლოთ? ხალხს სჭირდება თავისი გმირი. რა ვუთხრათ იმ ქალს, ბავშვი ხანძარში რომ ეწვის და შველას ელოდება?

– მაგას სპაიდერმენი მიხედავს – დამამშვიდა ჰაუსმა – გმირებს რა გამოლევს.

გულმა მაინც არ მომითმინა და კლარკს ცივი წყალი გადავასხი თავზე.

–ჰა? რა ხდება? მკლავენ? მიშველეთ – ამოიზმუვლა სუპერმენმა და თავზე ხელები აიფარა – მთვარეე… მთვარეე… – მიაყოლა მელოდიურად.

– ამის იმედი უნდა გვქონდეს? – ვკითხე ჰაუსს გულდაწყვეტილმა.

– მთვრალია, მეტს რას ელოდები, სიმთვრალეში ბავშვს ემსგავსება ხოლმე, თორემ ისე ყველაზე მაგარია… მრავალფუნქციური. თან წითელი ტრიკოც უხდება.

ჰაუსს პეიჯერზე შეტყობინება მოუვიდა.

– ვიღაც მოუყვანიათ მძიმე, სასწრაფოდ თუ არ მივედი მოკვდება, ამ შუაღამისას რითი წავიდე? – შეწუხდა ჰაუსი – დახმარება მჭირდება.

დახმარების გაგონებაზე კლარკმა ყურები ცქვიტა.

– მე აქ ვარ… მე გმირი ვარ… მე დაგეხმარები.

ბარბაცით წამოდგა და ჰაუსი ზურგზე შემოისვა.

– მე წაგიყვან საავადმყოფოში.

სუპერმენმა ფანჯრიდან ისკუპა და მაშინვე ცაში აიჭრა. შორიდან ისმის ნაწყვეტ–ნაწყვეტ : “მთვ… არეეე…”

ფანჯარას ვკეტავ და მეღიმება. გმირები ყველგან არიან. მთვრალები თუ ფხიზლები, მაღლები თუ დაბლები, ლამაზები თუ მახინჯები, მდიდრები თუ ღარიბები.

p.s. (რა თქმა უნდა უმჯობესი იქნება ფხიზელი, მაღალი, ლამაზი და მდიდარი იყოს… 🙂 🙂 )