აპოკალიფსი დღეს

ტეელვიზორთან ვზივარ, ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, მეც რაღაც გადაცემას ვუყურებ. ცოტა ხანში სპეციალური გამოშვება ერთვება და წამყვანი შოკისმომგვრელ ამბავს აცხადებს. მთვარე მოწყდა თავის ორტიბას და დედამიწისკენ მოემართება მთელი სიჩქარით, ნასამ უკვე გააკეთა განცხადება.

ხალხი პანიკაში ვარდება, მოვლენები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ცას ვუყურებ, მთვარე საგრძნობლად გაიზარდა. მთელს დედამიწაზე გლობალური კატასტოფები დაიწყო, მიწისძვრები, წყალდიდობა, ხანძარი.

ცოტა ხანში მიწისძვრა აქაც იწყება, სახლი საშინლად ირხევა, მაგრამ რატომღაც არ ინგრევა. ბადრის ვეხუტები და ვფიქრობ რომ ეს უკვე აღსასრულია. გარეთ ხალხია გამოფენილი, მე ირონიულად ვამბობ, ნუთუ ამ ხალხმა არ იცის, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს მიწა შეიძლება გაიხსნას.

ტელევიზორში აცხადებენ, რომ მთვარე აუცილებლად შეეჯახება დედამიწას, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ თვალს ვადევნებდით მარსზე მომხდარ შეჯახებას, ახლა კი დედამიწის ჯერია.

საშინელი შეგრძნებაა, უმწეობის, მთვარე ხომ პატარა კომეტა არაა ასტრონავტები გაუშვან და ნაწილებად დაშალონ, დედამიწის აღსასრული გარდაუვალია.

უშვებენ კაცობრიობის მიერ გადაღებულ უნიკალურ კადრებს, განვითარების ეტაპებს, ბოლოს კი მუსიკის ფონზე ეწერება: The End Of The World.

ამასობაში ღამდება, მთვარე იმდენად მოახლოვდა, რომ მთელი ცა დაფარა. სულ რამდენიმე საათში საშინელი შეჯახება მოხდება, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ ვიმჩნევ. იმედია ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება და ვერაფერს ვიგრძნობთ – ვამბობ ისევ. განუწყვეტელი გუგუნი ისმის და ნათება თვალებს გვჭრის.

აი ეს უკვე დასასრულია – ვამბობ მე, მაგრამ ჩემი ხმა აღარ ისმის.

თვალებს ვახელ და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვწევარ. საათს დავხედე – 6 საათია.

საშინელი სიზმარი ვნახე – ვაღვიძებ ბადრის. რა? – ქვეყნის აღსასრული. მერამდენედ? მეკითხება დაცინვით.

ეს ყველაზე რეალური და ცხადი სიზმარი იყო რაც ოდესმე მინახავს, ასეთი მკვეთრი გრძნობები არც ერთ სიზმარში არ განმიცდია, მიუხედავად იმისა, რომ ორ კვირაში ერთხელ მაინც ვხედავ აპოკალიფსს. ახლაც კი ისეთი ცუდი შეგრძნება მაქვს, ვერაფრით გამოვედი ამ გრძნობიდან.

არ ვიცი ასე რატომ ხდება, არც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ იმედია არასოდეს განვიცდი იმ შეგრძნებას, რაც წუხელ სიზმარში განვიცადე.

აპოკალიფსის 7 ნიშანი

გამარჯობათ, მე ლიკა ვარ და მოგესალმებით სოფოს ბლოგზე.  ადგილები ცოტა ხნით გავცვალეთ და ახლა მე ვარ სტუმარი მასთან 🙂 ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა, და გადავწყვიტე  იმ შვიდ ნიშანზე მოგითხროთ, რომელიც ქრისტიანული რწმენით, გვანიშნებს  აპოკალიფსის  მოახლოებას. დავიწყოთ ბოლოდან.

7. სამყაროს განვითარება, კაცობრიობის ცოდნის დონის ამაღლება, მექანიკის, მანქანათმშენებლობის, თვითმფრინავების, მოგზაურობის განვითარება.

ახალი ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. მიღწევები სწრაფად იზრდება და შესაძლებლობები უფრო მეტად იხვეწება. შესაბამისად უკვე ბევრი ისეთი რამ შეგვიძლია ტექნიკაში და მექანიკაში, რაც ცოტა ხნის წინ არ ვიცოდით.

ავტორის მიხედვით ბიბლია ამბობს, რომ მიღწევები ტექნოლოგიაში აღსასრულის დადგომამდე იქნება არნახულად განვითარებული.

6.ტერორიზმი, ძალადობა, სიბოროტე, რწმენისგან განდგომა.

ბიბლიის მიხედვით, როდესაც მოხდა წარღვნა, მსოფლიო სავსე იყო ტერორიზმით, ძალადობით და ბოროტი ხალხით. სწორედ ამიტომაც გაიწმინდა დედამიწა. და დღესაც ჩვენ ვცხოვრობთ ძალადობაში და ტერორიზმის გარემოცვაში, და ის დღე და დღე უფრო მეტად იზრდება. სწორედ ასე იყო ნოეს დროს. კაცობრიობის ურწმუნოებამ პიკს მიაღწია. ასევე მოხდება ჩვენთანაც. ამ ნიშნის მიხედვით წესით მალე უნდა მოხდეს წარღვნა, როგორც ავტორი ღაღადებს 🙂

5. შუა აზიის დაძაბული სიტუაცია.

ეს არის ერთერთი ბოლო ნიშანი, რის მიხედვითაც ჩვენ საბოლოო გზას გავდივართ ქვეყნიერების აღსასრულამდე. შუა აზიაში სხვადასხვა რწმენის დაპირისპირება დიდ ომში იზრდება. ისრაელში დიდი კრიზისებია. რაც ეს ერი შეიქმნა, არასდროს დაუსვენია პატარა ქვეყანას. მუდამ კონფლიქტები, რწმენის შეუსაბამობა და დაძაბულობაა. სწორედ ამიტომ ისრაელსა და შუა აზიას შორის არასდროს არ დამყარდება მშვიდობა, სანამ ქრისტე მეორედ არ მოვა და არ აღგვის მთელს მსოფლიოს და არა მარტო ებრაელებს პირისაგან მიწისა.

4. ატომური ბირთვული იარაღი.

ატომური იარაღი დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე საშიშია და სწორედ ამას ღაღადებს ბიბლია. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დიდ შიშში, რადგანაც თუნდაც ერთის აფეთქება გამოიწვევს მსოფლიო განადგურებას. მაგრამ მიუხედავად ამისა ამერიკა, კორეა, და ირანი დიდი აქტიურობით აწარმოებენ ბირთვულ იარაღებს, რის ხელში ჩაგდებასაც შეუპოვრად ცდილობენ ტერორისტები. აი საიდან შეიძლება დაგვემუქროს მთავარი საფრთხე.

3. მკვდრეთით აღმდგარი რომის იმპერია.

ბიბლიის თანახმად, რომის იმპერია აპოკალიფისის წინა პერიოდში ფერფლიდან აღსდგება. ის იქნება შექმნილი 10 ნაციის კონფედერაციისგან  და შეეცდება ბატონობა  მოიპოვოს   არა მარტო  აღმოსავლეთზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. იმპერია იქნება ძალიან ძლიერი.

2. ებრაელების დაბრუნება სამშობლოში.

ავტორის და ბიბლიის მიხედვით, ებრაელები თავის მიწაწყლისთვის ბევრს იბრძოდნენ და როდესაც ისრაელი დაარსდა, მას მერე მთელი მსოფლიოდან ბრუნდებიან ებრაელები თავის სამშობლოში და ეს ერთერთი შესანიშნავი ნიშანია მეორედ მოსვლის. ( გადამრევს ეს ხალხი 😐 )

1. ისრაელის დედაქალი გახდება იერუსალიმი.

ბიბლია ამბობს, რომ თუ ახლა ისრაელი არსებობს, ისე რომ იერუსალიმი მისი დედაქალაქი არაა, აღსასრულის ბოლო დღეებში იერუსალიმი აუცილებლად გახდება მისი დედაქალაქი. ისრაელის არსებობა დღევანდელ დღეებში უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ბოლო საფეხურს ვუახლოვდებით.

ეს იყო მთელი ინფორმაცია, რისი მოპოვებაც შევძელი. იმედია დაგაინტერესათ 🙂

ახლა კი მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ?

 

 

რა მოხდება მომავალში

მომავლის ყველას სხვადასხვანაირი ვერსია აქვს და თანამედროვე ტექნოლოგიებმა რეჟისორებს მისცათ შესაძლებლობა ეს ყველაფერი კინოეკრანებზე გადმოეტანათ.

შვიდი ფანტასტიკურ–სამეცნიერო ჟანრის მაღალბიუჯეტიანი ფილმი, სადაც მოქმედება მომავალში ხდება.

7. Sunshine (2007)

მოქმედება ხდება 50 წლის მერე. მზე ნელ–ნელა ქრება და დედამიწაზე ყველაფერი იყინება. ასტრონავტების ჯგუფი მიდის მზეზე, რომ ატომური აფეთქების შედეგად დაუბრუნონ სინათლე.

როლებში – კრის ევანსი, კილიან მერფი და როუზ ბირნი.

გადმოწერა

6. I, Robot

2035 წელი, რობოტები ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გახდნენ. პოლიციელი იძიებს დანაშაულს, რომელიც რობოტის მიერაა ჩადენილი, მაგრამ ამ საქმის უკან სხვა საიდუმლოებებს წააწყდება.

ფილმი ნომინირებულია ოსკარზე.

მთავარ როლში უილ სმიტი.

გადმოწერა

5. Equilibrium

ფუტურისტული სამყარო, სადაც ადამიანებს გრძნობების გამოვლენა ეკრძალებათ. ისინი ინექციას იკეთებენ იმისთვის, რომ ჩაკლან ადამიანური ემოციები. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი შეეწინააღმდეგება.

როლებში – კრისტიან ბეილი, შონ ბინი, ემილი ვოტსონი.

გადმოწერა

4. Mr. Nobody

2092 წელი, 118 წლის ნემო უკანასკნელი მოკვდავი ადამიანია პლანეტაზე. ის თავისი ცხოვრების ისტორიას ჰყვება და იხსენებს წარსულს. ალტერნატიული რეალობები და სამ ნაწილად გაყოფილი ცხოვრება.

ძალიან ძლიერი და ემოციური ფილმია და ჩემი უსაყვარლესი მომღერალი და ყოფილი ქრაში, ჯარედ ლეტო ასრულებს მთავარ როლს და ძალიან წარმატებითაც, უნდა ვაღიარო, რომ ეს კაცი ბევრად უკეთესი მსახიობია, ვიდრე მომღერალი. ერთი სიტყვით ვისაც არ გაქვთ ნანახი გირჩევთ.

გადმოწერა

3.  V for Vendetta

ალტერნატიული მომავალი, თავისუფლებისთვის მებრძოლი, ასევე ცნობილი როგორც “ვ” ირჩევს ტერორისტულ ტაქტიკას და ებრძვის ტოტალიტარულ რეჟიმს.

მთავარ როლებში – ჰუგო ვევინგი და ნატალი პორტმანი.

ჰო და ეს “V” ძალიან მეცნო ავატარზე 🙂

გადმოწერა

2. I Am Legend

ისევ და ისევ პოსტაპოკალიფსური მომავალი, სადაც მთელი პლანეტა საშინელმა ვირუსმა გაანადგურა და ზომბებად აქცია. რობერტ ნევილი მარტო ცხოვრბს ცარიელ ნიუ–იორკში და ცდილობს იპოვნოს ანტიდოტი, რომელიც ამ ვირუსს გაუმკლავდება.

მთავარ როლში – უილ სმიტი.

გადმოწერა

1. The Island

2019 წელი, უტოპიური საზოგადოება, რომლებიც დახურულ სივრცეში ცხოვრობენ მიწისქვეშ და ჰგონიათ, რომ სამყარო განადგურებულია.  ხანდახან თამაშდება ლატარეა, სადაც მოგებული მშვენიერ კუნძულზე მიდის დასასვენებლად, რომელიც ასე მაცდურად ჩანს ფანჯრებიდან. სინამდვილეში კი მათ სულ სხვა მიზნებით აგზავნიან.

როლებში – ევან მაკგრეგორი და სკარლეტ იოჰანსონი

გადმოწერა

დასაწყისი, მეხუთე ელემენტი, მატრიცა, ხელოვნური ინტელექტი, მაიმუნების პლანეტა, ავატარი და სხვა აღარ მივამატე,  ისედაც ყველამ იცის 🙂

აპოფისი – რატომ უხარიათ ასტეროიდის მოახლოება

გუშინ პოსტ კრიპტუმის რეკლამაში ყური მოვკარი საუბარს საიდუმლო ასტეროიდზე, რომელიც რამდენიმე წელში დედამიწას მოუახლოვდება. ლიკას ვუთხარი აუცილებლად ვუყუროთ-თქო. პ.ს ის რეპორტაჟებზე კარგად ვერთობით.

აი მოახლოვდა ათი საათიც და დაიწყო ნანატრი რეპორტაჟი. დიდი ასტეროიდი შემართებით მოქრის დედამიწისკენ და ჟურნალისტის ხმა ამაყად გვამცნობს, რომ 2029 წლის 13 აპრილს დედამიწა უნდა განადგურებულიყო, მაგრამ აპოკალიფსი გადაიდო (ვაშა და დიდება)

მერე გვიჩვენებენ როგორ ფეთქედება და ინგრევა დედამიწა, და რომ წყვდიადის ეგვიპტურმა ღმერთმა აპოფისმა დაგვინდო.

ის თითქმის სამასი მეტრის სიგრძისაა და 26 მილიარდ კილოგრამს იწონის. დედამიწას წამში 30 კილომეტრით უახლოვდება.

პირველად აპოფისი 2004 წელს სამმა ასტრონავტმა აღმოაჩინა და ძალიან გაუხარდათ მათ ეს ფაქტი. მაშინვე ყველა საინფორმაციო წყაროს შეატყობინეს, რომ დედამიწისკენ ამდაგვარი სხეული მოქროდა და უნდა დაჯახებოდა: (და მე აქ წარმოვიდგინე მათი გაბადრული სახეები)

და მერე აქ ასტროფიზიკოსი გვამცნობს, რომ აპოფისის დაჯახების შემთხვევაში ნგრევა ადამიანის მიერ მოგონილი ყველაზ ძლიერ თერმობირთვულ ბომბს ათასჯერ გადააჭარბებს და ყველაფერი, რაც ჩვენს მიერაა შექმნილი განადგურდება. მის უკანა ფონზე ლამაზად ჩანს, როგორ ეჯახება ასტეროიდი დედამიწას და ფეთქდება.

თუმცა ასტეროიდი ცელქობს და 2029 წელს 40 000 კილომეტრით აცდება დედამიწას, მაგრამ… ტყუილად გაგიხარდათ!!! 2036 წელს ისევ დაბრუნდება.

მერე გამოდის  აღფრთოვანებული და აღტაცებული ჟურნალისტი, რომელიც დიდი პათოსით გვიხსნის იმ წამებში რა მოხდება და რას დავინახავთ. უკან, ეკრანზე ასტეროიდი მოქრის. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ დროს ალმოდებულ სფეროს დავინახავთ, გარშემო ყველაფერი აზანზარდება და ცეცხლოვანი კედელი გზად ყველაფერს გაანადგურებს.

თუ ასტეროიდი ოკეანეში ჩავარდა, ცუნამის ტალღის სიდიდე ას მეტრს გადააჭარბებს (ალბათ ამიტომ მესიზმრება ძალიან ხშირად დიდი ტალღა, რომელიც ჩემსკენ მოდის) ადგილებიც გამოუთვლიათ, მათ შორის აზიის ნაწილიც ხვდება.

მერე იხსენებენ იუპიტერზე მომხდარ შეჯახებას, სადაც კომეტამ დედამიწის ტოლი ხვრელი დატოვა და აქვე ასკვნიან – ეს რომ დედამიწას შეჯახებოდა, მთლიანად დაანგრევდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ კოსმოსში ასამდე სხეულია, რომელსაც დედამიწის განადგურება შეუძლია,მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით სახიფათოა, მაგრამ მეცნიერები მაინც მშვიდად არიან. (!) ასტროფიზიკოსი კი ამბობს, რომ შვიდი ათასამდე ობიექტია, რომელიც შეიძლება დედამიწის ორბიტაში აღმოჩნდეს.

ნასა უკვე შემუშავებული ჰქონია გეგმა, თუ სახიფათოდ მოუახლოვდა რომელიმე სხეული, ააფეთქებენ ან ტრაექტორიას შეუცვლიან.

მერე ჩვენ ვფიქრობდით, მაგ დროს ბრიუს უილისი ცოცხალი იქნებოდა თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ არმაგედონის შესაჩერებლად  ჯოხით ან ინვალიდის სავარძლით მოუწევდა წასვლა და არა მგონია ამას რამე შედეგი გამოეღო.

სიუჟეტის დასასრულიც ასევე პათოსით იყო გამსჭვალული, რომ წელს მეცნიერები დაასკვნიდნენ, შეეჯახება თუ არა 2036 წელს აპოფისი დედამიწას და ამ ამბავს დიდი სიხარულით შეგვატყობინებდნენ.

კარგით რა ხალხო, გვაცალეთ იქამდე ცხოვრება, ხან 2012 წელს ვფეთქდებით და ხან 2036 წელს. თან ასე ლამაზად რომ გვიჩვენებთ აფეთქების კადრებს, თითქოს თუ რამე მოხდა, მერე ვერ დავინახავთ.

პოსტაპოკალიფსური ჩანაწერები ნაწილი II

– მთელი მსოფლიო სასიკვდილო ვირუსმა მოიცვა – მეუბნება კაცი და ბოროტად იღიმება – ხალხი ნელ–ნელა იხოცება, ცოცხალი აღარავინ არ დარჩება.

– მოიცა მოიცა, ერთ ღამეში რა მოხდა? წუხელ სახლში ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, ყველაფერი კარგად იყო.

– ერთი ღამის მერე ბევრი რამე შეიცვალა. ეს შენ გეძინა ამდენი ხანი – მიხსნის მეორე. არაფერი მესმის.

– რა გინდათ ჩემგან?

– შენ რჩეული ხარ. ჩვენ უნდა შემოგვიერთდე. აპოკალიფსის შემდეგ რამდენიმე ასეული კაცი გადავრჩებით მარტო.

საიდანღაც დაძაბული მუსიკა მესმის. გაოცებული ვიყურები აქეთ–იქით. ალბათ ჩემი გონება იმდენად მიეჩვია ამდენი ფილმის ყურების შემდეგ, ავტომატურად დაადო ქვეცნობიერმა ეფექტისთვის.

ცოტა ხანი თავს მანებებენ, ისევ ჩუმად საუბრობენ თავისთვის. კედელზე მათ ჩრდილებთან დიდი, შავი ფრთები ჩანს.

– დემონები – ვფიქრობ გულში და უკან–უკან ვიხევ. ფანჯარასთან მივდივარ. გაშავებული და გადამწვარი მინდორია. ალაგ–ალაგ კვამლი ამოდის. შორს დანგრეული შენობები ჩანს. ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული.

– რა გადაწყვიტე? წამოდი ჩვენთან, დიდი კიდობანი გვაქვს აშენებული და ყველანი ერთად გავუძლებთ საბოლოო ტალღას – ჩამესმის ხმა.

ვერ ვხვდები, რა ტალღა, რა კიდობანი, ყველაფერი ძალიან აირია. სახლში მინდა.

ცივ ხელებს ყელში მიჭერენ და სადღაც მიმათრევენ. პირიდან ხრიალის ხმა ამომდის.

– მიშველეთ – ვჩურჩულებ ძალაგამოლეული და სახეში სველი პირსახოციც მხვდება.

– დამთავრდა კინო, წადი დაწექი – ჩემი და აბაზანიდანაა ახალი გამოსული და თმებს იმშრალებს.

– ისე როგორი კინო იყო? – მეკითხება.

– რა კინო?

– 2012, რასაც ეხლა უყურებდი სულელო.

– ვიღაც კაცები იყვნენ სასახლეში და სადღაც მიმათრევდნენ – ვიხსენებ – მაგრამ იქამდე სახლები ინგრეოდა და …

გულიანად ვიგინები და ადამ ლამბერტის სიმღერაზე მიმავალ ტიტრებს ვუყურებ.

ალბათ აპოკალიფსის ყველას თავისებური ვერსია აქვს. მე უკვე ვიცი როგორია ჩემი.

 

პოსტაპოკალიფსური ჩანაწერები

უცნაურმა სიცივემ გამაღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე. ხელით საბანს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. როგორც იქნა ვახელ თვალებს.

სახლში არ ვარ. მიწაზე ვწევარ და ხმელი ტოტები ტანს მიკაწრავს. გაკვირვებული ვდგები. სად ვარ?

ტყეა. ბნელი და გაუვალი. შეშინებული ვიყურები ხელებზე. დაკაწრული და დასისხლიანებული მაქვს. რა მოხდა? პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს

ტანსაცმელი დაძონძილი და ჭუჭყიანი მაცვია, თითქოს ერთი თვე ტანიდან არც გამეხადოს. ხელები გაშავებული, სახეზე პატარა ჭრილობები, რა გადავიტანე ისეთი, რომ ერთ ღამეში ასეთი გავხდი?

გაუბედავად ვადგავ რამდენიმე ნაბიჯს. ირგვლივ საშინელი სიბნელეა ჩამოწოლილი. ტყე ოდნავ ირხევა. მეშინია.

გამიმართლა. ტყის ნაპირთან ვყოფილვარ. გამოვდივარ და აქეთ–იქით ვიყურები. მთვარის შუქი იქაურობას მკრთალად, მაგრამ მაინც ანათებს.

ადგილი არაფრით არ მეცნობა. აქ არასდროს ვყოფილვარ. წუხელ არ დამილევია. რამ ან ვინ მომიყვანა აქ? ან რანაირად დავბრუნდე სახლში?

რამდენიმე ნაბიჯს კიდევ ვდგამ და შიშით და გაოცებით ყბა დაბლა მივარდება. ჩემს წინ საოცარი და შთამბეჭდავი სანახაობა იშლება.

შორს, მთებში და სიბნელეში უზარმაზარი, შავი სასახლე მოჩანს. მის თავზე ღრუბლებია შეგროვილი. საშინელი სანახავია.

– ნამდვილად მძინავს – თავს ვიქნევ და ვცდილობ გავიღვიძო. არაფერი გამოდის. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვახელ. სასახლე არ ქრება, ისევ იქ დგას.

სხვა გზა არაა. პირველი შოკის გავლის შემდეგ მორჩილად მივუყვები მისკენ მიმავალ ბილიკებს. თუ სიზმარია, გამომეღვიძება ბოლო–ბოლო.

უზარმაზარ ჭიშკართან მივდივარ. ზედ საშინელი ქმნილებებია გამოხატული. ეშმაკის და დემონის ფიგურები. შორიდანვე ეტყობოდა, რომ აქ ვარდისფერი ნივთების მოყვარული პრინცესა არ იცხოვრებდა.

ჭიშკარი ჭრიალით იხსნება. შევდივარ და აქეთ–იქით ვიყურები. სიჩუმეა. დიდ, მძიმე კარებს მხრით ვაწვები, რომელიც უხმაუროდ იხსნება.

– არის აქ ვინმე? – ვკითხულობ ხმის კანკალით. პასუხს არავინ მცემს. ზევიდან შუქი მოჩანს. მივყვები ამ შუქს და ხვეულ კიბეებზე ავდივარ. შუქი ჩერდება.

ჩემს წინ ისევ კარებია.

ღრმად ვისუნთქავ და კარს ვაღებ. თვალწინ უზარმაზარი ბიბლიოთეკა მიდგება. მაგიდასთან რამდენიმე სანთელია ანთებული.  იქვე სამი მამაკაცი დგას.

– ძლივს, ვინმე მაინც ვნახე – გახარებული ვჭყლოპინებ და მათკენ ვაპირებ წასვლას, მაგრამ მათი სახეების დანახვაზე ვშეშდები. თეთრი და ყინულივით ცივი სახეები აქვთ. გრძელი, შავი მოსასხამები აცვიათ.

– მოვიდა – ჩუმად ამბობს ერთი მათგანი და წიგნს ხურავს.

– ვინ ხართ? სად ვარ? – ვკითხულობ შეშინებული.

– დარწმუნებული ხარ, რომ ისაა? – ეკითხება მეორე.

– კი, ნამდვილად ისაა. მოგვიახლოვდი – მანიშნებს ხელით.

მეტი საქმე არ მაქვს, ვიღაც გიჟები არიან, ან როგორ აცვიათ საერთოდ, უკან ვიხევ და გაქცევას ვცდილობ. კარები თავისით იხურება.

– სად მიდიხარ? – მეკითხება დაცინვით – გარეთ მაინც ვერავის ნახავ. ერთადეერთი გზა სიმართლის გასაგებად ჩვენ ვართ, ასე რომ ჯობია მოგვისმინო.

პირზე ზრდილობიან ღიმილს ვიწებებ და ყურადღებით ვუსმენ.

 

გაგრძელება იქნება