ჩემი სპინალური საკეისრო

ჯერ ერთი კვირაც არ გასულა რაც საკეისრო გავიკეთე და ლილე დაიბადა. ხან მთელი კვირა ისე გაივლის ხოლმე, რომ მოწყენილობით ვკვდები და საინტერესო არაფერი ხდება, ახლა კი ლამის მთელი საუკუნე ჩაეტია ერთ კვირაში.

ძალიან მშვიდად ვიყავი. არ მინერვიულია,  შევავსეთ მონაცემები, გამოვიცვალე და მოსამზადებელ ოთახში შევედი, სადაც რამდენიმე ანალიზი აიღეს და საოპერაციოში გამისტუმრეს.

საოპერაციო საკმაოდ უწყინრად გამოიყურებოდა, ყოველ შემთხვევაში ჩემში შიში და პანიკა არ გამოუწვევია. ცალ ხელზე კათეტერი ჩამიდგეს, მერე მაგიდაზე დამსვეს და ანესთეზიოლოგმა სპინალური გაუტკივარება გამიკეთა, თან გზადაგზა ყველაფერს მიხსნიდა. ნემსის შესვლა ვიგრძენი, ოდნავ უსიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ გასახსენებლადაც რომ არ ღირს ისეთი. მაშინვე წამოვიდა სითბო ფეხებში და წამომაწვინეს. მეორე ხელზე წნევის საზომი დამიმაგრეს.

ვწევარ და ვუყურებ ზევით შუქებს, თან ვფიქრობ – მდაა… ახლაც რომ არ მეშინია? ერთადერთი იმაზე ვდარდობ, ალბათ როგორც პაციენტების უმრავლესობა, ოპერაცია იქამდე არ დაიწყონ, სანამ ბოლომდე გამიბუჟდება. ახლა ხომ ყველაფერს ვგრძნობ, აი ფეხის თითებსაც კი გავამოძრავებ. უპს. ფეხის თითებს ვერ ვამოძრავებ.

გადამაფარეს პატარა ფარდა, შემოვიდა ჩემი გინეკოლოგი და დაიწყო პროცესი. მიახლოებით მივხვდი როდის გაჭრეს მუცელი, მაგრამ ისევ არ მაქვს რეაქცია. ანესთეზიოლოგი ამასობაში პოლიტიკაზე მესაუბრება და თან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე უკვირს, რატომ მაქვს ასეთი ნეიტრალიტეტი დაჭერილი. ისევ ჭერს ვუყურებ და ინსტრუმენტების ჩხაკუნიც მესმის. ვიცი ჩემს მუცელში იქექებიან, მაგრამ არ მტკივა და რა მადარდებს?

ახლა ძლიერ დაწოლას იგრძნობ – მეუბნება ექიმი და შუბლზე მადებს ხელს. მერე რამდენიმე კაცი გულის ფიცართან ძლიერად მეჯაჯგურება, ლამისაა დაბლა ჩამიტანონ, რამდენიმე წამში კი ტირილი მესმის, თან ძალიან ძლიერი და მიკვირს ამ ბავშვს რამხელა ხმა აქვს.

ბავშვი სასწრაფოდ გაჰყავთ, ამასობაში კიდევ აჩხაკუნებენ რაღაცეებს და ბჭობენ რომელიღაც ქეიფზე მომხდარ ამბებზე, მერე ლილე მოჰყავთ გრძელი შავი თმებით და შეშუპებული ცხვირით. რამხელა თმები აქვს – ვიკვირვებ მე და ეს პირველი სიტყვებია, რომელიც ჩემი შვილის მიმართ ვამბობ. ისევ გაჰყავთ. ემოცია ჯერ არ მაქვს, არხეინად ვწევარ და ველოდები დასრულებას. სულ მეგონა გაკერვის პროცესი ძალიან გაიწელებოდა, მაგრამ პირიქით, ძალიან მალე დამთავრდა.

ისეთი ნაკერი გაქვს, ვერც კი შეამჩნევ – მეუბნება ექთანი. ძალიან კარგი, მიხარია გულში.

თავში და ფეხებში მავლებენ ხელებს და გორგოლაჭებიან საწოლზე გადმოვყავართ, მერე კი ინტენსიურში. საწოლი ფანჯარასთან დგას, გარეთ ჩემები არიან შეკრებილები და დიდი ყურადღებით მაკვირდებიან. წელს ქვევით ვერაფერს ვგრძნობ, არაფერი მტკივა და მშვიდად ვიღიმები, ერთადერთი ოთხი თუ ხუთი უზარმაზარი ბოთლი მაღელვებს, რომელიც ჩემს ვენაში უნდა ჩამოიღვაროს და ხელი მეღლება.

ველოდები ანესთეზიის მერე საშინელ ტკივილს, თანაც გამაფრთხილეს ტკივილი არ მოითმინო, გამაყუჩებელს გაგიკეთებთო და არც ვიძინებ. თუმცა ვინ დაგაძინებს, ფანჯრიდან ვიღებ მოლოცვებს, ვხვდები ნათესავებს. ხელს ვუქნევ მეგობრებს. ერთი სიტყვით ვერთობი.

ერთ საათში ნელ-ნელა ბრუნდება მგრძნობელობა და ყრუ ტკივილიც დაიწყო მუცლის არეში, მაგრამ არა აუტანელი, მაინც მიკეთებენ გამაყუჩებელს. დილამდე მშვენივრად ვარ, ტკივილი უმნიშვნელოა, ცოტას რომ წაგაწუწუნებინებს ისეთი.

დილით გულ-მკერდის არეში ისეთი ჭვალი დამადგა, სულ დამავიწყდა ჭრილობაც და ნაკერებიც. ძლივს ვსუნთქავდი, საშინელი ტკივილი იყო. დილითვე ამაყენეს რომ ჩვეულებრივ პალატაში გადავულიყავი. არ მოვიტყუები და პირველი ადგომა ყველაზე რთული იყო.

გაჭირვებით ავედი მეორე სართულზე, მოვთავსდი პალატაში, ვფიქრობ ახლა წამოვწვები, საკეისრო გუშინ გავიკეთე, დავისვენებ, ცოტას გამივლის, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბავშვი რომ შემომიგორეს თავისი საწოლით, აღარც გაუყვანიათ.

ცხოვრებაში შეხება არ მქონია პატარა ბავშვთან, არც გამომიცვლია, არც დამიბანია, ძუძუთი კვებაზე ხომ აღარ ვამბობ არაფერს. ცალკე ჭვალი, ცალკე ჭრილობა, ცალკე ლილე ტირის და მომცა მაღალი სიცხე.

მესამე დღეს უკვე თავისუფლად დავდექი ფეხზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ პერიოდში ყველა ნამშობიარევ თუ ნაკეისრალებს შორის ყველაზე უკეთ მე დავდიოდი. პალატაში მყავდა გოგო, რომელიც ღამე იღვიძებდა და თავის შვილს ისტერიულად ეფერებოდა ასეთი სიტყვებით, უფრო სწორად ყვიროდა “შენ უნდა დამარხო დედა დე… შენ ხარ დედას დამმარხავი… ”  მე ამ დროს ჩუმად ვიცინოდი და თან ცრემლები მდიოდა, ნაკერი მტკიოდა სიცილისგან.

მეხუთე დღეს გამოვეწერე კიდეც და მე და ლილე სახლში მოვედით. ძალიან წყნარი ბავშვია, ჭამს და ძინავს. ნელ-ნელა მოვდივარ აზრზე, რა მოხდა ერთი კვირის წინ. დაახლოებით 5 ღამეა არ მიძინია და ახლაც ლამის თავი ჩამოვდო კლავიატურაზე.

ერთი სიტყვით ძალიან მარტივად მოგვარდა ყველაფერი, არანაირი სტრესი, საშინელი ტკივილები, ყვირილი, წივილი, კივილი, ის დღე ძალიან სასიამოვნოდ და კარგად გამახსენდება ყოველთვის.

 

 

 

საკეისრო თუ ფიზიოლოგიური?

გუშინ მთელი დღე სამშობიაროში გავატარე და დღის განმავლობაში ბევრჯერ მომიწია ამაზე დაფიქრებამ. ნინის, ჩემს მულს, თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა ფიზიოლოგიურად ემშობიარა და საკეისროს სასტიკი წინააღმდეგი იყო. 14-15 საათი სამშობიარო ტკივილები ჰქონდა, თან ისეთი, რომ ვერაფრით უყუჩებდნენ. ყველაფერი რომ დამთავრდა და ზევით ავედი, მითხრა, რომ მცოდნოდა ასე იქნებოდა საკეისროს გავიკეთებდიო.

მე 14-15 წლის ასაკში თვალის ექიმთან რომ მივედი, მაშინვე გამაფრთხილეს, როცა გათხოვდები და შვილები გეყოლება, აუცილებლად საკეისრო კვეთით უნდა გააჩინოო. მაღალი მინუსი გაქვს და დიდი შანსია მხედველობა მკვეთრად მოგაკლდესო.

სამშობიაროში ყველა იმეორებდა – რა თქმა უნდა, ბუნებრივად უნდა გააჩინო, ბავშვი ძლიერი იქნება, ასეთია წესი და ა.შ. მაგრამ მთელი დღის განმავლობაში რომ ენით აუწერელი ტკივილებით იტანჯებოდა, იმას აღარ ითვალისწინებენ.

ვიცი ბევრი შემედავება, მაგრამ თვალებზე პრობლემა რომც არ მქონოდა, მაინც საკეისრო კვეთას ავირჩევდი. ჯერ ერთი არავინ იცის რამდენი ხანი გაგიგრძელდება სამშბიარო ტკივილები, შეიძლება ეს რამდენიმე დღეც გაგრძელდეს, და ამ დროს როცა დაბლა კაცები მსჯელობენ, რომ ბუნებრივი მშობიარობა აუცილებელია და ქალმა ტკივილი უნდა მოითმინოს, როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ეს, ცოტა არ იყოს და ნერვების მომშლელია.

ალბათ ადრე უფრო უადვილდებოდათ ბუნებრივად გაჩენა, როცა ხალხი სუფთა ჰაერს სუნთქავდა და ჯანსაღ პროდუქტს ჭამდა, მაგრამ ახლა ეს ასე აღარ არის.

მეორე მხრივ საკეისროს უარყოფითი თვისებები – ჭრილობა… კიდევ? ალბათ პრინციპში მარტო ჭრილობა, რომელიც რამდენიმე დღე აწუხებთ და კიდევ ნარკოზი. ნარკოზი ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ ადგილობრივი ნარკოზის ალტერნატივაც ხომ არსებობს. რამდენიმე დღიან ტანჯვას, საშინელ ტკივილებს, ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილს მე პირადად 20 წუთიანი პროცედურა მირჩევნია და იმ ჭრილობის ტკივილსაც გადავიტან როგორმე, მით უმეტეს, რომ სამშობიარო ტკივილებთან ახლოსაც ვერ მოვა.

არიან ისეთი იღბლიანებიც, რომლებიც ბუნებრივად აჩენენ ყოველგვარი პრობლემების გარეშე, მე მაგალითად მუცლის ატკიებიდან რამდენიმე საათში გავჩნდი.

კიდევ ერთი გამოკითხვა ჩემს ბლოგზე:

 

ჩემი პირველი ტესტი ორსულობაზე

არასასურველი ორსულობა არ არსებობსო, არის ასეთი გამონათქვამი, მაგრამ არსებობს სიტუაციები, მაგალითად ჩემი, როცა ცოტა ადრე მიგაჩნია შვილის ყოლა, ან როცა არ ხარ მზად, თუნდაც ფსიქოლოგიურად და თუნდაც ფიზიკურად. ჯერ 22 წლის ვარ და ვთვლი, რომ არსად არ მეჩქარება, კიდევ რაღაც პერიოდი მინდა ასეთი მდგომარეობა შევინარჩუნო.

ბოლო ორი კვირაა გამიჩნდა სიმპტომები იმის, რომ ეჭვი შემპარვოდა რაღაც-რაღაცეებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქრონიკული დაავადება ზუსტად იგივე ნიშნებს იძლევა, როგორსაც ორსულობა – გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ეს ორი კვირა მაინც მოვკვდი ნერვიულობით. უამრავი სურათი წარმოვიდგინე, რა იქნება მომავალში, როგორ იქნება, ბოლოს უკვე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მოხდა.

ერთი სიტყვით ყველაფერი თავდაყირა დამიდგა, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი და მალე უნდა გამომეღვიძა.  რომ წარმოვიდგენდი, რომ ცოტა ხანში შეიძლებოდა დედა გავმხდარიყავი, როცა თავს ჯერ ისევ ბავშვად ვგრძნობ, გული მისკდებოდა.

გუშინ ბადრიმ ტესტი მომიტანა. უკვე ბევრჯერ ვახსენე, რომ ბადრის ძალიან უნდა ბავშვები, ახლაც სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. მთელი ღამე უცნაური სიზმრები მტანჯავდა. როგორც იქნა გათენდა დღევანდელი დღე.

ღრმად ამოვისუნთქე, ავიღე ტესტი და შევედი აბაზანაში. ათი წუთი თვალგაშტერებული ვუყურებდი ერთ წითელ ხაზს და ვფიქრობდი, რა რეაქცია მექნებოდა, მეორე ხაზიც რომ გაწითლებულიყო. არ გაწითლდა.

მერე ერთი ათი წუთი ვტიროდი.

ოჯახური ფოტო

– დედა, ფოტოგრაფი უკვე აქაა – გასძახა ლუსიმ დედას და სარკეში თმები შეისწორა.

– ჩამოიყვანეთ მონიკა დაბლა, ახლავე მოვალ – უპასუხა ქალმა და ცხვირსახოცით ცრემლები შეიმშრალა.

მონიკა სულ რაღაც ექვსი წლის იყო, მაგრამ უკვე სასიკვდილო დიაგნოზი დაუდგინეს ექიმებმა. სამი თვე – ეს დროღა ჰქონდა დარჩენილი ოჯახთან გასატარებლად.

ოჯახმა ძლივს გადაიტანა ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგუებოდნენ. დედამ გადაწყვიტა საერთო ფოტო გადაეღოთ, რომ მისი გოგონა სამუდამოდ ასეთი დარჩენილიყო მის მეხსიერებაში, როგორიც ახლა.

მონიკა საწოლზე იჯდა.წითელი კაბა ეცვა. უფროსმა დამ ხელი მოჰკიდა, რომ აეყენებინა.

– მე თვითონ – უთხრა ბავშვმა და წამოდგა.

” ხანდახან მაშინებს” გადაულაპარაკა ლუსიმ მეორე დას “როგორი ცივია…”

ფოტოგრაფმა გადაიღო ოჯახური ფოტო და წავიდა. სამი თვის მერე მონიკა გარდაიცვალა.

სურათი დედამ გაადიდებინა და ბუხრის თავზე დაკიდა. თვალმოუშორებლად უყურებდა ხოლმე უმცროს ქალიშვილს და ტიროდა.

რამდენიმე თვის მერე უცნაური რაღაც შენიშნა სურათზე, თითქოს მონიკას სახე იცვლებოდა და მოძრაობდა, თანაც საშინელ გამომეტყველებას იღებდა. ამ ყველაფერს მის გარდა ვერავინ ამჩნევდა.

ოჯახის წევრებმა სცადეს ფსიქოლოგის მოყვანა, მაგრამ ქალს არაფრის გაგება არ უნდოდა. ჩამოხსნა სურათი და მედიუმთან წავიდა.

– ძალიან ვწუხვარ – უთხრა მედიუმმა – რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი ქალიშვილი ჯოჯოხეთში მოხვდა…

გაFეშენებული

ძალიან პოპულარულია ე.გ. მოდური, ფეშენ ბლოგები. ბლოგზე არაფერი იდება იმის გარდა, თუ რა იყიდეს, რა ჩაიცვეს, სად იყვნენ, რა ჭამეს და რომელი ბრენდი რომელს შეუთავსეს, რა თქმა უნდა უამრავი სურათებით. სიმართლე ითქვას გასართობად ასეთ ბლოგები კარგია, კითხვით ძირითადად არ ვკითხულობ, მარტო სურათებს ვათვალიერებ ხოლმე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ბლოგები წარმატებულია და ბევრი ვიზიტორები ჰყავთ.

ჰოდა… ჩემი ბლოგი რომ ასეთი იყოს, ყოველდღე დღევანდელი პოსტის მსგავს სიახლეებს დავდებდი ხოლმე 🙂 მაშ ასე ექსპერიმენტი (სოფო გაfეშენდა, საfეშენეში ჩაfეშენდა) უი ჰო კიდევ ერთი ტექსტი ვარდისფერი ან იასამნისფერი უნდა იყოს.

გუშინ ჩემს ფრჩხილებზე და თმებზე ექსპერიმენტები ჩავატარე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი სხვათაშორის. ჩემი მეგობრის გამოგზავნილი ტელეფონის მოსართავი თვლები ფრჩხილებზე დავიკარი და ძალიან ლამაზი გამოვიდა.

თმებზე როგორც იქნა დავადგი საშველი და დიანას გამოგზავნილი იასამნისფერი საღებავი გამოვიყენე.

მერე დაბადების დღეზე ვიყავი წასასვლელი და დავიწყე გამზადება. ჩემი გამზადების დროს სარკესთან ასეთი არეულობა სუფევს ხოლმე:

ესეც ჩემი განსაკუთრებული პარკი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

ლორეალის ტონალური და მბზინავი პუდრი, რომელიც ერთი შეხებისთანავე კანს აბრჭყვიალებს.

ესეც კაჭკაჭიზმის მტკიცებულება. არ ვხმარობ, მაგრამ მიხარია რომ მაქვს.

ჩემი საყვარელი ჩრდილები:

ამ ბოლო დროს ყავისფერს გადავეკიდა. შედეგი ასეთია:

და რა თქმა უნდა ჩემი განუყრელი სამკაულები:

საშინელი ქარი იყო, როგორც იქნა გავეტიე სახლიდან და ტაქსით წავედი. ბევრი ძველი ნაცნობი ვნახე და გამიხარდა. ესეც ჩემი მეგობრის ბავშვები. ჩემზე პატარაა და უკვე ორი შვილის დედაა 🙂

ეს დიანას ნათლული:

ესეც პატარა, გუშინ მონათლული:

და ბოლოს თვით მე :   🙂

უი ჰო ის უნდა მივაწერო კიდე წესია ასეთი, what i m wearing, მართალია არ ჩანს მაგრამ მე ხომ ვიცი 🙂

shirt : made by me

jacket – f21

denim – f21

shoes – ღმერთმა უწყის 🙂

ასე რომ მე პასს 🙂

წყევლა

ამონაწერი მიშელ კოულის დღიურებიდან, რომელიც ერთ მიტოვებულ სახლში ნახეს.

მე მიშელი მქვია, 29 წლის ვარ, გასათხოვარი. მას შემდეგ, რაც ბოსმა სამსახურიდან გამომაგდო, უიმედოდ ვეძებდი სამუშაოს და დასაქმების ცენტრს მივმართე.

შევედი თუ არა, ცუდი წინათგრძნობა შემომაწვა. კუთხეში ჩინელი გოგო იჯდა და თვალები ამოთხრილი ჰქონდა, თან პირიდან რაღაც მწვანე სითხე გადმოსდიოდა. რომ მოვიხედე გაქრა. ნეტავ რას ნიშნავდა? თავი გავიქნიე და უფროსთან შევედი.

– მის მიშელ – შემომეგება ჩინელი მელოტი კაცი.

– გამარჯობათ მისტერ სვონ.

– მე თქვენ გიშოვეთ სამსახური – უხაროდა ჩინელს და ცმუკავდა.

ერთ განმარტოებულ სახლში მივედით. საშინელი აურა იყო. სვონმა ოთახები დამათვალიერებინა. უცნაური სახლი კი იყო, კედელზე თმები იზრდებოდა და ვანაში ჩინელი მწვანე ბავშვები იწვნენ, თან წიოდნენ, მაგრამ ისეთი არაფერი შემიმჩნევია, დავთანხმდი მუშაობას. ერთი მოხუცი ქალისთვის უნდა მომევლო.

სვონმა მადლობა გადამიხადა, დანახშირებული ჩონჩხი, რომელიც სახლში დაბოდიალობდა წინ გაიგდო და კარები მოიკეტა. ახლა ეს ჩემი ახალი სახლია, უნდა შევეგუო.

დღე პირველი

ჩემი მოხუცი ძალიან საყვარელია, ხმას არ იღებს, მარტო მაშინ ღმუოდა ხელები კარებში რომ მოვაყოლე შემთხვევით, ისე არ მაწუხებს. ყველაფერი რიგზეა. ისე აღარ განვიცდი მარტოობას. დღეს საბანაოდ რომ შევედი და თავს ვიბანდი, ჩემი თავიდან მესამე მწვანე ხელი გამოვიდა და ზურგი დამიხეხა. მესიამოვნა მაინც ყურადღება. ახლა ვაბანავებ ჩემს მოხუცს და ჩავწვები ლოგინში თუ ადგილზე დამხვდა, ხანდახან ჭერზე მხვდება ხოლმე აკრული.

დღე მეორე

დღეს ჩემს ოთახში კარადა ვნახე. ვიფიქრე იქნებ რამე საინტერესო ვნახო თქო, შევყავი თავი, სიბნელე იყო და არაფერი ჩანდა. სანთებელა რომ ავანთე შიშით ვიკივლე. უზარმაზარი ობობა ეკიდა, მაგრამ მერე მწვანე ბავშვმა  ხელი ჩამოყო და მოკლა. ცოტა ამოვისუნთქე შვებით. დაბლა ჩავედი. კიბეებიდან ხმაური მომესმა. მეორე სართულზე რაღაც არსება იდგა და ბოროტად მიყურებდა.  ვიფიქრე, რომ ეს ჩემთვის უკანასკნელი ამოსუნთქვა იყო, მაგრამ მერე ვიცანი, მეზობლის კატა ყოფილა.

მეოთხე დღე

ამ სახლში ნელ–ნელა მიჭირს გაჩერება. აღარ შემიძლია ამ ქალის მოვლა და ყოველ დღე კედლების პარსვა. რამენაირად თავი უნდა დავაღწიო ამ ჯოჯოხეთს. თან ერთი უცნაურობა შევნიშნე, რამდენი უკან ვბრუნდები, ჩემს ზურგს უკან ვიღაც დგას. სინქრონულად მოძრაობს რომ ვერ შევამჩნიო. აღარ მინდა ასეთი სამუშაო.

მეხუთე დღე

მთელი ღამე ეს ბავშვი თავთან მეჯდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა. რამდენჯერ ვუყვირე წაეთრიე თქო, მაგრამ თავი შემაცოდა, ესაა ჩემი როლიო. საზიზღარი ბავშვია, ვანაში წვება და რომ მივდივარ თავს ამოყოფს და მაშინებს ხოლმე, ერთხელაც გავაყოლებ კანალიზაციას.  თან მგონი მკვდარია, მწვანეა და ცუდი სუნი აქვს. საჭმელს არ ჭამს, მაგრამ ტუალეტში ხშირად დადის. თან ნორმალური სიარული კი არ იცის, ხან ჭერზე დადის, ხან კედლებზე.

ღმერთო ჩემო, ეს მართლა წყევლაა… წყევლა, რომელიც არასდროს დამანებებს თავს…