სუპერგმირები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ამ თემაზე გადაღებული ფილმები როგორც წესი ძალიან პოპულარულია და ჰოლივუდიც უხვად სარგებლობს კომიქსების გმირებით თუ უბრალოდ სუპერგმირებით.

მათ შორის ყველაზე პოპულარული სუპერგმირები არიან:

Continue reading

სუპერმენის მორიგი სტუმრობა

წუხელ ყველამ რომ დაიძინა, გაზქურაზე ჩაიდანი დავდგი და ღიღინ–ღიღინით დავიწყე ჩაის გამზადება. ჩემმა კატამ ამასობაში გამათბობელთან მოიკალათა და კრუტუნით მადევნებდა თვალს.

ფანჯარაზე რაღაც ხმაური მომესმა. გაკვირვებულმა გადავწიე ფარდა და გავაღე. გაყინული და აცახცახებული კლარკი ოთახში შემოვარდა.

– რა გჭირს, რა ხდება? – ვკითხე გაკვირვებულმა.

– მციივააა – ამოთქვა გალურჯებული ტუჩებით და გამათბობელს ეტაკა.

გამეცინა.

– სად იყავი?

– დეილი პლანეტიდან მოვდივარ, ლუისი სახლში მივაცილე და გამახსენდა რომ სახლში არავინ მელოდებოდა.

– ჩაის დალევ?

– დავლევ – მოიფშვნიტა კმაყოფილებით ხელები.

ცხელი წყალი ორ ჭიქაში ჩავასხი და ორთქლს ხელისგულები მივუშვირე.

– რამე უფრო მაგარი არ გაქვს? – მკითხა შემპარავად.

– კარგად მახსოვს შენი ბოლო სტუმრობა ჩემთან, შენთვის დალევა არ შეიძლება – დავუდგი ჩაის ჭიქა და მეც გვერდით ჩამოვუჯექი.

– აბა რა ხდება მეტროპოლისში … როგორ მიდის სუპერმენის ცხოვრება.

– ეეჰ – ამოიხვნეშა კენტმა და ჩაი ხრუპუნით მოსვა – დავიღალე ამდენი წინ და უკან ფრენით, ცუდი ბიჭების მიტყეპვით, ქურდების დაჭერით… მართლა სუპემენი კი არ ვარ.

– აბა რა ხარ? – გამიკვირდა.

– ხანდახან მგონია რომ უბრალო მოკვდავი ვარ… აი მაგალითად გუშინ… ლუისს შენობის სახურავზე შეხვედრა დავუნიშნე სუპერმენის სახელით. მე იდუმალად სიბნელეში ვიდექი… ისე რომ შუქი მარტო ტანზე მეცემოდა, სახე კი არ მიჩანდა. მინდოდა მეთქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი სახით მას დამცველი ყოველთვის ეყოლებოდა.

რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი, ისე რომ სახე არ გამომჩენოდა და დაბალი ხმით ვუთხარი… “ლუის…” და ჯანდაბა… ამ დროს ანტენას წამოვკარი ფეხი და დაბლა გავიშხლართე.

სიცილი ამიტყდა.

– ჩემი იდუმალება და ხიბლი სულ წყალში ჩაიყარა. მაშინვე ავდექი და გამოვფრინდი. მესმოდა როგორ კისკისებდა ლუისი.

ჩაი მოვსვი და კლარკს შევხედა. მოშვებული იჯდა სკამზე. გრძელი მოსასხამი იატაკზე დასთრევდა. მოწყენილს თვალი ერთ ადგილზე გაშტერებოდა. სულაც არ ჰგავდა სუპერმენს.

– ეეი, კლარკ, კლარკ აქ ხარ? – ფანჯარაში თავი შემოყო ბეტმენმა, მაგრამ რქიანი თავი ჩემს ფარდას გამოსდო და აიხლართა.

– ეეე, მიშველეთ, ვერაფერს ვხედავ, ჩემი თვალები… ვაიი – აბღავლდა ბეტმენი. ფარდა მოვაშორე.

– ვიცოდი რომ აქ იქნებოდი. ვაა სოფო, როგორ ხარ? – ამიწია ხელი.

– რა ხდება, აქ მაინც მომასვენეთ – შეუღრინა კლარკმა.

– ქალაქის მთავარი შენობა იწვის, შენი ყინულის სუნთქვა გვჭირდება, თორემ არ შეგაწუხებდით – გაიკრიჭა ბეტმენი. კლარკმა ბოლო ყლუპი მოსვა და მოსასხამი მოიხვია.

– ხალხს გმირი სჭირდება – მითხრა ამაყად და ფანჯრისკენ წავიდა, მაგრამ მოსასხამში გაიხლართა და დაბარბაცდა.

– ეს ლურჯი ტრიკო რა უბედურებაა, ჩაიცვი რამე კაცური – ებუზღუნებოდა ბეტმენი და ბეტმობილს ქოქავდა.

– კარგად აბა, დიდი მადლობა – დამიქნია ხელი კლარკმა. ბეტმობილი ადგილს მოწყდა და ჰაერში სინათლის ლაქად გაუჩინარდა.

კატას უკვე ეძინა. მეც ჩავაქრე შუქი და დასაძინებლად წავედი.