სიტუაცია #1
დარბაზში რამდენიმე მაგიდაა შევსებული. ძირითადად ფხიზელი ხალხი ზის, რომლებსაც წყნარად უნდათ დროს გატარება, მათ შორის ჩვენც. ცოტას ვსვამთ, ცოტას ვჭამთ, ბევრს ვლაპარაკობთ.
გვერდზე მაგიდაზე გამომთვრალი საზოგადოება ნებივრობს, განსაკუთრებით კი ორი ახალგაზრდა ბიჭი აქტიურობს. ლაპარაკობენ ძალიან ხმამაღლა, იქნევენ ხელებს, ყვირიან “ოეეე” “აეე” და მსგავსი.
ყოველი ახალი მუსიკის დაწყებისას ორივენი საცეკვაო მოედანს მიაშურებენ და მანჭვა გრეხით ცეკვავენ, ქალის პარტიასაც ასრულებენ და კაცისას, ერთმანეთს უშნოდ ეხახუნებიან, იგინებიან და ისევ ცეკვავენ. ძალიან გულით რომ გინდოდეს გასვლა და ცეკვა, ვერ გახვალ, შეიძლება დაგეჯახონ და გადაგაყირავონ.
მერე ხელებს იქნევენ, მოდით ყველამ ერთად ვიცეკვოთო, ჩვენ კი ინდეფერეტული სახეებით შევყურებთ.
სუფრაზე არ ჰყავთ არც ერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე დარბაზში გოგობეს თვალებით ჭამენ, მაგრამ მარტო არავინ არ არის.
ცოტა მოგვიანებით მთვრალი საზოგადოება ბარბაცით აკითხავთ მუსიკოსებს და სთხოვთ რომელიღაც ქართული ქალაქური სიმღერის შესრულებას. შეწუხებული მომღერალი უხსნის, რომ უკვე გვიანია და მიდიან. მცირე გარჩევების მერე ხელიხელგადახვეულები მოდიან მაგიდასთან, ასკვნიან, რომ ბენდმა “ჩემი ფეხები იცის” და თვითონ, ლაივში ყროყინებენ ამ სიმღერას, რომელიც არასდროს გამიგია და მერჩივნა არც გამეგო.
ახალგაზრდები არ ინდობენ არც მიმტანს, დაბლა აგდებენ თეფშს, რომელიც ტყდება, და მერე მორიდებულ, სასიამოვნო მიმტანს ქალს ენამოჩლექილად უხდიან ბოდიშს, “დიდი ამბავი, თეფშია რა…”ს ბლუყუნით.
შემდეგ ისინი მიდიან და სიტუაცია ცოტა წყნარდება. მაგრამ ეს დროებით.
სიტუაცია #2
სანამ საქეიფო ქართულ სიმღერებს შორის გიტარისტი ცდილობს მეტალიკას “nothing else matters” აწყობას და გაჭირვებით იღებს აკორდებს, მეორე მაგიდა, რომლებიც დარბაზის ბოლოში სხედან, შემოდის სცენაზე.
სამი-ოთხი გოგო და ამდენივე ბიჭი, მათ შორის ერთი ოდნავ შესუქებული გოგო, ძალიან მაღალ ქუსლებზე, სქინი შარვალში და წარმოუდგენლად დიდი მკერდით იქცევს ყურადღებას. აცვია ძალიან თამამი დეკოლტე და არ აცვია ბიუსჰალტერი, ან აცვია და ეს არ იგრძნობა. მისი მკერდი რბილად რომ ვთქვათ არ გამოიყურება ესთეტიურად და სტრიპტიზის იაფფასიანი მოცეკვავის შთაბეჭდილებას ტოვებს.
გიტარისტი თავს ანებებს ჯახირს და კლუბური მუსიკა ირთვება. აი აქ გამოდის ეს გოგო და იწყება რაც იწყება.
მთელი დარბაზზი ყბაჩამოვარდნილი ვუყურებთ როგორ აკეთებს სტიპტიზის და ჰიპჰოპის ძალიან უნიჭო მოძრაობებს და ძუძუები ლამისაა ჭერს მიეხეთქოს. მეგობარს ბიჭს წარმოუდგენელი მოძრაობებით უხახუნებს თავის რბილ ფორმებს და მკერდიც რიგ-რიგობით ხტება მაისურიდან.
სანამ ეს საოცრება “შპაკატში” ჯდება და ფეხებს იქნევს, გიტარისტს ლამისაა დორბლი მოვწმინდო. თავის ელექტრო გიტარაზე ფანდურივით უჩხარუნებს ხელებს და თვალს არ აშორებს . დარბაზის ყველა კუთხიდან ისმის კომენტარები “ძუძუ არ ამოგივარდეს” “შენ ჯვარი გწერია რაც ამას ამაღამ მოუვა” და ა.შ.
მთავრდება მუსიკა და ამასობაში კარგად ვარ გამხიარებული. ვცდილობ ვიდეო გადავიღო, მაგრამ ნახევრად დაბნელებულ დარბაზში არაფერი ჩანს. აქა-იქა ისმის მოძღვრებებიც “სადამდე მივიდა საქართველო” ” ამის შემხედვარე შეგრცხვება რომ ქართველი ხარ” და ა.შ
ეს ყველაფერი ხდება რუსთავის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში, სადაც ძალიან კარგი მენიუ და გარემოა. ეს არ არის რესტორნის ბრალი, ეს იმ საზოგადოების ბრალია, ვინც რესტორანს ქუჩურ “ზავიდენიად” აღიქვამს და სიამოვნების მიღებაში სხვასაც უშლის ხელს.