წითელქუდა – შავი ზღაპარი დიდებისთვის

ტყიდან გოგონა მორბოდა, გრძელ ქერა თმებს ქარი უფრიალებდა, ხელში კალათა ეჭირა.

– ვალერია, სად იყავი? რა გინდოდა ტყეში? – დედამ კალათა ჩამოართვა და გოგონა შეათვალიერა – შენ რა, არ იცი, რომ ტყეში მგელმა დაიდო ბინა, რომელიც ყველას გვაშინებს? რომელიც მაქციაა და დღე შეიძლება ყველა ჩვენთაგანი იყოს?

– ვიცი დედა, მაგრამ მე მისი არ მეშინია.

ვალერიამ წითელი მოსასასხამი კარებთან დაკიდა და კალათიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

დედამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ქოხიდან გავიდა.

პატარა სოფელში პანიკა იყო ატეხილი. ყოველ ღამე თავს საშინელი მგელი ესხმოდათ თავს და კლავდა მაცხოვრებლებს. მერე კმაყოფილი იფხანდა ქოჩორს და ღიღინით მიდიოდა ტყეში. საშინელება იყო.

– ეი, ვალერია, არ გინდა სადმე განვმარტოვდეთ? – ღიმილით მიუახლოვდა სიმპათიური და დაკუნთული მეტყევე გოგონას, რომელმაც დაიმორცხვა და სიგარეტი ჩააქრო.

– ჰანს, ხომ იცი, რომ მაქცია ყველგან შეიძლება იყოს, ის მხოლოდ ღამე იქცევა მგელად, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

– ვიცი – უთხრა ჰანსმა და გამოჩრილი კუდი დამალა.

სოფელში ზარების რეკვა ატყდა. უკვე ღამდებოდა და გარეთ ყოფნა საშიში ხდებოდა.

ვალერიას ბოლო ღერი გაუთავდა და ვეღარ ითმენდა. ბოლოს შეიგინა,  მოიხვია წითელი მოსასხამი, რომელსაც კაპიშონი არ ჰქონდა და წითელქუდას რატომ ეძახდნენ, თვითონაც ვერ გაერკვია, და გაუდგა გზას.

ნელა მიდიოდა სიბნელეში. უკნიდან ფეხის ხმა ესმოდა. შემოტრიალდა, მაგრამ არავინ ჩანდა. იფიქრა მომეჩვენაო, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ განმეორდა. სწრაფად შებრუნდა და ხის უკან გამოშვერილი ბანჯგვლიანი ფეხები დაინახა.

– ჰეი – იყვირა ვალერიამ –რომელი ხარ.

მგელს ეგონა ვალერია ვერ ხედავდა და კმაყოფილი ხითხითებდა, თან ფეხებს აქნევდა.

– მე შენს გონებაში ვარ… – ხმა დაიბოხა მაქციამ და ექოს ეფექტი მისცა – ვარ… არ…რ….

– გონებაში კი არა, გამხმარი ხის უკან დგახარ.

მგელი გამოვიდა და ვალერიას მიუახლოვდა.

– ო ღმერთო, რატომ გაქვს ამხელა თვალები?

– იმიტომ, რომ კარგად დაგინახო…

– რატომ გაქვს ამხელა ყურები?

– იმიტომ რომ კარგად მოგისმინო…

_ რატომ გაქვს ამხელა ცხვირი?

– ნუ, კი ვიფიქრე რინოპლასტიკის გაკეთება, მაგრამ მერე  მითხრეს შენს ინდივიდუალიზმს დაკარგავო და რა ვიცი… ჰოდა, რას ამბობდი?

– რატომ გაქვს ამხელა პირი?

– იმიტომ რომ კარგად შეგჭამო… – ჩაიღრინა მგელმა და სენდვიჩის პურები შუაზე გადახსნა.

ვალერიამ იკივლა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მგელს ბებიის ჯოხი მოხვდა თავში.

მოიცა, ბებია რომ აქამდე არ გვიხსენებია? – თავი მოიქექა რეჟისორმა და სცენარს ჩახედა.

– ვერავინ გაბედავს ჩემი შვილიშვილის შეჭმას – იყვირა ბებიამ და წიხლი ამოსცხო.

ვალერიმ და ბებიამ მგელს ხელები დაუბეს და ხეზე მიაკრეს.

კადრი შორეული უდაბნოდან. გაკვირვებული მონადირე ხელებს შლის გაოცებული. 

– უი, მონადირე დაგვავიწყდა – ამბობს რეჟისორი და ზღაპარს ფურცლავს. 

ფინალური სცენა

თენდება და მგელი ერთ–ერთ მათ თანასოფლელად უნდა გადაიქცეს. დაძაბული ვალერია და ბებია უყურებენ.

– იქნებ დედაა? ან მამა? ან იქნებ სულაც ჰანსია? ან იქნებ… იქნებ მე ვარ?

 რეჟისორი ფიქრობს, ფიქრობს, იმდენს ფიქრობს, რომ ბოლოს ბეზრდება და მიდის.

– ვალერია – ყვირის დედა.

– აქ ვარ – ბოხი ხმით ამბობს ვალერია და სიგარეტს აბოლებს.

inspired by red riding hood 2011

სისხლიანი სამაჯური

ვაგრძელებ ციკლს ჩემს მიერ ბავშვობაში დაწერილი სამი გენიალური დეტექტივიდან, რომელიც განსაკუთრებით გენიალურია, თან შეგახსენებთ იმასაც, რომ დაწერილია სერიოზულად, მაგრამ ახლა რომ ვკითხულობ, აბსურდული კომედიის ნამდვილი შედევრია.

კახასტან სტუმრად მივიდა მისი კოლეგა ანზორ მელაძე. კახას ანტი–შესახედაობის, ჩასუქებული, ულამაზო, მელოტი კაცი.

– აბა, რა ახალი ამბები მომიტანეთ ანზორ?

– ახალი სამხილია, აი ნახეთ.

ანზორმა ცელოფნიდან ამოიღო სისხლიანი სამაჯური. კახამ გულდასმით დაათვალიერა. ეს იყო სისხლშემხმარი, ლამაზი ოქროს სამაჯური, რომელსაც ქვეფი, საფირონი, აქატი და ზურმუხტი იყო ჩასმული, ეს ფერები ერთმანეთს საოცრად ლამაზად ეხამებოდა. სამაჯური იკვრებოდა პატარა ქინძისთავით, რომელიც თვითონ მას ჰქონდა მიმაგრებული.

– საინტერესოა! სად იპოვეთ?

– ზემოთ მთები რომ არის იცი?

– მე რა ვიცი, თბილისი მთებით არის შეზღუდული.

– იქ, ზემოთ მივსეირნობდი, რომ ზურმუხტმა დაიბრჭყვიალა, მეც დავხედე და კინაღამ გული წამივიდა (რა მაგარი დეტექტივია, სისხლზე გული მისდის), სისხლიანი სამაჯური გდია იქვე. მე დავწვდი და წამოვიღე, იმ წუთში შენ გამახსენდი, ეგ ამოხსნის–მეთქი.

– კარგიც გიქნია. დავაკვირდეთ სამაჯურს. მისი ქვედა მხარე სისხლით არის დასვრილი, ზედა კი სუფთაა. შეიძება ყველას გასჭროდა ხელი.

– დიახ, მაგრამ ახლა გაზეთში დაწერილ სტატიას წაგიკითხავთ.

“4 ნოემბერს შაბათს მოხდა მკვლელობა. მსხვერპლი ქალია. მისი ვინაობა გაირკვა. ცხედარი ნაპოვნია მთაწმინდაზე. ცხედარს ცალი ხელის, კერძოდ მარჯვენას მტევანი არ აქვს. ვარაუდობენ, რომ მას ხელზე რაიმე ძვირფასი სამკაული ეკეთა. მკვლელობა ჩადენილია ქურდობის მოტივზე, პოლიცია ასე ფიქრობს. საქმე სადაცაა დაიხურება. ლიას ძალადობის არანაირი კვალი არ აქვს. გაკვეთის შედეგად ექპერტებმა დაასკვნეს, რომ ის სისხლისგანაა დაცლილი და სისხლში შესულია ინფექცია. ამას ადასტურებს ის, რომ მის სისხლში ნაპოვნია ბაქტერიები. საქმე წინ არ მიდის, მოკლულის მისამართია აღმაშენებლის 18–20″

– ჰმ, ამაზე რაღაც იტყვი ბატონო კახა?

– ჰო, მისმინე, აი ჩემი გეგმა.

– ჩემი კი არა ჩვენი.

– ჰო, აი ჩენი გეგმა, ჩვენ წავალთ ლიას მშობლებთან, მივუტანთ სამაჯურს და დავაზუსტებთ, მისია თუ არა. მე კი ვფიქრობ მისია.

კახა და ანზორი გაუყვნენ გზას. მალე ჩავიდნენ. კახამ კარზე დააკაკუნა. კარები გააღო შავებში ჩაცმულმა, მაღალმა, თვალცრემლიანმა კაცმა. იგი ალბათ ლიას მამა იყო.

_ ჩვენ გამომძიებლები ვართ, შეიძლება?

– დიახ, მობრძანდით.

ოთახის შუაგულში სასახლე ესვენა, სადაც არამიწიერი სილამაზის ქალი ესვენა.

– ეს სამაჯური ლიას ეკუთვნოდა?

– დიახ.

– ვინ აჩუქა?

– მისმა მეუღლემ.

– აქ რატომ არ არის?

– ნაჩხუბრები იყვნენ.

– აჰა, გასაგებია, ეს სამაჯური მისი ნაჩუქარია, ხომ შეეძლო მოეკლა თავისი ყოფილი მეუღლე და სამაჯურის უკან დაბრუნება ეცადა?

– დიახ, შეეძლო, შეეძლო.

კახა და ანზორი გარეთ გამოვიდნენ.

– ახლა წავიდეთ ქმართან, ლიას მამამ მისი მისამართი ჩამაწერინა, რეაქციაზე და სახეზე შევატყობთ დამნაშავეა თუ არა.

თბილისში თითქმის ყველა იცნობდა კახას და ყველა ესალმებოდა, კახაც თავს უქნევდა ნაცნობებს. ანზორი გულზე სკდებოდა მე რატომ არავინ მესალმებაო. მივიდნენ სახლთან.

სახლსაც კი სააშკარაოზე გამოჰქონდა მისი მცხოვრებლის ბუნება. კახამ დააკაკუნა, სახლში არავინ იყო, მაგრამკარი გაიღო.

სახლი არეული იყო, მაგიდაზე ათასი რამე ეყარა, მაგრამ გამორჩევით ჩანდა დღიური.

4 ნოემბრის ჩანაწერი.

“დღეს მძიმე დღე მაქვს, ლიას უნდა შევხვდე. ჩემი გეგმა ასეთია, საღამომდე დავტოვებ, რომ შებინდდება, მოვკლავ, დავახრჩობ და სამაჯურს წავართმევ. თუ მისი გასაღები ქინძისთავი თან არ აქვს, მაშინ ხელს მოვაჭრი. ამის გაგრძელებას რომ მოვალ მერე დავწერ…

…ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეგმე. ლიას შამპანური დავალევინე, რომელიც მოწამლული იყო, მაგრამ ორგანიზმში მარტო ბაქტერიებს ტოვებდა. დავუსხი ჭიქაში და დალია. ცოტა ხანში ჩემს წინ გვამიღა იყო. სამაჯური ვერ მოვხსენი და ხელი მოვაჩეხე. სამაჯურს ჩემს ძვირფასს კატერინას ვაჩუქებ, რომელიც ჩემი საცოლეა…”

– ოჰ ეს ნაძირალა – გამოსცრა კახამ.

– ახლა ჩვენ დავიმალებით და დავუცდით ვაჟბატონის მობრძანებას, სადმე ბნელ კუთხეში მოვიკუნჭოთ. ბორკილები ხომ გაქვს?

– რა თქმა უნდა, ასევე გამოვიყოლე დაპატიმრების ორდერი. (ისე, მაინც გამოუყოლებია კაცს)

– კარგი გიქნია, მგონი მოდის.

ოთახში მართლაც ვიღაც შემოვიდა და თან თავისთვის ლაპარაკობდა: “ლია ხომ მოვკალი, თუ გამაბრაზა კატერინასაც მივაყოლებო”

– კანონის სახელით გაპატიმრებთ – კახა მიუახლოვდა და ბორკილები გაუკეთა (თავიდან მეწერა ორდერი გაუკეთაო და გადაშლილი იყო) 🙂

სასამართლომ მას თავისუფლების 15–20 წლამდე აღკვეცა (და არა თ) მიუსაჯა.

– მაინც მეცოდება ამდენი ხანი ციხეში – თქვა კახამ – არა უშავს, იწვნიოს, როგორია დანაშაულის ჩადენა.

განა მეტის ღირსი არ იყო იგი?

ეს ბოლო ფრაზა დღემდე ლეგენდად გვაქვს დარჩენილი, როცა ვინმე რამეს დააშავებს, თითს მაღლა ვწევთ და ვამბობთ “განა მეტის ღირსი არ იყო იგი?”

პირველი ნოველა ციკლიდან ეკლიანი დიადემის წყევლა

სასაფლაოს წყევლა – საშინელებათა ფილმის შედევრი

რამდენიმე აუცილებელი მომენტი:
1. თუ საშინელებათა ფილმის რომელიმე გმირს ჰყავს ძაღლი ან კატა, უფრო კატა, მაშინ ფილმის ბოლოს ეს ცხოველი აუცილებლად საშინელი სიკვდილით დაიღუპება.
2. აუცილებლად იქნება კადრი, სადაც დაკეტილი ონკანიდან წყლის წვეთები მოჟონავს.

ოთხი მეგობარი, იანი, ჯენა, სტეფანი და გოჩა სკოლის დამთავრებას ზეიმობენ მათი მეგობრის გამართულ ფართიზე. სანამ მათი მსუქანი კლასელი ცირა მაგიდაზე ცეკვავს და ღიპს ათანთალებს, ისინი გადაწყვეტენ გართობის უკეთესი გზა გამონახონ. იანი საიდუმლო ხმით ჩურჩულებს:

–  სასაფლაოზე წავიდეთ… გამიგია ღამე იქ მოჩვენებები დადიან… დასალევი წავიღოთ და გავერთოთ, რას იტყვით?

ისინი თავს იქნევენ. კამერა ზევით ადის და რამე უაზრო კადრს გვიჩვენებს, მაგალითად ანტენას. მერე დაძაბული მუსიკის ფონზე სასაფლაო ჩანს,  სადაც ბალახებს ნიავი არხევს და ბალახში ჩაწოლილი თხუნელები ნიავს დედას აგინებენ.

ჯენა არაყის დიდ ბოთლს ძუძუებში იტენის, ფანრებს იღებენ და მიდიან.

გზაში რამდენიმე თინეიჯერული უაზრო ხუმრობა, მაგალითად ის, რომ წუხელ იანმა დაინახა, როგორ გამოდიოდა ჯენა მისი მეზობლის ოთახიდან და მთელი ღამე იქიდან საწოლის ჭრაჭუნი ისმოდა.  ამაზე ჯენა პასუხობს, რომ მათ ამისთვის საწოლი არ გამოუყენებიათ და ჩუმად ხითხითებს.

წინ მთელი თავისი საშინელებით და სიდიადით წარსდგება სასაფლაო, უზარმაზარი ჭიშკარით. მთვარე ანათებს, იქაურობა ნისლითაა დაფარული. (გადამღები ჯგუფი სპეციალურ გაზს უშვებს ეფექტებისთვის და თან ხველებით იხრჩობა)

მეგობრები ცოტა ხნით შედგებიან და ამ სანახაობით ტკბებიან, მერე ერთანეთს გადახედავენ.

– როგორ ფიქრობთ, იქ შესვლა მართლა საშიშია ? – ჩურჩულით ამბობს ჯენა და თან მხარზე დაკონწიალებულ მოჩვენებას იშორებს.

– კარგით რა, რისი გეშინიათ, შევედით.

სტეფანი ჭიშკარზე მიღოღავს და თამამად ხელს უქნევს, გადმოდითო. ყველანი გადადიან იქით მხარეს.

სიტუაცია იმუხტება, ისეთი საშიში აღარაა, როგორც ჩანდა. რომელიღაც საფლავის ქვასთან ჯდებიან და არაყს სვამენ.

გოჩა საფლავთან ძველ და გაყვითლებულ ფურცელს აღმოაჩენს, რომელიც მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრითაა ამოწეული.

– მოიცათ, რაღაც ვიპოვე – ყვირის გახარებული.

ფურცელს ზედ დიდი ასოებით აწერია “თუ წაიკითხავ მოკვდები”. აჟიტირებული გოჩა საფლავის ქვაზე ადის და გამოთქმით კითხულობს. მეგობრები ტაშს უკრავენ და ჭყლოპინებენ.

კადრი შორიდან:

კამერა ტყიდან მოქრის, რამდენიმე მოხვეულ გზას გამოივლის, ისმის ოპერატორის გინება, რომელმაც რაღაცას ფეხი წამოკრა. ვიღაც ბუჩქებიდან ჩუმად უთვალთვალებს ახალგაზრდებს.

შემთვრალი იანი ჯენას ეტმასნება და კოცნას უპირებს, მაგრამ ჯენა თავს არიდებს. გოჩა და სტეფანი ნაზად შეჰყურებენ ერთმანეთს თვალებში. ამ დროს ტყიდან ხმაური მოესმებათ და ფეხზე წამოხტებიან. უაზროდ იყურებიან ყველა მხარეს.

– ეს რა იყო?

– უი ბოდიში – თავში ნაჯახჩარტყმულმა მოჩვენებამ დარცხვენით დაუქნიათ ხელი და გატანტალდა. დამშვიდებულები ჩამოჯდნენ.

ასი წლის წინ:

აქ, ამ ტყეში ოთხი ახალგაზრდა დგას, სამი ბიჭი და ერთი გოგო. ძველებური ტანსაცმელი აცვიათ. მათ თავს რაღაც საშინელი არსება ესხმით და კლავთ, მერე ამოთხრილ საფლავებში მიათრევთ და მიწას აყრის. თან უკმაყოფილოდ აგინებს რეჟისორს, სხვა როლი რომ ვერ გაიმეტა. საფლავის ქვაზე სისხლიანი ხელის კვალი ეტყობა. 

– ხომ არ წავიდეთ – ამბობს იანი, რადგან ჯენასთან არაფერი გამოსდის და დგება. გოჩა და სტეფანი ისევ ნაზად შეჰყურებენ ერთმანეთს. საფლავებიდან ყრუ ხმა ისმის და ქარი ფოთლებს თვალებში აყრით. საფლავის ქვაზე სისხლიანი ხელის კვალი ჩანს (მე რა რომ ასი წელი გავიდა, ეს ხომ კინოა)

– იქ რაღაც სახლია, წავიდეთ დავიმალოთ – ყალბად კივის გოჩა და ხელების ქნევით მირბის. დანარჩენებიც მისდევენ. შევარდებიან სახლში და კარებს კეტავენ. კარებს იქითა მხრიდან ვიღაც ეჯაჯგურება.

– მოიცა კაცო გააღეთ, კამერა შემოუშვით – ყვირის რეჟისორი.

სახლი მიტოვებული და საშიშია. ონკანიდან შავი წყალი მოწვეთავს (ხომ ვთქვი).

– თავზე მოჩვენებების წყევლა დაგვატყდა, ის წერილი არ უნდა წაგვეკითხა – პათეტიკურად ამბობს ჯენა და თვალებს ატრიალებს.

– ის ჰამბურგერიც არ უნდა შემეჭამა – შეწუხებული სახით ამბობს სტეფანი და მუცელზე ხელს ისმევს.

ფანჯარა იმტვრევა და შავი ლაქა სახლში შემოდის. ეტაკება სტეფანს და შიგნით შეუძვრება. ბიჭი ხელებს ასავსავებს და კვდება. გოჩა ტირის.

კარებს აღებენ და გარბიან. ლაქა წინ ხვდებათ და ახლა ჯენას კლავს. გოჩა და იანი ხედავენ რომ სამი საფლავი გათხრილია, ისინი კი ოთხნი იყვნენ.

– ეს წაიყვანე ეს – ყვირის იანი და გოჩაზე უთითებს, მაგრამ ლაქა ახლა მას ესხმის თავს და კლავს. მობუზული გოჩა კანკალებს.

– შვილო, გოჩა… – ისმის ხმა – გამოდი სინათლეზე…

ტყისკენ სინათლის სვეტი მოჩანს. გოჩა იქით მილასლასებს.

– მე შენი წინაპარი ვარ – ჩურჩულებს ხმა – ასი წლის წინ ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ახლა კი იგივე განმეორდა, ეს რიტუალია… მაგრამ მე შენ დაგიცავ, მე შენი ბიძაშვილის სიძის ბაბუის წინაპარი ვარ! გაიქეცი გოჩა!

გოჩა მირბის, მაგრამ მოჩვენება ფეხს დაუდებს და წაიქცევა. დაძაბული ფინალური ბრძოლა. მოჩვენება ფეხით მიათრევს საფლავისკენ.

– არა – ყვირის გოჩა – მე ვიცი შენ კეთილი ხარ, არ გინდა ამის გაკეთება, სანამ დროა გამოფხიზლდი, მიიხედ მოიხედე ამ ქვეყნად რამდენი სიკეთე და სილამაზეა, დატკბი ამ სინატიფით…

სანამ გადაბჟირებული მოჩვენება მიწაზე გორავს და სიცილით ცრემლები მოსდის, გოჩა მირბის  და ჭიშკრის მეორე მხარეს გადავა. რადგან ლაქამ მეოთხე მსხვერპლი ვერ იპოვნა, ძალებს კარგავს და ქრება.

გადარჩენილ გოჩას ცრემლები მოსდის, ის ცოცხალია… თურმე რამდენი რამე აქვს გასაკეთებელი, თურმე როგორ აფასებს ცხოვრებას… (გმირული მუსიკა)

– უი, ნახე ირემი – ისმის მონადირის ჭყლოპინი და მკვდარი გოჩა დაბლა ეცემა.

დასასრული 

– აუ სერიოზულია, აი ნახე რა პოპულარული გახდება – რეჟისორი და მისი ასისტენტი ბარგს ალაგებენ და ფეხმოტეხილ ოპერატორს მოათრევენ – ეჰ, ჩვენ მაინც ვის ვატყუებთ.

გაქცევა ციხიდან

“გამარჯობათ, მე მაიკლი ვარ. თავგადაპარსული და ძალიან სიმპათიური ბიჭი, ნუ ყოველ შემთხვევაში გოგოები ასე თვლიან.

გაინტერესებთ საიდან მოვხვდი ამ გაუგებრობაში, კერძოდ კი ციხის საკანში? ამას ახლავე მოგიყვებით.

ჩემი ძმა ანზორა დაიჭირეს სახელმწიფო დანაშაულისათვის, კერძოდ ერთ–ერთი ჩინოვნიკის მკვლელობისათვის. მართალია ამტკიცებდა, რომ მთვრალები მოვდიოდით და იმ კაცს ტრაქტორმა გადაუარაო, მაგრამ ვერაფრით დაამტკიცა.

მე ძალიან მიყვარს ჩემი ძმა, ამიტომ შემოვიპარე ციხეში და თან ცარიელი ხელებით არა.”

მაიკლი საწოლის ქვეშ ბომბების და იარაღების არსენალს გვიჩვენებს და ვარდისფერ ფუმფულა გადასაფარებელს აფარებს.

“უი, და კიდევ ტანზე ციხის გეგმა მახატია.”

მაიკლი მაისურს იწევს და მოხატული ტანი უჩანს.

“მართალია თავიდან შემეშალა და 50 ცენტის სვირინგი დავიხატე, მაგრამ მერე გამახსენდა რაც უნდა მექნა. არა, ნუ გეშინიათ, სამუდამო არაა, ფლომასტერით მაქვს მიხატული.

ჩემი გეგმა ასეთია. უნდა გავთხარო მცირე გვირაბი საკანალიზაციო მილიდან მთავარ შენობამდე და გავიდე სიკვდილმისჯილთა საკანში. იქ მოვიფიქრებ რამეს, სერიალია ბოლო ბოლო.

საკანში ჩემთან ერთი ლათინოსი ბიჭია. არა, კაი ბიჭია, ცუდს ვერ იტყვი, მაგრამ ღამე წინააღმდეგობას მიწევს ხოლმე და ვერაფრით ვერ გავაჩუმე. მაშ ასე, მოვემზადოთ, ოპერაცია –ციხიდან გაქცევა – იწყება.”

მაიკლი სათამაშო ნიჩბით თხრის კედელს და ნინო ჩხეიძის პლაკატით ფარავს. როცა მცველები იძინებენ, ძვრება გვირაბში, თან ტანზე იყურება სარკეებით, რომ გეგმა კარგად დაინახოს.

გვირაბიდან სიკვდილმისჯილთა საკანისკენ მიხოხავს და ხედავს როგორ ქვითინებს ანზორი.

“რა მინდოდა იმ რესტორანში… ხომ ვიცოდი შარი იყო… არ მინდა სიკვდილი”

მაიკლი ჯერ არ აგებინებს ძმას, რომ აქაა, ჯერ გეგმა უნდა განახორციელოს. ცარცით ნიშნავს ადგილს და უკან ბრუნდება. ხვალ საღამოს ის და თავისი ძმა ციხიდან გაიქცევიან.

საკანში დაბრუნებულს თავისი მეგობარი ხვდება მეორე კამერიდან და საბანაოდ წასვლას სთავაზობს ეშმაკურად აწეული წარბებით. მაიკლი ლამაზ პენუარს ისხამს და მიყვება.

ცოტა ხანში ჯონი გულმოდგინედ უხეხავს ზურგს და არამარტო. გამოსულ მაიკლს სხეულზე ტატუირების ნატამალიც კი აღარ ეტყობა.

– არააა. – ღრიალებს ის და პენუარს ტანზე იფხრეწს – მე მითხრეს წყალგამძლე ფლომასტერიაო, არააააა….

კამერა ზევით ადის და აჩვენებენ როგორ ისმის მაიკლის ღრიალი მთელს მსოფლიოში. შეწუხებული პოლ შერინგი კალამს დებს და ოხრავს.

– ეჰ, ეს სცენარიც წყალში ჩამეყარა, რამე ახალი უნდა მოვიფიქრო.

 

პ.ს. კაცმა არ იცის საიდან გამახსენდა ეს სერიალი, სულ ორი სეზონი მაქვს ნანახი 🙂

 

ყოფილი ქმრების კლუბი

გუშინ მე და ლიკა “ყოფილი ცოლების კლუბს” ვუყურებდით, პირველად ვნახე სხვათაშორის. ვინც არ იცით რაზეა, მოკლედ გეტყვით. მიყავთ სტუმრად ქმარს გაცილებული ქალი, რომელსაც ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული და თავს აღარ უვლის, ია, სალომე და ნუკი აძლევენ რჩევებს, მერე ტანსაცმელს ყიდულობენ, სალონში მიჰყავთ და ალამაზებენ და ცხოვრების ხალისს უბრუნებენ. ჩვენ დაგვებადა ლოგიკური კითხვა – რატომ არ არიან ცოლებისგან დაჩაგრული კაცები, რომლებსაც ცხოვრება აღარ უნდათ?

მაშ ასე, ჩემი საყვარელი ჟანრის, აბსურდული კომედიის გამოყენებით მოდელირებული გადაცემა “ყოფილი ქმრების კლუბი”

წამყვანები იგივე, იმიტომ რომ კაცებს ქალის აზრი აინტერესებთ მათ დაჩაგვრასთან დაკავშირებით.

ია – მოგესალმებით, დღეს ჩვენს სტუდიაში ერთი ადამიანის ბედი სამუდამოდ შეიცვლება. ის ჩვენთან თავისი ისტორიის მოსაყოლად მოვიდა (ამ დროს მაია პლაგიატისთვის ურტამს თავში და მიდის)

ნუკი – ამ მამაკაცმა მძიმე ცხოვრება გადაიტანა, საუკეთესო წლები იმას შესწირა, ვინც ამას არ იმსახურებდა.

სალომე – ვნახოთ ვიდეო, რომელიც ლაშას ცხოვრების ისტორიას ასახავს.

(ვიდეო ეკრანზე ირთვება, წამყვანები კი პოპკორნს იმარაგებენ)

გამუქებულ კადრებში და სევდიანი მუსიკის ფონზე ჩანს ნახევრად დანგრეული სახლი. ლაშას ნატანჯი სახე აქვს და დახეული ტანსაცმელი აცვია. მოწყენილი სახით აკეთებს სუპს.

– 17 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა მზია გამირიგეს – ამბობს ლაშა კამერის წინ და თავის ხელებს დასჩერებია –  უარის თქმა ვერ გავბედე. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა.

(აჩვენებენ დადგმულ კადრებს, ვიღაც მსუქან კაცს როგორ ურტყამს ქალი და საწოლზე აგდებს)

– ჩემი გაკეთებული არაფერი არ მოსწონდა, სახლში დაქალები მოყავდა, რომ თვრებოდნენ, მცემდნენ – იცრემლება ლაშა – თან ქართულ საქეიფო სიმღერებს უსმენდნენ. ეს კოშმარი იყო.

(აჩვენებენ წამყვანები ამ ვიდეოს ყურების დროს როგორ ამბობენ “ნწ” “ნწ” “ნწ” და იქნევენ თავს)

– არა მარტო მზია, ჩემი სიდედრიც საშინლად მექცეოდა, თავის უზარმაზარ ღიპს მადებდა და მაშინებდა. ღამე ტუალეტში მკეტავდნენ და შუქს მიქრობდნენ. თან ტირილსაც მიკრძალავდნენ. არ ვიცი როგორ გადავიტანე…

ლაშა ცრემლებს დახეული და ჭუჭყიანი მაისურით იწმინდავს და სლუკუნებს.

– შარვლის ჩაცმას მიკრძალავდა, ამხელა კაცი ტრუსებით დავდიოდი ყველგან. რასაც ვმუშაობდი, სულ მზიასთან მომქონდა, ისიც მაშინვე ან ტანსაცმელს და ან დასალევს ყიდულობდა და მადლობასაც არ მეუბნებოდა. ბოლო წვეთი იყო ის, რომ მზიამ სახლში კაცები ამოიყვანა და ერთად დამცინოდნენ ყველანი. ეს ვეღარ გადავიტანე და გამოვიქეცი.

კადრი ლაშას სახლზე გადადის. ყველგან სიბინძურე და სიღარიბეა.

(ოპერატორი ანიშნებს, ჩავედით დაბლა, ქუჩაში სევდიანად მოსიარულე უნდა გადაგიღოო, და ჩადიან. ლაშას “ფერარი” იქვეა გაჩერებული. უი, ეს არ გადაიღოო, იმორცხვებს ლაშა)

კადრი სტუდიაში ბრუნდება.

ია– ვაიმე, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, საწყალი ბიჭი… ის ჩემს თვალში გმირია.

ნუკი – გოგოებო, მოდით ლაშა მოვიწვიოთ სტუდიაში.

საწყალი ლაშა მოლასლასებს, მშიერი და დასაბანია. გაჭირვებით ჯდება.

სალომე – ლაშა, შენ მართლაც ბევრი რამ გადაიტანე ცხოვრებაში, ტირან ქალთან ერთად ცხოვრობდი. გვითხარი, გინდა თუ არა ეს ყველაფერი უკან მოიტოვო? გინდა თუ არა სამუდამოდ დაივიწყო ცოლი და ახალი ცხოვრება დაიწყო? გინდა თუ არა გახდე ისევ ის ლაშა?

გმირული მუსიკა უკრავს. წამყვანები გაოცებულები უყურებენ ორკესტრს, რომლებიც დამნაშავე სახეებით მიტანტალდებიან კულისებში.

ია – მაშ ასე, ნახეთ ჩემი რეპორტაჟი.

ვიდეო – იას ლაშა მაღაზიაში მიჰყავს და  კაბებს ყიდულობს. მერე სალონში მიდიან და თმებს ვარდისფრად უღებავენ და იროკეზს უკეთებენ. გახარებული ლაშა შენელებული კადრებით ხტუნაობს და იას კოცნის.

ნუკი ლაშასთან მიდის და სთხოვს ცოლის რამე ნივთი მოძებნოს, რომ სიმბოლურად გაანადგურონ. ლაშას მზიას უზარმაზარი საცვალი მოაქვს.  ნუკი მისგან პარაშუტს აკეთებს და ფანჯრიდან ხტება.

ია – ესეც ასე მეგობრებო, აწი ლაშას დაჩაგვრას ვერავინ შეძლებს, სხვა თუ არაფერი გაყიდის თავის ფერარის. (ყურში რაღაცას ეუბნებიან) უი, ეს არ უნდა მეთქვა, არა უშავს, ნახვამდის  ძვირფასო მაყურებლებო.

ლაშა, სალომე, ნუკი და ია ჰაეროვნად იქნევენ ხელებს და კამერაც ნელ–ნელა ბუნდოვნდება.

ნიშნები

იმ დილით ჩემი ძმის ყვირილმა გამაღვიძა, შეშინებული წამოვხტი ფეხზე და მის ოთახში გავვარდი.

– რა ხდება? – ვკითხე გულგახეთქილმა.

– ცუდი წინათგრძნობა მაქვს – მითხრა პოლმა და ფანჯრისკენ მიმახედა – ნახე, ძაღლები უცნაურად იქცევიან.

მართლაც, რამდენიმე ჩვენი ფერმის ძაღლი კარტს თამაშობდა, დანარჩენები ლუდს სვამდნენ და იგინებოდნენ.

– ეს ამათ საქციელს არ ჰგავს, რაღაც საშინელება მოხდება – მითხრა პოლმა და  თავი გაიქნია – ნათესების თავზე ცუდი ღრუბელი ჩამოწვა.

ჩვენი სახლი სიმინდის პლანტაციის შუაში იყო აშენებული. იქიდან იდუმალი შრიალი და ხმაური ისმოდა.

– აქაც ყველაფერი სუფთა არაა –დაეჭვდა პოლი და სიმინდებისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი. ფეხებში რამდენიმე მწვანე კაცი აგვებლანდა, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია, გავედით შუაგულში და გაოცებულები შევდექით.

უზარმაზარ ტერიტორიაზე რაღაც სიმბოლოები იყო გამოსახული, სიმინდები ვიღაცის უხილავ ხელს გაეწვინა დაბლა.

– ნახე, მგონი აქ გულები ხატია – დაეჭვდა პოლი – მგონი ჩვენი სახლი აირჩიეს შემოტევის წერტილად. – კი მაგრამ ვინ არიან?

დიდთვალება მწვანე კაცი გრძელი ხელებით ისევ ყანაში დაბოდიალობდა, ჩვენ სახლში დავბრუნდით და ტელევიზორი ჩავრთეთ.

– მამა, ბიძია, რა ხდება? – გამოვიდა ოთახიდან ჩემი პატარა ძმიშვილი, მარია – ჩემ ოთახში ვიღაც კაცები დაფრინავენ და უცნაურ ენაზე ლაპარაკობენ.

– არ ვიცი შვილო, ჯერ არაფერი არ ვიცით.

ტელევიზორში წამყვანის შეშინებული ხმა გაისმა.

– დღეს დილით უცხოპლანეტელების ხომალდები ჩამოდგა ყველა დიდი ქალაქის თავზე.  მათ ხმამაღლა აქვთ ჩართული საცეკვაო სიმღერები და მაცხოვრებლებს არ აძინებენ. მეგობრებო – მგონი ეს დასასრულია.

ჩვენ ხმამაღლა ვიყვირეთ და კარებების ჩაკეტვას შევუდექით.

– აქამდე როგორ ვერ მივხვდით – თქვა პოლმა – უცხოპლანეტელები…

– აბა შენ გაზის კაცები გეგონეთ? –  დასცინა კედელზე გაკრულმა მწვანე კაცმა, ყურადღება არ მიგვიქცევია.

გარეთ იდუმალი ლანდები ათამაშდა.  შიშით გული გვისკდებოდა. უცებ ოთახში შუქი ჩაქრა. განწირული წივილის ხმა მოისმა.

– მარია, ნუ გეშინია – დავამშვიდე ბავშვი.

– მე არ ვყოფილვარ – მითხრა მარიამ და  მამამისისკენ მიმითითა. პოლმა დაირცხვინა.

ფანჯრიდან ვიღაცამ მწვანე ხელი შემოყო. ვიყვირე და ნაჯახი ჩავარტყი.

– ეეე, მეტკინა დებილო – გაისმა ნაწყენი ხმა და უცხოპლანტელი ხტუნაობით მოშორდა ფანჯარას.

– როგორმე დილამდე უნდა გავაღწიოთ, დილით წავლენ – დაასკვნა პოლმა.

– რა იცი? – ვკითხე დაეჭვებულმა.

– აი, ეს ვნახე – პოლმა ბილეთი გამომიწოდა “დედამიწა–მარსი, 17 თებერვალი, 09 00 ”

წამყვანი აგრძელებდა რეპორტაჟს იმის შესახებ, რომ ხომალდებიდან გადმოვიდა რამდენიმე მოძალადე უცხოპლანეტელი და ძალით ასმენინებდნენ დატყვევებულებს რუსულ სიმღერებს.

საშინელი ღამე იყო, თითქოს დრო აღარ მიდიოდა. ზევით ოთახიდან ხითხითის ხმა ისმოდა. მარიას ოთახში კომპიუტერს იყვნენ მიმჯდრები და რაღაც კინოს უყურებდნენ.

მარიას ჩაეძინა, მე და პოლი დაძაბულები ვიჯექით და ვაჟკაცურად ვიტანდით განსაცდელს.

როგორც იქნა გათენდა.

– აბა, წავედით ძმებო – მოგვაძახეს დამპყრობლებმა და გარეთ დაყენებულ ხომალდს სიგნალიზაცია მოხსნეს.

– როგორც იქნა – ამოიოხრა შვებით პოლმა და მარიას ჩაეხუტა.

– ეეე, გამიშვი ბიჭო.

– უი – პოლმა ჩახუტებული მწვანე კაცი გაუშვა და მძინარე მარიას გადახედა.

იმ დილით ყველა ხომალდმა დატოვა ტერიტორია. მათგან მხოლოდ ჩიფსების ქაღალდები დარჩა. ეს იყო ღამე, როცა ჩვენმა ოჯახმა უცხოპლანეტელების ინტერცენციაში გაატარა.

 

inspired by  signes 2002,  Director: M. Night Shyamalan,  Stars: Mel Gibson, Joaquin Phoenix

also scary movie 3.